იცით, ბავშვობაში სულ დედას ველოდებოდი, როცა სახლში არ იყო, ვნერვიულობდი, განვიცდიდი, აივანზე გავიტანდით ხოლმე მე და ჩემი და-ძმები პატარა სკამებს, ჩამოვსხდებოდით და გავყურებდით გზას. წარმოიდგინეთ ხუთი ბავშვი აივანზე ჩამომსხდარი, ნაღვლიანი თვალებით.ბავშვებს რომ არ ეტირათ, ყველაზე დიდი მე ვიყავი, ზღაპრების მოგონება დავიწყე, ზეპირად ვთხზავდი, დაწოლის წინ კიდევ მთხოვდნენ, გააგრძელე ზღაპარიო, მთელი სერიალი მქონდა შედგენილი. კარგი იყო მაშინ ვინმეს ჩაეწერა ბავშვის ფანტაზიით შექმნილი მონათხრობი. დღესაც რამდენი ადამიანი ელოდება თავის ახლობელს საიდანღაც ჩამოვა, გამახარებსო, დედებს შვილების ლოდინში აწყდებათ თვალები, შვილებს დედების და ა. შ. არ მინდა ერთმანეთისგან შორს იყვნენ ადამიანები, მაგრამ ცხოვრება მოვიდა ცუდი. ქვები, ლოდებიც კი ელოდებიან თავიანთ პატრონებს. ერთ მინიატურას შემოგთავაზებთ დღეს:
Friday, March 10, 2023
ჩანახატი, რატომ დავიწყე ზღაპრების წერა (მოგონებებიდან)
ბებია
ჩამჭკნარი თითები ხელში ჩამიდო, ისე მომესალმა, ვისი ბიჭი ხარო, მკითხა, კარგად ვერ გხედავ, გამოიწიე, მზის შუქზე შეგხედოო. ცრემლი მომაწვა, - შენი შვილიშვილი, ვანიკო ვარ, - ვუთხარი. გულში ჩავიკარი დაპატარავებული. ავათვალიერე, სუფთად ეცვა. რას საქმიანობ, ბებია?- ვკითხე, ერთხანს ხმას არ იღებდა, მერე თვალები მოჭუტა და მიპასუხა, - რას უნდა ვაკეთებდე მარტო ამ ეზო-კარში, სიკვდილისთვის ვემზადებიო. - ყურადღება აღარ მოუქცევია ჩემთვის, ჭიშკრისკენ გაეშურა, ეზოდან გავიდა, იქვე პაპაჩემის გაჩორკნილ სკამზე დაჯდა, შორს მთებისკენ დაიწყო ცქერა, მივედი, გვერდზე დავუჯექი, მეც თეთრონ მთებს გავხედე, რომელთა დავიწყებაც ვერ შევძელი. - ვის ელოდები ბებია? - ვკითხე, - შვილიშვილს, - მიპასუხა, - სხვა ქვეყანაშია წასული, მალე ჩამოვა, ტანი მიგრძნობს... დიდხანს ვისხედით გარინდულნი. საღამოხანს ადგა, ხელზე ხელი მომკიდა, სახლში შემიყვანა...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment