Thursday, September 27, 2012

ვუძღვნი ციხეში დაღუპულ პატიმრებს!



დედის ღიმილი ტირილად იქცა,
ცრემლი ჩამოსდის ღვთისშობლის ხატებს,
მწველი ტკივილით, სისხლით, გოდებით,
ტანჯვა-წამებით თენდება ღამე,
დაფლეთილ ხორცზე მარილის გემო,
ყელში ბურთივით გაჩრილი კვნესა,
- ამოსუნთქვაა მთელი ცხოვრება,
ჩვენ ამოსუნთქვის  არ მოგვცეს ნება,
- დაფლეთილ ხორცზე ლითონის გემო,
და სუნი სისხლის, მძაფრი და მძაღე,
- ჩვენ არც სიცოცხლის არ მოგვცეს ნება,
სულები ჩვენი ზეცაში ვნახეთ.

Tuesday, September 18, 2012

ჩვენი ეპოქა (ვუძღვნი ემი ვაინჰაუსს)


ჩვენი ეპოქა -  ცრემლთა დინების,
ბიოტიკების, ნარკოტიკების,
უბედობის და ბედნიერების,
თვალთმაქცობის და კადნიერების,
სიხარულის და გამარჯვებების,
მწუხარების და დამარცხებების,
უსახელთა წარმატებების,
სახელოვანთა არგახსენების,
გენების სრული არევდარევის,
ფარმაციების დიდი არენის,
მტრის და მოყვასის სისხლთა აღრევის,
ბრძოლის, ომების, კოსმოსში ფრენის,
რწმენის, იმედის და აღმაფრენის...

ცხოვრება

მიხვეული, მოხვეული,
ძაფის გორგლად დახვეული,
ახვეული,ჩახვეული,
ცოდვა-მადლში გახვეული,
ზოგჯერ მიწყვეტ-მოწყვეტილი,
ზოგან ასჯერ ჩაგლეჯილი,
ხან მწარე და ხანაც ტკბილი,
ეს ცხოვრება, დალოცვილი...

   








ციურმა ცვარმა განმბანოს თვალი

შემომაფერთხა ქარბუქმა მტვერი,
თვალები ცოდვის ცრემლით ამევსო,
გრიგალის თამაშს ავყვები ისევ,
იქნებ შორეთში ფრენით გავერთო,
იქნებ ცის კიდეს მივწვდე ხელებით,
იქნებ დავხედო ზემოდან მიწას,
იქნებ სულშიაც ჩამხედოს მთვარემ, -
ჩემს ოცნებებში  დაიდოს ბინა...
იქნებ სამშობლოს ფერებს შევეხო,
ზღაპრულ ხალიჩას მოვავლო თვალი,
იქნებ მუშტივით ვნახო შეკრული
ერი და ბერი, ქალი და კაცი.
იქნებ თამაშმა იქ გამიტაცოს,
სადაც არ არის ზაკვა და ზარი,
 იქნებ გრიგალის ტალღებს აყოლილს
მესმას სიმღერა სირინოზთ ქნარის,
იქნებ გაიღოს სამოთხის კარი,
ციურმა ცვარმა განმბანოს თვალი...

Sunday, September 9, 2012

ჩემმა ბავშვობამ გამიღოს კარი

დრომ მიითვალა ყველა ოცნება,
ვარდის ფურცლებმა დაკარგეს ფერი,
წიგნებში დარჩა მოგონებები,
ეკლიან ყვავილს დაედო მტვერი...
ათას წლის მერე ვეწვევი მიწას,
იქ დავსახლდები,როგორც ფერია,
გამახსენდება ჩემი ბავშვობა,
მასზე ტკბილი ხომ არაფერია...
მიყვარს ნატვრა და მიყვარს სიცოცხლე,
როცა ოცნების გხურავს ნისლები...
ყველა ფიქრი და ყველა სურვილი
ჟამმა წაიღო,როგორც ტიტრები.
მინდა დავბრუნდე ჩემს ბავშვობაში,
თავზე მეყაროს თეთრი ფიფქები,
ცაზე ვარსკვლავებს კოცნიდეს მთვარე,
დღემ მზის სხივებით მოქარგოს ქნარი,
ღამემ ჩამოკრას ჩანგის სიმები,
ციური ცვარით ამევსოს თვალი,
ჩემმა ბავშვობამ გამიღოს კარი...