Tuesday, October 31, 2023

კახა და ირმები, ინანიშვილის კონკურსზე გაგზავნილი

 

კახა და ირმები

პირველი თავი

 

    კახას დილაუთენია გაეღვიძა, დედა უკვე სამსახურში წასულიყო, მის ლოგინს გადახედა,  ცარიელი დაუხვდა, გული დაწყდა, ვერ მომეფერაო დედიკო, იქნებ მომეფერა კიდეც და ვერ გავიგეო, დაიმშვიდა გული. ირმებისკენ გადატრიალდა, მისი საწოლის კედელზე ჩამოკიდებულ ფარდაგზე რომ ლამაზობდნენ. დედა სულ ეუბნება, მე როცა არ ვარ სახლში, მაგათ ელაპარაკე ხოლმეო. ესეც ელაპარაკება, ზღაპრებსაც უყვება, დედა ძილის წინ რომ უამბობს, თვლასაც ასწავლის ირმებს, ახლაც დაიწყო:

- ერთი, ორი.. - ირემიც ხომ ორია, დედა და მამა.

     ჩაფიქრდა, ნეტავ შვილები თუ ჰყავთო. სად არიან, ამ ფარდაგზე არა ჩანანო. თითქოს სიღრმეში შეიხედა, აგერ ბუჩქებიც შეამჩნია, შორს - ტყეც, ტბაც, ნელ-ნელა თვალები მილულა  და ჰოი, საოცრებავ, იმ ირმების გვერდზე აღმოჩნდა, ფარდაგზე რომ ეხატა. გაეხარდა, მეგობრებთან რომ ამოყო თავი. ხელი მოუთათუნა დედა ირემს, ფერდზე თავი მიადო, 

- დედაჩემი იყავი, - უთხრა, -  როცა ჩემი დედიკო არ არის სახლში. - თავი დაუქნია ირემმა, 

- ეგრე იყოს, - გაუღიმა კიდეც და ადამიანივით ალაპარაკდა:

- შენნაირი ბიჭის დედობა საამაყოა, მოდი, მოგეფერო – უთხრა და დრუნჩი თავზე დაადო ბიჭს, თმები აულოკა.

გაეღვიძა, დედა ეფერებოდა თავზე. გაეხარდა დედის დანახვა, ტიტინით ამცნო:

- სიზმარში ირმები ვნახე, დედა ირემი ადამიანივით მელაპარაკებოდა და თმებიც ამილოკა. - გაეღიმა დედას,

- კარგია, ასეთი მეგობრები რომ გაიჩინე. მაგრამ გახსოვდეს, ეს მხოლოდ სიზმარია, ირმები ხომ არ ლაპარაკობენ სინამდვილეში?!

 - კი, ასეა, - თავი დაუქნია კახამ.

   ბიჭი ადგა, ხელ-პირის დასაბანად შევიდა სააბაზანოში. სარკეში ჩაიხედა, თმებზე ალოკილი შეამჩნია, აი, ის, ირემმა რომ აულოკა, ჩაიღიმა, არც მთლად სიზმარი ყოფილაო და სამზარეულოკენ გაეშურა. დედას თეფშზე ბლითები უკვე დაეწყო, აქაფქაფებული ცხელი რძეც ოხშივარს უშვებდა ჭიქიდან. ბიჭი გემრიელად შეექცეოდა საუზმეს და ირმებზე ფიქრობდა, ნეტავ შვილი თუ ჰყავთ და იმასაც კახა ხომ არ ჰქვიაო?! ოცნებობდა ისევ მოხვედრილიყო ირმების სამეფოში და ბევრი ახალი ამბავი გაეგო მათ შესახებ.

 

თავი მეორე

    საღამოს, სახლში ახალმოსულ მამას ჩაეკრო კახა. ფეხებზე შემოჰხვია ხელები. მამამ ხელში აიყვანა. დაუკოცნა შუბლი.

- დღეს ორი ირემი ვნახე, - გაახარა შვილი. თითქოს შვილის გულისწადილსა და სურვილს კითხულობდა.

    კახას მამა მეტყევეა. ძალიან ამაყობს კახა მამით. ის ხომ ბუნების დამცველია. ის რომ არა, რამდენ ხეს მოჭრიდნენ, რამდენი მუხა ვეღარ მოისხამდა რკოს, მერე გარეული ტახები რაღას შეჭამენ?! მამას რკო სახლის ღორებისთვისაც მოაქვს. ისე გემრიელად ახრამუნებენ. დგას და უყურებს ხოლმე კახა, როგორ იტკბარუნებენ პირს გოჭები: ნაფი და ნუფი.  ასე დაარქვა, თავის გოჭებს, მოსავლელად და სამწყემსავად დედამ რომ ანდო.

 - დიდი ბიჭი ხარ უკვე, მოუარე! - უთხრა მარიამმა.

   მას მერე კახა ეზოს გადაღმა გაიყვანს ხოლმე თავის გოჭებს, ძაღლი ყურშაც თან მიჰყვბა, შენ მარტო ამ საქმეს რას გაუმკლავდებიო. ყურშა ხომ კახას დიდი მეგობარია. მამამ რომ მოუყვანა, სულ ერთი ციდა იყო. ყეფაც კი არ იცოდა, ხანდახან დაიწკმუტინებდა ხოლმე:

-  მშია! - იტყოდა.

დედა ძროხის რძეს უსხამდა ბოთლში და იმას აწოვებდა. ბუჩქებში გადაგდებული იპოვა მამამ, წამოიყვანა, იქნებ გადარჩესო. ახლა კახას სიმაღლეა ყურშა. ისე ყეფს, გარეშემო ტყე-ველს აყრუებს, მთებიც ბანს აძლევენ. ყველამ იცის, რომ ამ სახლში ძაღლია, სახელად ყურშა. აბა, რომელი მგელი და ტურა-მელია გაეკარება იქაურობას. სახლში ერთი კატაც ჰყავთ. ისიც კახას მეგობარია, თუმცა კახას დედა, მარიამი უფრო უყვარს, კუდაბზეკილი სულ მას დაჰყვება. ხანდახან კახასაც გადახედავს ხოლმე მოწყალების თვალით. ,,მიაუ", ცალი ყბით დაუკნავლებს, თუ კარგ საქმეზე მიდიხარ, მეც წამიყვანეო. ვეფხვივით ზოლებიანს, ვეფხვია დაარქვეს. ვეფხვიაც უკან გაჰყვება ხოლმე სამწყემსურში წასულ მეგობრებს. მოსწონს ველზე ყოფნა, ხან ბუზს გაეკიდება, ხან პეპელას. ერთხელ ფუტკარიც კი გადაყლაპა, რა იცოდა, თუ ფუტკრის შეჭმა არ შეიძლებოდა. ენა დაუსივდა და ერთი კვირა საჭმელს ვეღარ ჭამდა. ახლა იცის, რომ ფუტკართან თამაში არ შეიძლება. ყოველ დღე მეგობრები ველზე გადიან ხოლმე. ფათერაკებით სავსე გზა რომ გაიარონ.

     დილიდანვე  შეჰპირდა მამა ბიჭს, ხვალ ირმების სანახავად წაგიყვანო, ადრე დაწვა კახა დასაძინებლად. წარმოიდგინა, მამას როგორ მიჰყავს  ტყეში, იქ კი, ტყის სიღრმეში, ლამაზი ირმები მოჩანან. გული წინასწარ სიხარულით უფანქცალებდა.

 

მესამე თავი

 

     იმ ღამეს სიზმარში ისევ ირმებთან ამოყო თავი. დედა ირემს ჩაეხუტა დიდი ხნის უნახავი შვილივით, ისიც მოეალერსა. თმა აულოკა. კახამ თვალებში ჩახედა. სევდიანი ეჩვენა დედა ირემი. ახლა ქორბუდას გადახედა. მის თვალებშიც ნაღველი წაიკითხა. ნეტავ რაზე სწუხანო, გაიფიქრა. დედა ირემი თითქოს თვალებით რაღაცას ემუდარებოდა. კახამ მორჩილად მოჰკიდა ქედზე ხელი, სადამდეც მისწვდა და წავიდეთო, უთხრა. ირმები დაიძრნენ. კახა გვერდიდან არ სცილდებოდა. გადაიარეს ტყე ირმებმა. კიდევ კარგი, ხშირი არ იყო. ბიჭი სულ იმას ფიქრობდა, სადმე ტოტებში არ გაიხლართოსო მამა ირემი, როგორც ერთ იგავში იყო. მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. ტყისპირას გასულმა კახამ ქვევით სოფელი დაინახა. სოფლის ძაღლებმა, თითქოს ირმების სუნი იკრესო, ყეფა დაიწყეს. ბიჭი მიხვდა, ირმების სოფელში ჩასვლა არ შეიძლებოდა, იმასაც მიხვდა, იქ რაღაცა ხდებოდა და უნდა გაერკვია რა. თავდაღმართში დაეშვა. საღამოვდებოდა, მაგრამ ფუტკრებს ჯერ კიდევ არ აეკრიფათ გუდა-ნაბადი, ისევ ყვავილებს დასტრიალებდნენ. ესიამოვნა ბიჭუნას ყვავილებიან ველზე ხეტიალი. იარა, აგერ პირველი სახლიც გამოჩნდა. სახლთან ახლოს მოთამაშე ბიჭუნები შეამჩნია, ერთმანეთს წითელ ბურთს უგორებდნენ.

- ბიჭებო, – დაუძახა, - ეს რა სოფელია?!

- ორომტრიალას ეძახიან. - უპასუხეს.  გაუკვირდა კახას,

 

- რატომ ეძახიან ასე?! –ისევ ჰკითხა.

 - იმიტომ რომ წელიწადში რამდენიმე დღეს ჩვენს სოფელში დიდი ორომტრიალი იწყება. მიწა აღმა-დაღმა დადის, შეიძლება ტყე აქ ჩამოვიდეს და ჩვენი სოფელი მთაში ავიდეს. წყაროც მიდი-მოდის, მდინარეც, გზებიც, ამის გამო სოფელში აღარავინ ჩერდება. დაცლილია აქაურობა, - წამოეშველა ბიჭებს სიტყვით სახლის წინ მჯდომი ქალი.

– მე და ბავშვები აქ ვცხოვრობთ. სოფელში რამდენიმე მოხუციღა დარჩა, დანარჩენი სახლები ცარიელია. გაბოროტებულია მშიერი ძაღლებიც. ამას წინათ, ორომტრიალი რომ ატყდა, ორი ნუკრი ჩამოიყვანა მიწამ მაღლა ტყიდან, აქ ვოლიერში მყავს ჩაკეტილი, რამე ცხოველმა არ შეჭამოს, ტყეშიც ვერ ვუშვებთ, ირმებმა თუ არ მოაკითხეს, – დაასრულა მოხუცმა საუბარი.

   აი, რაში ყოფილა საქმეო. გაიფიქრა ბიჭმა. დაემშვიდობა მოხუცს, ბავშვებს და ისევ ტყისკენ დაადგა გზას. სირბილით აიარა აღმართი. იქ ირმები ელოდებოდნენ. ორივეს ხელები მოუთათუნა, დაამშვიდა, დააწყნარა,

 - თქვენი შვილები ვიპოვე, მამას ვეტყვი და გვიშველის - უთხრა ირმებს.

ქორბუდა ირემმა დაღლილი კახა ზურგზე შემოისვა და ტყეს შეერია.

 

მეოთხე თავი

 

         დილით ახალგაღვიძებულმა ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა. საწოლიდან წამოხტა, ირმებს შველა სჭირდებათო და მამას საწოლისკენ გაემართა. კვირა დღე იყო და  მამასაც დასვენებამ მოუწია, ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, მთელი კვირის ნაჯაფს წამოდგომა უჭირდა. გაუკვირდა მშობელს, ბიჭი რომ დილაუთენია ამდგარიყო და საწოლში მიაკითხა. ღამით ნანახი სიზმარი მოუყვა ბავშვმა. სერიოზულად მიუდგა კაცი ირმების გაჭირვებას.

 – შვილები დაუკარგავთ და აბა არ უნდა დავეხმაროთ?! – უთხრა ბიჭს. 

ადგა, ისაუზმა მამა-შვილმა და გზას გაუდგნენ. ყურშა აბა, რა ბიჭი იქნებოდა, კახას რომ არ გაჰყოლოდა, კატა ვეფხვიამ ძილს ძლივს გამოგლიჯა თავი, ცნობისმოყვარეობამ სძლია, ნეტავ, სად მიდიან ესენიო და მეგობრებს უკან გაჰყვა. წინ მამა მიდიოდა, უკან კახა მიჰყვებოდა, მერე ძაღლი ყურშა და ბოლოს კუდაპრეხილი კატა. გარშემო ყველაფერს ათვალიერებდნენ, მაგრამ სოფელი არსად ჩანდა. ის იყო, ფარხმალი უნდა დაეყარათ და უკან დაბრუნებულიყვნენ, რომ მათ წინ ხე წამოიმართა, არც ცაცხვს ჰგავდა, არც მუხას, არც ნეკერჩხალს, არც ალვას. შემოუარეს მამამ და კახამ ირგვლივ.

– ეს რა საოცარი ხეა, - იძახოდა მამა,

- ასეთი ჯიშის ხე არასოდეს მინახავს, ნეტავ რა ჰქვია? - აგრძელებდა საუბარს.

უცებ ყველასდა გასაოცრად, ხემ ხმა ამოიღო, თითქოს ფოთლები აშრიალდა ქარში, წაიჩურჩულა:

- ამ წუთში ამომაგდო მიწიდან რაღაც ძალამ, თორემ სოფელ ორომტრიალაში ვიდექი! - თვალისდახამხამება ვერ მოასწრეს მეგობრებმა, მიწა იძრა და უცებ სოფლის შუაგულში ამოყვეს თავი. მოჭრიალე სახლები იდგა გარშემო. სულიერის ჭაჭანება არ იყო ირგვლივ. სოფელი თითქმის დაცლილიყო და იდუმალებაში გარინდულიყო. რამდენიმე მოხუცმა გამოყო თავი ფანჯრებიდან. მზერა მოატარეს გარშემო. მამა, კახა და მისი მეგობრები რომ დაინახეს, გაეხარდათ, იქნებ რამე უშველონ ამ სოფელსო. მამამ მოხუცები დაამშვიდა.

 - იქნებ გამოსავალიც ვიპოვოთ, მაგრამ ჯერ ორი ნუკრი გვყავს სანახავი, დაგვეხმარეთ, გზა მიგვასწავლეთ! – სთხოვა მამამ მოხუცებს. მასპინძლებმა სოფლის განაპირა სახლისკენ გაიშვირეს ხელი.

- იქ არიან. - ერთხმად შესძახეს. 

   წავიდნენ სოფლის სტუმრები იმ სახლისკენ. ბიჭები, რომლებიც კახამ სიზმარში ნახა,  ისევ ეზოში თამაშობდნენ. არ აშინებდათ მიწის რყევა. ეტყობა, მიჩვეულები იყვნენ ამ ამბავს. ამათაც გაეხარდათ ადამიანების დანახვა.

 – რამდენი ხანია, ამ სოფელში აღარავინ მოდის, მარტო გარბიან აქედან. — თქვეს ბავშვემა. კახაც იცნეს,

- აქ ხომ უკვე იყავი. - უთხრეს. გაუკვირდა კახას,  მეგონა, მეძინაო. ბებიაც გამოვიდა ეზოში, ჩამოართვა ხელი კახას და მამამისს, ძაღლს და კატასაც მიეალერსა. ვოლიერთან მივიდა და პატარა ირმები გარეთ გამოიყვანა,

- ვგრძნობ, ამათ წასაყვანად ხართ მოსული. – გაუღიმა სტუმრებს. მამამ მადლობა გადაუხადა ქალს, შეჰპირდა, დასახმარებლად მოვალთ. არაფერი ვიცოდით ამ სოფლის არსებობის შესახებო.

 სოფლის სტუმრები გაუდგნენ გზას, კახას ახსოვდა, საით უნდა წასულიყო, სად ელოდებოდნენ ირმები. აუყვნენ აღმართს. გზა და გზა კატა და ძაღლი ჩხუბობდნენ,

– მე ვასწავლე კახას გზა, თორემ თვითონ როგორ მოაგნებდა. – იძახდა ძაღლი. ვეფხვია ბრაზდებოდა,

 – შენ როგორ ასწავლიდი, დაგესიზმრა? -  ეუბნებოდა კნავილით,  ყურშა იხტიბარს არ იტეხდა და ყეფით აყრუებდა იქაურობას. იქაური ძაღლებიც ჰყვებოდნენ ყეფით, მაგრამ ბრაზით კი არა, სიხარულით, ახალი მეგობარი გავიჩინეთო. ასე მიაღწიეს ტყის ნაპირს. ირმები მართლაც იქ იდგნენ, პატარებს ელოდებოდნენ. მადლობის ნიშნად თავი დაუქნიეს მშველელთ. კახამ იგრძნო, რამხელა სითბო ჩაეღვარა გულში. ირმებმა თვალი თვალში გაუყარეს მადლობის ნიშნად. ცოტა ხანში თვალსაც მიეფარნენ. გადახედეს მამამ და კახამ ორომტრიალას.

- ნამდვილად დახმარება სჭირდება სოფელს! – თქვა მამამ. მეგობრები  სახლის გზას  დაადგნენ.

მეხუთე თავი

 

     სახლში რომ მივიდნენ, კახამ, პირველ რიგში, ფარდაგთან მიირბინა. შეხედა, ირმებს პატარა ნუკრები ამოსდგომოდნენ გვერდში. ბიჭუნას საულვაშეზე ჩაეღიმა. ბედნიერი იყო, ირმებს რომ დაეხმარა მამასთან ერთად. გაუცინა პატარა ნუკრებს, ხელიც დაუქნია. მოეჩვენა, რომ ირმებიც თავს უქნევდნენ მადლიერების ნიშნად. იმ დღის მერე ორომტრიალასკენ მამამ გზაც გაიყვანა თანასოფლელების დახმარებით. ხელდაკაპიწებული მუშაობდა კახაც. დედა საჭმელს ამზადებდა. ბევრი სახლი აღადგინეს სოფელში. ნელ-ნელა მოსახლეობამ სოფელში დაბრუნება დაიწყო. საკვამურებიდან ბოლი ამოვიდა, თხების და ცხვარ-ძროხის ზმუილ-კიკინი კახას სოფლამდეც აღწევდა. ის უცნაური ხე, რომელიც კახამ და მამისმა იპოვეს, სოფელში დააბრუნეს. ხემ თვითონ მოინდომა სოფლის შუაგულში დგომა. მასზე საღამოობით მასავით უცნაური ფრინველები მოფრინავდნენ და სხდებოდნენ: წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ისინი მგალობლები იყვნენ, ღმერთს უმღეროდნენ სიყვარულზე, სიკეთეზე, ბედნიერებაზე. ხესთან ახლოს ორომტრიალელებმა პატარა მონასტერიც ააშენეს. ისე გულწრფელად სთხოვდნენ ღმერთს სოფლის გადარჩენას, ღმერთმაც მოინდომა მათი დახმარება. მიწა აღარ იძვროდა, ორომტრიალიც აღარ ატყდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ სოფელს ეს სახელი მაინც შერჩა. თუ ვინმე ცუდ საქმეს მოინდომებს, ორომტრიალიც იქაა ჩასაფრებული.

-  ბოროტს არასდროს სძინავს, ჩვენც მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, - ამბობს კახას დედა - მარიამი.

No comments:

Post a Comment