Wednesday, May 31, 2023

სალაღობო, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 სალაღობო .

,,მცხეთის ქალაქს მირონი დუღს ," არ სჭირდება ამას ფიცი ... ლობიო თუ მოგიდუღეს , როგორ დაგხვდა ჩვენი ციცი ? 20.05.2023 წ

Tuesday, May 30, 2023

ქალი მოდიოდა ხიდზე (დედას, მიძღვნა)

ქალი მოდიოდა ხიდზე
ქალი მოდიოდა ხიდზე,
აღიმართა ნათლის სვეტად,
ვარდი უმშვენებდა თითებს,
შენ თუ ხარო, ვუთხარ: დედა.
ბროლის ყელი, ბროლის სახე,
უბრწყინავდა თოვლზე მეტად,
ვარდი დაეფინა პირზე,
შენ თუ ხარო, ვუთხარ: დედა!
ვეამბორე იმის თითებს,
თითო-თითოს, მერე ერთად,
თვალები რომ მომანათა,
შენა ხარო, ვუთხარ: დედა!
მოდიოდა ხიდზე ქალი,
აღიმართა ნათლის სვეტად,
ის წავიდა,მე კი, დავრჩი,
დაბნეული მასზე მეტად.
მაია დიაკონიძე
30.05.2023 წელი

ლევან ალავერდაშვილს (მიძღვნა)

 შენ ტყუილად არ იყავ ალავერდაშვილი, 

(გვარიც რომ საუფლო გქონია!),

სამშობლოს უმღერდი დაღლილი არწივი,

მარად უბერებელს, თოვლიანს.

გზად გეფინებოდა ვარდები გაშლილი,

გეზი რომ ზეცისკენ აიღე,

ამქვეყნად სიყვარულს ითხოვდი ბავშვივით,

ვაი, რომ დროზე ვერ გაგიგეთ.

ამგვარად მიდიან ნაჯაფი ბიჭები,

და სიტყვას ტოვებენ მადლიანს,

რომ მერე გვაწამონ დარდით და იჭვებით,

რომ მიწას სიკეთე აკლია.

შენ ტყუილად არ იყავ ალავერდაშვილი, 

გვარიც რომ საუფლო გქონია,

სამშობლოს უმღერდი დაღლილი არწივი,

მზეზე მოლივლივე თოლია.


(ექსპრომტი)

სიყვარული რომ გასაყიდია,

არ შემპარვია არასდროს ეჭვი,

რადგან სამშობლოს ისე ყიდიან,

არ შეგვრჩეს მიწაც ჩვენ ერთი პეშვი.

ვარდი კი ვარდი, აის-დაისი,

რომ მოგვაგონებს ღრუბლების ზეფირს,

იმ სიყვარულის ბაღში გაგიშვით,

და არც უნდოდა მაგ შენს გულს მეტი..

,

,







ჩემო არხოტო!

 მინდა მიცქერდნენ ზეცის თვალები,

გადავიწყების არ მიმცენ ღრუბელს,

რაღაც მაგიურ ჯადო ძალებით,

ჩავკონებივარ ზეცის თბილ უბეს.

ცავ, შემომხედო, იმასა ვნატრობ,

ჩემმა სიშორემ არ დაგაღონოს,

სანუკვარ ფიქრებს მხოლოდ შენ განდონ,

ნისლდათქორილო ჩემო არხოტო!

მოვალ და გულში ჩაგეკონები,

არად დაგიდევ წიწვიან ღვიებს,

ვიცი, არავის არ ემონები,

სულს ვერ გაგიტეხს მდინარე მღვრიე.

მსურს მასაყდარო, ტაძრად მაქციო,

ქართველის  გენი სულ მიდუღს სისხლში,

ლეგა ღრუბლებში ყრმად დამარწიო,

შენად მიგულო ყოველი მისხლით..








Monday, May 29, 2023

მე რომ მეგონა (პატრიოტული)

მე რომ მეგონა
"ხემ თქვა, ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო." ქართული ანდაზა
თაღებიანი რომ მეგონა ტაძარი ესე,
ჩამონგრეულა და სხეული წასულა გვერდზე,
სადღაა ბაღში ბულბულების, შაშვების სტვენა,
ღრმა ძილს მოუცავს ეს სამოთხე, - გოდებას ძველთა.
გზააბნეული დავდივარ და იმ ჩემს ვარდს ვეძებ,
რომ მაგონებდა სემირამიდას ბაღებს და ედემს,
მაგრამ ვაი რომ, მისი ძირიც მტერმა გათელა,
დაბადებული ნუთუ იყო ისიც ქართველად?!
ჰაი, დედასა, მითხრეს ისიც ქართველი იყო,
და სხვებზე მეტი ვერაგობა ქართველმა გვიყო,
ძლევამოსილი დაცემულა ციხე თამარის,
მაგრამ იმედის ხის ფესვი ხომ ისევ აქა არის!
მაია დიაკონიძე
29.05.2023 წელი








Sunday, May 28, 2023

ვარდები, ავტ. ლევან ალავერდაშვილი, ჩემი პასუხი, ექსპრომტი

ვარდები
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად...
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!
ლევან ალავერდაშვილი
ჩემი პასუხი: ექსპრომტი
სიყვარული რომ გასაყიდია,
არ შემპარვია არასდროს ეჭვი,
რადგან სამშობლოს ისე ყიდიან,
არ შეგვრჩეს მიწაც ჩვენ ერთი პეშვი.
ვარდი კი ვარდი, აის-დაისი,
ასე რომ მოჰგავს ღრუბლების ზეფირს,
იმ სიყვარულის ბაღში გაგიშვით,
და არც უნდოდა მაგ შენს გულს მეტი..
მაია დიაკონიძე
28.05.2023წელი

უნდა გევარდა, ჩემო სამშობლოვ! (პატრიოტული)

 უნდა გევარდა, ჩემო სამშობლოვ,

მაგრამ ვინ მოგცა შენ მაგის ბედი,

შენი შვილები წმენდნენ იარაღს,

კრიალა ცაზე სწყდებოდა მეხი.

უნდა გევარდა და გებაღნარა,

რამდენი სისხლი ჩაღვრია მიწას, 

ყველა ყაყაჩო შენი სისხლია,

ვაი, შენს შვილებს, რომ ვეღარ გიცავთ.

დაგაჭრეს ხორცი, დაგწვეს, გაწამეს,

მაინც ცხვებოდა ობლობის კვერი,

დღეს ლერწამივით შეგათამაშეს,

შემოგაყარეს თვალებში მტვერი.

აღარ იხვნება დღეს შენი მიწა,

თუ კი იხვნება, სხვაა პატრონი,

სხვისი გამხდარხარ შენ უკვე ძიძა,

სხვისი გამხდარხარ ,,ამბასადორი".

შეურყვნელ სხეულს სხვა ეუფლება,

ვაი, რომ იქცნენ ასათასებად,

და თუ კი ჯვარი ჩვენ მოგვცა ღმერთმა,

რად გვინდა მისი დასაფლავება.



Saturday, May 27, 2023

მისანო!

მისანო!
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ბანქოში გექნებაო იღბალი,
მიწის პირისაგან აღიგავა,
რაც ოდეს ბავშვობაში მითხარი.
მისანო, ვერ განჭვრიტე მომავალი,
ვიცი, რომ გინდოდა სიკეთე,
კარტი ტყუოდა თუ შენ ტყუოდი,
გარჩევაც არ მაცალა სიბერემ.
მგონი, რომ არაფერში გამიმართლა,
დაჭკნა ყვავილების გვიგვინი,
გული ამდენ ცდაში დაიღალა,
ფორტუნავ, რაღაზედ მიღიმი?!
მაია დიაკონიძე
27.05.2023 წელი

 შენ გწერ და რატომ, თვითონ არ ვიცი, 

საიდან მოდის სიტყვა, რითმები,

შენ ესკადრონით მცირე ომს იგებ,

მე მუნჯ კინოს ვწერ, უხმოს, ტიტრებით.

სცენარი ალბათ ორივესია,

მაგრამ წერაზე ხელი არ მიგდის,

ვწერ მე, ესაა ჩემი ვერსია,

ერთ ძველ ქალაქში ხარ ჩემი გიდი.

დროს ცოტას მითმობ, სულ სადღაც ჩქარობ,

ყოფიერებას რომ გაუმკლავდე,

ჩემი ხარ და შენ არც კი უარობ,

შენი გული ხომ მე ერთს მომანდე.





Friday, May 26, 2023

ღმერთო!

ღმერთო!
იქნება, მთებო, თქვენთან მოვიდე,
ჩემს სიყვარულზე გითხრათ,
უკან არასდროს აღარ მოვბრუნდე,
კლდეში დავიდო ბინა,
თქვენი ბუბუნი მუდამ მესმოდეს,
მესმოდეს თქვენი ფიქრი
ყოველ დილაზე, როგორც ხინკლის ქვაბს,
ოხშივარ გქონდეთ ნისლის.
ღამეს ჩაწოლილს თქვენს უფსკრულებში,
თავად გავუშლი ლოგინს,
თავს დამნათოდეს შუქი ულევი,
რა სჯობს მიჯნურის ლოდინს.
იქნებ იმ ძველ დროს დალი ვიყავი,
მხეცთა, ნადირთა ღმერთი,
კლდე-ჭიუხებში სახეცისკარა
ვაჟი შემომხვდა ერთი.
შევიყვარე და მან შემიყვარა,
ფიცი მივეცი ოდეს,
მაგრამ სიყვარულს ნუთუ გინახავთ,
კარგი სასრული ჰქონდეს?!
გავიდა წელი ასი, ათასი,
ისევ მეძახით მთებო,
და იმ თქვენს ხმაში,
იქნებ იმ ვაჟის,
ხმაც გამაგონო, ღმერთო.
მაია დიაკონიძე
26.05.2023 წელი
All reacti

მსჯელობა ზოგიერთ საჭირბოროტო საკითხზე (ტელეშოუები), ესსე

 დღეს ერთ საჭირბოროტო საკითხზე მინდა ვისაუბრო. გუშინ რაღაც სატელევიზიო გადაცემის შოუს ლინკი გადმომიგზავნეს. ვუყურე, მერე სხვები ამომიგდო, იმათაც შევხედე, დღესაც გავაგრძელე მათი ყურება და საშინელ დღეში ჩავვარდი, სიმართლე გითხრათ. რის პროპაგანდას ეწევიან ეს გადაპრანჭული ქალბატონები და ბატონები?! ყოველგვარი აღვირახსნილობის, უზნეობის, რაც ჩვენს ქართულ ტრადიციებს იმთავითვე ეწინააღმდეგება. გოგონები საუბრობენ, თუ როგორი მდიდარი სქესობრივი ცხოვრება აქვთ, აგერ ცოტა ხნის წინ ორ მამაკაცს ვუყურე, რომელთაგან ერთს თეთრი ქვედაბოლო ეცვა, ხაზს გავუსმევ, თეთრი, რაც სიწმინდის, უმანკოების სიმბოლოა და ის რაც არაბუნებრივია, როგორ შეიძლება სუფთა და უმანკო იყოს?! გოგონებო და ბიჭებო, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს სახლებში რაც გინდათ ის აკეთეთ, არავინ მოგდევთ და გიყურებთ! რა საჭიროა, რომ იტყვიან, თქვენი თეთრეულის საჯაროდ გამოფენა?! მაშინ როცა ქართული ცეკვაც კი ქალისადმი მამაკაცის პატივისცემის და მანდილოსნის კდემამოსილების ნიმუშია, როგორ შეიძლება, ამ შოუებში წარმოდგენილი მაგალითებით ვიმსჯელოთ ერის სახეზე?! არადა მათი გაზიარებების რაოდენობამ დამთრგნა, ნუთუ ამ გადაცემებს კიდევ აზიარებენ, რომ სხვამაც შეხედოს?! სწორედ ასე ხდება ერის დეგრადირება, ახალგაზრდებსაც მეტი რა უნდათ? იტყვიან ნორმის ფარგლებშია ყველაფერი და ჩვენც ასე გავაკეთოთო. თუ საბჭოთა დროს, რომელსაც დღეს დავცინით, შრომის, სწავლის პროპაგანდა იყო, გვაჩვენებდნენ ადამიანებს, რომლებსაც გმირობის ორდენები ჰქონდათ მიღებული ომში, სწავლაში, შრომაში. მარტო ჩემი მეუღლის საახლობლოში ორი ლენინის ორდენოსანი ჰყავდათ, ერთი შრომის, მეჩაიე იყო. მეორეც, საუკეთესო პედაგოგი გახლდათ. ახლა ზოგიერთი მეტყვის, საბჭოთა დროის ნოსტალგია გაქვსო, არამც და არამც, მაგრამ რაც კარგი იყო იმ დროს, რატომ უნდა დავკარგოთ?! სიწმინდის, წესიერების პროპაგანდას ეწეოდნენ ფილმებში თუ გადაცემებში. მაშინ უფრო პატრიოტული იყო ზოგიერთი არხი, ვიდრე დღეს. კარგად დავფიქრდეთ: რა სახელმწიფოს ვაშენებთ, როგორი ახალგაზრდები გვინდა გვყავდეს?! არც ძალადობის მომხრე არ ვარ! მკაცრად განვიკითხავ ასეთ ადამიანებს! მაგრამ დაუმტკიცებელ ფაქტებზე ლაპარაკი უკვე ბრაზილიურ სერიალებს მაგონებს. ფრთხილად, როცა ახალგაზრდების სულთან გვაქვს საქმე! მისი დამახინჯება ძალიან ადვილია, თუ მას მყარი მორალური პრინციპები არ აქვს ჩამოყალიბებული. ასეთ თემებზე ლაპარაკი კი, რასაც ვისმენ, ერის განათლების დაბალ დონეზე მეტყველებს, თუ გავითვალისწინებთ გაზიარებების რაოდენობასაც. უფალი ჩვენთან!

მაია დიაკონიძე

25.05.2023 წელი

A

Thursday, May 25, 2023

გადაკარგულ შვილს! (პატრიოტული)

გადაკარგულ შვილს!

მომწყდები, ჩაიძირები უარაფრობის ბურუსში,
მერე როგორღა გიშველო, როგორ გაგაძღო ძუძუთი,
თუ კი შავეთის ლანდებმა გადაგავიწყეს ანბანი,
ვაზის ძირს თუ არ შეუდექ, ვით ზეციური არგანი...
წახვალ და დაიკარგები, ვეღარ გახდები ბადიში,
ამ სილამაზეს არ უცქერ სურვილ და ვნებებაშლილი,
უშენოდ ის კლდე გავხდები, რომ აღარ ჯდება არწივი,
ღმერთმა არ დაგაკარგინოს სამშობლოს ნახვის წადილი..
მაია დიაკონიძე
25.05.2023 წელი

სად ვიყავი! (პატრიოტული)

სად ვიყავი!

სად ვიყავი, სად არა და,
ბედმა სად არ მატარა და,
არსად იყო ის ცა ერთი,
სადაც იყო ჩემი ღმერთი.
მე კი მხოლოდ ის ცა მსურდა,
მზეც, ვარსკვლავიც, მთვარე თეთრი,
დაეყარათ ჩემთვის ხურდად
მათი ოქრო, მათი ვერცხლი.
ოქრო-ვერცხლს ვით ვანაცვალო
ჩემი ცა და ჩემი ღმერთი!!!
მაია დიაკონიძე
24.05.2023 წელი





Tuesday, May 23, 2023

გამოქვეყნებული ლიტერატურის სია - ელგუჯა ციგროშვილი

 გამოქვეყნებული ლიტერატურის სია:


გზა : საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი : გაზეთ "კვირის პალიტრის" დამატება. თბილისი, 2023. 20 თებერვალი - 1 მარტი. N 8 (1185). 
დილის ლოცვა ; დაგინახე და... ; ემიგრანტული ფიქრები თელავზე.

ხორნაბუჯი : ლიტერატურული ალმანახი. დედოფლისწყარო, 2021. თებერვალი. N 10. გვ. 43 .,ეგ არი არაგველობა" არის შეტანილი ნეტავ?


ოლე : საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი / მწერალთა ასოციაცია ლიტერატურული კახეთის გამოცემა. თბილისი, 2021. N 4 (51). გვ. 17-19.
ხიდი ხიდია! ; ვინ, ვინ გაგიბედა? ; რატომ? ; ხომ მოხვალ? ; წუთისოფელი ; იმ ქვიშის მშურდა... ; წარსული კივის! ; მე თვითონ ვირჩევ ; მაგრამ იცოდე! ; კოცნებს მოვიპარავდი...

,,ჰფიქრობ", ,,მელოდე", ,,მონატრება", ,,იმ ქვიშის მშურდა", ,,ფხოველის პაემანი", ,,შენს სამოთხეს შემაფარე", ,,წარსულთან ლაციცი", ,,წუთისოფელი", ,,სიყვარულსა მალვა უნდა", რომ არ მიყვარდე, ტომი 1. რედ. ირინა ხურციძე, თბილისი 2021წელი, გვ.127-136


ანეული : ლიტერატურული ჟურნალი. თბილისი, 2022. ივლისი. N 2(35). გვ. 29. 

ელგუჯა ციგროშვილის პოეზია / მაია დიაკონიძე.შემოქმედებითი პორტრეტი


ვკითხულობ ვაჟას ; ემიგრანტული ფიქრები თელავზე ; სადაც კი დავალ! ; მთისქალასთვის ლოდინი ; და ბევრჯერ მინდა! ; ლოდის მონოლოგი.
ანეული : ლიტერატურული ჟურნალი. თბილისი, 2022. ივლისი. N 2(35). გვ. 30-31.

,,მიყვარხარ", ,,თვალებში ჩამხედე", ,,ზაფხულის ღამე", ,,ბუმერანგი", ,,ყვავილებს ვადარებ", ,,ოქროს თევზი", ,,დამისიზმრე", ,,კოცნებს მოვიპარავდი", ,,შენ ჩემი ღარადელა ხარ", ,,წაგიყვან მთაში", ,,ღამე პარნასზე", ,,ჩემი რომი ხარ", რომ არ მიყვარდე, ტომი 2. რედ. ირინა ხურციძე, თბილისი, 2022 წელი, გვ. 57 - 66

,,სხვისთვი არ გასამეტარი", ,,ყასაბი და ხარი", ,,თუ...(რა საჭიროა)", ,,წუთისოფელი, როგორც აფთარი", ,,ზევსი და ლედა", ,,ვედრება", ,,მადლობა უფალს...", ,,იმედი", ,,განა არ სტკივა", ,,ფერები დააკლდა", ,,როს დადუღდება", ,,სხვისი მიწა", ,,შემოდგომური", ,,უთქვამთ წინაპრებს", ,,შემოეძარცვა", ,,სალაღობო(ჩემს თვალში)", ,, ხომ სულის გავლით",  ,,შენ დღესასწაულს", ,,ხალიბის გენს ვჭვრეტ", ,,ალავერდი", ,,გადიან წლები", ,,მოვფრინავ, ტკბილო", ,,წლები", ,,მუდამ ვფიქრობთ", ,,რაც შენ გიპოვე", ,,სფინქსივითა ვარ", ,,ცოდვის ნარჩენებს"; მინიატურული პოეზია, ტომი 2.  თანაავტორთა კრებული, რედ. ირინა ხურცძე, თბილისი, 2022წელი, გვ. 125-134

,,სადაც კი დავალ!", ჩემთვის იწყები, თანაავტორთა კრებული, პატრიოტული ლირიკა, თბილისი, 2022 წელი, გამოიცა ირინა ხურციძის თაოსნობით და ფინანსური მხარდაჭერით, გვ. 106-107

,,თოვდა და...", ,,წლები", ,,იუდა სხვა ჭრილში", ,,შობა", ,,მაგრამ იცოდე", ,,მოდით, ჩამხედეთ", ,,ფიფქები", ,,ყვავილთმწყემსი!", ,,ცრის", ლექსის აკვანი, ტომი მე-9, თბილისი, 2022 წელი, გამომც. ,,პოეზიელი", თანაავტორთა კრებული, გვ. 439-443

,,მალაღებ",  ,,ზამთარი დამასიზმრე", ,,სადაც კი დავალ", 21-ე საუკუნის პოეზია, ,,ავტორთა რჩეული ლექსები, რედ. თემურ ცერცვაძე, გამომც. ,,ქართული წიგნი", 2023 წელი, გვ. 163-164

,,ღამე ვაჟას ჩარგალში", ჩემო ძვირფასო, პოეზია, თანაავტორთა კრებული, თბილისი, 2023 წელი, გამომც. პოეზიელი, გვ. 49

,,თელავის ჭადარი", ფიქრები", ეგ არი არაგველობა!", ,,იმედი", ,,აღსარება", ,,ტი აამო", ,,სიზმარი", ,,შენა ხარ!", ლექსის აკვანი, ტომი მე-11, თბილისი, 2023 წელი, გამომც. ,,პოეზიელი", თანაავტორთა კრებული, გვ. 239-243

,,შენ დაიფარე", ,,მსურს", ,,მე ვარ ადამი, 21-ე საუკუნის ქართული პოეზია, სამოქალაქო, რელიგიური და პატრიოტული ლექსები, რედაქტორი - თემურ ცერცვაძე, გამომც. ქართული წიგნი, 2023 წელი, 

,,მგელი", ,,მე იმასა გთხოვ", მუზების ქარავანი, თბილისი, 2022 წელი, რედაქტორი და დამფინანსებელი — ირინა ხურციძე,  გვ.37-39

,,მე დავბრუნდები", ,,დრონი მეფობენ", ,,ფიქრები", ,,შემოდგომას მოუხდება", ,,სადაც კი დავალ", ,,მე ვარ ადამი!", ,,აღდგომის მადლია მთავარი", ,,წაგიყვან მთაში", ,,ვკითხულობ ვაჟას", ,,შენ დაიფარე!", წიგნი, ,,პოეტები საქართველოსი", ტომი მეოთხე, თბილისი, 2023 წელი, გვ. 510 -515 გვ. რედ. მანანა სამყურაშვილი, თანარედაქტორი: თენგიზ ფანცულაია

,ლიტერატურული მესხეთი" (2023 წელი, დეკემბერი, N13)

გამოქვეყნებული ლიტერატურის სია - მაია დიაკონიძე

 გამოქვეყნებული ლიტერატურის სია:

,,როდის, როდის...", ზღაპარი (ვაჟა-ფშაველას), ,,ნუთუ შეიძლება არ მიყვარდე", ,,დამისიზმრე", ,,შენი თვალები", ,,ხმას არ მცემ, დუმხარ...", ,,შენი ტყვე ვარ", ,,იქნებ და...", ,,ნუ მიმატოვებ!", ,,მთვარეო", ,,ერთი ქალი", ნეტავ, იმ დროს...", ,,ძალიან მიყვარხარ", ,,ვარსკვლავად დავრჩებით", ,,დალი ვარ, დალალდაყრილი", ,,უწყალო ყოფილხარ", ,,სიზმარში ვნახე"; რომ არ მიყვარდე, ტომი 1. რედ. ირინა ხურციძე, თბილისი 2021 წელი, გვ.137-146

,,ეს მე ვარ, ევა!", ,,მე მეგონა", ,,ვიცი, რომ მეძებ", ,,მუზა ვარ შენი", ,,ისევ გეძახი", ,,გავყურებ ქუჩებს", ,,იმ ღამეს მივხვდი", ,,სადა ხარ, ჩემო!", ,,ასე მითხარ", ,,სიყვარულის ღამე", ,,ჩემი სულის იმედო", ,,ნეტავ, რა წაშლის?!", ,,არ მინდა ძილი",,,სული ხარ ჩემი", ცეკვაც კი", ,,მზე ხარ, სიცოცხლე", ,,სალაღობო", ,,ლექსი ტკივილიანი", ,,მიყვარხარ"რომ არ მიყვარდე, ტომი 2. რედ. ირინა ხურციძე, თბილისი, 2022 წელი, გვ. 67 - 76

,,ჩემი ფუძე", ჩემთვის იწყები, თანაავტორთა კრებული, პატრიოტული ლირიკა, თბილისი, 2022 წელი, გამოიცა ირინა ხურციძის თაოსნობით და ფინანსური მხარდაჭერით, გვ. 104-105

,,ბებია", ,,მოგონებებიდან", ,,დიღმის ხიდზე", ,,ცრემლი", ,,ოჯახი", ,,რატომ?!", ,,იასამნისფერი ქრიზანთემები", ,,ავლა-დიდება", ,,გვირილების ველი", ,,გიგო", მინიატურული პროზა, ტომი პირველი, თანაავტორთა კრებული, თბილისი, 2022წელი, გვ.158-167

,,დედას", ,,პოეტს", ,,ისიც კი მესმის!", ,,სიმღერა" (სალოცავი ხარ ჩემი), , ,,ვხედავ, არავის ვჭირდობი!", ,,სიმღერა" (გაბრწყინდი), ,,ზამთრის ეტიუდი", ,,თუ კი დღეს არა", ,,გეტყვი", ,,ჩემი საქართველოა!", ლექსის აკვანი, ტომი მე-9, თბილისი, 2022 წელი, გამომც. ,,პოეზიელი", თანაავტორთა კრებული, გვ.434-438

,,მივყვები ქუჩებს", ,,მე შენი ვიყავ", ,,განა ასაკს ვმალავ?!", ,,ვიცი, გაწუხებ (ტერენტი გრანელს)",  ,,თუ გიყვარვარ", 21-ე საუკუნის პოეზია, ,,ავტორთა რჩეული ლექსები, რედ. თემურ ცერცვაძე, გამომც. ,,ქართული წიგნი", 2023 წელი, გვ. 161-162

,,ოდა თბილისს", ,,ლურჯი ბუშტი", ,,პიანისტი", ,,პაპა", მინიატურული პროზა, ტომი მე-2, თანაავტორთა კრებული,  თბილისი, 2023 წელი, გვ. 26-35

მინიმები, მინიატურული პოეზია, ტომი 2.  თანაავტორთა კრებული, რედ. ირინა ხურცძე, თბილისი, 2022წელი, გვ. 135-144

მინიმები, მინიატურული პოეზია, ტომი 3.  თანაავტორთა კრებული, რედ. ირინა ხურცძე, თბილისი, 2023 წელი, გვ. 173-182

მინიმები, მინიატურული პოეზია, ტომი მე-3, თანაავტორთა კრებული, რედ. ირინა ხურციძე თბილისი 2023 წელი, გვ.173-182

,,ტერენტი გრანელს", ,,გალაკტიონს", ჩემო ძვირფასო, პოეზია, თანაავტორთა კრებული, 2023 წელი, თბილისი, გამომცემლობა, ,,პოეზიელი", გვ.47,48

 ,,მინდა გესმოდეს!", ,,ახლა ვიგრძენი", ,,მეგონა მეძებდი", ,,სალაღობო", ,,შენ რომ მიყვარდი!", ,,თბილისო შენი ნატერფალი ვარ!", ,,ერთ კოცნას გთხოვდი!", ,,პოეტს!", ,,ჭიამაიას", ,,როცა...", ლექსის აკვანი, ტომი მე-11, თბილისი, 2023 წელი, გამომც. ,,პოეზიელი", თანაავტორთა კრებული, გვ.234-238

,,შენ რადა ტირი, ადამიანო", ,,ვერ ამოვზიდე", ,,მტკივა რიონი", ,,დაჭრილი ვარ ისრით", ,,ობლად რომ დარჩი",  გვ.135 -136, 21-ე საუკუნის ქართული პოეზია, სამოქალაქო, რელიგიური და პატრიოტული ლექსები, რედაქტორი - თემურ ცერცვაძე, გამომც. ქართული წიგნი, 2023 წელი,  გვ. 133-134

,,წინაპრების გახსენება", ,,ნეტავ, რა არის სიყვარული?!", ,,ჩემი ფუძე", ,,ერთით მეტი ვარ ყველაზე", ,,სახლო",,,ფანელის კაბა", ,,ქალი და სარკე",,დედაჩემს", ,,თუ კი მატირებ, მატირე...", ,,ქალი მოდიოდა ხიდზე", ,,მზეს(ხალხურ მოტივებზე), ,,ვისთ ის ვწერ ლექსებს?!", ,,ბიჭები მღერიან!"თანაავტორთა კრებული, ,,პოეტები საქართველოსი", მეოთხე ტომი, თბილისი, 2023 წელი, მთ. რედაქტორი - მანანა სამყურაშვილი, თანარედაქტორი - თენგო ფანცულაია, გვ.220-225

,,ამირანო!", ,,ჩაფიქრებული ხომ არ გაქვს?!", ,,ქარი და სარკე", ,,დედაჩემს თეთრი ხელები ჰონდა", ,,განა ასაკს ვმალავ!", ,,წინაპრების გახსენება", ,,ერთით მეტი ვარ ყველაზე", ,,ჩემი ფუძე", ,,სახლო", ,,შენ, კახეთო!", ,,სხვა ასეთი სადღა ვნახო?!",,,ქალი მოდიოდა ხიდზე", ,,ერთ დღესაც", გაზეთი ,,ლიტერატურული მესხეთი, სექტემბერი, 2023 წელი, გვ. 4, სტამბა ,,საარი", მთ. რედაქტორი - ავთანდილ ბერიძე

სიმღერა (სახუმარო)

სიმღერა (სახუმარო)


არ გიყვარვარ?! ეგრეცა თქვი,

რაზედ მაძლევ იმედებს,

საწვალებელად თავის პირმშოს,

ძაღლიც არ გაიმეტებს.

ღმერთმანი გზა დამიბნელდა,

აღარც კვარი ანთია,

როგორც ადრე, ახლაც მთვარე,

ჩემი მეგობარია.

ვხედავ ვარდიც აყვავილდა, 

იასამნის ტოტებიც,

აგერ ბრწყინავს ნაზი იაც,

ყვავილობენ სოსნები.

მე ბილიკებს მივუყვები,

ამ ბუნების მგოსანი,

შევერწყმები ცას და მიწას,

ლოცვებით და ოსანით.

არ გიყვარვარ?! სულის ტევრში,

ვიცი, გზა ამერია,

მე ერთი ვარ, შენნაირი,

იცოდე რომ ბევრია.










ღმერთო ჩამიქრა ის კვარი,

გზას რომ მინათებ-მინთებდა,



.




 მან აბესალომი ჩააგდო ლოგინად და სული მურმანსაც მან გააყიდინა.


რაც გინდა ვწერო, ვიკითხო, 

ანდა, ვიკითხო ვწერო,

შენ თავი ვერ მოგაწონე,

ჩემო ფარულო მტერო!


ვიცი, ნამდვილად კითხულობ...

 ვიცი, ნამდვილად კითხულობ

ჩემი ლექსების სტროფებს,

მინდა მეგობრად მიგულო,

გცნობ ტკბილმოუბარ ორფევსს.

ნიავმა დღეს მიჩურჩულა:

- წუხელ სიზმარში გნახა,

ისეთი ლამაზი იყავ,

როგორც ,,შიშველი მახა".

მზემ მომანათა სხივები,

მცხუნვარე, როგორც ცეცხლი,

მზად აქვსო შენთვის ისიდას

იდუმალების ეტლი.

ხელთ გეჭირება ლოტოსი,

და ოქროსფერი დისკო,

შენი სიკეთე სწადია,

სხვას არც არაფერს ითხოვს.

ვიცი, ჩემ ლექსებს კითხულობ,

ვუახლოვდებით სამანს,

სხვა არაფერი მწადია,

მარტოდენ შენი ნახვა.





Monday, May 22, 2023

რანი ვიყავით, რანი ვართ

 რანი ვიყავით, რანი ვართ,

ბებერ ციხესა ვკითხოთ,

ჩარღვეულ-ხელებგაწვდილი

დახმარებას რომ ითხოვს.

აგერ ფშანები ოხრავენ,

იციან დროის ფასი,

გადაიცმევენ ოლარებს,

ვაზის მტევნებით ავსილთ.

მე კი ამ ხანის შვილი ვარ, -

გამკრთალ-ჩალეწილ დროის,

ნიავქარი ვარ ბარისა,

მაღლა მთიდან რომ მოდის.

ერთი ტალღა ვარ არაგვის,

ერთი მჩქეფარე ზვირთი,

ტოლს არ დავუდებ არავის,

არაკითა და მითით.

რანი ვიყავით, რანი ვართ,

ბებერ ციხესა ვკითხოთ,

ქვეყნის ანი და ბანი ვარ,

ჯერარნაპოვნი ხვითო.




ლეგენდა

          ლეგენდა

ათამაშებდა გველი მზეზედ ელვარე ხვითოს,

რომ მაგიური ძალა მომატებოდა თვისტომთ,

სიბრძნე და სიჩაუქე შიგნით ჩაუთქვა გველმა,

თავზე დაესხა ეშმა, ამბავი რა კი ესმა.

მაგრამ ჭკვიანმა გველმა იცოდა მისი ზრახვის,

და გადამალა ხვითო, ასაცილებლად მარცხის,

მას მერე ვეძებთ ხვითოს, მარგალიტსა და ლალებს,

ბევრი ვერ მიხვდა რატომ, სიცოცხლე ანაცვალეს.

ხვითოა ეს ქვეყანა, სიმდიდრე, საგანძური,

საფლავი თამარ მეფის, თვალთაგან დაფარული,

და ვერ მივმხვდარვართ ჯერაც, რომ იმ მიწაზე დავალთ,

სადაც მისანმა გველმა ის ხვითო  გადამალა,

მის მარადიულ წიაღს კვლავ გაბრწყინება ელის,

ხვითოს გრძნეული ძალით გაჯანსაღება ერის.



,



Sunday, May 21, 2023

ადამიანის დაგრჩეს იერი!

აკაკუნებენ ქარნი მინებზე,
ზეცის დახრილა სველი წამწამი,
ჩამოთვლილია თითქოს თითებზე, -
ვიღაცას - წუთი, ვიღაცას - წამი.
ცის მდუმარება შეჰყრიათ ვერხვებს,
ქუჩაზე დგანან სასოწარკვეთით,
ვიღაც პოულობს და კარგავს მერე,
არაფერია ქვეყნად დაკვეთით. -
არავინ გვკითხავს, როდის მოვიდეთ,
როდის წავიდეთ, არც ამას გვკითხავს,
ოღონდ მიხედე სულის სამშვენისს,
ნუ დაამძიმებ ცოდვებით მიწას.
ფაფარაყრილებს ჰგვანან ღრუბლები,
ჩვენმა გრძნობებმა ზეცად იალა,
დამეხილი თუ რჩება მუხები,
ჩვენ ნუ გავთელავთ სულის იალაღს.
ნუ გვეგონება, გვეპატიება,
სიტყვა, რომელიც არ უნდა ითქვას,
და თუ უფალმა ასე ინება,
ტყუილად რად ისვრი უდიერ სიტყვას.
შენც გამოზარდე გულში იები,
ზეცა გვიყურებს ლურჯი თვალებით,
ადამიანის დაგრჩეს იერი, -
დაღონდნენ შენი გარდაცვალებით.

















ფშაური გამოთქმა

 თეთრი თოვლი შავი ღრუბელის შვილი და მურიან ქვაბში ქათქათა ხინკალი იხარშება.

სადაც არა ვთქოდიო, იქ არცა ვჩნდოდიო.

ჰე, ქართველო! (ორი ვარიანტი)

ჰე, ქართველო! (პირველი ვარიანტი)
განა ვარდებს აღარ ისხამს დალოცვილი აისი
ან ბულბულის მოძახილი ღვთიურ ლოცვად არ ისმის?!
აკვნიდანვე ხომ შევიტკბეთ დედის რძე, ვით ბადაგი,
დავიწყებას არ მივეცით სვეტიცხოვლის არაკი.
ჰე, ქართველო, სანამ მიწა მოგვიხმობს და გვეძახის,
გავახაროთ პურის ყანა, ქარვისფერი ვენახი,
რომ სამშობლოს სიყვარულით სავსე გვქონდეს გულები,
ვემსახუროთ ჩვენს საფიცარს რწმენით და ერთგულებით.
მაია დიაკონიძე
21.05. 2023 წელი

ჰე, ქართველო! (მეორე ვარიანტი)
იმედის შუქს კვლავაც მოგვცემს დალოცვილი აისი,
შაშვ-ბულბულის მოძახილი ღვთიურ ჰანგად გაისმის!
აკვნიდანვე ხომ შევიტკბეთ დედის რძე, ვით ბადაგი,
დავიწყებას არ მივეცით სვეტიცხოვლის არაკი.
ჰე, ქართველო, სანამ მიწა მოგვიხმობს და გვეძახის,
გავახაროთ პურის ყანა, ქარვისფერი ვენახი,
რომ სამშობლოს სიყვარულით სავსე გვქონდეს გულები,
ვემსახუროთ ჩვენს საფიცარს რწმენით და ერთგულებით.
მაია დიაკონიძე
21.05. 2023 წელი

Saturday, May 20, 2023

ამირანო! (ხალხურ მოტივებზე)


ამირანო!

(ხალხურ მოტივებზე)

საკვირველზე საკვირველო,
გმირობა ხომ არ იაფობს,
სადაც დავალ, შენც იქა ხარ,
გულში მზედ რომ იკიაფო.
ვფიცავ კოპალას და იახსარს,
ლაშარსა და გუდანს ვფიცავ,
ხახმატს, ყველა სალოცავებს,
სულ მუდამ რომ დამაქვს ფიქრად.
დევ-გმირების სამეფოში,
შენ ერთი ხარ, არ გშურს სხვისა,
ამირანი ამირანობ,
ძევ ქართველი ქალღმერთისა.
მაია დიაკონიძე
20.05.2023 წელი

Friday, May 19, 2023

 სამჯერ კვება კი არა და,

სასადილო აქვს გახსნილი,

უმ ხორცის ნაჭრებს მიირთმევს,

მონადირეა ნამდვილი.

ხაჭაპურებიც კი უყვარს, 

ყველს სულ იმერულს მიირთმევს,

რძე- ხაჭო თუ კი მივართვით,

დასძახის: დილილ-დილილმეს.

სიცოცხლეს მისცემ ზოგიერთს...

 სიცოცლეს მისცემ ზოგიერთს,

მაინც ვერაფერს მიხვდება,

ზოგს კიდევ შენი ღიმილი,

სხვა არაფერი სჭირდება.

უღრანი ტყეა ცხოვრება,

ვინ მგელი და  ვინ - კრავია,

წყალი სუყველას გვჭირდება,

ერთია საგუბარია.

სულში თუ ჩაიხედები,

რომ განიწმინდო, ეცდები,

ღმერთის წინაშე რომ წარსდგე,

სუფთა გულით და ხელებით.


ეზოში ტალახის ზელას...(სახუმარო)

ეზოში ტალახის ზელას,

რით არ სჯობნის პარიზი,

დაავიწყდა უკვე ყველას,

ვანიც და ქუთაისიც.

შენ სამშობლოვ,რას გიშველის 

ჩემი სევდის ცრემლები,

სარეცლზე ხარ შიშველი,

ვერაფრით გეშველები.

მალე უსაქართველობას

გვამცნობს მთიდან ნიავი,

და თუ ახლა მწარედ ვცდები, 

შენ, ქართველო, მითხარი!



შენ რომ მაჩუქე (მინიმა), სატრფიალო

შენ რომ მაჩუქე, იმ წითელ ვარდს,
დღემდე აქვს ფერი,
ტკბილ მოგონებას აწმყოსაგან
ვერ მიჯნავს ფარდა...
და ყველაფერი, ჩვენ გარშემო,
თუნდ გახდეს მტვერი,
შენ ჩემს ხსოვნაში სულ დარჩები
იმ წითელ ვარდად!
მაია დიაკონიძე
19.05. 2023 წელი


Thursday, May 18, 2023

მატარებელი (ესსე)

 

     მატარებელი (ესსე)


ვაგონი ვაგონს ჩაბმია, ვაგონი - ვაგონს, დგანან თავდახრილები. ეს ელექტროდეპოა, თითქოს დრო მოჭამესო ვაგონებმა, აღარავის ახსოვს, დაჟანგულები, სიცოცხლეწართმეულები, ერთ დროს რომ ტვირთს დაატარებდნენ მთელ საქართველოში და არა მარტო: მოსკოვი, ხარკოვი, ოდესა, ბაქო, ერევანი... თავაწეულები ჩაუქროლებდნენ ბაქანზე მდგომთ, ნახეთ, რამდენს ვშრომობთ ადამიანებისთვის, რამდენი ტვირთი მოგვაქვსო. ახლა კი დგანან მუხლჩახრილნი, მუხლშეკეცილნი. ელექრტოდეპოს ხიდზე გადამსვლელნი თუ გადაუღებენ სურათს, უფრო უცხოელები, სევდით გადახედავენ ნაშთს ძველი დიდებისას. გახსოვთ, ალბათ, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, როგორ ქუხდა და გრგვინავდა. ჩაინავლა და ჩანაცრდა საქართველოს მრეწველობა. აქა-იქ თუ აღმოაჩენ რკინაზე მომუშავეთ და მოკაკუნეთ.
ისევ მატარებლები მახსენდება, სულ-კივილ-კივილი რომ გაუდიოდათ, მთელი ღამე არ ჩუმდებოდა მათი ხმა. ახლა ერთი-ორი თუ ჩაივლის ზლაზვნით, მთქნარებით, მცონარებით, თითქოს ხალისიც დაუკარგავთ, არავინ ეგებებათ. საიდან ვიცი?! აქ ვცხოვრონ ელექროდეპოსთან, ადრე სამხრეთ დეპოს ეძახოდნენ. ყველა მატარებელი აქ იყრიდა თავს, ზოგი დასასვენებლად შემოჰყავდათ, ზოგსაც არემონტებდნენ.

ბავშვობა მახსენდება, ყველა მატარებელს ხელს ვუქნევდი, მეგონა ჩემი და არა მარტო ჩემი, ყველა ბავშვის ოცნება მიჰქონდათ ღმერთთან ასასრულებლად. ამ ჩაჟანგული მატარებლის ვაგონებივით ჩამომსხდარან ჩემი ოცნებებიც მათ სახურავებზე. წარმოიდგინეთ, ოცნება ჩაჟანგული ვაგონის თავსახურზე ჩამომჯდარი, ფეხებდაკიდებული, დაღლილი თვალებითა და სულით. ესაა დღევანდელი საქართველოს რეალობა... თუ ასე არაა, ვინმე შემედავეთ.
მაია დიაკონიძე

15.05.2023 წელი                                        

Wednesday, May 17, 2023

ექსპრომტად მაიას! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ექსპრომტის პასუხად! ავტ. მაია დიაკონიძე

 ექსპრომტად მაიას !

დღენი აივლ~ჩაივლიან ,
წლების ჯარი ბევრდება ...
თუკი გულში ყვავილია ,
გული არა ბერდება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
17 . 05 . 2023 წელი .

პასუხად ექპრომტზე!

ყვავილია, თან როგორი,
სულ მზისფერად ანათებს,
რას დააკლებს ცივგომბორის
ქარი, უფრო ალაღებს!
ყვავილია ფერწერული,
ნაქარგი და ბატიკა,
წლები კიდევ ფასადია,
მხოლოდ მათემატიკა.
მაია დიაკონიძე
17.05.2023 წელი

მინიმა

 ვიღაცა მღერის გზაზე ბაიათს,

ზოგს ვოდევილი მოსწონს და ართობს,

მე კი ის კაცი მომწონს ძალიან,

ქუჩას ღიღინით მოჰყვება მარტო.


მე სიყვარულით შევცქერივარ

 მე სიყვარულით შევცქერივარ ამ მთებს და ველებს,

მიმორბის წვიმა და ასველებს ვაზსა და ჭიგოს,

ვესურვილები და ისრუტავს სხეული წვეთებს,

შორეთიდან კი ჩემი სოფლის ზარები მიხმობს.

და მეც მივდივარ, მოვევლები გორაკებს მწვანეს,

ჩავეკონები ცოლიკოურს, ადესას, ციცქას,

ჩემო სამშობლოვ, ხომ იგემე ამდენი მწარე,

ღმერთს ვთხოვ დიდებულს, მხოლოდ შენი სიკეთე მითხრას.

ვაჟა-ფშაველას! (მთის კილოზე), მეორე ვარიანტი

 ვაჟა~ფშაველას!

(მთის კილოზე)
შენ შემაყვარე ბუნება,
ყვავილები და ლოდები,
მათი სიკეთით ვხარობ და
მათი წუხილით ვღონდები.
ქუჩი და ხმელი წიფელი
გულში მიჩენენ დარდებსა,
შეფარვით ვეტრფი ,,კაი ყმას,"–
თან ვმალავ გულში ნადებსა.
დედა შვლის სიბრალული მაქვს,
სულს მიმღვრევს ნუკრის წუხილიც,
ალუდა ქეთელაურის
ჩამესმის თოფის ქუხილი;
ფეხი ჩვენც ვერ ავარიდეთ
მიწიერ ცოდვის ბილიკებს...
მტრად დამიგულოს,
მინდიას ფიქრებს ვინც გააქილიკებს.
დიდო პოეტო, სულის ხმავ,
უკვდავების წყლის ნაჟურო,
დედის ფიქრივით ნაზო და —
სულით ხორცამდე ვაჟურო!
მაია დიაკონიძე
14. 05. 2023 წელი

ჩიტო, ჟღურტულებ!

 ჩიტო, ჭიკჭიკებ!

ჩიტო, ჟღურტულებ, ჭიკჭიკებ,
ყურს მიტკბობ, თაფლად მეღვრები,
შენ როცა გისმენ, მგონია,
ჩემი ქვეყანა ედემი.
ვაი, რომ ასე არაა,
ყვავების ისმის ყრანტალი,
სადაც რომ სოფელი იყო,
იყო და აღარა არის.
ზღაპარს ხომ კარგი ბოლო აქვს,
ზღაპრების გმირად მაქციე,
ღმერთო, კვლავ წელში გამართე,
რაც მოვსპეთ და დავაქციეთ.
მაია დიაკონიძე
17.05. 2023 წელი




Tuesday, May 16, 2023

შენ, ჰე, პოეტო!

ლექსების წერა, ვისთვის ცრემლი, ვისთვის სიამე, —

შიგ ჩააწურა ყურძენი და გააბადაგა,

შენ, ჰე, პოეტო, ამქვეყნიურ დარდზე მიამბე,

ადამიანთა იმედი რომ დაასამარა.

სურვილთა ჯარი კვლავ კუნაპეტ ღამეს მიარღვევს,

ლექსთა პწკარები ლაჟვარდებში კრავენ კამარას,

შენ ამ სამყაროს ოცნებები აახმიანე,

ნუ მიატოვებ ადამიანს ხორცის ამარა.





Monday, May 15, 2023

ვინც კი გვყავდა... (მინიმა)

 ვინც კი გვყავდა კარგი კაცი,

ყველას თოფით დავედევნეთ,

ტყვია, მოგვხვდა ხელში რაც კი,

დავაჭედეთ მერამდენედ.

რაღად გვიკვირს, ვცხოვრობთ ცუდად,

ჩვენი თავიც გავიმეტეთ,

გონს მოვეგოთ დროზე უნდა,

თორემ მოვიტოვებთ ედემს.




მინიმა, მივაპობდი შეშლილ ქარებს

 მივაპობდი შეშლილ ქარებს, 

ახლოს იყო გოლგოთა

და მთებიდან, როგორც ექო,

ზარის ხმები მოჰქონდათ.

ვერხვთა, ნაძვთა, კვიპაროსთა 

გადავლით და თამაშით,

ისე ახლოს მივწვდი ზეცას,

გამბედავი, თამამი.

მაგრამ უცებ მოვწყდი ვარსკვლავს

და მიწაზე დავეცი,

წამოდგომა არის ძნელი,

მიწა თუა დამრეცი..




 მოგაყრდენი მკერდი მკერდზე,

აგავსე და მეც ავივსე,

მეც მოვედი უცებ ფერზე,

შენაც გამოიმაისე.

იმ ხანიდან ერთურთს ვეძებთ,

სად არ წაგვიყვანა ქარმა,

არ გაგვიღეს კარი ედემს,

არა და არ გაგვიმართლა.

თუმც იმედი ბოლოს ქრება,

არ წაგვიღოს ნეტავ ზვავმა,

ბედი ისევ შეგვკრავს ერთად,

დააყუჩებს სივილს სვავთა.



 დავბერდი და გამიბევრდა 

მტერიცა და მოკეთეც,

მცირე აღელვებით ვუსმენ

ჭორიკანა მოენეთ.

ტალღებივით ვნებებს ვშლიდი

და ზვირთები მარყევდა,

დღეს კი ზღვა ვარ, ძალზე მშვიდი,

თავს ვარიდებ ნარ-ეკალს.



ნეტავ, რაზედ შემიყვარდი?! (ხალხურ მოტივებზე)

ნეტავ, რაზედ შემიყვარდი?!
(ხალხურ მოტივებზე)

ნეტავ, რაზედ შემიყვარდი,
ან შენ შეგიყვარდი რაზედ,
ორივესი ბედისწერა
იქ გადაწყდა მაღლა ცაზე.
მე - შურთხი და შენ - არწივი,
მომყვებოდი ალბათ კვალზე,
კლანჭის გაკვრა დააპირე,
ჩაიცმევდნენ მთანი ძაძებს.
თვალი თვალს რომ გამიყარე,
ძარღვში ელდამ დამიარა,
ვთქვი: - გავხდები მისი კერძი,
თუ კი აღარ დაიშალა.
შედრკი, შეცბი, მოიღვენთე,
თითქოს წერამ აგიტანა,
გულზე ნაზად მიმიკარი,
სიყვარულით, არ კი ძალად.
მე - შურთხი და შენ - არწივი,
მომყვებოდი ალბათ კვალზე,
ნეტავ, რაზედ შემიყვარდი,
ან შენ შეგიყვარდი რაზედ.
მაია დიაკონიძე
15.05.2023 წელი
,

Sunday, May 14, 2023

ვაჟა-ფშაველას! (მთის კილოზე), პირველი ვარიანტი

 შენ სიყვარული მასწავლე,

ყვავილისა და ლოდების,

სამძიმარს იმათაც ვეტყვი,

იმათაც დავუღონდები,

ქუჩი თუ ხმელი წიფელი

გულს ჩამრჩენია ზმანებად,

კარგ ყმას ვეტრფი და დავლოცავ,

გულს დამაქვს მისი ხატება.

შვლის ნუკრს ახლაც კი მივტირი,

დედის ცრემლიან თვალებსა,

ალუდა ქეთელაურის 

დარდი მეც გამაწვალებსა.

დიდი პოეტო, სულის ხმავ,

უკვდავების წყლის ნაჟურო,

ეს ერი შენითა ცოცხლობს,

შენი სისხლივით ხმაურობს..



ქარს!

 რაზე მაწუხებ, რა გინდა ახლა,

რას მიკაკუნებ გულის კარებზე,

ეხლები ჩემი ფანჯრების რაფას,

სწუხ, ვერ დაგითმე შენ ასპარეზი.

ვერ მოგაქციე შენ ყურადღება,

ჩუმად კვნესი და შენთვის ქვითინებ,

და მოგაქვს ჩემთან სულისწამღები

ვოდევილები რომ შლის ქვითკირებს.

მაგრამ მე ახლა მშრალი ხესავით 

გამოვფიტულვარ, დარდი შემსხმია,

და მხოლოდ ჩიტნი ზეცის მესავნი,

ვით საფრთხობელას თავზე მესხმიან.





Saturday, May 13, 2023

დედას!

დედას!

დედას იის სუნი ასდის,
ყვავილიან ველის,
იმის თვალთა გამონაშუქს
ვით დიდ იმედს ველით.
გაგვინათებს გზებს უკვალავს,
მზეს დაგვინთებს ღამეც,
ვერა ბნელი ვერ დაფარავს
მის დანთებულ სანთელს.
ხელის სითბო და ღიმილი,
ვერნაწონი ოქრო,
რუდუნებით ჩვენზე ფიქრი,
სიყვარული მხოლოდ.
სულის ტევრებს რომ გვიფარავს
უწმინდესი ფიფქით,
შემოუცვას მას ტიარა
უფლის ძესთან მირქმის,
რომ ილოცოს მუდამ ჩვენზე,
სულს არ სძლიოს ხორცმა,
თუნდ სიკვდილის სარეცელზე,
ჩვენზე - ბოლო ლოცვა.
მაია დიაკონიძე
13.05.2023 წელი






Friday, May 12, 2023

სურათის კომენტარებად( მანჩო პატაშური თმებს ჭრის ჯანინა ხერგიანს სალონში)კაფიაობა, გელა ცოგროშვილი, ჯანინა ხერგიანი, მანჩო პატაშური, ზაირა ნარიმანიძე, ელგუჯა ციგროშვილი

 

Janina Xergiani არის Gela Tsigroshviliა და 
3 სხვა პიროვნებასთან
 ერთად.

მანჩოს და ჯანინას
/ფშაურ კილოზე/
ერთურთს უხდებით,-დებივით ხართ მანდ ემიგრანტებია,
მოგესალმებით,როგორ ხართ,
ჩემიდან მოკითხვებია..
ზოგს თქვენგან ვიგებ,ქსელიდან
სხვაც ბევრი მომდის ხმებია,
აბა გამოტყდით,რა ხდება,
ახალი რა ამბებია?!
ჯანი.უფალი გფარავდეს
დღითიდღე ლამაზდებია,
მანჩო,-ე მაგ სვანს უფრთხილდი,
თუ მანდ დიდხანა რჩებია.
რაღაცა ელექსირს ხმარობ,
მალ-მალ ეზრდება თმებია,
მარტში რომ შესჭერ,მას შემდეგ
ორი გაძაგრა ბებია,
თან მადლობები უხადეს,
აძლიეს პრემიებია..😁😁
პატ.გელა ციგროშვილი
5.05.2023წელი
--------‐--------------- .....
მშვიდობა შენდა ფშაველო,
ღმერთმა დღე მოგცეს მზიანი.🙏
ისე გალიე საწუთრო,
არსაით შაგხვდეს ზიანი.🙏
სულ სწერდეს შენი კალამი,
ლექსები გქონდეს ცვრიანი,
არსით მენახო ჯავრ-ნაჭამ,
სულ იყავი ხალისიანი.🌼
მანჩო პატაშური
----------------------------------------------
აღარ მაქვს მოცლა სვენება აქეთ რა ამბებია,
ვერ მოვიცალე, ძმობილო, კვლავ ახალი მყავს ბებია,
ღმერთმა მიცოცხლოს დომენკა, წასვლისგან ჯვარი სწერია
თვალი არ ეცეს ისეა, გაუქრეს ირგვლივ მტერია,
გაზაფხულის გვცემს სურნელი ცუდი ფიქრები ქრებიან,
მანჩო მე თქვენით მესტუმრა, კარგად რომ შემჭრას თმებია.
ჩვენთან რა უნდა სიბერეს,ქალები შურით სკდებიან, 🤣🤣🤣🙄🙄🙄
რაც თმების შეჭრა დავიწყე მამიკვდა ორი ბებია,
პომპეუსმა რაც ჩვენ გვიქნა ჩვენც შური გვიძიებია,
რომ გამოგვჭიმე ფეისზე ორთავ შეგვესხა ფრთებია.
ჯანინა ხერგიანი
---------------------------------------------
ოჰო, შაყრილან მთის ხალხნი,
კალამთ გაუდით წკრიალი.
წყაროს წყალივით გადმასდით,
შაირ კაფია ღვიანი.
სულ მუდამ გელექსებოდეთ,
მინამ ზეცაში მზე არი.
არ დაგშრობოდეთ მელანი,
ვით ქვევრებს ზედაშიანი,
მამრავლდით, როგორც ზღვას თევზი,
როგორც ცა ვარსკვლავიანი.
ზაირა ნარიმანიძე
--------------------------
Mancho Patashuri შენ მაკრატელი ალესე,
ჯერ აროთ არი გვიანი...
ათასში ერთი ქალია
ჯანინასავით ჭკვიანი
😁
მე მაინც არ ვენდობოდი..
მანდ,შენ ადგილას ჯანისა,
რთულია პროგნოზირება,
ევროპირებულ სვანისა..😁😁
გელა ციგროშვილი

ელგუჯა ციგროშვილი
კაფის პასუხად ჯანინას .
( ფშაურ კილოზე .)
. შაგაქეთ ოსტატ~კლიენტი ,
პასუხს მოგიწერთ ხელადა ,
ფშავლებს არ გვიჭირს კაფია ,
არც მე გამამდის ძნელადა ;
2 . ვხედავ , გიქცევავთ ,,ფეისი "
კაფის ბრძოლის ველადა ,
ჰონორარზე კი ბოდიში ,
კრიზისს განიცდის ელადა .
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
12 . 05 . 2023 წელი