Monday, December 31, 2018

სამყურამ ყური ჩამოყარა

სამყურამ ყური ჩამოყარა, როცა გადავრგე,
მინდვრიდან მოსულს გაუჭირდა ოთახში ყოფნა,
აგისრულებო, მპიდებოდა, სურვილს ათასფერს,
ოთხყურა იყო მათში ერთი, გაჭირდა პოვნა.
ახლა კი ვხედავ, ის სურვილიც დაპატარავდა
იმ ზომისაა, როცა ვიყავ სულ მთლად პატარა,
ბედმა იმდენი და უაზრო გზებზე მატარა,
დავრჩი მიმქრალი სურვილის და ფოთლის ამარა.



გზაზე ერთხელ სიკვდილს შევხვდი

გზაზე ერთხელ სიკვდილს შევხვდი,
უსაშველოდ დაღლილს, ბებერს,
- ჩემი საქმე, განა, მომწონს?
ცოდვებისთვის განმაწესეს
ამ ადგილას, თუმცა ბევრი
ნატრობს ახლა საქმეს  ასეთს,
რა დრო დადგა? - გაიცინა,
ვერ პოულობს კაცი საშველს!
მივაცილებ ზოგს ედემთან.
ჯოჯოხეთის ელით კარი
მათ, ვინც ჰყიდა ქართლის მიწა,
არ დაზოგა თვისიანი.
- შუბლზე ხელი შემოიდო
მარტოხელამ, ჩონჩხადქცეულს
ტკბილეული ჰყვარებია,
მივაწოდებ კანფეტს რჩეულს.
ვუმასპინძლე ურჩ ბერიკაცს,
რომ ასრულებს თავის სიტყვას,
კეთილს ისიც ფორას აძლევს,
ბოროტს, თავხედს არც ის იცავს.


Saturday, December 29, 2018

აღარ აკლდება თერმომეტრს ხაზი

მეცხელა ჩემი ტანჯული მიწა,
აღარ აკლდება თერმომეტრს ხაზი,
ჭირის ოფლს იწმენდს და რამდენს იტანს,
გული გაჩერდეს, სჭირდება წამი.
ნაიარევი, შუბლგახეთქილი,
წევს და სიმწრისგან ტკივილით ოხრავს,
სისხლი მოწურა ვინ არ ოხერმა,
ფეთქავდა მაჯა, ყვაოდა მიწა.
დღეს კი ცრემლი სდის ნაგვემს ათასგზის,
სნეულ სხეულში ფართხალებს გული,
ან აცოცხლეთ და ხსნის გზა მიეცით,
ან მიაბარეთ ღმერთს მისი სული.




მე ხელთათმანი გესროლე, ბედო!

მე ხელთათმანი გესროლე, ბედო,
დუელში გიწვევ დიდი ხანია,
არც მტრობას მიშლი და არც მოყვრობას,
ტკბები წამებით და გიხარია.

ქარებში გიჟურ სიყვარულის გაივლის ჟამი

ქარებში გიჟურ სიყვარულის გაივლის ჟამი,
ნაფიქრი რჩება საგულეში, იხსენებ როცა,
დაფრენდი მაღლა, ეხებოდი მთების მწვერვალებს,
ახლა ოცნების ძველ ტანსაცმელს აკერებ ფოლაქს.

ლამპიონები ანათებენ სხვა ქუჩებს, ვიცი

ლამპიონები ანათებენ სხვა ქუჩებს, ვიცი,
მაგრამ არ მოდის მკრთალი შუქიც ჩემთან იმედად,
ნათელი, ალბათ, ჩამოსული ზეციდან სხივი,
სხვისია, ჩემთვის ჯოჯოხეთის ალი ინთება.

სულშიც ღამდება

სისხლის წვეთები იწრიტება ბნელ ხორშაკ ქარში,
გამოუცნობი ტკივილები ბედად დამყვება,
ნუთუ, უდაბნოს ვერ დავსერავ, თუნდ, მჭრელი დანით,
ქვიშით მევსება თვალები და სულშიც ღამდება...


Friday, December 28, 2018

ბებოს ნაჩუქარი კაბა

ბებოს ნაჩუქარი კაბა
გადავიცვი იმ საღამოს,
ბამბაზიის იყო, ლურჯი,
გულს მითბობდა, კარგად მახსოვს.
მინდორში კი - მზით გაცვითე,
- მომაძახეს ყვავილებმა,
- წაგვიყვანე - მთხოვეს,- სახლში,
სანამ სულ მთლად აცივდება.
- წამოვკრიფე ყველა ერთად,
ჩემს ლურჯ კაბას შემოვასხი,
ჭრელაჭრულა თავსაფარიც
დავიმშვენე ბებოსავით,
მძივებივით ჩაიმარცვლა
დრონი მზით თუ ავი დღითა
და ის კაბა ყვავილებით
დღესაც მათბობს განჯინიდან.


Wednesday, December 26, 2018

სახუმარო

ხეზე აძვრა, ბალი მწიფობს,
მაგრამ თვალს ვერ აშორებს
ცას, ლურჯსა და მოკამკამეს,
ზღვას და პლიაჟს რომ აგონებს,
დაავიწყდა ბალის კრეფაც, კაკანებენ ქათმები,
"რეზო ბიჭო, ხეს უყურე, თორემ ჩამოვარდები!"
მაგრამ ტყვეა ბიჭის თვალი
უსაზღვრებო ოცნების,
თავდაყირა წამოვიდა, დაამტვრია ტოტები,
ძირს დაეცა და კვლავ ფიქრობს
ზღვაზე, პლიაჟზე, გემებზე,
მაინც ჭკუა ვერ ისწავლა,
ზეცამ დასცა ბეჭებზე.

დარჩება მხოლოდ...

სიმწუხარეში ლურჯ ცხენების ჭენებჭენებით,
ჩვენს საფლავებში მარტოდმარტო ჩავესვენებით,
არც სითამამე, არც ნაღველი და არც რომ ძრწოლა,
დარჩება მხოლოდ ყვავილების ჭკნობა და ჟრჟოლა.

ეს ჯოჯოხეთის ბჭენი განიხვნენ!

თითის ფალანგებს დამითვლის ღამე,
თან ცბიერებით ჩამცქერის თვალში,
- ხომ გაგაცურე, ადამის მოდგმავ!
- იხრება ჩემკენ ქოჩორა თავით.
მოუგავს თმები აჩეჩილ ნისლებს,
ბნელიდან მიცქერს ორივე თვალით,
ტუჩები წითელ მაგონებს ციყვებს,
ცქმუტავს, ირხევა ორივე რკალი.
ზიმზიმებს, ოხრავს და იკლაკნება
ცა, ვარსკვლავიანს ჩამოჰგავს ბორბალს
და მის შუაში, თეთრი დისკივით,
ბრჭყვიალ-ტრიალებს ხაპერა-გოგრა.
ნუთუ, ჯოჯოთა კარნავალზე ვარ,
ცეკვავენ ირგვლივ მორთული ხენი,
ოჩოპინტრეა, თუ მელანდება?
კაცის სახე აქვს და ტანი ცხენის!
- ხომ გაგაცურე, ჩემო სტუმარო,
- ქირქილით ამბობს შავტუხა ღამე,
- შენ კი, ელოდი კონკიას ქორწილს,
მიპატიჟებას, ლურჯ ზღვასთან ალერსს.
ირგვლივ დაფრენენ ავი სულები,
შენ რომ გეგონა ნაზი ბუბული,
მისი სტვენის და გალობის ნაცვლად
გესმის ყრანტალი, ნელი გუგუნი:
ეს ჯოჯოხეთის ბჭენი განიხვნენ,
ხედავ, გამორბის ყველა სულდგმული,
ცოტაც და ქვეყნის დარჩება მტვერი,
გადაკეტავენ მიწას ურდულით!









ტალღათა ლურჯი აბობოქრება

ტალღათა ლურჯი აბობოქრება
და მათთან ომი წარსულის დღეთა,
ზღვარგადასული  ტანჯვა და ვნება
ჩვენივე ნებით ქცეულა მტვერად,
ალმოდებული ცის სილაჟვარდე
მიინავლა და თანდათან ქრება,
წყვდიადმა ღამემ დაგვიგო მახე,
გადაქცეულებს ლანდების ღმერთად.



Tuesday, December 25, 2018

სიმარტოვეში, სილურჯეში...

მე სიმარტოვის სილურჯეში ვიღვიძებ ტბაში,
დასაყრდენს ვეძებ ხმელზე მყოფი თევზის ფართხალით
და რომ მგონია, მოვეჭიდე ტირიფებს ფესვზე,
ვხვდები, რომ ხელში კუდი შემრჩა ქვეწარმავალის.



Monday, December 24, 2018

შენ, ჩემო სიკვდილო!

ოთახში შემოსულს სურები მესავსა,
იები, ვარდები, სოსნები სველია,
შენ, ჩემო სიკვდილო, გზა-კვალს ნუ მინავსავ,
ყვავილებს ჩემს გულზე ჯერ კიდევ ფერი აქვთ.

წერილი პატრონს

დაბმული ძაღლის კვალობაზე მე არა მიჭირს,
ღამ-ღამ ვიღვიძებ და ტკივილით სიმწრისგან ვტირი,
თითქოს ტანით ვგრძნობ, უნდა გვეცეს რაღაცა ჭირი,
"ძაღლიაო" და ამიხვია სუყველამ პირი.

Friday, December 21, 2018

ფერი უკვე გასცვეთია კაბადონს

ფერი უკვე გასცვეეთია კაბადონს
და სიცოცხლე ზეცასავით მრუმეა,
ვაცქერდები შავ ღრუბელთა მარათონს,
სიზმარებივით რომ მიბრუნებს ბუმერანგს.
დაღამდება, გულში ბნელი შემოდის,
გათენდება, მზე სხივს მაწვდის პაწიას,
ოქროსფერი ღრუბელივით მიცოცავს,
ის იმედი, ცამ ფრთებით რომ ასწია.

ტანში რადა მცრის ტკივილი

ტანში რადა მცრის ტკივილი,
მხრებზე რად მადევს ხუნდები?
ლოგინიდანაც ადგომას
ამდენ ხანს რატომ ვუნდები?
ნუთუ სიბერე მეწვია,
ან სენმა ხელი დამრია,
თუ იმედების გაქრობამ,
მეც პესიმისტად მაქცია?
ტანში იზრდება ტკივილი,
ყველა ნაბიჯზე მარცხია,
ქვეყნის ჭამით და დაქცევით
რომელ ერს გაუმარჯვია?!





Thursday, December 20, 2018

ძველი ჩანაწერებიდან, არა თავხედნი, არა შლეგნი...

ნაქანდაკარი სახეები
ნაქანდაკარი ყვავილებივით მე არ მიზიდავს,
ცოცხალი მიყვარს ყველაფერი: ვარდიც, ეკლებიც,
კაცები, ტორეადორები, ცეცხლივით მხნენი,
თანაც მორცხვები, შროშანივით წმინდა ფიქრებით,
არა თავხედნი, არა შლეგნი, არა ბილწები,
რომ ღლიან ქალებს და ერევათ თავში რიცხვები,
მათზე უაზროდ შეყვარებული ქალიშვილების.

აწმყო წარსულს ექიშპება

აწმყო წარსულს ექიშპება,
შენ "ვახ-ი" ხარ, მე კი - "ვახ-ო",
"ვახვახია" ეს ცხოვრება,
საოხი რამ ვერა ვნახოთ.
წინ მიდიხარ, ისევ გტკივა,
უკან, რჩები, გული ბალღობს,
სულ რომ ვეღარ მოისვენო,
ფურცლავ ფუჭად მეჩხერ ტაროს.
ამ ცხოვრებას რა ვუთხარი,
ზოგს დაუდის ბედი ახლოს,
არ ამადლის დღიურ ლუკმას,
აძლევს კარს და სამოსახლოს,
ზოგს - ნიადაგ მშიერსა  კლავს,
არ უღიმის და არ სწყალობს,
ძაღლის ბედი ენატრება,
ვით ხარირემს გრილი ახო.




Wednesday, December 19, 2018

თორემ სათქმელიც ბევრი დამრჩა

მე რომ მინდოდა, ის სათქმელი ვერასდროს ვერ ვთქვი,
ხეზე ალერსში შეუღამდათ პატარა ჩიტებს,
გულგათანგული ცას მიჰყვება მთვარის აჩრდილი
და  ტბაში უცქერს მომღერალ გედს, თეთრსა თუ რძისფერს.
მე რომ მინდოდა, ის სათქმელი, ვერასდროს ვერ ვთქვი
და სილამაზემ ვარსკვლავების მე გამაოცა,
შემოუღამდათ სამხრეთისკენ გაფრენილ ჩიტებს
და მათთვის ალბათ ესეც იყო დიდი გამოცდა.
მე რომ მინდოდა, ის სათქმელი, ვერასდროს ვერ ვთქვი,
ისევ მივყვები სანაპიროს, იისფერ ნისლებს,
დროც აღარა მაქვს, იმ ნაპირზე უკან დავბრუნდე,
სათქმელი ვუთხრა მოლოდინით გათანგულ  ჩიტებს.



მაინც ვერ მოგინადირე

ბნელი ვანთე და ვათენე,
დალალ დაგიწყვე ბალიშზე,
გკოცნიდი, ცვილებრ გადნობდი,
კიდევაც მოგიხალისე.
ვერ ვცან ქვეყანა სატირე,
ღამე ჩაიწვა ალერსში,
მაინც ვერ მოგინადირე,
ვერ გაგახვიე ბადეში.


Tuesday, December 18, 2018

მომბეზრდა დევნა მაცდური ბედის

მომბეზრდა დევნა მაცდური ბედის,
ვის ქურქს აზომებს, ვის შიშველს ტოვებს,
გავიზიარო ბოლოთა ხვედრი,
არ მაქვს სურვილი, დავტოვო დროზე
წუთისოფელი, მომინდა ძლიერ,
ავუტალახე სიკვდილსაც კარი,
მაგრამ სიცოცხლე ძარღვებში მოჩქეფს,
მომძახის, მიწის კიდევ გაქვს ვალი.


Sunday, December 16, 2018

მე შენ მიყვარხარ!

მე შენ მიყვარხარ, თუმცა უკვე არ მაძლევ სალამს,
შენს ლურჯ თვალებში ვერ ვკითხულობ ფრთათეთრ სონეტებს,
წარსულზე სევდამ დაულია ძველ სიტყვებს ძალა,
გულნატკენი და არეული ვერას  ვიგონებ...
შეჰყრიხარ სიკვდილს, არ ვიცოდი, რა ფერი ჰქონდა,
ანდა სურნელით რატომ ჰგავდა წითელ პიონებს,
იისფერ ნისლში გახვეულხარ უსიტყვო მოთქმად,
ჩემი ოცნების გაუშლელი ვარდი გიწოდე...

ვარდიც ყვავილობს

მე ეს ცხოვრება ძლიერ მაწვალებს,
ფეხსაცმელს სხვისას განგებ მაზომებს
და მივუყვები უცხო გაზონებს,
ვერ ვცნობ მეგობრებს, - ყოფილ ამფსონებს.
ვარდიც ყვავილობს უჯიშო, მდარედ
მიედინება შავი მდინარე,
ჭუჭყით და შლამით მუდმივად სავსეს,
ლექსში შემორჩა ძველი სინაზე.
მე ეს ცხოვრება ისე მაწვალებს,
გამომჩხერია ყელში სიბრაზე,
კვლავ გავუყვები უცხო გაზონებს,
აყვავილდება ვარდი ქვიშაზე.


Friday, December 14, 2018

მე დარდებს ვჩემობ

მე დარდებს ვჩემობ,
მთვარე ისვრის ალმასის სხივებს,
ჩვენ ერთმანეთის გვესმის უსიტყვოდ,
ამ დროს კუპრივით უკუნ მიწაზე
ვიღაცა ჩვენზე მწარედ ქილიკობს.

Thursday, December 13, 2018

გარდაცვლილ პატარებს!

როს ანგელოზმა გაშალა ფრთები
და ავბედითი დაემხო ყოფა,
საგალობელი წვიმდა დიდების,
ღმერთთან ისურვა პატარამ ყოფნა.

Wednesday, December 12, 2018

ქალების სამფლობელო (ნოველა)

   გზაზე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ, მე და ჩემი ბიძაშვილები. ერთს ზეინაბი ჰქვია, მეორეს - მაყვალა. დიდი ხნის ჩხუბის მერე გადაწყვიტეს, ორივემ ჩამკიდოს ხელი, ისე მატარონ,  ასე გამინაწილეს. ხანდახან გზისპირზე გადაბარდნილ მაყვლის ბუჩქებს გადასწვდებიან, თან ცდილობენ ხელი არ გამიშვან, იქით-აქეთ მექაჩებიან, მაგრამ რომელიღაცამ აუცილებლად უნდა დამთმოს, ისე ხილს ვერ მოკრეფენ, გულდაწყვეტით მომაშორებენ ხოლმე ხელს ხან ერთი, ხან - მეორე, მუჭებს აივსებენ და ისევ ჩემთან მორბიან, მაყვალს პირში მატენიან, - ხომ გემრიელიაო, - მეკითხებიან და თან თვალებში მიყურებენ, უნდათ კმაყოფილი დავრჩე, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტ მაყვალს მაჭმევს, თვითონ ერთსაც არ გასინჯავენ. მეც შოშიასავით ვაღებ პირს და ვატკბარუნებ გემრიელ ნაყოფს. ისიც მომწონს, რომ ჩემი გულისთვის ასეთი დაკა-დაკა აქვთ, კმაყოფილი მივდივარ გზაზე, იქაური მზეც მომწონს, თავზე კი მახურებს, მაგრამ არ ვიმჩნევ, გოგონებს ჩემთვის ქუდის დახურება დაავიწყდათ, დედამ კი დაავალა, აუცილებლად შენიშვნას მიიღებენ! შუადღის მზე თავს მატკივებს ხოლმე, ცხვირიდან სისხლს მადენს, ერთხელ მახსოვს, სისხლისდენას ვერაფრით მიჩერებდნენ, ბევრი სისხლი ვღვარე, ლამისაა ვარცლი გაივსო. ამიტომ უქუდოდ არასოდეს გავყავარ სახლიდან. ნელა-ნელა მივუყვებით სოფლის შარას, გზა თანდათან ვიწროვდება, კლდის ბილიკებს დავადექით, ზევით-ზევით მივდივართ. აქა-იქ ფერდობებზე შეფენილი საქონელი მოჩანს. ზოგს შავი ზურგი აქვს, ზოგსაც - თეთრი, ზოგს - მოწითალო, ადამიანის თმის ფერივითაა. გაღმა ფერდობზე თხები დაკუნკულებენ, კარგად ჩანან, რადგან ფერდობი შიშველია, მხოლოდ მწვანე ბალახითა და ყვავილებით არის დაფარული. ჩვენი თხაც იქაა, თავისი ციკნებით. იმათ ვცნობ, იმიტომ რომ შუბლზე უზარმაზარი შავი ნიშანი აქვთ სუყველას, სამკუთხედის ფორმის. მართალია დიდი ხნის ნაცნობები არა ვართ, სულ ერთი კვირის ჩამოსულები ვართ მე და დედა თბილისიდან, მაგრამ მათი ქცევებიც მალე შევისწავლე და გარეგნობაც, ძალიან მიყვარს ციკნებთან თამაში. რომ არაფერი დამიშავოს დედა თხამ, ხან პური მიმაქვს იმისთვის, ხან ხაჭაპურის ნაჭერსაც წავუღებ ხოლმე, როცა ვეღარ ვჭამ, - ბევრს გადმომიღებს ბიცოლაჩემი ვენერა თეფშზე, გამხდარი ხარ, უნდა გაგასუქოო. ბილიკებს ახლა ქვევით ჩავუყევით, ისეთი ვიწროა, თითო-თითო მივდივართ, წინ ზეინაბი მიდის, მერე მე, უკან მაყვალა მომყვება, ეტყობა ჩემს დაზღვევას ცდილობს, ფეხი თუ დამიცდა, წამომეშველება. ზეინაბი, როგორც უფროსი გზას მიკვალავს, გაფაციცებულია, წინ რამე არ შემოგვეფეთოს და არ შემაშინოს. მალე მდინარის პირას აღმოვჩნდით, ბიცოლამ შორიდან დაგვინახა, დროზე წამოდითო, ხელით გვანიშნა. სარეცხის რეცხვას ქალები უკვე მორჩენილიყვნენ, უზარმაზარ ქვებზე გადაეფინათ ლოგინის თეთრეული გასაშრობად, აქა-იქ ტანსაცმელიც მოჩანს, ფერადი ღილებივით ჩამწკრივებულან ზეინაბის და მაყვალას კაბები, მარტო ჩემი ზეინაბის და მაყვალასი კი არა, სხვა მათი მოსახელე გოგოებისაც, იმიტომ რომ იმერეთის ამ მთიან სოფელში კიდევ ბევრს აქვს ასეთივე სახელი. მდინარისპირას ბუჩქებზე შარვლები გადაუფენიათ, ქმრების და ვაჟების, მათ შორის ბიძაჩემი ბონდოსი და ჩემი ბიძაშვილი ფრიდონისაც. ახლოს მივედით, დედა ქალებს შუაში ჩაუჯენიათ და გაფაციცებით უსმენენ მის დამტვრეულ ქართულს. ყვება თავის უკრაინულ სოფელზე. ახალმისულებს შეძახილებით შეგვხვდნენ, - რუსის გოგო მოვიდაო, - მომაძახეს აქეთ-იქიდან და მზერა ისევ დედასკენ გადაიტანეს. გოგოებმა დედაჩემისგან ჩურჩულით აიღეს ჩემი ბანაობის ნებართვა. გამხადეს, დაგუბებულ წყალში ჩამაყენეს, ცივი წყალია, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ვაცლი ჩემზე ზრუნვას, გამსაპნეს, ხან ჯამით, ხან პეშვებით წყალს მასხავენ, უხარიათ,  ჩემს გაზრდაში წვლილი რომ შეაქვთ, - გაიზარდე, გასუქდიო, - იძახის ზეინაბი და სიყვარულით მისმევს თავზე ხელებს, - იხვის ჭუჭულს არა ჰგავსო,- ბუტბუტებს მაყვალა და ისიც გამალებით მასხავს ზურგზე წყალს. თან იქვე წყალში მოცურავე ლიფსიტებზე მითითებს, - შეხედე, რა ლამაზებიაო! - მეც ვუყურებ მზეზე ოქროსფრად მოლივლივეებს, ჩვენი რაზე არ ეშინიათ-მეთქი, ჩემს თავს ვეკითხები. თან სხვა ქალებს ვუყურებ, მათ თეთრ ქუნქულა ტანებს, მზეუნახავებს, აქ საბანაოდ ჩამოსულებს, მიკვირს, სახლში რატომ არ ბანაობენ-მეთქი. ისინიც წყლის ჭავლის ქვეშ მოლივლივე თევზებს ჰგვანან, მათაც არავისი ეშინიათ, იციან მამაკაცები აქ არ მოვლენ, ეს ქალების სამფლობელოა. გოგოებმა პირსახოცშემოსხმული დიდ სიპ ქვაზე დამაჯინეს, გამაფრთხილეს, - არ ადგე, ფეხი არ დაგიცდესო, - მეც დავმორჩილდი. ახლა თვითონ ბანაობენ.  ცალ მხარეს კლდე დაგვცქერის, იქიდანაც წყალი მოედინება, მდინარეში მოჟონავს, - რა წყალია-მეთქი, - ვკითხულობ, - წყაროსიაო, - მპასუხობენ, მერე გოგოები ზევით ადიან, თიხის დოქებს ავსებენ, სახლში გავიყოლოთ, ასეთი წყალი ჩვენთან არ არის, ჭის წყალი ამას რას შეედრებაო. დამალევინეს, გულ-მუცელი ჩამეყინა, მესიამოვნა, მზის ქვეშ მჯდარს. დედაჩემსაც უმასპინძლდებიან, - რა ცივია,  მადლობაო, - ამბობს დედა დამტვრეული ქართულით, - ჩემს საშობლოში ასეთ ცივ წყალს ვერ დალევ, დაილოცოს საქართველოო, - ღიმილიანი დგება ფეხზე, ჩემი გოგო წყალმა არ დაცადოს, არ გამიცივდესო, მაცმევს ტანსაცმელს და გზას მიუყვება უკვე გამშრალი თეთრეულით სავსე კალათით, სხვა ქალებიც წამოიშალნენ და უკან მიჰყვებიან, სტუმარს წინ ხომ არ გადაუსწრებენ ისევ ატყდა ჩხუბი ზეინაბს და მაყვალას შორის, არა მე მოვკიდებ ხელს მაიას, არა - მეო,  - მე კი მათ აღარ ვუსმენ, იქვე ახლოს ბუჩქებს შორის შველი შევნიშნე, დაკვირვებით გვიყურებს, ჰაერს იყნოსავს, არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი არსება, ცოტა ხანი იყუჩა,  მერე გაიქცა. ჩვენ სამივე ხელიხელჩაკიდებული დავადექით სახლის გზას, ალბათ, მანამდე, სანამ სათითაოდ არ მოგვიწევს ცხოვრების კლდოვან ბილიკებზე სიარული.

Monday, December 10, 2018

ლურჯ ყვავილებს ციდან ცრის

ლურჯ ყვავილებს ციდან ცრის,
ლურჯ ყვავილებს ვიღაც ყრის,
მოლოდინში მწველი მზის,
ეს ცხოვრება ნუთუ ღირს?!
მიწა თოვლით ივსება,
ერს აჰყარეს ღირსება,
ტალახს ვესვრით პეშვებით,
მეც ძირს ნელა ვეშვები.
ცივი არის ყოველი,
მეტს არაფერს მოველი,
სხეულს შეჭამს ფესვები,
მათაცა აქვთ ეშვები.
და ერთს ვითხოვ მხოლოდღა,
დრო მიეცით ოღონდაც,
ვარდი იდგა ფურცლებით,
იმურაბეს მუცლები.

რჩება კედლები ცივი და უტყვი

რჩება კედლები ცივი და უტყვი,
რაც გინდა ბევრი ცრემლები ღვარო,
ზიხარ და ითვლი დღეთ ნაწებთ ფურთხით,
ვარაუდიღა თუ ცხოვრობ მარტო.
გიზიდავს მხოლოდ წვიმა და თქეში,
რომ ცრემლი შენი არავინ ნახოს,
ბუხართან ახლოს, ტკრციალში შეშის,
წარსულის ნაზი ხილვები გათბობს.



Sunday, December 9, 2018

ჩამავალ მზეში ამოსულა ყაყჩო ცაზე

ჩამავალ მზეში ამოსულა ყაყაჩო ცაზე,
პურის თავთავად გაბრწყინდება ვარსკვლავი მაღლა,
გადაინაცვლებს კაცის საზრდო თითქოსდა ცაში,
მეც მომინდება, ჩავეჭიდო მერანის ფაფარს,
ზევით ავფრინდე, გადავსერო ყვითელი ყანა!...

Saturday, December 8, 2018

ავტ. მანანა ჩიტიშვილი

ჩამავალ მზეში
სერებს ფერი ედება სოსნის,
ცას გამოაყრის ვარსკვლავები
ღვთაებრივ ჭორფლად,
ვითომ მამშვიდებ აღდგომით და მეორედ მოსვლით,
მე კი ერთხელაც გამიჭირდა
ამ ქვეყნად ყოფნა.
ამოდის მთვარე,
მოციმციმე,როგორც კანდელი,
შემინდეთ ეჭვი ერთ ყარიბ და
უბრალო მგოსანს,
ამქვეყნიური ვარამის და
ტანჯვის განმცდელი,
ნეტავ რამდენი ისურვებდა
ხელახლა მოსვლას.



სანამ დაჭკნა ბუჩქზე ვარდი

სანამ დაჭკნა ბუჩქზე ვარდი,
უფრო მეტად შემიყვარდი,
სანამ ფერი ჰქონდა ზეცას,
ზამთრის სუნი მე არ მეცა,
ახლა ვით გავუძლო ყინვას,
თოვლით დაიფარა მიწაც,
ჩამომჭკნარა ბუჩქზე ვარდი,
სულიც ამომევსო დარდით.

Friday, December 7, 2018

ვარიდებ მზერას...

ვარიდებ მზერას  ცეკვის რიტმში გახვეულ წყვილებს,
ნატიფი ტანით მოქნილ ჟესტებს მოხაზავს რკალი,
მომაგონდება, სიყმაწვილის "ლიებე დიერ",
მას მერე ბევრი ბევრი განსაცდელის დამდგარა ჟამი.
ყვავილთა თრთოლას ავაყოლებ სულის პასაჟებს,
პეპელასავთ გადავიფრენ ნაწვიმარ დილას,
რომ მოგიტანო სიყვარულის ცრემლის ნამცვარი
და სამუდამოდ ჩემს სულეთში დაგიდო ბინა

Thursday, December 6, 2018

მე ჩემს თავზე უფრო ვბრაზდები

თავქვე ვეშვები, ინერციით ვეღარ ვჩერდები,
თვალებში, ვხედავ, მიბრჭყვიალებს ფოლიანტები,
დამებერა და დასკდომაზე დამაქვს ძარღვები,
თქვენზე კი არა, მე ჩემს თავზე უფრო ვბრაზდები,
ვერ დავინახე გადამკვეთი დიდი ხაზები...

ვინ დამიამოს გულისტკივილი...

სისხლდაწურული გულის ტკივილი
დალამბული მაქვს შიშველ ძარღვებზე,
მთად მარტოხელა ჯიხვის ყივილი,
კოშმარებივით, თავს არ მანებებეს.
უნიჭოება ტალანტებს თრგუნავს,
გულღრძო არსებებს დარჩათ სამზეო,
ვინ დამიამოს გულისტკივილი,
გულის ძარღვებზე ყინვა თარეშობს.


Tuesday, December 4, 2018

ცოტაა ჩვენთვის სალხენი

ცოტაა ჩვენთვის სალხენი,
მომლხენიც არ ჩანს, მგონია,
მძიმე ჩამოწვა ფარდები,
მზის სხივიც ვეღარ რონიობს.
მაცოცხლებელი ნიავიც
ვერ არხევს ვარდებს ხვიარას,
კლდიდან ჩამოსულ შავ მეწყერს
უფსკრულისაკენ მივყავართ.


მტერიც არაა მტრისფერი, ავტ. ტარიელ ხარხელაური

მტერიც არაა მტრის ფერი, 
არც ქვეყნის წყდება აკლება, 
რა დროში ცხოვრობ, ტარიელ -
მტერიც რომ მოგენატრება. 
ყველგან უსისხლოდ ვმარცხდები,
მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია,
როგორ შემცირდნენ კაცები -
ჩემი კაცობის მრცხვენია.
როგორ გაიმცვრა, სად გაქრა
ზნე, ან ქართული ზრდილობა,
ვინ ქართველობას იწუნებს
და ვინ მამულიშვილობას.
ტკივილი გულს მინაპრალებს,
წლებმა დამღრღნეს და შემნაცრეს,
სამშობლოვ, როგორ მაწამებ
რომ ვერა გშველი ვერაფერს.
ვდგავარ მთის წვერზე შეშლილი,
ცა ხან მთელდება, ხან ტყდება,
ამიტანს სისხლის შიმშილი
და მტერი მომენატრება.
დღე განესრულა, შებინდდა,
შინ დაბრუნების დრო დგება
და მომდევს საფლავებიდან
წინაპართ ძვალთა გოდება.
ყველგან უსისხლოდ ვმარცხდები,
მოვკვდე უსისხლოდ, ძნელია,
როგორ შემცირდნენ კაცები -
ჩემი კაცობის მრცხვენია.

ავტორი: როი სოხუმელი

ვარიდებ თვალებს,
სხვის მკლავებზე მოხვეულ თითებს,
და რადგან მტკივა,ღმერთმა უწყის,რას ვფიქრობ მაშინ...
შენ - იმახსოვრებ ჩემს სახეზე გაჩენილ ფითრებს,
და დამეტყობი,როგორც ბზარი - ცახცახა ხმაში.
ნისლია ჩვენში,
საუკუნე მზეს უდგას - ჩადრით,
აქვე სიკვდილი(ც) ფოთლებივით გზადაგზა ყრია,
ჩვენ,ყოველ ჯერზე,აუხდენელ სურვილებს ვგავდით,
სადაც მომყიდეს ერთი წუთის სამოცი ტყვია...
ფიქრივით მოგვდევს,
წამზე წამით განწყობა - წლების,
და ჩემი სული(ც),შენს ბაგეზე ფიფქივით დნება,
მოგიყვებოდი,როგორ მტანჯავს დალეწვა მხრების,
როცა ნელ-ნელა მტოვებენ და...ტვირთი კი - რჩება(თ).
მოჰგავდა სუროს,
დღე,რომელიც მიხსნიდა ვენებს,
და მთელი მოდგმით,ეხვეოდა დროთა მჭლე ხალასს,
შემომეჩვევი,როგორც სითბო - გათოშილ ხელებს,
და ჩემს გაზაფხულს,შემოაცმევ ზაფხულის ხალათს.




Monday, December 3, 2018

ბიოგრაფია ზღაპრების საბავშვო წიგნის ყდისთვის "ფანქრის მთლელი"

  ქართველი საბავშვო მწერალი და პოეტი  მაია დიაკონიძე  დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. ის განათლებით ეკონომისტი, პედაგოგია. რამდენიმე წელი  მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ მიმომხილველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. არის ოცამდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის საბავშვო პროზა "ბუკნაჭო" სი. მისი პირველი საბავშვო წიგნი გამოვიდა 2015 წელს სათაურით "იოცნებეთ ყველამ". ეს ზღაპრების კრებული კი მისი მეორე საბავშვო წიგნია. ამ წიგნში შესული ზღაპრები ბავშვებს ასწავლის კაცთმოყვარეობას, სიკეთეს. ავტორს სურს ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, არავის არ ჰქონდეს უბედური ბავშვობა, როგორიც თბილისელ ქუჩის მუსიკოსს, სამირ სავჩუკს ჰქონდა, რომელსაც ძალიან უნდოდა გიტარაზე დაკვრა ესწავლა, მშობლებს კი მისთვის ამ სურვილის შესრულება არ შეეძლოთ. ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ სხვებს ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ. "ადამიანი, რომელიც სხვას გულს სტკენს, თვითონაც გულნატკენი რჩება ცხოვრებაში, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვნახავთ, როგორ შეიცვლება ქვეყანა ჩვენ გარშემო", ხშირად იმეორებს ქალბატონი მაია. წარმატებები ვუსურვოთ ავტორს, ამ ზღაპრების გმირებს კი, თქვენი გულების დაპყრობა!

Saturday, December 1, 2018

როზა ინანიშვილს

ნარცისო, ნაზო, მწყაზარო,
გავიგე, ფერი გიცვლია,
გამოეთხოვე ქვეყანას,
რომლის მკურნალად მიცვნიხარ.
სული ყინულით ამევსო,
შენი გამზრდელი ცხონდება,
მტლად ედებოდი ჩვენს გულებს,
მადლი მიგყვება გორებად.
ნარცისო, ნაზო, მწყაზარო,
გულია შენი ქონება,
გაზაფხულს გადაიშლები
ყვავილებმოსხმულ რტოებად .






Friday, November 30, 2018

ზოგს სასახლეებს ურჩევენ ახლა

ზოგს სასახლეებს ურჩევენ ახლა,
ზოგი შვილისთვის პურის ფულს ნატრობს,
მავანი ღარიბს დაუთვლის ლუკმას
და საობლე კვერს ჯიუტად არ თმობს.

Thursday, November 29, 2018

მომერია დეპრესია

სულს მოვუწყვე რეპრესია,
მომერია დეპრესია,
წვიმა ნარჩენ დღეებს მითვლის,
სურნელი მდის უკვე მიწის.

მაინც ვიძახით "ვაშას"

გაზულუქებულ სახეთა ცქერა
მოგვბეზრდა, მაინც ვიძახით "ვაშას",
ნეტავ, თუ გვადევს წინაპართ წყევლა,
ვერ შევძლოთ ცაში ხელების გაშლა.

Wednesday, November 28, 2018

მომეცით ყულფი

მომეცით ყულფი, თავს გვადევს ხუფი,
სამყარო ჩვენი ბინდის ქვეშ წვება,
შემატებია ცას ფერი რუხი,
ცისფერ მერანთა აღარ ჩანს რემა.





პოეტს სევდა უფრო შვენის((ძველებურ მოტივებზე)

პოეტს სევდა უფრო შვენის,
მარტოხელა სიარული,
ერთი ჰყავდეს მუდამ მუზა,
რომ ფეთქავდეს მისთვის გული,
აღტაცებულ საუბრებში 
ღმერთთან მასზე ბაასობდეს,
ვარსკვლავიან ზეცას, მთვარეს
მას ჩუქნიდეს, ჩაუქობდეს.
არვინ მოჩანს მოტრფიალე,
ავსებული სინანულით,
გალაქტიონს რომ უყვარდა,
მარტოხელა სიარული.

Monday, November 26, 2018

ნუ მაცქერინებთ დარდიანთ

ნუ მაცქერინებთ დარდიანთ,
შვილებს, მშობლებს და პატარებს,
თვალთაგან მზეს რომ ისროდნენ,
მაგიერ, ბნელი პაპანებს,
ვეღარ გავმართე გუთანი,
ვერ ვუწყობ ხრახნს და ჭახრაკებს,
დედა იმისი ცხონდება,
იმედს რომ ისევ მანახებს.

მზე

მზე ბადებს სიცოცხლეს ახალს,
ნათელს ჰფენს კლდესაც და ქვასაც,
ანათებს ბნელეთს და წყვდიადს,
ხან დაგვწვავს, გვაყენებს ზიანს!

Sunday, November 25, 2018

ბუნების ნამდვილი შვილები (ნოველა)

    ტყეში მივდივართ სოკოების საკრეფად. მადონა სულ კოცნის იას, ჩემს დას, ჩემზე წლით და  3 თვით უმცროსს, ხუჭუჭა თმებიანს, უზომოდ საყვარელს. პატარა ია ყველას ძალიან მოსწონს. აი, ახლაც მეზობლის გოგონამ, მადონა რომ ჰქვია, კალათაში  ჩაისვა და ისე მოჰყავს, ვითომ დიდი სოკოაო, ნეტავ, არ უჭირს ამ სიმძიმის ტარება?! იაც კმაყოფილი ზის კალათაში, ამაყად შემომცქერის, ნახე, რა ბედი მეწიაო. იცინიან გოგოები, ჩემი ბიძაშვილები, ზეინაბი და მაყვალა. მე ჩემს ბიძაშვილებს ჩამაბარეს, როგორც ყოველთვის, სამივე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ. მადონა ჩვენს შორის ყველაზე დიდია, ამიტომ ჩვენი წინამძღოლიც ისაა. სოფლის შარაგზიდან ტყის ბილიკებზე გადავინაცვლეთ და ტყეს შევერიეთ. ზეინაბი და მაყვალა გაფაციცებით მადევნებენ თვალს, სადმე არ დაგვეკარგოო, მეც მათ შევცქერი, არსად შემოვრჩე-მეთქი, თორემ აქედან რა გააღწევს? მიკვირს, რა კარგად იციან ეს ადგილები გოგოებმა, ალბათ, ბიცოლა არ უშლის ამ გზებზე სიარულს. ჩვენ, მე და ჩემი და-ძმები, თბილისში ეზოშიც ვერ ჩავსულვართ დედას მეთვალყურეობის გარეშე, თუმცა ჩემი ძმა მიშა გაპარვას მაინც ახერხებს ხოლმე, დანარჩენებს ძალიან გვშურს, ამისთვის კარგადაც ხვდება კიდეც დედ-მამისგან, მაგრამ მეორე დღეს მაინც იგივეს აკეთებს. ქალაქი მარცხიანიაო, ამბობს მამა, აბა, სოფელში ამდენი უბედური შემთხვევა სად გაგიგონიათო. ერთ დღეს რვა წლის ბიჭი დაიხრჩო მტკვარში, მორევმა ჩაითრია, იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე, თუმცა ნაპირს არასოდეს ვუახლოვდებით, გვეშინია, ტალახისფერია მტკვარი, მუდამ მღვრიე და ჭუჭყიანი, აქაურ მდინარეს კი არ ჰგავს..  მთის ფერდობს შევეფინეთ, ზევით რომ ავძვრე, ხის ფესვებს ვებღაუჭები, ფრჩხილები მიწით მევსება, არად დაგიდევთ, ისევ ზევით მივიწევ, კაბის კალთებზე ეკლიანი ტოტები მებღაუჭება, მეკრობა, არ მიშვებს, ვიცილებ და გზას განვაგრძობ. აქეთ-იქით ვიხედები, ჩემიანებს ვუყურებ, არ ჩამოვრჩე, მაგათი დასაცინი არ გავხდე-მეთქი. მაყვალა და ზეინაბი ოდნავ ჩემზე ზევით ასულან, ხელებს მიქნევენ, მეძახიან, დაგელოდებითო. მადონა ისევ კალათით ხელში მიიწევს წინ, იას მრგვალი ხუჭუჭა თავი მოუჩანს იქიდან, გოგონა მთლად ოფლში გახვითქულა, მაგრამ ჩემს დას არ ეუბნება, კალათიდან გადმოდიო. ალბათ, დედაჩემს უნდა უპატაკოს, ია ისე ვატარე, ძირს არ ჩამომისვამსო, მეზობლის სტუმარს უნდა პატივი სცეს! ცოტა არ იყოს დავიღალე, ფეხები ამტკივდა კლდეებზე სიარულმიუჩვეველს, თუმცა ჩვენთანაც, მტკვარზე სანამ ჩახვალ, პატარა ციცაბო კლდე უნდა ჩაიარო, მაგრამ ის ამასთან რას მოვა?! მგონია, მალე მთის მწვერვალზე ავალთ და მზეს მივწვდებით. კიდევ კარგი, გოგოები მაჩერებენ, დავაკებულ ადგილზე გავდივართ, ფოთლოვანი ტყე დაგვცქერის თავზე, ჩრდილს ვეხიზნებით და დასასვენებლად ვსხდებით. ია, როგორც იქნა, კალათიდან ამოძვრა, მადონას ტვირთი შეუმსუბუქა, იქვე გოგონებთან ერთად  ჩამოჯდა ასწლოვანი მუხის ქვეშ. ბალახს სიცხის გამო ორთქლი ასდის, კალიები მალაყებს გადადიან, ხარაბუზები, ფუტკრები თავზე დასტრიალებენ ყვავილებს, პეპლების კორიანტელია გარშემო, ღმერთო, ნამდვილად სამოთხეში ვარ, ვფიქრობ. საოცარი სურნელი მოდის,  ტყის, მიწის, ხმელი ფოთლების. ზეინაბმა და მაყვალამ პური და ყველის ნატეხები ჩამოგვირიგეს, მადიანად ვილუკმებით ყველანი. ყურს აღარ ვუგდებ გოგოების ტიტინს და კლდის პირას ვინაცვლებ, ხედი მაინტერესებს, რა ვქნა, ცნობისმოყვარე ვარ, ფრთხილადო, მეძახიან გოგოები. მთელი სოფელი ხელისგულივით იშლება ჩემ წინ, სახლებსაც ბოლი ასდით სიცხისგან, კრამიტის წითელი თავსახურები კოხტაობენ მზის შუქზე, ვისუნთქავ ტყის და მთის მაცოცხლებელ ჰაერს, კვიცივით მებერება ნესტოები, რომელიღაცა ჩიტმა "ტია, ტია" დაიძახა, თვალები მოვწყვტე სოფელს და მთის წვეროსკენ ვიყურები. დიდხანს ვეძებ იმ ჩიტს, ვერ ვპოულობ, ალბათ, რომელიღაცა ხეზე ზის, ფოთლებში გაყუჩული, -  გავიფიქრე და გოგოებისკენ გავეშურე. გავავსეთ კალათები სოკოებით, შხამიანი არ შეგყვესო, მკაცრად მაკონტროლებენ ბიძაშვილები, რა ყველაფერი იციან-მეთქი, მშურს კიდეც მათი. საღამოს დაღლილ-დაქანცულები მივუყვებით სოფლის შარას, ია აღარ ზის კალათაში, ნამდვილი სოკოები იწონებენ თავს იქიდან, ზოგი წითელქუდიანია, ზოგიც - თეთრ,  იამ ხელი ჩამკიდა და ისე მოცუნცულებს ჩემ გვერდით, "ტია-ტია", ისევ დაიძახა ჩიტმა, მოლაღურიაო, - ამიხსნეს გოგოებმა, ისევ გამიკვირდა, რამდენი რამე იციან-მეთქი. ვერ ვხვდებოდი, რომ ისინი ბუნების ნამდვილი შვილები იყვნენ, ჩემგან, ქალაქელი გოგოსგან განსხვავებით.

Saturday, November 24, 2018

სიბერე შემომპარვია

სიბერე შემომპარვია 
უჩუმრად, თითქოს კრძალვითა,
პირი ნაოჭებს შეჰყრია, 
თვალი მიცინის ხათრიღა.

მოვა და შეგვჭამს...

ნანგრევებს ძველსას ესტაკადა დაუდის თავზე,
ოქროს ბრჭყვიალმა დააბრმავა ერი და ბერი,
შიში და ძრწოლა დადებიათ ჩვენს ქუჩებს ხუნდად,
მოვა და შეგვჭამს, უსათუოდ, კაცი ან მგელი.

Thursday, November 22, 2018

ჩასაფრებულხართ ახლაც, ყორნებო!

მეგონა, მესხა გულზე იები,
თურმე მეხვია მატლი, ჭიები,
აღარ მაცლიდნენ შვებით ჩასუნთქვას,
შემოხვეოდნენ ბალიშს, სასთუმალს.
სიზმარში ვნახე მე ეს სურათი,
ვიგრძენი შიში, შენზე,  გუმანით,
ვერ გაგიფრთხილდი, ჩემო მშობელო,
ჩასაფრებულხართ ახლაც, ყორნებო!



ნუ მიმატოვებ! (პირველი ვარიანტი)


ნუ მიმატოვებ, როგორც ყვავილს ჰერბარიუმში,
როგორც სიკეთეს,რომელიც რომ აღარ გჭირდება,
როგორც იმ ძველ წიგნს, ათასჯერ რომ გადაიკითხე,
გადაგდება კი, ვიცი, მაინც გაგიჭირდება.
ნუ მიმატოვებ, ჩემი გული ისევ გაგათბობს,
ზამთარში ცეცხლზე უარი თქვა, ალბათ, ძნელია,
ჭირხლი ტოტებზე ვერცხლისფერად ისევ ქანაობს,
თოვლის ფიფქები ფიჭვის წიწვებს არ დასცვენია.
კვამლის ბოლქვები ცის ტატნობზე სურათებს ხატავს,
შავ ღრუბლებს ქარი სადარბაზოდ ისევ გაიწვევს,
თეთრ სუფრას გაშლის მთის მწვერვალზე მოსაღამებულს
და ცივ ქარაშოტს ხანჯლით ცეკვა ისევ მოუწევს.
ქორწილი არის, ამ ქორწილში მე ვარ თამადა,
ნეფე - ცივი მთა, დედოფალი - ცივი ქარია,
აჟივჟივებულ ჩიტებსა და ჭილ-ყვავს ვუყურებ,
მოსალოცებით მოსულან და მოუხარიათ.
მეც მიხარია, გრიგალი და ყინვა,სიცივე,
ვიცი, გჭირდები, კერიასთან ცეცხლი დავანთოთ,
ნუ მიმატოვებ, ზამთრის სუსხი ისევ ჩამოკრავს,
ნუ მიმატოვებ, მწვერვალები სუნთქვით გავათბოთ...

Wednesday, November 21, 2018

წვიმა (ჩანახატი)

   ისევ წვიმს? - კითხულობს პირველი სტუმარი. - წვიმს, წვიმს, რა კოკისპირული წვიმა იცის ამ ოხერში, დაიწყება და აღარ მთავრდება. ქვეყნის დაქცევაა, მგონი. ხვალ ამ ტალახებში როგორ წახვალთ? გაგიჭირდება პატარებთან ერთად გაჩერებამდე მისვლა, მერე კიდევ სხვა ავტობუსით თბილისში გამგზავრება, მეხუმრები?! მანქანა აქ არ მოვა ან ვის ეტყვი წამიყვანეო, ყველას თავისი დარდი აქვს. ბენზინის ფულიც აღარ აქვს ხალხს, პატივი რომ გცენ! ხომ არ გეტყვიან, ფული არ მაქვს, ბენზინი ჩამისხიო?! ურჩევნიათ რამე სხვა მიზეზი მოიფიქრონ: არ მცალია, ავად ვარ და ა. შ. არადა რა პატივისცემა იცოდნენ?! ერთხელ რუსეთიდან სტუმარი ჩამომივიდა, ენტომოლოგი, პროფესორი. კი დასცინოდნენ, ამხელა კაცი მინდორში პეპლებს დასდევსო, მაგრამ თან გადაჰყვნენ, მანქანით ხან იქით მიაგრიალებდნენ და ხან აქეთ, თავი არ მოგვეჭრას, გურულებზე რამე ცუდი არა თქვასო! უჰ, უჰ, რას ჭექავს, სულ ასეა აქ! გეგონება, ომი დაიწყოო... მოგეცადათ ერთი-ორი დღე კიდევ, მიწა გაშრება, ადვილად იმგზავრებთ! - გაუჩერებლივ ლაპარაკობდა მეორე სტუმარი, ხანშიშესული ქალბატონი. - მე რომ ვერ მოვდივარ, ეს მადარდებს. აქ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. მეშინია თქვენი მარტო გაშვება, ბოლოს და ბოლოს პატარა ბავშვებით მიდიხარ... - ნერვიული შემართებით აგრძელებდა საუბარს. - კარგი, კარგი, იქნება გადაიღოს კიდევაც დილამდე. ავტობუსი პირველი საათისთვის გადის, მანამდე როგორმე მიაღწევენ სადგურამდე. - საუბარში ჩაერია ოჯახის დიასახლისი, რომელიც დადარდიანებული დარბოდა და ჭურჭელს უდგამდა სახურავიდან ოთახში ჩამომავალ წყალს, ჯობია მომეხმარო, ვეღარ ავუდივარ საქმეს, იატაკია მოსაწმენდი. - შენ რა, არ გინდა რომ დარჩნენ?! - გაპილპილდა მეორე სტუმარი, - ქვეყანა იქცევა და გარეთ ყრი ამ უბედურებაში? - აგრძელებდა ლაპარაკს, რომ ამ დროს ბავშვის ყვირილი მოისმა, - დედა, აქაც წვეთავს, სახეზე მეცემა, ნიკოსაც დაეცა წვეთი, ახლა ატირდება. - პირველი სტუმარი ბავშვებისკენ გაექანა, მას მიჰყვა მეორე სტუმარიც და ოჯახის დიასახლისიც. საწოლი, რომელზეც ბავშვები იწვნენ, გადააჩოჩეს.
- საცაა გათენდება და ჩვენ თვალი  ვერ მოვხუჭეთ, - დარდით წარმოთქვა მეორე სტუმარმა, - ღმერთო, რა ცხოვრება დაგვიდგა?! ნანუკა, შვილო, ცოტა წაუძინე, მგზავრობა გაგიჭირდება  ბავშვებით! - მიმართა პირველ სტუმარს. - რა გააწყალე გული, შე, ქალო, - გაცხარდა ოჯახის დიასახლისი, - ბავშვები ვის არ ჰყოლია, უარესი ცხოვრება გამოგვივლია და ასე არავინ გვიფრთხილდებოდა, ჩაიში ვიყავი მთელი დღე და უპატრონოდ მყავდა დაყრილი ბავშვები, ერთხელ მახსოვს, ღორმა ლამის შემიჭამა ბაღანა. ჩვენს ღორს გოჭი გაქცევია, ამას დაუჭერია და დედასთან მიჰყავდა, სხვა ღორს თავისი ჰგონებია, გამოკიდებია, შიშისგან ბავშვს გოჭისთვის ხელი გაუშვია, იმ დედა ღორსაც დაუნებებია თავი, თორემ რა იქნებოდა, კაცმა არ იცის, ძლივს მივუსწარი. - უჰ, უჰ, - თავი გადაიქნია მეორე სტუმარმა, რომელსაც თვალებში ბრაზის ნაპერწკალი აუკიაფდა. - წვიმაში და ღვარცოფში მაინც არავის გაუშვიხარ ავტობუსით სამგზავროდ, ბავშვებს რომ რამე მოუვიდეთ, რას შვრები მერე? - წარმოთქვა გაბრაზებულმა. - ღვთის შეწევნით არაფერი მოუვათ, დაწყნარდი! - მკაცრად დაიძახა ოჯახის დიასახლისმა.
     ერთადერთი ადამიანი, ვინც ხმას არ იღებდა, ოჯახის დიასახლისის ვაჟი იყი, ბრმა, ჩამომჯდარიყო საწოლის კუთხეში, თვალები გაშტერებოდა. წვიმის წვეთების წკაპუნი სულს ულევდა, რცხვენოდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რომ სახლის სახურავი ვერ შეაკეთა, რომ ბავშვებს ვერ წაიყვანს და ოჯახს ვერ ჩააბარებს, რომ საკამათოა, ბავშვების დარჩენა-წასვლის ამბავი, მისი ნება რომ იყოს, აქ დაიტოვებდა, პატარა ბიჭები ხომ სიცოცხლეს უხალისებენ, წავლენ და მერე რა უნდა აკეთოს? წვიმა კი არ ცხრებოდა, უხვად იძლეოდა წყალს, რომელმაც ერთი სოფლის ერთსაუკუნოვან სახლში ასეთი ვნებათაღელა გამოიწვია.

Sunday, November 18, 2018

მალე მეც ბედი ჩამირთავს წამზომს

ღადარში ღველფში ცხვებოდა პური,
პაპა ბუხართან ყვებოდა ზღაპარს,
თევზი ზღვის ფსკერზე აწყობდა ქვირითს,
ღვინოდ აქცევდა მარანში მაჭარს
მამა და დედა აწყობდა სუფრას
ორაგულების გვიყვარდა კუდი,
ბებია წინდებს ყვავილით რთავდა,
მზის გულზე გამთბარს რომ ზრდიდა ფრუტი,
დღეს შეცვლილ ამინდს გარეკავს მეხრე,
ყინვა, სიცივე აკეთებს სალტოს
თოვლში, ნაკვალევს ვეღარა ვხედავ,
მალე მეც ბედი ჩამირთავს წამზომს.

Thursday, November 15, 2018

ცხოვრება ჩვენი განვლოთ...

ცხოვრება ჩვენი, თურმე,
ყოფილა ორი ადლი,
ადლი, ცოდვების ქნაა,
ადლი შედეგის მკაში
გადის და მაშინ ვხვდებით,
როცა შევდივართ ხანში,
ორიოდ ადლი ყოფა, -
განვლოთ სიკეთის ქმნაში.

სამშობლოს უნდა შველაო

საკეთებელი ბევრი გვაქვს,
დედის და მამის მზემაო,
მაგრამ მკეთებელს, ხანია,
უკვე ვეღარა ვხედავო.
შვილები სადღაც გარბიან,
იქ შესდგომიათ ლხენაო,
აღარ ადარდებთ, სამშობლოს
რომ უნდა მათგან შველაო.



ფიქრებში ყველა ცხოვრებას ვსწავლობთ

ფიქრებში ყველა ცხოვრებას ვსწავლობთ,
ფიქრი თანა გვდევს მუდამ და ყველგან,
ხან მეცხრე ცაზე ავდივართ ლხენით,
ხან ბუხრის ცეცხლშიც ვარსკვლავებს ვხედავთ.
დავფრინავთ, ვლაღობთ, მუზების ტყვე ვართ,
გვძულს და გვიზიდავს თანაბარ ძალით,
ზღვის კენჭებშიაც სიყვარულს ვეძებთ,
მათში თუ ერთმა მოგვწყვიტა თვალი.
ფიქრი გვამაღლებს, ფიქრი დაბლა გვცემს,
ვცოდავთ ისევე, როგორცა ვნანობთ,
ფიქრების ტყვე ვართ დღისით და ღამით,
ღმერთმა ეს ფიქრი ნუმც მოგვიშალოს.


Wednesday, November 14, 2018

წისქვილისა (ავტორი: კობა ჭუმბურიძე)

ვიდრე ხანდარა მარტი დაიბეჩავებს ავდარს, ტყემლის ფიორა კვირტი ედიდგულება ზამთარს.
ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.
ხან რომ შხაპუნა წვიმა დაუჭაქუნებს კრამიტს, ხანაც ჭიატი მცირე შემოაბრუნებს ამინდს.
ნიავს ჭორივით დააქვს ფთილა ფოშფოში ნისლის.
რა საამური ხმა აქვს ხევში გამართულ წისქვილს, უძირო გუდას ზღაპრის, თავადაც ლამაზ ზღაპარს, გზას შერჩენილი მგზავრის იმედს და თავშესაფარს.
ღარს დასხლეტილი წყალი ჩაუხვევია ბორბალს, კოტრიალობს და ბორგავს, როგორც აშიკი ცხარი. თავბრუდახვეულ დოლაბს კრიჭა უზოგავს ხორბალს, საკვამურს ცაში ბოლის აუკლაკნია ხიდი, მოღონიერდა ბინდი, ბორცვები გადახუნდა, ზის მეწისქვილე ბონდო, ბევრი არც არა უნდა, ცოტაოდენი მინდი, ორი იმდენი – ჭორი, აჰა, ეშველა მგონი, მგზავრი გამოჩნდა შორი.
მალე გუზგუზა ბუხარს მიუცუცქდება ორი და მონდომებით გაჩხრეკს ყოფიერების ავ-კარგს, მოიგონებენ ამბებს, გარდასულსა და გამქრალს, და ამ დუდუნის მიღმა სევდის ელფერი დაკრავს ღარში ნაკადის რაკრაკს და სარეკელას რიკრიკს,
წისქვილმა ფიქრი იცის, ფიქრი შორეთში მიქრის…
საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი  მარცვალს…
სმენას მოგტაცებს წამით შურშული ხმელი ისლის, ამ ბურდებიდან ღამით ჭინკის ფხაკურიც ისმის, ბუხარში ფიჩხი, სველი, ბრაზობს, ნაპერწკალს ისვრის, მოჰყვება ხიბლი ძველი ხევში გამართულ წისქვილს, სადაც ფიქრი და განსჯა ხანდახან ლექსად იშვის და იწრიტება ხვიმრა, როგორც საათი ქვიშის, სადაც დოლაბის ღირღილს უხამებს გული ძგერას და გაუმხელი შიშით ეპოტინება მზერა ნისლეულების გროვას, შორეულ ცაში მბოლავს
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.
.

Tuesday, November 13, 2018

თოვლის დედოფალა (საბავშვო ზღაპარი)

   ბაბილინა ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, ნაწნავებითა და ჭორფლიანი ცხვირით, მაგრამ სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ფიქრები ჰქონდა უცნაური. მაგალითად, რატომ დადიან ირმები სულ წინ და არა უკან, უკანაც რომ ჰქონდეთ თვალები, მგელი ვეღარ შეჭამდა, წინაც დაინახავდნენ და უკანაცო, ან  რატომ აქვს ადამიანს ორი ხელი და არა ათი, თუნდაც ოთხი, ხომ უფრო მეტ საქმეს გააკეთებდაო, ან რატომ ვერ ცოცავენ და დახტიან ადამიანები ხეებზე, ბანანებს მეტს მოკრეფდნენ და პატარა ბავშვები პირს უფრო ხშირ-ხშირად ჩაიტკბარუნებდნენო. გოგონა ძალიან ბევრს ფიქრობდა და შეკითხვებიც სულ ახალ-ახალი უჩნდებოდა. ერთხელ ის შეკითხვაც დაებადა, თუ რატომ უნდა მოვრთოთ საახალწლოდ ნაძვის ხე და არა სხვა რომელიმე მცენარე, მათ რაღა დააშავესო? ბაბილინამ არც აცხელა, არც აცია და პირდაპირ ტყისკენ გაეშურა ამ ამბის გასაგებად, ხეებს უფრო ეცოდინებათ, რაშია საქმეო. ტყის პირას პირველი ჭადარი შემოხვდა, ფოთლებისგან გაძარცვულს თითქოს სისხლი გაჰყინვოდა ძარღვებში, აბუზული იდგა და ამთქნარებდა, ყვავების ყრანტალის ხმაზე ახალგაღვიძებული ისევ საძილედ ემზადებოდა. ბაბილინა ახლოს მივიდა და ჰკითხა, საახალწლოდ სახლს ხომ არ დაგვიმშვენებდიო, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ხეს მისი არა ესმოდა რა, ძილბურანში მყოფი შესახედავადაც ვერ გამოიყურებოდა კარგად, ეტყობა ჯანმრთელად არ არისო, გაიფიქრა გოგონამ და გადაწყვიტა სხვა ხებიც ენახა. ნეკერჩხალი შეამჩნია, რამოდენიმე წითელი ფოთოლი რომ შერჩენოდა, ეს რით არ ივარგებს საახალწლო ოთახის მოსართავად, წითელი ფოთლებით გაანათებს სახლსო, გაიფიქრა და ხეს მიეახლა, მაგრამ  - მომშორდიო,  - მიაძახა ნეკერჩხალმა, - მე ოთახის დასამშვენებლად როდი დავბადებულვარ, ეს ფოთლები, რაც შემრჩენია, ირმებმა უნდა შეჭამონ, იმათ ველოდებიო, - რა კეთილი ყოფილხარო, - უთხრა გოგონამ და გზა განაგრძო. აგერ მუხას რკოები შემოენახა გარეული ღორებისთვის, ფუღუროდან კი ციყვმა გამოიხედა და გზა დაულოცა ბაბილინას, ეს ჩემი სახლია და მუხა თუ აქედან წაიღეს, მე სადღა წავიდეო. ტყეში აცივდა, ყინვას ნელ-ნელა უმატებდა, მოკრიალებულ ცაზე  მძიმე თეთრი ღრუბლები დაეშვა, ჰაერი გამჭვირვალე გახდა, ბუნება თითქოს თოვლის დასახვედრად ემზადებოდა. არცერთმა ხემ არ ინდომა საახალწლოდ სახლის დამშვენება, ყველას თავ-თავისი საზრუნავი აღმოაჩნდა, ბევრ მათგანს კი ტკბილი ძილით ეძინა.
        მალე ციდან ფიფქები წამოვიდა, გოგონას ხელთათმანებიც კი დავიწყებოდა. ხელებგაყინული ფართო მინდორზე ამოსულ ნაძვს მიადგა, ფიფქებდაფარული მხიარულად იმზირებოდა, გოგონას უღიმოდა, მთვარის შუქზე ბზინავდა მწვანე წიწვები, თითქოს, თითოეულ მათგანში ვარსკვლავი იყო დამალული. მისმა მშვენებამ გააოცა გოგონა. კეთილიც აღმოჩნდა ხე. მან მთვარეს სთხოვა სხივებისგან ბაბილინასთვის ხელთათმანები და ქუდი მოექსოვა. ასეც მოიქცა მთვარე. ჩამოიცვა ხელთათმანები გოგონამ, ქუდიც დაიხურა. ვარსკვლავებმა მოსასხამი შეუკერეს  და მოაცვეს, არ შეგცივდესო. ყინვამ ყინულის ტახტი  დაუდგა, დაბრძანდი და მოისვენეო. მოეწონა იქაურობა ბაბილინას. იქ დარჩენა გადაწყვიტა, თოვლის სამეფოში. მას მერე ის თოვლის დედოფალად გადაიქცა და ახალ წელს ნაძვთან და თოვლის ბაბუასთან ერთად გვესტუმრება ხოლმე, თანაც ბავშვებს უცნაურ შეკითხვებზეც პასუხობს, რომ არც ერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს დედამიწაზე.

- მოდიო, - წვიმას არ უნდა ხვეწნა

ბოლზე დადებულ საამინდეთში
ბობოქრობს ქარი, მატულობს სევდა,
გადათხრილია გულის სანგრები,
- მოდიო, - წვიმას არ უნდა ხვეწნა.
წაერთო მუხას მწვანე ხავერდი,
ბაღში ხმელ ტოტებს ასკდება ხვიმრა,
შემოსჭერია ცრემლებს ღვედები,
ჩანს ციხე-გოჯი შუშების მიღმა.


Monday, November 12, 2018

ნუთუ ყველამ დამივიწყა...(ერთსტროფიანი)

ნუთუ ყველამ დამივიწყა,
ვემსგავსები ყვითელ ფოთოლს,
კინწისკვრით რომ ედენება
ქარი, დამასვენებს ბოლოს.

Sunday, November 11, 2018

მატარებელი

სიზმარში ისევ ბოლო ვაგონს მივყვები, მგონი,
და ველოდები გაჩერებებს, როგორც პარნასებს,
თავს დასტრიალებს მატარებელს ძერა თუ ქორი,
მსხვერპლს დაეძებს თუ ლეშის სუნს გრძნობს ისიც საძაგელს?!

შევეჭიდე ლექსს და რითმას (სახუმარო)

შევეჭიდე ლექსს და რითმას,
ის მე, მე კი მას ვერ ვიტან,
ხან გამომდო იმან სარმა
ცოცხალმა ვვლე, ხანაც მკვდარმა.
რაც სიგრძე მაქვს, მომცა განი,
ვერ ვიპოვე ვერსად ვანი,
ბოლოს დასთმო მწვანე მოლი,
მდინარეზეც მომცა ფონი,
გავექეცი ლექსს და რითმას,
მაინც მასთან ერთად მძინავს.


Saturday, November 10, 2018

შეუძლებლობების ბოლო

შეუძლებლობების ბოლოს მაინც ვირითმები,
გახარებული ჩავდივარ ძირს, ამაღლებული,
მეორე ქუჩის შესახვევში მუხრუჭი, სოლო,
- ცოცხალიაო, - ჟღერს ორკესტრი მრავალხმიანი.

ხუნდი დამკიდეს ფეხებზე ხუთი

ხუნდი დამკიდეს ფეხებზე ხუთი,
ხუთჯერ ხუთი კი მაწვება მხრებზე,
სიცოცხლეს ასეთს გვაძლევენ მისთვის,
რომ ზეასვლისთვის მოვისხათ ფრთები.

Friday, November 9, 2018

ქარს შეუხსნია მათთვის ღილები

მე ჩემს ცხოვრებას ავრევ ნისლებში,
რძიანებს უჩანთ ძუძუთა კერტი,
ქარს შეუხსნია მათთვის ღილები,
მსურს, მოვიშორო, ფიქრები ბერწი.

Thursday, November 8, 2018

გადაშლილი თეთრი წიგნის ამბავი (საბავშვო ზღაპარი)

   გოგო მაიას ორი მეგობარი ჰყავდა, თაგვი ნიგოზა და ჩხიკვი მახარა, კიდევ ძაღლი ბახულა, თუმცა ის მის ძმას, ნიკოლოზს უფრო ემეგობრებოდა, ამიტომაც გოგონას  ნამდვილი მეგობრების სიაში ვერასოდეს ხვდებოდა. ჩხიკვი მახარა იქვე, მათი სახლის ახლომახლოებში ცხოვრობდა, სად, ზუსტად, არ იცოდა მაიამ, ხან საიდან გამოყოფდა თავს ეშმაკი ჩხიკვი, ხან საიდან, ხან რა ამბავს მოუტანდა მეგობარს, ხან - რას, დიდი ჭორიკანა ვინმე კი იყო. გაზაფხულის პირველი მახარობელიც ის იყო, მინდორში თოვლი დადნა და ენძელა ამოვიდაო, ან მერცხლები მოფრინდნენო, ან ყანების მკა დაიწყეს სოფელშიო, ყველა ამბავს მისგან იგებდა გოგონა, რომლის მამა ტყისმცველი გახლდათ, ამიტომაც მათი ოჯახი  სოფლისგან მოშორებით პატარა ტყეში ცხოვრობდა: დედა, მამა, ნიკოლოზი, რომელიც მაიაზე სულ ცოტა უმცროსი იყო, თვითონ მაია, პაპა და ბებია. -  ტყეებსაც სჭირდებათ დაცვა, რომ არ მოვიდნენ ცუდი კაცები და ყველა ხე არ მოჭრან, თორემ მერე დედამიწაზე ჟანგბადი აღარ იქნება და ადამიანები დაიღუპებიანო. - ასე უხსნიდა ხოლმე ბებია მაიას სხვა ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების მიზეზს.           
       შემოდგომა მიიწურა და ტყეც თითქოს დაცარიელდა, შემოეძარცვათ სამოსელი ხეებს, აღარ ისმოდა ჩიტების გალობა, ხანდახან ყვავების ყრანტალი თუ გააყრუებდა არემარეს, ერთმანეთს გადასძახებდნენ: -  ეგერ მინდორში ხორბალი დარჩენიათ ასაკრეფი, ვასო პაპა შეუძლოდ ყოფილა და ვეღარ მოვიდა, შვილები და შვილიშვილები ქალაქში გადასახლებულან, აბა, ვინღა მოეხმარებაო. -  წამოიშლებოდნენ ყვავები და გაფრინდებოდნენ იმ მიტოვებული ადგილისაკენ. ერთ დილას მახარამ შემოსძახა: - ზამთარი დადგა, დეკემბერი დაიწყო, მალე თეთრი წიგნი გადაიშლება მთელს არემარეში და შენ მისი წაკითხვა უნდა ისწავლოო, - რა თეთრი წიგნიო? - ეკითხებოდა გოგონა, - მაგრამ პასუხად ჩხიკვისგან მხოლოდ ეს ესმოდა, - როცა გადაიშლება,  მერე ნახავო. - ელოდებოდა მაიაც ამ წიგნის გადაშლას. სახლში თაგვ ნიგოზას ეკითხებოდა, - ტყეში რა თეთრი წიგნი უნდა გაიშალოსო? - ისიც პასუხობდა, - შენი თვალით უნდა ნახო და თუ მაგ წიგნის წაკითხვას შეძლებ, ტყის ბინადართა ცხოვრებასაც ადვილად ისწავლიო. - თაგვს კი ნიგოზა რატომ ერქვა, ალბათ, მიხვდებით, ნიგვზის ჭამა უყვარდა ძალიან! სხვენზე შენახულ კაკლებს სულ რაკა-რუკი გაუდიოდა მოსავლის აღების შემდეგ.
    ერთ დილას ჩხიკვმა მახარამ ყველას ახარა, - თეთრი წიგნი გადაიშალაო! - გოგონამ ფეხსაცმელები ამოიცვა და გარეთ გავარდა დიდი ხნის ნანატრი ამბის გასაგებად და სანახავად,  უცებ კოჭებამდე თოვლში ჩაეფლო, - დედა, ეს რა არისო? - წამოიძახა, - თოვლიაო, - კაცივით ახითხითდა ჩხიკვი, - თბილად ჩაიცვი და ტყეში გავისეირნოთ, რაღაცები უნდა განახოო.  - დედამ გოგონას თბილი ჩექმები ამოაცვა, კაშნეც მოახვია და ქუდიც დაახურა, რომ არ გაცივებულიყო, თან ისიც შეახსენა, თოვლი ადრეც გინახავს, მაგრამ პატარა იყავი და არ გახსოვსო და გარეთ გაუშვა. - ფრთხილად იარე, შორს არ წახვიდეო! - მიაძახა პაპამ. დათოვლილი ხეები თავს უქნევდნენ გოგონას, თითქოს ესალმებიანო,  უხაროდათ მისი გამოჩენა. თეთრ თოვლზე შავი ნაფეხურები გამოჩნდა, - ეს  მელიასიაო, - აუხსნა ჩხიკვმა, რომელიც ხან რომელი ხის ტოტზე ჩამოჯდებოდა, ხან რომელი. დაფერთხავდა თოვლისგან ტოტებს, ხეებიც უჯავრდებოდნენ, - ჩვენს სილამაზეს ნუ გვართმევ,  გვიხდება თეთრი კაბებიო, - მაგრამ ჩხიკვი აინუნშიც არ აგდებდა მათ საყვედურს. - ეს ნაფეხურები მგლისაა, ხედავ სოფლისკენ დაძრულა, ეტყობა ტყეში საჭმელი ვერა ნახაო, აგერ, ძროხის ნაფეხურებიაო, - გაოცებით წამოიძახა, - ნეტავ, ამ ზამთარში ძროხას აქ რა უნდოდა, მგელმა თუ გამოიგდო წინაო, - თავისთვის წაიბუტბუტა მახარამ და თითქოს ჩაფიქრდა კიდეც, ხმა აღარ ამოუღია. გოგონა მიხვდა, რომ გადაშლილი თეთრი წიგნის წაკითხვა, ნაწილობრივ მაინც, ახალმოსულ თეთრ თოვლზე სხვადასხვა ცხოველის ნაფეხურების ამოცნობა იყო. თვითონაც დააკვირდა თოვლიან ზედაპირს, აგერ ციყვის ნაფეხურები აღმოაჩია, პატარა, პატარა. ძალიან გაეხარდა. მეც ვსწავლობ გადაშლილი თეთრი წიგნის წაკითხვასო.  ცოტა ხანში ძროხის ზმუილი მოისმა, იქით გაეშურნენ მეგობრები. ერთ დაბურულ ეკლიანი ბუჩქებით გარშემორტყმულ ადგილას ძროხაც იპოვეს. - არიქა, ვუშველოთო, - აყვირდა მახარა, მაგრამ გოგონას მისი თქმა რად უნდოდა, სახლისკენ გაიქცა, შორს მაინც არ იყვნენ წასულები  და პაპას უხმო საშველად, მამა სახლში არ იყო, სამუშაოზე წასულიყო. პაპას ძაღლი ბახულაც გამოჰყვა. საცოდავი პირუტყვი ეკლიან ბუჩქებს გადაერჩინა მგლის კბილებისგან, ჯერი ახლა ადამიანებზე იყო. მიიყვანეს, ბოსელში მიუჩინეს ადგილი სხვა პირუტყვის გვერდით, ბებიამ თბილი წყლით დაბანა, გაასუფთავა, პატარა ნიკოლოზმა თივაც აჭამა, კმაყოფილი ძროხა ძირს დაწვა და ცოხნა დაიწყო. ახლა თაგვის ჯერი დადგა, ამბავი სახლიდან ჩხიკვისთვის გაეტანა. - აი, ახლა დასასვენებლად წამოწვა თაფლა ძროხა და მალე დაიძინებსო, - შესძახა ამბის მოლოდინში ხის ტოტზე  სიცივისგან გატრუნულ ჩხიკვს. მახარაც სიხარულით გადახტა ტოტიდან ტოტზე, - ძროხა გადარჩაო! - მთელ ტყეს ამცნო, -  ხომ დარჩა მგელი ხახამშრალიო! -  ახითხითდა, - რა კარგია, გადაშლილი თეთრი წიგნის კითხვა რომ იცის კაცმაო, - ალბათ, მახარას თავისი თავიც კაცი ეგონა, ისე ამაყად წარმოთქვა ეს სიტყვები. - მონადირეებმა და ტყის მცველებმა ამ წიგნის წაკითხვა ყველაზე მეტად უნდა იცოდნენო, - დაუმატა და ახლა სიცილ-კისკისს  მოჰყვა. ვიცით, ალბათ, რომ ჩხიკვებმა და კაჭკაჭებმა ადამიანის ხმით ლაპარაკიც იციან.
     სახლიდან მოხუცების ლაპარაკი ისმოდა: - სოფლიდან, ვინმესი იქნებაო, - ამბობდა პაპა, - გზები რომ გაიხსნება თოვლისგან, მერე წავუყვანოთო, - პასუხობდა ბებია. ჩხიკვი მახარა გაფაციცებით უგდებდა ყურს მათ ლაპარაკს. წინ კიდევ დიდი ზამთარი იყო, ის ხომ ჯერ სულ ახლახანს დაწყებულიყო. კარზე დეკემბერი იდგა. ქვეყანა კი ქრისტეშობის მოლოდინში გატრუნულიყო.

Tuesday, November 6, 2018

ხვრეპდა ის ჯამით...

ის ჯამით ხვრეპდა კამკამა ღვინოს,
ყანწებს გაჰქონდათ ორომტრიალი,
კარებთან იდგა პატარა ღვთისო,
ხელგაშვერილი, უმწე, მტირალი.

უიმედოებს

მე მივდიოდი და არ ვიცი, საით ვიდოდი,
ცაზე არ ჩანდა აღარც მთვარე, აღარც ვარსკვლავი,
ჩვენ, უკუნეთში მიმავალებს, მგზავრნი გვიწოდეს,
გატანება კი დაენანათ მცირე საგზალის.


Monday, November 5, 2018

ვერ უპოვია სამართალი

ფეხებზე ლოდებდაკიდული ვეძებთ სამართალს
და ამ ლოდებსაც ალესვიათ ზედა პირები,
ვერ უპოვია სამართალი ვეღარც სანათას,
უმოწყალოდ რომ დაუხოცეს ვაჟიშვილები.

ყველა ხიბლშია თუ მეჩვენება?!

ყველა ხიბლშია თუ მეჩვენება?
იპყრობს ეპოქას ხრჩოლვა-ხველება,
სასუნთქი აღარ რჩება ჰაერი,
გაჯერებულა თავის საქები
სიტყვით და ქვეყნის არ ჩანს მომგონი,
რომ შეაწიოს ცოტაოდენი.

Sunday, November 4, 2018

გოგონა, რომელსაც ადამიანების ენა არ ესმოდა (ჩანახატი)

   მაიას მეგობრები არ ჰყავდა და სარკეს დაუმეგობრდა. გახსნიდა სარკეს, მრგვალს, გარშემო ჩუქურთმებით მორთულს, ბებიას ნაჩუქარს და იქიდან მომზერალ ორეულს ესაუბრებოდა. მოუყვებოდა ბაღის ამბებს, ბაღში ერთი წელია უკვე დადის, მარტო თვითონ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ორეული კი დუმდა და დუმდა, თევზივით პირში წყალი ჩაეგუბებინა. იცოდა მაიამ, რომ ორეულები არ ლაპარაკობენ, ამიტომ არც სთხოვდა მეგობარს, მელაპარაკეო. მაგრამ ერთხელ ძალიან, ძალიან მოუნდა, მას ხმა გაეცა. იმ ღამით მაიას მაია ესიზმრა, სარკეში კი არა, ცხადად დაინახა, თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა თავისთან იხმობდა ყვავილების ველზე. გაიქცა მაია მეგობართან შესახვედრად, დაკრიფეს ყვავილები გოგონებმა, ისაუბრეს, იცინეს, იმხიარულეს. კმაყოფილმა გაიღვიძა, მეგობარი შევიძინე, რომელთანაც ლაპარაკი შემიძლიაო, დღისით, როცა მეგობარი ძალიან მოენატრებოდა, გახსნიდა თავის ჯიბის სარკეს და ესაუბრებოდა თავის ორეულს, ღამით სიზმარში პატარა მაიასთან ერთად მთა-ველს შემოივლიდა, ვარსკვლავებიან ცას უყურებდა, მაია ვარსკვლავების სახელებს ასწავლიდა, ყველა მცენარის, ყვავილის სახელიც ასწავლა, გოგონას ცოდნით ევსებოდა უჯრედები, სხეულის ნაწილები, რიგში ეწყობოდნენ ნივთები და საგნები, - არა, ჯერ ჩემი სახელი ისწავლე, არა - ჩემიო. ეძახოდნენ, - ყველაფერი იცოდა გოგონამ, ყველასი და ყველაფრის ენა ესმოდა, ადამიანების გარდა, მათი ენა ვერაფრით ისწავლა.

სამწუხაროა...

სამწუხაროა, რომ ეშვება ფარდები ტყვიის,
გაჯერებულა ტყვიით სისხლი, ძარღვებში ყივის,
ამის ბრალია თუ ხალხს თვითონ შეჰყრია სნება, -
ტაში დაუკრას წარმატებულს, სხვას ფურთხი ხვდება.

Saturday, November 3, 2018

ქარი და კლდე (საბავშვო ზღაპარი)

    ქარი და კლდე

 ქარი და კლდე მეგობრები იყვნენ. მოფრინდებოდა ქარი, მოუყვებოდა მეგობარს მთისა და ბარისას, ის ხომ ცნობილი მოგზაური იყო. აუცრემლიანდებოდა თვალი კლდეს, მეც მინდა, სადმე წავიდე, ეს ქვეყანა ვნახოო, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ხანდახან გაიქნევდა ფეხს, მოსტყდებოდა ნატეხი, ჩამოგორდებოდა ძირს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, როცა სევდა მის გულში ძალიან მძლავრობდა. ქარიც აქაქანდებოდა, -  რას შვრები, კაცო, ეგ გოროხი ვინმეს თავზე არ დაეცესო, - შეშფოთდებოდა კლდე და გაიღიმებდა, როგორც შეეძლო, უფრო სწორედ, გაიღრიჯებოდა, ამ შავ გოლიათს სიცილიცა და ღიმილიც უცნაური ჰქონდა. მეგობარი ხასიათზე რომ მოეყვანა, აცქმუტდებოდა ქარი, ხან ერთ კალთაზე მიაფრინდებოდა, ხან მეორეზე, შეუღიტინებდა, ახითხითდებოდა მაშინ კლდე, უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მის ნაპრალებში ხომ ქარი დასეირნობდა. ჭიდაობაც ძალიან უყვარდათ მეგობრებს, შეეჭიდებოდნენ ერთმანეთს, ქარი ქარიშხლად გადაიქცეოდა ხოლმე, უბაგუნებდა კლდეს, ხან ერთი მხრიდან შემოუვლიდა, მუშტებს ურტყამდა, ხან -  მეორე მხრიდან, ქოჩორშიც წასწვდებოდა, წვერზეც წამოარტყამდა, მაგრამ რას უზამდა? ის ხომ კლდე იყო, ამაყად მდგომი, საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი. მიუშვერდა ჟანგიან გულს ქარს და - მირტყიო,  -  ეუბნებოდა. არ ზოგავდა ძალებს ქარი, მაგრამ რა? კლდე სიცილით კვდებოდა, იცინოდა და იცინოდა, გუგუნებდა და გუგუნებდა. შორს ბარში ისმოდა მისი ხმა. მხოლოდ ღამე კვნესოდა და ტიროდა, მარტოობისგან გათანგული.
     ერთ დღეს ძალიან მოიწყინა კლდემ, სევდიანი დახვდა მეგობარს, არწივებიც კი არ იკეთებენ ჩემს თავზე ბუდეს, არავის მოვწონვარო, მაშინ ქარმა ჯიბიდან საჩუქარი ამოიღო და კლდეს მიაწოდა, უფრო სწორედ,  მის კალთებზე იის თესლი მიმოაბნია, იქნებ გაიზარდოსო. დადგა გაზაფხული და კლდის ერთ კალთაზე ია ამოვიდა. გული გაუთბა კლდეს, ახლა იცოდა, ვისზე ეზრუნა. მეგობარი რომ მოვიდა, გულაჩვილებულს ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან, მადლობა უთხრა, ეს რა სიკეთე მიყავიო. ჭიდაობისას ხშირად შეჩერდებოდა, მეგობარს აფრთხილებდა, ჩემი ია არ დააზიანოო. მოეწონა იასაც მზრუნველ კლდესთან ცხოვრება, გამრავლდა, მთელ კლდეს მოედო, ლურჯი ყვავილებით აყვავილდებოდა ხოლმე გაზაფხულზე, გარშემო სურნელს აფრქვევდა. ერთხელ მოსეირნე დედა-შვილმა ჩაუარა, აღფრთოვანებულები შეაჩერდნენ ლამაზ ბუჩქებს, - იების კლდეო! -  წამოიძახა გოგონამ. მას მერე კლდეს ეს სახელი დაერქვა. გულგილად არავინ ჩაუვლიდა ხოლმე გვერდზე. ისიც ამაყად გადახედავდა ხოლმე მნახველებს, - შეხედეთ, რა სილამაზე ხარობს ჩემს გულზეო, - მისი კვნესაც აღარ ესმოდათ ბარში, ღამ-ღამობით გულს რომ უწუხებდათ.

Friday, November 2, 2018

ნოემბერი (საბავშვო ზღაპარი)

                         ნოემბერი (ზღაპარი)

   შემოდგომას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ყველა სხვადასხვა ხასიათისა და ზნისა იყო. გაისეირნებდნენ ხოლმე ბაღში ქალიშვილები, მაგრამ იქიდან ყოველთვის ერთმანეთზე გაბრაზებულები ბრუნდებოდნენ. მივიდოდა სექტემბერი დედასთან და შესჩივლებდა, დები დამცინიან, ასე შილიფად რატომ გაცვია, ეს ყვავილებიანი კაბა რაღად გინდა, ხომ არ გავიწყდება, შემოდგომის შვილები რომ ვართ, ცოტა მეტი ჩაიცვი, თორემ რომ გიყურებთ, გვცივაო! მაგრამ სექტემბერს ვინ რას გააგებინებდა? ის ხომ გოგო-ბიჭების საყვარელი თვეა! სწავლა იწყებაო და აბა, ბავშვებს ყვავილები ხომ სჭირდებათ, მასწავლებლებს მიართვან და გული გაუხარონო, ამიტომ ცდილობდა, ყვავილები არ გამოლეულიყო ბაღებში, სადაც თავს იწონებდნენ ნაირფერი ასტრები. შეიძლება არ იცით და ბერძნულად მათი სახელი ვარსკვლავს ნიშნავს და როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, ისინი ვარსკვლავიდან გადმოყრილი მტვრისგან შეიქმნა. სექტემბერში ბაღებში ასევე გამოულევლადაა ქრიზანთემები! მოგწონთ, ალბათ, გეორგინებიც! მათ დალიასაც ეძახიან, ბუთხუზა და არაბუთხუზა ყვავილებით. უხაროდა სექტემბერს ბავშვების სკოლაში გაცილება, შეუმჩნევლად ეფერებოდა მათ თავზე, გოგონებს პატარა ნაწნავებს აუპრეხდა, ვინც ნაწნავებს ატარებს, სხვებს - შუბლზე გადმოყრილ თმებს გაუსწორებდა, ბიჭებს კი აუცილებლად მოუტყაპუნებდა მხარზე, ჭკვიანი და დიდი ბიჭი გაიზარდეო.
       ოქტომბერს მხრებზე ჟაკეტის შემოსხმა უყვარდა, ფეხებზეც თბილად ეცვა, ცხიკინი არ დავიწყოო. ბებიას მოქსოვილ წინდებს აჩვენებდა დებს, შემომხედეთ, რა ჭრელი წინდები მაქვს, ქვეყნის ყველა ფერი შიგნით არისო, ყვითელი, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ა. შ. მათი ბებია კი, როგორც მოგეხსენებათ,  წელიწადი იყო, იცოდა თავისი შვილიშვილებისთვის რა ტანსაცმელი მოექსოვა და შეეკერა, მას ხომ სხვა შვილიშვილებიც ჰყავდა. მარტს ენძელებით და იებით მოჩითული საბანი შეუკერა, ივლისს -  ყვითელი, აი, მოწეული ყანის ფერი, მას ხომ ხალხი მკათათვეს ეძახის! სხვა დანარჩენი თვეებიც უსათუოდ გეცოდინებათ! უყვარდა ოქტომბერს მოსავლის აღება, კალათების წაღებაში ეშველებოდა იმ პატარებს, რომლებიც უფროსებს ეხმარებოდნენ ხილის კრეფაში, მიაწვებოდა ზურგიდან, კალათასაც მიაშველებდა ხელს და მირბოდა პატარა, არც კალათა ამძიმებდა და არც სიარული უჭირდა. - რა ყოჩაღიაო, - იძახოდნენ მისი შემხედვარე ბებიები და პაპები. ნოემბერი დებს შორის ყველაზე ბრაზიანი და ჭირვეული იყო, შავი ღრუბელივით მოიქუფრებოდა, არაფრით იყო კმაყოფილი, განსაკუთრებით იმაზე ბრაზობდა, რომ პატარებს ვერაფრით ახარებდა. ჩაწვებოდა ჰამაკში, სახლის ეზოში რომ ეკიდა და ატრიალებდა თავის ნებაზე ქარსაც, ღრუბლებსაც, ამინდსაც.
      ნოემბრის ერთ დილას ბიჭი კაკალა და ძაღლი მურა ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად წავიდნენ. მამას ცოტათი მაინც მივეხმარებიო და კარგა დიდი კონებიც შეკრა, ზურგზე მოიკიდა და სოფლისკენ თავქვე დაეშვა. მურა ხან წინ გარბოდა, ხან უკან ჩამორჩებოდა, ემანდ ვიმემ ჩემი მეგობარი არ შეაშინოსო. მოულოდნელად კაკალას  წინ რამოდენიმე ბიჭი აღიმართა, დიდი თვალებით და უცნაური გამომეტყველებით, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, - ეს ფიჩხი აქ დატოვე, ჩვენიაო, - უთხრეს. გაუკვირდა კაკალას, ესენი ვინღა არიანო, ტვირთი ზურგიდან მოიხსნა, ძირს დადო და საჩხუბრად მოემზადა. აყეფდა მურა, გაიქცა მომხდურთაკენ, კბილი უნდა ეტაცა ერთ-ერთის ტანსაცმელისათვის, მაგრამ ის ისე ოსტატურად დაუძვრა, ძაღლსაც გაუკვირდა, ეს ადამიანია თუ სხვა სულიერიო. ყეფის ხმაზე ტყეში მოსიარულე ნოემბერი მივიდა მოჩხუბრებთან. რას ხედავს, რამდენიმე ჭინკა კაკალას ეომება, წაეხმარა ბიჭს. მაშველად ქარი მოიხმო, იმან დაუბერა, დაუბერა, ჭინკები სულ აქეთ-იქით მიყარმოყარა, მერე მოკრიფა და მდინარეში მოისროლა. გაახსენდა ნოემბერს, რომ ჭინკობისთვეს ხალხში ტყუილად როდი ეძახიან! ამ თვეში ამოიყრებოდნენ ხოლმე ჭინკები მიწიდან, მაგრამ დედა შემოდგომა მათ მდინარეში მოისროდა, რომ არავისთვის არაფერი დაეშავებინათ. ნოემბერი ხომ მაშინ ძალიან პატარა იყო, ახლა კი ამ საქმეს თვითონაც კარგად გაუმკლავდებოდა! კაკალას ფეხი სტკენოდა, ბიჭუნა ბორცვზე ჩამოჯდა, გზის გაგრძელება არ შეეძლო. მარტო დაეშვა ძაღლი სოფლისკენ, მანამდე კი, სანამ მურა მაშველს მოიყვანდა, ნოემბერმა უშიშარ ბიჭს შემოდგომის ხმელი ფოთლები მიაფარა, არ შესცივდესო, თან დარაჯობდა, სიბნელეში არავინ შეაშინოსო. მალე მურამ ტყეში კაკალას მამა ამოიყვანა და ბიჭი სახლში წაიყვანეს. გაიცინა ნოემბერმა, რამდენიმე დღე ამის მერე კარგ ხასიათზე იყო, კაკალა გადავარჩინეო. მას მერე თავისი მისიაც გააცნობიერა: გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დაეხმაროს, ტყეში დაკარგულებს გზა ასწავლოს, გაცივებული გაათბოს, შეშინებული დაამშვიდოს, ჭინკებთან და ავსულებთან მებრძოლებს მხარში ამოუდგეს, ჭინკები კი წყალში მოისროლოს, სანამ მომავალ წელს ისევ არ ამოვლენ მიწიდან, რათა არ დაავიწყდეთ ადამიანებს, - ბოროტებაც არსებობს. ამიტომ, თუ ნოემბერში კარგი ამინდი გამოვიდა, ესე იგი იცოდეთ, ნოემბერი რომელიმე გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა და კარგ გუნებაზეა.

11/2/18 10:48 PM

Tuesday, October 30, 2018

როცა მეგონა...

როცა მეგონა, მას ეცვა თეთრი,
ემოსა თურმე სამოსი გველის,
ნაშუქი მისი, ვითომდა მთვარის,
ყოფილა თვალი ბოროტის, ავის.
ხანდახან კაცი ვერ ხედავს მზესაც,
მისთვის ალმასი უფრორე ელავს
და ვით პეპელა, ცეცხლშივე კვდება,
რადგან ვერა სცნობს განგების ნებას.




რა ვუყო სულში ჩარჩენილ ხიჭვებს?!

რა ვუყო სულში ჩარჩენილ ხიჭვებს,
პატარას დედა მიღებდა ნემსით,
დღეს მათ გარშემო ბალღამი ფეთქავს,
მეწვის... ძმა ჩემი შიგ ისრებს მესვრის.

ხავერდოვანი დამიგეს მოლი...

ხავერდოვანი დამიგეს მოლი,
ფიანდაზებით მომწყვიტეს თვალი,
მერე დამკიდეს კისერზე ლოდი,
მაინც ზეამწევს ტალღების ჩქამი.

Sunday, October 28, 2018

შავი გიშერი ტყუილად ვატარე

გადამტყდარი ვარ შენს მკლავზე შფოთი,
შავი გიშერი ტყუილად ვატარე,
ვერ დავბრუნდებით ბედნიერ დროში,
ვეღარ გაგიშლი დიბა-ატლასებს.
მძიმე ტვირთივით გულს მადევს ლოდი
(ერთ დროს ფაქიზად ხელში გეჭირა),
ახლა ღალატით გასრესილს მხედავ, -
ამ ლოდების ქვეშ, თურმე, მეძინა.
ხარირმის თვალებს მარიდებ, მალავ,
ამოგბურცვია ტუჩი სატირლად,
ნეტავ, კვლავ გახსოვს ჩვენი ბავშვობა
თუ ამ ღალატმა ისიც გასრისა?!
ჩემს სიყმაწვილეს აღარა ვჩივი,
რაც მეკუთვნოდა, ალბათ, მივიღე,
რცხილის წკნელები გამხდარა ცვილის,
ვეღარ შევუტევთ თხების კვინიხებს...
ჭაობად იქცა ჩემი "მე და შენ",
ასევე შენი "კარგო" და "ჩემო",
დავმგვანებივარ ძლეულ კართაგენს, -
დანგრეული ვარ... ძველებურს ჩემობ.
ვერ გაამთელებ სარკეს გაბზარულს,
მკერდზე ვარდები მაწევს ლოდებად,
გაპარულ სითბოს ვერ დაიბრუნებ,
დანესტილ ქვაბში პური ობდება.


თომას საჩუქარი(მოთხრობა)

       თომას სკოლაში ეჩქარებოდა, მაგრამ ჯერ მეგობართან უნდა შეევლო, იმასთან ჰქონდა დატოვებული საჩუქარი - პატარა ხის ყუთი, ქართული ჩუქურთმებით, ნინოსთვის რომ შეაფუთინა, სკოლაში ჩუმად უნდა მისცეს, მაგრამ ეგრეც რომ არ გამოვა?! იმხელა ქაღალდში შეახვიეს, ზედ ბაფთაც გაუკეთეს! კიდევ კარგი, ქაღალდის პარკი მაინც შეარჩია სადა. "მაგათ რა ვუთხარი", - ფიქრობდა ბიჭი, ეს ზედმეტი საზეიმო განწყობა რაღა საჭიროაო, მაგრამ თვითონაც სიხარულით დაფრინავდა. თხუთმეტი წლის გახდა ნინო, მის დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდიოდა, ნეტავ, ასეთი რამე სხვასაც სჭირს, რა თქმა უნდა, შეყვარებულებს გულისხმობდა, თუ მარტო მეო, -  გაოგნებული ფიქრობდა ბიჭი. - ალექსი - შესძახა მეგობარს და ჭიშკართან გაჩერდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. გამოვიდა ალექსი, ერთ ხელში ქაღალდის პარკითა და ზურგზე ჩანთით. პარკი ხელში შეაჩეჩა მეგობარს, თანაც ისე გაუღიმა, ცალი ყბით, თითქოს რაღაცა დიდ საიდუმლოს ინახავსო. გვერდი გაჰკრა თომამ, - შენებს ხომ არაფერი უთხარიო, - არა, სახლში ისე შევიტანე, ვერავინ შეამჩნიაო, - იყო პასუხი. - ჩემთან ხომ იცი, ბებიაჩემი ყველაფერს აკონტროლებს, ისე ვერ შევიტანდიო, - თითქოს მოუბოდიშა თომამ, - არაფერია, - მხარზე ხელი მოუთათუნა ალექსიმ, მეგობრებმა რაღაცა დიდის მოლოდინში გზა განაგრძეს. - გაკვეთილიდან შენ გამოიყვანეო, - სთხოვა თომამ მეგობარს, იმან უხმოდ დაუქნია თავი. სკოლაში მისულებს კლასელები შემოეხვივნენ, ყველამ იცოდა თომას რომ პარალელულკლასელი ნინო უყვარდა. აინტერესებდათ, რა იყო პარკში, განსაკუთრებით, გოგოები არ აცილებდნენ თვალს საჩუქარს. ზოგიერთს შურიც აღძვროდა ნინოს მიმართ, თომა ხომ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გინდა სწავლითა და გინდა შესახედაობით, გინდა ზრდილობითა და გინდა ვაჟკაცობით, მაგრამ ახლა რატომღაც დაემორცხვებინა და გოგოებისთვის თვალებში შეხედვისა რცხვენოდა. სკოლის ზარი დაირეკა და გაკვეთილებიც დაიწყო. პირველი მათემატიკა ჰქონდათ. -  ჯიგარი ქალია, მაგას ვთხოვოთ, გაკვეთილიდან გაგვიშვას, ნინო გამოვიყვანოთო, - უთხრა თომამ გვერდზე მჯდარ ალექსის. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბიჭმა. ოთახიდან გასულები პარალელური კლასის ოთახს მიადგნენ. კედლები თითქოს ირყეოდა, გადი-გამოდიოდა, თომას ჩურჩული ესმოდა, - თომას ნინო უყვარსო, - ეს ხმა სულ უფრო ცხადი ხდებოდა, საიდან ისმისო, ფიქრობდა თომა, იქნებ, ნინოს საკლასო ოთახიდან, იქნებ, სამასწავლებლოდან, იქნებ, დირექტორის ოთახიდან, მგონი იცინიან კიდეც, ეგ რა ნინოს შესაფერისია, ღარიბია, ცალ-ცალი კალოშით დადის, ანდა, რა საჩუქარი უნდა მოუტანოს, რომ გააკვირვოს, მთელი ოჯახი რომ გაყიდოს, ისეთს ვერაფერს შეიძენსო. ჭოჭმანებს ბიჭი, ღირს კი ნინოს გამოყვანა?! მართლა არაფერია ქვეყანაზე ნინოს შესაფერისი, ის რომ გაახაროს, ის რომ გააკვირვოს. - ფიქრობს ბიჭი. ალექსი ატყობს მეგობარს, რომ აღარ უნდა საქმის გაგრძელება, - რას შვრები ბიჭო, გაგიჟდი? მთელმა სკოლამ რომ გაიგო ამ საჩუქრის ამბავი, ახლა იხევ უკან?  - ეუბნება და ჯიქურ აღებს საკლასო კარებს. გაკვეთილიდან გამოჰყავს ნინო. გოგონა ნათელი თვალებით შეჰყურებს ბიჭებს, ელოდება, რას ეტყვიან. პარკსაც ხედავს, თომას რომ მორიდებით უჭირავს ხელში. რომ არ გამოართვას უზრდელობა იქნება, უხმოდ ჩამოართვა და გაკვეთილზე ბრუნდება. შვებით ამოისუნთქა სკოლამ, კედლებიც აღარ ქანაობენ, უბრალოდ ერთმანეთს ეჩურჩულებიან: აიღო საჩუქარი, ესეც კარგიაო. გაკვეთილების შემდეგ მთელი სკოლა გაიკრიფა, მხოლოდ ორნი დარჩნენ ადგილებზე, თავთავიანთ მერხებზე, თომა და ნინო. ნინომ, როგორც იქნა, გახსნა საჩუქარი, შიგნით წერილებია, მამამისის, დიდი ხნის წინ დაღუპულის, თომას დედისთვის მინაწერი, მაშინ ისინიც თხუთმეტი წლისები იქნებოდნენ, ჩუმად ატირდა გოგონა, წერილები ცრემლის წვეთებით დაიფარა, არ გავაფუჭოო, ხელი გადაუსვა ქაღალდებს, გულდასმით დააწყო ერთიერთმანეთზე.  კედლები აღელდნენ, გაიწ-გამოიწიეს, გოგონას დაწყნარება უნდოდათ, იმ სიყვარულის მოწმე ესენიც იყვნენ, მდიდარ ბიჭს ღარიბი გოგონა ცოლად არ მოაყვანინეს, ეგ რა ჩვენი ოჯახის შესაფერისიაო. ნინო ადგა, ფრთხილად გაიარა დერეფანი და თომას კლასში შევიდა, იცოდა, იქ იქნებოდა. - დიდი მადლობაო, - ნაზად მოჰხვია ხელი მხრებზე და შუბლზე აკოცა. ხელიხელჩაკიდებული გამოვიდნენ  სკოლიდან ბიჭი და გოგო. ახლა აივნებმა და ფანჯრებმა მორთეს ზრიალი, თითქოს ტაშს უკრავდნენ, ცნობისმოყვარედ იცქირებოდნენ, ტუჩ-კბილიც წინ წამოწიეს, საკოცნელად ემზადებოდნენ, ყველაზე ძალიან კი ის აინტერესებდათ,  ნეტავ, როგორ დამთავრდება ამათი სიყვარულის ისტორიაო?!

Thursday, October 25, 2018

რა ბედენაა ჭრილობა ღია

დამახლის ბედი ათასჯერ ტყვიას,
მაინც ათასჯერ ავდგები ფეხზე,
რა ბედენაა ჭრილობა ღია,
თუ სული ჩემი ხსნას ცაში ეძებს.

ჩვენ უნდა შევძლოთ...

"ჟამმა მშალა და მაქცია მიწად",
მოგვძახის მოთქმით კლდეკარის კოშკი,
ჩვენ უნდა შევძლოთ, ვუგანოთ ხაფანგს,
მელა ებმევა შიგ, ისიც ნორჩი.

ნეტავი, კაცთა იცოდნენ ხერხი

გუშინ რომ გზაზე მხვდებოდა ვერხვი,
დღეს მისით თლიან კუბოთა ფიცარს,
ნეტავი, კაცთა ვიცოდეთ ხერხი,
არც კაცი მოკვდეს და არც რომ ვერხვი.

მომელანდები, კიდევ, ოდესმე?! (ვალერიან გაფრინდაშვილს)

შემოკლდა ჩვენთვის დრო და მანძილი,
დაღლილი შენთან ყოფნის ლოდინით,
დღეს შენს ლანდს ხესთან ვესაუბრები,
როდემდე ვიყოთ ასე უბრები?!
სადღაც შორს ყეფენ ღამის ძაღლები,
სანდომიანი და კუდქიცინა,
იასამანი იისფრად ყვავის,
სურნელი მოდის თითო კვირტიდან.
მოგესალმები, გხედავ, გიყურებ,
თეთრი მნათობი დაგვნათის მრგვალი,
ვუსხედვართ სუფრას მხოლოდ ჩვენ ორნი,
მწვანე სანთლების ლიცლიცებს ალი.
სარკმელში  მოჩანს მწუხარე ლანდი,
ანარეკლია შენივე სახის,
ნუთუ, კვლავ გახსოვს ლოტრეამონი,
ჟერარ დე-ნერვალ, ფრანსუა ვიონ?
შენ ხომ ბოჰემას ბედი გეწადა,
ყველას უკლებლივ სუფრასთან ვიხმობ.
გაიმართება ნადიმი დიდი,
ბოკალებს მაწვდის კრისტოფორ მარლო,
ჟიულ ლაფორგი ზის და მდუმარებს,
ჩონჩხად ქცეულ გვამს მთოვარე აფრთხობს.
გაფერმკრთალდება დილით ყოველი,
აღარც ლოზინსკი, არც გიჟი ედგარ,
ახლა მწადია მეც ხარაკირი,
"სისხლის მდინარედ იღვრება ზეცა".
მზეს აქანდაზი უჭირავს ხელში,
სხივების ცოცხით სიბნელე გააქვს,
მომელანდები, კიდევ, ოდესმე?!
ვიპოვი, ნეტავ, მითიურ გრაალს?!


Wednesday, October 24, 2018

ვიძინებ, თითქოს, სულ ერთი წუთით

მე ჩამოვხსენი ზეციდან მთვარე
და მასთან ერთად ვირწევი ზღვაში,
ტალღებს ჩემს ირგვლივ გააქვთ ჩქრიალი,
მარტო ვართ, მარტო, მოწმეა ღამე.
მთვარე მიყვება ათასფერ ზღაპარს,
ვიძინებ, თითქოს, სულ ერთი წუთით,
გავახელ თვალს და ლამაზი ღამის
ნაცვლად ვირწევი ტალღების კუპრში.


Tuesday, October 23, 2018

ღამე დაგვიგებს ლოგინს მე და შენ

ღამე დაგვიგებს ლოგინს მე და შენ
და როგორც კითხვა, დაგვხედავს მთვარე,
ვიქნებით ერთად თუ შემდეგ ზაფხულს
აღარ გვერქმევა ხიზნები ღამის? 

ამოდის მზე

ამოდის მზე და ჰაერიც თბება, ბალახს მოუსხამს ცვარ-ნამი დილის,
ლურჯი ღრუბელი დედიშობილა ცად დატანტალებს, გაუშრა პირი,
კამკამა ზეცა თეთრ აფრებს იშლის, მას არაფერის არა აქვს შიში,
სანამ ჯიქნები არ დაბერილა, მჯიღის დაცემის ვერ იგრძნობს ტკივილს.

მე არ მეგონა

მე არ მეგონა, თუ დასმენა შეიძლებოდა,
მაშინ დაიწყო სულმა ჩემმა ჯოხით ყანყალი,
შენს წერილებზე მოყირავე სული დაემხო,
არ დაიტოვე წასასვლელად მცირე საგზალიც.


Monday, October 22, 2018

მიყვარს ხევსური ქალები...

მიყვარს ხევსური ქალები,
მათი თმა და დალალები,
მათი გული და თვალები,
მზით განარუჯი ღაწვები,
მათი სული და სულეთი,
მათი გაზრდილი ვაჟები, -
მიწის ერთგულნი, მშობლიურ
კლდეთაგან ანათალები,
მტრისათვის ზარისდამცემნი,
ხანჯლით დაჰქონდათ ნათელი.

ხევსურის ქალმა "ნანაო"
უმღერა თავის ბალღსაო,
აკვანში ტყვიით მოკლულსა
ტანით გადაეფარაო,
ტყვიას და წამალს აწვდიდა
ლეკებთან მებრძოლ ქმარსაო,
ცდილობდა, მას არ შეეტყო,
მზე მოსწყდა ბალღის თავსაო.
არ ჩაშლილიყო იქავე,
ხელი არ შეჰქანებოდა,
სარკმლიდან მოვარდნილ ტყვიას
თავად არ შეჰგებებოდა...
მაგრობდა, ცრემლებს მალავდა,
ზარი ბინდივით  დგებოდა.

მიყვარს ხევსური ქალები,
წყაროს წკრიალა ზარები,
მზეში მზისთანამყოფელნი,
ავდარში ტყვიის ღვარები.

თამარულ ჭინჭარაული
დამალულიყო კარს უკან,
მარბიელ ლეკებს დაუხვდა,
შვიდი მომხდური აკუწა,
ერთად ბევრი რომ მოვიდა,
კარში გავარდა ხმლიანად,
შეუპოვარი ბრძოლითა
მრავალი დააზიანა...
კაცებთან ერთად გასდია,
მათ სისხლი არ შეარჩინა,
გუდანის ხატში საოხად
ხალხს ლუდი მოახარშვინა:
"ვინც ამას დალევს, დამლოცავს
ჯანი მიეცეს ხარისა!"
ხევებს მწედ გადეფარა
მზე თამარულის ხმალისა.
მას მერე ასე იტყვიან:
"მადლი გუდანის ხატსაო,
შეუნდოს ღმერთმა თამარულს,
ჭინჭარაულის ქალსაო,
თუ რამე შეუცოდია,
სამშობლოს ხმალს და ფარსაო,
ყოველ წელს მოიხარშება
ლუდი ამ ქალის თავსაო".

მიყვარს ხევსური ქალები,
წმინდა ბროლი და ლალები,
მზის სხივით განაბრწყინები,
დილის ნამს შენამსჭვალები.

მზექალაც  უნდა ვახსენო,
არაბულების ქალიო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილთან
ჩამხდარა, როგორც ვაჟიო,
შეუძახია:"ნუ წევხარ,
შენ გელოდება ჯარიო,
თუმც ავადა ხარ, იბრძოლე,
ჩაბღუჯე ხანჯლის ტარიო!"
სნეულს შერცხვა და თან გაჰყვა,
როცა შეიცნო ქალიო,
მეგზური გახდა იმისი,
გადაატარა წყალიო.
ორწყალში ხევსურთ დასხმოდა
რუსების დიდი ჯარიო,
ჩვენებურებმა წააგეს,
არ ეყოთ ძლევის ძალიო.
"სანამ ცოცხალ ვარ, კერაზე
რუსს არ ვაღირსებ გავლასო!"
იძახდა ქალი  ლამაზი...
დავტირი მის შავ დალალსო.
კერაზე გადამხობილი
დაუხვდა რუსის ჯარსაო,
მანამდე ორი მოუკლავს,
სანამ გმირთ შეხვდა მაღლაო.

მიყვარს ხევსური ქალები,
ტუჩისპირ შვენით ხალები,
კაბა-ჯუბაში ჩაცმულებს
პირზე გადასდით ალები.
ხალიჩებს დაგვიმშვენებენ
იმქვეყნიური ხაზებით,
მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს
ჩავყვებით, ჩავიკარგებით.

მამის თორ-აბჯრით შემოსილს
ბასილაურსა ბუბასა
ფიცხელი ბრძოლა შვენოდა,
გამოჰყოლოდა გუმანსა,
მტერს, როგორც კაცი, ებრძოდა,
გაეცა მხოლოდ მუზარადს,
ჩამოვარდნოდა, დალალი
ქარში თავთუხად ბრუნავდა...

ასე დასრულდა ბალადა,
შემორჩენილი ამბადა,
მათი ხსენება, მგონია,
აგვიხდებოდეს კარგადა,
კარზე გვექნება ნალადა,
ბედნიერების დარადა...
მალე ჩვენც გვეთქვას მტრისათვის
ომახიანად: "ხაბარდა!"










დაელოდები შენ კარგ ამინდებს

შენს გულში, მგონი, ისევ ვწვიმდები, 
შემოგემატა დარდის ფურცელი,
დაელოდები შენ კარგ ამინდებს,
დროებითია, იცი, ყოველი.

შემოდგომის ფოთლები (საბავშვო მოთხრობა)

   დადგა შემოდგომა და ფოთლებმა ძალიან მოიწყინეს, ჯერ ერთი მოსწყდა თავის ალაგს, მერე მეორე, ქარმა ისინი სხვადასხვა მხარეს გადაისროლა და მიწაზე მოათავსა. ხეზე დარჩენილები კანკალით ელოდნენ თავიანთ აღსასრულს, არ უნდოდათ დედა-ხესთან განშორება, ამიტომ მონდომებით ეკვროდნენ ტოტებს, მაგრამ შემოდგომის ქარი რის ქარია, თუ ისე არ დაუბერა, რომ ფოთლები იქით-აქეთ არ მოისროლა, ცოტა არ წაითამაშა! გინახავთ, ალბათ, როგორ მიარბენინებს ქარი ფოთოლს, ხან იქით მიაგდებს, ხან აქეთ, თითქოს ფეხბურთს თამაშობსო..  მართლაც, ახლაც მიეხალა ხეს და სულ სათითაოდ დააწყვიტა ფოთლები, დაატრიალა, დაატრიალა და ისინიც მიწას დაანარცხა, ნეშომპალად უნდა იქცნენ და მიწა გაანოყიერონო. ქალაქშიც აათამაშა ქარმა ფოთლები, რიგ-რიგად დააწყო, შარიშური გააქვს ფოთლებს გამვლელების ფეხქვეშ ასფალტზე, დილით მეეზოვე ცოცხით მოხვეტს და ურნაში გადაუძახებს, მერე ქალაქის დასუფთავების სამსახურის მანქანები ჩამოუვლიან ურნებს და ფოთლებს ქალაქგარეთ გაიტანენ, მიწას ჩაეხვევიან იქაც ფოთლები, შეეზრდებიან, ნეშომპალად იქცევიან, გაანოყიერებენ. მაგრამ განა ყველა ფოთოლს ეს ბედი ეწევა?
     თინა მასწავლებელმა დღეს ბავშვები ქალაქის მთავარ პარკში გაიყვანა, შემოდგომის ფოთლები შევაგროვოთო. დინარამ ყველაზე დიდი ფოთოლი იპოვა, თინა მასწავლებელს მიურბენინა, - ნახეთ,  რამხელა ფოთოლი ვიპოვეო, - ნეკერჩხლისააო, - აუხსნა მასწავლებელმა, შოთიკომ ქაღალდის პარკი ალვის ხის ფოთლებით აავსო, ყველაზე ძალიან ისინი მოეწონა, ბურთივით მრგვალები არიანო, რამდენიმე ვერხვის ფოთოლიც მიამატა. სხვებმაც უხვად დაიმშვენეს ხელები აკაციის, ცხენის წაბლის, ჭადრის, მუხის, არყის ფოთლებით. წიწვოვანი ხეები - ნაძვი, ფიჭვი, კვიპაროსიც მრავლად დგას ამ ბაღში, მაგრამ ისინი ხომ მარადმწვანეა, ამიტომაც ბავშვებმა მხოლოდ ფერად-ფერადი გამხმარი ფოთლები შეაგროვეს, ზოგი ისევ მწვანე დარჩენილიყო, ზოგს ყვითელი შერეოდა, ზოგსაც წითელი შეფერილობა მიეღო, მათ შორის მოყავისფრონიც იყვნენ, ცხენის წაბლის ქურქებიც გამოაყოლეს ხელს, ზღარბუნიებს რომ ჰგვანან, იქვე გამხმარი ბალახიც მიგლიჯ-მოგლიჯეს და სკოლაში დაბრუნდნენ. დღეს ხელგარჯილობის გაკვეთილი აქვთ. ბავშვებმა წინ დაილაგეს ფოთლები და დიდხანს გულდასმით ათვალიერეს, ამათგან რა უნდა გავაკეთოთო. მალე პატარა ხელებმა ნაირ-ნაირი სურათები შექმნეს, ზოგმა მელაკუდა გააკეთა წითელი ფოთლებით, ზოგმა - მამალი, ათასფერი ბოლოთი, ზოგმა - გოგონა, სოკოებით სავსე კალათით, შოთიკომ თავის სურათზე ბურთებით მოთამაშე ბიჭუნები დახატა. ვისაც როგორი ფანტაზია აქვს, ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამისთვის წებო, მაკრატელი და მუყაოს ფურცლებიც დასჭირდათ ბავშვებს, ყველაზე მეტად კი, თინა მასწავლებლის რჩევები გამოადგათ. თავიანთი სურათები ბავშვებმა სკოლის დერეფანში გამოკიდეს, რომ ყველას ენახა, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შემოდგომის ფოთლებისგან. ფოთლებსაც ძალიან მოეწონათ ასეთი  გარდასახვა, მათ ხომ ბავშვებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს.
    პატარებო და დიდებო, სცადეთ, იქნებ თქვენც გამოიხმოთ თქვენი ფანტაზია და თქვენივე ხელით შექმნათ სურათები ათასნაირი პეიზაჟებით. გაახაროთ თქვენი ახლობელი ადამიანები!

     

შემოდგომის ფოთლები (საბავშვო პიესა)

                      პიესა (შემოდგომის ფოთლები) ოთხ მოქმედებად

                          მოქმედი პირები:

პირველი ფოთოლი
მეორე ფოთოლი
გოგონა
დედა
ლიზი
ნატალია
თინა მასწავლებელი

                           პირველი მოქმედება:

შემოდგომის საღამოა, ნეკერჩხლის ხეს ორი ფოთოლი შერჩენია

პირველი ფოთოლი:

მხოლოდ ორნი დავრჩით ხეზე,
ქარმა ყველა მოწყვიტა, 
ზოგი აქვე მიმოფანტა,
ზოგიც გვიმზერს შორიდან. 

მეორე ფოთოლი:

მართალი ხარ, ორნი დავრჩით,
ხეზე მიმაგრებული,
სხვებიც აქვე ახლო წვანან,
მიწას მიბარებულნი.
თონეში რომ ჩაცვენილან,
მაგათ რა ეშველებათ?
ბებო პურის ცხობას იწყებს
ადრე, როცა თენდება.

პირველი ფოთოლი:

არა, არა, იმ სველ ფოთლებს
ბებო, განა, დაანთებს,
მათ თონიდან რომ ამოყრის,
ერთ ჭურჭელში ათავსებს,
ეზოს გარეთ გაიტანს და
იქვე ხევებს აავსებს.

მეორე ფოთოლი:

ჩვენი ბედიც ეს ყოფილა,
ასე ბრუნავს სამყარო,
შემოდგომის დადგომისას
ადგილს ვიცვლით ათასსო:
ზოგი ხევში აღმოვჩნდებით, 
ზოგიც კიდევ ბინაზე,
გუშინ გოგო სოფიკუნას
იკებანა მიართვეს.


პირველი ფოთოლი:

იკებანა რაღა არის?
ახლა მესმის პირველად,
ვინ მიართვა? ალბათ, ისევ,
ოთო ბიჭი იქნება!

მეორე ფოთოლი:

იკებანა ნაკრებია
ყვავილ-ფოთოლ-ტოტების,
ყვავილების ხელოვნება
იაპონელთ ეკუთვნის.

პირველი ფოთოლი:

დავიჯერო, ჩვენნაირი
გადამხმარი სჭირდებათ?

მეორე ფოთოლი:

ზოგს ნატურა უყვარს მწვანე,
ზოგი ჩვენზე გიჟდება.
არ გინახავს? ყვითელ ფოთოლს
ქალი წიგნში ათავსებს,
თვალწარმტაცი  ოქროსფერი
წლებსაც უძლებს ათასებს.

პირველი ფოთოლი:

გამოდის, რომ უკვდავება
ზოგჯერ ჩვენც კი გვეწვევა,
ხან ფერწერულ ტილოზე ვართ
ტბაში მცურავ გედებთან...


მეორე ფოთოლი:

ასე არის, ჩემო კარგო,
ასე არის ნამდვილად,
ხედავ, ქარმა დაუბერა,
ახლა მოგვწყვეტს ადვილად.

                                 
მართლაც ქარმა დაუბერა, მოგლიჯა ხიდან უკანასკნელი ორი ფოთოლი, დიდხანს აფრინა

                           მეორე მოქმედება


დიდი ხნის ფრენის შემდეგ ქარმა ფოთლები ერთი სახლის ფანჯარაში გადაისროლა და მაგიდაზე მოათავსა. გოგონამ მაგიდაზე დაცვენილი ფოთლები აიღო, შეატრიალ-შემოატრიალა, დიდხან უყურა და მერე იქვე მდგარ დედას მიმართა:

გოგონა:
რა ლამაზი ფოთლებია,
ალბათ, არის ნეკერჩხლის,
პატარა ხეს ჩავდგამ ყუთში,
სამკაულად ტოტების
მივამაგრებ ამ საყვარლებს,
მაქვს ყვავილთა კონებიც.
ხომ იქნება ძალზე კარგი,
გავაცოცხლებ დროებით.


დედა:

მადლი არის შენი საქმე,
სილამაზე არ წახდეს,
იკებანა მეგობრებთან
ერთად ბაღში ააწყვე.
მიეჩვევით მუშაობას,
შენც ეგ საქმე გახარებს.

გოგონამ გვერდზე გადადო ფოთლები და სამუშაო მასალის მომზადებას შეუდგა. ფოთლები ერთმანეთს ეჩურჩულებიან

პირველი ფოთოლი:

მოვხვდით, მგონი, კარგ ადგილას,
ძლიერ მომწონს ოთახი,
ხედავ, ფეხით არ გაგვსრისეს,
არც ურნაში მიგვაგდეს.

მეორე ფოთოლი:

იმედია, ჩვენც ამ ქვეყნად
საკუთარ გზას მივაგნებთ.


                              მესამე მოქმედება

გოგონა დედასთან ერთად საბავშვო ბაღისკენ მიეშურება, ზურგჩანთაში უწყვია ფოთლები, ქაღალდები, ტოტები, ზოგიც ხელში უჭირავს

დედა:

ბაღში ახლა მაგ მასალით
რამე კარგი ააწყვეთ,
ყვავილების ხელოვნება
მგონი, უკვე გასწავლეს,
თუ არა და თქვენს კარგ აღმზრდელს
ყველაფერი ანახეთ.
თვითონ გირჩევთ, რა აკეთოთ,
საქმეს მოგცემთ პატარებს.

გოგონა:

აბა, აბა, არ დავსხდებით
უქმად, ასე მგონია,
მე, ლიზი  და ნატალია
ვშრომობთ რაც გვაქვს ღონეა.

დედას გაეცინა, ხელი მოხვია გოგონას და ბაღში აღმზრდელს ჩააბარა

                           მეოთხე მოქმედება

გოგონა:

ლიზი, მოდი, რა განახო!
ფოთლებია ნარნარი,
გვირილებიც წამოვიღე,
ბებოს ჰქონდა გამხმარი,
ყელში ივლებს ამის ნაყენს,
როცა სხვა გზა არ არის,
მგონი პირის სიმშრალე აქვს,
აღარ შველის წამალი.


 გოგონები ათვალიერებენ ფოთლებს, ტოტებს, გამხმარი გვირილის ყვავილებს

ლიზი:

სად იპოვე, ახლა მითხარ,
ეს ლამაზი ფოთლები?
ქუჩაში ხომ მეც გავდივარ,
პაპას ფეხით მოვყვები,
ეგეთი ხე არ მინახავს,
ესხას, როგორც ძოწები,
ლალი, ქარვა, ზურმუხტები,
რომ ვუყურებ, ვოცდები.

გოგონა:

ჩემთან სახლში შემოფრინდნენ,
მაგიდაზე დამისხდნენ,
ალბათ, უნდათ, კიდევ დიდხანს,
ვუყუროთ და ვაკვირდეთ!

ნატალია:

წამო, თინა მასწავლებელს
ვაჩვენოთ და რას გვირჩევს?
იკებანა  გავაკეთოთ, -
სუყველა რომ განცვიფრდეს.

გოგონები მასწავლებლისკენ მიეშურებიან, ყვავილებს და ფოთლებს აჩვენებენ, თინა მასწავლებელიც უწონებს გადაწყვტილებას

თინა მასწავლებელი:

აზრი ძლიერ კარგი არის,
ჩემო კარგო პატარებო,
სიყვარულით სავსე არის
იკებანას ხელოვნება,
ნაერთია ცის და მიწის,
ყვავილები, თითო ტოტი,
განა ტყუილად იწევს მზისკენ
ხე ბებერი, ნერგიც ნორჩი?!

გოგონა:

ჩვენ გარეშე, მე მგონია,
არ იქნება სრულყოფილი
დედამიწა, დიდი ბურთი,
ჩვენი როლი არის დიდი.

თინა მასწავლებელი:

ასე არის გოგონებო,
მოიტანეთ ცოტა მიწა,
თქვენს ხელებში არის ძალა,
მე ჩაგიდგამთ ყუთში ფიცარს,
დავამაგროთ ზედ ხის ტოტი,
გამოვასხათ ყვავილები,
ფოთლებიც ზედ დავამაგროთ,
ყველა დატკბეს მათი ცქერით.

თინა მასწავლებელი და გოგონები ერთად მუშაობენ. გააკეთეს შესანიშნავი იკებანა და მაგიდაზე დადგეს

ნატალია:

ოჰ, რამდენი ვიმუშავეთ,
არ მეგონა, ახლა მივხვდი,
თუ გამხმარი მასალისგან
ამდენ სილამაზეს ვქმნიდით.

ლიზი:

ამის მერე ლამაზ ფოთოლს
ავიღებ და ყუთში ჩავდებ,
მერე შევქმნი იკებანას,
ჩემს დედიკოს გავახარებ.

ფოთლებიც ერთმანეთს ეჩურჩულებიან

პირველი ფოთოლი:

ჩვენ ამჯერად გაგვიმართლა,
როგორც ადრე, ვსხედვართ ტოტზე,
ჩვენ გვიცქერენ, ამაყობენ,
როგორც სხვები, ვიცვლით როლებს,
დღეს ერთნი ვართ, ხვალ კი - სხვანი,
ამ ცხოვრების ვარღვევთ მორევს.

მეორე ფოთოლი:

არაფერი არის მყარი,
დღეს ნედლი ხარ, ხვალ კი - მჭკნარი,
დაფასება უნდა ყველას,
ამისთვის გვაქვს ხელოვნება.
უკვდავება არ აგვცდება,
თუ იქნება კაცის ნება.

ფარდა ეშვება





























Tuesday, October 16, 2018

მე მას მუხლებზე დამდგარი ვხვდები

მე მას მუხლებზე დამდგარი ვხვდები, მინდა, რომ გულში ისევ აენთოს,
მზე ჩამომიხსნეს თითქოს ჭერიდან, "ღამეა, თვითონ უნდა გაერთო!" 
ვწევარ და ცოდვებს თითებზე ვითვლი, ხუთგზის ვიცვალე ორივე გვერდი,
მონანიება წაშლის კი ცოდვებს? ეს აწვალებდა თეთრწვერა მოგვებს.
სხეულს უსულოს ჰქონია ხვედრი, ქვისა და ღორღის ყოფილა მხვედრი,
მას მიწასავით ყვავილი ბოჭავს, სული კი სადღაც კრუნჩხვებში ბორგავს,
სად აღმოჩნდება, იქით თუ აქეთ?! ჯოჯოხეთში თუ დაუგეს მახე?!
და ვირტუოზიც რომ იყო აზრის, შეგიწყალებს კი უფალი თავხედს?!




მე მაინც მჯერა

მე მაინც მჯერა ამ სამყაროს გამოღვიძების,
ბებერ ხარს ისევ შერჩენია პულსი და მაჯა,
თუმც დრო დამდგარა პერფორმანსის... ძველი ჰიტების
ხმები ჩამესმის და დავეძებ ფოთლების მარჯანს.

გავისეირნე ტაშისკარში

გავისეირნე 
ტაშისკარში,
ტყე იყო უტყვი,
არც ძაღლის ყეფა, 
არც ძახილი 
ბავშვისა "დედა",
თუმც იყო უქმი,
დასწოლია ჩვენს ტყეებს 
ქუფრი ზეცა და... 
ჩურჩულიღა
მოისმის ხეთა.

Saturday, October 13, 2018

მაოხრებელი თუ შეხვდა გზირი

სიკვდილ-სიცოცხლე ძმები არიან,
არ მეგობრობენ დიდი ხანია,
შიში და კრთომა აზატებს სიკვდილს,
ყველა მოკვდავზე მეფეა იგი.
ბოგირზე გაჰყავს კაცი სიცოცხლეს,
უნდა, ცხოვრების ფასი იცოდეს,
მაოხრებელი თუ შეხვდა გზირი,
ძმების შეხვედრის გზა ხდება ხიდი.





დროსთან თამაში

დროსთან თამაში მხოლოდ აკვანში 
ეპატიება ადამის მოდგმას,
წუთებს ვკლავთ უქმად, ძღომა-ჭამაში,
ლხენა-თამაშში  ვატარებთ დროს და 
ტყუილად გვგონია, - დღეს დღენი მოაქვს.

Thursday, October 11, 2018

შემოდგომა

დღეები მოკლე, ღამეები - დროსავით გრძელი,
ოქროს ზიმზიმმა გადაფარა მინდორი, ველი,
იქ, სადაც სძინავთ ყვავილებს და ბალახი ხმება,
შემოდგომაა დედოფალი, მის წინ მზეც კრთება.

Wednesday, October 10, 2018

დრო გამოარჩევს სუსტსა და ძლიერს

დრო გამოარჩევს სუსტსა და ძლიერს,
წინ შემოგვხვდება, ცდა მას არ უყვარს,
ზოგს ქვაფენილზეც დაუფენს იებს,
ზოგს რბილ მდელოზე სარმას გამოჰკრავს.
დღეს რუდუნებით წამებსაც ვითვლი,
ოდესღაც არად მიმაჩნდა წლები,
ცაში ტოროლა ჩიტივით ვფრენდი...
ახლა იმ წლებმა მომტეხეს ფრთები.




Tuesday, October 9, 2018

დრო

დრო გადაგვითვლის ჩამოცლილ კბილებს,
ცოდვებს, ჩვენს სულში შხამით ჩაკრულებს,
აღარ იქნება, რაც იყო უწინ,
მკვდართა მზე სხივებს ნაზად გვაპკურებს.