Saturday, January 30, 2016

შენ ჩემი გულის სიმებს შეეხე

შენ ჩემი გულის სიმებს შეეხე,
ნაზი ამბორით დაფარე ბაგე,
სისხლისფერ ულაყს გამოაგელვებ -
სასიყვარულოდ გამიწვევ ღამე...
ჩვენ ორთა სულთა დაწნული ვარდი,
სამარადჟამოდ გაშლილი ჩვენთვის,
ნაზიარები იდუმალებას,
დღეს, როგორც მიწა, მეშლება ფერხთით.



Thursday, January 28, 2016

ზეცას მართალი მისწვდება მარტო

პატარა ჩიტი, უმწეო, ნაზი,
ღმერთთან დიდების გალობას გზავნის,
აუშვერია ნისკარტი მაღლა, -
სიყვარულის ძაფს სხივებით ართავს,
რომ აღტაცების მოძახილს მისას,
სალბუნად ედოს სიტყვები ღვთისა,
მაშვრალს და მწყურვალს მიეცეს სასო...
ზეცას მართალი მისწვდება მარტო.



Sunday, January 24, 2016

მათოვს სიცივედ

მათოვს სიცივედ თეთრი ფანტელი,
ყინულის ლოლოს გააქვს ჭახანი,
გადაქცეულა სული ნატეხად,
აქვე მოისმის ყორნის ყრანტალი.

ზარობს ქვეყანა

ზარობს ქვეყანა, ზარების ხმაურს 
გაუფანტია ბნელი და ბინდი,
ზანზალაკებით მორთული ფარა
მთის მწვერვალისკენ ამაყად მიდის,
ალიონს წითლად მოურთავს ზეცა,-
თითქოს სამყარო ხანძრისგან იწვის,
ზარს სცემს და ზარობს მთელი ქვეყანა,-
გაღვიძებია ხმაურზე თბილისს.

Friday, January 22, 2016

ავტობიოგრაფია



                                                      ავტობიოგრაფია


     მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს.
ვსწავლობდი ქალაქ თბილისის 127-ე საშუალო სკოლაში, შემდგომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო სწავლა განვაგრძე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1979 წელს დავამთავრე და იმავე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, შრომის ეკონომიკის სპეციალობით, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე 1984 წელს. შემდგომ სწავლა განვაგრძე, იმავე სპეციალობით,  ასპირანტურის განყოფილებაში. 1984-1994 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მენიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში». 2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1997 წელს გავიარე TACIS-ის სახელმწიფო მოხელეთა მომზადების პროგრამა. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. 
      ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. 2012 წლიდან ვიბეჭდები ქართულ პერიოდიკაში: "მწერლის გაზეთი", "ქართული სიტყვა",  "ლიტერატურული მესხეთი", "ოლე". 2013 წელს მიღებული მაქვს კონკურს "შოთაობის" მესამე პრემია რელიგიურ თემატიკაში, 2017 წელს - მეორე პრემია, ვარ კონკურს "ემიგრანტის წერილი"- 2014 წლის ფინალისტი, ასევე კონკურს "ბერიკონი"-2015 წლის გამარჯვებული, 2017 წელს წმინდა ნინოს ფესტივალის ერთ-ერთი ნომინანტი, საბავშვო პროზაში კონკურს "ბუკნაჭოს" (2017წელი) მესამე პრემიის მფლობელი, ჩემი ლექსები გამოქვეყნებულია სხვადასხვა წიგნებში, ასევე გამოიცა წიგნები ჩემი ავტორობით, საყმაწვილო ლექსები, მოთხრობები, გამოცანები : "იოცნებეთ ყველამ" და ლექსების წიგნი "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017)
     მყავს მეუღლე და სამი შვილი.



Thursday, January 21, 2016

აღმაფრენა

იმედით გულში მზე დამაქვს თითქოს,
იმედით გულში ხასხასებს მოლი,
ოცნებით სავსემ გავშალე ფრთები,
მოუძებნია მწყერჩიტას ტოლი.
ამღერებულა ტოროლა ცაში,
წყაროს წყალივით სუფთაა ფიქრი,
აუწყვეტია ჩემს სულს ბორკილი
და სასოებით ზეცისკენ მიქრის.






Wednesday, January 20, 2016

მაცივარი (მოთხრობა)

   ჩემი უფროსი ვაჟის დაბადების აღსანიშნავად ბაბუამისმა, ვისი სახელიც დაერქვა პატარას, გადაწყვიტა დიდი ნადიმის გამართვა. სახლში ერთი პატარა მაცივარი გვედგა, დედამთილი სულ იმას ჩიოდა, ძველია, უვარგისი, უნდა შევცვალოთო. არ ვიცი, რა მოხდა, ღვთის თუ კაცის ხელი ერია ამ საქმეში, უეცრად,  ეს პატარა მაცივარი გაფუჭდა და ძეობისთვის გადადებული ფული ახლი მაცივრის შეძენას მოხმარდა. თავიდანვე არ მომეწონა, აზერბაიჯანის გამოშვება იყო (არ აქებდნენ), თანაც წუნი ჰქონდა, საყინულე ფიფქს იკეთებდა. დედამთილს ვუთხარი, გამოცვალეთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ძლივს მომიტანია სახლში და მაგას უკან ვეღარ წავიღებო, მაშინ, 1988 წელს, მაცივრის ყიდვა არც ისე იოლი იყო, როგორც დღეს. წუნიანი მაცივარი მალე გამოვიდა მწყობრიდან, საყინულეში თოვლი გროვდებოდა, თვეში ერთხელ გამოწმენდა ჭირდებოდა, დავიტანჯეთ, გავიდა 25 წელი, მაცივარი კი მაინც ვერ გამოვცვალეთ უსახსრობის გამო. ბოლოს, რომ იტყვიან გაგიჟდაო, ასე მოუვიდა ჩვენს მაცივარსაც, საშინლად ხმაურობდა, გრუხუნებდა, გული შეგვიღონა, სტუმარს გული უსკდებოდა, უცაბედად ღმუილს რომ მორთავდა. თავის მნიშვნელობას გვახსენებდა, უჩემოდ, ნეტა, რას იზამთო?! მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი "ამბიციებით" თავი მოგვაბეზრა. როგორც იქნა, შარშან, ნაახალწლევს, გადავწყვიტე, ახალი მეყიდა, ძველი კი - გადამეგდო. არ ვიცი, რა მოხდა, თითქოს იგრძნოო, მაცივარი მიყუჩდა, უხმაუროდ დაიწყო   მუშაობა,  მაგრამ ამ შელახული, ადგილ-ადგილ დაჟანგული, მოდიდან გამოსული ნივთის ყურება აღარ შემეძლო და ახალი მაცივარი მოვიტანე სახლში. დიდი, ლამაზი, იაპონური. მიუხედავად მისდამი სიმპათიისა, ტევადი არ აღმოჩნდა, გადავწყვიტე, პროდუქტების ნაწილი ისევ ძველში შემენახა, დროებით. მისთვის საქმე მაინც მოინახა, ისიც წყნარად, მშვიდად, უდრტვინველად განაგრძობს მუშაობას დღემდე, თითქოს ეშინია არ გადამაგდონო.

Sunday, January 17, 2016

ათოვდა არმაზს

ათოვდა არმაზს, ოშკსა და ბანას,
თოვლი ეფინა გმირების საფლავს,
ფიფქი ცვიოდა ყვავილთა ნაცვლად,
მღეროდა მიწა ჯადოსნურ ზღაპარს...
ზვავს ჩაეხერგა ოშკი და ბანა.

Saturday, January 16, 2016

სევდა ფარული

არავის ისე არ უყვარხარ, ვით მშობელ დედას,
არავინ მოგთხოვს ქვეყნად პასუხს მხოლოდ თვალებით,
უსიტყვოდ იღებს შენს სხეულში სათავეს სევდა,
უცხო თვალთათვის უჩინარი, დარდი ფარული.

თავს დამიარე, ქარო!

თავს დამიარე ქარო, შემომაფრქვიე ია, -
ლურჯი ზმანება ჩემი, ნაზი ოცნება ჰქვია,
ამევსოს თვალი მინდა სინანულით და ცრემლით,
თავს დამნათოდეს მთვარე, მასთან შეხვედრას ველი.

ლუტეციას პოეზია

პოეზია ლუტეციას ქაღალდივით უკეცია,
ქარაგმა და ქარგა-ზმები ყველა ლექსში უთესია,
გამოიღებს შრომა ნაყოფს, დაფნას მუხის ხეზე ამყნობს,
თუ კარგია საძირკველი, შენებასაც მისგან ველით.

ვიხსენებ დედას

დღეს უცნაური იდგა ნათელი, -
თეთრი ვარდები ვიხილე წყებად,
ტანში დამივლის მე ჟრუანტელი, -
თოვლი სწვევია ზედაზნის ზეგანს.
ეკლესიის თავს ახურავს ქუდი,
ვარდები წვანან მრავალჯერ წყებად,
მუხლზე დამდგარა ჩემი წარსული,
უძღები შვილი ვიხსენებ დედას..

Thursday, January 14, 2016

მწყემსი იყო ჩვენი ღმერთი

გზას იკვლევდა ცხვრების ფარა,
მწყემსი იყო ჩვენი ღმერთი,
მზე რომ დაბლა დაიხარა,
ჩაიმთხვლია ცხვარმა ფერდი.
მაშინ ღმერთმა ანგელოზი
მიუჩინა ყოველ შვილსო,
დაუბარა, ააცდინე
ეშმაკსა და გასაჭირსო,
მაგრამ ცხვარი ურჩი არის,
ვერ შეიცვლის თავის ნირსო,
ერთეულებს ძალუძთ მხოლოდ
ცოდვებს თავი გაარიდოს.

Wednesday, January 13, 2016

მხოლოდ მაშინღა გიცან

მე შევერიე ღრუბლებს,
აიმღვრა ცა და მიწა,
სულმა დაკარგა ეგო,
წვიმის ცრემლებად იქცა,
გადმოიღვარა ციდან,
ყვავილს საშველი მისცა,
როცა ამოხველ გულში,
მხოლოდ მაშინღა გიცან.

Saturday, January 9, 2016

ჩემი ლექსის გულშემატკივარი

ჩემი ლექსის გულშემატკივარი
დილიდან ცუდ ხასიათზეა,
ცივა, ოთახში გათბობა არა არის,
ლოგინიდან ამოძრომაც კი ეზარება
და იქ მესიჯობს თავის მეგობრებთან.
ახალამდგარი თავის ლამაზ ხელებს მომხვევს, 
თვალებში შემომხედავს და მეტყვის "არა უშავს,
სხვა დროს უკეთესს დაწერ", უსიტყვოდ გრძნობს
ფიასკოს, ჩემს ნაჯახირალს რომ ახლავს თან,
რადგან ან ნიჭი მაკლია ან ვერ გავრკვეულვარ
თანამედროვე პოეზიის წიაღსვლებში.
ისიც, ჩემი ახალატოტილი ვერხვის ხე, ხანდახან,
როცა ლექსს სადმე კონკურსზე ვაგზავნი,
იმედით გადმომხედავს ხოლმე, თუმცა მის გამოხედვაში
გაკიცხვაც იგრძნობა, "ნეტავ რას იწუხებ თავს?!"
ალბათ ასე  ფიქრობს და იქნებ მართალიცაა,
ჩემი პატარა, ჩემთვისაა პატარა, თორემ უკვე დიდია,
ჩემი ახალატოტილი ვერხვის ხე, რომელსაც ძალიან უყვარს
აკაკი წერეთელი და "თორნიკე ერისთავის" კითხვის დროს 
ყოველთვის ტირის, სხვა მისი ტოლებისგან განსხვავებით,
არ მინდა გულნაკლული რჩებოდეს ჩემი ნაცოდვილარის გამო.
არა, ლექსის, როგორც მე ვეძახი, წერას თავი უნდა დავანებო!


Tuesday, January 5, 2016

ღვთისმშობლის ხატთან ვილოცებ

ღვთისმშობლის ხატთან ვილოცებ,
სანთელად ჩამოვიქნები,
ფიქრი ცისაკენ გამაფრენს, -
დღესა ვარ, ხვალ არ ვიქნები.
თმაზე ჭაღარა დამათოვს,
სულში იკვნესებს ზამთარი...
მაგრამ იმ იებს რა ვუყო,
საკოცნელად რომ მზად არის?!.
მაია დიაკონიძე
5.01.2016 წელი

Sunday, January 3, 2016

მოგილოცავთ ახალ წელს!

მოგილოცავთ ახალ წელს,
თქვენი შრომა დაფასდეს,
სიხარულს და ბარაქას
ღმერთი მოგცემთ ასმაგად,
რწმენა მოგცეთ იესომ,
ახალგაზრდებს, დიდებსო,

ული გქონდეთ სავსეო,
რომ მოგშორდეთ მავნეო.

მომენატრები!

ისევ დაბერავს თებერვლის ქარი,
ხეს ჩაუდგება სიცოცხლის წყალი,
მინდორში ლურჯი ამოვა ია,
კვლავ მონატრების დადგება დილა.
მე ავტირდები, როგორც ის  ქარი,
გაზაფხულის რომ აღვიძებს ლოდინს,
ჩემი სხეული მოისხავს იებს,
შავი მიწა კი თავისთან მიწვევს.




თოვლი და ზღვა

თოვლმა დაფარა ზღვა,
ტალღებს შეეკრა სუნთქვა,
ასეთი ნაზი თეთრი, 
უნდა ატაროს ფრენით.
გაასრიალა ზღვამ
თეთრი სპეტაკი ფრთა,
მალე დაემსხვრა ხელში
თოვლი წმინდა და თეთრი.

სიყვარულის სიმღერა

თუკი სიყვარულს შემპირდები,
სუნთქვას მომაგებებ იასამნის,
ვარდებს სამაისოს გადმომაფრქვევ,
თავს არ მომაბეზრებ ახირებით,
მეც ველს გადაგიშლი გვირილების,
თვალებს მოგანათებ ლურჯი იის,
ბაღი გავაშენოთ ყვავილების,
სანამ სიყვარულის ალი იწვის.