Sunday, July 28, 2019

არა ვპატიობ

არა ვპატიობ ერთადერთს, ღალატს,
სამშობლოს ვინაც უქცია გვერდი,
ძღვენს იუდასთან ღალატით ატანს,
მისთვის არ არის ხატი და ღმერთი.

Saturday, July 27, 2019

გეწვის და გტკივა

გეწვის და გტკივა, მაჯებზე რომ გაწვავენ რკინას,
მაგრამ სამშობლოს როცა უჭირს, ის უფრო გტკივა.
იმას გვართმევენ, რაც გვიყვარს და ვამაყობთ რითაც,
სიმწრის ოფლი სდის ჩვენს ნაწამებ, უბედურ მიწას.

Wednesday, July 24, 2019

სევდამ დაგლიჯა

სევდამ დაგლიჯა სიხარულის ბოლო ნოტები,
ავიწეწები, ავიტოტები,
ახლა სიხარულს ვეძებ ოტებით,
რომ დავამარცხო სევდის ტოტემი.

შენი სიყვარულით ვცხოვრობ

მერე სადღაც ვბანაობდი,
მერე სადღაც ვშლიდი აფრებს,
მანამდე კი შენს თვალებში
ვნება, სიყვარული ვაქრე.
მოვიარე არტანუჯი,
მოვიარე ცხრა ზღვა, ცხრა მთა,
მაგრამ შენსას ყველა გზა და
ყველა ბილიკები  ასცდა,
მერე სადღაც ვბანაობდი,
მერე სადღაც ვშლიდი აფრებს,
შენი სიყვარულით ვცხოვრობ,
ამ გულიდან ვერ გაგაქრე.


თითო ნოტი

ჩემს თმის ღეროებს ქარი აწყობს ჩანგის სიმებად,
თითოეულ მათგანს აძლევს ტონს და თავის სიმაღლეს,
თითო აკორდი - მოწყენილი საქართველოა,
თითო ნოტი კი სიმღერაა საქართველოზე.

Tuesday, July 23, 2019

თურმე, ისე შემიყვარდი (ერთსტროფიანები)

თურმე, ისე შემიყვარდი, მზემ დაკარგა ჩემთვის ძალა,
ვერ გავიგე ავი, კარგი, გადავდივარ თავით მალაყს,
თურმე ისე შემიყვარდი, დღენიადაგ მინდა გავლა
შენს ფანჯრებთან, უშენობით გული დაღრღნა შავმა მახრამ.

შეჩერდი წამო!

შეჩერდი წამო, მე არა ვარ შენი პყრობილი, 
ნუ ჩამიკეტავ სასმელ წყალს და იმის სათავეს,
ვარ უგუნური, რომ დაგითმე ჩემი სახატე,
არა გცოდნია მისი ფასი, მეც ვერ მაფასებ.

Monday, July 22, 2019

უცნაური სტუმარი (მოთხრობა)

  ნატა და გიორგი დიდი ხნის დაქორწინებულნი არ იყვნენ, რომ მათ ურთიერთობაში რაღაც უცნაურობა გამოჩნდა: ახალგაზრდა მამაკაცი ყოველ ღამე სკაიპში ესაუბრებოდა მეგობარ გოგონას, თავის კლასელს, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა და მასთან ლაპარაკს არაფერი ერჩივნა. ნინო იმ სოფელში ცხოვრობდა, სადაც გიორგი გაიზარდა, მოაყოლებდა ამ მთისას და იმ ბარისას, თავისი სახლ-კარის ამბავსაც გამოჰკითხავდა, უპატრონოდ რომ ჰქონდა მიტოვებული, რადგან მშობლები დიდი ხანია უცხოეთში წასულიყვნენ სამუშაოდ, თვითონ კი ვერ იცლიდა იქ ჩასასვლელად, ბანკში მუშაობდა და არაქათგამოცლილს იქითკენ გახედვაც აღარ უნდოდა. ერთ დღესაც ნინომ გამოუცხადა, შენს ეზოში უცნაური ხე ამოვიდა, ხელებივით გაუწვდიაო ტოტები, თითქოს რაღაცას ითხოვსო. გიორგიმ ხის სანახავად წასვლა გადაწყვიტა, ნატაც გაჰყვა, მარტო არ გაუშვა მეუღლე. ჩავიდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სოფელში, გიორგიმ გადახედა მამულს, ბალახს გადაევლო ეზოსთვის, მაგრამ შუაში მართლაც იდგა საოცარი ხე, ხელებგაწვდილი მათხოვარივით.  გული ეტკინა ახალგაზრდა კაცს, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ამბავიო, პირჯვარი გადაიწერა, ქვედა ტოტები შეხმობოდა ხეს, მოაჭრა ის ორი ტოტი, ხედავს სისხლივით წითელი სითხე  დაედინა, თითქოს ადამიანი ყოფილიყო, მეორე დღეს საშინელი ამბავი მოუვიდა უცხოეთიდან, დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო, ვიღას ეცალა ხისთვის, სულ გადაავიწყდათ. მშობლები დაკრძალა, ერთ დღეს ეზოში რომ შევიდა, ისევ იმ ხემ მიიქცია მისი ყურადღება, წითელი ყვავილი გამოსვლოდა, ძალიან ლამაზი, ნატას დაუძახა, შეხედე, რა ლამაზი წითელი ყვავილი გამოუღიაო, ცოლმა ყვავილის დანახვაზე მიახარა, ფეხმძიმედ ვარ, ბავშვს ველოდებიო, გოგონა ეყოლათ, ახლა უფრო ხშირად უწევდათ სოფელში ჩასვლა, ბავშვს ჰაერი სჭირდებოდა, გაიფურჩქნა უცნარი ხე, სტუმარი დაარქვა მეზობელმა ნინომ, რომელიც არცთუ იშვიათად შემოორბენდათ ხოლმე, ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდა ახალგაზრდა მშობლებს. ისევ შეახმა ტოტი უცნაურ ხეს, პაპა გარდაეცვალა გიორგის, მეორე შეახმა,  ბებია. საშინლად იდარდა, ეს ხე უნდა მოვჭრა, კარგს არაფერს წინასწარმეტყველებსო, ატირდა გიორგის პატარა თეკლა-გოგო, ძალიან მიყვარს, ნუ მოჭრიო, წამოიზარდა და მისი მშობლებიც უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ, ქვეყანაში შიმშილობა იდგა, პურის ფულიც აღარ იშოვებოდა. ნინოს დაუტოვეს ბავშვი, მაინც მოჩვეულია შენთანო. ნელ-ნელა ისევ ახმებოდა ტოტები უცნაურ ხეს, კვირტი კი იშვიათად გამოსდიოდა, უკვირს ნინოს, ნეტავ, ბავშვის მშობლებს არაფერი დაემართოთო. ამშვიდებდა თეკლა, გავიზრდები და ნახავ, სულ გაიკვირტებაო ხე, წითელი ყვავილებით დაიხუნძლებაო, ნინოც იმედს არ კარგავს, შეჰხარის თეკლა-გოგოს, ელოდება მის გაზრდას, ის მაინც იმრავლებს და იხარებსო ამ მიწაზე. 

უბრალო ფანქარი (ზღაპარი)

  ნიკო წელს პირველად წავიდა სკოლაში და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უკვე დიდი ბიჭი ვარო, ამაყად გამოაცხადა სახლში. ანბანის სწავლა დაიწყო და თან ყველა ასოსთვის სურათებსაც სიხარულით ხატავდა,  გაავსო სახატავი ფურცლები ნაირ-ნაირი ნახატებით, იაც დახატა, თივის ზვინიც, თხაც, მზეც, მართალია ისეთი ვერ იყო, მხატვრის დახატული რომ არის, მაგრამ არა უშავდათ. ფერადი ფანქრები ძალიან მოსწონდა და საოცრად უფრთხილდებოდა. ისინიც გათამამებულნი ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ, არა მე გჯობივარ და არა მეო, ცისფერი ფანქარი თავს იწონებდა, ჩემს გარეშე ნიკო ვერც ზღვას დახატავს და ვერც ცასო, ყვითელი ამბობდა, ქვეყნიერება იმიტომ არსებობს, რომ მზე არის და მის გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა დედამიწაზეო,  წითელი ხომ ტოლს არავის უდებდა, გაჰკიოდა, ცხოვრება რა იქნებოდა წითელი ბურთის და წითელი ვარდების გარეშეო, მხოლოდ უბრალო ფანქარი არ იღებდა ხმას, რომელიც ფერადი ფანქრების ყუთშიც კი არ იდო, იმიტომ რომ ცალკე იყიდეს, ნიკო ჩანთიდანაც კი არ იღებდა, რაში მჭირდებაო. მაგრამ ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა  ბავშვებს უთხრა, უბრალო ფანქარი და საშლელი ამოიღეთო. გაუკვირდა ბიჭს, ნეტავ, რისთვისო. ამოიღო და მერხზე დააწყო ორივე. გამოცოცხლდა უბრალო ფანქარი, იქნებ, მეც მომეცეს საქმეო. მასწავლებელმა ბავშვებს რვეულში სწორი ხაზის გავლება დაავალა, ვერ გაავლეს, ნიკოს გავლებული ხაზი საოცრად დაკლაკნილი გამოვიდა, წაშალეთ და ახლიდან გაავლეთო, ისევ ვერ გაავლო სწორი ხაზი ბიჭმა, ახლა სახაზავი მოიშველიეთო, უთხრა მასწავლებელმა, სახაზავიც ამოიღო ჩანთიდან, უცებ გაავლო ნიკომ სახაზავის დახმარებით სწორი ხაზი, აი, სახაზავი რაში გვჭირდებაო, დაადგინა ნიკომ, სწორი ხაზების გასავლებადო, ახლა მაგიდა და სკამები დახატეთო, სულ წვალებ-წვალებით დახატა, ხან სახაზავი ეჭირა ხელში, ხან საშლელი და ხან ფანქარი, მაგრამ ისეთი ლამაზი მაგიდა და სკამები დახატა, თვითონაც გაუკვირდა, ახლა სახლი დახატეთო, უთხრა მასწავლებელმა, კმაყოფილი წამოვიდა ბიჭი სკოლიდან, ისე მოეწონა სახლების ხატვა, მამას უთხრა, არქიტექტორი უნდა გამოვიდეო. მას მერე სულ უბრალო ფანქარი უჭირავს ხელში, საშლელი და სახაზავი, ფერადმა ფანქრებმაც ხმა ჩაიკმინდეს და ზევიდან აღარ დასცქერიან უბრალო ფანქარს, ეს ჩვენზე  საჭირო ყოფილაო. თუმცა ნიკოს არც ფერადი ფანქრები ავიწყდება და ხან ცისფერ ზღვას ხატავს, ხან ოქროსფერ მზეს და ხანაც მწვანე ბალახს. ფანქრებიც კმაყოფილები არიან ველანი ერთად, საჭირონი ვყოფილვართო.

Saturday, July 20, 2019

იასამნისფერი ქრიზანთემები (ნოველა)

  ტვირთის თრევით დაღლილი იყო და ღამის თორმეტისთვის უკვე ჩაეძინა, დღისით, ბაზარში მყოფმა, ბადრიჯანი იაფად აღმოაჩინა, დახარბდა, ათი კილო წამოიღო, დიდ ოჯახს ბევრი სჭირდება, კარტოფილიც მიაყოლა, ერთი ხუთი კილო, პომიდორი, ხილიც  და სახლამდე ძლივს მიაღწია ხელდამძიმებულმა. მიჩვეული კი იყო ტვირთის ზიდვას, ოჯახის წევრები ყველანი მუშაობდნენ, ამიტომაც ცდილობდა სურსათის მარაგები თვითონ შეევსო, მაგრამ წლები მოემატა და ცოტა არ იყოს გაუჭირდა ამის კეთება. მაინც ბოლო ხანებში ძალიან დასუსტდა, ლამისაა ღამის ათ საათზე დაეძინოს, სადღაა ის დრო, შუაღამემდე რომ ეღვიძა ჯერ შვილების და მერე შვილიშვილების მოვლაში, დილითაც ძლივს დგება ლოგინიდან, სახლიდან სამუშაოზე ხომ უნდა გააცილოს ქმარ-შვილი, რძლებს ეხმარება, არ უნდა ძალიან დაიტვირთონ, ცოტა მეტი ეძინოთო, სად შეუძლიათ ჩემდენი, მე სოფელში გაზრდილი ქალი ვარ და თუ საჭირო გახდა, მეტსაც გავაკეთებ, აგერ მალე მეოთხე შვილიშვილი შემეძინება, ყველა ჩემი გაზრდილია თითქმის, ბებია ენაცვალოთ, - ფიქრობდა და ხალისით აკეთებდა ყველაფერს, თემური მოესწრო კიდევაც, იმხელა ბიჭია.
      დაძინებულს ღამის ორ საათზე გაეღვიძა, შვილიშვილის ოთახში შუქი დაინახა, მორიდებით შეიხედა, ბიჭმა ზედ არ შეხედა, მობილური ეჭირა ხელში, სახელი დაუძახა, ერთხელ, მეორედ... უცებ იყვირა თემურმა, ვერა ხედავ, ვთამაშობ, რა ხელს მიშლი, საერთოდ ნორმალური ხარო? გაოგნდა მოხუცი, ისე, მოგიკითხე, ბებია, როგორ ხარ, იშვიათად გნახულობო, როცა მართლა ცუდად ვარ, მაშინ არ მკითხულობ და ახლა მოგინდა ჩემი მოკითხვაო? იყო პასუხი. ქალს ხმა აღარ გაუცია შვილიშვილისთვის, კიდევ არ შემომეპასუხოს, ოჯახის წევრები არ გააღვიძოს, არავინ გაიგოს მისი ყვირილიო. უსიტყვოდ გამობრუნდა, ფეხებმოცელილი, საწოლამდე ძლივს მიაღწია. ის ღამე აღარ დაუძინია, არც შემდეგი, დიდი ხნით გაუტყდა ძილი. მას მერე შვილიშვილს ბებიასთვის თვალებში შეხედვაც რცხვენოდა, ერთ დღესაც ქრიზანთემების თაიგული მოუტანა, იასამნისფერი იყო ყვავილები, იცოდა, მოეწონებოდა. დამჭკნარი თითები გადაუსვა ქალმა თავზე, უსიტყვო იყო მათი შერიგება.

Friday, July 19, 2019

ჩანახატი

                                     ჩანახატი
    მარჯანიშვილის მოედნის კუთხეში გაჩერებაზე ქალბატონი ზის უზარმაზარი თეთრი ჩალის ქუდით, მომხიბლავი ღიმილით, ტუჩებზე ვარდისფერი საცხით, ოთხმოც წელს იქნება მიტანებული, მაგრამ როგორი ცეცხლი ანთია მის შავ თვალებში, სიცოცხლის წყურვილი, გაოგნებული დავრჩი. გვერდში ხეიბარი კაცი უზის, საუბარი უჭირს, მივაყურადე, სოხუმზე ლაპარაკობენ, კაციც სოხუმელი აღმოჩნდა და ქალბატონიც, წულუკიძის ქუჩაზე ვცხოვრობდიო, კაცმა, ოჰ, როგორ შესციცინებს მოხუცი თეთრი ქალბატონი თვალებში ამ კაცს, როგორც ღვიძლ შვილს, რა იცი, იქნებ, ომში იყო დაჭრილი და ამის გამო აქვს ჯანმრთელობა შერყეული, გავიფიქრე. ეჰ, ჩემო აფხაზეთო, რამხელა ტკივილი დაუტოვე გულში შენს შვილებს, რა სამოთხე დავკარგეთო, ცრემლი დაედინა თვალებიდან მოხუც თეთრ ქალბატონს, ტუჩებზე ვარდისფერი საცხი გაუუფერულდა, სახე დაუნაოჭდა, ცეცხლიც ჩაუქრა თვალებში.

Thursday, July 18, 2019

ქარს გავატან და მტვერს

სულში შემოსულ ზღვას,
სულში შემოსულ მზეს,
ვერ ვუმკლავდები დღეს,
ვკარგავ საყრდენს და ღერძს,
ხვალ ვერ იქნება დღეს,
ქარს გავატან და მტვერს,
სულში შემოსულ ზღვას,
სულში შემოსულ მზეს.

Tuesday, July 16, 2019

ვარსკვლავი

მე შევერიე, როგორც ნისლი კუნაპეტ ღამეს,
შემომალული ცის ტატნობზე ვარსკვლავი ვნახე,
თავზე მოხვეულ ბნელ სივრცეებს ვერ სძლია მანაც,
მე მიპატრონა, დედასავით მიმღერა ნანა.

რად ჟივჟივებთ, ჩიტუნებო!

რად ჟივჟივებთ ჩიტუნებო,
ვის კარებთან მიფრინავთ?
ეგ მოხუცი, მანდ რომ ცხოვრობს,
ამბობენ რომ  გიჟია,
გზაზე ხელგაშლილი დადის,
თქვენთვის დააქვს საკენკი,
ჯიბედატენილი ძეხვით,
პურის ერთი ნატეხით.
მართლა, აღარ დამინახავს
უკვე ორი დღე-ღამე,
მტკვრის ნაპირზე
რომ დავლანდე,
წყლით ავსებდა ხელადებს,
ნეტავ, რისთვის ამზადებდა,
იქ რეცხავდა სუდარას,
ძაღლი უკან მოჰყოლოდა,
თვალში ედგა მუდარა.
რად ჟივჟივებთ, ჩიტუნებო,
ღია არის კარები?
ეჰ, ამ ბეჩავს, ქვეყნის გლახას,
დაუხუჭავს თვალები.






,



ავლა-დიდება (ნოველა)

   არასოდეს უთქვამს, მიყვარხარო, არასოდეს მიურთმევია საჩუქარი, ფულს აძლევდა, გინდ საჭმელი იყიდე, გინდ ტანსაცმელი, გინდ სამკაულებიო, მაგრამ საჭმელშიც არ ყოფნიდა, ბეჭედი როგორ ეყიდა, ან საყურე, თანაც ოქროსი, ბიჟუტერია არ უყვარდა, ამიტომ არაფერიც არ ჰქონდა, დედამისის ნაჩუქარი ერთი-ორი ვერცხლის ბეჭედი და საყურე, სულ ეს იყო მისი ავლა-დიდება. გაიზარდნენ შვილები, დაოჯახება მოუნდათ, ჩვენი ცოლებისთვის თუ გაქვს რამეო, იკითხეს, მეც დამიტოვეო, - თქვა ქალიშვილმა. გადმოალაგა რაც ჰქონდა, დამცინავად გადახედეს, მთელი ცხოვრების მანძილზე ეს შეაგროვეო?! დაიშალნენ გულდაწყვეტილები. დედასაც გული დასწყდა, ვერ გამიგეს, ვერ დაინახეს ჩემი თავგანწირვაო, მართლაც ვერაფერს უტოვებდა შვილებს, ერთი დაშლილ-მორღვეული სახლის გარდა, ისიც სამად იყო გასაყოფი, ეგეც ვერ მოასწრო, რა ტყუილად მიცხოვრიაო, თან წაიყოლა სევდა.

სიყვარულის რაფსოდია

სიყვარულის რაფსოდიას,
ერთი ნახეთ, რა სცოდნია,
გაამაგრა გულის კუნთი,
ათასწლოვან ვარჯიშს უდრის.
აქეთ-იქით გამახედა,
როგორც ცხენი, ისე მხედნა,
სიყვარულის რაფსოდიას
ქვეყნად, ნეტავ, რა სჯობია?

Monday, July 15, 2019

ცოდვა კაცად გადიქცა

იმედგაცრუებების კასკადში ვიძირები,
წინ ნაბიჯსაც ვერა ვდგამ, არავის მაქვს იმედი,
ცოდვა კაცად გადიქცა, გამოუბამს თითები,
მახრჩობს, ყელზე მომეჭდო, ლამისაა, მივნებდი.

სუქდი, სუქდი, ჩემო ბიჭო!

სუქდი, სუქდი, ჩემო ბიჭო,
საქართველოს მზევ და ნიჭო,
გარდმოსულო ციდან ცეცხლო,
ჩემს პატარას უნდა ეძმო,
რომ სულ მუდამ ენთო გულში
ღვთის მეომარს, კეთილს, უშიშს.
წინ წარუძღვეს ლაშქარს რაშით,
გვასახელოს მთა და ბარში.




უკანასკნელი სიყვარული

  მატილდა უკვე მესამე ქმარს კარგავდა, დარდისაგან ჩამოდნა, სამოცდახუთი წლისა იყო, მაგრამ ჩონჩხადქცეულს სიცოცხლის ნიშანწყალი ძლივსღა ეტყობოდა. ოცდამეხუთე წელიწადი შესრულდება წელს მათი ქორწინების, არ უნდოდა განშორება, ისე როგორც წინა ქმრებთან, მაგრამ მოუწევდა... მაინც რა დათარსულია, ფიქრობდა, ყველა ქმარი როგორ უნდა გააცილოს სასაფლაოზე?! ერთს მაინც თვითონ გაეცილებინა... ეს ქმარი მაინც განსაკუთრებით უყვარდა და მძიმე სენმა უნდა წაართვას, გამოგლიჯოს ხელიდან. ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თითქმის ბავშვს, მკითხავმა უთხრა, სამჯერ გათხოვდები და ყველაზე დიდხანს ბოლოსთან იცხოვრებო. მაშინ სიცილი წასკდა, სად მე და სად მესამედ გათხოვებაო, ერთი კვირა ვეღარ ჩერდებოდა, კონსერვატიულ ოჯახში იზრდებოდა, ადათ-წესების დამცველ მშობლებთან,  მაგის ნებას როგორ მომცემენო, თვითონაც ერთ ქმარზე ოცნებობდა, კუბოს კარამდე ერთად ყოფნაზე და ჰოი, ბედის ირონიავ! მამა ქალაქის მერი, კანონმორჩილი მოქალაქე, დიდად პატივცემული ადამიანი გახლდათ, დედ-მამა ერთმანეთს შეაბერდა, მათი ქალიშვილი კი სამჯერ გათხოვდა, დიდად დარდობდნენ ამაზე, რა ბედი გამოყვაო, დედა იმასაც იხსენებდა, შენს მშობარობაზე ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა, ჩვენს სახლთან ახლოს მეხიც კი ჩამოვარდა და ბებია-ქალს ცუდად ენიშნა ეს ამბავი, მაგრამ გოგო რომ გაჩნდი სამი ბიჭის მერე, მაინც ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, მორიელის ნიშნით დაბადებული ნამდვილი მზეთუნახავი და ჯადოქარი იქნება-მეთქი, კი ამიხდა ყველაფერი, მაგრამ სამი ქმრის გარდაცვალებას თუ მოესწრებოდი, ეს აღარ მეგონაო. ქმრის საწოლთან ჩამომჯდარი მატილდა ყველაფერს იხსენებდა და კიდევ მეტად წუხდა, რომ თვითონ არ კვდება ქმარზე ადრე, რაღა უნდა აკეთოს მის  გარეშე, აღარ იცის. პირველ ქმრებთან შეძენილი ქალიშვილები, ფაქტიურად მესამე ქმრის გაზრდილები, დიდი ხანია დათხოვდნენ, შვილიშვილებიც დაიზარდნენ, ყველას თავისი საქმე აქვს, ბებიასთვის ვიღას სცალია, ცხოვრების ტემპია ისეთი, ძნელია ფეხი აუწყო. ახალგაზრდებიც ცდილობენ მშობლებს ასიამოვნონ, ერთმანეთზე უკეთესები არიან, წარმატებულები, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, რა ქნას, ქმრების სასაფლაოებზე უფრო ხშირად ივლის, მესამე ბაღში ხომ არ დაასაფლავოს, მასთან უფრო ახლოს იქნება, შორს სიარული აღარ დასჭირდება, ასეც უნდა ქნას, თავის ბაღს უკეთესად  მიხედავს, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მცენარეებს შემატებს, პირველმა ქმარმა აჩუქა ეს ბაღი სახლთან ერთად, რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრ მიწაზე გადაჭიმული,  მის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ხოლმე, გაეღიმა, გაახსენდა,  სიყვარული წითელი ვარდების ბუჩქთან აუხსნა,  თავისივე ნაჩუქარ ბაღში, რამდენი იმ ადგილზე გაივლის, ის აგონდება, სიყვარულით სავსე, ლამაზი ჭაბუკი, რომელიც რამდენიმე თვეში წაიყვანა ღმერთმა, მათი სიყვარულის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ნაყოფი დარჩა, ქალიშვილი, მზეთუნახავი სურეია, ასე დაარქვა მამამ, ჰგავს კიდეც მას. მეორე ქმარს პარიზში შეხვდა, ფოტოებს იღებდა, მასაც გადაუღო, ასეთი ლამაზი ქალბატონი არასოდეს მინახავსო, რა იცოდა მაშინ ქალმა, რომ მალე მათ შორის რომანი გაიბმებოდა და ეს მომხიბლავი ფოტოგრაფი მისი მეორე ქმარი გახდებოდა. ელვის სისწრაფით მოხდა ნიშნობაც, ქორწილიც, მატილდას მშობლებსაც მოეწონათ სიმპათიური ფრანგი, სახლშიც სიამოვნებით მიიღეს და ყოველთვის კარგ მასპინძლობასაც უწევდნენ. ისიც სიყვარულითვე პასუხობდა: მატილდაც უყვარდა, მისი ქალიშვილიც, მშობლებიც და ძაღლიც. პირველი ქმრის ნაჩუქარ ბაღშიც სიამოვნებით მუშაობდა, მთელ დღეებს იქ ატარებდა, ფოტოებს იღებდა,.სწორედ მან გაუთქვა სახელი ამ ბაღს მთელ დუნიაზე. ავტოკატასტროფაში დაიღუპა, სრულიად მოულოდნელად, მათი ქალიშვილი სამი წლისაც არ იყო. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარესთან გამომშვიდობებაც ვერ მოასწრო, ვერ ჩაასწრო პარიზში. ეგონა, ცხოვრება დამთავრდაო, სიცილიც კი დაავიწყდა, მაგრამ ჯაკომომ ისევ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი, ამ ქვეყნისკენ მოაბრუნა, ისევ გააბედნიერა, მის ბაღში უზარმაზარ ზეიმებს აწყობდა, ქორწილების ორგანიზატორი იყო, მისი ქალიშვილების ქორწილებიც აქ მოაწყო, დაულოცა გზა უკეთესი მომავლისაკენ, მან უპატრონა. უმძიმს მატილდას, ახლა ამ სიყვარულის ბაღში პანაშვიდის მოწყობა, ოჰ, როგორ არ უნდა, შავი ლენტებით შემოსოს ყვავილები, წითელი ვარდები, პირველი სიყვარულის ამონაყარი, მაგრამ რას იზამს? ასეთია ცხოვრება!
       კაცს სუნთქვა დაუმძიმდა, მატილდამ ხელი ხელზე მოუჭირა, აქა ვარო, მეუღლე მზერით დაემშვიდობა, ლაპარაკი აღარ შეეძლო, მიხვდა ქალი, ეს უკანასკნელი შემოხედვა იყო. დილით შვილებმა ცოლ-ქმარი მკვდრები იპოვეს. დედის სიკვდილს არ ელოდნენ. ჩაუღამდათ თვალები. დილაუთენია მატილდას სულიც გაყროდა სხეულს, ზევით აფრენილს სამი მამაკაცი შემოეგება წინ, ვარდებით ხელში. მესამე დღეს ყველა მათგანის სული ერთად დაჰფარფატებდა თავზე ბაღს, სადაც მათ შორის ორის დაკრძალვის ცერემონია უნდა გამართულიყო. გარდაცვლილები ბაღში დამარხეს, წითელ ვარდებთან ახლოს, რომლის ნერგები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მიაქვთ, ნიშნად მარადიული სიყვარულის, მატილდას სული კი ზევიდან  ლოცავს ქალებს, რომლებიც თავისდაუნებურად მსახვრალი ბედის მსხვერპლნი ხდებიან, მაგრამ მათი გული მაინც სიყვარულით სავსეა და ახალ გრძნობას ელოდება, რომ იმ ვარდებივით გაიფურჩქნოს.

Saturday, July 13, 2019

ფრანგული სუნამო (მოთხრობა)

   სხივჩამდგარ თვალებში სიყვარული უციმციმებდა, ანათებდა, გარშემო შუქს აფენდა, სახლისკენ მიიჩქაროდა, ჩანთაში ძვირფასი საჩუქარი ედო, შეყვარებული ჭაბუკისგან მორთმეული ფრანგული სუნამო, მისი შოვნა ხომ ძალიან რთული იყო, ნაცნობობით თუ ჩაიგდებდი ხელში დახლის ქვევიდან ან მოსკოვიდან უნდა ჩამოგეტანინებინა ვინმესთვის, "კლიმა", ერქვა. რამდენი ხანია ოცნებობდა ამაზე, ოჰ, როგორ შეაშურებს თავის მეგობრებს? სიამოვნებით იფშვნეტდა თითებს, სუნამოს სურნელსაც კი გრძნობდა. არ უნდოდა აღება, მაგრამ სულიკომ იმდენი ეხვეწა და ემუდარა, ბოლოს მაინც მიიღო საჩუქარი. მისი დაბადების დღე იყო, სახლშიც ელოდებოდნენ მშობლები და ნათესავები. მტკვარს გადახედა, სანაპიროს მიუყვებოდა, შავად მოჰქუხდა მდინარე, გაზაფხულის პირი  იყო, პალტოს საყელო აიწია, შეამცივნა თითქოს. გვერდზე ვიღაცა დალანდა, გაოცებულმა გახედა, ახალგაზრდა კაცი მოყვებოდა, სახეზე დააკვირდა, ვერ იცნო, რა გნებავთო, ჰკითხა, იმან ხმა არ გასცა, მაგრად ჩასჭიდა ხელზე ხელი, ჩანთა მომეცი, სხვა არაფერი მინდა შენგანო. თითქმის ჩურჩულით უთხრა. ხომ არ მომეყურაო, გაუკვირდა გოგონას და უფრო მაგრად ჩაეჭიდა ჩანთას, არც უფიქრია მიცემა, გაბედული იყო, ფულს არ ჩიოდა, შეყვარებულის ნაჩუქარი სუნამოს დაკარგვა არ უნდოდა, დაეჭიდა კაცი ჩანთას, გაუძალიანდა გოგონა, არც მან გაუშვა ხელი, უცებ ფერდში ტკივილი იგრძნო, მოიღვენთა, ძაღლის ყეფამ გამოაფხიზლა, თავზე დასდგომოდა და სახეს ულოკავდა, თვალებში ჩასცქეროდა, წკმუტუნებდა, თავისი დაკარგული ძაღლი იცნო, საიდან გაჩნდაო, ორ თვეზე მეტი იყო, არ ენახა, ძლივ-ძლიობით წამოდგა ფეხზე, ახლაღა მიხვდა რომ დაჭრილი იყო, სისხლი ჟონავდა პალტოდან. გზაზე გამოვიდა, ჯუნა, ასე ერქვა ძაღლს,  გვერდზე მიყვებოდა, თითქოს ამხნევებდა. პირველივე შემხვედრ მანქანას დაუქნია ხელი, გაუჩერეს,  ისევ გონება დაკარგა. საავადმყოფოში გაახილა თვალი. მანქანის მძღოლი თავზე ედგა, როგორ ხარო, ეკითხებოდა, პასუხის ნაცვლად ძაღლი მოიკითხა, სად წავიდაო, კაცმა თავი გადააქნია, არ დამინახავსო, ალბათ, მომეჩვენა, გაუელვა თავში, აღარაფერი უთქვამს. ძაღლი კი, ალბათ,  კმაყოფილი დასეირნობს მოჩვენებათა სამყაროში, უხარია, პატრონი რომ გადაარჩინა. ფრანგულ სუნამოს კი სულიკო აუცილებლად კიდევ მიართმევს გოგონას, ამ ამბავს რომ გაიგებს.

Friday, July 12, 2019

სულის ნატეხები

ცხელ-ცხელ წვეთებად რომ ჩამადნა სანთელი სულში,
ნაზი ქსოვილი ამოჭამა და ძლიერ მეწვის,
ცხოვრების გზა კი უნაპირო, შავი და ქუში,
ზეციდან მოსულ მძიმე ღრუბლებს მდინარედ ერთვის.
ნატეხებს სულის, რომ ვალაგებ პატარა ყუთში,
ზღვა ელოდება მოკამკამე, ცასავით ლურჯი,
გადაიყრება ნაპირიდან სხვადასხვა მხარეს,
გულს გაუნათებს კეთილ მგზავრებს, დაკარგულთ - ღამეს.


Thursday, July 11, 2019

არ მიყვარხარ

არ მიყვარხარ, რომ მიყვარდე, იქნებ,
შერეოდა ზეცას ვარდისფერი,
აშლილიყვნენ ჩიტუნები ერთად,
მოეტანათ ჩემთან შენგან ძღვენი.
კვლავ გამევლო სიგიჟეთა ზღვარზე,
დამელახა ოკეანეთ სივრცე,
განა, ახლა ტყუილად ვცეკვავ ტანგოს,
შერიგების არ გიტოვებ იმედს.

Monday, July 8, 2019

აღარ მინდა... (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

აღარ მინდა შენი მოსვლა,
აღარც დაგელოდები,
ამ მიწაზე ერთად ყოფნის
ამოვწურეთ ქვოტები,
შენ ფიცხელი შევარდენი,
ბრწყინავ, როგორც მოზერი,
მე - პატარა ჩიტუნია,
სულ შენს მოსვლას მოველი.
აღარ მინდა სულში მყავდე,
მყავს პიკასო, გოგენი,
ამ მიწაზე ვეღარ გჩემობ,
ზევით დაგელოდები.



Sunday, July 7, 2019

სამწუხაროა

სამწუხაროა, ო, რა რიგად სამწუხაროა,
არავის ესმის ბულბულის და შაშვის გალობა,
ყურს უტკბობთ მხოლოდ ჩხრიალი თუ წკარუნი ვერცხლის,
მე კი ყოველღამ ანგელოზთა ტირილი მესმის.

სულში სული ამოვიღე

სულში სული ამოვიღე,
ჩემთვის დიდი განძია,
რომ მოგიძღვნა, ჩემო კარგო,
ქვეყნის თვალი რად გქვია?!
სამაისო ვარდიც შენ ხარ,
იაც, იასამანიც,
ტურფა ხარ და სასურველი,
ვეღარ ვპოვე სამანი.
სპარსი, რუსი თუ ოსმალო,
გიმიზნებენ ბადიას,
სულში სული ამოვიღე,
მოგცემ, რაც მაბადია.

საღათას ძილი (ბავშვობის მოგონებებიდან)

  როცა გავიღვიძე, პირველად ბებიას ფირუზისფერი თვალები შემომეფეთა, დაჟინებით შემომცქეროდა სახეში, გარშემო მოვატარე თვალები, ახლა დედა დავინახე, მამა, ჩემი და-ძმები, გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი, როგორც გარშემომყოფების ლაპარაკით  მივხვდი, ორი დღე და ღამე მძინებია, ახლაც ძალით გაუღვიძებივარ, თვალები რომ არ გამეხილა, ალბათ, საავადმყოფოში გამაქანებდნენ, ისე იყო ყველა აფორიაქებული. - რა ხდება? - თითქმის ჩურჩულით ვიკითხე, ხმა რომ ამოვიღე, კიდევ ერთი სიხარულის საბაბი გახდა, შეძახილებმა გამაყრუა. ლოგინში წამოვჯექი, ყურებზე ხელები ავიფარე და გავიღიმე. მკოცნიდნენ, მეფერებოდნენ რიგ-რიგობით, - როგორ შეგვაშინე, - მითხრა დედამ, - რა იყო, მატარებელში სულ არ გეძინა? - მკითხა მამამ და ყური ამიწია, რა თქმა უნდა, მოფერებით, ისე ყურის აწევა კი უყვარს, როცა ვაბრაზებ, ალბათ, იმიტომ მაქვს დიდი ყურები. - გავიფიქრე და მხიარულად დავიწყე რატრატი, - მართალა, სულ არ მეძინებოდა მატარებელში, ზევით რომ ვიწექი, მეშინოდა არ გადმოვვარდნილიყავი და ვინმეს არ დავცემოდი თავზე, გახსოვთ, შარშან რომ გადმოვვარდი? -  ხომ არაფერი მოგსვლია, ვერ დაივიწყე ეს ამბავი? თანაც არავის დაუძალებია ზევით დაწექიო, შენ გინდოდა თვითონ, - მიპასუხა დედამ და ალერსით გადამისვა თავზე ხელი, - მიხაროდა, ყველა რომ მეფერებოდა, მედიკო დაჟინებით შემომაცქერდა  თვალებში და ყურში ჩამჩურჩულა, - მე მეგონა მოკვდი და ჩუმად ვტიროდი, დედას რომ არ დაენახა, ია კი მეჩხუბებოდა, რა გატირებს, ცოცხალია, ალბათ, საღათას ძილით დაიძინა, შეიძლება ოცი წელიც ეძინოსო, ამაზე კი, კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, რა კარგია, რომ გაიღვიძე, წამოდი ბაღში, ალუბალი დამიკრიფე, ვერ ვწვდები. - გამეცინა, - ავდგები, შევჭამ და წავიდეთ. - ვუთხარ. ია მორცხვად მიღიმოდა, ბიჭები, უკვე დამშვიდებულები, მამას ეპორჭყიალებოდნენ, მხრებზე შემოგვისვი და სასეირნოდ წაგვიყვანეო, მამამ თვალი ჩამიკრა და წავიდა. ავდექი, ჩემს ბებიას, თეთრთავსაფრიანს, უკრაინულ ბლუზაში გამოწყობილს უკვე მოიესწრო ჩემთვის სუფრის გაწყობა, თეთრ გადასაფარებელიან მაგიდაზე ქვაბიდან ახალამოღებული ალუბლის ვარენიკები მიყურებდნენ და საოცარ სურნელს აფრქვევდნენ, მაგიდას მივუჯექი და ხარბად შევისრუტე ალუბლის ცხელი ტკბილი წვენი, ასეთ ვარენიკებს ვერავინ აკეთებს, ჩემი კატია ბებიას გარდა, ერთი რაია დეიდა თუ ჯობნის, ჩვენი თბილისელი მეზობელი, იმისი უფრო დიდებია, გავიფიქრე. ია და მედიკო, მაგიდასთან მიმსხდარნი, გახარებულები მიყურებდნენ პირში, - ხედავ, საჭმელსაც ჭამს, - უთხრა მედიკომ იას, - კარგი იქნებოდა საღათას ძილით დაგეძინა, შენი სათამაშოები ჩემი გახდებოდა, რომ გაიღვიძებდი, რაღაში დაგჭირდებოდა? - მითხრა იამ და თეთრი კბილები დაკრიჭა, რა თქმა უნდა, ხუმრობდა.

სევდა (ნოველა)

   სევდა დაჰყვებოდა მამა-შვილის ურთიერთობას, იმიტომ რომ დედა მათთან აღარ იყო,  მის მშობიარობას გადაჰყვა, მამა კი ამას, ალბათ,  ვერასოდეს აპატიებდა, ამიტომაც დაინახავდა თუ არა, სევდა ეღვრებოდა თვალებში, განუზომელი სევდა, რომელიც გულს აავადებს, აწვრილებს, ისე აწვრილებს, რომ ძაფივით ხდება, და ალბათ, ერთხელ სადღაც გაწყდება ხოლმე კიდეც, მოძველებული ძაფივით.ხომ გაგიგიათ: "გული ჩამწყდაო". ასეც მოხდა, ნათესავებმა წაიყვანეს, მამა მოგიკვდაო, სევდას სევდა დაემატა. მისი სევდა არ წვრილდებოდა გულივით, ისიც გაგეგონებათ, "გული გამიწვრილდაო", არ პატარავდებოდა, პირიქით იზრდებოდა, ახსენდებოდა, როგორ სეირნობდა მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე თავის პატარა ძაღლთან ერთად, იმ საბედისწეო დღეს თოლიებისთვის პური იყიდეს, დაფშვნეს და წყალში გადაყარეს, ნაწვიმარზე ასფალტი ათასფრად ციმციმებდა, მამის თვალებში სხვადასხვაფრად ირეკლებოდა, მოსწონდა გოგონას მამასთვის თვალებში ცქერა, ორივე ხელს შემოხვევდა ხოლმე კისერზე და აცქერდებოდა ღრმა თვალებში, სევდას იჭერდა, ახლაც ჩააცქერდა, მაგრამ სევდა ვეღარ დაინახა, სიხარული უფრო ჩანდა, გაუკვირდა, რა იცოდა რომ მეუღლესთან მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულის ზეიმი იდგა იქ, წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი თავის მოკვლაო, დაასკვნა გოგონამ. ნეტავ, ჩემს თვალებში თუ ჩადგებაო როდისმე სიხარულის ზეიმი...
    გაიზარდა, გათხოვდა. ვაჟი ეყოლა, ათასფრად აუციმციმდა თვალებში სიხარულის  ცრემლები. ბიჭს მამის სახელი დაარქვა. უყურებდა და ხანდახან სევდიან მზერას გააყოლებდა,  მშობელს აგონებდა. მამასთან დაშორების სევდა ხომ უსაზღვროა და არასოდეს მთავრდება.

Saturday, July 6, 2019

მე ვარ ნიავი (ერთსტროფიანი)

ფოთლების რიგში დამალული მე ვარ ნიავი,
გულს მომიფონებს ყვირილი და ზათქი მდინარის
და კალაპოტი მისი მაბნევს, მაშინებს მხოლოდ,
თავისუფლებას ჩვეული ვარ, ეს მელის ბოლოს.

Friday, July 5, 2019

ობელისკები

მდუმარედ დგანან ობელისკები,
მათ სიდიადეს ვერ დახრის ქარი,
გადაუვლიან მხოლოდ წვიმები, 
გულებში ცრემლის დადგება ღვარი.
დუმილში ომის გუგუნი ისმის
და არემარეს ცეცხლი ედება,
ცა, დაბურული პირქუში ნისლით,
მათ კვარცხლბეკებთან განიკვეთება.
ობელისკებში ჩაკირულ ვარამს
გადაცრეცილი დროშის ფერი აქვს,
დგანან და უხმოდ ელიან კვლავაც
გმირთა აჩრდილებს, დედებს ცრემლიანს.
მდუმარედ დგანან ობელისკები,
მათ სიდიადეს ვერ დახრის ქარი,
გადაუვლიან მხოლოდ წვიმები, 
გულებში ცრემლის დადგება ღვარი.




Tuesday, July 2, 2019

წაუკითხავი დამრჩა

წაუკითხავი დამრჩა, ვხვდები, ორიოდ ბწკარი,
ძველ ბილიკებზე დამჭირდება ისევ გამოვლა,
გულს ჩარჩენილი ისრები და დოზები შხამის,
რატომ მივიღე, მინდა შევძლო ამის ამოხსნა.

Monday, July 1, 2019

თითები ეძებს... (ერთსტროფიანი)

თითები ეძებს სიმს და კლავიშებს,
რომ ააჟღეროს ძველი რიტმები,
ვერ შევასრულე შენთვის ბოლერო,
ვერ ამოვხსენი ლოგარითმები.