Thursday, June 30, 2022

ერთსტროფიანი, (მინიმა)

 შენ მეყვარები ყოველთვის, მუდამ,

შენა ხარ ჩემი პულსიც და სუნთქვაც,

ჩემი ხარ წყალი და პურის ყუა,

სახლობ სხეულში ერთმუჭა გულთან

და როგორ გიტევს, გავიგო უნდა.


განახლებული სიმღერა(ნოველა)

  
2 სთ 
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
საჯარო
განახლებული სიმღერა (ნოველა)
ერთი თუთის ქვეშ ურმის ბორბალი ეგდო, ხეს ფოთლები განიერი ჰქონდა, ბორბლამდე წვიმის წყალიც კი იშვიათად აღწევდა, არ დაჟანგებულიყო და უწინდელი იერი შეენარჩუნებინა, ნახევრად მიწაში იწვა, მაგრამ ხანდახან მხრებს წამოსწევდა ხოლმე, გაიღიმებდა, იქნებ ეს ძველი გადაგდებული ვინმემ შემამჩნიოსო. და ერთ დღესაც შეამჩნიეს... პატარა ზურიკო დასდგომოდა თავზე და აქეთ-იქით ატრიალებდა. სტუმრები სწვეოდნენ. გაუკვირდა ბორბალს, დიდი ხანია კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო ამ არემაეში. ერთი ჩიტები თუ შემოსხდებოდნენ თუთის ხეზე და ,,ოროლას" შემოსძახებდნენ, კიდევ ხვლიკი და გველი თუ გადაურბენდნენ თავზე, მათი დანახვაც უხაროდა, ამ ფუძის გველია და სახლ-კარს იცავსო, გაიფიქრებდა პატივისცემით ცივსისხლიანზე, მგონი მაგას უფრო თბილი სისხლი აქვს, ვიდრე ამ სახლის ბატონ-პატრონსაო. მაგრამ დღეს რაღაცა ხდებოდა ეზოში. ახალგაზრდა კაცი გარშემო უვლიდა იქაურობას, ათვალიერებდა, ღობეს სინჯავდა, გამოდგება თუ ახალი დამჭირდებაო. გავიხედოთ, ღობეც გალამაზდა, ადგილ-ადგილ ხის ბოძები შეუყენეს, სახლიდან ქალის ხმა გაისმა, საჭმელად იწვევდა ქმარ-შვილს. გაეხარდა ბორბალს, იქნებ, ჩემი საქმეც გამოჩნდესო. მალე ძველებური ურემიც გაიმართა ეზოში, ბორბალსაც თავისი ადგილი მიუჩინეს. აღიღინდა, ამღერდა, კი არ ჭრიალებდა, მიხტოდა, სიხარულისგან გული ამოვარდნაზე ჰქონდა, როცა ურემი დაიძრა, რომელზეც პატარა ბიჭი შემოსკუპებულიყო, ხარებს შოლტს უქნევდა, ,,ეჰე ჰეო", ეძახოდა. სოფელში ახალი ცხოვრება იწყებოდა, კვლავ გაისმა შეწყვეტილი სიმღერა....
მაია დიაკონიძე
30.06.2022წელი

Wednesday, June 29, 2022

შენი ვიყავ! (სატრფიალო)

 მე მთელი ღამე შენი ვიყავ, თეთრი ზამბახი,

ნაზ ყვავილებად ვიშლებოდი  შენს მწველ სხივებში,

მთვარე კი არა, მზე იყავ და ჩემი ცახცახი,

ციური იყო, კოსმიური, არმიწიერი.

შენს მაჯისცემას მძლავრად ვგრძნობდი ჩემს ლურჯ ვენებში,

ვნების ქაოსმა, ქარიშხალმა სისხლი არია

და თუ ოდესმე კიდევ გნახავ, კიდევ შეგხვდები,

სისხლის ჩხრიალი მეტყვის შენი სულის არიას..



მაშფოთებს ხვედრი ამა ქვეყნის (პატრიოტული)

 მაშფოთებს ხვედრი ამა ქვეყნის, დანაცრდა კალო

და მაინც ვერ ვთმობ, ქართველობას, ვცდილობ და ვლამობ,

ვოსტატობ, ვამკობ ჩემს სამშობლოს, მართლისთვის ვძალობ,

დავხნავ, დავთესავ, თუნდაც იყოს სულ ერთი ალო.

როგორ დავაჭკნო ამ ჩემს სულში დარგული ია,

როგორ გავხადო ულამაზო, შევასხა უყი,

თანაც თუ  იმას ილია და აკაკი ჰქვია,

მკვდრად გამიტანეთ, იმედი თუ აღმოჩნდა ფუჭი.




Tuesday, June 28, 2022

არ გავიწყდები! (სატრფიალო)

არ გავიწყდები!
არ გავიწყდები, ასე ვგონებ, თუმც ვეღარ მხედავ,
თავს ვეღარ უყრი დაშლილ სხეულს, - მარტივ მამრავლებს,
იქნებ მატყუებს ჩემი სმენა, ამ გულით ხედვა
და ვით ექიმი, ტყუილად გიწერ სენის ანამნეზს..
რომ შეუპყრიხარ სიყვარულის უსაზღვრო სევდას,
რომ უჩემობა, ვით ეკალი, სულში გაწვალებს
და ლაღ სიზმარშიც სიყვარულის ახსნას ვერ ბედავ,
სულ გეშინია ეს მირაჟი რომ არ განქარდეს.
მე კი მოგელი, დაგახვედრებ ტუჩებს - ალუბლებს,
მშფოთვარე ღამის ქარტეხილებს რა შეედრება,
და ნუ დამტოვებ მთვარესავით მარტოს, ცალუღელს,
მომნატრებია მაგ ხელების ნაზი შეხება.
მაია დიაკონიძე
28.06.2022 წელი

ერთსტროფიანები მინიპოეზიისთვის

 

ჩვენი სიყვარული ვნებების ზღვა არის,
დრო მიდის, ჩვენც მივდევთ გაშლილი აფრებით...
და მზედ რომ შემორჩეს სამყაროს მარადის,
დავხატავ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს — ფერადი ფანქრებით.

                  ----------------------------------------

ღვარად შემოხვალ ჩემში, მოედინები ლავად,

შენ ერთი მიცემ მკერდში, გულს ბაგაბუგი გააქვს,

გამაწითლებ და დამცემ, თითქოს ვიხდიდე სახადს,

ერთი გული მაქვს, კარგო, თუ მოხვალ, ნუღარ წახვალ.

                   ===========================

„მიყვარხარ!“ - უკვე გითხარი, მეტი სხვა რაღა გითხრა?!.

ჩემს სულში მხოლოდ შენა ხარ, შენ შემოდიხარ ფიქრად,

შენ ჯადოქარი ყოფილხარ, მომინადირე უცებ,

ასე მგონია ვკვდებოდი და  მომისწარი სულზე!..

++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++

ვხედავ, რომ აღარ გჭირდობი,

ნაღველ მამეჭდო მჭიდებად,

ჯერ სიკვდილ არ ვაპირობდი,

დღეს ან ხვალ მოსვლას მპირდება.

წყალწაღებული ხავსს ვებმი,

მზის ჭიატ დამრჩა იმედად.

                   ---------------------------------------------

ჩავიცვი ტანზე იმედები, როდისმე გნახავ

და გავაგრძელებთ სიყვარულის უცნაურ საგას,

შორით ტრფობას და შორით დაგვას აქვს თავის ეშხი,

რომც ვერა გნახო, შენი გულის ბაგუნი მესმის.

                 ------------------------------------

ჩაიჩხრიალებს წუთები,

ჩაიჩხრიალებს წამები,

მე კი, უფერო, რომ გხედავ,

ვარდივით ვფერიანდები...

                  ---------------------------

შენს მწვერვალებზე დავენთე,

გადაგფენივარ ალმურად,

მინდა, რომ ცოცხლად დავიწვა,

უთქმელად, ჯერ არნახულად...

 მზე ანათებდეს პირიქით,

პირაქეთ - ჩემი ვნებანი,

ცეცხლი ვარ მარად უქრობი,

ქართულ ლექსივით მგზნებარე.

            --------------------------

თუ გრძნობა გქონდა

ჩემდამი სადღაც,

მიმალულ ცეცხლს და

ნაღვერდალს ჰგავდა,

იფერფლებოდა

ჩუმად და ნაცრად

ქცეულა, ერთდროს

სხეულს რომ წვავდა!..

   -------------------------

 ნუთუ გადახმა ფერად ველზე ყველა ყვავილი,

ეს გული ისევ ღალატისგან დამაშვრალია,

მაგრამ ყაყაჩო ყელყელაობს ცისკრის ალივით

და  ეს უთუოდ ნაზი გრძნობის ნაპერწკალია!..

        ----------------------------------

მინდა მოვიდე შენთან ახლოს, ჩაგხედო თვალში,

არც წლებს დავითვლი, ასე უხმოდ რომ მდევენ კვალში,

არ დავიკარგო,  მეშინია, უდაბურ გზაზე,

ჩემი გზამკვლევი ვარსკვლავი ხარ ოცნების ცაზე!

             ---------------------------------

სიყვარულით თუ შეიძლება ნელ-ნელა მოკვდე,

მკერდში გული რომ გაგეყინოს, ძარღვებში - სისხლი,

არ ვიცოდი და სხვებს ვაყრიდი ღიმილს და სიცილს,

ახლა მე თვითონ სასთუმალთან სიკვდილი მიზის.

                   =========================

და ეს წამებაც, ეს ცხოვრებაც უკვე გავიდა,

ეს სიყვარულიც, ეს ვნებებიც ქარს თუ გადაყვა,

შენ ჩაიბარე ეს უნაკლო ჩემი სხეული,

ვერ უპატრონე და სჭირდება სისხლის გადასხმა!..

              =============================

განა მზეობს შენ გარეშე დილა,

ნამიც მხოლოდ შენი მზერით ბრწყინავს,

რომ ვიღვიძებ, დაგინახო მინდა,

ჩემთვის შენ ხარ უმანკო და წმინდა.

                 ------------------------------

მჭირდები, როგორც დამზრალ მიწას წვიმა და ცვარი,

როგორც მზის შუქი, როგორც ჭურჭელს მიწა აყალო,

თოვლი ხარ თეთრი, სისპეტაკე, მგზნებარე ალი,

მინდა რომ მოგცე ეს გული და მთელი სამყარო.

              ------------------------------------

 ეჰ, სულო ჩემო, მოვაღწიო მინდა შენამდე,

შენთვის გავლიო უსასრულო დრო და მანძილი,

შენი სუნთქვაა რომ მაცოცხლებს, რაც მაბადია,

უძვირფასესი, შეუცვლელი უფლის განძივით.

                =========================

 შენ მეყვარები ყოველთვის, მუდამ,

შენა ხარ ჩემი პულსიც და სუნთქვაც,

ჩემი ხარ წყალი და პურის ყუა,

სახლობ სხეულში ერთმუჭა გულთან

და როგორ გიტევს, გავიგო უნდა.

               -------------------------

მე არ ვპატიობ გადავიწყებას,

ალბათ, ამიტომ ვარ ახლა მარტო,

ვერ შევერთვები მდორე დინებას,

უნდა ვუყვარდე, გული რომ ვანდო.
           --------------------------------

 ანდამატივით შენკენ მიწვევ და მეზიდები,

თითქოს წვენი დის ჩემს ძარღვებში იის, ტიტების,

არეულია ლურჯ-წითელი ფერები მელნის

და ბოკალებში ირეკლება სხივები სევდის,

გამომიტაცე ვით პარისმა ტურფა ელენე,

მთვარე ღრუბლებში თამაშობდა ჩვენთვის დილამდის,

და არაფერი იმ ცხოვრების რომ არ მახსოვდა,

შენ გამახსენე, ერთ დროს თურმე როგორ გიყვარდი.

              ----------------------------------------

შენი თვალები მიწვევდა ზეცას,

ლურჯ ზღვას გაჰქონდა მათში კამკამი

და მიზიდავდა მე ყველა ერთად,

ზღვაც, ზეცაც, თეთრი იასამანიც.

         --------------------------------

მე რომ ჩემი მეგონა,
ჩემი არც ის ყოფილა
და ვეზიდე სულ ტყუილად
ლოდებსა და ოწინარს,
ღმერთმა მცირე ნაჭერი
მიწისა მამყოფინა.

          -----------------------

ათას ნაწილად დაგლეჯილ გულს
რა გაამრთელებს,
ანდა კი მინდა გამრთელება?! -
ამას ვკითხულობ!
-----------------------

 არ ვიცი, იყავი თუ არც კი იყავი,

გულში კი დატოვე, ვარდი და ფიქალი.

--------------------------

ამ გაზაფხულის

ფერთა გამას

დააჩნდა შავიც,
ნეტავ, როდესმე
თუ ვინმე წაშლის?!

------------------------

ამ სულს უშენობა ისევ მოერია,
ვტოვებ ქაღალდებზე წვეთებს ცრემლიანებს,
ლექსის სტრიქონები ისევ მომელიან,
ჩვენს გულებს აქ მაინც გავაერთიანებ.
------------------------
ფუნქციებსა და განტოლებებს ვხსნი ჯერაც ისევ,
ამონახსენებს ვერ ვპოულობ: იქს, იგრეკ, ზეტებს,
ცხოვრების წრფეებს, მრუდეებს და ტეხილებს მივდევ,
ლაბირინთიდან გამოსავალს ჯიუტად  ვეძებ,
თუ კი დღეს არა, გამიმართლოს იქნება მერე.
             ---------------------------------

ვეჭიდები ღილაკებს და პედლებს,

აბა, როგორ გავუმკლავდე მარტო,

სუყველაფერს ისევ ბნელში ვეძებ,

ვიღაცას კი ჩემი ტანჯვა ართობს...

            ---------------------------

 შენ ჩემი სულის ტიხრებისგან აგამინანქრე,

 ერთსა გთხოვ მხოლოდ, როცა გძინავს, მაშინ მინატრე.

                 ---------------------------

 რითი მოვკვდები, სიყვარულში უსიყვარულოდ,

თუ უსიყვარულოდ სიყვარულში, საკითხავია!

                   ------------------------------------

ცის მინანქარში გადაკარგულნი,

მაინც მათბობენ შენი თვალები.

                          --------------------

 შენი ტუჩები როცა ტკბილად რამეს მეტყვიან.

შიგ ჩაატევენ სიყვარულს და დიად სამყაროს,

მივხვდები, მხოლოდ მე ვარ შენი ნაზი ფერია,

საუკუნეებს გინდა ფრთებით გადამატარო.

      ---------------------------------------



 



შენკენ მიზიდავ! (სატრფიალო)

 ანდამატივით შენკენ მიწვევ და მეზიდები,

თითქოს წვენი დის ჩემს ძარღვებში იის, ტიტების,

არეულია ლურჯ-წითელი ფერები მელნის

და ბოკალებში ირეკლება სხივები სევდის,

გამომიტაცე ვით პარისმა ტურფა ელენე,

მთვარე ღრუბლებში თამაშობდა ჩვენთვის დილამდის,

და არაფერი იმ ცხოვრების რომ არ მახსოვდა,

შენ გამახსენე, ერთ დროს თურმე როგორ გიყვარდი.




Monday, June 27, 2022

ბავშვი ხარ, ჩემო!ნ(სატრფიალო)

 ბავშვი ხარ, ჩემო, და მაგ ბავშვად მინდა რომ დარჩე,

გავეთამაშოთ, ვით ზღაპარში, ჯადოსნურ სარკეს,

იქნებ სურვილი შეგვისრულოს, ოცნება ახდეს, 

შავი ღრუბელი გადაყაროს, ქარსა ვთხოვ  მარეკს.

გადაიშალოს ჩვენ წინ ველი  თეთრი, ზამბახის,

წინ მოგვეგებოს  სურნელოვან ვარდების დასი,

მერე ღვთიური გემო ვიგრძნოთ ციურ მანანის,

მარადიული სიყვარულის რომ შევსვათ თასი.

.



Sunday, June 26, 2022

აქვს მნიშვნელობა?! (სატრფიალო)

 აქვს მნიშვნელობა კილომეტრებს, გრძედებს, განედებს?!

როცა შორიდან ეგ თვალები მწვავენ, მათბობენ,

სემირამიდას ბაღის კარებს ფართოდ მიღებენ,

მეგებებიან მგალობელ ჩიტს და მახარობელს.

რომ დამიამონ ქვეყნიური  ტანჯვის წყლულები,

მსურს შევეგუო, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები,

იქ წამიყვანე, სიხარული სადაც ულევი

მოგვეცემა და შეერთდება ჩვენი გულები.




Saturday, June 25, 2022

იქნებ შენა ხარ! (ერთსტროფიანი)

იქნებ შენა ხარ ხმაურიანი,
იქნებ ყველაზე წყნარი და მშვიდი,
სადაც არ უნდა იყო იანი,
მე შენი ინი მზის კართან გიცდი.

ბედის ვარსკვლავო(ერთსტროფიანი)

 ბედის ვარსკვლავო, მდუმარედ მიცქერ,

ელი, ალბათ, რომ გავშალო ფრთები,

გადავუფრინო მთებს მარად ცისფერს,

მერე შენს მკერდზე მიმიკრავ ვნებით. 

შენ ჩემგან შორს ხარ (სატრფიალო)

 შენ ჩემგან შორს ხარ!

შენ ჩემგან შორს ხარ და თანაც ახლოს,
გვაშორებს მთები, ზღვები ღრუბლები,
სიზმრად მოვდივარ, სადაც შენ სახლობ,
და მიყვარხარო, შენ მეუბნები.
ღიმილით მაწვდიი ლიმონის ნაჭერს,
მე თეფშზე გიწყობ შავ, წითელ მოცხარს,
და ვაგემოვნებთ ვისკის და საკეს...
ხვალ ალბათ სტუმრად ჩემთანაც მოხვალ.
იმ სამყაროს ხომ ვერ აღვწერ ენით,
სად სიზმრის ღმერთი - მორფევსი უფლობს,
თასს მოგვაწოდებს ყვავილთა ნექტრით,
იქ მაინც ერთად ვიქნებით, სულო.
მაია დიაკონიძე
25.06. 2022წელი








Friday, June 24, 2022

თქვენ დაბრუნდებით, ემიგრანტებს!

 გაგიშლი ბანქოს, შენი ბედი რომ გამოვიცნო,

სევდის ჩრდილს ვუმზერ, ლურჯ თვალებში ღრუბლად ჩაწოლილს,

საქართველოდან მოაქვს ლიახვს, ალაზანს, იორს,

ქარს დაედევნენ, გაიშალეს შენთან საწოლი.

ხლართავს ბადეებს დასაჭერად სამოთხის ჩიტის

ჟამი, არავის ქვეყნად რომ არ ემორჩილება,

არ უღალატე, მისნის თვალით ვხედავ, შენ სიდისს,

ალბათ, ამიტომ დაგღარვია შუბლი ფიქრებად.

მამულის  დარდს და მის გულისთქმას სულ თან ატარებ,

არ გემეტება შენი თავი სამშობლოს გარეთ,

და არსთგამრიგე შენს იმედებს, დიდს თუ პატარებს, 

აგისრულებს და დაბრუნების შემოჰკრავს ზარებს..

.





არ მაქვს საშველი(სატრფიალო)

 უსიყვარულოდ და უშენოდ არ მაქვს საშველი,

დნება ხატის წინ დანთებული თაფლის სანთელი,

გარეთ კი თოვლში დახუნძლული ბზინავს ძახველი,

თვალში ჩაგხედე, გაგიღიმე, ვერსად წახვედი.

დაორთქლილ შუშას ჩვენ სუნთქვაში ვაბანავებდით,

საკენკს ვუყრიდით ჩვენი ხელით მშიერ ჩიტუნებს,

ვეგებებოდით განთიადებს განა ავბედითს,

ახლა კი,  როგორც ჭირვეულ ბავშვს, ისე მიყურებ.

შენ მოდიოდი ამ სიცოცხლის დასაბამიდან,

მე ვიზრდებოდი, სიყვარულის ჯადოსნურ წამში,

და რა ვიცოდი, გავჩნდებოდი იასამნიდან,

შენ დამყნოსავდი,  პირდაბანილს ციური ცვარით.









მე შენთვის მომაქვს! (სატრფიალო)

ბნელია ღამე, ვარსკვლავები არ ჩანან ცაზე,
მთაზე ღრუბლები შეხუნძლულან, შორით მავალნი,
ჩემი მეგზური, მეგობარი ამ სავალ გზაზე, 
მთვარე მემალვის, როგორც მძახალს ცუდი მძახალი.
მოვდივარ შენკენ, ფეხაკრეფით  მოვაპობ სივრცეს,
ციცინათელებს ვეძახი და ავსებენ არეს,
შენ ჩემს გულში რომ შემოხვედი, არარა მკითხე
და ჩამოჰკარი ასახდენად ოცნების ზარებს.
შენკენ გზას ალბათ მომასწავლის ის თეთრი ჭოტი,
აგერ ბლის ხეზე  ჩამომჯდარა, ბრმა თვალით მეძებს,
მე  შენთვის მომაქვს სიმფონიის სუყველა ნოტი,
დაგაწერინებს ფრთახატულა კუნწულა ლექსებს.


ერთსტროფიანი (სატრფიალო)

და სანამ სიტყვას მეტყოდე ბოლოს,

და წასასვლელად ლაღ ფრთებს გაშლდე,

იქნებ მიმღერო ბულბულის სოლო,

ფრთებიან რაშად მერე გაფრინდე,





Wednesday, June 22, 2022

სახუმარო-სალაღობო

სახუმარო-სალაღობო

სარკეში რომ ჩავიხედე, 
ტუჩი მაქვს დასიებული,
ეტყობა ღამით შენ იყავ 
ჩემი წყვილი და რჩეული,
ალბათ მაკოცე იმდენი, 
ვაჟო, რამდენიც გესურვა,
მაგრამ ცოტათი დამინდე, 
ნუ მკოცნი ასე ველურად.
თორემ ახლა ამ ტუჩებით 
საითღა უნდა წავიდე, 
იტყვიან გაგიჟებულა, 
აგიწყვეტია საკინძეც,
ძუძუებზე ხომ შემომრჩა 
მაგ შენი კოცნის კვალები,
ალბათ შეირგე ჩემი რძე, 
შეგერგოს, გენაცვალები.
ბაღებშიც თურმე გივლია,
სამოთხისა თუ გეგონა,
შენ ალბათ ზევით იყავი, 
მე კი ვიყავი ქვემოდან,
შემოგცქეროდი თვალებში, 
თავზე ხომ ზეცა მეხურა,
ჩვენი ვნებების თარეში 
წაიღო ალბათ ტეხურამ.

22.06.2022 წელი




მოკლეა ღამე, ყველაფერი მოვასწროთ უნდა (სატრფიალო)

 მოკლეა ღამე, ყველაფრი მოვასწროთ უნდა,

სიყვარულისა და ვნებების ერთმანეთს ვუთხრათ, 

მაგრამ სათქმელი, აღარ რჩება, სხეულის ენა,

ყველაზე კარგად ამბობს იმას, რაც უნდა გვეთქვა.

კვირტები სკდება სათუთ მკერდზე ატმის და ნუშის,

ჩვენ წინ იღვრება კონტურები ღამეულ ტუშის,

მაგრამ თვალები ანათებენ, როგორც სანთლები,

თითქოს ზეციდან დაშვებულან მზე-ჩირაღდნები.

კვლავ შეერევა აკვარელის ფერები ქაღალდს,

ვეღარაფერი შეაჩერებს ამ ვნებას ნაბამს,

და აიწყვეტენ ლაგამს ჩვენი ლურჯა რაშები,

ეიფორიის ბნელ ქაოსში უმალ გავქრებით.

გაიბრწყინებენ ღამის ბნელში ლალი და ქარვა,

მარგალიტები დაეპნევა ზემოდან მარჯანს,

გადაირწევა ზღვის ტალღებში ოცნების გემი,

ღამეა მოკლე, ვერ ეტევა გრძნობები ჩვენი.

.






Tuesday, June 21, 2022

,,ძალად მაცხონე" (სატრფიალო)

 ,,ძალად მაცხონე" ვერ ვიქნები, ვერ გთხოვ ვერაფერს,

სულში თუ ვეღარ ჩაგეღვარე ღვინოდ ატენის,

თუ შენს გულში ვერ გავიზარდე ნაზ ლურჯ კესანედ

და თუ არ გადგას ბაგეებზე ჩემი სახელი..

თუ არ გახსოვარ, თავი თუ კი არ შეგახსენე,

ლაპარაკს ჩემთან გირჩევნია სხვისი ყურება,

შენი გულიდან ნეტავ როდის გამომაძევე,

ცაზედ ღრუბლებში თუ შევხვდებით ფერმკრთალ სულებად.

და ათინათებს არეკლილებს ჩვენს თვალში ოდეს,

შევკრებ, ქაღალდზე მზესტრიქონებს შენთვის ავაწყობ,

ვერ მივამატებ ჩემს სულს კიდევ სხვა მძიმე ცოდვებს,

გტოვებ და მაინც შენით ვივსებ სულის საწყაოს.










სალაღობო-სატრფიალო

სალაღობო
მორბის და მოჰყეფს არაგვი,
შორით მომესმა შენი ხმა,
არ მივცემ შენს თავს არავის,
მეძახდი, ღამით მესიზმრა.
მოვალ, განა კი არ მოვალ,
ლოდებს გულიდან გადვიყრი,
მზე ვარ, გაგიწევ მზეობას,
კოშკებს აგიგებ სალი კლდის.
არ ვგავარ ქალებს - მთვარისებს,
არ მინდა მყავდე საცილო,
ვერ გეტყვი სიტყვაფაქიზებს,
დაგწვავ, გულ შენი წავიღო.
მაია დიაკონიძე
21.06.2022წელი


მეგონა, გიყვარდი (სატრფიალო)


ღრუბლებად ვიცურე ზეცაში,
ვიწვიმე, ცრემლები დავღვარე
მეგონა, გიყვარდი მზესავით,
მეგონა ვეწიე საწადელს.
დავწანი ყვავილებსტრიქონი,
იებად დაგკდე კისერზე,
მეგონა მოვიგე დიდგორი,
განა ვთანხმდებოდი მცირედზე.
ოღონდაც მომხედე, მითხარი,
თუნდ ერთი სიტყვა სულ წასვლამდის,
თავი რომ მეგონა მდიდარი,
სისხლ მაწვიმს ტკივილად მარაბდის..






ციკლიდან:„ლექს~თერაპია.“ ჯანინა ხერგიანს ნაღველის ოპერაციის წინ. (ფშაურ კილოზე.), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან:„ლექს~თერაპია.“

ჯანინა ხერგიანს ნაღველის ოპერაციის წინ.
(ფშაურ კილოზე.)
1.ოთხშაბათიც გაგვითენდა,
მზე ღიმილით თვალებს ახელს...
დღეს,ჯანინა ხერგიანი,
ეთხოვება თავის ნაღველს.
2.ფუსფუსებენ ქირურგები,
აუწყებენ ყველა მნახველს,
რომ ხვალიდან დაივიწყებს
ამქვეყნიურ დარდს და ნაღველს.
3.ამშვიდებენ გოგოები~
შიშის ფარდით შემობურვილს...
ოღონდ „ნასოსს“ ნუ მოგვთხოვ და
აგისრულებთ ყველა სურვილს!😁🙃😉💝
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 20.06.2018 წელი.

Monday, June 20, 2022

როცა შენთან ვარ! (სატრფიალო)

როცა შენთან ვარ!

დილით ვიღვიძებ დანაყრებული, ვით თოთო ბავშვი,
დედა რომ კვებავს მთელი ღამე, ალერსით ავსებს,
ბაგეს მისველებს რძე, ტუჩს მადგას შენი სახელი,
მკლავებში მიმწყვდევ სიყვარულის შიკრიკს და მაცნეს.
მე ვიძირები ლურჯ თვალებში, - ზეცის  სიღრმეში,
ასე მგონია, რომ ქალი ვარ  ქვეყნად პირველი,
ვინც აღტაცებით იფრინა და გიმზერს ღიმილით,
გაბრუებული სურნელებით ნორჩი იელის.
ამიყვან ხელში და მატარებ ვარდების ბაღში,
დამეფინება ბროლის მკერდზე ფურცლები ვარდის,
ბედნიერების სათუთ კოცნას მომიძღვნის ქარი,
და მაშინ ვხვდები, ზოგჯერ თხოვნა ზეცაში ადის.




Sunday, June 19, 2022

მე ყველა შენი სიტყვის მჯეროდა (სატრფიალო)

 მე ყველა შენი სიტყვის მჯეროდა,

ვით იას მოსვლა გაზაფხულისა,

როგორც დუმილი იშვა ექოდან,

შენც იშვი ლხენად ჩემი სულისა.

და უშენობის აჩრდილ-ეშაფოტს,

თავს ვუშვერ, როგორც ცოდვებს მეძავი,

მაგრამ მგონია, რომ არც გეძახო,

მოხვალ მკრეფავი ჩემი ვენახის.

,


ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, ტალღა მუსიკის

 სულში აგორდა ვნების ტალღა, ტალღა მუსიკის,

ჟღერს სიმფონია ბეთჰოვენის რიგით მეხუთე,

მარცხის, ტრიუმფის, ტანჯვისა და შველად სულისთვის,

ამ ,,ბედისწერის მოტივს" გვიდგენს ცათა მეუფე.

მივფრინავ ცაში, ლურჯი ტყიდან ლურჯი ფრინველი,

ამ გაზაფხულის ჰანგი მინდა ზესკნელს მოვფინო,

და მინორიდან მაჟორისკენ სივრცეს მივყვები,

შენც, ჩემო ღმერთო, მარტოდ ყოფნა არ მაგრძნობინო.

.

სიმღერა (სატრფიალო)

 მე ჩემს სულში ვეძებ ფერად ნისლებს,

ასკინკილით ბავშვობას რომ გაჰყვა,

მუხებს ვუცქერ, რომ ვეძახდი დიდებს,

მე დავბერდი, ისინი კი - არა,

ვეფერები მზერით მთას და ზეგანს,

ამ ცხოვრებამ ჩამიქარგა გულში,

სისხლისფერი მზე მაღლობზე წვება,

დღესაც მიყვარს, ვინც მიყვარდა გუშინ.




 ძალიან მომწონს შემოხედვა შენი ციური,

შენი ღიმილი, უკვდავი და მარადიული,

კამკამა მზე ხარ, აბა ვინ გყავს ამქვეყნად ტოლი,

მთვარე ვარ შენი, შენი ჯუფთი და შენი ცოლი.



Friday, June 17, 2022

შენ ალბათ ზიხარ (სატრფიალო)

 შენ ალბათ ზიხარ, ან იქნებ დგახარ,

იქნებ კიდევაც ისვენებ ძილში,

მე უნებურად ქარივით ვგმინავ,

კვლავ უშენობის კუნძულზე გიცდი.

შემოატყდებათ ნაზ პეპლებს ფრთები,

ლანდებს დავუთმობ ფართო ასპარეზს,

თავზე გამწყრალი ჩემივე ნებით,

შევისწავლიდი სენის ანამნეზსს,

რომ არ მახსოვდეს  შენი სახელი,

არც ის დრო, როცა ვიყავით ერთად,

ზეცას რომ ჰგავდი თვალებგახელილს,

და შენ მიმაჩნდი ერთადერთ ღმერთად.

ალბათ, იმიტომ ვისჯები ახლა,

ჩემ წინ ბნელეთის ფანტომი მიდის

და უშენობის მოუხდელ სახადს,

როგორც ლაბადას მომაცმევს ბინდი.






.


ვისაც გიყვარვართ (სატრფიალო)

ვისაც გიყვარვართ და გეყვარებით, 
ანდა გიყვარდით ერთ დროს ძალიან,
ვერ ამიყვავეთ ოლეანდრები,
ბედმა ეკლიან ვარდად მაქცია.
და ამ ცხოვრების ტანჯვის ტაფობზე
ქარი მიბერავს ავი, ხორშაკი,
,,მიყვარხარ" მაშინ რაზედ ამბობენ,
თუ კი ბუმბულის არ აქვს წონაც კი.
თუ კი არასდროს გამანებივრეთ,
წინ არ მედექით ნათლის სვეტებად,
გზებს არ მიშლიდით თვალწინ განიერს,
მე კი ბილიკიც ჩემი მებევრა.
სანათასავით ვლოცავდი ადგილს,
თამარ დედოფალს იქ რომ ელოცა,
ვერ დაინახეთ თქვენ მისი მადლი,
ერთურთი მშვილდით უნდა გეხოცათ.
დაგინთოთ ხარის რქებზე ალები,
ცეცხლი მოედო ველს და კალოებს,
შემორჩენია მისი თვალები,
დაცლილ ხევსა და სასაფლაოებს.
განა გიყვარდით?! იქმნიდით მირაჟს,
აწ შემოდგომის მიდგას რიჟრაჟი,
ბოლო ფურცელიც იმ ავ ქარს მიაქვს,
ლექსად რომ ვწერე განცდა წინა დღის.
დაატყდათ ტოტი ალუბლის ბაღებს,
რომ შესცქეროდნენ მზეს კაბადონზე,
ახლა კლდეებში მოვუსმენ ღალღებს,
და ვეღარაფრით ვერ გამაოცებთ.
თუმცა იმედი ხომ კვდება ბოლოს,
იმ ბევრში იქნებ ერთი მიყვარდით,
აღარ ვარ უკვე ,,პატარა გოგო",
მაგრამ ის გრძნობა დამრჩა დიადი.
სულში ჩაცვენილ წითელ ამარტებს,
შენ გჩუქნი, თუმცა არის გვიანი,
გადავაგორებ ბედის კამათელს,
ყვავი დამჩხავის, ,,დაჯდა იაქი".














ჭინკების დღე (საბავშვო მოთხრობა)

   ერთ დიდ ქალაქში ბიჭი ცხოვრობდა, მშობლების გამგონე და მუყაითი. სკოლას წარმატებით რომ დაამთავრებდა, მერე ბებიასთან მიდიოდა ხოლმე სოფელში დასასვენებლად, აბა, ქალაქში სასუნთქი ჰაერი ჭირდა, ბუღით ივსებოდა ქუჩები, ტემპერატურაც, ნუ მკითხავთ და 40 გრადუსამდე ადიოდა. ჩაისუნთქავდა ბიჭი სოფლის მაცოცხლებელ ჰაერს, ფილტვებს დაბერავდა და სიამოვნებით იტყოდა, " რა ჯობია სოფელსო".უხაროდა ბებიას ბიჭის სტუმრობა, ყველაფერს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, რომ ბიჭუნა, დუტა დავარქვათ, კმაყოფილი დარჩენილიყო. იმ საჭმელს მოუმზადებდა, რაც მას უყვარდა. სოფლის ერთადერთ მაღაზიაშიც მარტო გაუშვებდა, დამოუკიდებლობას შეეჩვიეო, ბიჭსაც მეტი რა უნდოდა, გზადაგზა ათვალიერებდა გარშემო ველ-მინდვრებს, ტყეებს, მეზობლების სახლებს, ბევრგან აღარავინ ცხოვრობდა, ზაფხულობითაც კი აღარ ჩამოდიოდნენ, არადა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მხიარული აურზაური იდგა ამ სახლებში. გაჩუმებული ეზოები სევდას ჰგვრიდა ბიჭს. მისი სახლის შორიახლოს მთა იდგა, საღამოობით აივანზე დამჯდარი ბიჭუნა მთას გასცქეროდა, მასზე შეფენილ წიწვოვან ხეებსა თუ ფოთლოვანს მადლს სწირავდა, რომ ჟანგბადით ამარაგებდნენ ახლომახლო სოფლებს და ფიქრობდა, ჩემს ქალაქსაც არტყია მთები, მაგრამ შიშველ-ტიტველი, ხეები ხომ არ დაგვერგო, რომ ჩვენმა ქალაქმაც ამოისუნთქოსო. ბებიას ძალიან უყვარდა შვილიშვილისთვის წინდების ქსოვა, დაჯდებოდა ეზოში კაკლის ძირში და ქსოვდა და ქსოვდა, ზამთარში ფეხი არ გაუცივდესო. მერე მოქსოვილ წინდებს, სააღდგომო სუფრასავით მორთულებს და მოკაზმულებს, ჯვრის მადლით გამთბარებს ეზოში თოკზე გაკიდებდა სოფლის ჰაერით გაიჟღინთოს და მზემ დახედოს, აღარ  დასუსხავს მატყლის ძაფიო. საღამოობით დუტას დავალებული ჰქონდა წინდები სახლში შეეეტანა, თორემ ღამით ჭინკები მოიპარავენო. - ეუბნებოდა ბებია. უკვირდა ბიჭს, რას ამბობს ეს ქალი, ოცდამეერთე საუკუნეში რა ჭინკა, რის ჭინკაო. ერთ დღეს მართლაც შემთხვევით დარჩა წინდები გარეთ, მეორე დღეს აღარ დახვდა. გაოცდა ბიჭი, ბებიასგანაც სასტიკი საყვედურიც მიიღო. ეს რა მომივიდაო, ფიქრობდა. სოფლის ბავშვებს უთხრა თავისი გასაჭირი. ნუთუ ეგ ამბავი არ იცოდი, ჭინკები რომ იპარავენ წინდებსო, უთხრეს ბავშვებმა. ამ განმარტებამ დიდად ვერ დაამშვიდა ბიჭუნა. იმ დღეს, როცა ბებიამ წინდების მორიგი პარტია გაკიდა გარეთ, მერე მეათასეჯერ შეახსენა, წინდები ისევ გარეთ არ დაგრჩესო, დუტამ დაყარაულება გადაწყვიტა, ჭინკა ჩემი თვალით უნდა ვნახოო. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ეზოში გაფაჩუნებაც კი ესმოდა, ნაშუაღამევს გარეთ გამოვიდა, საშინლად ბნელოდა, სახლის კუთხესთან თუთის ხე იდგა, იმის უკან დაიმალა, თვალებს აცეცებდა, არაფერი გამომეპაროსო. კარგა ხნის შემდეგ, მამლებმა რომ იყივლეს, ბიჭი გამოჩნდა, ის იყო წინდა უნდა ჩამოეხსნა თოკიდან, დუტა ხელში ეცა, უნდა ეყვირა, ჭინკა დავიჭირეო, რომ უცნობმა ხელი გააშვებინა, "სუო", ტუჩზე თითის მიტანით უთხრა და სალაპარაკოდ ეზოს გარეთ მიიპატიჟა. დუტას თავიდან შეეშინდა, ჭინკას სად უნდა გავყვეო, მაგრამ მაინც სიმამაცე გამოიჩინა და გაჰყვა. დიდხანს იარეს სიბნელეში მთის ციცაბოებზე, ერთ პატარა სახლს მიადგნენ. უცნობმა დუტა სახლში შეიყვანა. გარეთ უკვე გათენებულიყო, სახლის კუთხე-კუნჭული კარგად გამოჩნდა, სიღარიბე ეცა ბიჭს თვალებში, ყველა ოთახში ბავშვებს ეძინათ, აქა-იქ, სკამებზე ძონძები იყო გადაფენილი. უცნობმა როგორც იქნა, ამოიღო ხმა, - ამათთვის მინდოდა ის წინდებიო, - ჩურჩულით უთხრა ბიჭს, ბავშვები რომ არ გაეღვიძებინა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, უფროსი ძმა ვარო ამათი. მშობლები დაგვეღუპა, ბებია კი უსინათლოა, ძალიან გვიჭირსო. გული დაეთუთქა დუტას. ბიჭს ერთი ხელი მხარზე დაადო თანგრძნობის ნიშნად,  მეორეთი  - ხელი ჩამოართვა და პირობა მისცა, დაგეხმარებიო. მას მერე დუტა თავის მეგობრებთან ერთად ხშირად ადის ხოლმე მთის პატარა სახლში სურსათ-სანოვაგით დატვირთული, ბებია სპეციალურად ამზადებს საჭმელს, ხოლო წინდებს, იმ სოფლის ბებიები ქსოვენ და ქსოვენ, მერე ჭინკების დღეს, ზაფხულის ერთი დღე დათქვეს, სოფლის ყველა ეზო ლამაზი წინდებით აჭრელდება, რომ ვისაც ფეხზე არ აცვია და სცივა, იმათ შეხვდეთ.

Thursday, June 16, 2022

სალაღობო, ხელზე რომ ხელი შემახე (სატრფიალო)


სალაღობო

ხელზე რომ ხელი შემახე,
თვალებით მოგეც დასტური...
ტრფობას ფიალად შევავსებ,
შემსვა ვით ალადასტური.
ველი მოვთიბოთ ვნებების,
მე – ბალახი და შენ – ცელი...
ძნელია დაცვა მცნებების,
ვეცადოთ, თუკი შევძელით.
ნეტავ მაქცია სუროდა,
ყელზე რომ შემოგხვეოდი,
მე ის ვარ, შენ რომ გწყუროდა,
გაჩენიდან რომ მელოდი.
მოგაჭდობ მკლავებს, გრძელ~გრძელებს,
ბულბულს ჩაგისვამ უბეში,
ვაჟო, მკოცნე და მეფერე,
არ მინდა მე სხვა ნუგეში.
მაია დიაკონიძე
16.06.2022წელი


,


Wednesday, June 15, 2022

შენს სახეს ისე უჩუმრად ვეტრფი, (სატრფიალო)

 შენს სახეს ისე უჩუმრად ვეტრფი,

ზედ დამასახლეს თითქოს ღმერთებმა,

გულში ტრიალებს გიჟმაჟი თერგი,

ნუთუ ამ ჩემს ბედს ასე ენება. –

მხოლოდ სიზმარში გიკოცნი თვალებს,

და პირში მრჩება გემო ალუბლის,

ეს სიყვარული ცოტა ტკბილ-მწარე,

წამალი თუა იად(ი)გარ დაუდის.


,,მიყვარხარ",მინდოდა მეთქვა და... (სატრფიალო)

,,მიყვარხარ",მინდოდა მეთქვა და,
ნეტავ რა აზრი აქვს ამ სიტყვებს,
იქნებდა შენს გულში მენათა,
დავჭიდებოდი რიყის ქვებს,
მდინარეს მოუტანია,
ავწევ კი ასეთ სიმძიმეს,
,,მიყვარხარ",მინდოდა მეთქვა და,
ნეტავ რა აზრი აქვს ამ სიტყვებს.

Tuesday, June 14, 2022

(ერთსტროფიანი)

შენ ცის ტატნობს გადასძახე დილით, 
მზემ ცხრათვალამ განა გაიოცა,
,,ვეტრფი, მზეო, შენს კამკამა ღიმილს,
ჩემთვისაც არ დაიშურო  კოცნა!"


ერთსტროფიანი (სატრფიალო)

 შენ ჩემი რწმენის ნაალაფარო,

სიყვარულივით გულში ვერ მიტევ,

გინდა ვარსკვლავად ცაზე ამანთო,

მაგრამ სანთლადღა ვბჟუტავარ მცირე.


Monday, June 13, 2022

შენი ტუჩები (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 შენი ტუჩები როცა ტკბილად რამეს მეტყვიან.

შიგ ჩაატევენ სიყვარულს და დიად სამყაროს,

მივხვდები, მხოლოდ მე ვარ შენი ნაზი ფერია,

საუკუნეებს გინდა ფრთებით გადამატარო.


ამიზიგზაგდა გულში ელვა (სატრფიალო)

 ამიზიგზაგდა გულში ელვა, გააკრთო ნისლი,

ჩამოწოლილი დალამბული სიცოცხლის კართან

და როგორც დალი მონადირეს, ტყის პირას გიცდი,

ლურჯ ტბებს გაჩუქებ, მინდვრის ყვავილს, ვიცი, გიყვარდა.

აგვირილდება ჩემს თვალებში ყანა და ველი,

მოიზიდება ყველა წყაროს წმინდა ნაჟური

და მე ვიქნები, მზეზე უფრო ცხელი და მწველი,

შემომევლები, რომ არ დაგწვა, ცის აბაჟური. 





Sunday, June 12, 2022

 გაიხადა საქართველომ,

საქართველომ გაიხადა,

გვაცმევს ახლა შიგადაშიგ,

,,პლეიბოი", ,,გუჩი", ,,პრადა",

ღმერთს შევცქერი სასოებით,

ამის ღირსი რად გამხადა?!

გაშიშვლებულ სხეულებზე

ყველამ ეშმა დაიხატა.


.




ალუბლების ბაღი (უკრაინის თემა)

                         ალუბლების ბაღი 

   გაზაფხულს მოსვლა ეჩქარება ეკატერინე ჩალიკის ბაღში, სადაც ის დგას, იმ სოფელში ხომ ზაფხულში სტუმრად საქართველოდან ხუთი ბავშვი უნდა ჩამოვიდეს ბებიასთან, მაგრამ ზამთარი არ უშვებს, ხომ უთქვამთ ძველებს ,,თებერვალში ხეში წყალი ჩადგაო", მაგრამ წელს თებერვალში ხეებში წყალი კი ჩადგა, მაგრამ ომი დაიწყო და მისმა სუსხმა მოყინა,  სცივათ ალუბლის ხეებს, მკერდები ჩაუვარდათ, ძუძუ როგორ აწოვონ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ კვირტებს, ჩამოელეწათ ტოტები ჭურვების ნამსხვრევებისგან, თოფების და ავტომატების ტყვიებისაგან, თვითვითმფრინავიდან ნასროლი ბომბებისგან. შეშინებული გაზაფხულიც შემოპარულა და ხან რომელ ხეს მიეწურება, ტოტებს გაუთბობს, ჭრილობებს მოუშუშებს, იარებს გადაუხვევს, ხეებიც ნელ-ნელა წელში სწორდებიან, მზეს უთამაშებენ თვალებს, ეხვეწებიან, გაჭირვებაში არ მიგვატოვო, გვიშველე, გადაგვარჩინე, ზაფხულში პატარებს ალუბალი დასჭირდებათ პირის ჩასატკბარუნებლად, საზრდოდ და სალხენად, რომ არ გვექნება ნაყოფი, რა ვუთხრათ მათო. მზეც, რაც შეუძლია, დახმარებას ცდილობს. გაზაფხულს უკან დაჰყვება და ხეების მკურნალობაში ეხმარება. გამოცოცხლდებიან ალუბლის ხეები, ტოტებს უზრუნველად გაშლიან, მაგრამ რად გინდა, ახალი შეტევა იწყება, ისევ ისვრიან ჭურვებს, ტყვიებს, ავტომატის ჯერი აყრუებს არე-მარეს. ეკაწრებათ ტანი ალუბლებს, ელეწებათ ახალამოსული ნორჩი ტოტები, სითხე სდით მერქნიდან, თითქოს სისხლის ნაწვეთებია, მათაც დამწიფებული ალუბლის ფერი დასდებიათ, ბალახიც ფრთხილობს მიწიდან ამოსვლას, აქა-იქ ამოუყვია თავი, ისიც ალუბლის ხეს ეკედლება, ეგებ ფესვები მაინც გადავურჩინო, ჩემზე ძალიან ბავშვებს ეს ჭირდებათო, ბაღის ბოლოში ყვავილები ცდილობენ მიწის წიაღს დააღწიონ თავი, ფერი-ფური კი გადასდით შიშისგან, ხმაური აშინებთ, დედამიწაზე რომ ისმის. ვინღა უნდა გავახაროთო, ფიქრობენ, სოფელში სულიერის ჭაჭანება აღარაა, უცნაური გაზაფხული დამდგარა წელს სოფელში, ალუბლის ბაღში, დგანან დალეწილი ალუბლები,მაგრამ აქა-იქ მაინც გამოსჩრიათ პატარძლის საქორწინო კაბა და ფატა, მაინც ემზადებიან ქორწილისთვის, ომი ხომ მაინც დამთავრდება....ბავშვები ხომ ისევ ჩამოვლენ ბებიასთან -  ეკატერინე ჩალიკთან სტუმრად.

Saturday, June 11, 2022

შენ განმიახლე (სატრფიალო)

შენ განმიახლე დუღილი გულში

და ფორიაქი მუქ ლურჯ ვენებში,
ლაგამაწყვეტილ ვნებების ურჩი
მხედარი ისევ მეიმედები.
თვალწინ ჩამოშლილ ფარდას გადახსნი,
მეც გადაგიშლი წამწამთ მარაოს,
და ჩემი სულის ვნების ღადარში,
ვით გეიზერში მსურს გაბანაო.
ყოვნდები, ვხედავ, გზად გელის ჯვარცმა,
ჩემთან მოღწევა არს კი ადვილი?!
და ზოგჯერ თქმასაც ჯობია ართმქა,
თვით სიყვარული თუა ნამდვილი.





Friday, June 10, 2022

ჩამომიარა ვარდების ქროლვამ (სატრფიალო)

 ჩამომიარა ვარდების ქროლვამ, 

ჩამომიარა დარდ-კაეშანმა

და თვალს ვერ ვწყვეტდი მოქარგულ ოლარს,

მზისთვის გული რომ გადაეშალა.

გელი... სად ხარ, პურის თავთავო,

დამანაყრე და განმაძღე სუნით,

ყანებად ბზინავ, ათიათასობ,

ვიცი, ჩემი ხარ, სულით და გულით.

და სადღაც მცხეთას ყვავილობს ვარდი,

კვლავ უშენობას გაჰყვა მაისიც,

ვიცი, ჩიტი ხარ - უთქმელი დარდი,

მთას გაკიდული  ედელვაისი. 



საშკო (ნოველა, უკრაინის თემა)

                               საშკო

     საშკო პატარა ბიჭია, დედა ყავს, მამა და კატა მარუსია. ის და კატა მეგობრები არიან. ღამით ერთად სძინავთ ხოლმე, ფეხებთან მიუწვება, ზამთარში ფეხებს უთბობს, როცა დედა ღუმელს გამორთავს, ზაფხულში კი არ სიამოვნებს ამდენი სითბო, ცხელა ძალიან, მაგრამ მიეჩვია, აბა ხომ არ გააგდებს მეგობარს. გუშინ ღამით კი საოცარი ამბავი დატრიალდა, გარეთ ისეთი ელვა და ჭექა-ქუხილი დადგა... გაუკვირდა საშკოს. დედასთან მივიდა, რა ხდებაო, დედა შეშინებული ჩანდა, მერე მამასთან მიირბინა, ისიც გაკვირვებული უყურებდა ცას, იყვირა, საიდანღღაც ისვრიანო. სახლმაც უცნაურად დაიწყო ზანზარი, გვერდზე გადაიწია, თითქოს დამიზნებული ტყვიის აცდენა სურდა. საშკო კატის საძებნელად გაეშურა, არსად ჩანდა. დედა ეძახდა სარდაფში ჩავიდეთო, მაგრამ კატის გარეშე არსად წავა, მარუსია უნდა მოძებნოს. ეძებს მარუსიას, სახლი კი ირყევა, ჯაყჯაყებს, ზანზარებს შუშები, გარეთ გაიხედა, ხეებიც მოძრაობენ ბიჭის გასაკვირად, ცაზე წითელი ელვები კრთება, თითქოს ათასი შაშხანა ისროლესო, მამას ხანდახან სანადიროდ მიჰყავს ხოლმე და თოფი რომ გავარდება, ასეთი ხმა ისმის, ასე გაიელვებს ხოლმე სინათლე, თუ ღამეა და მერე სადღაც შორეთში ქრება. მაგრამ ახლა აქვე სადღაც ახლოს ისვრიან, თანაც თოფებს კია არა, რაღაცა დიდს, ხვდება ბიჭი. სახლიდან იპარება, მარუსიას გარეთ ეზოში ეძებს, კატა მაინც არსად ჩანს. ჭაობებისკენ გარბის ბიჭი, ჭაობების ყველაზე ძალიან ეშინია, დედა ამბობს, შიგნით თუ ფეხი დაგიცდა, ჩაგნთქავს, ვეღარ გამოხვალ იქიდანო. ნერვიულობს, ჩემი კატა ხომ არ ჩაითრია ჭაობმაო. გარბის, გარეთ კი ჭიაკოკონები ანთია, საშინელი დიდი ლოდები ცვივა გარშემო, საშკო კი გარბის, არაფრის ეშინია, კატა უნდა გადაარჩინოს. მიდის ტორფის ჭაობთან, ახლა იქ ეძებს კატას, ახლა იქ ათვალიერებს ყველაფერს, აქეთ ხომ არ გამოიქცაო მეგობარი. ბიჭს რაღაცა ხვდება, გონებას კარგავს და გრძნობს, როგორ იძირება ბურუსში. არ ახსოვს, რამდენი ხანი გავიდა, თვალი რომ გაახილა, დედა დაინახა და მთვარე, ახალგაზრდა მთვარე ჩასცქერის თვალებში, დედა ხელებს ურტყამს სახეზე,მის მოსულიერებას ცდილობს, სახლშია შენი მარუსია, ეძახის, შვილს დასისხლიანებულ სახეს უწმინდს და ტირის. მერე მამაც გამოჩნდა, ხელში აიყვანა ბიჭუნა და სამივენი გარბიან, სარდაფში მარუსია ელოდებათ, საშკო კატას იხუტებს გულში და ფიქრობს, როდის დამთავრდება ეს საშინელება, ნეტავ, ამას თუ ჰქვიაო ომი?!  რა ცუდი ყოფილა ... ოღონდ ახლა ყველაფერი დამთავრდეს და

,, ომობანას "არასდროს აღარ ითამაშებს!

10.05.2022წელი


Thursday, June 9, 2022

შენს კოცნას ველი (სატრფიალო)

 შენს კოცნას ველი, უფლისწულო, იქნებ გავცოცხლდე, 

დიდი ხანია მოსჯილი მაქვს, ვიწვე კუბოში,

ვეღარ ვუცქერი სიყვარულით ლამაზ მნათობებს,

და ეს ქვეყანა ქვად ქცეულა, ცივი,  უნდობი.

ბარბაცებს ირგვლივ ბნელეთიდან შუქ-აჩრდილები,

თუმცა გარშემო ბევრიც ხარობს ია-ვარდები,

მხოლოდ შენ გელი, თუ არ ძალგიძს, ნუ შემპირდები,

რომ ამიშენო, სიყვარულის ლურჯი საყდრები.


Wednesday, June 8, 2022

მე შენს გარშემო ვტრიალებ, ვბრუნავ (სატრფიალო)

 მე შენს გარშემო ვტრიალებ, ვბრუნავ,

როგორც პლანეტა საკუთარ ღერძზე,

ასე მგონია, გიჩენ საზრუნავს,

გაფაციცებით ყველგან რომ გეძებ.

სადა ხარ, ჩემო, ცხრათვალა მზეო,

მაცოცხლებ, მათბობ, სულ ვფიქრობ შენზე,

შენა ხარ ჩემი სახლიც და ეზოც,

მალე დაღლილ თავს მოგაყრდნობ მკერდზე.


მონატრება(სატრფიალო)

 მონატრებამ ლურჯ იებში დაიბუდა,

დამეკიდა ყელ-კისერზე ღარადელად,
რად ფიქრობდი, იდგებოდა დარი მუდამ,
მახსოვს, ნისლიც ჩვენი სუნთქვით ცახცახებდა.
მაგრამ წარსულს დარჩა ჩვენი ნელი ტანგო,
შმაგი ვნება, უხილავი ძაფით ბმული,
და ვიხსენებ იმ ღამით თქმულს, ჩემთვის მარტო,
,,მიყვარხარო, როგორც ნაზი გაზაფხული".
მე კი უკვე შემოდგომის ფოთლებს ვაბნევ,
ლიმნისფერი შეპარვია თითბერს ხელთა,
სევდის ჩრდილებს დაუღარავთ ჩემი სახე,
თუმც ვერ ახშობს მონატრებას ზვავი.წელთა.

პლაგიატთან დაკავშირებით (ჩანახატი)

 ათიოდე წლის წინ, როცა ლექსების წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი, ჩემი ლექსების შესაფასებლად მზია ხეთაგურთან გამაგზავნეს. მან გადახედა ჩემს ნაცოდვილარებს და მითხრა, რომ შენი პოეზია იმის დასტურია, რომ დიდ ასაკშიც შეიძლება დაიწყო წერა და კარგი ლექსები გამოგივიდეს. გააგრძელე და აუცილებლად მიაღწევ სიმაღლეებსო. მისი სიტყვები ჩემთვის სტიმული იყო, მართალია მწვერვალებისთვის ჯერ არ მიმიღწევია, მაგრამ ვცდილობ, რაღაცას ვჯახირობ. ერთ ლექსზე მიმითითა, ერთი ცნობილი პოეტის ლექსის მოტივებზე იყო დაწერილი, მითხრა, არასოდეს წერო სხვა პოეტების ლექსების მოტივებზე, შენი ლექსი მხოლოდ შენი უნდა იყოსო. ახლა გამახსენდა ეს სიტყვები, როცა ვხედავ, რა ხშირად ხდება სხვადასხვა ავტორების ლექსებიდან სტროფების შეკოწიწება, ხელოვნური ლექსების შექმნა, ის კი არა და, დღეს ასე შეკოწიწებული ზღაპარიც კი წავიკითხე. გაოცებული დავრჩი. სულ ნუ დაწერ, ჩემო ბატონო, ჩინ-მენდლები ჩამოგერთმევა თუ რა არის გადამღერება, გადმომღერება ძველი ლექსების, სიმღერების, შენი შექმნა, არ ჯობია?! მაგრამ ხალხს სახელის მოხვეჭა სწყურია, როგორ და რა გზით, აღარ დაეძებს. წესიერებისკენ მოგიწოდებთ ზოგიერთებს, პატივცემულებო! .

გელი, შენ ჩემო ზღვაურო (სატრფიალო)

 ვაჟო, ვხედავ ვერ მაიცალ,

ერთი სიტყვა რომ მომწერო,

იცი, ჩემი ხარ საფიცარ,

შენ განდობ ჩემს ლალ-ძოწებსო.

გული შენთვინა ხმაურობს,

სისხლიც შენთვინა მოჩქეფსო,

შენ გელოდები ზღვაურო,

გული უშენოდ გოდებსო.

თუ არა, ნუღამც მიკითხამ,

გულზე დავიწყობ ლოდებსო,

შენ არა გყოფნის სიცილად,

მე რომ ცეცხლის ალ მომედო.

დე, დაილეწოს მთა-ბარი, 

მე თვითონ ავაოტებო,

შენ გაამზადე ბაწარი,

აქავ მოვსინჯამ ღონესო.




Tuesday, June 7, 2022

ჯერ ხომ კიდევ (სატრფიალო)

მონატრების ლურჯ ყვავილებს ქარი ფანტავს 
და სახეზე ცრემლის წვეთად მეკიდება,
აქოჩრილი ზღვის ტალღები ჩემს გულს ხატავს,
მალე ზეცაც თავსხმა წვიმად ატირდება.
უთავბოლო მოლოდინში გავილიე,
მაინც გელი, ვერა ვტოვებ შენზე ფიქრებს,
ჩემო გულო, ნეტავ რატომ გაილიე,
ჯერ ხომ კიდევ  წინ გიფენენ წითელ ტიტებს.




სადღაც ტივტივებს ის ტივტივა (ვუძღვნი კოვიდით დაღუპულებს)

სადღაც ტივტივებს ის ტივტივა, თევზებს რომ იჭერს,

მაგრამ ხანდახან ჩვენც ანკესის გავმხდარვართ მსხვერპლნი,

როცა სიკვდილი ყელში ისე ძლიერად გვიჭერს,

ამოსუნთქვისთვის  ჩვენს ფილტვებში არ რჩება ხვრელი.

მაგრამ ზოგიერთს გვიმართლებს და ცოცხალნი ვრჩებით,

ზოგი კი არა, წაიყვანა სიკვდილმა ბევრი,

და ამ დაჟანგულ სიცოცხლეს თუ სიცოცხლე ჰქვია,

დრო თუ გვაქვს კიდევ, ჩავისუნთქოთ სამშობლოს მტვერი.






ვით ანგელოზმა (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 ვით ანგელოზმა შემოჰკარი ჩემს გულში ტაში,

სევდა, წუხილი სამუდამოდ დაასამარე,

შეკაზმე, ჩემო, ზეციური  ქურანა რაში

და ამ სამყაროს ბილიკებზე გამანავარდე.


Monday, June 6, 2022

გულ-ბუდე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 გ უ ლ – ბ უ დ ე !

( მუხამბაზი )

1. შენ ძალგიძს ჩემი აღმაფრენა,
თავდავიწყება...
და მიხარია, – როცა დ ი ლ ა
შენით იწყება! 2. ვუცვლით ერთმანეთს ენერგიის ფერად კრისტალებს და არ დავეძებთ ნუგეშისთვის
ირგვლივ სხვის თვალებს.
3. გულში რომ გყავარ, ეგ ვიცი და
გულმშვიდად კი ვარ,
როგორც ბ უ დ ე შ ი, – პირყვითელა ბ ა რ ტ ყ ი ვ ი თ ვზივარ!

4. ღმერთო !
მოგვეცი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
რ წ მ ე ნ ა დ და ფ ა რ ა დ,
გვეგულებოდეს გ უ ლ ი, –
ბ უ დ ე – თ ა ვ შ ე ს ა ფ ა რ ა დ.
ელგუჯა ციგროშვილი 7. 06. 2022 წელი

ერთსტროფიანი (სატრფიალო)

შენ ჩემი მეფე ხარ, გიყურებ თვალებში,

შიგნით რომ ჟინი და ვნებები ანთია

და როგორც ავაზა, ყელ-ყურზე გეხვევი,

ჩემი ხარ, ვიცი და სხვა არც რა მწადია.

Saturday, June 4, 2022

კაფიობა, კახას და მონიკას ,,გაბაასება " კომენტარებში გაგრძელდა , მონაწილეობენ: გელა ციგროშვილი, კახა შალამბერიძე, ელგუჯა ციგროშვილი

 ეს ზაური ბაიაშვილის ფოტოა., კახას და მონიკას ,,გაბაასება " კომენტარებში გაგრძელდა


Gela Tsigroshvili ბ-ნ კახას // ფშაურ კილოზე//
საეჭვო საქმეს არ ენდო
არ გადააწყდე მახესა..
ხომ გახსოვს რა დღე გაყარეს,
როცა შორტებით გნახესა..
ახლა მე ერთ რჩევას მოგცემ,
იქნებ ეს იყოს მთავარი..
ამ ღვინოს ვისთანაც დალევ
არავის საქმე არ არი..
ზაურის ხელში ჩავარდნილს
ან მეტი რა დაგრჩენია..
შაგარგოს ყველა... განგებას
ვინც შენთვის გაუჩენია..
მანამ შაგიძლავ,აკვნესე
შენი ზურნა და დაფია..
არ დამიწუნოთ ეს ლექსი,
არ გამრუდდება კაფია..
პატ. გელა ციგროშვილი
კახა შალამბერიძე მადლობა ბატონო გელა smile emoticon
ლექსს არა დაეწუნება,
ყურად მივიღებ რჩევასაც...
გააგებინა ქვეყანას
ეს მონიკა რომ მევასა
სანამდე გრდემლი ცხელია
მანამდე უნდა მისწრება
ღვინო კარგი აქვს ზაურის
ჰოდა მოუწევს კისრება :))
ელგუჯა ციგროშვილი ბ-ნ კახას და გელას!
საგულდაგულოდ გავსინჯე,
თქვენ ლექს-კაფიის ქრონიკა...
მე წუნი ვერა ვუპოვე,--
მართლა კარგია მონიკა!
კახა, ხელი არ გაუშვა
და არ გვაჭამო სირცხვილი,
თუ მზე და მთვარე არ ეყოს,
ვარსკვლავ დაჰპირდი წვრილ-მსხვილი.
დაუნანებლად აჩუქე,
თითით გიჩვენოს რომელი,
სხვაც ბევრი შაუსრულოდი,
სურვილი დაუცხრომელი.
მონიკას გამო, სხვამ ბევრმაც,
ტრფობის ფიალა დაცალა...
მახსოვს, კლინტონმა მონიკა,
კინაღ ,,თეთრ სახლში"გაცვალა! grin emoticon.
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი
Gela Tsigroshvili ბ-ნ კახას
თუ ეგ მონიკა მოგწონ და
თან გულსაც ესალბუნება..
არც ერთი აღარ გჭირდებით,
ჩვენი არ გინდა რწმუნება..
მარტივით არი ხო იცი
ლამაზი ქალის ბუნება..
მანამ გიღიმის,გიცინის
სანამ შესცვლია გუნება
მანამდე გრძნობა ბობოქრობს,
ნაპირებს ეხათქუნება
ცოდვაში არ ჩაგეთვლება
მარხვაში მაგის ცდუნება...
ელგუჯა ციგროშვილი, Eteri Eteri და 3 სხვა
1 კომენტარი
მომწონს
კომენტარის დატოვება