Wednesday, July 25, 2018

ტყე (ჩანახატი)

სანდომიან ტყე-ბუჩქს ვეძებდი,
ერთზე შევჩერდი, რადგან ყველა
არ შეიძლება, იყოს უსაფრთხო,
და ვფრთხილობ, რადგან 
ბავშვები მყავს წამოყვანილი,
რომ არ დავაფრთხო და 
თვით არ დავფრთხე, როგორც 
ციყვი, კაცისაგან შეშინებული.
გსმენიათ, ალბათ, რომ ტყეც შეძლება იყოს 
სანდომიანი და უნდო,
როგორც თევზები,
შხამიანი და არაშხამიანი,
ისევე როგორც სოკო,
საჭმელი და არასაჭმელი.
ტყეში მიმალურ მგელზე უფრო
ადამიანების მეშინია,
თოფიანების და უთოფოების,
რა თქმა უნდა, თოფიანების მეტად,
იქნებ ერთ-ერთმა ბავშვს სახეშიც ესროლოს, 
რომ ტირის, არ მომწონსო,
იქნებ, მეც არ მოუვიდე თვალში,
გავექცე და სადმე გადავიჩეხო,
მაგრამ მაგას არა უშავს,
მთავარია, ბავშვი არ მოკლას! 
ბავშვი არ გაწიროს!
ჩემს თავს რას ვჩივი,
რა ბედენაა ერთი ქალი,
ორიოდე წიგნის ყდაზე 
მინაწერი სახელითა და გვარით.



Tuesday, July 24, 2018

შუაღამეა და მე არ მძინავს

შუაღამეა და მე არ მძინავს,
შუაღამეა და ისევ ცხელა,
თითქოს ასფალტი უშვებს ოხშივარს,
შიგ ვიხარშებით მეცა და დედაც.
მოხუცის კვნესა ძლიერ მაწუხებს,
ვუნიავებ და ღმერთს შევთხოვ შველას,
- მალე იწვიმებს, - დედას ვპირდები,
ციდან წვეთები იწყებენ ცვენას. 

ახამხამებს ღამე თვალებს

ახამხამებს ღამე თვალებს, ახამხამებს,
თვალწინ ვხედავ ალმასების კვდომას,
ნეტავ, მზემ თუ მოინდომა ასე ძლიერ,
ყველა მისი ყმა იყოს და მონა.

Monday, July 23, 2018

შორს სადღაც სთვლემდნენ პირამიდები...

მე ცხვირის წვერით ვეხები ვარსკვლავს
და ჩვენ ერთმანეთს შევყურებთ თვალში,
ის სხივებს მაფენს გიჟური ვნებით,
მე შევუკაზმე ცისფერი რაში.
ღელვით დავეშვით ღრუბლების ტბაში,
რძისფერი ტანით ვცურავდი გედი,
იდუმალების მეფინა წამი,
შორს სადღაც სთვლემდნენ პირამიდები.


ანბანთქება (3)

ფიფქებით და ფიქრებით
საშობაოდ ვივსები,
წმინდის მადგას ნათელი,
დამტრიალებს ფანტელი.
ღმერთი იშვა ბეთლემში, -
საუკუნო ცხონება
მოგვანიჭა კაცის ძეთ, -
გაგვინათა გონება.
მოკაშკაშე ვარსკვლავმა
სიხარული მოგვფინა,
ჩვენს გულებშიც გიზგიზებს
კელაპტარი, "ოდილა.
ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია",
ზამთრის ღამე სითბოს გვგვრის,
ანგელოზნი მღერიან.
აიტაცა ნათელში
ცამ ეჟვანი მჟღერია,
სამუდამოდ დაშრება
მწუხარების ცრემლია.
"ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია,"
ცხვრების ფარას მოუძღვის
ზნეკეთილი მწყემსია,
სიყვარულის ზეობა
მიწყივ დაუწესია.
ქვეყნად ყველა სიმდიდრე
მისი ფეხის მტვერია,
შევეგებოთ მესიას, -
ის სიკეთის მთესია,
"ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია."

ფიქრია და თეონა დღეს ეწვივნენ მეგობარს,
მეგობარი ზღარბია, მათი შვილის ნათლია,
მათი გოგო, დედოფალა, უკვე სამი წლისა გახლავს,
ბაღში დიდი სუფრა ელით, ესტუმრება ტურა, მგელი.
ზღარბი უყვარს ყველას ტყეში, არ ატყუებს მასაც გეში,
იცის ვისთან იმეგობროს, რომ არ მოჰყვეს მერე ოხვრას,
ეს რა ჭირი ამიტყდაო, ასეთ კაცთან რა მინდაო,
მას ბაძავენ გოგოებიც, მეგობრად ჰყავთ ზღარბი ერთი.

ქარვისფერი ყურძენით გამოივსეს პირები
თეონამ და გოგიამ, ლადიკომ და სონიამ,
ძაღლი ყურშაც თანა ჰყავთ, კბილი გაჰკრეს ატამსაც,
შემოდგომა სწვევია გურჯაანს და კარდანახს,
წითელ-ყვითლად ბრჭყვიალებს სანახები, გარემო,
- ბებოს დაქნილ ჩურჩხელებს ვერ გავატანთ ქარებსო!
- იძახიან ბავშვები, დადგნენ ეზოს დარაჯად,
ყურშაც ყეფით ამცნობს ყველას, - ემტერება არაკაცს.


ქოში ჰყარა უკუღმა
ბიჭმა, გვარად ჟურულმა,
თვალში ეპატარავა,
შეუტია მამალმა.
ტყუილად არის ჟურული?
თანაც ბიჭი გურული?
წკეპლით ისე გახადა,
ქარს მიჰქონდა ბუმბული.
გაუკვირდა ბებიას,
რად არ ყივის მამალი?
- შერცხვენილი რას იყვირებს?!
თუ მოარჩენს წამალი.



ღორს ეყოლა ათი გოჭი
და ათივე იყო ბიჭი,
გაიზარდნენ გოჭუნები,
გაეზარდა ყველას კიჭი,
შეუტევდნენ ერთურთს ზოგჯერ,
დააგლეჯდნენ ყურს და დინგებს,
გოგო ერთიც არა ჩანდა,
მანდილით რომ ბრძოლას იგებს.

ღუღუნებს და ღუღუნებს,
"აღუ", "აღუს" იძახის,
პაწაწინა თეონა,
ჩიტიც გალობს კირკაცით,
"ქვითკირ", "ქვითკირ", გასძახის
ავთანდილს და რობიკოს,
- დაიზრდებით ძმები და
უნდა კოშკი ააგოთ,
ისეირნებს გოგონა
დიდი სახლის ეზოში,
ატმებს ხიდან ჩამოკრეფს,
თქვენ მოგართმევთ ჩეროში.


ყვავო, რადა ყრანტალებ,
რად წაიღე ყურები,
გგონია რომ გვახარებ?!
დაგვიხეთქე გულები!
ხან ბოძიდან დაგვყურებ,
ხან სახურავს ეწვევი,
არვინ სტუმრად არ გიხმობს,
შენი სულისკვეთებით. -
არ გაქვს გულში კეთილი,
დაერევი წიწილებს,
დროზე თუ არ წაბრძანდი,
მეც შენსავით ვიყვირებ.


ყანებში ჩასხდნენ ყაყაჩოები,
სხივთა დაიდგეს ხარაჩოები,
ცას დაეფინა ოქროს ნათელი,
დადგა ფერების  კორიანტელი.
ლაღობს ბუნება, აჟღერდა თარი,
ჩიტებმა მისცეს ბუნებას ბანი,
მწყემსები მთების უსმენენ ექოს,
ცხვარი მოედო დაბლობს და ბექობს.

შოთა უსმენს შაშვს და ფიქრობს,
ნეტავ ჩიტი რაზე ფიქრობს?!
თუ გამოსცემს ხმატკბილ ჰანგებს,
მთელ ქვეყანას რომ ახარებს,
ალბათ არის გულკეთილი,
ბეჯითი და ძალზე ზრდილი,
კი არ ღნავის, როგორც სანდრო,
მაინც ყველა  იმას ართობს.

- შრომას უნდა მიეჩვიო,
-  ეუბნება პაპა სანდროს
და პატარაც  გამალებით,
ნუშის ტოტზე ატამს ამყნობს.

ჩრჩილი

შალის წინდა შეუჭამა 
ბებოს თეთრმა პეპელამ,
სკივრში ფრთხილად ჩაწყობილებს 
მიეპარა ნელ-ნელა,
გამოფინა ბებომ მზეზე 
ნაირფერი წინდები,
- ჩრჩილი სიცხეს ვერ გაუძლებს, 
დააცვდება კბილები

შეროზია გვარი აქვს,
სახელი კი - მინდია,
- ხევსურული სახელი
ვინ დაგარქვა ბიძია,
- დედიკო მყავს ხევსური,
მაღალ მთების შვილია,
ხევსურეთში ატარებს
ზაფხულს ჩვენი მინდია.


ჩოჩორივით ჯიუტია
ჩვენი ნელი ცუგრუმელა,
აბაკუნებს ფეხებს, ამბობს:
წამიყვანეთ სადაც ცხელა,
უდაბნოში უნდა ვნახო
კუზიანი აქლემიო,
ზღვაც ყოფილა იქვე ახლოს,
ჩემი ბებოს  ნაქებიო.


- ჩემია და ჩემია, - გაიძახის მედეა,
ჩასაცმელი ბევრი აქვს, სახლში აღარ ეტევა,
- უწილადე მეგობრებს, რაღად გინდა ამდენი?!
გამოივსო კარადა ქუდებით და კაბებით!
- მედეას კი არ ესმის თითქოს ბებოს ნათქვამი,
თავს იწონებს ქუჩაში ქუდით ძალზე ახალით,
ერთხელ ქარი მოფრინდა, შემოაღო კარები,
სულ ქუჩაში გაფინა ქუდები და კაბები.


ციცოს უყვარს ციცუნია,
ჩვენი ეზოს კატაა,
"ცოცხალი" და "ხეკი" უყვარს,
ჭამოს, მუდამ მზადაა,
მაგრამ ციცო არ ანებებს
ზარმაცსა და უსაქმურს,
თევზი ჭამოს, სანამ თაგვებს
არ გაავლებს ყველას მუსრს.


- ციცრის კვერცხი ვნახე ჭრელი,
- ამბობს ცელქი გოგიტა,
- ასეთები არც მინახავს,
იყიდება როდიდან?
თუ კი კვერცხი ამოართვი
ყველა ფრინველს ბუდიდან,
გაზაფხულის სურნელებას
ფრთებით ვინღა მოგვიტანს?!


ცის კიდეზე მოჩანს მთვარე,
დახუნძლული სხივებით,
ალუბლის ხეს ზედ დაჰნათის,
დაუქარგავს სირმებით,
- მამა, მამა - ნეტავ მთვარე
არ შეგვიჭამს ალუბლებს?
შეანათა თვალში სხივი,
ძილს არ აცლის, აწუხებს.
- არა, შვილო, მზე და მთვარე
მნათობები არიან,
არ ჭამენ და არა სვამენ,
ცის ტატნობზე დადიან,
მათ გარეშე დედამიწა
შავი, ბნელი ბურთია,
დღე მზისაა, ღამე მთვარის,
ბრძენ კაცს ასე უთქვია.

ძროხამ კუდი გაიქნია,
თავში მოხვდა გოგიტას,
ბუზის ნაცვლად მე მომხვდაო,
ბიჭი ჩაწვა ლოგინად,
არ მიირთვა არაჟანი,
არ შეჭამა მაწონი,
კაკაო კი მოენატრა
ფუნთუშით და ხაჭოთი,
გადაწყვიტა, შეურიგდეს
ძროხას, ბებოს მარჩენალს,
ზაფხულობით რომ ჩამოვა,
ვის იმედად დარჩება?


ძალა ერჩის ჩვენს ათუკას,
სურვილი აქვს ერთი დიდი,
ჭიდაობა ძლიერ უყვარს,
ჩემპიონი გახდეს ბიჭი,
მაგრამ მთვარეს ვერ ერევა,
მისი შუქი თავგზას უბნევს,
მის დამნახავს ეძინება,
ტყუილუბრალოდ იქნევს მუშტებს.


წია-წიას რომ იძახით,
ჩემო ოქრო წიწილებო,
საჭმელიც გაქვთ, დაგაპურეთ,
დედის ფრთებქვეშ იძინებთო,
მაინც წუხხართ, მაინც წივით,
მაინც არ ხართ კმაყოფილი,
კვირას სტუმრად კატას ვიწვევ,
გახდეს თქვენი დედობილი.


წუნიაა ჩვენი სოფო,
კერძებსა და საჭმელს ირჩევს,
დღეს არ ჭამა კარტოფილი,
აივნიდან ისვრის ბლითებს,
მეორე დღეს მოითხოვა
- შემიწვიო კარტოფილი!
- კი, დედიკო, ასე იყოს,
შენა მყავდე კმაყოფილი!
- და  უმზადებს დედაც ნუგბარს,
იმას, რასაც გოგო ითხოვს,
ღუმელთან დგას დღე და ღამე,
არ იტიროს სოფომ მიტომ,
მაგრამ ერთ დღეს საოცარი
ამბის გავხდით ყველა მოწმე,
მის ყვირილზე გამოცვივდა,
ყველა ციყვი დასხდა ტოტზე,
დედა ხესთან მიიწვიეს
და მიართვეს წაბლი, თხილი,
უთხრეს, - თუ არ  გიფრთხილდება
შენი სოფო, შენი შვილი,
წამოდი და ჩვენ მოგალხენთ,
გახდი ჩვენი დედობილი!

ჭერმის ტოტი დახუნძლულა,
თავს იწონებს ნაყოფით,
ბავშვებს იწვევს, მომკრიფეთო,
ყველასთვის მაქვს სამყოფი,
იამ, დოდომ, ქეთევანმა
კალათები გაავსეს,
ყველას უნდა დაურიგონ,
ვინც დედიკოს ახარებს.

ჭიებს ჭამენ ჭუჭულები,
ზედ ბალახსაც აყოლებენ,
გუბეში წყალს მიირთმევენ,
არ ჭირდებათ გამყოლები.


ხვავი და ბარაქა ჩამოდის კარდაკარ,
გაივსო ბეღელი, გაივსო ნალია,
მშრომელ კაცს სახეზე ღიმილი ატყვია,
თევზებით სავსეა ვარცლი და ბადია,
ოჯახი ბანაობს თაფლსა და ერბოში,
ვერ დაიწუნებენ სიტკბოთი, გემოთი,
ჩამოდის კარდაკარ ხვავი და ბარაქა,
დარჩება ამბავი ზღაპრად და არაკად.


ხახვსა ჭრის და ტირის დედა,
ცრემლები სდის ღაპაღუპით,
- ნეტავი ვინ გააბრაზა,
მოუმატა თენგომ წუხილს.
დედას ნიშნად თანაგრძნობის
მხარზე ხელი შემოხვია,
- არა ვდარდობ, -უთხრა დედამ,
ხახვის წვენმა ამატირა.


ჯამში მოჩქეფს ყურძნის წვენი,
გახალისდა ირგვლივ ყველა,
შემოდგომის ზეიმია,
სიყვარულით თბება კერა.
ჩურჩხელების რიგში დგანან
დიმო, ნიკა, ქეთი, ლელა,
ბებო ყველას დაურიგებს,
გამრჯე ბავშვებს ელით ლხენა.


ჯუანშერმა ჯუნას უთხრა:
- არ გცოდნია სალამი,
გამარჯობას - სიტყვას ღვთისას,
ნურავის დაამადლი.

ჰავა არის საუცხოო
კოჯორში და მანგლისში,
თუ ხველება შეგაწუხებს,
ესტუმრები მაისში,
თუ კი გიტევს ალერგია,
კანზე გამონაყარი,
სურამია, -  ამბობს ბებო,
- მაშინ შენი წამალი,
- გული, თუ კი გული გეწვის,
აღარა გაქვს ძალ-ღონე,
ქობულეთში გაემგზავრე,
ზღვის ხმაურს გაიგონებ.
- თვითონ ბებოს ახტალა აქვს
ამ წელს გამოწერილი,
რომ მოურჩეს ფეხ-სახსარი,
მისი სუსტი წერტილი.

.
ჰოროსკოპით ვერძი ვარო,
გაიძახის ათუკა,
ამიტომაც ცხვრების ფარას
ბიჭი უვლის სათუთად,
წინ მიუძღვის ტყეში, კლდეში,
არ დაუცდეს ბატკანს ფეხი,
ვინც ბეკეკას აწყენინებს,
დაატყდება თავზე მეხი.





















გამონათქვამები

  ზოგჯერ წუთიც საკმაოა, კაცი შეიცნო, ზოგჯერ წლებია საჭირო ამისთვის, სულაც ხდება ისე რომ, ადამიანის ნამდვილ სახეს ვერასოდეს დაინახავ, ის მთელი სამყაროა, კოსმოსია, შეუსწავლელი, უსაზღვრო და უნაპირო, როგორც გალაკტიონი!

Sunday, July 22, 2018

ვითომ სახუმარო

მტყუან-მართალი აირია,
ჩემი საქართველო დაილია,
მალე ზურგჩანთაში ჩაეტევა,
რომ სულ თან ვატაროთ ქართველებმა.

მახსოვს, ერთხელ ბებომ მთხოვა...

მახსოვს, ერთხელ ბებომ მთხოვა,
კეცზე მჭადის გამოცხობა,
თითქოს ვიყავ ბრმა და ბეცი,
ღადარში ვერ ჩავდე კეცი,
ამეხილა ახლა თვალი,
არც კეცია, არც ღადარი!

გზისა პირზე ჰყვავის ვარდი

გზისა პირზე ჰყვავის ვარდი,
სულ სხვა ზნის და სულ სხვა ყანდის,
პირით დიდად მშვენიერი,
ემადლება ზეციერი,
მაგრამ მალე დაიფარა
მტვერით, ჭუჭყმა გააშავა,
ხან შეესხა გზიდან ლაფი,
გული ეწვის ნაზს და ფაქიზს.
ისე გაქრა გზისპირს ვარდი,
არვის ჰქონდა მისი დარდი,
ვეღარ ჰპოვა კაცის თვალმა,
ბოროტისგან გაითვალა!

ვერ გაპატიებ!

ვერ გაპატიებ, რომ არ გიყვარდი,
წლებმა წაიღო ჩემი სილაღე,
დავმგვანებივარ დამწვარ ყაყაჩოს,
სიცხით გაწოლილს დამზრალ მიწაზე.
ვერ გაპატიებ, რომ არ გიყვარდი,
რაც არა მწამდა, შენთვის ვიწამე,
შენით ვცოცხლობდი, შენით ვზეობდი,
შენ დამაბრუნე ცოდვილ მიწაზე.

Saturday, July 21, 2018

ჩამტყდარა ხიდი

ჩამტყდარა ხიდი,
ზედ დარჩა ფიქრი,
რამდენი სიტყვა
იქ თქმულა ფლიდი,
რამდენიც კიდევ
სიმწრის და ოხვრის
ხრიალებს ახლაც
ყელში და ხორხში.
იქ დადებული
გამტყდარა ფიცი,
ვერაფერს უზამ
გაწყვეტილ სინდისს,
დუმილს მოუცავს
ჩამტყდარი ხიდი,
დარჩება მასზე
პატარა მითი





ჰერმან ჰესე, "მოხილვა დილის ქვეყნისა", ციტატა

"დედების ამბავიც ხომ ასეა, შვილს რომ შობენ და ეს შვილები რძესთან ერთად მთელ სილამაზეს და ძალას გამოსწოვენ, მერე აღარც არავინ კითხულობს დედების ამბავს."

ღამე

ფანჯრიდან მიმზერს შავი აჩრდილი,
მგონი ღამეა ფაფარაყრილი,
შემოაბიჯა ოთახში ნელა
და ჩემს გარშემო ვერაფერს ვხედავ...
დუმს და წიკწიკს წყვეტს კედლის საათიც,
ნაბიჯს დგამს ჩუმად, უხმოდ, ტაატით
თვით ქაჯთა მცველი, როშაქი დადის,
რომ წარიტაცოს ნათელი მთვარის.



Friday, July 20, 2018

თუმცა მქონდა დიდი გული

თუმცა მქონდა დიდი გული,
ვიყავ გრძნობით გათანგული,
ნაღველი ვსვი დიდი ტოლჩით,
კი მეგონა თავი ყოჩი,
არც მოვკვდი და აღარც დავრჩი,
ეს ცხოვრებაც დარდებს მაჩრის,
აღარ დამრჩა სულმთლად გული,
მოკვდა გრძნობით გათანგული.

სათხოვარი ერთი მაქვს!

სათხოვარი ერთი მაქვს, მე, პატარა მწყერჩიტას,
ჩემს მამულში მამყოფეთ, მზეც არ მინდა სხვებისა,
მთაში ნისლი გამაძღობს, ბარში - გული კენკრისა,
დაბრუნება მიწაზე რითღა ვეღარ მეღირსა?!

დანის პირზე ავლესე...

დანის პირზე ავლესე ფიქრები და გრძნობები,
სიტყვა გავაალმასე, ცოდვებს ვსდიე თოკებით,
მაინც ვეღარ ავზიდე მხრებით დიდი ლოდები,
ალბათ, წლებმა მიმუხთლა, მთიდან ზალპით ვგორდები.

Thursday, July 19, 2018

მეგონა, შლეიფს ჩამოსწყდა ბოლო!

მეგონა, შლეიფს ჩამოსწყდა ბოლო,
ცხოვრება მქონდა მე უთავბოლო,
ცხენზე შემომჯდარს მაფრენდა ქარი,
გზას მინათებდა სხივები მთვარის,
ბნელს წარეტაცა შლეიფის ბოლო,
ახლაღა ვპოვე, ბოლოს და ბოლოს.

იყო გრიგალი...

იყო გრიგალი, ნათება, შფოთი,
ეხეთქებოდა ფანჯარას ტოტი,
აღარ ელოდა არსაით შველას,
ფანჯრის კარები გაიღო ნელა...

Tuesday, July 17, 2018

ტიროდა ჩიტი ნიბლია

- ველოდი ციხე-დარბაზებს,
ღმერთმა ქოხიც არ მაღირსა,
- ტიროდა ჩიტი ნიბლია,
შეჰხიზნებოდა შავეთსა,
- დაკარგულ დედულ-მამულში
საფლავიც აღარ მამცესა.

Sunday, July 15, 2018

ღმერთო, ზღაპარს ნუ წამართმევ!

ღმერთო, ზღაპარს ნუ წამართმევ,
ოცნებებში მაცხოვრე,
ძლევამოსილ შაჰინ-შაჰზე
გლეხის გოგო გათხოვდეს,
მგელს და ტურას თხა უყვარდეთ,
დათვის ბელს კი - ბაჭია,
არა სძულდეთ ერთმანეთი
ქიტესას და ვაჟიას,
ქვეყნად მშიერს არ ტოვებდნენ,
სულებს ჰყავდეს მკურნალი,
ღმერთო, ყველა ამიხდინე,
ვიყო თავის უფალი.

Saturday, July 14, 2018

გამოჩნდა იგი სინათლე და...

ხორბლისფერ ყანას დასწოლია მდუმარე ბინდი,
გამოჩნდა იგი სინათლე და მიმორბის ხიდი,
მთვარის სხივებმა და ფოთლების შრიალმა ერთად
ირგვლივ სუყველა ააცეკვა, მე და შენ მეტად.

მაპატიე, ქრისტე ღმერთო!

მაპატიე, ქრისტე ღმერთო,
სიცილი და ღიმილი,
განა ტყუილად მოვევლინეთ
ამ ქვეყანას ტირილით,
არრა არის გასახარი.
ეშმა გვიწყობს გამოცდას,
დაგვდგომია თავზე ჩრდილი,
მზე ღრუბელს ვერ გამოსცდა.

Wednesday, July 11, 2018

ფულზე არის დაგეშილი დღეს ადამის სამყარო

ფულზე არის დაგეშილი დღეს ადამის  სამყარო,
წაუყვია მავანს დინგი, დოლარებში ბანაობს,
ზოგმა ცამდე რომ აზიდოს სამშობლოსთვის ხარაჩო,
საჭმლისთვისაც არ აქვს ფული და ნერვები ღალატობს.
ალბათ, აღარც გეღირსება სამუშაო ადგილი,
თუ კი ორმოცს გადასცილდი, მიწისქვეშ გაქვს ადგილი.
უნიჭოებს ადევთ თავზე "პატივიც" და გვირგვინიც,
ფიროსმანს და გალაქტიონს აიღებდნენ ქილიკით.
ყირამალა თუ ტრიალებს დღეს ეს ლურჯი  სამყარო,
დამყაყებულ მინდორ-ველზე ვაზი როგორ ვახაროთ?!



მასკარადი, ავტორი: ოთარ მამფორია

მასკარადი, მასკარადი, მასკარადის ნიღბები,
უმდიდრესი ღარიბები და ღარიბი მდიდრები.
უტალანტო ჭკვიანები  და ტალანტი გიჟები,
ეჭვიანი საეჭვონი და საეჭვო იჭვები.
უვნებელი ვეშაპები, მავნებელი თევზები,
ნასესხები ვალები და უსესხები სესხები.
უთვალყურო დამცველები, სათვალყურო მცველები,
ცოდვიანი თვითმკვლელები, უცოდველი მკვლელები.
უვარდებო სურნელება, უსურნელო ვარდები,
აწყობილი ცხოვრება და ჩაწყობილი კარტები.
მასკარადი, მასკარადი, მასკარადის ნიღბები,
ღმერთო ჩემო, დამიხსენი და სულ შენთან ვიქნები.

Sunday, July 8, 2018

ნუ გაუზომავთ თვალის სიღრმეს სევდიან პოეტს!

ნუ გაუზომავთ თვალის სიღრმეს სევდიან პოეტს,
შიგნით ტრიალებს ვარამის და დარდის მორევი,
ნუ გაუზომავთ მზერის სიგრძეს სევდიან პოეტს,
უსასრულობის ბილიკზე მდგარს ზეცა მოელის.


მზე

დილას ჩამოსძვრა სარძევე კბილი,
დაქალდა, გვესმის მღერა მაყრული,
დარჩა ქვეყანა მზეთა-მზის მზირად,
გვწვავს და გვამონებს ვნება ასულის.


დღევ!

ქარგავს და ქარგავს მზე სხივებით მშვენიერ დილას,
ლალისფერ მძივად დაკიდულა ალუბლის ტოტი,
დღევ, დაუღამე ბედნიერად კაცსა და ჭიას,
ბუნების შვილნი გაგვალაღე ერთურთის ტრფობით.

Friday, July 6, 2018

ახლოდან მესმის კივილი მიწის

ძარღვში ტკივილი შორიდან მივლის,
ახლოდან მესმის ყივილი მიწის,
კეთილი ვეღარ ღივის მარცვალი,
ვეღარ გვაკვირვებს ყანა ხასხასით.
ერთურთის გვესმის ქება-დიდება,
ვერ გავუმკლავდით ვერცერთ დილემას,
თუკი ამდენი კაცია კარგი,
რად გასძრობია ქვეყანას ტყავი?



არამზადას სიმღერა

სამწუხაროა ესევითარი,
თუ ფული არ გაქვს,
ვეღარც გიცანი!
სამწუხაროა ესევითარი,
უნდა მოირგო პიკაპ-ნისანი,
თუ ასე არ ხარ, ვეღარ გიცანი!
ან უნდა გეცვას ოქროს მანტია,
სუყველა ხარბი რომ დაატია,
თუ კი შემოგრჩა ჩემთვის ადგილი,
მაშინ გიმღერებ ნანას ხმატკბილით,
თუ ასე არ ხარ, ნუღარ იცინი,
რადგან მე ისევ ვეღარ გიცანი!
ან ცოლი თუ კი არა ხარ ვისმეს,
რომელიც დუმს და სუყველას უსმენს,
ან შვილი არ ხარ მამიკოს დიდის,
მაშინ ფეხებზე მკიდიხარ, იცი?
მინდა, მოვირგო ცხოვრება რთული,
აღარ დამწყდება სული და გული,
აღარც სამშობლოს ვდარდობ და ვტირი,
მისია - გავძღე ყოფილა დიდი.

ჩამომეცალე, უძლურებავ!

როგორც შევატყვე, უძლურებამ შემახო ბრჭყალი,
ვერ გადვურჩები, თუ არ ვიხსენ ეს თავი ღალით,
უნდა ვუკმიო გუნდრუკი და ვუნთო სანთელი,
ჩამომეცალოს, ამოსუნთქვის მომცეს საშველი.
ცუდო სიბერევ, არ მინდა რომ ვიყო მორჩილი,
გული კლავ მიძგერს ახალგაზრდის, ვხარობ ნორჩივით,
ჩამომეცალე, უძლურებავ, ხანდახან მაინც,
ისევ ვიფრინო, ჩავისუნთქო სურნელი ვარდის.


Wednesday, July 4, 2018

წასულ მამას!

დარეკავს ზარი, იმ ქვეყნიდან დარეკავს ზარი
და სალამს ვეტყვით ჩვენ ერთმანეთს, ძლიერნი თითქოს,
ხმა მაინც გაგვცემს, დაეტყობა პატარა ბზარი,
აზრს და გულისყურს შევაერთებთ, სულები ითხოვს.

Monday, July 2, 2018

და აღარ ვიცი, რაღა ვთქვა მეტი!

და აღარ ვიცი, რაღა ვთქვა მეტი,
ქვეყანამ, ვხედავ,  იცვალა გვერდი,
მოუსვენრობამ შეიპყრო იგი,
პატრონს ვერ ხედავს, ჩამტყდარა ხიდი.
დაკიდებიან აქეთ და იქით,
ოქროს საწმისი გამხდარა მითი,
თითების შვერით სუყველა ვიცდით,
წყალმა წაიღო ხალხიც და ხიდიც.


Sunday, July 1, 2018

არავის მწამდა

არავის მწამდა და მაწვიმდა ნაღველი თვალთა,
ამოუშრობი ცრემლით იყო ავსილი კალთა,
სული წინაპრის, ვხედავ ახლა, ვერაფრით ცხონდა,
მასაც ჩემსავით, ალბათ, გული დაჭრილი ჰქონდა.
თან წაიღო და შვილთა მისთა ცოდვები ახრჩობს,
ნუთუ შემცდრა ღვთიშობელი, მიწა რომ გვანდო,
არავის მწამდა და მაწვიმდა ნაღველი თვალთა,
დავიწყებიათ, თვით იესო კაცთ ფეხებს ბანდა.