Friday, March 31, 2023

სიყვარულის სახელი (სატრფიალო) მინიმა

 ალბათ სიყვარულს იმ ძველ დროს

სულ სხვა სახელი ერქვა,

მიწა იყო და ზღვა იყო,

მზის ვატარებდით ერქვანს.

შენ ჩემო გულის მარეკო,

ცის ქვეშა ხარ თუ ზედა,

მინდა შიგ გულში ჩაგეკრო, 

რაც გინდა, ამას ერქვას.


მინიმა

ქარმა წამართვა ყვავილი თეთრი,
შემომაცალა ატლას-ხავერდი,
ღმერთო, იმას გთხოვ და იმას გვედრი,
რომ არ დავკარგოთ ჩვენ ერთმანეთი.


,


Thursday, March 30, 2023

მინიმა

 ზოგს დაუდგამენ ობელისკს, ძეგლებს,

ერთი გმირობა ამისთვის კმარა,

ძვლებს რომ ინახავს იმ ძველთა- ძველებს,

დიდება მიწას, უკვდავს და მარადს!


ირმა ბაზერაშვილს ! ჩემი ლექსის ~ ,, შ ე მ ო დ გ ო მ ა "~ს ამღერებისათვის , ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ირმა ბაზერაშვილს !

ჩემი ლექსის ~
,, შ ე მ ო დ გ ო მ ა "~ს
ამღერებისათვის .
1 . ოოოოო,
ირმა , ირმა !
როს სენის შიშმა ,
თავზარი დაგვცა
ადამიანებს ...
იყივლა შენში
ფხოველის ჯიშმა
და ,, შ ე მ ო დ გ ო მ ა "
ამიხმიანე !
2 . როს გაზაფხული ,
ყვავილთა ალით
ამსხვრევს
ნაზამთრალ
ციხის ურდულებს ,
შენ შემოფრინდი ,
როგორც მერცხალი
და ჩემი ლექსი
შ ე მ ო მ ჟ ღ უ რ ტ უ ლ ე !
3 . უნდა გაფანტო
ფერები ბაცი ,
თვალი აივსო
შვიდივე ფერით
და ერთი დღითაც
იცხოვრებ კაცი ,
ერთი ლექსით და
ერთი სიმღერით !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
30 . 03 . 2020 წელი .

 შენს მშვიდ ცხოვრებაში დისონანსი,

როგორც მარგარიტა ფიროსმანის,

შემოვიჭერი და ვურევ ფერებს,

ამ ჩემს სიყვარულს რა დააბერებს.

უტას სურვილი წვავს ვარდისახარს,

ახლა ის მითხარი, საითა ხარ,

შენი სიყვარულის მომლოდინე,

სულში ვეფერები მხოლოდ იებს.. 





მინიმა


სულ გიმეორებ ,,მიყვარხარ",

ვახურებ ვნების თონეს,

 ეს ბანალური,  არა თქვა,

ხანდახან, იქნებ ჯობდეს.


აღარ უყვარხარ (სატრფიალო)

თუ აღარ მიწერ კამკამა ლექსებს,
სიყვარულს უკვე გავლია ყავლი,
ვით ფიროსმანის ფერწერულ ტილოს
დრო ამ სახიდან საღებავს მაცლის,
და ვით ატმების ვარდისფერ ყვავილს,
ქარი წაიღებს ოცნებას ლამაზს,
აქვე თუთაზე ყორანი ჩხავის,
,,აღარ უყვარხარ, არა და არა!"




Wednesday, March 29, 2023

ალუბლის ხეს (სიმღერა)

ცოტა ხნის წინ თავს მივლიდი ცელქი ქარი,
გულს მაყრიდი თეთრ ფიფქივით ყვავილებს,
ახლა უკვე შემოსილხარ პატარძალი,
ტუჩებს მიშვერ, ტუჩებს მაგ  საალუბლეს.

წლებს რა ვუყო, თმაში ვერცხლი შემრევია,
მაინც გული ვეღარ დგება საგულეს,
ახლა უკვე შემოსილხარ პატარძალი,
მაინც მიშვერ ტუჩებს მაგ საალუბლეს.

Tuesday, March 28, 2023

 მარტია ურჩი და ყვავილთა შემოზმანება,

არავის ვურჩევ გაზაფხულის ვნებებთან ჭიდილს,

ყვავილთფიფქებთან თამაშია და ნეტარება,

როცა იცი, რომ უყვარხარ და ცის თაღთან გიცდის.

როცა შენს ღიმილს დაიხატავს ხელისგულებზე,

ხელაწეული მზის სხივებთან ბავშვი თამაშობს,

და შენი ბედი არ ჰკიდია სევდის წუთებზე,

რადგან სიყვარულს ყოველ ღამე უმღერს ზარნაშო.



Sunday, March 26, 2023

შენ ჩემო ყვავილო!

 შენ ჩემო ყვავილო ბროწეულის,

მომტანო მზის სხივთა  შუქის,

იმწიფებ, გახდები გოლეული,

მშვენება ქართული სუფრის.

. .

შენ ჩემო ცისკარო, ლალისთვალავ,

ზეცას ეფინები ფარჩად,

სულში ამოსულხარ მაისად და

თვალიც შენს ფურცლებზე დამრჩა.


შენ, ჩემო ყვავილო!
შენ ჩემო ყვავილო ბროწეულის,
მომტანო მზის სხივთა შუქის,
იმწიფებ, გახდები გოლეული,
დაგვათრობ სურნელით მუშკის.
შენ ჩემო ცისკარო, ლალისთვალავ,
ზეცას მოსდებიხარ ფარჩად,
ბაღებს დაჰფენიხარ აისად და
თვალი შენს ღიმილზე დამრჩა.
მაია დიაკონიძე
26.03.2023წელი










Saturday, March 25, 2023

მინიმა (თუკი უკვე)


თუკი უკვე შენში ჩაქრა
ლტოლვა, ვნება, ქარიშხალი,
ვერ გაშალე იალქნები,
არ გიბერავს ზურგის ქარი,
ჩაგიშვია უკვე ღუზა,
ფრთებს მოისხამ, სადაც არი
და მოგიწევს იქ დიდ ღმერთთან
ცოდვა-მადლზე საუბარი.
მაია დიაკონიძე
25.02.2023 წელი

Friday, March 24, 2023

ციკლიდან : ,, კუნწულა ლექსები ", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან : ,, კუნწულა ლექსები ."

არც ვის გადარებ,
ხარ, როგორც ე ვ ა,
ფუჭი ეჭვებით
თავს რად იღონებ...
და მ ა რ ტ ო ო ბ ა
მაშინ გეწვევა, –
უ ჩ ე მ ო ბ ა ს
რომ გამოიგონებ!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
19. 01. 2023 წელი
All react

ოღონდაც შემომღიმილე (სატრფიალო)

 ოღონდაც შემომღიმილე. 

ღიღილოს გიგავს თვალები,

ციურ მანანად მიმიღე,

გახსენ გულისა კარები.

ყაყაჩოს ნექტარს მოგიტან,

ცვარდაპკურებულს, დილისას,

ნუ კი მიმზერი შორიდან,

მზედ შემოენთე თბილისსაც.




Thursday, March 23, 2023

და გიმღერო სიყვარულზე (სატრფიალო)

 ვერ აწონი ჩემს სიყვარულს,

არც სიგრძე აქვს  და არც განი,

მის კოსმიურ  მოცულობას

არ ეყოფა მადრიგალი.

უნდა დავდგა მზის დისკოზე

სულ ყველაზე დიდი სცენა,

და გიმღერო სიყვარულზე,

შენთვის დაშვრეს ჩემი ენა.

.



 


Wednesday, March 22, 2023

სახუმარო

სახუმარო
ამთქნარებ ჩემს დანახვაზე,
გადაგყავარ მეც ღრმა ძილში,
ვფიქრონ, ხომ არ გადაგღალე,
სიზმარში ხელს ხომ არ გიშლი?!
თუ ამზადებ იქ ჩვენს ლოგინს,
საათნოვას ვარდებს მიშლი,
კი გავუძლებ ცოტა ლოდინს,
თუ დამიცხრობ ვნების შიმშილს.

.

როცა ზამთარმა ჩამოგვიარა

როცა ზამთარმა ჩამოგვიარა, 

ველს შემოაცვა ქათქათა ტოგა,

მიწამ მიიღო ეს სამკაული,

და მიძინებულ ფიფქიას მოჰგავს.

მაგრამ ვხედავ მზემ შემოანათა,

დაიძრა მთიდან ნაკადი თოვლის,

მინდორ-ველები ააღიმილა,

შვენის გაზაფხულს პერანგი მოვის.

და აბორგებულ მდინარეებსაც 

გზა გადაუჭრა სხივმა ხახმატთან,

წელში გაწყვიტა თეთრი ყინული:

და უსასრულო ცა დაახატა.







Tuesday, March 21, 2023

რატომ აქვს ზოგ ლექსს ნეტავ ტონი ირონიული?

სავსეა ღვარძლით, გესლითა და მწარე სარკაზმით,

ზოგი კი ისე გვეფინება, ცვარი ციური,

აღარ ამოდის ამ გულიდან უკვე არასგზით.

და განა ჩვენაც უკეთესი გვეძლევა რამე?!

პოეზიაა სიკეთე და ძალი ღვთიური,

შეინახავს კი ისტორია ნეტავ ჩვენს გვარებს,

თუ არ თქვი სიტყვა გრძნეული და ზემაგიური.






Monday, March 20, 2023

სხვა ასეთი სადღა ვნახო?! (პატრიოტული)

 სხვა ასეთი სადღა ვნახო?!


როცა თვალწინ მიწევს ველი,

მარგალიტი, ლალი ხარობს,

ზედ ეფრქვევა საკმეველი,

სხვა ასეთი სადღა ვნახო?!


ნისლებს ნაწოლს ქარაფებზე

კანჯარი და ჯიხვი ყვარობს,

აღარ ვფიქრობ არაფერზე,

სხვა ასეთი სადღა ვნახო?!


როცა ზღვათა სილურჯეებს 

უერთდება თვალნი ცისა,

აღარ ვითვლი სადაგ დღეებს,

მოიმედე მომავლისა.


სოფლის სახლებს ბოლი ასდის,

ქალს უჭირავს ხელში ქვიჯა,

ამ ამინდებს ცელქი მარტის

სუნი უდის წინაპრისა.


ხელი ხელს თუ არ მივეცით,

საქართველო დარჩეს ვიღას,

მწარე თაფლს თუ ვსვამთ იელის,

რა შეგვრჩება მყოფადს მიღმა?!









ჩემო სამშობლოვ!

არც ერთი ლექსი არ მხვდება გულზე,

არც ერთი სიტყვა არ მოდის გულთან,

რა ვუთხრა ახლა ბრწყინვალე მუზებს,

რომ ვერ მოვხსენი ეს პირი გუდას?!

ვერ ვიღიმილე,  ვერ გავხდი შლეგი,

ვერც ვიგიჟე და ვერც ვისულელე,

ამის მიზეზი შენა ხარ ერთი,

ჩემო სამშობლოვ, გიდგები ფეხზე!







მევენახეს (სატრფიალო)

 გადამიწვინე შენს მკლავზე, 

გამსხალ, ამხვიე, დამფურჩნე,

მოგყვები მეც შენს ნებაზე,

ოღონდ ღიმილი მაჩუქე.

შემომიბარე, მოვირგო,

ვიგემო მადლი მიწისა,

მზემ რომ სხივები მომფინოს,

დილაადრიან მიცდისა.

მერე მტევნებად დამწურე,

შენთვის დავდგები ქადაგად,

შენი სიკეთე მასხურე,

პირს ჩაგეწურო ბადაგად.


Friday, March 17, 2023

თამაშობენ ცხენები (პატრიოტული)

თამაშობენ ცხენები, 
ჰაერს ლაღად აპობენ,
გრძნობით ეგებებიან
ძმათა სასაფლაოებს,
ნესტოებით ფრუტუნით
ბევრ რამეს გვიამბობენ,
დასცქერიან რუდუნით 
გმირთა სასაფლაოებს.
ოდესღაც ხომ ისინიც
მხედრებს მიაგელვებდნენ,
მზერას მზიანს იმათსას
ისევ მზეს აგებებდნენ.
ნაქერალის ნამქერის
ნისლი მოაქვთ სათნოებს,
რუდუნებით დასცქერენ 
ძმათა სასაფლაოებს.




 მუზებს იცვლი, ვით ხელთათმანს,

პოეტი ხარ, გენაცვალე,

მაგრამ იმ შენ ტრფობის საგანს,

ლექსი მაინც შეუცვალე.


Thursday, March 16, 2023

სიზმარი (სატრფიალო)

მე თან მომქონდა ყვავილთა ველი,
შემოგხვეოდი მაგ ყელზე შარფად,
ფურისულები, - ხალები შველის,
მზეზე ლამაზნი, მენახა არსად.
და კამკამებდა შენს თვალში ია,
ტუჩს გეშლებოდა წითელი ვარდი,
და მე ვფიქრობდი, იქნება მძინავს,
და იმ სიზმარში თუ შემიყვარდი.





Monday, March 13, 2023

მოგონებებიდან, მინიატურა ,,ბებია"

 იცით, ბავშვობაში სულ დედას ველოდებოდი, როცა სახლში არ იყო, ვნერვიულობდი, განვიცდიდი, აივანზე გავიტანდით ხოლმე მე და ჩემი და-ძმები პატარა სკამებს, ჩამოვსხდებოდით და გავყურებდით გზას. წარმოიდგინეთ ხუთი ბავშვი აივანზე ჩამომსხდარი, ნაღვლიანი თვალებით.ბავშვებს რომ არ ეტირათ, ყველაზე დიდი მე ვიყავი, ზღაპრების მოგონება დავიწყე, ზეპირად ვთხზავდი, დაწოლის წინ კიდევ მთხოვდნენ, გააგრძელე ზღაპარიო, მთელი სერიალი მქონდა შედგენილი. კარგი იყო მაშინ ვინმეს ჩაეწერა ბავშვის ფანტაზიით შექმნილი მონათხრობი. დღესაც რამდენი ადამიანი ელოდება თავის ახლობელს საიდანღაც ჩამოვა, გამახარებსო, დედებს შვილების ლოდინში აწყდებათ თვალები, შვილებს დედების და ა. შ. არ მინდა ერთმანეთისგან შორს იყვნენ ადამიანები, მაგრამ ცხოვრება მოვიდა ცუდი. ქვები, ლოდებიც კი ელოდებიან თავიანთ პატრონებს. ერთ მინიატურას შემოგთავაზებთ დღეს:

ბებია
ჩამჭკნარი თითები ხელში ჩამიდო, ისე მომესალმა, ვისი ბიჭი ხარო, მკითხა, კარგად ვერ გხედავ, გამოიწიე, მზის შუქზე შეგხედოო. ცრემლი მომაწვა, - შენი შვილიშვილი, ვანიკო ვარ, - ვუთხარი. გულში ჩავიკარი დაპატარავებული. ავათვალიერე, სუფთად ეცვა. რას საქმიანობ, ბებია?- ვკითხე, ერთხანს ხმას არ იღებდა, მერე თვალები მოჭუტა და მიპასუხა, - რას უნდა ვაკეთებდე მარტო ამ ეზო-კარში, სიკვდილისთვის ვემზადებიო. - ყურადღება აღარ მოუქცევია ჩემთვის, ჭიშკრისკენ გაეშურა, ეზოდან გავიდა, იქვე პაპაჩემის გაჩორკნილ სკამზე დაჯდა, შორს მთებისკენ დაიწყო ცქერა, მივედი, გვერდზე დავუჯექი, მეც თეთრონ მთებს გავხედე, რომელთა დავიწყებაც ვერ შევძელი. - ვის ელოდები ბებია? - ვკითხე, - შვილიშვილს, - მიპასუხა, - სხვა ქვეყანაშია წასული, მალე ჩამოვა, ტანი მიგრძნობს... დიდხანს ვისხედით გარინდულნი. საღამოხანს ადგა, ხელზე ხელი მომკიდა, სახლში შემიყვანა.

 ისევ მინდიხარ, ვით მინდოდი დასაბამიდან,

როცა პირველად დავინახე შენი კულული,

ოქროს თევზი ხარ, დაიბადე ზღვების ქაფიდან,

შენს სიწმინდესთან ფერმკრთალდება თვითონ სუმბულიც.


არაფერია შემთხვევითი დედამიწაზე,

ჩვენი შეხვედრაც, დამიჯერე, ღმერთმა ინება,

შენი გულისთქმის და სიტყვების ისე ვიწამე,

ბითური არის მათ წინაშე დროის დინება.



შენ მითხარი: მომწონხარო, 

შენ მითხარი, ლამაზი ხარ!

არვის უთქვამს მგონი, უწინ,

ან არ  მესმა თუ კი მითხრა

ვინმემ, სული გამიხარე,

გელოდები, როგორც ციცა,

მაღლა ცაში ამიყვანე,

იქ ვიბრწყინებ, შენს თავს ვფიცავ!







მინიმა

 გამოჭრილი ვართ სხვადასხვა თარგზე,

თუმცა ერთი გვაქვს მთვარეც და მზეცა,

თუ ერთმანეთს არ შევუდგით მხარი,

ვარსკვლავებად ვით მიგვიღებს ზეცა.

Sunday, March 12, 2023

ჰეი, მნათობო!

 ჰეი, მნათობო!

მთვარე ზეცაში შეიშმუშნება ,
როცა მივაპყრობ ჩემს ირიბ მზერას,
ჰეი, მნათობო, არ გავიწყდება?!
იმ ოცნებების ახდენის მჯერა.
როცა მკლავს მხარზე ჩამოგაყრდნობდი,
ამიწეწავდი თმის ღერებს ქერას,
დღემდე შემომრჩა სული ბავშვობის,
ისევე შენი სიტყვების მჯერა.
მაია დიაკონიძე
12.03.2023 წელი

მინიმა

 ნეტავი, ეს ცა ვინ მოგვცა,

ცეცხლის მგზნებარე ალებით,

ღმერთო, კარგა ხანს მამზირე, 

ზედ რომ არ დამრჩეს თვალები.

მინიმა

 როცა მოვკვდები, დამაყრიან გულზე ყვავილებს,

,,ცისფერი ტრიოს" გავიგონო იქნებ სიმღერაც,

წამაყოლებენ, რაც მიყვარდა, რამე რარიტეტს,

ერთი ვარდიც რომ ვერ ვიჩუქე, დარდად მიმყვება.



Saturday, March 11, 2023

ავტ. უცნობი

შენა ხარ ჩემი მუდმივი სევდა,
მაინც არ მინდა ცრემლები ვღვარო,
არ გაეყინა გული ნაზ გერდას?!
იქნებ გაგითბეს შენც, დედოფალო. 

ანდერძი (ავტორი: სოფიო ჭელიძე)

   .სკოლაში ყოველდღიურად მიმავალს პირველ სართულზე მეზობელი ქალი მხვდება. მარტოხელაა. - ნეტა არ ეზარება ყოველ დილით გარეთ გამოსვლა,- ვფიქრობ, -  დარშიც და ავდარშიც?. -  არც იმდღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. კარალიოკებით ხელში შემომეგება პირველ სართულზე, ჩანთაში ჩაიდე, სკოლაში შეჭამო. პარკიანად ჩავდე, სკოლაში ბავშვებს გავუმასპინძლდი, გაეხარდათ. როცა ხურმა და კარალიოკი შემოდის, მე ჩანთა ყოველთვის სავსე მაქვს კარალიოკით, ხურმა დაიჭყლიტებაო და ჩვენთან სახლში ააქვს. დედაჩემი კმაყოფილია, ძალიან უყვარს ეს ხილი. ზაფხულობითაც ხან ბლით გვიმასპინძლდება, ხან ალუბლით და ა. შ. ნიგვზის ხეებიც კი უდგას თავის ბაღში  ლია დეიდას, ასე ვეძახი, თორემ ისე ბებიაჩემის ხნისაა. ყველა ასე ეძახის, ალბათ სწყინს, ბებიას რომ ეძახიან, ასე იციან გაუთხოვარმა ქალებმა. ჩემი დაკვირვების შედეგია, მიუხედავად ჩემი ასაკისა, ყველაფრის გაანალიზება მიყვარს და შესაბამისი დასკვნებიც გამომაქვს, არ ვიცი, რამდენად მართალია ისინი, მე კი ახლახანს შემისრულდა თექვსმეტი. მიყვარს ლია დეიდას ბაღში ჯდომა, იქ კურდღლებიც ჰყავს გალიებში, ქათმებიც, ყოველდღიურად ასუფთავებს სადგომს, სუნმა არავინ შეაწუხოსო. პირველ სართულზე ცხოვრობს, ბაღიც იქვე აქვს, თურმე საბჭოთა დროს, როგორც ბებიაჩემი მიყვებოდა, პირველ სართულზე მაცხოვრებლები იჩემებდნენ სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთებს, ლია დეიდას მშობლებსაც ორმოცი წლის წინ, როცა ეს სახლი აშენდა, აუღიათ ეს მიწის ნაკვეთი, ხეხილიც  დაურგავთ და ახლა მის ყურებას და იქ ჯდომას არაფერი სჯობს. ოაზისივითაა კორპუსებს შორის. აბა, ჩემი სახლის ფანჯრიდან  რომ გადაიხედავ, არაფერი მოჩანს კორპუსების გარდა. არც ბინაში გვაქვს უკეთესი ხედი, ფანჯრის ჩარჩოები და რაფები სიძველისგან გაშავებულა, შპალიერებიც ძველისძველია, ადგილ-ადგილ ჩამოხეული, ჭერიც სითეთრით ვერ დაიკვეხნის. ერთ დროს ბინის შესასვლელი ისეთი დანგრეული იყო, ბებიაჩემი სანამ ცოცხალი იყო, სულ იმას ნატრობდა, ეს მაინც გააკეთეთ, თორემ რომ მოვკვდები, ხალხი რას იტყვისო. რამდენიმე წლის წინ გაარემონტა ბიძაჩემმა, დედაჩემის ძმამ, ასეთი რაღაცეები ეხერხება. ბებიაც კმაყოფილი დარჩა, ათასი მადლობა მოუხადა, სირცხვილს გადაგვარჩინეო, ალბათ ამ ქვეყნიდან წასულს ერთი სადარდებელი მაინც ჩამოშორდა გულიდან. არ გეგონოთ ამ დღეში რომ ვცხოვრობთ, ზარმაცები ვიყოთ. მამაჩემი პროფესორია, დოქტორი, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს, მაგრამ დაბალი ხელფასი აქვს, წლიდან წლამდე ბანკის ვალებს ამატებს და ამატებს, ვერ აუდის ოჯახის რჩენას, ბანკის პროცენტებიც მატულობს, დედა რეპეტიტორია, რომ ნახა მამას უჭირდა ოჯახის რჩენა, მოსწავლეები აიყვანა, იმიტომ რომ სხვა სამუშაო ვერ იშოვა, უკვე ასაკშია. თუმცა კარგი განათლება აქვს თავის დროზე მიღებული. ახლა ლექსებს წერს და ამას აყოლებს გულს, რომელიც ალბათ სევდით აქვს სავსე ამ დუხჭირი ცხოვრების გამო. მამას ხშირად საყვედურობს, ამ პროფესორმა კაცმა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო როგორ ვერ იშოვეო, ისიც თავს იმართლებს, აიმედებს დედას და თავსაც იიმედებს, ახალი მთავრობა მოვა და სწავლულებს დააფასებსო, მაგრამ რატომღაც ეს დღე არა და არ დგება. ჩემი ძმებიც მუშაობენ, საღამოობით ძლივს შემოლასლასდებიან სახლში, სამსახურისგან და ტრანსპორტში რამდენიმე საათიანი მგზავრობისგან, მოგეხსენებათ პიკის საათებში თბილისში მუდმივად საცობებია, დაღლილ-დაქანცულები, ნახევრადმძინარენი მიუსხდებიან კომპიუტერს და დაძინებამდე ასე ერთობიან. ჩემთან სალაპარაკოდ ხანდახან თუ მოიცლის ვინმე. დედა საოჯახო საქმეებს რომ მორჩება და ბავშვებთან მეცადინეობას, მერე ცოტა დროს მეც მითმობს, თან ცალი თვალით კომპიუტერში იხედება, არც მე მაქვს ბევრი სალაპარაკო დრო. ორ საათამდე სკოლაში ვარ, კვირაში ოთხჯერ სამხატვრო სასწავლებელში დავდივარ, წელს მათემატიკაზეც დავიწყე სიარული, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები. სკოლაში სიარულიც მიყვარს და სამხატვრო სასწავლებელშიც. მიყვარს ჩემს ტოლებთან ურთიერთობა, მათთან არ მოიწყენ. ამას წინათ კლასელ ბიჭს ვეთამაშებოდი, შემთხვევით ხელი მკრა და შორს გადავფრინდი, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, ძალიან გამხდარი ვარ. ფრენის პროცესში ვხედავდი კლასელების აღელვებულ სახეებს, ყველამ ჩემკენ გამოწია ხელი, ჩემს დაჭერას ცდილობდნენ, მაინც დავეცი, თუმცა არაფერი მიტკენია, ყველა მომცვივდა, ერთმა ტირილიც კი დაიწყო, რამე ხომ არ მოგივიდაო, ვფიქრობდი, ნეტა ასეთი გულისხმიერები დარჩნენ ეს ბავშვები მთელი სიცოცხლე-მეთქი. თორემ ასაკოვან ხალხს რომ ვუყურებ, მიკვირს, ალბათ ცხოვრებამ დაუხშოთ გრძნობები და გაუგრილათ-მეთქი გული. ავტობუსში ისეთ ლანძღვა-გინებას ვისმენ ხოლმე. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ყველაზე ვერ ვიტყვით ამას. დედაჩემი და მამაჩემი ძალზე კეთილი ადამიანები არიან, მთელი ცხოვრება ცდილობენ სხვებს დაეხმარონ, ალბათ იმიტომაც არა აქვთ არაფერი. ქართული ანდაზა მახსენდება: "ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა." ვეუბნები დედას, შენ ვინ რა მოგცა, შენ რომ მიგაქვს-მეთქი, გაოცებული შემომხედავს და ისიც ანდაზით მპასუხობს: "მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება." ჩემი მშობლები მუდამ ოპტიმიზმით არიან სავსენი და მომავლის იმედი აქვთ, ჩემგან განსხვავებით, რადგან მე, რეალისტურად ვუყურებ ამ ცხოვრებას და მათსავით ჰაერში არ დავფრინავ, თუ რა თქმა უნდა, ძალით არ გამაფრინეს. ფიქრებში მივმართავ ხოლმე მშობლებს, თუმცა ხმამაღლა არაფერს ვეუბნები, ნუთუ მოგწონთ, თექვსმეტი წლის გოგოს თავისი ოთახი რომ არა აქვს და თქვენს ოთახში სძინავს დაბადებიდან დღემდე, თუმცა მამა დიდიხანია ლოჯში გადაბარგდა, წიგნი უნდა დავწეროო, თუ ეს უკვე ტრადიციად იქცა?! ნუთუ მოგწონთ, რომ თქვენს ვაჟებს ცოლები ჯერ კიდევ არა ჰყავთ, იმიტომ რომ არ იციან სად მოიყვანონ?!  თუმცა ეს ტრადიციად არ უნდა იქცეს, თქვენც ხომ გინდათ შვილიშვილები?! ნუთუ მოგწონთ, რომ სახლში ვერავინ მოგვიყვანია, იმიტომ რომ ბინა საშინელ დღეშია და არ გვინდა ვინმემ ნახოს და ა. შ. რაც თავი მახსოვს, დაძინების წინ მუდმივად ერთ ადგილს ვუყურებ, კედელში უზარმაზარი ნაპრალია, ზევითა მეზობლებთან სამზარეულოში კანალიზაციის მილი იყო გახეთქილი, არც ჩვენ გვიშვებდნენ გასაკეთებლად, არც თვითონ აკეთებდნენ, ასე გრძელდებოდა ათი წელი, სანამ საბოლოოდ ჩვენს ქვევით მეზობელთანაც არ ჩავიდა წყალი და იმან იცოცხლე, შავი დღე აყარა. თვითონ მერე რემონტიც გააკეთეს და დაობებული გაშავებული კედელიც დაფარეს, ჩვენ კი დღემდე შემოგვრჩა ეს ღრმული კედელში, შპალიერი ჩამოიხა, გაშავდა. ასე მგონია ამ ნაპრალიდან ამოსული სიბნელე ავსებს ოთახს ბნელით და არა ფანჯრიდან შემომავალი წყვდიადი. ობობის ქსელებივით მოედება ხოლმე მთელ სახლს, ყველა კუთხე-კუნჭული და კედლები სწორედ ამ სიბნელითაა გაჟღენთილი, უიმედობის, უსასოობის, ასე ვფიქრობთ მეც და ჩემი ძმებიც. რისი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ახალ სახლებს ვიყიდით თუ ბოლოს და ბოლოს ამ ძველს მაინც გავარემონტებთ, როცა ამის საშუალება არც ერთს არა გვქვს?! მიყვარს გარეთ გასვლა და სამხატვრო სასწავლებელშიც სიამოვნებით მივდივარ, "ეტიუდნიკით" და ზეთის საღებავებით დატვირთული, ტრანსპორტი რომ არ მღლიდეს. თამაზი მასწავლებელი მალე ოთხმოცის გახდება, მაგრამ ენთუზიაზმით და ენერგიით სავსეა, ბევრ რამეს გვასწავლის არა მარტო ხატვაში, ცხოვრებისეულ საკითხებზეც გველაპარაკება, თავისი ისტორიებს გვიყვება, ძალიან გამეხარდებოდა, ასეთი ბაბუა რომ მყავდეს, ჩემები არც ერთი არ არის ცოცხალი. ჯგუფში ძირითადად გოგოები ვსწავლობთ, ერთი ბიჭი გვყავს, რომელიც იშვიათად დადის. ჩვენი ტოლი გოგოების ლაპარაკის თემა კი, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვან წილად, ბიჭებია, ყვებიან ისტორიებს, ვის ვინ მოსწონს, ან ვის მოსწონს, მაგალითად, ელენეს შიო მოსწონს, რომელიც თურმე კარგად კითხულობს ლექსებს, ვიკას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა დაბადების დღეზე სათვალეები აჩუქა, ძალიან ძვირფასი,  თეონაც შეყვარებულია, მაგრამ არ გვიმხელს ვისზე და ა. შ. ეს ისტორიები მართობს, მაგრამ მე თვითონ სიყვარულზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, წიგნების კითხვა უფრო მიყვარს და მიტაცებს.  ჯერ დეტექტივებს ვკითხულობდი, ახლა უფრო სერიოზულმა თემებმა გამიტაცა. კაფკას რომანები წავიკითხე, "გოდოლი" და "პროცესი", ახლა მის მოთხრობებს ვკითხულობ,  ჩემს ცივ ოთახში საწოლზე მოვირთხავ ხოლმე ფეხებს, დედას თბილი ჩუსტები ვაყიდინე, ფეხები რომ არ გამეყინოს და უცნობ სამყაროში ვიძირები, რომელიც თავიდან მიმაჩნდა, რომ მკვეთრად განსხვავდებოდა ჩვენი სამყაროსგან, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე არაა, ცხოვრება და ადამიანები ყველგან ერთნაირია, მხოლოდ ნიუანსებით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, დროს და სივრცეს არა აქვს მნიშვნელობა.როცა ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი" წავიკითხე, მთავარი გმირი ხასიათით ჩემს უფროს ძმას მივამსგავსე, მერე ჩემშიც აღმოვაჩინე იგივე თვისებები, ავტორის რჩევაც გავითვალისწინე, რომ არ არის აუცილებელი, ყველაფერს სერიოზულობით უყურო, იუმორით უნდა შეხედო ცხოვრებას და რაც შეიძლება მეტი პოზიტივი ეძებო, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანო. ამას ამბობს მამაჩემიც. ახლა ვცდილობ, ასე ვიცხოვრო, სიცილი ხომ ისედაც მიყვარს, გურული ვარ.  იმ დღესაც, მეზობლის ქალმა კარალიოკებით სავსე პარკი რომ მომაწოდა, გავბრაზდი, ამას რა ათრევს-მეთქი, მერე გამეცინა, გაძლევს, შე-ქალო, ხომ არ გართმევს, ბავშვებსაც გაუმასპინძლდები და გულში სიხარულის ნაპერწკლები დავინთე, მაგრამ ნაადრევად, უცებ მითხრა, მიწა მეძახისო, გამიკვირდა, რას ლაპარაკობს-მეთქი ეს ქალი, რამდენიმეჯერ გამიმეორა, დათრგუნული წავედი სკოლაში, გაკვეთილებზე ვფიქრობდი, რას უნდა ნიშნავდეს  ეს სიტყვები, ალბათ სიკვდილსთვის თუ ემზადება, მაგრამ რომ არ არის ისეთი მოხუცი?! -თავს ვიმშვიდებდი. ადამიანის სიკვდილი ჩემი თვალით მქონდა ნანახი, ერთხელ, ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა ჩვენთან სახლში და მეორედ, მამაჩემი ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან. ეს ასე მოხდა, სადღაც დილის შვიდი საათი იქნებოდა, შაბათი დღე იყო, მამაჩემმა დედას დაუძახა, მთელი ოჯახი ფეხზე წამოფრინდა, როცა მივედით, გონდაკარგული კრუნჩხვებში იყო ჩავარდნილი, დედა ყვიროდა და სახეში ურტყავდა ხელებს, რომ გამოეფხიზლებინა, მეც ვყვიროდი, სასწრაფოს იძახებდა ჩემი ძმა, ამასობაში მამა მოეშვა, მერე გასწორდა, თვალებიც ერთ წერტილს მიაშტერა, მთლიანად გაშავდა. ჩვენს თვალწინ გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი ადამიანი, არ ვიცოდით, რა გვექნა, უფროსმა ძმამ გულის მასაჟის გაკეთება დაუწყო, გული აქვს გაჩერებული და იქნებ უშველოსო, რომ დაიღალა, მეორემ  გააგრძელა, დედაც, როგორც იქნა, გონს მოეგო და ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა მამას, მერე ხახაში ხელი ჩაუყო, ენას დაეჯაჯგურა და ჰოი, სასწაული, მამამ უცბად ღრმად ამოისუნთქა ერთხელ, მეორედ და გონს მოვიდა. მივხვდი, რომ გადარჩა, მადლობელი ვიყავი ღმერთის, ჩემი ძმების და დედაჩემის. თხუთმეტი წუთის მერე სასწრაფოც მოვიდა, საავადმყოფოში გააქანეს, თურმე ინფარქტი მიუღია. მივხვდი, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფერი ყოფილა, ერთ წუთში შეიძლება აღმოჩნდე სხვა ქვეყანაში, რომელიც არ ვიცით როგორია, ამიტომაც გვაქვს მისი შიში, თუ ღრმად მორწმუნე არა ხარ. ყოველივე ამის მნახველს ლია დეიდას სიტყვებმა შიშის ზარი დამცა. არ მინდოდა მომკვდარიყო, ის ხომ ბებიაჩემის დიდი მეგობარი იყო, მერე დედაჩემის, ახლა ჩემთანაც მეგობრობდა. მის მშვენიერ ბაღსაც რა დაემართებოდა, ვინ იცის, მეზობლებს ერთი სული ჰქონდათ, გარაჟები აეშენებინათ იქ. რამდენიმემ სცადა კიდეც მისთვის ნაკვეთის წართმევა, მაგრამ სხვა მეზობლებმა მხარი არ დაუჭირეს, რომ იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. იმ დღესვე ვუთხარი დედას ლია დეიდას ნათქვამი, შეიცხადა, რა უნდა სჭირდესო, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მეზობელი ქალი თვითონ გამოცხადდა ჩვენს სახლში თხოვნით, მიპატრონეთ სანამ ვიცოცხლებ, დამასაფლავეთ და თქვენ დაგიტოვებთ ბინასო. ჩემი მშობლები დაიბნენ, ასეთ წინადადებას არავინ ელოდა, იცოდნენ, რომ ქალს ნათესავები ჰყავდა. დედაჩემი შეჭოჭმანდა, შვილებს ხელი მოემართებათო, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი განაცხადა, ჩემს შვილებს ვერავის ვაწყევლინებ, უპატრონო რომ იყოს, სხვა საქმე იქნებოდაო. ლია დეიდას არ სწყენია ჩვენების უარი, ისევ ისე განაგრძობდა ჩვენს პატივისცემას, დედაც, რა თქმა უნდა, ვალში არ რჩებოდა, რაც შეეძლო. ისევ კარალიოკებით დახუნძლული მივდიოდი სკოლაში, დედა კი სიამოვნებით მიირთმევდა მეზობლის შემოწოდებულ ხურმას. რამდენიმე თვის შემდეგ ლია დეიდა მართლაც გარდაიცვალა. კედლის ღრმულიდან სიბნელესთან ერთად სიცივეც შემოვიდა და მთელი სახლი გამოავსო, სახლიდან სითბო დაიკარგა, თითქოს უფანჯრო და უკარო სახლში ვცხოვრობდით. ამ სიცივის განდევნას დიდი დრო დაჭირდა. კიდევ უფრო ღრმად შევიცანი ამ ცხოვრების ამაოება, მშობლებზეც გავბრაზდი, რა უსუსურები არიან, ყველაფერს სხვას უთმობენ-მეთქი.. ლია ბებოს, ახლა ასე დავუძახებ, რადგან ცოცხალი აღარაა და არ ეწყინება, ნათესავები ჩამოცვივდნენ მისი გარდაცვალების შემდგომ, ერთმანეთი ლამის დახოცეს, ანდერძი არ დაეტოვებინა გარდაცვლილს.  ექვსი თვის მერე ბინა გაყიდეს და თანხა გაინაწილეს. ბაღი მეზობლებს დარჩათ, ჩვენ, რადგან მანქანა არ გვყავდა, ახლოსაც არ მოგვიშვეს. იქაურობას ყოფდნენ, ხეებს ჭრიდნენ, უეცრად ეზოდან კივილი გაისმა, მეზობელი ქალი ამოვარდა ჩვენთან, ჩამოდით, ლიას ანდერძი დაუტოვებიაო. ჩავედით, ეზოს ერთ კუთხეში მდგარი კლიონკაგადაკრული მაგიდის უჯრიდან ქაღალდი ამოეძვრინათ, სადაც დიდი ასოებით ეწერა, რომ  ბაღის ნაწილს, სადაც ყვავილებია გაშენებული, მოსავლელად ამა და ამ პირს ვუტოვებო, ჩემი სახელი და გვარი იყო მითითებული, ყურებს არ ვუჯერებდი, ალბათ დასანგრევად და გასაპარტახებლად ვერ გაიმეტა თავისი ყვავილები. იმ ადგილის ხელის ხლება ვეღარავინ გაბედა, მიცვალებულის ანდერძი აუცილებლად უნდა შესრულდესო. ამ ზაფხულში, რადგან ძალიან ცხელოდა, ჩვენს სახლში კი, მით უმეტეს, გაუსაძლისი სიცხე იცის, ჩავდიოდი ხოლმე ახლა უკვე ჩემს ბაღში. თეთრი, წითელი, ყვითელი ვარდებით დამშვენებული გარემო მამშვიდებს და სიცოცხლით ტკბობის სურვილს მიღვიძებს. მივხვდი, რომ ყველას არა აქვს ამის  უნარი, ლია ბებოსთვის კი ალბათ ერთი ყვავილის გახარება მეტს ნიშნავდა, ვიდრე ზოგიერთისთვის ერთი დიდი მოგება კაზინოში. მშობლებზეც ბრაზი გამინელდა, ასეთები არიან და რა ქნან-მეთქი. ახლა სულ სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას, იმედია გამიმართლებს.

Friday, March 10, 2023

ქალბატონო, იცანი!

ქალბატონო, იცანი!
უკვე ანცობს გაზახული,
გამოგზავნა ელჩები,
კოპწიაობს აზნაური
თეთრზე- თეთრი წვერებით.
გადაისვა ულვაშებზე
ხელი, მერე აწია,
და კოკრები გვითავაზა
ენძელების პაწია.
მხარზე ჩანთა გადუკიდავს,
ჩანთაა თუ ხურჯინი,
ორივ მხრიდან ამოყარა
ყვავილები დუჟინი:
ია, ტიტა, ყოჩივარდა,
ვარდი — ტრფობის მისანი,
შენ რომელი ყვავილი ხარ,
ქალბატონო, იცანი!
მაია დიაკონიძე
10.03.2023წელი

სალაღობო-სახუმარო

 რაც არ მითქვამს, რაი ვთქვა,

შენ რომ გაგიკვირდება,

შევთხოვ წმინდა მარიამს

რომ მოხვიდე კვირტებად,

ლამაზ-ლამაზ ყვავილად

გულში რომ დამიარო,

მზედ ღრუბლებში წაგიყვან,

მარტმა გამოიდაროს.





მინიმა

 თითქოს წერამ ამიტანა,

მაგრამ რაათ უნდა ვწერო,
სამკუთხედად კეცავს ბარათს,
თბილ ქვეყნისკენ მიაქვს წეროს!
მაია დიაკონიძე
1.03.2023 წელი

დედას!

 ვერანაირი სიტყვა, აზრი, ფრაზა, ლექსი თუ მოთხრობა ვერ აღწერს დედის მიმართ ჩვენს სიყვარულს, ყველაფერი უფასურდება მისი ერთი ღიმილის წინ, დედა უკვდავია, ერთადერთი, განუმეორებელი. დაგილოცავთ დედებს, ბედნიერები და ჯანმრთელები გიმყოფოთ უფალმა, წასულების ხსოვნა იყოს! იმ ქვეყნიდანაც გვლოცავენ, ზრუნავენ ჩვენზე!

დედაჩემს!
დედაჩემს თეთრი ხელები ჰქონდა,
ვარდის სურნელი სდიოდა ხელზე,
და ახლა როცა ძალიან მიჭირს,
ვარდების ბაღში დედაჩემს ვეძებ.
დედაჩემს ლურჯი თვალები ჰქონდა,
სიო დაჰქროდა მღელვარე ტბებზე
და ახლა, როცა ძალიან მიჭირს,
უკიდეგანო სივრცეში ვეძებ.
დედაჩემს მარჯნის ტუჩები ჰქონდა,
მარგალიტებით ანთებდა ზესკნელს,
და ახლა, როცა ძალიან მიჭირს,
მარჯნის ნაპირზე დედაჩემს ვეძებ.
სული ბავშვივით უმანკო ჰქონდა,
ახლა მაღლაა, მაღლაა მზეზეც,
და ახლა როცა ძალიან მიჭირს,
ზევით ზეცაში ანგელოზს ვეძებ.
მაია დიაკონიძე
8.11. 2022წელი

ჩანახატი (უსაზღვროა ჩემი სიყვარული)

 დღე მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო! უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენ მიმართ, მიკვირს, ამ ჩემს გულში, რამდენი სიყვარული ეტევა, მიყვარს ბუნება, ცხოველები მცენარეები, ყვავილები, ნაირფერი, სურნელოვანი და ნაკლებსურნელოვანი, მინდვრები, ჭალები, მდინარეები, ოკეანეები და ზღვები. ადამიანები მიყვარს, როგორებიც არიან, ყველას აქვს დადებითი თვისებები, რისთვისაც უნდა გიყვარდეს. ერთი მუჭისოდენა გული რამდენ სიყვარულს იტევს, გავაერთიანოთ ჩვენი გულები, სიყვარული ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. შევთხოვოთ უფალს ჩვენი ქვეყნის გაძლიერება - გამთლიანება და აუცილებლად აგვიხდება, თუ ჩვენს ძალისხმევას აქეთკენ მივმართავთ.

მიყვარხართ, მეგობრებო, თუ კომენტარზე ვერ გიპასუხებთ, არ გამინაწყენდეთ, ამ დაჩქარებულ დროთა მსვლელობაში ვერაფერს ვასწრებ.
ეს გული კი გუშინ მარი პაპუაშვილმა მაჩუქა. ვაჩუქოთ ერთმანეთს გულები და დედამიწაზე სიცოცხლე არასოდეს შეწყდება.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
All reactions:
ცაგო აბაშმაძე, Dea Egriseli და 26 სხვა პიროვნება

მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, შემთხვევა იორზე (ელგუჯა ციგროშვილის მონაყოლიდან)

 რა არის მიზანი ჩვენი ცხოვრებისა?! ვიყოთ ბედნიერები, ამისთვის კი ადამიანს სულ ცოტა, საყვარელი საქმე უნდა ჰქონდეს. შვილების გაზრდა ქალისთვის უპირველესი საქმე და მოვალეობაა. თანამედროვე ქალები ამას სხვა პროფესიასაც უთავსებენ. როგორ გამოსდით, ეს კიდევ საკითხავია. დღეს კი მინდა ერთ ტრადიცია-თქმულება-ჩვეულებაზე გიამბოთ, რომელიც არ მინდა დაიკარგოს, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არსებობდა. მე პირველად გავიგე მის შესახებ ერთი კაცის ნაამბობიდან. დილაუთენია გამეღვიძა და რაღაცა ძალამ ეს ისტორია ჩამაწერინა. გთავაზობთ პატარა მოთხრობას:

შემთხვევა იორზე
გიორგიმ ღამით კარგად ვერ დაიძინა, ყოველთვის ასე ემართებოდა, სათევზაოდ რომ მიდიოდა. გული უფანცქალებდა ხოლმე, სულ პატარა პაპას დაჰყავდა იორზე, მერე მამას, ახლა წამოიზარდა, 13 წლისაა და სხვა თანატოლ ბიჭებთან ერთად მიდის ხოლმე, მაგრამ გული ისევ ისე უფანცქალებს, როგორც პატარაობისას. ხვალ მარტო უნდა წავიდეს, ყველამ უარი თქვა, სხვადასხვა საქმეები გამოუჩნდათ, არდადეგებია, ზოგი ბებო-პაპასთანაა წასული მეზობელ სოფლებში. იმ ღამით თავკომბალები ესიზმრა ბიჭს, მხიარულად დაცურავდნენ წყალში, გაღვიძებისას გაუკვირდა, ვერაფერს დაუკავშირა, სათევზაოდ მივდივარ და თავკომბალები რამ დამასიზმრაო. წარმოიდგინა, კამკამა წყალში მოცურავე ოქროსფერი თევზები, კუდს რომ ლაზათიანად გაიქნევ-გამოიქნევენ, ბევრჯერ უცდია მათი დაჭერა, მაგრამ ყოველთვის უსხლტებოდნენ ხელიდან, ბოლოს სლიპინა კუდი შერჩებოდა, ისიც გაუძვრებოდა ბოლოს თითებიდან... მერე წყლის ნაპირზე გუბეში მოცურავე თავკომბალებიც წარმოესახა თვალწინ, მოშავო ფერისანი, ვერაფერი სილამაზე ვერ იპოვა მათში და სახე ოდნავ მომანჭა, მაგრამ უცებვე ბედნიერმა ღიმილმა გადაუარა. დღეს ბარაქიანი თევზაობის იმედი ჰქონდა.. უყვარდა სათევზაოდ სიარული. ადრიანი დილა იყო. არავინ გაუღვიძებია. ფრთხილად შევიდა სამზარეულოში, ბებია-პაპა და დედ-მამა არ შევაწუხო ჩემი ადრე ადგომითო, ცოტა წაიხემსა, პურის ერთი ნაჭერი ხელში ჩაბღუჯა, ჭამა-ჭამით გამოვიდა გარეთ, თხილის რტოსგან გამოთლილ ანკესს მოჰკიდა ხელი, აივნის კუთხეში მიეყუდებინა ღამით, წინა დღეს ნაგროვები მიწის ჭიებით გავსებული კოლოფი ვედროში ჩადო, ვედრო თხილის ანკესზე წამოაცვა, მხარზე გადაიდო, აივნის კიბეებზე ფრთხილად დაეშვა და ასკინკილით გაუდგა გზას.
ივრის პირს მალე მიაღწია, გზად ჭალა ჰქონდა გასავლელი, იქით ხის ტოტებს შეხედა, ზედ ფოთლებზე ლოკოკინების კვალი დამჩნეოდათ, თეთრი ფიფქივით, პატარა ლოკოკინებისა, აქეთ-იქიდან მწერებმაც აუბზუილ-ჩამოუბზუილეს ბიჭს, ლამაზმა ფრთახატულა პეპლებმაც ჩაუფრინეს თვალწინ, თვალიც გააყოლა, აბა, სად დასხდებიანო, ერთი იქვე ლამაზ ყვავილზე ჩამოსკუპდა, თითქოს ბიჭს ეუბნებოდა, მოდი, შემომხედე, რა კოხტა ვარო. გიორგიც ახლოს მივიდა, დააცქერდა, მისი ფრთების მოხატულობას დააკვირდა, თეთრი ჰქონდა მოყვითალო ლაქებით, ის იყო ხელი უნდა ეტაცა, რომ პეპელა აფრინდა, ცხვირწინ ჩაუქროლა და შორეული მინდვრისკენ აიღო გეზი. ბიჭმაც თვალი გააყოლა, ერთი კი გაიფიქრა, გავეკიდებიო, მაგრამ გაახსენდა, რომ სულ სხვა რამისთვის იყო წამოსული და გზა განაგრძო.
ნაპირ-ნაპირ მიჰყვებოდა იორს, რომელიც წყლის სიმცირის გამო ადგილ-ადგილ დატოტვილიყო, ხმელეთი მოჩანდა, ბიჭი ოსტატურად გადარბოდა ქვიდან ქვაზე, ხმელეთიდან ხმელეთზე, ცდილობდა წყალში არ ჩავარდნოდა ფეხი, ფეხსაცმელი არ დასველებოდა, თევზაობას ხომ დიდი დრო და მოთმინება სჭირდებოდა, სველი წინდებით კი დიდხანს ვერ გაძლებდა. ის იყო წყლიანი ნაწილისთვის უნდა გადაეფრინა, რომ ქვევით გველი დაინახა, საყურეებიანი, საოცრება იყო, ტანი ახალამოსულ მზეზე უბრწყინავდა და ულაპლაპებდა, საყურეები კიდევ უფრო მეტად ბრჭყვინავდა, ოქროსი გეგონებოდა. უკვე მიწაზე ჩამოქვეითებული დააკვირდა გველს, პირი ბაყაყის ფეხისთვის ჩაეჭიდებინა, ფართხალებდა ბაყაყი, თათების ნაკაწრები რჩებოდა შლამზე, ყველანაირი ძალებით ცდილობდა გველს დასხლტომოდა პირიდან, შიშის ჟრუანტელმა დაუარა ბიჭს ტანში, ყველაფერი გაახსენდა, რაც გველის ბოროტებასთან იყო დაკავშირებული, ისიც კი, რომ მის გამო გამოაგდეს ადამ და ევა სამოთხიდან, ათასჯერ წაუკითხავს ბიბლიაში, ბებიას ხათრით, ისიც გაახსენდა, რამდენი ადამიანი დაუგესლავს და მოუკლავს ამ საშიშ არსებას, იცოდა, სანამ ფართხალს და წინააღმდეგობას არ შეწყვეტდა ბაყაყი, მანამდე ასე ტყვეობაში ეყოლებოდა, მერე კი შეჭამდა. ბაყაყი შეეცოდა, დაძლია შიში, მოუქნია თხილის წკნელისგან გაკეთებული ანკესი გველს, იცოდა წელში უნდა ჩაერტყა, რომ მოეკლა, მოკვლით ვერ მოკლა, მაგრამ გველმა მსხვერპლს პირი უშვა და წყალში შეცურდა, ბაყაყი ხტუნვა-ხტუნვით გაეშურა საითკენღაც, ბიჭს აღარც შეუხედავს, გვარიანად შეშინებული იქაურობას სწრაფად გაეცალა. ამ ამბავმა თევზაობა სულ დაავიწყა და იქვე დეიდას სახლისკენ აიღო გეზი. სახლში დეიდაშვილები დახვდნენ, შეკრიბა მთელი ოჯახი და თავსგადახდენილი ამბავი დიდი გრძნობებითა და ემოციებით მოყვა. ყველა პირდაღებული უსმენდა. ბიჯოს, ეს რა გიქნია, კიდევ კარგი გველმა არ გიკბინაო, გადააქნიეს ბავშვებმა თავები. დეიდას ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა. ვაჟკაცი ბიჭი მყავხარო, მოუთათუნა ხელი თავზე და ქოჩორი აუწეწა. მას მერე სად არ ყვებოდა ამ ამბავს გიორგი, ყველგან ინტერესით და გაოცებით უსმედნენ.
გამოხდა ხანი. 16-17 წლისა შეიქნა ვაჟი. ერთხელაც დეიდამ დაიბარა, საიდუმლო ელფერი მისცემოდა ოთახს, სადაც დიშვილი შეიყვანა. კედლებს ოქროსფერი დადებოდათ ჩამავალი მზის სხივებქვეშ. ის ძველი ისტორია გაახსენა და უთხრა. შვილო, დროა იცოდე, შენნაირებს ხალხში ,,გველ-ბაყაყის გამყრელს" ეძახიან, მეც შემემთხვა ასეთი ისტორია და მას მერე მშობიარე ქალებთან მეძახიან, ჭიქა წყალს დავალევინებ და მშობიარობის ტკივილები ეხსნებათ, ადვილად მშობიარობენო. შენ კაცი ხარ და შენი ჯადო–ძალები კიდევ უფრო დიდიაო. გაოცდა გიორგი. ხან ასე ატრიალა დეიდას ნათქვამი, ხან ისე, ნეტავ, რასთან უნდა იყოს დაკავშირებული ეს გადმოცემა თუ თქმულებაო. ღმერთმა ხომ ქალი იმიტომ დასაჯა, რომ გველის რჩევით აკრძალული ნაყოფი იგემა, უთხრა, ტკივილებში ბადებდე შენს ძესო, ახლა კი ადამიანისგან ბაყაყის გადარჩენისთვის წყალი იძენს მაგიურ ძალას, რომ ქალმა ადვილად იმშობიაროს და ტკივილებისგან გათავისუფლდესო?! ისიც გაახსენდა, იმ დღეს, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, წყალში მოცურავე თავკომბალები ნახა სიზმარში, გაიფიქრა, წყალი ხომ საწყისია სიცოცხლისა, განახლების, აღორძინებისა და ბაყაყის და ადამიანის ჩანასახიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს, იქნებ ამაშია ამ ამბის საიდუმლოო, ბევრი ფიქრისგან აზრები ერთმანეთში აერია, საბოლოო დასკვნაც ვერ გააკეთა. ეს თქვა მხოლოდ, ვცდი, ჩემგან რა მიდისო და პირველად თავისი მეგობრის მშობიარე ცოლს მიაწოდა წყალი. ეს ამბავი კი ასე იყო.
მზია და ალეკო სულ ახალგაზრდები დაქორწინდნენ. გიორგი მეჯვარედ მიიწვიეს. სულ დოლ-გარმონითა და ზურნა-დუდუკის თანხლებით გაიმართა ქორწილი. მეგობრის ცოლი მალე დაფეხმძიმდა კიდეც. მუცლის ტკივილებმა რომ მოუარეს, სამშობიაროში გააქანეს. გიორგი რომ მივიდა, ალეკოს და მზიას ნათესავები სამშობიაროს ეზოში შეკრებილიყვნენ, სხვა მელოგინეთა ახლობლებიც იქვე ჯგუფებად ჩამომდგარიყვნენ, ზოგიერთები ხანდახან ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ, ლოდინის სიმძიმე რომ შეემსუბუქებინათ, თქვენმა რა ქნაო, პასუხი ხან დადებითი იყო, ხან უარყოფითი. ზოგი იტყოდა, ბიჭი შეგვეძინაო, ზოგიც - გოგოო, იწყებოდა მილოცვები, ნაცნობი იყო თუ უცნობი, აბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა?! ახალი სიცოცხლე იბადებოდა. სიხარულიც საერთო იყო და მწუხარებაც. ალეკო ყველაზე მეტს ნერვიულობდა, ცოლის კივილს კარგად არჩევდა სხვა ქალების ხმაში. მიხვდა გიორგი, თავისი ძალა, თუ კი ჰქონდა, ახლა უნდა გამოეყენებინა, ჩუმად უჩურჩულა მეგობარს, ხომ გახსოვს, გველისა და ბაყაყის გაყრის ისტორია, მე რომ გადამხდა, ერთ ჭიქა წყალს დავალევინებ შენს ცოლს და ადვილი მშობიარობა ექნებაო. ცდა ბედის მონახევრეაო. დაეთანხმა ალეკო. სამშობიაროში კაცებს აბა ვინ შეუშვებდა?! დაირბინეს ახლომახლო სახლები, კიბე მოიტანეს, მიადგეს სამშობიაროს მეორე სართულის ფანჯარას, საიდანაც მზია პერიოდულად თავს გამოჰყოფდა ხოლმე და ქმარს შველას სთხოვდა. აძვრა კიბეზე გიორგი, ქვევიდან იმედით სავსე ალეკო შესცქეროდა, მიაწოდა ჭიქა წყალი ქალს, დალიე, ნახე, ისეთი წყალი მოგიტანე, ადვილი მშობიარობა გექნებაო. სვამდა წყალს მზია და გიორგი გრძნობდა, როგორი ძალა გადადიოდა წყლიდან ქალის სხეულში, ტკივილებისგან ხსნისა, ახალი სიცოცხლეც სულ სხვანაირად შეინძრა მუცელში, თითქოს მასაც ძალები მომატებოდა, სიკეთე გადადიოდა ხელიდან ხელში, წყალიდან - წყალში. სიკეთე, რომ ცოცხალი არსება სიკვდილისგან იხსნეს, და რომ წყალი, რომელშიც პატარა მოძრაობს მუცელში და წყალი, რომელშიც თავკომბალა დაცურავს, ერთია, ისაა საწყისი სიცოცხლისა, დაბადებისა. მზიას ცოტა ხანში ტკივილები სრულიად გაუქრა, მალე, ბიჭიაო, დაიძახეს. მეორედ ძმის - ნიაზის ცოლს დაეხმარა. შეწუხებული დახვდა სამშობიაროსთან ძმა, ბავშვი ფეხებით მოდის და არ ვიცი, რა მოხდებაო. დაალევინა გიორგიმ ჭიქა წყალი ირმას. შორს წასული არ იყო, რომ ხედავს ძმის სიმამრმა გვერდზე ჩაუფრინა, გამოეკიდა, რა ხდება, სად გარბიხარ კაცოო. ბიჭი გაგვიჩნდა, შენ რომ წყალი დაალევინე ჩემს გოგოს, ბავშვი შემოტრიალდა და თავით წამოვიდა, გადარჩა საკეისროს ირმა. შენ გაგახაროს ღმერთმა, ისე ვარ გადარეული, შე კაცო, ვეღარც გიცანი. ახლა ბაზარში სამწვადეს ასაღებად გავრბივარ, სუფრაზე გელოდებითო. გახარებული კაცი გიორგის მხარზე უტყაპუნებდა ხელებს და ეხვეოდა. ახალგაზრდას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მას მერე, ხშირად იხმობდნენ და იხმობენ გიორგის მშობიარე ქალებთან, ,,გველ-ბაყაყის გამყრელო", დაგვეხმარეო, ლოცავდნენ ქალები ახალგაზრდას, ლოცავენ ახლა უკვე კაცს, გაიხარე, მარტო მაგისთვის მიგიღებს ღმერთი სამოთხეში, ჩვენ რომ გვშველიო. კაცი კი დღესაც ყოყმანით იქნევს თავს, მე კი არა, ღმერთი გშველით, მე რა შუაში ვარო. გულში კი კმაყოფილია, რომ ახალი სიცოცხლის დაბადებას უწყობს, ხელს, ორმოცდაათი პატარის ქვეყნად მოვლინებაც ხომ მისი ჯადო-ძალის გამოყენებით ანუ ღვთის შემწეობით ხდებოდა. ,,გველ-ბაყაყის გამყრელო", ეძახის ახლა პატარა შვილიშვილი. გიორგი კი გულიანად იცინის : შე მამაძაღლო, წადი, გამშორდიო", ეუბნება ბავშვს და წიგნებს ჩაჰკირკიტებს, უნდა ცხოვრების კიდევ ბევრი ამოუხსნელი საიდუმლო შეისწავლოს და ამოსახსნელი ამოხსნას.
მაია დიაკონიძე
18.10.2022წელი

8 მარტს მოგილოცავთ (მოგონებებიდან)

 დღეს 8 მარტზე მინდა ვისაუბრო, რადან ეს დღე ჩემთვის დედასთან ასოცირდება. როგორც მზის გარშემო მოძრაობენ პლანეტები, ჩვენც, ხუთი შვილი, ასე ვმოძრაობდით დედა - მზის გარშემო. 8 მარტი კი განსაკუთრებული დღე იყო ჩვენთვის, დედის დღე. ნაირ-ნაირი ყვავილები მიგვქონდა დედასთან, მამა აუცილებლად ჩუქნიდა რომელიმე სუნამოს, რატომღაც ახლა ,,კრასნაია მასკვა" გამახსენდა, დედა ასევე ღებულობდა ნაირ-ნაირ ბარათებს რუსეთიდან, უკრაინიდან თავისი ნათესავებისგან. რამდენი სითბო იყო იმ ბარათებში, ახლა ვხვდები. ის კი არა და ახლა ხელნაწერი ტექსტები მომენატრა. ხარბად ვკითხულობ ძველ მისალოცებს, ჩვენ, გოგოები თანაკლასელებსაც ვჩუქნიდით ამ ბარათებს, მასწავლებლებს, ბიჭები ჩვენ გვჩუქნიდნენ და იდგა სითბო, სიყვარული, რომლებიც გულებს აერთიანებს. ვუყურებ ახლა შვილებისგან ჩემთვის მორთმეულ ყვავილებს და დედა მახსენდება, მისი გაბრწყინებული სახე, არა და ისეთი მშვიდი იყო ყოველთვის, ვერ გაიგებდი რა უხაროდა ან სწყინდა, რა უყვარდა ან არ უყვარდა. ემოციებს ყოველთვის მალავდა. დღეს ჩემს თავს ვუბრაზდები, ჩემს თავს ვეკითხები, ნეტავ დედას რა კერძი უყვარდა? პასუხი არ მაქვს, გაჭირვებულად ვცხოვრობდით, რაც გვქონდა, იმას ჭამდა, პრეტენზიაც არასოდეს გამოუხატავს. ბოლო 30 წელი უკრაინაში ცხოვრობდა, ჩემგან შორს. მასთან ურთიერთობის მრავალი წელი მომაკლდა, ბევრი სითბო და სიყვარული. ჩაიხედეთ, შვილებო, თქვენი დედების გულებში, შეიძლება ბევრი რამე არც იცით მათ შესახებ: რა უყვართ, რა სწყინთ, გაიგეთ, რომ მერე ჩემსავით გული არ დაგწყდეთ. გაიხარეთ, ქალბატონებო, ბედნიერები, ღიმილიანები მენახეთ ყველა!

ასე მგონია (ჩანახატი)

 ასე მგონია, მხოლოდ ის ადამიანები გრძნობენ სიცოცხლის სიტკბოებას, აზრს და მნიშვნელობას, რომლებიც ყოველ დღე გადიან სიკვდილ-სიცოცხლეს ზღვარზე და ეთამაშებიან სიკვდილს. ღამით, რომ დავწექი, ვიგრძენი, ვიხრჩობოდი, ნერვებს დავაბრალე, შვიდ საათზე გამეღვიძა, გონებას ვკარგავდი, ძარღვებში სისხლი მეყინებოდა, თავი მტკიოდა, ძლივძლივობით ავდექი, ფეხებში სისუსტე მქონდა, ხელები მიკანკალებდა, ვიფიქრე მოვიწამლე, ბედად შაქარი გავიზომე, ძალიან დაბალი აღმომაჩნდა. სასწრაფოდ დავლიე შაქრიანი ჩაი, შევჭამე საჭმელი, არ მინდა შვილები შევაწუხო ხოლმე და მიხარია, კომაში არ ჩავვარდი და საავადმყოფოში არ ამოვყავი თავი. ასეთია ინსულინდამოკიდებულების ცხოვრება, არც თუ ისე სახარბიელო. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, ავად რომ ვარ! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, ჩემო მეგობრებო!

გამონათქვამები

 რა საჭიროა სიტყვები, როცა შენი საქმენი ჰქუხან, როგორც მთიდან მოვარდნილი მდინარენი და მრავალი სიტყვაც არ კმარა, თუ შენი ქმედებანი იმის საწინააღმდეგოა, რასაც ლამპარაკობ!

------------------------------------------------------

სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, ისიც ხან მოკლეა, ხან გრძელი, გააჩნია, როგორია ადამიანი, სულმოკლე თუ სულგრძელი, ვისაც არ მიაგეს პატივი ,,გრძნობითა მშვენიერითა"

ჩანახატი, რატომ დავიწყე ზღაპრების წერა (მოგონებებიდან)

 იცით, ბავშვობაში სულ დედას ველოდებოდი, როცა სახლში არ იყო, ვნერვიულობდი, განვიცდიდი, აივანზე გავიტანდით ხოლმე მე და ჩემი და-ძმები პატარა სკამებს, ჩამოვსხდებოდით და გავყურებდით გზას. წარმოიდგინეთ ხუთი ბავშვი აივანზე ჩამომსხდარი, ნაღვლიანი თვალებით.ბავშვებს რომ არ ეტირათ, ყველაზე დიდი მე ვიყავი, ზღაპრების მოგონება დავიწყე, ზეპირად ვთხზავდი, დაწოლის წინ კიდევ მთხოვდნენ, გააგრძელე ზღაპარიო, მთელი სერიალი მქონდა შედგენილი. კარგი იყო მაშინ ვინმეს ჩაეწერა ბავშვის ფანტაზიით შექმნილი მონათხრობი. დღესაც რამდენი ადამიანი ელოდება თავის ახლობელს საიდანღაც ჩამოვა, გამახარებსო, დედებს შვილების ლოდინში აწყდებათ თვალები, შვილებს დედების და ა. შ. არ მინდა ერთმანეთისგან შორს იყვნენ ადამიანები, მაგრამ ცხოვრება მოვიდა ცუდი. ქვები, ლოდებიც კი ელოდებიან თავიანთ პატრონებს. ერთ მინიატურას შემოგთავაზებთ დღეს:

ბებია
ჩამჭკნარი თითები ხელში ჩამიდო, ისე მომესალმა, ვისი ბიჭი ხარო, მკითხა, კარგად ვერ გხედავ, გამოიწიე, მზის შუქზე შეგხედოო. ცრემლი მომაწვა, - შენი შვილიშვილი, ვანიკო ვარ, - ვუთხარი. გულში ჩავიკარი დაპატარავებული. ავათვალიერე, სუფთად ეცვა. რას საქმიანობ, ბებია?- ვკითხე, ერთხანს ხმას არ იღებდა, მერე თვალები მოჭუტა და მიპასუხა, - რას უნდა ვაკეთებდე მარტო ამ ეზო-კარში, სიკვდილისთვის ვემზადებიო. - ყურადღება აღარ მოუქცევია ჩემთვის, ჭიშკრისკენ გაეშურა, ეზოდან გავიდა, იქვე პაპაჩემის გაჩორკნილ სკამზე დაჯდა, შორს მთებისკენ დაიწყო ცქერა, მივედი, გვერდზე დავუჯექი, მეც თეთრონ მთებს გავხედე, რომელთა დავიწყებაც ვერ შევძელი. - ვის ელოდები ბებია? - ვკითხე, - შვილიშვილს, - მიპასუხა, - სხვა ქვეყანაშია წასული, მალე ჩამოვა, ტანი მიგრძნობს... დიდხანს ვისხედით გარინდულნი. საღამოხანს ადგა, ხელზე ხელი მომკიდა, სახლში შემიყვანა...
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე and შენობაში გამოსახულება
All reactions:
მარი ჟღენტი, Maia Xoperia და 41 სხვა პიროვნება