Tuesday, December 30, 2014

კიდიდან კიდემდე

"არაფერს" არ ვეძებთ,
"არაფერს" ვპოულობთ,
კიდიდან კიდემდე
დამკვიდრდა სიბეცე,
სამართალს დაჰკიდეს
ქვები და ჩაძირეს,
ხალხი კი ელოდა
უამრავ სიკეთეს.
აუშვეს აფრები
"სიმართლის" ძებნაში,
სული კი ამოსდით
ერთურთის ქებაში.

Sunday, December 28, 2014

სინანულით ვუჩოქებ ჩვენს დიდ მამას, ილიას!

მაღლა ცაში დავეძებ
ჩემს უხილავ მეგობარს,
ფიქრებს გავუზიარებ,
სანამ ძალა მეყოფა.
სანამ ჩემი თვალები
ნათელ სხივებს აფრქვევენ,
ბოროტ სულთან ბრძოლაში
სიმაგრეებს აგებენ.
სანამ გულში კეთილი
ამ ცხოვრების წესია,
უკეთურთან ომებში
პური დამითესია,
ამოვიტან გულიდან
დარდიანს და ნიხრიანს,
სინანულით ვუჩოქებ
ჩვენს დიდ მამას, ილიას!
,

Friday, December 19, 2014

პოეტების მუზად იქეც (სიმღერა ეძღვნება ლიკა ქავჟარაძეს)

პოეტების მუზად იქეც,
უკვე დიდი ხანია,
ალვას ჰგავხარ, ცადაწვდენილს,
გიცქერ, გულს უხარია.
ოქროს თმები თავთავებად,
თივის ზვინად გაყრია,
მზე გინათებს დიადემას,
შიგნით ლალის თვალია.
ეგ წარბები, ისრებივით,
მტერს განგმირავს, ფარიანს,
ჯარს დააფრთხობს... წამწამების,
თუ ფრთოსანთა ჯარია.
ჯეირანის ფეხები გაქვს,
წელი - ბეჭდის რკალია,
გაიღიმე,  გენაცვალე,
ცას ვარსკვლავი აკლია.


Sunday, December 7, 2014

იმედს ყვირილით დაეხშო ყელი

იმედს ყვირილით დაეხშო ყელი,
დადუმდა ერი, დადუმდა ბერი,
ოცნებას ჩვენსას შეკვეცეს ფრთები
და მხოლოდ ღმერთის სასწაულს ველით!

Saturday, December 6, 2014

იმედით გავყვები ქუჩებს

ვერცხლისფერია ჩემი ჭაღარა
და გაცრეცილი დამაქვს ფიქრები,
ვით უსიერში ცხენი საღარა,
გზას მივუყვები ქრისტეს ნიშნებით.
დარღვეულ მკერდზე მადევს ხუნდები,
ვქარგავ და ვკერავ, ჩავაგვირისტებ,
ქართულო ცაო, ნუ გახუნდები,
გამაცისკროვნე, გამაღიმილე,
რომ არ მლახვრავდეს სამშობლოს სევდა, -
ამქვეყნიური ცხოვრების თალხი
და არწივებმა ირაო შეკრან
უკიდექანო იისფერ ცაში,
სულგამყინავი მათი ყივილი
იქცეს საბრძოლო ბუკად, ნაღარად...
სარკეებიდან წყნარად მიღიმის
მოვერცხლისფერო ჩემი ჭაღარა.


ქარებს უკან დავედევნე

ქარებს უკან დავედევნე,
თუმც არ მქონდა ფრენის ნიჭი,
ზეცისაკენ წამიყვანეს,
მეც შევები მათთან ჭიდილს.
ვარსკვლავები მოვიარე,
გავხდი თითქმის ალვისტოლა,,
მზემ და მთვარემ სიყვარულით
დამაპენტეს ოქროს თოვა..

Friday, November 28, 2014

მარტივია 9გამონათქვამი)

მარტივია გაიარო წუთისოფლის გზა,
თუ იცი, რა მიზანს უნდა მიაღწიო, 
რადგან გაქვს მიზეზი, რომ იცხოვრო!

Wednesday, November 26, 2014

პოლიტიკოსებს! ჩანახატი)

     არავის უნდა სიკვდილი სიცოცხლეზე მეტად, არავის უნდა ცუდი ცხოვრება კარგ ცხოვრებაზე მეტად, მაშინ რატომ აიძულებთ იცხოვრონ ცუდად, როცა თქვენ კარგი ცხოვრება გსურთ? იმის უფლება მაინც მიეცით ხალხს, რომ არ იშიმშილონ, არ სციოდეთ,
უსახსრობის გამო არ კვდებოდნენ, ალბათ ყოფილხართ სამედიცინო დაწესებულებებში, რა ღირს ექიმის კონსულტაცია, გაგიგიათ, შეუძლია კი უმუშევარ ადამიანს ექიმთან მივიდეს? ან ვინ განსაზღვრა ვის ააქვს უფლება ამქვეყნად იცხოვროს და ვის არა?! თქვენ ბატონებო, ნამდვილად არ გაქვთ ამის უფლება, ამიტომ კეთილი ინებეთ და ხალხზე იზრუნეთ!

Monday, November 24, 2014

ძნელია მარტოობა

ძნელია მარტოობა სიბერეში
ვიდრე ოდესმე,
შენს სიკვდილს ვერავინ შეებრძოლება 
შენზე მეტად, შენთან ერთად.
ყველაზე ბნელ  სახლში ცხოვრობ,
ვიდრე ოდესმე,
ფანჯარაში არავინ გაიხედავს 
შენზე მეტად, შენთან ერთად.
ყველაზე ცარიელია სამყარო,
ვიდრე ოდესმე,
არავინ მორწყავს ყვავილებს,
შენზე მეტად, შენთან ერთად.
და იძირები მარტოობის უსასრულობაში, 
ვიდრე ოდესმე,
არავინ ცდილობს  პირველმა დახუჭოს თვალები,
შენზე მეტად, შენთან ერთად.
მხოლოდ მაშინ ხვდები რა დაკარგე,
ყველაზე მეტად, შენთან ერთად.
მხოლოდ სანთელი იღვენთება
ისე სწრაფად, როგორც არასდროს...

Sunday, November 23, 2014

ისევ გელოდები

ლაჟვარდებს, მაისებს,
შევტრფი და ავივსებ
გრძნობებით თვალებს
და გადმოვღვრი ფერებად,
თუ კი ამ აისებს,
კამკამა დაისებს,
შეჰყურებ და იგრძნობ, -
ვიღაც გეფერება,
ლანდებად, დარდებად,
თვალებში გრძნობებით,
გულში მაქვს ლოდები...
ისევ გელოდები...

პატიებას შემთხოვ ძალიან

უკვე დასერა მარტოობამ ცხელი ვენები,
კვალში მიდგანან ჭლექი, ჭირი, კიდევ ქოლერა,
ეს თამაშია, სიკვდილის და ჩემი თამაში,
თითქოს აღარც ვარ და ვითომაც არ მიცხოვრია.
დაანთებს დილა ნაირფერად პატარა ბურთებს,
ჩემთვის კი ისევ წყვდიადი და შავი ღამეა,
შენს თითებს ვიგრძნობ კეფიდან და ფეხის თითამდე,
ვხვდები რომ ისევ პატიებას შემთხოვ ძალიან.

Saturday, November 22, 2014

ზოგჯერ პატარა უფრო დიდია

ხეობის ძირში კიოდა ქარი,
ატორტმანებდა ხეების ამქარს,
ტოტებდატეხილს მიწას აყრიდა,
ვერ ერეოდნენ დიდები მტარვალს.
პატარა ნერგი თავს იმაგრებდა,
ვერ შეძლო მისი მოგლეჯა ქარმა,
ზოგჯერ პატარა უფრო დიდია,
ვერ დაამარცხებს მას ვერა ძალა.

ღმერთს მივეახლე

დუმდა არაგვი, რიონი, მტკვარი,
და მეც სიჩუმის მეფარა ლოდი,
მთის ქედზე ნისლი აღარ ქრებოდა,
მაინც ვუძლებდი ცისტოლა ლოდინს.
რწმენა მმატებდა სიციოცხლის ძალას,
ავწიე ბოლოს ნატეხი ფრთები,
ვარსკვლავს ვუმღერე მშვიდობის ნანა,
ღმერთს მივეახლე რიდით და კდემით.
მან სიყვარულის შემახო ხელი,
გზა გამიკვალა სიკეთის, ფიცის,
ბოროტს არა აქვს კეთილთან ძალა,
სამყარო თავის დათესილს იმკის..

Tuesday, November 18, 2014

დასთან მიმაქვს საჩუქრად

დასთან მიმაქვს საჩუქრად,
გავახვიოთ სათუთად,
ლურჯი იის კონები,
საიქიოს ვცხონდები.

        xxx

ცეცხლს დავანთებ ბუხარში,
გავახურებ კერიას,
ჩემი ბებო, ბაბუა,
კვამლს ზეცაში ელიან.
გამოვწურე ყურძენი,
ვაღიღინებ საწნახელს,
მადლი იმის გამჩენსა ,
ვინც სიხარულს მანახებს.
         

Monday, November 17, 2014

ყველაზე პატარა ლექსი

ნაცრისფერი იდილია,
ზამთარივით მიილია.

კლდეზე რომ ჰყვავის იაი

კლდეზე რომ ჰყვავის იაი,
მის სახეს ვენაცვალეო,
ნაზამთრალს გამოანათებს,
ნაზ ყვავილს გაშლის ხვალეო.
მის შემხედვარეს, ამ გულში
სანთლებს დამინთებს მთვარეო.
,

Saturday, November 15, 2014

მე შემოდგომის დამაწვა ნისლი

მე შემოდგომის დამაწვა ნისლი,
ვეღარ ავწიე ჰაერში ფრთები,
სახლს, გადახურულს ოცნების ისლით,
გადაუარეს ყვავებმა ფრენით. 

ყველაზე დიდი მსაჯული ამქვეყნად (ჩანახატი)

   აბობოქრებულმა ზღვამ წაიღო ყველა ჩემი ოცნება და ნაპირზე გულზელოდებშემოწყობილი დამტოვა.

       ვისწრაფვით საით, რისთვის? მიზანი, რომელსაც ვემსახურებით, ბევრისთვის უცნობია.სამყაროს თვალი გაფაციცებით გვადევნებს თვალს, ჩვენგან კეთილ საქმეებს ელის, მაგრამ  ხშირად ვუცრუებთ იმედს, ვცოდავთ ხან ნებით და ხან უნებლიეთ. ბოროტება, შური, ქედმაღლობა სპობს და ანადგურებს ადამიანს..გადამფრენი ფრინველებივით მივაშურებთ ხოლმე სხვა ქვეყნებს, გადარჩენისთვის ვიბრძვით, ის კი გვავიწყდება, რომ გადარჩენის გზა ჩვენ სულში უნდა ვეძებოთ, შევიყვაროთ ერთმანეთი, კეთილი სიტყვა ვუთხრათ ერთმანეთს და აღარ შეგვაწუხებს სინდისის ქეჯნა, რომელიც ყველაზე დიდი მსაჯულია ამქვეყნად.

Thursday, November 13, 2014

"მე დღეს წვიმამ დამაღონა"

"მე დღეს წვიმამ დამაღონა",
ვერ გავშალე ლხენით ფრთები,
ვერ ვუთხარი გამარჯობა
მზეს,რომელსაც შევცქერ კდემით,
ცრემლის ფარდა დაშვებულა,
დარდი ფიქრში ამერია,
ველოდები ბრჭყვიალა ბურთს,
მოოქროვილხალებიანს.

Wednesday, November 12, 2014

ბიჭი არის პატარა

და ვიღაცას აძლევენ ხელში დანას, გალესილს,
ვიღაცას კი, ხელებში ოქროს ფულებს უთვლიან,
პირველს, როგორც კაცისმკვლელს, ჩააგდებენ ცოდვაში,
მეორეს კი, ქვეყანას სასახელოდ უზრდიან.
მტყუანი და მართალი, საცალფეხო ხიდზე დგას,
გააგორებს კამათელს ჯოჯოხეთში სატანა,
ჯერ თუ არ შეგიტყვია, ვიღაცაზე იტყვიან,
აღარ უნდა ეშმაკსაც ამდენ ცოდვის ატანა.
დაიღალა სატანა, ადამის ძე-ჯერ არა,
თავს მოაჭრის კაცისმკვლელს,
თვითონ მკვლელი კი არა,
ბიჭი არის პატარა.

მეხმიანება ნოემბრის ქარი

პირქუში ზეცა მიმატებს სევდას,
მეხმიანება ნოემბრის ქარი, -
ცარიელ სახლში ჭრიალით მიხმობს,
აყრილ იატაკს ასკდება ზარით.
ძველ კიდობანში ვეძებდი სიტყვებს,
მითხრეს, არაა ახლა მოდაში...
დაკოჟრილ ხელებს მაშველებს, თითქოს, -
ბებო მიმზადებს ქათამს ტომატში.

დაჩოქილთ

კარებთან დამდგარა სიკვდილის აჩრდილი,
სიგარით ხელშია, არ უჩანს ტიარა,
გარედან ლეშია, შიგნიდან-ფიქრები,
მეგზურად, დარდივით, საქმეში მიახლა.
შეხედე, გვესვრიან, ტყვიები არ ყოფნით,
სეფექალთ მაგონებს მდუმარე ვერხვები,
ამ ბედმა, ტიალმა, დამადო იარა,
ახლა კი, უჩუმრად, წამართვა ნეკნები.
და ისევ აქა დგას სიკვდილის აჩრდილი,
დაჩოქილთ შესცქერის უსიტყვო ვედრებით,
მის თვალშიც იალა აისმა, დაისმა
და გვამი გამოაქვთ უკუღმა, ფეხებით.

Tuesday, November 11, 2014

ხელახალი გამოცდა (იუმორისტული მოთხრობა)

    სამოთხის კართან ბევრი ქალი შეკრებილიყო, ყველა ცდილობდა ჭუჭრუტანაში შეეხედა, ზოგიც ღობეებში ეძებდა ღრიჭოს, კაცები გვერდზე გამდგარიყვნენ და როგორც ყოველთვის, შორიდან უყურებდნენ სეირს. მეც ახალმისული ვიყავი, ყურადღება გავაფაციცე, რამე არ გამომრჩეს-მეთქი, მინდოდა გამეგო, რა ხდებოდა შიგნით, რამაც ასე ააფორიაქა  ქალები, ჯერ რომ არ გაემწესებინათ თავ-თავიანთ ადგილებზე. მეც მათ ამქარში ვიყავი, შიშით ვთრთოდი, მეშინოდა ჯოჯოხეთის, მაგრამ უცებ ყველაფერი გადამავიწყდა, ქალურმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და მივასკდი სამოთხის კარს, ჩოჩქოლსა და აურზაურში ჭუჭრუტანასთან მოვხვდი, ცალი თვალით მოვათვალიერე იქაურობა და რას ვხედავ, წალკოტში მხოლოდ ადამი და ევაა, შიშვლები, სწორედ ისეთები, ძველი მხატვრების ტილოებზე რომ მინახავს, თავი  სიზმარში მეგონა,
აგერ მივიდა ადამი ვაშლის ხესთან, წითელ-წითელი ვაშლები უცინოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც გაუხედავს იქით, ახლა ევა გაემართა იმ ადგილისაკენ, გაუღიმა ვაშლმა, არც ევამ გამოიჩინა ყურადღება, მივხვდი, რამაც ააფორიაქა ქალები, ჩვენი მომავალი ეჭვქვეშ იყო... იარსებებდა კი კიდევ კაცობრიობა?!  თვალი ისევ ვაშლის ხისკენ გავაპარე. ხის ტოტზე გველი გაწოლილიყო, მერე რა ლამაზი იყო ის წყეული, ჩემდა გასაკვირად ეშმაკი ვერსად დავინახე, სცენარის განვითარებას ველოდი. ნამდვილად კინოს იღებენ- მეთქი, ვფიქრობდი, მერე გამახსენდა, რომ სამოთხის კარზე ვიყავი აკრული და ბაღში ნამდვილი ადამი და ევა დასერნობდნენ, სულ შიშვლები.  ისევ ჭუჭრუტანაში შევიხედე, თუმცა დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ადგილი შემენარჩუნებინა. ვხედავ ევასთან მიცურდა გველი, პირში უზარმაზარი ალმასი ჰქონდა გაჩრილი, მცურავმა თავბრუსდამხვევი სისწრაფით მიაწოდა ევას ბრჭყვიალა ქვა, არ მეგონა თუ ქალი ამ ,,ტრიუკზე" წამოეგებოდა, რაში სჭირდებოდა ნეტავ ამ ბაღ-ბოსტანში ეს ხორცის სამკაული, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ევამ საჩუქარი აიღო, უხერხულობაც კი არ უგრძვნია, სირცხვილის გრძნობა დამეუფლა ყველა ქალის მაგივრად, ვერ გაუძლო ცდუნებას სუსტმა სქესმა!
     კვლავ მოვლენების განვითარებას დაველოდე, ყველა იქმყოფ ქალთან ერთად, ეს ჩვენი გამოცდა იყო!.  ახლა ვაშლი გაუწოდა ევამ ადამს და იმანაც ჩაკბიჩა ის, ოხერი, ვეძახოდით ადამს, არ შეეჭამა, მაგრამ ვინ გისმინა,მივხვდი რომ ადამმა და ევამ, შეიძლება სხვა სახელებიც დავარქვათ, ვერ გაუძლეს ხელახალ გამოცდას, ჩვენი არსებობა ეჭვქვეშ აღარ დამდგარა, მაგრამ ღირდა ამად? ისევ ჩემს ნაჭუჭს დავუბრუნდი და განაჩენს დაველოდე,

Friday, November 7, 2014

შენ ხარ ამქვეყნად ყველაზე კარგი

შენ ხარ ამქვეყნად ყველაზე კარგი,
სხეულს დააკლდა ზაფხულის სითბო,
მე უშენობის ვერ ვიკლავ წადილს,
შემოდგომის სუსხს ცრემლებით ვიხმობ.
ვფიქრობ, შენ ჩემზე ბევრად უკეთეს
ბედს იმსახურებ და გეტყვი: წადი!
პირში ვიგრძენი წარსულის სიტკბო,
გული დამზრალა ფარული დარდით.


Thursday, November 6, 2014

როგორ გითხრა (სიმღერა)

როგორ გითხრა, რომ მსურხარ და მენატრები,
როგორ გითხრა ჩემი გულის დარდები,
შენ ცაში ხარ, ანგელოზებს ედარები,
მე ეშმაკთან შემიკვრია ტანდემი.
ლურჯ ცაში ხარ შენ ვარსკვლავად, დაკიდული,
მე კი ბნელმა ჩამიღამა თვალები,
როგორ გითხრა, მიყვარხარ და მენატრები,
ჯოჯოხეთის კოცონს ვერ ვემალები.

Tuesday, October 28, 2014

ჩამოეშვა გაზაფხულის ფარდა

ჩამოეშვა გაზაფხულის ფარდა,
მოჩითული პეპლებით და იით,
გაიფურჩქნა ყვავილები ხატად -
სამშობლოის,  გულში დარდად მივის..

Sunday, October 26, 2014

წარმატებით რომ გაიარო შენი ცხოვრების გზა (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)

           მამა ტანდაბალი, ჯმუხი კაცი იყო, კარგი აღნაგობის. ინტელიგენტი. ყველას უყვარდა, მეზობლების დახმარება იცოდა,საზოგადოების სული და გული იყო, სახლში კი- მკაცრი.სწავლას გვთხოვდა, სულ სკოლის წიგნები უნდა გვჭეროდა ხელში, ჩვენი წარმატებების იმედი ჰქონდა. სხვა მცირედითაც კმაყოფილი იყო, თავადივით ვცხოვრობო, ამბობდა, ხუთოთახიანი ბინა რომ მივიღეთ, როგორც მრავალშვილიანმა ოჯახმა.საწერ მაგიდაზე სახელღვანელო მქონდა ხოლმე გადაშლილი, ქვევით უჯრა გამოღებული, შიგ რაიმე რომანი მედო, მამა შემოვიდოდა ოთახში, შეხედავდა, ვსწავლობ, მე კი, ეშმაკურად,ქვევით, ცალი თვალით, კლასგარეშე ლიტერატურას, როგორც მაშინ ეძახოდნენ,  ვკითხულობდი.თუმცა სწავლა მიყვარდა,ხუთები მყავდა. ერთხელ ოთხიანი მივიღე, მამამ ისეთი სილა გამაწნა, სულ ნაპერწკლები მაყრევინა თვალებიდან, მას მერე ვცდილობდი არ გამებრაზებინა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ბოლო კლასებში, მასწავლებლები ყველანაირად ცდილობდნენ მაღალი ნიშნები არ დაეწერათ.ახლაც ვერ გამიგია, რის გამო. განსაკუთრებით ისჯებოდნენ ხელმოკლე ოჯახის შვილები, ქრთამის და საჩუქრების მიტანა რომ არ შეეძლოთ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ მაქვს ყველა პედაგოგზე, უმრავლესობა უღირსეულესი ადამიანი იყო. მაგრამ ზოგჯერ გამოერეოდა, როგორც მე მათ ვეძახი, სულმდაბალი, არაპროფესიონალი, აღმზრდელები, რომლებიც, თავისდაუნებურად, თუ შეგნებულად, ადამიანის სულს ამახინჯებდნენ.მახსოვს ძალიან მიყვარდა ხაზვა, (მაშინ ხაზვას სკოლაში ვსწავლობდით),კარგად ვხაზავდი, მთელი კლასი მთხოვდა დახმარებას. როცა საბოლოო ნიშანი უნდა გამოეყვანა ქალბატონ მასწავლებელს, მოგვთხოვა ნახაზების გაკეთება, ორი სამუშაო შევასრულე, ერთი ჩემი კლასელისთვის, და ჰოი, საოცრებავ, იმ გოგონას ხუთი დაუწერეს, მე-ოთხი, ძალიან მეტკინა გული, ეს ნიშანი ატესტატში შევიდა, გავბოროტდი მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ შხამს წვეთები ემატებოდა, ღარიბი ოჯახიდან ვიყავი, ოთხი და-ძმა მყავდა, ადვილი არ იყო მამასთვის ჩვენი შენახვა, მეცნიერი იყო, კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, დედა-დიასახლისი, ამდენ ბავშვებს მოვლა ხომ უნდოდა?! ჩემი საგნებში მომზადების საშუალება ოჯახს არ ჰქონდა, ძალიან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო იმ დროში, ბევრი ფული თუ არ გქონდა, ეს კი პატიოსანი შრომით ძნელად თუ მიიღწეოდა. მამა ეკონომისტი იყო და მეც მირჩია ეკონომიურზე ჩამებარებინა, მათემატიკას განსაკუთრებით კარგად ვსწავლობდი, მაშინ ალგებრას ცალკე საგნად გავდიოდით, გეომეტრიას-ცალკე, თავს ვიკლავდი, რომ ხუთები მყოლოდა,მინდოდა ამით დავხმარებოდი ოჯახს, რა უსამართლობა სუფევდა! ახლაც მიკვირს,საკონტროლო სამუშაოებში შეცდომა არ მქონდა და მაინც ოთხი მეწერა.ერთხელ პედაგოგმა დაფასთან გამიყვანა,ამოვხსენი მოცემული დავალება, უცებ ყვირილი დაიწყო, რომ არ იყო სწორედ გაკეთებული და რა პრეტენზია მქონდა ხუთებზე, როცა სამიც არ მეკუთვნოდა.მე დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში, გაოცებულმა შევხედე, ძალა მოვიკრიბე, (პირველად ცხოვრებაში) და მასწავლებელს ვთხოვე ეჩვენებინა, სად იყო შეცდომა, დაფას შეხედა, დიდხანს უყურა,უხმოდ დამაჯინა. მას შემდეგ შეურაცხყოფა აღარ მოუყენებია, მაგრამ მაინც ოთხები გამომაყოლა ატესტატში,ძალიან ვინერვიულე..მშობლებს არაფერს ვეუბნებოდი, მეგონა ჩემით გავიტანდი თავს, ცოდნა არ დამეკარგებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, თუმცა ეკონომიურზე ადვილად ჩავაბარე, ატესტატის ქულებიც მეყო და გამოცდებში მიღებული ნიშნებიც, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა..ამიტომ პედაგოგებს ვთხოვ, ბავშვებს არ დაუკარგონ ცოდნა, დაეხმარონ, გაუგონ მათ, მოსწავლეებს კი-მეტი სიფხიზლე გამოიჩინონ, დაიცვან თავიანთი ინტერესები, რომ წარმატებით გაიარონ ცხოვრების გზა,ჩემსავით გული რომ არ დაწყდეთ.

Saturday, October 25, 2014

წელზე ხელი შემოვხვიე გაზაფხულს

წელზე ხელი შემოვხვიე გაზაფხულს,
დავუკოცნე საალუბლე ტუჩები,
საპატარძლოდ გამოწყობილს, ფერიანს,
უკან ხელი გადავუწყვე, ურჩები.
ცრემლიანმა ნუშის თვალი მომაპყრო,
ატმის ლოყა შეეფაკლა ვნებიანს,
ქარმა თმები აუწეწა გაბუტულს, -
მზე სავარცხელს, ოქროსკბილას, მოუტანს.

Thursday, October 23, 2014

არ დამზარდება

არ დამზარდება გითხრა: "მიყვარხარ".
მზე მარტოობის ღრუბელში ცურავს,
თავდავიწყების ნისლში გახვეულს,
არ მახსენდება დარდი და ურვა...

Tuesday, October 21, 2014

ყვითელი ფოთლები

რა მალე დასცვივდა ფოთლები საღამოს...
სადღაც იქ, შორეთში, ღამემ დღე აღამოს,
სადღაც იქ, შორეთში, წვიმები  ტირიან,
ყვითელი ფოთლები ქარდაქარ მიქრიან.

ვიცი, ასე შეგიყვარდი (სახუმარო სიმღერა)

ვიცი, ისე "შეგიყვარდი",
დიდ კონვერტში ათავსებ,
შენი გულის ამონადებს,
გარეთ, შიგნით მაძახებ.
გინდა, თვალი ამიხვიო
ტყუილითა და სიყალბით,
მაგრამ არ ვარ უკვე ბავშვი,
გულთან აღარ ვიკარებ.


Sunday, October 19, 2014

გკოცნი თავდავიწყებით...

ცის ფერებშიც შენ დაგეძებ,
სიზმარსა და ფიქრებშიც,
ქარს მოვყვები ოცნებებში, -
გკოცნი თავდავიწყებით...

დღის ნათელშიც შენ დაგეძებ

სასწაულის მოლოდინში
ვაღამებ და ვხვდები დილას,
დღის ნათელშიც შენ დაგეძებ,
ღამის ბინდშიც გარეთ მძინავს,
რომ ცის ვარსკვლავს ვთხოვო შენთვის
გვირგვინი და მეფის ტახტი,
დარახტული ცხენით ივლი,
არ მექნება შენი დარდი.

ღვთისშობლის სევდა

დაუფლებია ღვთისშობელს სევდა,
ის საქართველოს დაჩოქილს ხედავს,
გადმოვარდნია კალთიდან ბარტყი,
ახლა მაცხოვარს მიმართავს ნატვრით.
კვლავ აღადგინოს მამული დიდი,
მხოლოდ მას შესწევს ამისი ძალა,
ზეცას შესცქერის ქართველი რიდით,
უბეში ცრემლის მდინარეს მალავს.

Tuesday, October 14, 2014

გაუმარჯოს იმ ქართველს!

გაუმარჯოს იმ ქართველს,
დღეს შრომით რომ აღამებს,
სამშობლოზე ფიქრებში,
არც დღე სძინავს, არც ღამე.
ვაზის ლერწებს გადაწნულს
შემოგვავლებს ხეივნად,
ხეჭეჭურს და გულაბ მსხალს
ნაზად მოეფერება.
ჩვენი სახლის ერდოზე
გაიხარეს მერცხლებმა,
ოქროსთმიან ბიჭუნას
მზემ თვალებში შეხედა,
დაინახა, მომავლის უნდა
გვქონდეს იმედი,
სასახელო იზრდება,
ჭიკჭიკებენ ჩიტები.
ფრთებს გაიშლის ყანები,
ავ თვალს არ ენახვება,
ჩემი ბებოს ღიმილი,
ცისარტყელას გაჰყვება,
გაუმარჯოს იმ ქართველს,
მთას რომ არ ცვლის ბარზედა,
ყვავილებით დაპენტილ
ველს ღრუბლებში აჰყვება.


Thursday, October 9, 2014

ცეკვავდა ქარი

სიმებზე გულის ცეკვავდა ქარი,
აფერმკრთალებდა ფერების გამას,
ნისლი და დარდი წურავდა ზეცას
ძირს დაშვებული წვიმების ფარდად.

Tuesday, October 7, 2014

ნინო ჭავჭავაძეს

ფერების გამა, ცხოვრების დრამა,
სახეზე ჭმუნვამ დაგატყო კვალი,
რა ხელმა გხატა, ლექსების გარდა,
ბუნებამ გავლო ოვალი, მკრთალი..
თვალი- გიშერი, წამწამი- ტევრი,
სიკვდილს გაუწყებს სიტყვები მდევრის
და ოხშივარი სავსეა გესლით,
სუნთქვა ვერ იგრძენ, სხეულით, მერცხლის.
ძაძით მოსილო, ასულო მზისა,
არც მიწისა ხარ და არც რომ ცისა,
სიყვარულისთვის ტანჯულო, ქალო,
შენ უკვდავების გამხდარხარ წყარო.

Sunday, October 5, 2014

ღრუბლიან ზეცას გავყვები უბრად

უშენოდ ყოფნა არასდროს მსურდა,
მე მაპატიე, თუ ვერ გითხარი,
შემოიპარა სიკვდილი ქურდად,
ჩამომეფარა თვალზე ტიხარი...
სხივებში შენი დანახვა მსურდა,
ძაძით მოსილმა ვეღარ გიცანი,
ღრუბლიან ზეცას გავყვები უბრად,
გულს დასობია შავი ისარი.,

ქართველ გმირს!

შენ, საქართველოს იმედო,
შენ, საქართველოს ხატო,
ტკივილებს როგორ უძლებო,
გული გამოგყვა ფართო.
შენ სიყვარულში დაგლიეს,
გადაქცეულხარ სულთქმად,
შენი ჭირიმე, ლომგულო,
სულის სიმებზე უკრავ.

Saturday, October 4, 2014

ჩემი ხარ და არც ჩემი ხარ!

ჩემი ხარ და არც ჩემი ხარ,
საფირონის სადარო,
თვალებს ქარი დაგიკოცნის,
ლამაზ იას ჰგავხარო.
მთაზე მოლი დაფენილი
ემაგ კაბის ფერია,
მზე და მთვარე დაფერფლილი
ცისკიდურზე გელიან.

Friday, October 3, 2014

ჭრელი ჩაგიცვამს კაბაი!

ჩემი ხარ თუ არც ჩემი ხარ,
მზისა სხივების სადარო,
ქარი აგიწეწს კულულებს,
იას ლურჯთვალას ჰგავხარო,
ჭრელი ჩაგიცვამს კაბაი,
მთას შასდგომიხარ მოლიანს,
ჭინკა გიცეკვებს ქორწილში,
დევი საჩუქარს მოგიტანს.

Monday, September 22, 2014

მე შემოდგომის ფოთოლი ვარ! ( ვუძღვნი ემიგრანტებს)

მე შემოდგომის ფოთოლი ვარ, - მცივა და მტკივა,
ქარმა შორეთში, უგზოუკვლოდ, ფრენით წამიღო,
სხვის მიწა-წყალზე შევეხიზნე სიჩუმეს სტუმრად,
სამშობლოს ფერებს  მონატრებად მხრებზე დავიწყობ.
გამოლეულა მოთმინება, სიზმრებში ვტირი
დედას, უნახავს, (გულმოკლული დატოვებს სოფელს),
სულის ძაფები, გამობმული მშობლიურ სახლთან,
არ დაწყვეტილა, - სასოებით ეკვრიან შორეთს.
ფრესკები ძველი ეკლესიის ისევ მელიან,
ვფიქრობ შვილებზე, - უდედობის აჩნიათ დამღა.
ეს განშორება გასაოცრად სისხლისფერია, -
გულს შეეპარა ტკივილი და ცხოვრებით დაღლა...
მცივა და მტკივა,მხოლოდ ეკრანს ვეხები ხელით,
სინაზის, წყენის, სიყვარულის ლექსებს ვღიღინებებ,
შემოდგომის ქარს გამოვყვები ისევე ფრენით,
მშობლის საფლავზე უსასოო ცრემლით ვიტირებ.


Saturday, September 20, 2014

ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში

ქოლგას გამიხსნის ოქტომბრის ზეცა,
ზედ წვიმის წვეთი ლეკურსა ცეკვავს,
ძირს დაცვენილი ფოთლების ფერში,
ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში.

Friday, September 19, 2014

მონატრება (მოთხრობა)

     თავზე ლურჯი ცა მეხურა, მაგრამ თითქოს ჩემი არ იყო, რაღაც აკლდა, პირს სიამოვნებისაგან ვაწკლაპუნებდი, წინ მაყვლოვანი გადაშლილიყო, შავი ნაყოფი ცვარივთ ეყარა ბუჩქებს, კალათას გავავსებ, ბავშვებს გავახარებ,- ვფიქრობდი, ეკლებს არ ვეპუებოდი,ხელით ვწევდი ტოტებს, ფეხებსაც ვახმარდი, მალე დავსისხლიანდი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მახსენდებოდა ჩემი ბიჭის გაშავებული პირი და მხიარული სახე, ნეტა წამომეყვანა, -ვფიქრობდი, სისხლი მომაწვა სახეში, გამახსენდა, რომ ვერ დადიოდა, თბილისში ექიმებმა ცერებრალური დამბლა დაუდგინეს, ამ ავადმყოფობის სახელიც კი ძლივს დავიმახსოვრე. ტირილი მომინდა, მაგრამ გავხედე მაყვლოვანს, წარმოვიდგინე, როგორ გაიხარებდა ბავშვი და საქმე განვაგრძე. ორი ბიჭი მყავს, ერთმანეთზე უკეთესები, უფროსი კარგად სწავლობს სკოლაში, ენაცვალოს დედა, ისიც ჩაიგემრიელებს პირს, თორემ იმ პაწაწკინტელა სამოსახლოში, ომის შემდეგ რომ მოგვცეს, რა ხილი უნდა ჭამო, მართალია დიტომ ხეხილი ჩაყარა, მაგრამ ეგ როდის იქნება, ამიტომ მიწევს ტყეში სიარული, იქნებ შვილებს რამე მივუტანო,- ვფიქრობდი ნაღველით. ეჰ, ჩვენს ცხოვრებას თუ ცხოვრება ჰქვია, იმოდენა სახლ-კარი, ბაღ-ვენახი დავტოვეთ და ახლა აქ, პატარა მიწის ნაგლეჯზე ვცხოვრობთ,  ღმერთო, არ გეგონოს რომ უმადური ვარ, მიხარია რომ გადავრჩით,თუმცა ამდენი დარდისაგან ხეიბარი  შვილი შემეძინა. მერე რამდენი დაიღუპა.., რამდენი დასახიჩრდა,,, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, ჩემი სახლ-კარი მენატრება, ჩემი ჭალა, ჩემი ვენახი, ჩემი კარ-მიდამო, ჩემი მიწა, მერე როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მეზობლებს... ვინ იტყოდა, მე ქართველი ვარ და ის ოსიო...მეც ოსი ვარ, მაგრამ ვისზე ნაკლებად მიყვარს საქართველო?! ძნელია ავადმყოფი ბავშვის თბილისში ტარება, მასაჟები ჭირდება, ფული არა გვაქვს, ქმარი საშოვარზე თურქეთში წავიდა, მაგრამ იქაც ბევრი ვერაფერი იხეირა.ამას წინათ თამბაქოს პლანტაციებში მუშაობდა, მასთან ერთად ორი კასპელი კაცი ყოფილა, ერთს მეორესათვის 300 თუ 400 ევრო ესესხებინა, მსესხებელის შვილი გათხოვილიყო და ცოლმა ფული შემოუთვალა, ამანაც თურმე მევალეს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მეორე დღეს ის უბედური ყელგამოჭრილი იპოვეს. იმ ამბის მერე ჩემს ქმარს იქ აღარ დაედგომებოდა, ეს ქართველები ვინა ყოფილანო, უკვირდათ თურქებს, რა დრო დადგა, რომ ქართველი კაცი ტვირთად დაწოლია დედამიწას და აგორებული ქვასავთ მოწყვეტილა....ფიქრისაგან ტვინი გამეხვრიტა, ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი, ყანებიდან მწყერის ხმა იმოდა, ჟრუანტელმა დამიარა ტანში, უფალო, არ მოაკლო საქართველოს ხვავი და ბარაქა, ადღეგრძელე და ადიდე. ჩემი ბიჭიც კარგად იქნება, ვჩურჩულებდი, - უცებ ყველაფერი განათდა, მზე ღრუბლებიდან გამოსულიყო, თავზე ხილაბანდი შემოვიჭირე და სავსე კალათით დავადექი სახლისაკენ მიმავალ გზას.

Thursday, September 18, 2014

ხტუნვა-ხტუნვით მოდის წვიმა

ხტუნვა-ხტუნვით მოდის წვიმა,
ყველა მინდორს დაურბინა,
მწყურვალ ველებს მისცა შვება,
მიწას ნაზად ეფერება.
ვარდმა გახსნა გულის კარი,
იღიმება დედოფალი,
მოანდომა ბულბულს სტვენა,
წვიმა ბრწყინავს ფერადებად.
თავს უკრავენ ზამბახები,
წყალს იწოვენ განაზებით,
სადღაც არ წვიმს შორიახლოს,
უნდა წვიმა მიეახლოს.

ჩამჩურჩულებენ იასამნები (ერთსტროფიანი)

აჰა, დამდგარა სიცოცხლის ბოლო,
კვლავ უსახური მოჩანს ლანდები,
"ვერ შეასრულე ორკესტრში სოლო",
ჩამჩურჩულებენ იასამნები.

ესიზმრება დიდი კატა (საბავშვო)

შხაპუნია მოდის წვიმა,
თაგუნიას ტკბილად სძინავს,
ესიზმრება დიდი კატა,
სასაცილო პულტით მართავს.

წკაპა-წკუპით მოდის წვიმა (საბავშვო)

წკაპა-წკუპით მოდის წვიმა,
თამუნიამ დაიძინა,
ესიზმრება ტყე და მდელო,
გოგო არის სასახელო,
ეს რა მოაქვს მშრომელ გოგოს?
გაუვსია კაბის კალთა,
ნაწვიმარზე სოკოების
კრეფას ვეღარ აუთავდა.


Sunday, September 14, 2014

სახუმარო ლექსები





გოგოვ, შენი სილამაზით
ეკალს სისხლად ვედები,
სამეგობროდ გამოუშვი
ფრთაფარფატა მტრედები.



გულში კოცონს დაგინთებდი,
თავსაც შეგაყვარებდი,
რომ მქონოდა მაყვალივით
გიშრისფერი თვალები.


მელამ გაჰკრა კბილი მამალს,
დარჩენილხარ პირღია,
ვიღას ეტყვი, რომ საქათმე
შენ თვითონ გაგიღია.


საპალნე მაქვს მოკიდული,
კაცსაც არ ვებრალები,
სააღდგომოდ ვიქეიფებთ
ჩემნაირი ქალები.



დედა არ ამბობს ტყუილს!

მინდოდა მეთქვა, -  რაა,
ფასი არა აქვს მართალს?!
დედა ტყუილისთვის მსჯის,
მასწავლის სიტყვას მართალს!
ცრუს და მაცდურის ხიბლს,
ვეტყვი ყოველთვის არას,
დედა არ ამბობს ტყუილს,
ყოველთვის ამბობს მართალს!

დიდებული ნიკორწმინდა

თვალით ვეძებ ნიკორწმინდას,
ადგილია იგი წმინდა,
გზას გვისახავს, როგორც ბრძენი,
ტაძარია მადლის მჩენი.
აქ უვლიათ სეფექალებს,
ვკოცნი იმათ ნატერფალებს,
დამჩნევია უკვდავებად
ყვავილები უკარება.
ხელებს მიწვდის, მდუმარება,
უსაზღვრობას ებარება,
დიდებული ნიკორწმინდა,
თითქოს ციდან ჩამოფრინდა!

Wednesday, September 10, 2014

მონატრება (ვუძღვნი მეგობარს)

შემოდგომის ქარს არ მოუწევს ჩემი ლოდინი, -
ერთად ვიცეკვებთ და ფურცლებად ფოთლებს ავკინძავთ,
ყველა მათგანზე ეხატება ჩემი ღიმილი, 
როგორც უსიტყვო მელოდია ლურჯი ღამისა.
თმებში ჩარჩენილ ხელის სითბოს ვგრძნობ,
როგორც რომ იმ დღეს,
იმედით, სევდით მიყურებდნენ შენი თვალები,
ვეღარ გიშველე. ახლა გიწვევ სიზმრებში ისევ...
იქ ვერასოდეს, ვერასოდეს დამემალები.
შემოდგომაა, ვიღაც თითებს მიცურებს თმაში...
თუ შენ ხარ ისევ, -  გულის სითბო გინდა გამიყო,
ქარი გამიწვევს საცეკვაოდ ნაცნობი მარშით...
ზეცის კარებთან მონატრების ფიქრებს დაგიწყობ.

Tuesday, September 9, 2014

გზის პირას იდგა მდუმარე ვერხვი

გზის პირას იდგა მდუმარე ვერხვი,
აფრთხობდა ქარი, გრიგალი, ყინვა,
შერჩენილ ფოთლებს ათბობდა მზეში,
იმედს მიწაში დაედო ბინა.

ნიკორწმინდას! (ხალხურ მოტივებზე)

შევცქეროდი ნიკორწმინდას,
ჩუქურთმებში დავიკარგე,
ცხრა ძმა, ცხრა და მომტიროდა,
არ წამოველ, არ ვინაღვლე,
იქ დარჩენას არა სჯობდა, -
ახლოს იყო ცათა სარკე.

მარიამს (ღვთიშობელს)

შენი აჩრდილი მუდამ თანა გვდევს,
თურქი და სპარსი რწმენით დავნაცრეთ,
პირში ჩავჩარეთ მახვილი მდევრებს,
შენს სიტყვას, ლოცვას უხილავს ვენდეთ.
ხელში ავიღეთ ღვთიური წიგნი და
საგალობელს ზეცაში ვიტყვით,
საკმევლის სუნი მოგვიყვანს შენთან,
ციურო მადლო, იესოს დედავ!

Monday, September 8, 2014

მე სიტყვებს ვეძებ!

მე სიტყვებს ვეძებ,
ვით მკურნალი -
მთაში ბალახებს...
მინდა გიპოვო,
უსაასრულოდ
მინდა გაცოცხლო...
რაც არ რგებიათ
ამქვეყანად
ბარე ათასებს, -
ყველა ნოტსა
და სიმღერაში
ცრემლად დაგტოვო.

მიყვარხარ!(ჩანახატი)

ვჩუმდები, იმიტომ რომ არ ვიცი, რა გიპასუხო,
იმიტომ, რომ მიჭირს შენი ყურება, როცა ბრაზობ,
იმიტომ, რომ დედამიწა მრგვალია და
ყველაფერი ერთ წერტილში იყრის თავს,
ყველაფრის საწყისი და დასასრული სიყვარულია,
აზრის დაბადება არაფერია, თუ ღირსეული ბოლო არ მოუძებნე,
ამიტომ ვჩუმდები და გელოდები,
იქნებ შენ ხარ ჩემთვის ყველაფრის დასაწყისი და ბოლოც...
მიყვარხარ!

ქალი ხარ, თუ ალმასი ხარ (სიმღერა)

ქალი ხარ, თუ ალმასი ხარ,
ისევ ისე ლამაზი ხარ,
არ გეცვალა ფერი, ხორცი,
ქარი ისევ ისე გკოცნის,
ისევ ისე გეფერება
ეს სამყარო, ნატვრის თვალო,
ქალი ხარ, თუ ალმასი ხარ,
მენატრები, დედოფალო!

მიხარია, ლამაზო (სიმღერა)

მიხარია, ლამაზო,
მზე ოქროს ტახტს გთავაზობს,
ქარი ოქროს საყურეს 
როგორც ფოთოლს წაგაძრობს,
თუ არ შეწყვეტ ცელქობას,
თუ არ დამორჩილდები,
ტუჩის საცხის გარეშე
უფერული იქნები.

Friday, September 5, 2014

შემოდგომის საღამო (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

აკინძულა ფოთლები,
მზე ღრუბლებში თამაშობს,
დავახვედრე ოცნება
შემოდგომის საღამოს.
თვალებს აღარ ვუჯერებ,
ცა ლიმონის ფერია,
ქარმა ცეკვით გაგვართო
მე და ჩემი ფერია.
ოქროსფერი ხალიჩა
ფეხქვეშ რბილად გვეგება,
შემოდგომის საღამო
ხონჩით მოგვეგებება.

Tuesday, September 2, 2014

აღარა მაქვს ძალა, ღონე

აღარა მაქვს ძალა, ღონე,
ამ ცხოვრებამ გამთელა,
ჩემს სულს ფრთები გამოვასხი,
დარდი დამრჩა ნაკერად.

ნატვრის თვალო (სიმღერა)

ქარი ხარ, თუ გრიგალი ხარ,
თვალმომწონე, ნატვრის თვალო,
გადავლახე ქარაფები,
რომ ჩაგიკრა გულში, ქალო.

Sunday, August 31, 2014

იქნებ ერთხელ შემომხედო (სიმღერა)

სისხლისფერი ტუჩები გაქვს,
მზის სხივი გაქვს თვალებში,
თმებს გიწეწავს ნიავ-ქარი,
რომ დაგახრჩოს ალერსში.
ყვავილებით შემოწნული
ველი ფეხქვეშ გეგება,
იქნებ ერთხელ შემომხედო,
მაკოცნინო, ეგება.



Thursday, August 28, 2014

ქარივით მოგეპარები (სიმღერა)

ქარივით მოგეპარები,
კულულებს მიგიყრ-მოგიყრი,
თვალებში მზის შუქს დაგინთებ,
ვაზს ჰგავხარ ახალამოყრილს,
ყურძნის მტევნებად დაგწურავ,
ცრემლი გდიოდეს სიამის,
როგორც ბარტყს, ფრთებქვეშ დაგმალავ,
დავკოცნი ტუჩებს, ალუბლის.

მარიამს! (ღვთიშობელს)

ჩვენო სისხლის წვეთო,
ჩვენო დედოფალო,
ჩვენო სიყვარულო,
დიდი ღმერთის დედავ,
თვალი გადმოავლე
შენს წილ საქართველოს,
მუხლზე დაჩოქილი
თხოვნას ვერა ვბედავთ.
მოგვეც სასოება,
გული გაგვინათე,
მტერი დავამარცხოთ
რწმენით, ნება-ნება,
ჩვენო სისხლის წვეთო,
ჩვენო დედოფალო,
შენი თვალთა შუქით
გული გვეთანგება.


Tuesday, August 26, 2014

სამართალი ნუთუ ქვეყნად არ არის?

ამ ცხოვრებამ უსინდისოდ ამოგვსვარა ტალახში,
უვიცს ოქროს ტახტი მისცა, დაასვენა ბაღნარში,
ჭკვიანი კი, მშიერია, ვეღარ შეჭამს არახისს,
ვერ გავიგე, სამართალი, ნუთუ ქვეყნად არ არის?

Saturday, August 23, 2014

პატარა თინათინს

თინათინო, თინათინო,
მინდა მუდამ გაიცინო,
მზემ გიკეროს ოქროს კაბა,
ქარი იის ღილებს აბამს,
თვალებს ჰქონდეს მთვარის შუქი,
ცამ მოგაცვას ლურჯი ქურქი,
მარგალიტებს ვერ მალავდეს,
ტუჩი, ლალი, ფერად მუქი..

Monday, August 18, 2014

გულში ბოროტი დაგიდის ჭია

არ ვიღებ ბოდიშს, სათქმელი ითქვა,
გულში ბოროტი დაგიდის ჭია,
არა გაქვს ღმერთის რიდი და კდემა,
შენში ეშმაკი უზანგებს ჭედავს,
რომ ჯოჯოხეთის გამოგწვას ცეცხლში,
დაგაწყევლინოს ბედი და თავი...
სულს ნუ წაიწყმედ, გამართე ბრძოლა,
ღვთის დახმარებით გამოხვალ ნაპირს.

დაუნდობელო ცხოვრებავ!

დაუნდობელო ცხოვრებავ,
ტანჯვა, წამება მანახე,
ზოგჯერ ცრემლებად დამღვარე,
ხან შავი მიწით მანაყრე,
ვერ გავუძელი დუხჭირ ბედს,
უფსკრულთან გავითანაბრე,
ორმოს ვუთხარი სათქმელი,
კაცთან რომ ვერა გავაწყვე.

Sunday, August 17, 2014

თოკი გამოვაბი იმედს

მუხლზე დაჩოქილი დგახარ, საქართველო,
გზები, დაბზარული, დგანან ნაპირებად...
ტბებად დაქცეული სისხლი წინაპრების
ზღვასთან შეერთებას ცრემლით აპირებდა..
სული სავსე არის დარდით, კაეშანით,
გენი ქართველობის ქრება, იკარგება,
თოკი გამოვაბი იმედს ჯაგრიანი, -
იქნებ დავიჭირო, თორემ გვიანდება.

Saturday, August 9, 2014

ყმაწვილებს

ღმერთმა დაგვინთო ცოდნის ლამპარი,
გზას გაგვინათებს იესოს სიტყვა,
წყვდიადს დაბორკავს, მზეს ამოწვერავს,
ოქროს სხივებით დაფერავს მიწას.
შრომა და ჯაფა ნუ დაგვზარდება,
პური არსობის მოვიმკოთ ძვირად,
სიკეთით, სწავლით, კაცთმოყვარებით,
სამოთხის ბაღში დავიდებთ ბინას.

Monday, August 4, 2014

ათინათი(საბავშვო)

ათინათი, ათინათი,
მზეს დაადო ფისომ თათი?
თუ სხივებმა გაიწვიეს
სათამაშოდ ჩვენი ბატი,
ვინ დაასწრებს რომ შეჭამოს
ოქროსფერი ფერთა კანტი,
არ აცლიან, ერთურთს სცემენ
ჩვენი ფისო, ჩვენი ბატი,
მზემ ხის წვერზე გადინაცვლა,
უმალ გაქრა ათინათი,
შერცხვენილი ფისუნია
ახლა გარბის ოთხი თათით.

Sunday, August 3, 2014

ვარდი დამზრალი (თინიკოს!)

ვარდი დამზრალიც, ვარდია ისევ, -
ვერ შეედრება მას სხვა ყვავილი,
ის სადედოფლო კაბაში რჩება,
თუნდაც დააკლდეს ფერუმარილი.
საამო არის მისი სურნელი,
დამსგავსებია საკმეველს, ემბაზს.
გრძნობით უმღერის ნაზი ბულბული,
მხოლოდ ყვავები ბედავენ ყეფას.

თინათინს

თინათინს გული სტკენია,
წლებმა წაიღო სილაღე,
ვარდი წითელი დამზრალა,
ეკლები დარჩა სინაზე,
მაგრამ ფურცლები ნაზია,
არ დაჰკარგვია ფერ-ხორცი,
ის სამურაბე ვარდია,
მზე ყვირიმალებს უკოცნის.

ტყემ ტყეს გადსცა ამბავი

ტყემ ტყეს გადასცა ამბავი,
უთხრა მთისა და ბარისა,
მზეთუნახავზე უამბო,
ნიავმა იუკადრისა,
ეგ ჩემი გულის სატრფოა,
დავფოფინებ და ვანაზებ,
ცუდი არა სთქვათ მასზედა,
დაგაცლით ტოტებს ლამაზებს.
ტყეს გაეცინა, ლაღობით
ფოთლები გააშრიალა,
ვაჟს შეშა მიაქვს საზამთროდ,
ცხრა ზღვა და ცხრა მთა იარა,
თავის საყვარელს აამოს,
მტერს დაამჩნია იარა,
ახლა კერიას დაუნთებს,
გაზაფხულს წავა იალაღს.

Saturday, August 2, 2014

მხოლოდ რწმენა

გადახსენი ჩემო მიწავ, შენი გულის პერანგი,
დაგიშუშო ჭრილობები, მტერი გცემდა ვერაგი,
შეგიხვიო სუფთად, ნაზად, ზედ დაგადო მალამო,
სული ჩემი ნუ წარწყმდება, მინდა გულით გაამო.
ვერ დავითვლი ლეგიონებს, დღესაც ისევ გესევა,
შინ და გარეთ გძარცვენ, გგლეჯენ, მერე გვხდიან მდევრებად,
ჩამოსულან უცხო ტომის მრჩეველნი და მქირდავნი,
ჩვენ ერს უნდა შეასწავლონ მცნება ქრისტეს იგავის,
რომ ცუდია სუსტის, ჩვილის, ქვრივ-ობოლის დაჯაბნა,
ევროპაში ძლიერ გვიჭირს ადგილების დაჯავშნა,
რუსთაველის სამშობლოში ჩვენა გვხდიან ფაფანაკს,
მხოლოდ რწმენა დაგვიმკვიდრებს სამოთხეში აგარაკს.

Friday, August 1, 2014

მე წვიმა მიყვარს

მე წვიმა მიყვარს,
ახლაც წვიმს,
ზომა ემატა წყალს,
ხან გზებზე მიედინება,
ხან შეერთვება ზღვას,
მოდი, ნუ გაგიკვირდება, -
ჩემს გულს კვლავ
გვალვა კლავს.

დიდ თამარს

შენ საქართველოს სულისთქმა იყავ,
გულზე იებით, გადანაყარით,
მხრებს გიმშვენებდა ნაწნავის სიგრძე,
შუბლზე გეწერა, ქალი- თამარი.
ანთებულ სანთელს გამსგავსა ზეცამ,
აკვნიდან შუქით, გამონაყოლით,
ჩვენ გვიმზადებდი უტკბილეს ნექტარს,
რუსთველის ლექსებს, სხივად აკონილთ..
შენ საავდარო ხედნე, ღრუბელი,
მტერი დასეტყვე სიტურფით, თვალის,
ერს დაახურე ნატვრის საბანი,
შემოკერილი ლოცვების სალტით.
შენ მაღლა ზიდე მშობელის ტვირთი,
ყველა ქართველის იყავი დედა,
მეოხ გვყავ ღმერთთან, დიდო წმინდანო,
გამარჯვების გზა გავლიოთ ერთად.

გულზე ყვავილივით მიმიწვინე

გულზე ყვავილივით მიმიწვინე,
თავზე წვიმა დამდის, საავდარო,
კაბა დამისველდა ოქროსფერი,
მზემ რომ დამიტოვა სადარბაზოდ.

Thursday, July 31, 2014

ფარჩებად ჰყრია

ტიროდა ზეცა და ლურჯი ფარჩა,
სადღაც შორეთში, მთის იქით დარჩა,
ზღვას შემოსცმია ფერები მწუხრის,
აფრები, თითქოს, ქედს უხრის წუხილს..
გაუტაციათ შავ ზვირთებს ბავშვი,
დედის ცრემლები აწყდება ნაპირს,
პატარას თვალი შემორჩა ღია,
მისი სამოსი ფარჩებად ყრია.

რადა ლაღობ, უფლის ჩიტო?!

-რადა ლაღობ, უფლის ჩიტო,
რად ჭიკჭიკებ, რადა მღერი?!
-დილით ბიჭი დაიბადა,
ასახელოს უნდა ერი!
მამულს რწმენით ემსახუროს,
ღვთიურ სიტყვას მისცეს ფასი,
სიყვარული ჰქონდეს მუდამ
ჯერ ღმერთის და მერე კაცის.

ციცქნა ბიჭი(საბავშვო)

ციცქნა ბიჭი მუშტებს იქნევს,
ემუქრება კატის ცინტალს,
შენ დარჩები კოკროჭინა,
მე მივწვდები ღრუბლის ფთილას,
რომ გავხდები მუხის ხელა,
კუნთს დავიდებ ბატიბუტად,
მე დავდგები გამრჯე კაცი,
შენ კი, ივლი უსაქმურად.
თაგვის ჭერა შენ არ იცი,
თევზი ვეღარ მოგართვიო,
ანკესი რად გამიფუჭე,
სარჩენი მყავს ოჯახიო.

მუხრანის ზემოთ

მუხრანის ზემოთ ტყე არის ლურჯი,
მუხრანის ქვემოთ მწვანეა მდელო,
გზებზე თამაშობს, ბინდს იკრებს ნისლი,
მგზავრს, გვიან მავალს, მგელივით მტერობს.
მშვილდად მოზიდულ მთებს ვეტყვი სალამს,
ყაყაჩოს, წითელს, ჩავიკრავ გულში...
გთხოვ მაპატიო, ღმერთო, ყოველი,
რაც არ მესმოდა ურწმუნოს, გუშინ.

Wednesday, July 30, 2014

მე არ გპატიობ

მე არ გპატიობ, გულს, გატეხილს,
სარკეში ჩემი ცხოვრების ნატეხებს ვხედავ,
მაგრამ მაინც მიჭირს მათი გადაგდება,
ისინიც შენი ნაჩუქარია.


Sunday, July 27, 2014

დეპრესია (სახუმარო)

მომერია დეპრესია,
პრესის ქვეშ ვარ
შინ და გარეთ,
ირგვლივ მუქი ფერებია, -
ეს სამყარო მიგებს მახეს.
ეს რა იყო, არ ვიცოდი,
სევდა ისევ მომეძალა, -
ღამით სულმთლად აღარ მძინავს,
ამერია დრო და ხანა.
ნეტავ ჩვენი წინაპრები
თუ იცნობდნენ ამგვარ საფრთხეს...
გამოწერდნენ შვილებისთვის
იმთავითვე  თოხის აბებს.

Saturday, July 26, 2014

ღალატი (სახუმარო)

როგორც ქარი, ბნელ ოთახში,
დიდ მარულას გამართავს,
ზოგი ქმარიც, თუ  ენდობი,
ღალატის ქსელს დაართავს,
მერე თვითონ გაებმება,
ხდება სხვისი მორჩილი,
შენს ქმარს, ქალო, სხვას ნუ მისცემ,
თორემ გელის "პროფილი".

ღმერთო!

ღმერთო, არა მსურს მე მოსვენება,
მინდა გავწიო ჭაპანი, ტვირთი,
დილით მზემ მინდა სხივი მაყაროს,
ღამემ დამატკბოს ვარსკვლავთა ხიბლით.
მთამ მინდა მასვას წყაროს ნაჟური,
ზღვამ დამარწიოს, მიმღეროს ნანა,
შვილთა ისმინონ სიტყვა ქართული, -
სიმართლის ჯვარით იარონ მარად.

Friday, July 25, 2014

მძინავს თუ მღვიძავს

მძინავს თუ მღვიძავს,
შენში ვარ მარად,
როგორც აპრილი...
დავისადგურე და
ფერებად დავრჩი:
იისფერ, წითელ,
მოლურჯო გამად...

Thursday, July 24, 2014

იესოს

შენ სიყვარული გვასწავლე, წრფელი,
შენ აღტაცების მოგვეცი ძალა,
შენ გადაპენტე ოცნების ველი,
შენ მოგვეც ძალა, ვერ ვიგრძნოთ დაღლა.
შენ დაამშვენე იებით სული,
შენ დაამარცხე გრძნეული, ურჩი,
გრძნობებავსილი ვეტრფით სამყაროს,
რომელიც ბრწყინავს შენეულ შუქით.

ოცნების გემი

მეჩეჩზე დარჩა ოცნების გემი,
რიფზე დაიმსხვრა ანძა და კიჩო,
ცხოვრების აღმართს მივყვები რყევით, -
ვხედავ თვალნათლივ, - არავინ მინდობს.
ფერად სიზმრებში მინდა გათენდეს,
ბავშვობის სურათს შევმატო ფერი,
თავი ჩავუდო დედას კალთაში
და კვლავ მარწევდეს ოცნების გემი.

Tuesday, July 22, 2014

შენ!

აპრილმა ველი გაავსო ლხენით,
მაისმა კოცნით - ვარდის სამყარო,
მე ყვავილივით სხივებით ვთბები...
ნუთუ არ გინდა, დარდი გამყარო...

Sunday, July 20, 2014

სულის ტკივილი

მე არ მაწუხებს ყინვა და თოვლი, -
სულის ტკივილი მამძიმებს მხოლოდ,
რატომ არა ჰგავს ცხოვრება მინდვრებს,
ყვავილებად რომ ამკინძოს ბოლოს...
აყვავდებოდეს ნუში და ფშატი,
თეთრი ფიფქების გავეხვე ნისლში,
სხივმა გაადნოს გულში ყინული,
რომელიც მწვავს და ძარღვებში მივლის.

Friday, July 11, 2014

წვიმდა და ცრემლი ცვიოდა ციდან

წვიმდა და ცრემლი ცვიოდა ციდან,
ედინებოდა მშვენიერ  სახეს,
დარდი სხეულში ბილიკებს თხრიდა, -
წმინდა სიყვარულს დაუგეს მახე.

Thursday, July 10, 2014

სამყარომ ვაზი ცრემლად დაწურა

მინდა ჩავიცვა სხეულზე შავი, -
გულში სიბნელემ დაისადგურა...
უცნაურ ველზე გაშლილა დარდი, -
სამყარომ ვაზი ცრემლად დაწურა.

სინანაული

ღრუბლებში ფრენას არავინ გვიშლის,
მაგრამ ოცნებას დასწვია ფრთები,
ჩვენივ ქმედების მოსავალს ვიმკით, -
ვეღარ შევცქერით მომავალს ლხენით.
შენდობას ვითხოვთ, ვასველებთ ბალიშს,
იქნებ უფალმა წყალობა გვიყოს,
ჩვენს შვილებს მისცეს კეთილი დღენი, -
სინანული ხომ სამყაროს იპყრობს.

Tuesday, July 8, 2014

შემოდგომა (სულის პეიზაჟი)

ფეხქვეშ ფოთლების მეგება წყება
და შემოდგომის მამცნობს დადგომას,
ხეთა სხეულზე სამყარო ცვდება,
სულში ცრემლების ღარი დატოვა.



ვარდის სურნელმა დამათრო

ვარდის სურნელმა დამათრო,
სამოთხის კარი გამიღო,
ჩემს სულს ნათელი მოჰფინა,
დარდი მდინარემ წაიღო.

დავრჩი მარტო

საიდან მოდის და საით მიდის
ჩემი ფიქრები, ოცნების წყარო,
ხან გამაქანებს თავდავიწყებით,
ხან სამოთხეში მოხვედრას ვჩქარობ.
ფრთებს გავისწორებ, როგორც მერცხალი,
სულის ფრთხიალით ვეწვევი მნათობს,
ძირს დავეშვები და მაშინ ვხვდები,
დამწვია ფრთები და დავრჩი მარტო.

Sunday, July 6, 2014

გაშავებულა ალგეთის წყალი

აღმართულია გლოვის დროშები,
გაშავებულა ალგეთის წყალი,
კლდემ შემომხედა უტყვი ვედრებით,
უსამართლობამ დაუვსო თვალი.
მთაში გაისმის ქუხილი,  გრგვინვა,
გულს კი არ ესმის, ჩუმია ექო,
კვლვ შემოსძახეთ, მთანო მაღალნო,
ტალახმა, ჭუჭყმა როდემდე გვლეკოს?!

გამონათქვამები

სიყვარულია დიდი შენდობა,
თუ კი ამისთვის ძალა გეყოფა.

სულგრძელ ადამიანს სულში ვერ ჩააფურთხებენ.

გაშალე მხრები, გაასწორე კისერი, აწიე თავი და გაეშურე შენი მიზნისაკენ,
წინ ვერავინ დაგიდგება.

რწმენა ყველაზე დიდი ძალაა ამქვეყნად.

შეუნდე, აპატიე და შენც ვერ მიხვდები, როგორ დაიწყებ ზეცაში ფრენას.


ჩემი სკოლა

თეთრი საყელო, სასკოლო ფორმა,
შეკრული თმები დიდი ბაფთებით,
წიგნების დასტა, დაფასთან გასვლა,
დღიური, სავსე ხუთიანებით.
ამისთვის დიდი, უზღვავი შრომა,
უძილო ღამე, ბეჯითად სწავლა,
თავს არ ვზოგავდი, რომ შემძლებოდა
ცხოვრების გზაზე თამამად გავლა.


სიყვარულს კაცი ამქვეყნად იმკის

თავზე მევლება პეპლების წყება
და უსასრულო ფიქრების ჯაჭვით,
მივეშურები იქ, სადაც ცხელა,
იქ, სადაც ტალღა ევლება ნაპირს.
მშობლიურ გემზე მგზავრი ვარ მხოლოდ,
ერთი მათგანი, ვინც ღმერთის შიშით
მტერს აპატია ყველა შეცდომა
და დიდ სიყვარულს ამქვეყნად იმკის.

Saturday, July 5, 2014

მამას

ღრუბლის ფთილაში გამხვიე,
ზედ დამახურე საბანი,
ნანას მიმღერებს ქარი
და მაკოცებს იასამანი.
სამოთხის ბაღში ვყოფილვარ,
რად არ ვიცოდი, მამაო,
ის შუქი ჩემზე გადმოდის,
ღმერთთან რომ მიგიყვანაო.


Friday, July 4, 2014

მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი

სწყურიათ ველებს, ელიან წვიმას,
ხეების ზემოთ ჩამოდგა ბინდი,
მე მოლოდინმა ისე დამღალა,
სამყაროს ვუცქერ ტანჯვით და რიდით.
სწყურიათ ველებს, ელიან წვიმას,
წვიმის წვეთებთან მეწყვილედ ვივლი,
კვლავ ეშველებათ გამომშრალ ველებს,
მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი.

წვიმს შეუწყვეტლად

წვიმს შეუწყვეტლივ, ღრუბელი მახრჩობს,
ბურუსში ფიქრებს ჩავკიდე ხელი,
გამოვკლებივარ ყველა მეგობარს,
მზიან ცხოვრებას დააკლდა დღენი.

Thursday, July 3, 2014

ევროპაში დარჩენილ ახალგაზრდებს

არასოდეს, არასოდეს, - გაჯიუტდი, როგორც ვირი,
არასოდეს ჩამოვალო, - დაჟინებით ასე გვითვლი,
არასოდეს შევხედავო საქართველოს მთას და ბარსო,
-რა განახეს უკეთესი, რომ აჯობა ანჩის ხატსო?!
შენი სული დაბნეულა, მარცვალ-მარცვალ გაფანტულა,
ზნე ქართული შეგიცვლია, შემოგვყურებ ერთობ მტრულად,
ვინც სამშობლოს უღალატებს და კაცობას ფეხქვეშ თელავს,
რომ დარჩება მარტოდმარტო, ის ეყოფა დასასჯელად.

აფრინდი ზევით

აფრინდი ზევით, თუ შეგწევს ძალა,
ნუ დაიმძიმებ ცოდვებით სხეულს,
ქრისტეს ნაკვალევს მისდიე მარად, -
ღმერთი არ ტოვებს ანგელოზთ რჩეულს.

Monday, June 30, 2014

მთათა საჩუქარი

დაშლილს ფერებად მდინარის პირას,
კენჭებს აგროვებს პატარა ბავშვი,
მერე წაიღებს მთათა საჩუქარს,
დედის მძივებად  აკინძავს სახლში.

Saturday, June 28, 2014

აღარ გვიღერებს ბასრ შუბს მონღოლი

აღარ გვიღერებს ბასრ შუბს მონღოლი
და არც სპარსელი გვახურავს ჩალმებს,
მტკვარს აღარ მისდევს სისხლის ნაკადი,
აღარ აცმევენ მოჭრილ თავს მარგილს,
მაგრამ არა აქვს გულს მოსვენება, -
ბევრი ქართველის სულს ვხედავ გახრწნილს.
თითო-ოროლა მერცხლის ჭიკჭიკი,
ნუთუ მოიყვანს თეთრკაბა აპრილს?!

არავის უკვირს...

მწყერმა დაიწვა ყანაში ფრთები
და ეშაფოტზე გასულა მთვარე, 
ეშმაკმა გული იჯერა ლხენით, -
გამოაჩინა თვალთმაქცი სახე.
სამყარო როკავს, როგორც შამანი,
კომეტას მოსწყდა ფლანელის კუდი,
დედამიწა კი კვლავ წაღმა ბრუნავს, -
ქვეყნის ღალატი არავის უკვირს...

Thursday, June 26, 2014

იესოს ლოცვა

აწყდა ლაჰილზე ცისკრის ზარები,
მთებმა გალობის გამოსცეს ექო,
სულს უკვდავებამ შუქი მოჰფინა, -
იესოს სიტყვა ანდერძად გვერგო.

იასამანი

არ არის ქვეყნად ჩემთვის წამალი,
დაღლილმა ვცანი ამ ქვეყნის ბოლო,
გულში მიხუტებს იასამანი, -
ისღა შემომრჩა მეგობრად, მხოლოდ.

თვალის სიბეცე

ყვაოდა ნისლი, კვირტებს ისხამდა,
ზევით იწევდა, თუ განი-განზე,
გამხვია კვამლში, ფიქრებს იწვევდა,
ვერ დავემალე მის ბოროტ საცეცს.
არ ჩანდა გემი, ცხოვრების მეკვლე,
უბადრუკ ნავში აღმოვჩნდი მხოლოდ,
გახსენი ზეცა... ღმერთო მაღალო,
თვალის სიბეცემ მომიღო ბოლო.

ახალშობილ ნიკოლოზს!

გადმოგდის თაფლი, ჩემო პატარავ,
და დედის ძუძუს მძაფრი სურნელი, 
გახსენი შენი ვარდის ტუჩები, 
ღვთის ანგელოზი ღიმილს მოელის.

Wednesday, June 25, 2014

თვალებმა გასცეს შენი ფიქრები

თვალებმა გასცეს შენი ფიქრები,
მზის სხივებივით აღარ თამაშობს,
გემებს გავყვები არდავიწყების,
ზღვას არ ტოვებენ, ვიცი, არასდროს.
მოვნახავ კუნძულს შენთვის და ჩემთვის,
რომ გამოვზარდოთ თეთრი ხუნდები,
მერე კი, ზღვაში ჩაძირულ გემებს,
ძველი ძელივით დავუბრუნდები.

Tuesday, June 24, 2014

როგორც ენძელა

როგორც ენძელა, თეთრი ენძელა,
ძლებს ყინვასა და ხვავრიელ თოვლში,
ისე ფიქრები, ჩემი ფიქრები,
უძლებდა დროს და პირგამშრალ ლოდინს.

Monday, June 23, 2014

აღდგომა

სამყაროს უნდა გავუყვეთ ფრთებით,
წინ საუკუნო ცხოვრება გველის,
სულის და ხორცის დგება აღდგომა,
მოუწევს ეშმაკს ჩვენგან განდგომა.

სიკვდილი

სიკვდილმა უკვე შეისხა ფრთები, -
მესმის ლიწინი და მყრალი სუნთქვა...
ის ჩამფრენია დუმილით თმებში,
ჩურჩულით ბილწი სალამიც უთქვამს.
შიშისგან თრთის და კანკალებს გული,
გაყინულია ძარღვებში სისხლი,
მოდი,  სიკვდილო,  ნუღარ მაწვალებ,
ჩემს მწუხარებას რა თავში იხლი.

Sunday, June 22, 2014

წვიმა

შემოხვეოდა ღრუბელი ალვებს,
ხელში ეჭირა კენარი ტანი,
ქარი კოცნიდა პატარძლის კეფას,
დალალს ახვევდა ელვათა რკალით.
გრგვინავდა ზეცა, ისროდა ისრებს,
ნისლმა თავშალით მობურა მიწა
და საპატარძლოს აწურულ მხრებზე,
მთელი სამყარო წვიმებად იწვა.

Friday, June 20, 2014

ლურჯი მეგონა...

ლურჯი მეგონა ჩემი ცხოვრება,
სევდამ თითები ჩატოვა თმაში,
მერე ღვარცოფმა გზიდან მომცელა
და მიმატოვა მოზრდილი ბავშვი...

Friday, June 13, 2014

ჩემი ფანტაზია

ქარი დუდუკს უკრავს
ფიქრის განჯინაში,
წვიმამ შეასრულა
სევდის სიმფონია...

რომ საქართველო ჯერ კიდევ არის

ქარაგმას აქსოვს სიბერე გულში,
წლები სიჩუმეს ითხოვენ შენგან,
მაგრამ არ დგება, ბობოქრობს, მძლავრობს,
ცაში ამბავის ატანა ნებავს.
უნდა, შეიტყოს დედამან ღვთისამ,
რომ საქართველო ჯერ კიდევ არის,
თუმცა არწივმა მოუკლო ფრენას,
არ დაკეტილა სამოთხის კარი.

დავით გურამიშვილს!

ლამისყანაში ჰვიდოდი
სახნავ-სათესად პურისო,
ჩვენს ხნულში თესე მარცვლები
შენი კეთილი გულისო.
შენი სწავლებით განგვაძღე,
მართლის თქმას მიგვაჩვიეო,
ცას დანთებული ლამპარით
სამოთხეს მიგვიწვიეო.

Friday, June 6, 2014

თოჯინების გამოფენა (საბავშვო)

თოჯინების გამოფენა მოეწონა სოფოს ძლიერ
და სტუმრების აღტაცებას მხოლოდ თავის თავზე იღებს,
მერე ლამაზ ბაფთებიანს გადაუღეს ასი ფოტო...
ამ ზეიმის დედოფალი ის აღმოჩნდა იმ დღეს, ბოლოს.
.

უიმედობა ჩაგვიდგა კვალში

უიმედობა ჩაგვიდგა კვალში
და, როგორც ბავშვი, გვაფხრიწავს კალთებს,
ჩრჩილმა გამოღრღნა საშველი ხალხის, -
მავანი ფუჭი სიტყვებით გვაბნევს.

სახლს მოსდებია ობი და სრსვილი

ხმაურობს ქარი, წითელ სახურავს
დაუფჩენია უკბილო პირი,
სევდის ღრუბელი თავზე ახურავს,
წვიმის ცრემლებით ხანდახან ტირის.
ფანჯრებში ვხედავ გაცრეცილ ფარდას.
ჩრჩილს ხალიჩისთვის გაუკრავს პირი,
ზანდუკში თაგვებს ღამე დაუხრავთ...
სახლს მოსდებია ობი და სრსვილი.

Thursday, June 5, 2014

რომ ანგელოზმა შეისხას ფრთები

საქმე აავსე ღვთიური მადლით,
სიტყვას მიეცი სიკეთის ძალა,
რომ ანგელოზმა შეისხას ფრთები,
ზღვა სიხარულით იფრინოს მაღლა.

არ მეფერება ღამე

არ მეფერება ღამე,
თმას არ მიკოცნის მთვარე,
ძილშიაც ვეღარ ვისმენ
ცად აჟღერებულ თარებს,
გავშორებივარ ჰანგებს,
დუმილს დაუდევს ბინა,
ვეღარ ვცილდები კედლებს,
ჭერზე შავ ლაქებს ძინავს.


სიკვდილი

შემოჭდობია სალტე,
მალე შეწყდება სუნთქვა,
თვალში მოუჩანს ღამე,
გონგზე სიკვდილი უკრავს.

Tuesday, June 3, 2014

გადაარჩენს საქართველოს

წმინდა ნინოს მოთმინებამ დაამარცხა მძლეთა ჯარი,
გველეშაპის ცხრავე თავი იყო მიწას მინაყარი,
აბობოქრდა ბოროტება, ავმა ღამე შემოკრიბა,
მხოლოდ ქრისტეს ჯვარის ძალით ბნელს ნათელი მოეფინა,.
მაგრამ ისევ ხრჩოლავს, ბოლავს, ყარს თავები გველეშაპის,
ხან ისეთ სუნს დააყენებს, გვეზიზღება ჩვენი თავიც,
ისევ ნინოს შემწეობა, სიყვარული, მისი ლოცვა,
გადაარჩენს საქართველოს, ჩვენს ჯიშსა და კაცურ მოდგმას!

Monday, June 2, 2014

ბავშვებს

სიტყვები კლავს და სიტყვები ათბობს,
ღმერთმა გვარგუნა ათასი ნიჭი,
ნუ იტყვი ისეთს, ავ კაცს რომ ართობს,
ენას იქავებს სიტყვებით ბილწით.
შეაქე კარგი, ბოროტს და მლიქვნელს
ამით მიაგებ საკადრის პასუხს,
ნუ დაიშურებ მშობლისთვის ღიმილს,
დედაბუნება მომავალს განდობს.
.

Sunday, June 1, 2014

შვილს!

წვიმის წვეთებად წამოვალ,
ხელ-პირს ჩამოვბან მინდვრებსო,
არ მინდა შენგან სიშორე,
მაგრამ რა ვქნა, რომ მიწევსო.
ყვავილებს გულში ვაკოცებ,
შენ კი გვირგვინში ჩაიწნავ,
ჩემო ლამაზო გოგონავ,
ვიცი, ცას ცამდე აიტან.


სიცოცხლეს შენსას შეაჭრეს ფრთები

გითრთის ხელები, გაჰყურებ მინდორს,
უსმენ შენს ბაღში ჩიტების სტვენას,
ჟამი ამქვეყნად არავის ინდობს, -
თვალებს, დაბინდულს, ადგება წყენა.
გინდა აფრინდე, როგორც არწივი,
მიეალერსო ფრთამაგარ მართვეთ,
თეთნულდს მოხადო თოვლის გუნდები,
ყინვის ლოდებად გულზე რომ ადევს.
ფიქრებს და სურვილს გადასცე ძალა,
ბოროტი ძალა მოთოკო მხრებით...
მაგრამ სიკვდილის მიჯნაზე დგახარ, -
სიცოცხლეს შენსას შეაჭრეს ფრთები..

Saturday, May 31, 2014

ყველას ატყვია სამშობლოს დაღი!

მოისარს, მხედარს, გლახაკს თუ მდიდარს,
ყველას გვატყვია სამშობლოს დაღი,
თუკი არ ზრუნავ საქართველოსთვის,
ვით გაგეღება სამოთხის ბაღი?!

Thursday, May 29, 2014

დაიბადაო ბეთლემს იესო

აუწყა მწყემსებს ანგელოზთ კრებამ,
დაიბადაო ბეთლემს იესო,
სიყვარულით და სიმდაბლით მოსულს,
ლახვარით მკერდი დაუხიესო.
აჰკიდეს ჯვარი, ცოდვები კაცთა,
მხსნელი თვალთმაქცად მიიჩნიესო,
ვერ გაარჩიეს ბნელში ნათელი,
კეთილს ბოროტი შეამთხვიესო.
ზაკვით აროკდა მდაბიოთ კასტა,
ეკლის გვირგვინი დააბნიესო,
ზეცად ამაღლდა უნეტარესი,
სიკეთის მთესი, დიდი იესო.


სვეტიცხოველი (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

ასახილველად გულის თვალთა ვეწვიე მცხეთას,
იქ შევამზადე ყურძნის წვენი, საამოდ უფლის
და როგორც სტუმარს, გავუშალე კვერების სუფრა,
ქერუბიმების ფრთათა ნათელს ემატა შუქი.
მტკვრის და არაგვის შესართავთან დამწვარა ღამე,
ძირს დამხობილა წყვდიადი და შეჰყრია ნათელს
და როგორც უწინ, სვეტიცხოველს დაჰნათის ზეცა,
მსურს ვეამბორო სიყვარულით მის სპეტაკ მანდილს.
მისამღერი:
სვეტიცხოველი გულია ჩემი,
სვეტიცხოველი რწმენაა ჩემი,
სვეტიცხოველი სულია ჩემი,
სვეტიცხოველი ერთია, ერთი.
(2-ჯერ)

ზის ანგელოზი..

ყორღანი ადგას გმირთა საფლავებს,
ყველა ქვა, თითქოს, დედის გულია,
ვარსკვლავთ კრებული სიჩუმეს მალავს,
თეთრად ანათებს ღამეს, რულიანს.
უწვერულვაშო ჭაბუკი გმინავს, -
მონატრებია ომების ქარი,
ზის ანგელოზი და ნანას უმღერს,-
ლოცვებით ღმერთთან გახსნილა კარი.

Tuesday, May 20, 2014

მებაღე ხარ (სიმღერა)

გამაოგნა შენი ბაღის სილამაზემ, -
კვირტი კვირტში როგორ არის ჩაწნული...
მებაღე ხარ, კიბეს მაწვდი სამოთხიდან, -
გინდა ისევ გამახსენო წარსული...
მოიჭერი ნიავივით ოსტატურად, -
მაბრაზებ და სიყვარულით მანაზებ,
კაბადონი ლილისფერად მოსარკულა -
და პეშვებით გადმოგვაყრის ალმასებს...
ჩემში ისევ გაიღვიძა გაზაფხულმა, -
გამოვისხი ყვავილები ალუბლის...
უნაზესი ოცნებებით გათანგულმა
მზისფერებით დამაბერტყე წარსული..

წყალს გავატანე

ჭრილობებიდან მოჟონავს სისხლი,
შხამი მასვეს და მაჭამეს კაცთა,
ორგულს კედელზე გაუკრავს თვალი,
რომ ასაზრდოოს ბინძური კასტა.
მაგრამ ბოროტი გველივით ცურავს
და სასიკეთო არა აქვს ბოლო,
წყალს გავატანე როგორც სიზმარი, -
დევთა ლაშქარი დაიცავს გოდოლს.

პატარა ქალს

იები თვალში ჩაგიფენია,
მწვანე მინდორმა გათხოვა კაბა,
თმები ყანებად ჩამოგიშლია,
ნიავს რა სთხოვე, გვითხარი, რაღა?
თუ სიყვარულზე ნაზი ჩურჩულით
აუწყე მიჯნურს დადგომა ღამის,
გზას გაგინათებს ვარსკვლავთა კრება,
ნაზი ღიმილი გაგიპობს ბაგეს.

Monday, May 19, 2014

სოფოს!

ალისფერია შენი ტუჩები
და თავთუხები თვალებში გიკრთის,
ნიავმა ნამი მძივად აკინძა,
რომ დაგვანახოს  ღიმილი ცისკრის.



Sunday, May 18, 2014

წუხელის წვიმდა...

წუხელის წვიმდა, ტიროდა ზეცა,
მუქი ფერები მიჩანდა თვალში,
ხელი გავუშვი სულის აკორდებს, -
წვიმის წვეთებთან აცეკვდა ქარში.

Sunday, May 4, 2014

ნაწვიმარ ღრუბელს ვეხები ხელით

ნაწვიმარ ღრუბელს ვეხები ხელით,
მიწაზე ცრემლად ცამ რომ დამტოვა...
იასამანმა მაკოცა წყენით, -
ნუ დამტოვებო ნამდვილ მეგობარს.

Friday, May 2, 2014

ის მზე ჩემია, შენ რომ გიღიმის!

ის მზე ჩემია, შენ რომ გიღიმის.
სხივებს ფანჯრიდან შემოგაწოდებ.
ბაღში შემოსულს მოგართმევ იებს,
სევდით შვვმოსავ ცისფერ გაზონებს.
რომ ჩემი გულის იგრძნო ტკივილი,
შენს ლურჯ თვალებში მინდა ჩავყვინთო...
ფანჯრიდან სხივებს შემოგაწოდებ
და ჩემი სუნთქვით სულსაც გაგითბობ.

Monday, April 28, 2014

ქალბატონო, შენს ღიმილში... (სიმღერა, შეასრულა ბეჟო ბეჟიტაშვილმა)

ქალბატონო, შენს ღიმილში მზე ყვავილობს,
ნათელ შუბლზე სისპეტაკის დაღი გაზის,
შენს თვალებში თავთუხები იცინიან,
ნაზი მზერით აყვავილდა ვარდის ბაღი.
შემოგიცვამს ლურჯი კაბა, მოჩითული,
თმებს გისწორებს ურჩი ქარი საალერსოდ,
ღვთაება ხარ, სიყვარულის მოციქული,
თვალკამკამა ნაკადულის ანარეკლო!
ნეტავ, იმას, ვინც შეგახოს ნაზად ბაგე, 
ვინც ეგ გული სიხარულით ააძგეროს,
დაგანახოს ზღვა, სუფთა და მოკამკამე
და ზეცაში ღრუბელთ რემა გადარეკოს.
ქალბატონო, ხარ სამყაროს დედოფალი,
ვერ მოგწყვიტე ცრემლიანი ურჩი მზერა,
იმქვეყნიურს, სხვა ჯიშის და სულ სხვა გვარის,
დაგედევნე, ვით ოცნებას ნაზს და ფერადს.
თმებს გაიშლი, განათდება ნისლიანი,
ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვება ლურჯი მდელო,
სულს ამივსებ სიხარულით და სიამით,
შროშანივით სპეტაკო და საყვარელო.






Sunday, April 27, 2014

მიაუ, მიაუ (საბავშვო)

მიაუ, მიაუ, რომ იძახი,
კუდჭრელა და მწვანეთვალა,
ძილს არ მაცლი, არ მაძინებ,
საჭმელსა მთხოვ წარამარა.
წადი, თაგვი დაიჭირე,
ბებოს უნდა გამოადგე,
თორემ მერე, საახალწლოდ,
ჩურჩხელებს ვერ დაგვიმზადებს.

Wednesday, April 23, 2014

მე ქარი მიყვარს

მე ქარი მიყვარს, ღმუილით რომ დაივლის ველებს,
ანდამატივით მიიზიდავს ტოტებს და ფოთლებს,
შემოახტება მხედარივით დარახტულ ხეებს
და მერე სადღაც, ხევხუვებში, უმწეოდ გოდებს.

Tuesday, April 22, 2014

დამახატინე!

დამახატინე ცის კიდე და სიმწვანე მთათა,
დამაწერინე ასი ლექსი, იქნებ ათასიც...
ღვთიური მადლით, ყველა ქართველს ანდერძით გვერგო
მშვენება შენი... მოციმციმე მზეზე ალმასი!

Monday, April 21, 2014

სევდა

სევდა დამჩნევია საფეხურებს,
კედლებს აბლაბუდა მოჰფენია,
ღიად დარჩენილი სარკმელიდან
მზის სხივს იმედიღა შეჰყოლია.
ფქვილად უქცევიათ მოგონება
თაგვებს მიტოვებულ განჯინაში,
ზანდუკს, ბებოს მზითვით ამოვსებულს,
თავზე სიმარტოვის ჩრჩილი აზის.

აღსდექ, უფალო!

აღსდექ, უფალო, გაიჟღინთა ცრემლებით მიწა,
რძე გაშრობიათ მეძუძურებს ამდენი ოხვრით,
საქართველოდან გადაკარგულთ უმძიმეს ტვირთად
აუკიდიათ სხივნათელი ზარზმა და ოშკი.
აღსდექ, უფალო, შვილნი შენნი სავსე ვართ ცოდვით,
ალბათ ამიტომ პატარაა ქართული მიწა,
ბეღურებივით არ გვინდა რომ გავფრინდეთ შორით,
მაგრამ ზამთარი გვეპარება, - გავუძლებთ ყინვას?!
წინაპრებს ჩვენსას გაუშლიათ ზეცაში სუფრა,
მიწაზე ელდად გაწოლილა ავი ტაროსი,
ჟანგიან რკინას გვიღერებენ ხარხარით გულთან...
აღსდექ, უფალო, კვლავ შეგვმოსე რწმენის სამოსლით.

Sunday, April 20, 2014

ო, ძალა მოგვეც, მაღალო ღმერთო!

ო, ძალა მოგვეც, მაღალო ღმერთო,
რომ ვეზიაროთ შენეულ მცნებას,
ეკლის გვირგვინით შეგიმკეს თავი,
ეკლიან ბილიკს გავყვებით ჩვენაც.
სამყაროს ესმის გოდება დედის,
ცოდვის შვილებმა შევჭედეთ ჯვარი,
მოგვეცი ძალა სინანულისთვის,
რომ მოვიხადოთ ამ ქვეყნის ვალი.



Saturday, April 19, 2014

წვიმა

ციდან მოფრინავს წვეთები წვიმის,
ელვამ მოღუნა ფიქრების რკალი,
აბჯარს ისწორებს ალაზნის ველი, -
ქუხილს მიჰვება ერეკლეს ხმალით.
მთები საწვიმარ ღრუბლებში ცურავს,
ალვის ხეები ვნებისგან თრთიან,
მოზავთებული ხეობის ძახილს
ეხმიანება ირემი მთიდან.

Tuesday, April 15, 2014

დედა ენას!

-შენ თაფლი ხარ, ცოტნეს ტანს რომ მზეზე წვავდი,
ცხარე ცრემლით აწვალებდი უპეებს,
ფერეიდანს ისევ ხარობს ნაზი ვარდი, -
ბულბულები ფიანდაზებს უფენენ.
"გალობანი სინანულის" მეფე დავითს
უწერია ღრმა ფიქრით და გოდებით,
თითო სიტყვას დაუვლია გულის ძარღვი,
სისხლს მიჰქონდა საუკუნე ომების,
სულში დაგვრჩა ენა დიდი რუსთაველის,
ანბანი კი, მზემ სირმებით მოქარგა,
-ტკბილხმოვანო, ამაღლების ჯვარი გშვენის,
შენში ვხედავთ წარსულს, აწმყოს, მომავალს.

Friday, April 11, 2014

ოცნებებში გამცვეთია სამოსი

ამ ცხოვრების  რეალიას მხრებზე ვიცმევ,
ოცნებებში გამცვეთია სამოსი,
გული ჩემი, სევდისაგან დანესტილი,
ვეღარა ძგერს უწინდელი პათოსით.
მიჭრიალებს ურემივით ფეხ-სახსარი,
ვეღარ უძლებს ტვირთის ზიდვას ხელები,
უსახსრობას გულში მაგრად ჩავეკარი,
მაჯლაჯუნას ავუკლივარ ფერებით.
მხოლოდ ძილში დამირახტავს თეთრი ცხენი,
მხრებს მიმშვენებს ხელთუქმნელი ყაბაჩა,
გვირგვინს ველი სადედოფლოს, ათას ფერის,
მერე ნადიმს მთის დევებთან გავმართავ.

Friday, April 4, 2014

ღრუტუნებდა ვაშლის ძირში(საბავშვო)

ღრუტუნებდა ვაშლის ძირში
ჩვენი ეზოს მშვენება,
ტალახებში ამოთხუპნულს,
წამოწოლა ენება.
აბა, ვინმე შეეჯიბროს,
თუა ბიჭი გულადი,
ძირს ნაყარი ვაშლით უნდა 
ამოივსოს სტომაქი.
მერე, თუკი სადმე ნახა
გუბე დიდი, ვეება,
წამოწვება უდარდელად,
ისე მიწას შეხედავს.
მზე დაჰნათის,
სხივებს იკრებს 
ღორი დინგით, ფაფუკით
და დესერტად ელოდება
ტორტი წითელ ალუბლის.
  

Thursday, April 3, 2014

სახუმარო (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

დავიღალე უშენობის რეალიით,
გვერდზე ყოფნა სულ არაფერს არ ნიშნავს,
თვალები გაქვს ისევ მწყერზე მონადირის,
მე კი მხოლოდ ბეღურის აზრს გამოვთქვამ.
ხმა თუ მესმის ნაბიჯების, მიხარია,
უსასრულო ეჭვებში ვარ გართული,
ერთი, ორი, ისევ სხვაგან გაუხვიე...
ღილებივით ამიკინძავს წარსული.
წყვეტილებს და მრავალწერტილს არ აქვს ბოლო,
პაუზაა ჩემი შენთან ბაასი,
მე შენს ნაბიჯს ვითვლი, ასე უთავბოლოს,
შენ კი მწყრებზე ინადირებ ათასგზის.

Monday, March 31, 2014

გოდერძი ჩოხელის ხსოვნას!

ორი სიცოცხლე მოგცა შენ ღმერთმა
(ამქვეყნიური ტვირთად ატარე),
მგოსანო ცის და მგოსანო მიწის,
თავს მამა ღმერთის კალთას აფარებ.
შენს გულის სითბოს გვიგზავნი სხივად,
შენი ცრემლები წვიმის წვეთია,
თუ საყვარელი სამშობლო მთების
თეთრი ქუდია, თავს რომ გდებია.
ცივი ფიფქები ცვივა ალმასებრ,
როცა წუხილი შეგიპყრობს, გიჭირს,
ფიცის გამტეხთა მსხვერპლი გამხდარა
ეს ერთი ბეწო ნაგლეჯი მიწის,
მაგრამ ვიცი, რომ გვიფარავს ზეცა,
შენი თვალები ვარსკვლავებს ჰგვანან,
გზას გვინათებენ უკუნეთ ბნელში
ჩვენთვის შექმნილი გმირების მსგავსად.
წუხს ის მდინარე, შენ რომ ეტრფოდი,
წუხს თბილისი და ყაყაჩოს ველი,
"ბიჭო, გოგია", შენ რომ გიყვარდა
ლურჯი იები ხელგაშლით გელის.


პაპას!

მოტეხილმა ღამესავით გაიღიმა
და ცხვირიდან ჩამოიხსნა სათვალე,
ფერმიხდილი ვენახებში ვაზებს ზრდიდა,
არ ტოვებდა მოუვლელად არაფერს.
სალოცავად გაეხადა საქართველო,
იასამანს უკოცნიდა ნაზ ტოტებს,
დღეს კი ტახტზე ჩვილ ბავშვივით ჩაეძინა,
დაახვედრებს ზეციერი სამოთხეს.

Sunday, March 30, 2014

Утро

За окном поток машин,
Шумит безпечно наш проспект,
Гул, гам стоит, как окон свет,
А солнце раздает билет,
На концерт певучих птиц,
В лесу живущих здесь в близи,
В воскресный день течет волна,
Лучей прорвавших слой гардин.

წვიმა ცრემლებივით გახშირდა

რაღაც უცნაური აღტაცებით,
საყდრის დახავსებულ კედლებთან,
მზერას მაგებებენ გვირილები...
თეთრმაისურიან პეპლებთან
ვიწყებ დიალოგს და მოგონებას
გულში შევაერთებ ფიქრებად.
მწარე სინანულით გავიხსენებ
ჩემს ბებოს აღმართზე მიმავალს,
შავებში გამოწყობილს, მამლით ხელში...
მოჰყავდა ჯვარ-ხატის დიდება,
ფეხზე ამოცმული შალის წინდით,
მონასტრის ეზოსავით მოჭედილს, -
ჯერ ათასნაირი ყვავილებით,
მერე - ქარიშხალით მოწეწილს.
ისე ახლოსაა მთების ქედი,
ისე ახლოსაა საყდრის ქვა,
ზეცა, ღრუბელივით გაბერილი,
თავზე მეწვეთება მაღლიდან,
ჩემი მოგონებით ალესილი
წვიმა ცრემლებივით გახშირდა.


ჩიპს ვხედავ ჩანერგილს

ფეხდაფეხ მივყვები ცხოვრების გაზონებს,
ხან იებს დავკრეფ და ხან სკამზე მაზმორებს,
ხანდახან ეკლები დამჩხვლეტენ ვარდების
და ჩემი გონებით ჩიპს ვხედავ ჩანერგილს.
პროგრამის მსხვერპლია ეს ჩვენი სამყარო,
არ იცი სად, როდის, რა როგორ გათვალო,
საცდელი ბაზა ვართ, მე  ვხედავ, მავანის,
არ ძალგვიძს გარჩევა მტუანის, მართალის.

მიდიოდნენ და მოდიოდნენ!

მიდიოდნენ და მოდიოდნენ...
ზოგი ქერქში ვერ ეტეოდა, -
გამარჯვება სწყუროდა, გმირად იბადებოდა,
იბრძოდა, მთელი ცხოვრება იბრძოდა,
თავის კვალს ტოვებდა, - ისტორიას ქმნიდა.
ზოგიც შეუმჩნევლად ტოვებდა ამ ქვეყანას,
არ ომობდა, მიწას ხნავდა, ნამგალს ჭედავდა, ლესავდა...
მაინც ისტორიას ქმნიდა, -  ერის ისტორიას.
ზოგი ოჯახს უვლიდა, შვილებს ზრდიდა, -
ჩუმად იფერფლებოდა სამშობლოსათვის...
ისინიც ისტორიას ქმნიდნენ, ქვეყნის ისტორიას...

გაზაფხულის ძალი

ჩვენი მიწის სურნელებით გამოვთვერი,
არ შეაშრა მწვანე ბალახს ჯერაც ნამი,
ნუშმა თავზე ყვავილები დამაბერტყა,
თეთრ ფიფქებში ჩავიძირო უკვე ლამის.
ეზოს ატამს ამოუცვამს კაბა ვარდის,
საპატარძლოდ გამოეწყო ალუბალი,
ბუჩქებიდან ია მიმზერს, ლურჯთვალება,
გაზაფხულმა დაგვანახა თავის ძალი.

Saturday, March 29, 2014

მინდა ვიქცე ლამაზ ქალად(სახუმარო)

სისხამ დილით, ალიონზე
მზეს ვაჩუქე კოცნა მწველი,
საყვარლისგან ასს და ათასს
წითელ-ყვითელ სხივებს ველი,
მინდა დამწვას,ჩემი რუჯით
გადავიქცე ლამაზ ქალად,
შემოდგომის მუქ ფერებში
გავიბრწყინო ქარვად, ლალად,
ბნელი ისე გავანათო,
მთვარეს ჰქონდეს ჩემთან ცილი,
წელიწადის არც ერთ დროში,
აღარ ჰქონდეთ კაცებს ძილი.

Monday, March 24, 2014

ქალი-ლერწი, ქალი-"რამ დაბადა!"

მზემ ალეწა, გააბრწყინა ქალი,
ვნების ცეცხლმა სხივი აასმაგა,
მოდიოდა, მოცურავდა ქალი,
ქალი-ლერწი, ქალი-"რამ დაბადა!"
ქარი ქროდა, მოდიოდა ქალი,
მოარხევდა ულაყივით თეძოს,
მოცურავდა გავაზივით ქალი,
ანათებდა თავის სახლს და ეზოს.
მზემ წითელი უსახსოვრა კაბა,
გაზაფხულმა შემოაცვა მდელო,
ზღვისფერ თვალებს ქალი ნაზად ხრიდა, -
იცოდა რომ გაიტანდა ლელოს!

Роза

Свеча стоит, огонь трепещет,
То тухнет, то раздув костер,
Мелькают искры, дым струится,
И раздается нежный звон.
Томится сердце, сказка снится
Деве спящей у свечи.
Линяет ночь, весна настала,
Сверкают красные лучи.
Раскрыв бутон томится роза,
От силы солнца и огня,
И неземным очарованием,
Вокруг дурманит всех она.

Saturday, March 22, 2014

მე გაზაფხულის ფერები მიყვარს





 მე გაზაფხულის ფერები მიყვარს,
ნაზი სიო და მწველი სურნელი,
ყვავილთა ფიფქი,კორდები მწვანე,
იების ბუჩქი,ვარდის ფურცელი.
მათრობს და მავსებს ლაღი გრძნობებით
ბალახის სუნთქვა,ამ მთების ექო,
თითქოს ძახილი გადიქცა მეხად
და ეს ხმაური სიჩუმედ მერგო...
დედა ბუნების შვილი ვარ ნაღდი,
ჩემშია მუხა,თხმელა და ნეგო
მათი სიცოცხლის ყოველი წამი
უკვდავსაყოფად ჩვენ ყველას გვერგო,
ასი წლის მუხა დამყურებს თავზე,
მის ხაზებს ვუცქერ,ხირომანტი ვარ,
მის ძლიერ მკერდზე დასვენებული
თითქოს ოცნების ნისლში დავდივარ,
მის უტეხ სულში შევაღწევ ძალით,
რომ წავიკითხო მისი ფიქრები,
მის უხეშსა და დაღარულ ტანზე
ისევ გაჩნდება წვიმის ნიფები,
და გამიტაცებს წყლის ნიაღვარი,
მაგრამ არ მივსდევ მე იმ ნაკადებს,
რადგან მუხა ვარ, იმისი შვილი
და მას არასდროს არ ვუღალატებ.

Friday, March 21, 2014

დღეს სულ უბრალოა პოეზია!

წვიმას აღარავინ შეიყვარებს,
ქუჩებს მოერია დეპრესია, -
ცრემლებს ნიაღვრებად მოაქანებს,
ასფალტს წვეთებად რომ შეესია.
ჩემს გულს წყალი დასდის უსაშველო,
ღრუბლის თვალებიდან მონაწური,
დღეს სულ უბრალოა პოეზია, -
ვერცხლით ხელოვნურად მოსარკული.

გამონათქვამები

სულის სილამაზე არასოდეს არ ჭკნება, ამის მიხვედრა მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს ძალუძთ.

მარადიული ღიმილი- ნეტარებაა სამოთხის მომლოდინესათვის.

ბავშვის გული ცასავით ნათელია, მხოლოდ ზოგჯერ დაიფარება ღრუბლებით,
იწვიმებს და გადაიღებს.

ისევ შევხვდებით სადღაც, იმქვეყნად, შევიცვლით ფერს და შევიცვლით სამოსს.

კეთილშობილი ადამიანები ისე არ წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ რაიმე სასარგებლო არ დატოვონ სხვებისათვის.

ბავშვის თვალებით მზე გიყურებს.

ისეთი უიმედო იყო, რომ ანგელოზებმაც მიატოვეს.

Thursday, March 20, 2014

წერილი

ნატყვიარს ბალახით ავივსებ,
ჩემს სენთან ბრძოლასაც გავმართავ,
ვიცი, რომ ლოცვები მიშველის, -
მხდალი და მშიშარა არა ვარ.
მაწუხებს დარდები ათასი,
ფიზიკურ ტკივილებს ავიტან,
სულს ვითქვამ მწყურვალი ბავშვივით
და ვმალავ იარებს ტანისას.
არ მინდა მილეთმა იცოდეს,
გულში რომ ხანძარი გიზგიზებს,
ჭირია ასი და ათასი, -
წვეთწვეთად სატანჯველს მიმძიმებს.
ცხოვრება წლებისგან დავბერტყე,
უაზროდ გაქრა და წავიდა,
სიხარულს სხვას დავესესხები,
მერე კი დავიწყებ თავიდან...
ყვავილებს შევხარი მაისის,
წითელი ვარდები მელიან.
გაზაფხულს ჩავიფენ თვალებში,
ვიცი, რომ დარდებიც ქრებიან.

Wednesday, March 19, 2014

სახლის სახურავს დაათოვა...

წარსულზე ფიქრებს დაუხუჭავს ჩემთვის თვალები,
სახლის სახურავს დაათოვა ცივმა ზამთარმა,
საკვამურიდან ცისკენ ბოლი მიიპარება, -
თითქოს ნაძლევი დაუდია ჩემს შავ კატასთან
მობუზულ ქათმებს ბებო უყრის მარცვლებს იმედის,
მომავალ ზაფხულს ავაშენებთ დიდრონ ნალიას...
ახლა ჭრიალებს კუტიკარი სიცარიელის, -
თითქოს ცივ ზამთარს უზიარებს თავის ხვაშიადს.

ეკლიანი ჩემი ზნენი

მოუსვენრად ჩაუქროლებს ვარდებს ფერხდილს
ქარაშოტი ავზნიანი, ფეხად მარდი,
გადახედავს დამჭკნარსა და დაღონებულს,
მერე ჰკითხავს, - შენა გქვია ნაზი ვარდი?!
სად გამქრალა სილამაზე, შენზე თქმული,
დარჩენილხარ პირშავი და ეკლიანი,
გაეცინა ყვავილს და თქვა თავის დახრით,
სწორედ მე ვარ მშვენიერი, ნაზი ვარდი,
მაგრამ ახლა დავრჩენილვარ ერთი ღერი,
დრომ და ჟამმა მომაცალა ნაზი კაბა,
სახეს ჩემსას მზემ უცვალა კანის ფერი,
ეკლიანი ჩემი ზნენი დამრჩა დარდად.

მიწას

ვტირი, ჩემს ცრემლებს მიწა ჭამს,
სხვას ჩემი არ აქვს დარდები,
ისევ მას უნდა მივენდო,
მხოლოდ მას შევუყვარდები.

აღდგომის დადგება დილა

კაბადოკია, ჟღერს ჩვენს გულებში,
იქ დაიბადა ქალწული ნაზი,
მცხეთას დავწურეთ ვაზის მტევნები,
ნინოს დარგული, დაწნული ვაზის.
დამზრალმა ვარდმა ფერი იცვალა,
გამკრთალი ზეცა განათდა უცებ,
ქართლის მიწაზე მადლმა იდინა,
ბოროტს და ავსულს თავგზას რომ უბნევს.
გულს უხარია ზეიმი სულთა,
(ჯოჯოხეთიდან ამოსვლა ელით),
მოციქულთ სწორმა გაშალა სუფრა,
ყველა აგვავსო საუფლო კვერით.
ვერვინ მოიყვანს ძალით გაზაფხულს,
გზას გაგვინათებს ასული წმინდა,
სისხლისფრად ღებავს ღრუბლებს აისი,
გვამცნობს, აღდგომის დადგება დილა.

Tuesday, March 18, 2014

გამონათქვამები

ტკივილი ყრუ და ბრმაა, არავის თხოვნას არ შეისმენს.

დუმილით ესმოდათ ერთმანეთის.

პატარძლის თვალებში მზე იჭყიტებოდა და თავის თავს ხედავდა.

ჩუმად მიჰყვებოდნენ ისინი ერთმანეთს, მხოლოდ გულები ხმაურობდნენ.

ახალგაზრდას სარკე უყვარს, ბებერი-ემტერება.

სულები ზეიმობენ, როცა ოჯახურ სიმყუდროვეს არაფერი არღვევს.


                                                           

Monday, March 17, 2014

წვიმს და ელვასავით დამიდიან

წვიმს და ელვასავით დამიდიან,
შენთვის ნაფერები სტრიქონები,
მინდა ღრუბელივით დავიწურო,
ქარის მონამღერი სონეტებით.
სიზმრებს სიმარტოვის სუნი დაჰკრავთ,
სხეულს-უსამართლო განაჩენის,
მალებს მიჰყვებიან სინანულის
მკვლელი სისხლიანი ყაჩაღები.
მინდა ძველებურად მოგეხვიო,
თვალებს გადავხადო შავი ფარდა,
ზღვაზე მეკობრეთა მეგზურივით,
ნავებს მიაქანებს სევდის აფრა.
ახლა ყველაფერი სულერთია,
დრომ მეც მომისაჯა განაჩენი,
შენკენ გამოვყვები ნაფეხურებს,
ქვეყნად ნუმც ყოფილა დანარჩენი.
 ----------------
წვიმს და ელვასავით დამიდიან,
სველი ნისლიანი ამინდები,
ჩქარა მომაშველე გულის სითბო,
თორემ ამინდივით ავტირდები.

Friday, March 14, 2014

ჩემს ბებიებს

ჩემი ფიქრები ათოვს სახურავს
იმ სახლის, სადაც სიზმრები დამრჩა,
ბებო მოწყენით უზის საკერავს,
კვლავ ამზეურებს ატლასს და ფარჩას.
ჩემს ძველ თოჯინებს ურეცხავს კაბებს
და შესახვედრად ამზადებს ჩემთან,
ჩურჩხელას მალავს ნამზითვ ზანდუკში,
რომ თაგუნების არ იქცეს კერძად.
ფოლაქებს კინძავს, როგორც ზღაპარში,
რომელშიც მოქმედ უმთავრეს პირად,
მევლინებოდა ნაჭრის თოჯინა,
ღილები ჰქონდა თვალად და პირად.
იქ დამრჩა გული, გონება, ცნობა,
ოცნების გემმა მატარა მრუდედ,
ფიქრები ჩემი ათოვს სახურავს,
ჩემს ბავშვობას რომ კვლავ აკვანს ურწევს.

Не горюй!

Люблю тебя, мой конь, заветный,
Раскроешь крылья, улетим,
И только ты став другом верным,
Поможешь рифмы мне найти.
Люблю я вдаль смотреть устало,
И вижу, светится луна,
Где ты, мой конь, встряхну усталость,
Нас ждут простор и небеса.
И мчатся тучи, дождик капнул,
В душе печаль всплывет порой,
Но не горюй, дружок мой верный,
Весь мир встает за нас горой.

Thursday, March 13, 2014

მელოდე

ვიქნებით ერთად, დრო და ჟამი ჩვენ არ გვაშინებს,
ფოთლების ცვენა, თოვლის ბარდნა მე მიხარია,
ეს ერთი წელიც შევასრულე და შენთან მოსვლის
დრო შევამცირე, ამას ვნატრობ დიდი ხანია,
მელოდე, მოვალ, შევაერთებთ ნაღველს, სიხარულს,
ხელებს ჩავჭიდებთ ჩვენ ერთმანეთს, გავირინდებით,
ვწუხვარ, რომ ჩემი სიყვარული ვერ გაგიმხილე და
მარტოობის თეთრი ველი განვლე ფიქრებით.

Tuesday, March 11, 2014

ეტიუდი

ალერსს ელოდება ყოველი ყვავილი,
ღამდება, თენდება, ელავს თუ წვიმდება...
ნათელი გადასდით ვარსკვლავებს ფიქრებად,
პირბადრი მთვარე კი მზეს ისვრის სხივებად.

ვიქნებით ერთად

ზამთრის ღამეში გადავაწყდი ფერად ყვავილებს,
ჩემთვის ყვაოდნენ, აღსარებას ვამბობდი ღმერთთან,
(მათი სურნელი მუდამ თან მდევს), უფალს ვმსახურობ,
დღეს მარტოობის სიმაღლეებს მოფარავს სეტყვა.
მაინც ყვავიან ყვავილები იმედის, რწმენის,
რომ  უცილობლად  ჩვენ ოდესმე ვიქნებით ერთად.

Sunday, March 9, 2014

სიზმარი ვნახე



სიზმარი ვნახე, გვირილების მომქონდა ველი,
ცის სილურჯეში დავიკარგე, ასე მეგონა,
მწვანე მინდორზე ვთამაშობდი მე ფეხშიშველი,
შორეულ ტყეებს შევცქეროდი, როგორც მეგობარს.
ჩამოწვა ნისლი და სიზმარი წაიღო ქარმა,
ჩემს გულში დარჩა თითოეული მისი ნაწილი,
ის გვირილების თაიგული, მე რომ მიყვარდა,
სურათზე ვნახე, უსინდისოდ გადმოტანილი.

Saturday, March 8, 2014

ძალიან თეთრი ლექსი

ფორმებში დავიკარგე,
შინაარსს ვეძებდი,
სახე ხომ უსულოდ
არაფერს გვაუწყებს,
მეც ფერი ვიცვალე
და დათვლა ვისწავლე,
ახლა კი ასანთის
ღერებით ვფოკუსობ,
წინ ისევ ღამეა,
რა დასანანია,
რომ კაცი ღვთის ნაცვლად
ეშმაკებს მსახურობს.

Monday, February 24, 2014

დადგება ჟამი

მოსურნეს ავის დააჩოქებს უფალი ბოლოს,
დადგება ჟამი, - სინანულის ცრემლები მოვა,
არ დადუმდება ჩვენს გულებში სინდისის ხმები,
ვით წვიმიანი ქარიშხალი დაანგრევს ბორანს...
ადიდებული ზღვების წყალი ირეკლავს მთვარეს,
ბოროტებას და სიბინძურეს ვერ იტევს სული,
მას უსხეულოდ ბუმბულივით არღარა ბოჭავს
და გაფრინდება იმ ქვეყანად ათასგზის კრული...
მანამ კი, ცრემლის წვეთებივით გაშრება ქარში
და უცნაურად აბოლდება, სიამეს მოგგვრის,
რომ ისევ ვცოცხლობთ, გამოვკიდებთ ჩვენს სარეცხს მზეზე,
ვით უთვისტომოდ დარჩენილი, ბრმობილი მოგვნი.

ყაყაჩო (მინიატურა)

                              ყაყაჩო (მინიატურა)

  საყდართან იჯდა, ლოცულობდა. - რაზე ლოცულობ, ბები? - ვკითხე, პასუხი არ გამცა. ნაღველი ჩასდგომოდა თვალებში. ეკლესიის ეზოში ბალახი მიბღოჯ-მობღოჯა, ჩანთაში ჩაიყარა, კურდღელს ვაჭმევ, მადლიაო. წამოვედით. წინ მივდიოდი, ხანდახან გავხედავდი მოხუცს, ძლივს მოაბიჯებდა, ჩანთა გულში ჩაეკრა, სულ თან დაჰქონდა, მიკვირდა კიდეც. აღმართს შევუდექით. ჩვენი ახალი სახლი მთის ფერდობზე იდგა. ძველ სახლს მაგონებდა. გზაზე ყვავილებს ვკრეფდი. ახლო-მახლო მინდვრები ყაყააჩოებს მოესურვილებინა. საოცარია, ახალი მოწყვეტილიც კი მალე კარგავდა ფერს, ჭკნებოდა, შავდებოდა, თავს ჩამოკიდებდა ხოლმე..- ადამიანის სულივით ნაზი და ფაქიზია ეს ყვავილი,-გავიფიქრე, რომ უცებ ბებიას ხმა მომესმა. უკან დავბრუნდი. მოხუცი გზის პირას მიწოლილიყო, ხელებში რაღაცა ჩაებღუჯა. - რა არის, ბებია? - ვკითხე - ჩვენი ეზოს მიწაა, აფხაზეთიდან, - მითხრა ჩურჩულით და დადუმდა. იწვა ჩემი საყვარელი ბებია მიწიდან გამომზირალ  მუხის მოკრუნჩხულ, ფერშეცვლილ ფესვებს შორის. თვალები დავუხუჭე. პეშვი ფრთხილად გავუხსენი და იქ დარჩენილი მიწის ნამცეცები გულზე მოვააბნიე, მკერდზე მოწყენილი ყაყაჩო მივასვენე, ჩემი ბებოც  ხომ თავის მიწას მოწყვეტილი ყაყაჩო იყო. გაწვიმდა.

წვიმის წვეთებად დავეშვები

თავი აწიე, შემომხედე როგორც ფერიას,
გიკვირს ხომ,  გიკვირს ჩემი თხოვნა,
ფიქრობ ვიხუმრე, მე კი კვლავ შენი
ოცნება ვარ, შენი ნატვრა ვარ,
ახედე ზეცას, დაინახავ ამ ცის სილურჯეს.
ვიქეცი ღრუბლად, მე ეს ბედი მარგუნა ღმერთმა,
წვიმის წვეთებად დავეშვები, სახეს გიკოცნი,
მოგეფერები, მაგ ტუჩებსაც ვეხები უბრად,
შენ კი კვლავ ფიქრობ, რომ სიზმარში ისევ ვიხუმრე.
ო, არასოდეს, არასოდეს დაგტოვებ მარტო,
ხან ცის ნამად და ხან ფიფქებად მოგევლინები,
დათოვლილ თმებზე შეგეხები ნაზად და უბრად
და მაგ სახეზე მოწყენისთვის დროს არ გიტოვებ.

Sunday, February 9, 2014

წმინდა ნინოს

შენ დიდხანს გქონდა ვარდის სურნელი,
ახლად გაშლილის, უმანკო ქალწულს,
ჯერ არ გამქრალა უჭკნობი სული,
ახლაც გვიზიდავს, ცეცხლივით გვათბობს.
შემოანათე, როგორც მზის სხივმა,
ქართველთა გულში ჰქმენი ნათელი,
ვაზის ჯვრით ხელში აკურთხე მიწა,
ბილიკს ვადგავართ, შენგან გათელილს.

Friday, February 7, 2014

ჩემს აფხაზეთს

დაჭრილი თავები,
დაცლილი მკლავები,
დედები დაგლეჯილ
გულით და სხეულით,
გვიმძიმს და ოცი წლის
გახსნილმა იარამ
ჩვენს სულში იარა,
ბრძოლებში დავბერდით.
ფარულმა დინებამ
მორევში გვითრია,
ძნელია იქიდან
მშვიდობით გამოსვლა,
ფიცით და მტკიცებით
ხიდები გვიგია,
ჩვენ  შორის მსაჯული
ეშმაკი აღმოჩნდა.
წინ გველის გამოცდა,
დალეწილ კალოსთან
ისევ თუ გაცოცხლდა
და საზღვარს გადმოსცდა
ორგული, დუშმანი,
როგორ ვთქვათ მერეღა,
მტერო, ვერ გიცანი!
გაფანტავს შავ ბოლქვებს
ნათელი დილისა,
ყინული გალხვება,
მრავლდება ზღვაური,
წინაპართ მიწაზე
სიმღერა გვინდება,
ჩვენს ძმებთან
მშვიდობის მტრედები
გავუშვით.



Sunday, February 2, 2014

ჩემს მეგობარს, ნანას!

სიკეთეს ვხედავ მე შენს თვალებში,
გულუბრყვილობას, ყველას რომ იპყრობს,
ვარდი ხარ, ბაღში ლაღად გაზრდილი,
სამართალსა და ღვთის სიტყვას ითხოვ.
შენ ფრინველებსაც აუდგი ენა
და სიყვარულის საზღაურს იმკი,
მეგობრობის და და-ძმობის გამტანს,
მუდამ გევლება დარდი და ფიქრი.
გიყვარს ხუმრობა და როგორც გედი,
უნდა თეატრის სცენაზე იდგე,
მაგრამ დროებამ აგვრივ-დაგვრია, -
ცხოვრების წესს და ფორმულებს გვიდგენს.
თვალ-წარბს თამარის, თმებს ძოწეულებს,
ახალგაზრდობის ელფერი დაჰკრავს,
შენი შვილებიც, შენი მსგავსები,
თვალ-მარგალიტებს რჩეულებს ჰგვანან.
შენ ჩემთვის ქვა ხარ უძვირფასესი
და კიდობანი, ლალებით სავსე,
არ მოგკლებოდეს ზღვა სიხარული,
ბოშა ქალივით სიკეთის მაცნეს.


დაღუპული ჯარისკაცის სიმღერა!

ნატყვიარებში ჩავიფენ ბალახს,
ზედ ამოყვავდეს ათასი ია,
და დაგლეჯილი გულიდან, ვიცი,
მუხა გამოზრდის არწივებს ფრთიანს.
ფესვებს გაიდგავს იფანი, რცხილა,
ტყეებს დაატკბობს ჩიტების გუნდი,
ჩემი სხეული შეჭამოს მიწამ,
ჩემს ძმებს ზეციდან მადლობას ვუთვლი!.

უძინართა ღამე

დეკემბერივით მემოსა თოვლი
და გულში მედო ყინულის ლოდი,
ტკივილნარევი სევდის მარცვლები
ჩიტმა აკენკა უჩუმრად გუშინ.
მე და ის ჩიტი ერთმანეთს ვგავართ, -
მეც სხვის ტკივილებს ვიპარავ თითქოს,
არ მინდა ძილი, - სხვისი დარდები,
სხვისი წუხილი ზარივით მიხმობს.
ფერდობზე ნელა ეშვება თოვლი,
ჩემი გულიდან გამქრალა ყინვა,
ნათელმა უკვე მოიცვა ღამე,
სიკეთით სავსე დამდგარა დილა.

Saturday, February 1, 2014

თუთა წვეთ-წვეთ შარბათს გვასმევს

გავსებულა მაფრაშები,
ზეცამ მოხსნა გუდას პირი,
ნაკადებად დაიღვარა
ღრუბლის ფთილა გაბერილი.
თუთა წვეთ-წვეთ შარბათს გვასმევს,
ჩამოდენილს ღვთიურ ცრემლად,
სიტკბოთი და სიხარულით
ავუვსივართ ყველა ერთად.
გაღეღილი მკერდით ხვდება
მიწა წვიმას საალერსოდ,
ბულბულს ვარდი ჰყვარებია, -
სურს, ჰანგები დააკვნესოს.

Tuesday, January 28, 2014

წვიმა

ჯანღი ირევა და ვეღარ ვხედავ,
როგორ აშლილა ღრუბელთ მარულა...
ხმა ჩასწყვეტია ყვირილით თერგსაც
და ვიწროებში გადაპარულა.
წვიმა მისველებს სახეს და კაბას,
ვეღარ გაავსო ზეცამ ორშიმო,
მე სიყვარულის სილუეტს ვხატავ,
რომ დედამიწა ნაზად მოვშირმო.

Friday, January 24, 2014

უშენოდ

მინდა გაგაოცო, -
ფრთები გამოვისხა,
ზეცას დავესესხო
ფირუზის ფერები,
სხივად შემოგავლო,
ვარსკვლავებს ვეახლო,
შენს გულში ჩავსახო
იმედი ფერებით.
ოცნების კოშკები
ავაგე ტკივილით,
ლურჯი და ცისფერი
ღრუბლებში ერია,
მშვიდობით... ნახვამდის...
ნამქერში გამქრალხარ...
უშენოდ სიცოცხლე
კვლავ ცარიელია.

შემოდგომა

შემოდგომის ფოთლებს ვითვლი,
სევდა წვიმად იღვრება,
დარდებს ქარი სახეში მცემს, -
მქონდეს არდავიწყებად.
აწ წასულა გაზაფხული,
უკან მიჰყვა ზაფხული,
შემოდგომის ფერებს ვითვლი,
ჩემს ფიქრებში გართული.
და ვგრძნობ, როგორ მეპარება
შეუმჩნევლად ზამთარი,
ყინვისა და ლოლუების
უჩვეულო ზღაპარით.

განთიადი

დიდებული მზე ამობრწყინდება,
დაფარავს სხივით ბექობს და მინდორს,
გულს უხარია, ირგვლივ ზარია,
ფერთა ციაგში მნათობი გვიხმობს.
ზევით მიიწევს ცვარ-ნამის ორთქლი,
თვალ-მარგალიტი აყრია ფოთლებს,
ღმერთო, შემინდე ეს სიხარული,
ამ სასწაული ნათების მომსწრეს.

შენი ტკივილი რომ არის შენი

მე ამ ცხოვრების ხაფანგში გაბმულს,
გადამავიწყდა კიდეც ლექსები,
დაჭრილ ხარივით ვერ ვცდები მიწას, -
საყვარელივით ვეალერსები.
სულის საოხად მე არ მცალია, -
დაჭრილ იარებს უნდა შეხვევა,
ფიზიკურ ტკივილს რა უჭირს მხოლოდ,
სულის ტკივილიც მას ზედ ედება.
და მშვიდი პოზით მიყურებს ხალხი...
უგრძნობი მზერით ყველაფერს ხვდები...
არც შენ არა გაქვს არავის დარდი,
შენი ტკივილიც რომ არის შენი.

Tuesday, January 21, 2014

მე არ გადარებ...

მე არ გადარებ შენ ცისფერ ნიმფას,
შენ ბადახში ხარ, ძვირფასი ლალი,
შენი ტუჩები, ნაზად წყობილი,
ჰგავს წითელ ყვავილს,
შენ გავხარ აპრილს,
ამოცურდები, აანთებ ზეცას,
ალმურით დაწვავ ყველას გარშემო
და ისიც ძალგიძს, ღუღუნით ფერთა
შავი ღრუბლები შორს გადარეკო.

ღამე

ვანდალებივით შესევიან
ვარსკვლავნი ღამეს, -
გაფანტეს ბნელი,
გამოფატრეს ჟამთა დინება,
მხოლოდ მიწაზე შემორჩენილ
ჩრდილებს ვერ ავნეს,
შავი ლაქების დატოვება
ღმერთმა ინება.
მთვარეც გამოჩნდა
და დაყარა ფარ-ხმალი ღამემ,
ზურგით მიათრევს შემორჩენილ
ნაფლეთებს ბნელის...
იქნებ როგორმე მიაღწიოს
დღე-ღამის საზღვარს,
თორემ მზე-ქალი,
თავის მწველი
სხივებით დაწვავს.

მოხუცი მამა

ჩემო გოგონა, მიყვარხარ ძლიერ",
-ასე მეტყოდა მოხუცი მამა,
ახლა საფლავის ლოდიდან მიცქერს, -
ლურჯი ტირიფი უმღერის ნანას.
სევდის ფერიამ გამიღო კარი,
როცა შევეხე გაყინულ გისოსს,
იმ რკინასავით გაცივდა სისხლი, -
სული შენდობას ღმერთისგან ითხოვს.
დავანთებ სანთელს და შევთხოვ უფალს, -
კარგად მიმყოფოს მოხუცი მამა,
სასუფეველში დაუნთოს ცეცხლი,
მიწისქვეშეთის სიცივე მზარავს.

Saturday, January 18, 2014

ბუდიდან ჩიტი ამოფრინდა

ბუდიდან ჩიტი ამოფრინდა,
გაშალა ფრთები,
მაგრამ ქვა დაჰკრეს,
დაენარცხა უსულოდ მიწას,
ბარტყებს უღონოდ დაუღიათ
დიდრონი პირი,
დედას ელიან, მისტირიან, -
ძალიან შიათ.
ვერ მოფრინდება, -
უგულობის გამხდარა მსხვერპლი,
დედა პატრონი, დედა-გული,
დედა-მზისდარი...
ზეცა ნელ-ნელა ინამება უმწეო ცრემლით,
მალე მიწყდება ბარტყების ხმაც...
ჯავრობს ცისკარი.

დაფრინავს ჩიტი

დაფრინავს ჩიტი, სულ არ იღლება,
ტოტიდან ტოტზე ციყვივით დახტის,
ბუდეში ფრფენით ჩააწყობს კვერცხებს,
რომ გამოჩეკოს ათასი ბარტყი.
დააპუროს და შეასხას ფრთები,
ასწავლოს ცაში ამაყად ფრენა,
აი, მიზანი, რისთვისაც ცხოვრობს,
არ უშინდება წვიმას და დელგმას.
პატარა ჩიტის დიდი გულია,
რომ ძგერს ძალუმად, სამყაროს ავსებს,
მის თეთრ ბუმბულებს ინახავს ზეცა,
რომ გაგვინათოს უკუნი  ღამე.

Sunday, January 12, 2014

წმინდა ნინოს!

დედაო წმინდა, ნათელო დღისა,
ცისკრის ვარსკვლავო, გამტეხო ბნელის,
გარდმოავლინე ჩვენთვის ლოცვები, -
შენი შვილები შეწევნას ველით.
თვალების შუქით შერისხე მტერი,
ფიცის გამტეხნი დაეცი დაბლა,
რომ ქრისტეს ჯვარი სულ გვეპყრას ხელში
და რწმენით სავსეთ ვერ ვიგრძნოთ დაღლა.
კერპთთაყვანცემის აღგავე ძეგლი,
ურწმუნო გული აანთე შუქით,
ჩვენთვის ნადირობს მეფე მირიან,
რომ დაამარცხოს ფერები მუქი.
სათუთად ვუვლით შენს ნატერფალებს,
დედა მარიამ გვაფარებს კალთას,
შენ დაგვილოცე ვაზის მტევნები,
ერთი ნერგიდან ველოდოთ ათასს.

Thursday, January 9, 2014

ჩემო ყანავ და ვენახო!

უკვდავების წყლის ნაჟურო,
ჩემო ყანავ და ვენახო,
ამ სიყვარულით ვარსებობ,
ცამდე ასული მენახოთ.
როგორც მარგალიტს მოგივლით,
თქვენი ცრემლებით ვიტირებ,
ნუ მიღალატებთ ნურასდროს,
ატარეთ ქვეყნის  სიმძიმე
თქვენს მტევანებს ნაზად დავკოცნი,
ქარვის მძივებად ავასხავ,
ვიცი, თქვენც ასე გიყვარვართ,
სიუხვის კალთას დამასხამთ.

Sunday, January 5, 2014

თეთრი ვარდი

ფურცელ-ფურცელ დავიცალე წლები,
დედის კალთას ვეღარაფრით ვცდები,
მოვეკიდე როგორც მორცხვი ბალღი,
მოგონებებს გამიღვიძებს ბაღი...
ყვავილები და უსაზღვრო სევდა,
ქალის თითებს თეთრი ვარდი სწყდება,
განშორების წუთებს ვეღარ ათბობს
ცივი ქარი, საფლავზე რომ ანცობს.
დაობლებულ გულს ვერ შველის დროც კი,
დედა ისევ მამას სარეცხს კიდებს,
არ დაედო მათ სიყვარულს მტვერი,
ფირუზის ცა რამდენ გრძნობას იტევს...
თეთრი ვარდი არასოდეს ჭკნება,
სისხლის წვეთი ედინება ეკლებს
და ფურცლები შეღებილი წითლად
უკვდავების, სიცოცხლის ფერს იძენს.

Saturday, January 4, 2014

ზამთარს მიეგებები

ზამთრის სუსხი ხელს გიბაწრავს,
ვეღარაფერს აკეთებ,
შეშა უნდა დაგეჩეხა,
შენ კი თვალებს აცეცებ,
დაინახო დედა, მამა,
ძმები, ბიძაშვილები,
აივანზე ჭრელ ხალიჩას
ბებო ქარგავს სირმებით.
ვაშლის ძირში ჩამოჯდები,
ყინვა ფიქრებს გარანდავს,
ერთმანეთზე შემოგიწყობს,
ჩირებივით აასხავს.
გელულება თვალები და
გახსენდება წარსული,
ბაბუ აქვე შეშას ჩეხავს
საუბარში გართული.
გამოკეტილ სახლს შეჰყურებ,
გულს გიკაწრავს აფთარი,
შენი ეზოს თოვლის კაცი
გზებზე გხვდება დამდნარი.
მტევნებივით დაიწურა
ამ ცხოვრების დღეები,
ლოლუებად დაკიდებულ
ზამთარს მიეგებები.

მიყვარდი, გიყვარდი(სიმღერა)

მიყვარდი, გიყვარდი...
ჩემთვის მზე იყავი,
ახლა კი პატარა კონვერტში გათავსებ...
ათასი მესიჯი გონებით გიგზავნე,
შენგან კი ვიღებდი სევდიან კანტანტებს.
...და გადამიყვარდი, - წესებს არ იცავდი,
თუმც ამაყ სიყვარულს არა აქვს განრიგი,
ახლა ამ კონვერტით ორ სიტყვას გიგზავნი:
"შემეშვი, გამცილდი!"

Thursday, January 2, 2014

სამშობლოს!

ოღრო-ჩოღრო დაკიდული ქედებით,
ღილებივით აკინძული მთებით,
შენ სამშობლოვ, ცისკრით მომეგებები,
მე კი შენზე ოცნებებით ვკვდები...
ნუთუ არის ამ ქვეყანად ასეთი,
ცა ფირუზი, ალისფერი დილა,
კლდეებიდან ნაკადულებს მოველი,
ზამთრის ველზე ყაყაჩოებს სძინავს.
აინთება აისი და მზე-ქალა
სხივებს დაღვრის, მხოლოდ მიწას ცივა,
შენ მამულო, ყველას მოგვეფერები,
მე კი შენი სიყვარული მტკივა.

ჩემს ბაბუს!

ბაბუ, ჩემო ტკბილო ბაბუ,
რა ხანია ღამეა,
შენთვის ვერცხლის უზანგები
ლურჯას მოუტანია.
ვეღარ ხედავ ნაცნობ შუკას,
ვეღარც სოფლის საჩეხებს...
იქ ლურჯა დგას, შენი ლურჯა,
ღამეს თეთრად ათენებს.
მაგრამ წყვდიადს ვერ ერევა, -
თვალებს ტყუილად აცეცებს,
შენ ნათელში, ის კი -  ბნელში,
სულ ერთმანეთს დაეძებთ.

ლურჯფაფრიან ცხენს მივსდევდი

სიყვარულით გადავთელე მთები, მდელო,
ლურფაფრიან ცხენს მივსდევდი, რომ მენახა
ნაზი შუქი, მის თვალიდან მომდინარე,
მერე გაქრა ჩემს ფიქრებში ზღაპრიანად.
მხოლოდ სიზმრად ვნახულობ და ავტირდები,
სიხარულის ცრემლებია ან თუ სევდის,
ძველი წლები ისე სწრაფად გავირბინე,
ახლა ახალ ორმოცდაათს ჩორთით მივსდევ.

Wednesday, January 1, 2014

გილოცავთ ახალ ცხენის წელს!

მინდა წელი მოგილოცოთ ახალი,
წინ გხვდებოდეთ სიხარული მრავალი,
ფიანდაზად გეშლებოდეთ ველები,
ზედ მფრინავი ლურჯფაფარა ცხენებით.
უზანგები ოქროსა და ვერცხლისა,
კიდობანი სავსე ათას ფერებით,
ზედ სირმებით მოქარგული საბანი,
ლოგინები ფარჩისა და ატლასის,
ყველასათვის სასწაული მზად არის.
დაილოცეთ, იხარეთ და გამრავლდით,
იდღეგრძელეთ, არ მოგაკლდეთ ბარაქა,
წუთისოფლის ბრუნვამ თქვენ არ დაგღალოთ,
დაბრკოლება არ მიგაჩნდეთ არაფრად.


კეისარია, თავისას ითხოვს

ძუნძულ-ძუნძულით მირბის წუთები,
დაუნდობელი, როგორც მგელია,
რაიმე ახალს აღარ მოველი,
სიცოცხლის ძალა გამომელია.
ხორცი მიწისკენ ისწრაფვის უკვე,
კეისარია, თავისას ითხოვს,
დედა-ბუნების წესებს ვერ შეცვლი,
ზღაპრულ ფერებით სამოთხე მიხმობს.

მხოლოდ უფალი მიგვიღებს

მძიმე ყოფილხარ სოფელო,
როგორც დოლაბი ტრიალებ,
ცოტა თუ წავიფორხილეთ,
სისხლით მოგვირწყავ იარებს.
ვინ დაგვიყუჩებს ტკივილებს,
ვინ არის ჩვენზედ მგლოველი,
მხოლოდ უფალი მიგვიღებს,
გაშლილი ხელით მოგველის.