Friday, March 29, 2019

მანის ფაფა (მოგონებებიდან)

  მამა დილით ადრე სამსახურში მიდიოდა, საღამოს გვიან ბრუნდებოდა. დედა ჩვენს მოვლას ვერ აუდიოდა, ხუთნი ვიყავით, ერთმანეთის მიყოლებით. მე რომ ოთხი წლისა და ერთი თვის შევიქენი, მაშინ მოევლინა ქვეყანას დათო, ჩვენს შორის ყველაზე პატარა. და-ძმა ტყუპები მყავდა. დედ-მამამ ბაგა-ბაღში გაამწესეს ჩემი და-ძმები. მე ბაღში სიარულზე კატეგორიული უარი განვაცხადე, ერთი-ორჯერ წამიყვანეს, მაგრამ ორივეჯერ გამოვიპარე და სახლში მოვედი, მას მერე ჩემი ნება არ უგულებელყვეს და აღარც დაუძალებიათ ბაღში სიარული, არადა ბაგა-ბაღის შენობა ჩვენს ეზოშივე იყო. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, ხუთი წლისამ უკვე კითხვა ვიცოდი, დედა დავალებებს მაძლევდა და ვასრულებდი, ამიტომ პატარა  დამხმარე ვიყავი მისთვის. ძალიან მიყვარდა ჩემი ძმის, დათოს მოვლა, სულ იმას ვეთამაშებოდი, აკვანს ვურწევდი, რომ წამოიზარდა, კაბის კალთაზე მყავდა მობმული, სულ ხელში აყვანილი დამყავდა. ჩვენი ხუთსართულიანი სახლის წინ, ხრუშჩოვკას რომ ეძახიან, მეორე ასეთივე ხუთსართულიანი სახლი იდგა, სწორედ მათ კუთხებს შორის, მათ დაბოლოებებზე, თავსდებოდა ბაგა-ბაღის შენობა. ბაღში ყოფნა არ მინდოდა, მაგრამ ღობესთან მივიდოდი ხოლმე, ხის მესერი იყო, თავით მივებჯინებოდი, თვალებს დავძაბავდი და ბავშვებს შორიდან ვუყურებდი. მომწონდა, როგორ თამაშობდნენ. აღმზრდელები თუ შემამჩნევდნენ, დამპატიჟებდნენ ხოლმე შიგნით, ჩემი და-ძმები ხომ მათი აღსაზრდელები იყვნენ. შემიყვანდნენ შენობაში, დამსვავდნენ, აუცილებლად გამიმასპინძლდებოდნენ ტკბილეულით, კანფეტები მიყვარდა. ერთი-ორჯერ სცადეს ფაფა ეჭმიათ ჩემთვის, გამხდარია, ცოტა მოსუქდებაო, იმის მერე სათოფეზე აღარ ვეკარებოდი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შემჯავრდა ფაფები, არც მანამდე მიყვარდა, მაგრამ დედას უარს ვეუბნებოდი ხოლმე და არ მაძალებდა, უცხო ადამიანებთან კი მერიდებოდა და ძალის-ძალით მივირთმევდი, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ გული არ ამრეოდა. დედა რომ ბავშვების წამოსაყვანად გამაგზავნიდა, ჭიშკართან ვუცდიდი, ეზოშიც აღარ შევდიოდი, ემანდ ფაფით არ გამიმასპინძლდნენ-მეთქი. რა იცოდნენ იმ კეთილმა ადამიანებმა, რომ ფაფები, განსაკუთრებით მანის ფაფა, ჭირის დღესავით მეჯავრებოდა, ახლა კი სიამოვნებით შევჭამდი, ბავშვობის გემოს გავიხსენებდი.

Wednesday, March 27, 2019

ვიცი, სურვილში ვერა ვცხონდები

ვიცი, სურვილში ვერა ვცხონდები, რაც ვისურვილე, ცოდვის ბრალია,
ვეხები ხელით ღრუბლების ჭიპებს, ფრთათეთრ ფურცლებზე, გულს უხარია,
დავაწყობ ჩემთვის ფანქრებით ფერებს, ამ მთა-ბარისას, ზეპირად ვიცი,
სხვა ჯომოლუნგმას დახატავს, ფრფენით, მე ჩემს თეთრ მთებთან დამიდევს ფიცი.
წითელ ყაყაჩოს დავურთავ ჩემს კერძს, უნდა მივართვა ჩემს შვილებს დღესაც,
მწვანილს, ფორთოხალს შევმატებ სუფრას, თან ჩავამატებ ბამბუკის ღერსაც,
სრულყოფილება აკლია იმ ხელს, რომელიც სადილს ან ნახატს შექმნის,
ამიტომ შევთხოვ ზეციერს შველას, არ დარჩეს სულში მოშავო ხვრელი.
სურათიც მიტომ ზეცის ფერია, ღმერთს თუ ეჭირა ფურცელი, ფუნჯი,
ბებოს ხელი თუ მართლა ერია, აქებენ კერძის გემოს და სურნელს,
ახლა მზის ჩასვლას ვამატებ ფერებს, ოქროსფერ ყანის ხოდაბუნებსაც,
ვეძებ და ვეტრფი იმ მიწის სურნელს, რომ შეინახა დრომ და ბუნებამ.



გიგო (ნოველა)

   ლამაზი ქალი იყო სოფია, დიდი მწვანე თვალებითა და ქერა თმებით, ტანიც კარგი ჰქონდა და ღიმილიც, მომაჯადოებელი გამოხედვის გამო გულგრილად ვერცერთი კაცი გვერდს ვერ აუვლიდა, ყველას მონუსხულს და შეყვარებულს ტოვებდა. -  ნამდვილი ჯადოქარიაო, -  იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი, როცა დაინახავდა ბერძნის ქალს, -  ალბათ, რამე საიდუმლოება იცის, კაცებს თავი როგორ შეაყვაროს, თორემ აგერ შენ, ლამაზიც ხარ, ჭკვიანიც, მაგრამ დამიბერდი ბებო სახლში, - მეტყოდა და თანაგრძნობით გადმომხედავდა ხოლმე. ქმარი კი შეუხედავი ჰყავდა სოფიას, ჯმუხი, დაბალი, გამხდარი მამაკაცი, უზარმაზარი ულვაშებით და თავით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იმის გარდა ქალს არავინ უნდოდა, იწვოდა და იდაგებოდა ქმრისთვის, ეჭვიანობდა კიდეც. აყალმაყალიც ხშირად მოუწყვია, მაღაზიაში გამყიდველ ქალს, რუს ოქსანას, რამდენი ხანი ელაპარაკებოდიო, - ეტყოდა. უმტკიცებდა გიგო, - არაფერი საქმე არ მაქვს, თევზი ძველი ხომ არ არის, იმას ვამოწმებდიო, - მაგრამ არაფერი ესმოდა სოფიას, აგრძელებდა ვაი-ვუშველებელს. მგონი ამდენი სკანდალებისაგან დაიღალა გიგო და მართლაც მიატოვა ჩვენი ლამაზი ბერძნის ქალი და ოქსანა შეირთო ცოლად. უცებ დაჭკნა თვალდახელშუა, ასეთმა გარდასახვამ ყველა გააოგნა, სოფია უცებ მობერდა, სახე ნაოჭებით დაეფარა, - ასე იცის სიყვარულმა და გულგატეხილობამო, - მიხსნიდა ბებია, ვითომ მე არ ვიცოდი არაფერი ამის შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ოქსანა გაბრწყინდა მზესავით, გალამაზდა, ბროლივით ანათებდა მისი თეთრი კანი, რომ გაიცინებდა თითქოს ვარდები ცვიოდა პირიდან, მოდით ამკრიფეთ, დამყნოსეთ, რა სურნელი მიდისო. მაღაზია, სადაც ქალი მუშაობდა, კლიენტებით გაივსო, რიგები დადგა, მაინცდამაინც ამ მაღაზიაში უნდოდათ ხორცის, მწვანილის თუ კიდევ სხვა რამის შეძენა. გავიდა ორი წელიწადი, ახლა ოქსანასა და გიგოს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ოქსანამ თურმე ჩემზე დაიწყო ეჭვიანობა, იურიდიულ კონსულტაციებს ვუწევდი გიგოს სოფიასთან ქონებრივი დავის თაობაზე, მიკვირდა ეს ყველაფერი, ჩვენ შორის ხომ არაფერი არ იყო, მაგრამ ერთ დღესაც სოფია შემომხვდა გზაზე, - შენ ხარ ახლა მისი რჩეულიო?! - მკითხა და დაცინვით გამომაყოლა თვალი. ჩაფიქრებული მივედი სამსახურში, სავარძელში ჩავჯექი და ამ ისტორიას ჩავუკვირდი. უეცრად კარი გაიღო, მამაკაცი შემოვიდა, ლამაზი, მაღალი, მომნუსხველი ღიმილით და ვარდების თაიგულით ხელში, ხელზე ხელი მომკიდა, ნაზად მეამბორა, ჟრუანტელმა დამიარა ტანში, - ცოლად გამომყევით, ქალბატონო თეა? - მკითხა, ხმაზე ვიცანი, გიგო იყო, გავოგნდი, მაგრამ უარის თქმა ჩემს ძალებს აღემატებოდა... დავთანხმდი, ცოტა ხანი ხომ მაინც ვიბრწყინებ-მეთქი ალმასივით, გამეღიმა, ისევ შევხედე ჩემს წინ მდგომ მამაკაცს, ხელმკლავი გავუყარე და გარეთ გამოვედით, თითზე ნიშნობის ბეჭედი მეკეთა, ამაყად მივაბიჯებდი ქუჩაში და ვგრძნობდი აღტაცებულ მზერას, რომელიც მანამდე არასოდეს მღირსებია, მეც ნამდვილი ჯადოქარი ვიყავი... გვერდს კი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცი მიმშვენებდა.

Thursday, March 21, 2019

მე ჩემებურად გადაგიხდი სამაგიეროს

მე ჩემებურად გადაგიხდი სამაგიეროს,
ჩემს სურნელს მივცემ ნიავსა და, ალერსს, ცელქ სიოს,
მოგევლოს მყისვე, ცხვირწინ გედგას ჩემი სურნელი,
რომ ტანჯვა გერგოს საშინელი, ენით უთქმელი.

ფერი ეცვალათ ეზოში ვარდებს

ფერი ეცვალათ ეზოში ვარდებს და სისხლნაკლულებს ვინღა უყურებს,
არადა ერთდროს წითლებს და ჟღალებს ყურს უმშვენებდათ ოქროს საყურე,
დრო-ჟამმა უკვე დარიათ ხელი, თუმც ერთობოდნენ ერთდროს  თამაშში,
ქარი ახლიდა სარკმელს მათ თითებს, მკლავებს შემოსილს მწვანე მარმაშით.
უმზერდნენ თრთოლვით ქალ-ვაჟის ტრფობას, ვისაც  ერთურთი უყვარდა ძლიერ,
ვარდებთან ერთად დაჭკნა და მოკვდა, ქალი, ბრმა სენმა  დაუხშო სივრცე,
აღარც ვარდები, არც სილამაზე, ცისარტყელებმა წაიღეს ხარკი
და მხოლოდ თოვას შემოაქვს გლოვა, სასაფლაოზე თეთრ სუფრას გაშლის.

ავტორი ლია რუსიაშვილი

"დიდი ხანია, ქაოსში ცივა და მომაკვდავ მზის მზერით იღლები. 
გარდაცვლილ დღეებს იგონებ ხშირად და გიდნებიან თოვლის ნიღბები. 
წარსულს ტყუილად ეთამამები, გაწყვეტილია დროის სპირალი.
აღარც მზეები, აღარც ვარდები და აღარც ვინმე დასატირალი! 
ფარფატებ, ხმელი ფოთოლი ვითარც და დარჩენილი წამები გადის. 
ეჰ, იქნებ მაინც მოვიდეს ვიღაც და საფეთქელზე შეგეხოს ბაგით. 
მერე თქვან, იყო პოეტი ქალი, ღვთაებრივი და მეფურ იერის,
მას ეშინოდა გატეხილ ქნარის და სასთუმალთან ესხდნენ იები…








 

Monday, March 18, 2019

რომ მიყვარდი, ვერ გაგენდე მაშინ

რომ მიყვარდი, ვერ გაგენდე მაშინ,
სიყვარულს ვერ მიაზომებ არშინს,
მაღლა ციდან მზე გვესროდა სხივებს,
დაგიკრეფდი ენძელებს და იებს.
რომ გამეთბო შენთვის ცივი გული,
შენს კარებთან გავიფურჩქნე ვარდად,
"მიყვარხარო", - გავძახოდი სკვინჩებს,
შენთვის სათქმელს  ვინახავდი დარდად.



Sunday, March 17, 2019

ყვითელი კაბა (იმერეთი, მოგონებებიდან)

    ორი ბიძა მყავდა. ერთი მთაგორიან ადგილას ცხოვრობდა, მოგვიანებით ეს ადგილი დაიქცა, მიწამ პირი გახსნა და, მგონი, სახლებიც  ჩაიტანა, მაცხოვრებლები ქვევით ბარში ჩამოასახლეს. ვაკვირებოდი, ყოველ ზაფხულს ლანდშაფტი როგორ იცვლებოდა, საოცარი რამ იყო, გორაკები, ფერდობები, ღობეები თითქოს გადაადგილდებოდა. ერთადერთი მთები არ იძვროდა,  ზედ შეფენილი ტყეებიც ისეთივე რჩებოდა, ცვლილებას, ალბათ, ვერც შევამჩნევდი, ისინი ხომ ბუმბერაზები იყვნენ ჩემთან შედარებით. დღეს ის ადგილები დაცარიელებულია, აღარავინ ცხოვრობს. არადა რა ტკბილად მახსენდება ის სოფელი, ბავშვების ჟრიამული, ტყეში სოკოს საკრეფად წასვლა, ბიცოლაჩემის მონაყოლი ამბები ავ სულებზე. გარეთ გაკიდებულს წინდებს რომ არ დაგვატოვებინებდა ღამით, ჭინკები წაიღებენო.  ეზოში მსხალი გვედგა, დამყნილი, სხვადასხვა ჯიშის მსხლებს ისხამდა და სხვადასხვა დროს, ჩემი ბიძაშვილები ყარაულობდნენ, რომელი დაასწრებდა გაყვითლებულის მოწყვეტას და ჩემთან მოტანას, პირი ჩაიტკბარუნეო. მსხლის ძირას ჭურები იყო ჩაწყობილი. სტუმრის მოსვლა და ჭურის გახსნა დიდი ზეიმი იყო ჩვენთვის, ამ პროცესს აუცილებლად ვესწრებოდი, მომცემდა ბიძაჩემი ორშიმოს ხელში და ამომაღებინებდა ჭურიდან ღვინოს,-  გასინჯეო, -  მეტყოდა, პირს გავაწკლაპუნებდი, კარგიაო, ვეტყოდი, იმასაც უხაროდა, ვითომ დიდ ვაჟკაცს გაესინჯა ვისმეს. ჩემი ორშიმო მქონდა, ბიძაჩემმა თავისი ხელით გამიკეთა, ხელს ვერავინ ახლებდა, განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა მიჩენილი "კუხნაში", როგორც მაშინ ეძახდნენ.
     მეორე ბიძაც იმერეთში ცხოვრობდა, ოღონდ მისი სახლი დაბლობზე იდგა. ახლოში მდინარე ჩამოდიოდა, შევიკრიბებოდით ყველანი, რვა ბიძაშვილი და მე, დავაგუბებდით წყალს და იცოცხლე, მთელი დღე აღარ ამოვდიოდით იმ გუბურიდან. ვის ესმოდა ბიცოლაჩემი ოლიას ძახილი, მოდით საჭმელი ჭამეთო. ეზოში ჭა არ გვქონდა და მეზობელთან დავდიოდით წყლის მოსატანად. გავუყვებოდით ხოლმე ჭალას "ვედროებით" და დოქებით ხელში, ბროწეულის ხეები იდგა ბლომად და ტირიფები. რა დამავიწყებს წითელი ნაყოფით დახუნძლულ ბროწეულებს, გზას რომ გვიმშვენებდნენ, ბრწყინავდა ატლასის კანი მზეზე, სხივებს ისროდა, სიხარულისგან მიციმციმებდა თვალები, თითქოს მზე მედგა შიგნით, ღამით კი ციცინათელები მაოცებდნენ და მშთანთქავდნენ თავიანთი საოცარი ბრწინვალებით. რამდენი ხანია, ციცინათელა აღარც მინახავს! ერთი ისტორია მახსენდება ჩემი ბავშვობიდან. ყვითელი კაბა მქონდა, ოქროფერი, ბალერინას კაბას მაგონებდა, ბალეტი ძალიან მიყვარდა, ამის გამო კაბაც და თავს ვიწონებდი ხოლმე, ასეთივე ფერის ფეხსაცმელებიც მიყიდა დედამ. იმ დღესაც ჩავიცვი და ეზოში გამოვედი, წაროიდგინეთ ბალეტი და სოფლის ეზო ერთად, ხომ სასაცილოა?! იქვე ძროხა ბალახს ძოვდა. ეზოში დავრბოდი, რაღაცას ვსაქმიანობდი, უცებ უკნიდან დარტყმა ვიგრძენი, ჰაერში ავფრინდი და ღობეს გადავევლე, თვალისდახამხამებაში მიწაზე მოვადინე ზღართანი, თავიდან ვერაფერს მივხვდი, წამოვდექი, მაგრამ როცა ჩემი ოქროსფერი კაბა დავინახე დახეული, მწარე ცრემლებით ავტირდი, არ ვიცი, ამბობენ, ხარებს წითელი ფერი აღიზიანებთო, ჩვენი ძროხა კი ყვითელმა ფერმა გადარია, გამოექანა და რქებით ღობის გადაღმა გადამაფრინა, როგორც მერე ბიძაშვილები მიყვებოდნენ. რატომღაც ტკივილი არ მიგრძვნია, ეტყობა, მთელი დარტყმა ჩემს ულამაზეს ოქროსფერ კაბაზე მოვიდა, დიდხანს მეჭირა ხელში ქვედა ნაწილის დახეული და დაძონძილი ნაჭრები. როცა  მივხვდი, რომ აღდგენა აღარ შეიძლებოდა, ნაგავში გადავუძახე. უკეთესი გექნებაო, მამშვიდებდა მთელი ბუნება: იქვე ჩიტები ჟღურტულებდნენ, ძაღლმაც ერთი-ორი დაიყეფა ჩემს გვერდით, ძროხას უჯავრდებოდა, კატამაც თავი გამისვა ნატკენ მუხლზე, ბიძაშვილებიც შემომეხვივნენ, ხელში ამიტაცეს და ციმ-ციმ შემიყვანეს სახლში. დღემდე არ მავიწყდება, ბალერინას ის ოქროსფერი კაბა და ყვითელი ფეხსაცმელები, რომლებიც მას მერე აღარც ჩამიცვამს.

Tuesday, March 12, 2019

სიყვარულზე ბევრი დაწერს კიდევ

სიყვარულზე ბევრი დაწერს კიდევ,
დააწყვეტენ გიტარასაც სიმებს,
მთვარეს დარდით ჩამოვაცლი სხივებს,
მზეს გაჩუქებ, დაგიძახებ პირმზეს.
მსურს, ამბორი გამოვგზავნო ცისკრის,
ვარდს და იას ვახდევინო ღალა,
გამიღიმე, გეფიცები სინდისს,
მაგ ღიმილში მეც ვიცოცხლებ მარად.

Sunday, March 10, 2019

თითქოს არ მინდა ვიყო მტყუანი

თითქოს არ მინდა ვიყო მტყუანი, ღმერთთან ლოცვებით დიალოგს ვმართავ,
ვანთებ სანთლებს და ვუკმევ საკმეველს, მაინც გულს მიხრავს იჭვების მახრა,
მაცლის იმედის ბოლო ნაპერწკალს, უაზრობის ძაფს ქარგაზე ართავს,
ძალადაცლილი ვებმი სარეცელს, თავთან ეშმაკი აღარ წყვეტს ხარხარს.
სურს მიმიზიდოს იუდას ვერცხლით, მომითუხთუხოს სიცრუის კერძი, 
ვეღარ ვხედავდე ქვეყნის გასაჭირს,  ნატვრის თვალს პირით მაწვდიდეს გველი,
მშობლიურ მიწას ეკიდოს ცეცხლი, ტყეში კვნესოდეს ნუკრი და შველი,
მე, დედოფალი, ტახტზე ვლაღობდე, ხალხი კი ებას ურემში ღვედით.
რად მინდა, ღმერთო, ასე ცხოვრება, თუკი არ გვექნა ფუძე და ჭერი?!
ჩვენს მიწაზეც თუ ვეღარ ვიხარეთ, უცხოტომელთა გაისმის ხმები,
თუ სასულეთშიც აღარ მოგვიღეს, ვეღარ შეგვიცნეს სისხლით და გენით,
ნუთუ, ნამდვილად უნდა დავბრმავდე, მშობელი დედის ვიგემო ხსენი...
თითქოს არ მინდა ვიყო მტყუანი, ღმერთთან ლოცვებით დიალოგს ვმართავ,
ვანთებ სანთლებს და ვუკმევ საკმეველს, მაინც გულს მიხრავს იჭვების მახრა...

რა უნდა ღამეს?

რა უნდა ღამეს, აფათურებს ჩემს სულში ხელებს,
ეს ფერწერული პეიზაჟიც დაფარა ჭვარტლით,
სადაც მეგონა, იშლებოდა ია და ვარდი,
შეჭურვილია მავთულებით და ეკალ-ბარდით.
რა უნდა ღამეს, ამოუცნობ სურვილთა მეფეს,
დაუტანია შავი ღრუბლით ლიახვიც, მტკვარიც
და სიჩუმეში ისმის მხოლოდ ჩივილი მთვარის,
ისიც ზეცაში დასეირნობს დარდისგან მთვრალი.

Thursday, March 7, 2019

გამონათქვამები

  მივბაძოთ ბავშვებს, ისინი ბედნიერები არიან მაშინაც კი, ტალახში რომ სხედან.

  იმედის გარეშე სული ისე იტანჯება, როგორც ხორცი წყლის გარეშე, ის შავი ღრუბლებით დაფარულ მზეს ემსგავსება, რომელიც სხივებს ვეღარ ისვრის და ნელ-ნელა ინავლება.

    "წამხედურობით ვაცი დამაკდაო", ალბათ გაგიგიათ, ნუ მიბაძავთ სხვებს, შეინარჩუნეთ ორიგინალურობა ყველაფერში და ყველგან და თქვენ იქნებით თქვენ!

Saturday, March 2, 2019

Московский парк, Ия Диаконидзе (მოსკოვური პარკი, თარგმანი მაია დიაკონიძისა)

Московский парк, он для меня волшебный,
По вечерам наведаюсь к нему,
Цветущей липы запах незабвенный,
Разносится, кружится по ветру.

Сяду и замру на старой лавке,
Усталость сбросив, аромат вдохну,
Всплывут картины детства в старом парке,
Растрогавшись, слезу я с глаз смахну.

И вспомнится Тбилисский старый дворик,
Мне десять лет, мы бегаем с сестрой,
И голос мамы нам, беспечным, вторит,
"Уж поздно дети, вам пора домой!"

Сижу, листаю памяти страницы,
На скрипке пилит молодой сверчок,
Мне б заблудиться в маминых ресницах,
Уткнувшись тихо в теплое плечо.



მოსკოვური პარკი, - ჯადოსნური ჩემთვის,
საღამოხანს ხშირად ვესტუმრები მას,
აყვავებულ ცაცხვთა ჩაუქრობი ცეცხლი
სურნელების ფრქვევით მიმოყვება ქარს.

გავრინდდები სკამზე, ჩამოვფერთხავ წამით
დაღლილობას, სურნელს ჩავისუნთქავ ღრმად,
ყრმობის სურათები აცურდება თვალწინ,
გულისაჩუყებით ამიცრემლებს თვალს.

გავიხსენებ თბილისს, ძველ პატარა ეზოს,
დასთან ერთად ვცელქობ, სულ ათი წლის ვარ,
- გვიანია ერთობ, შინ შემოდით, გეყოთ!
 - უზრუნველებს გვესმის დედის ტკბილი ხმა.

ვზივარ, ვფურცლავ ხსოვნის გადაცრეცილ ფურცლებს,
ვიოლინოს ხერხავს ჭიჭნობელი ყრმა,
დედის წამწამებში ჩავიკარგო, მინდა,
წყნარად მივეხუტო მის უთბილეს მხარს.











,