Thursday, May 31, 2018

არჩევანი კი მოგვეცა ორი

სასტიკი არის უფალის ნება,
ისე იცხოვრე, როგორცა გნებავს,
არჩევანი კი მოგვეცა ორი,
როგორ აირჩევ, თუ კი ხარ ჩმორი.

Sunday, May 27, 2018

ოჰ,როგორ მიყვარს...

ოჰ, როგორ მიყვარს ქართული ზეცა,
ყვავილი ლურჯი, მწვანე მინდორი,
როგორც პატარა, შევხარი მზესაც,
სულს დამიამებს კენჭი მდინარის.

ამ პანაშვიდმაც გვერდს ჩამიარა

ამ პანაშვიდმაც გვერდს ჩამიარა,
იხოცებიან ჩემი ტოლები
და ძუ მგელივით ვლოკავ იარას,
მიწასა ვფხოჭნი სველი ტორებით.
სულშიც კვალი ჩანს ცრემლების ღვარის,
ტკივილმა დამჭრა, როგორც ხადუმი,
ვემშვიდობები ტოლებს და სწორებს
მე აქა მტოვებს სევდა ძალუმი.




Saturday, May 19, 2018

ტყე არის ლურჯი

ტყე არის ლურჯი, ცაც უსასრულო,
გორს დასწოლია ღამე და ბინდი,
აქა-იქ მოჩანს თეთრი ღრუბელი,
იმედს ვიტოვებ, ინათებს დილით.


Thursday, May 17, 2018

სინდისის ქენჯნით მივადექ მიჯნას

სინდისის ქენჯნით მივადექ მიჯნას,
მეყო კი სულის და ხორცის ჯიჯგნა?!
მეგონა, ჩემი მივიღე იჯრა,
არა კმარაო, ვიღაცამ მითხრა.
სულში ეჭვი გაქვს, სხეულში -  მინა,
სისხლი ვერ გათბობს, გარეთ რომ ყინავს,
ჟანგი შეჭამს და გააქრობს რკინას,
შეძლებ, ედემში დაიდო ბინა?!







Friday, May 11, 2018

კაჭკაჭის ბარტყი (საბავშვო მოთხრობა)

            კაჭკაჭის ბარტყი
  
   გოგონები მხიარულობდნენ, დედას სამზადისს თვალყურს ადევნებდნენ, მეორე დღეს ხომ მათი დაბადების დღე იყო. საჩუქარსაც დიდი მოუთმენლობით ელოდნენ, ბებიას დიდი, უზარმაზარი ტორტი უნდა გამოეცხო, ციყვუნიებით და სოკოებით, მამა კი შეჰპირდა, რომ დაბადების დღეზე პატარა კნუტს მოუყვანდა, რადგან ძალიან, ძალიან უყვარდათ გოგონებს კატები. - თქვენ თვითონ გაზრდით და ნახავთ, ცხოველის ყოლა და მოვლა რა ძნელიაო, - ეუბნებოდა დედა, რომელსაც აქამდე ვერაფრით ითანხმებდნენ, რომ სახლში რაიმე ჯურის ცხოველი მოეყვანათ. ხან კუს მოყვანა სცადეს ბავშვებმა, ხან თეთრი თაგვის, ხან ძაღლის ლეკვის, მაგრამ დედა მუდამ უარს ეუბნებოდა გოგონებს იმ მიზეზით, რომ ჯერ პატარები ხართ, დიდები რომ გაიზრდებით, მერე დაგრთავთ ნებასო. ეს დღეც თითქმის დადგა, გოგონები ხვალ ხუთი წლისანი ხდებოდნენ. ამ მხიარულ ყოფაში მყოფთ ეზოდან ჭყიპინი შემოესმათ, პატარები ხმას მიჰყვნენ, ხედავენ, სახლის ეზოში, კარებთან ახლოს პატარა ბარტყი ზის და განწირული ყვირის. გოგონებმა დედას დაუძახეს, ოჯახის დიასახლისი ფრიად შეაშფოთა ამ ამბავმა, რა ვქნათო, დაიწყო ფიქრი.  მიხვდა, რომ თითქმის შეუბუმბლავი ბარტყი ბუდიდან გადმოვარდნილიყო, მაგრამ ბუდეც ვერ იპოვეს, ბევრი კი ათვალიერეს ხეები. მათი სახლის ეზოში ბევრი ხე იდგა, თანაც ისეთი მაღლები, ძნელი იყო, იქ რაიმეს შემჩნევა. დაანებეს ბარტყს თავი და სახლში შევიდნენ, იქნებ მშობლებმა მოაკითხონ და თვითონ წაიყვანონო. გოგონები ფანჯარასთან დასხდნენ და ბარტყს მოფარებულიდან დაუწყეს თვალთვალი. მართლაც, ცოტა ხანში დედა ჩიტი მოფრინდა, შვილს დასტრიალებდა, მკერდით აწვებოდა, ხან იქიდან მიუდგა, ხან აქედან, დახმარებას ცდილობდა, რომ პატარა მაღლა აფრენილიყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, - უფ, რა მსუქანია ეს ბარტყი, ზევით ვერ სწევს ტანს, - ამბობდა  ერთ-ერთი გოგონა, - ეტყობა, ჭამა შენსავით უყვარს, - დაცინვით გადახედა დამ, - აი, ნახავ, ახლა მამა ჩიტი მოფრინდება და წაიყვანს, - წარმოთქვა პირველმა და ცრემლი გადაყლაპა, - ვაითუ, ვერ გაფრინდეს, რაღა ეშველება? - ეცოდებოდა ბარტყი. მეორე გოგონა მიხვდა, რომ დას გული ატკინა და მისი დამშვიდება სცადა, - ნუ ნერვიულობ, აუცილებლად წაიყვანენ, აუცილებლად!-  მართლაც, მალე მამა ჩიტიც გამოჩნდა, მერე სხვა კაჭკაჭებიც მოფრინდნენ, ბარტყს გარს დასტრიალებდნენ, მის დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ მათაც არაფერი გამოსდიოდათ. დაღამდა, გოგონები ლოდინით დაიღალნენ და დასაძინებლად დაწვნენ, იმ იმედით რომ კაჭკაჭები აუცილებლად წაიყვანდნენ ბარტყს.
   გათენდა. გოგონებმა თვალები ჭყიტეს საჩუქრების მოლოდინში. მალე საწოლ ოთახში დედ-მამა შემოვიდა, გოგონების გასაკვირად დედას ხელში კაჭკაჭის ბარტი ეჭირა, კაჭკაჭებმა მოსავლელად თქვენ დაგიტოვესო, უთხრა გოგონებს და ბარტყი ძირს იატაკზე დასვა. პირდაღებული გოგონები ახლა მამას მიაჩერდნენ ხელებში. მამას ხელში ლამაზი კატის კნუტი ეჭირა, ბამბასავით თეთრი, მამამაც იატაკზე დასვა კატის კნუტი და ისიც ოთახიდან გავიდა. სანამ გოგონებმა ჩუსტები ამოიცვეს ფეხებზე და პატარებთან მივიდნენ, კატის კნუტს უკვე მიერბინა ბარტყთან, გარს უვლიდა, ყნოსავდა, აკვირდებოდა. თავიდან გოგონები შეშინდნენ კიდეც, რამე არ დაუშავოსო, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ისინი კარგი მეგობრები გახდებოდნენ. ბავშვებმა სიყვარულით დაიწყეს მათი მოვლა. ბარტყისთვის ეზოდან ჭიაყელები და მწერები მოჰქონდათ და პირში ტენიდნენ, ემანდ შიმშილით არ მოგვიკვდესო, ბარტყიც სიხარულით აღებდა პირს.  ფისო კი სიხარულით მიირთმევდა რძეს და მაწონს. ორ კვირაში წამოიზარდა კაჭკაჭი, ფრენა ჯერ არ შეეძლო, მაგრამ ოთახში ისე ამაყად დადიოდა, იატაკს სულ წკაპა-წკუპი გაუდიოდა. ჯერ ის მირბოდა, კნუტი კი უკან მისდევდა, მერე კნუტი გარბოდა, კაჭკაჭი - უკან მისდევდა, თითქოს კუკუდამალობანას თამაშობდნენ. ამის დამნახავი ბავშვებიც იცინოდნენ, დედაც, მამაც და შინ მოსული სტუმრებიც. ერთ დღეს კაჭკაჭმა ფრთები აიქნია, გოგონები მიხვდნენ, რომ მათი პატარა მეგობარი მალე გაფრინდებოდა, ეზოში გაიყვანეს და უყურებდნენ, როგორ სწავლობდა ფრენას. ჯერ ბუჩქზე შეფრინდა, მერე ხის ტოტზე შემოსკუპდა, მერე ცაშიც აიჭრა, თუმცა უკან ყოველთვის ბრუნდებოდა, კატის კნუტიც წამოიზარდა, ისიც ბაძავდა კაჭკაჭს, ისიც ჯერ ბუჩქზე შესკუპდა, მაგრამ ცხვირპირი დაიკაწრა და მალე ჩამოხტა იქიდან, ხის ტოტზე შესკუპებაც მოინდომა, კი გამოუვიდა, მარდად აცოცდა ხეზე. მალე ის და კაჭკაჭი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ხეზე რომელი უფრო მაღალ ადგილზე მოიკალათებდა, რა თქმა უნდა, კაჭკაჭი ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა. მალე კაჭკაჭმა ბუდეც გაიკეთა ეზოში მდგარ ერთ ხეზე თავის ახალ მეგობართან ერთად და იქ დარჩა საცხოვრებლად. როცა ძალიან მოენატრებოდა თავისი გამზრდელები, ძირს ჩამოფრინდებოდაა, - გოგოებო, მოვედიო, - დაიძახებდა, ბავშვების მამას ბაძავდა.  კაჭკაჭი ხომ ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს  ადვილად იმახსოვრებს და იმეორებს. კატაც გოგონებთან დარჩა. როცა კაჭკაჭები შვილებისთვის საჭმლის მოსატანად მიფრინავენ, ხეზე ძვრება და ბუდეში იხედება, სადაც კაჭკაჭის პატარა ბარტყები სხედან, ნუ გეგონებათ, რომ მათი შეჭმა უნდა, არა, უბრალოდ ამოწმებს, ბარტყი ხომ არ აკლიაო, ყარაულობს, ვინმემ რამე არ დაუშავოს, მერე უკან ბრუნდება, ძირს, თანაც გოგოებს შეჰკნავლებს ხოლმე, ეუბნება, კარგად არიანო ბარტყებიო. გოგონებსაც ძალიან, ძალიან უხარიათ ეს ამბავი.

Tuesday, May 8, 2018

უჩემობით გაივსება ქუჩა

მე წვიმაში სიარული მიყვარს,
წყალს რომ გვასხამს ზეცა ნისლის თეფშით,
აივსება წვიმით ყველა შუშა,
- დროა, შვილო!  - ზეციერი მეტყვის.
ავუყვები ცისარტყელას კიბეს,
იქნებ ვინმემ შემაშველოს მკლავიც,
უჩემობით გაივსება ქუჩა
და უჩემოდ დაიღვრება წყალი.


Sunday, May 6, 2018

მე პატარა თითები მითვლის...

მე პატარა თითები მითვლის ღარებს, ნაოჭებს,
მე პატარა თითები მახარებს და მაოცებს,
თვალში შემომანათებს უზრუნველი ბავშვობა,
სიხარულით ვუცქერი პატარების ანცობას.
ჩამჭკნარ ხელისგულებში ჩამიწყვია თხილები,
ღიმილით და სიცილით დაუღიათ პირები,
"ერთი, ორი," - ვიძახი, იტენიან კბილებში,
შევუსრულე პატარებს ძველი დანაპირები:
მოვუმზადე ჩირები ვაშლის, მსხალის, ქლიავის,
ვაშრე მზიან ეზოში კვლავ იმედად ნიავის,
გრძელი თოკი მოუბამთ მოზვერისთვის პატარებს
და საშველად ხბორების ღმერთი დიდხანს მატარებს.
,


.

Thursday, May 3, 2018

ვიზომებდი სიზმრად ძონძებს

ვიზომებდი სიზმრად ძონძებს,
იმით დავიმშვიდე თავი,
ახლებს მერე ჩამაცმევენ,
რომ ლამაზად ვიწვე მკვდარი.

Tuesday, May 1, 2018

სულ ელი

სულ ელი
სულელი
ცის გამონათებას,
გინდა, რომ
ქვეყანა
ყვაოდეს
ვარდებად
და არ იშლებოდეს
ეკლებად,
ბარდებად.
.