მათი თმა და დალალები,
მათი გული და თვალები,
მზით განარუჯი ღაწვები,
მათი სული და სულეთი,
მათი გაზრდილი ვაჟები, -
მიწის ერთგულნი, მშობლიურ
კლდეთაგან ანათალები,
მტრისათვის ზარისდამცემნი,
ხანჯლით დაჰქონდათ ნათელი.
ხევსურის ქალმა "ნანაო"
უმღერა თავის ბალღსაო,
აკვანში ტყვიით მოკლულსა
ტანით გადაეფარაო,
ტყვიას და წამალს აწვდიდა
ლეკებთან მებრძოლ ქმარსაო,
ცდილობდა, მას არ შეეტყო,
მზე მოსწყდა ბალღის თავსაო.
არ ჩაშლილიყო იქავე,
ხელი არ შეჰქანებოდა,
სარკმლიდან მოვარდნილ ტყვიას
თავად არ შეჰგებებოდა...
მაგრობდა, ცრემლებს მალავდა,
ზარი ბინდივით დგებოდა.
მიყვარს ხევსური ქალები,
წყაროს წკრიალა ზარები,
მზეში მზისთანამყოფელნი,
ავდარში ტყვიის ღვარები.
თამარულ ჭინჭარაული
დამალულიყო კარს უკან,
მარბიელ ლეკებს დაუხვდა,
შვიდი მომხდური აკუწა,
ერთად ბევრი რომ მოვიდა,
კარში გავარდა ხმლიანად,
შეუპოვარი ბრძოლითა
მრავალი დააზიანა...
კაცებთან ერთად გასდია,
მათ სისხლი არ შეარჩინა,
გუდანის ხატში საოხად
ხალხს ლუდი მოახარშვინა:
"ვინც ამას დალევს, დამლოცავს
ჯანი მიეცეს ხარისა!"
ხევებს მწედ გადეფარა
მზე თამარულის ხმალისა.
მას მერე ასე იტყვიან:
"მადლი გუდანის ხატსაო,
შეუნდოს ღმერთმა თამარულს,
ჭინჭარაულის ქალსაო,
თუ რამე შეუცოდია,
სამშობლოს ხმალს და ფარსაო,
ყოველ წელს მოიხარშება
ლუდი ამ ქალის თავსაო".
მიყვარს ხევსური ქალები,
წმინდა ბროლი და ლალები,
მზის სხივით განაბრწყინები,
დილის ნამს შენამსჭვალები.
მზექალაც უნდა ვახსენო,
არაბულების ქალიო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილთან
ჩამხდარა, როგორც ვაჟიო,
შეუძახია:"ნუ წევხარ,
შენ გელოდება ჯარიო,
თუმც ავადა ხარ, იბრძოლე,
ჩაბღუჯე ხანჯლის ტარიო!"
სნეულს შერცხვა და თან გაჰყვა,
როცა შეიცნო ქალიო,
მეგზური გახდა იმისი,
გადაატარა წყალიო.
ორწყალში ხევსურთ დასხმოდა
რუსების დიდი ჯარიო,
ჩვენებურებმა წააგეს,
არ ეყოთ ძლევის ძალიო.
"სანამ ცოცხალ ვარ, კერაზე
რუსს არ ვაღირსებ გავლასო!"
იძახდა ქალი ლამაზი...
დავტირი მის შავ დალალსო.
კერაზე გადამხობილი
დაუხვდა რუსის ჯარსაო,
მანამდე ორი მოუკლავს,
სანამ გმირთ შეხვდა მაღლაო.
მიყვარს ხევსური ქალები,
ტუჩისპირ შვენით ხალები,
კაბა-ჯუბაში ჩაცმულებს
პირზე გადასდით ალები.
ხალიჩებს დაგვიმშვენებენ
იმქვეყნიური ხაზებით,
მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს
ჩავყვებით, ჩავიკარგებით.
მამის თორ-აბჯრით შემოსილს
ბასილაურსა ბუბასა
ფიცხელი ბრძოლა შვენოდა,
გამოჰყოლოდა გუმანსა,
მტერს, როგორც კაცი, ებრძოდა,
გაეცა მხოლოდ მუზარადს,
ჩამოვარდნოდა, დალალი
ქარში თავთუხად ბრუნავდა...
ასე დასრულდა ბალადა,
შემორჩენილი ამბადა,
მათი ხსენება, მგონია,
აგვიხდებოდეს კარგადა,
კარზე გვექნება ნალადა,
ბედნიერების დარადა...
მალე ჩვენც გვეთქვას მტრისათვის
ომახიანად: "ხაბარდა!"
ამირან გოდერძიშვილი
ამ ლექსების კითხვის დროს, ყველა ეპიზოდში, ყველა მებრძოლ ქალს—- თამარულას, მზექალასა თუ ბუბას, გვერდით ვედექი, ვამხნევებდი და ვეხმარებოდი,
ისინი ჩემს თვალწინ იბრძოდნენ, მე მათ რეალურად ვხედავდი!!!
დიხ, ასეთია გულით ნათქვამი გულიანი ლექსის ძალა!!!
ნიჭიერმა პოეტმა, ქალბატონმა მაია დიაკონიძემ ჩვენი ღირსეული წინაპარი ქალები ამ ლექსებით გააცოცხლა, თვალნათლივ დაგვანახა მათი ხმლების ელვარება და გარჯა,
,, მიყვარს ხევსური ქალებიო”—- ბრძანებს ქალბატონი მაია და ყველას გვაიმედებს: ,, მათი ხსენება, მგონია, აგვიხდებოდეს კარგადა”
მადლობა ქალბატონ მაიას ამ ლამაზი ლექსის შექმნისათვის!!!
No comments:
Post a Comment