Sunday, October 28, 2018
თომას საჩუქარი(მოთხრობა)
თომას სკოლაში ეჩქარებოდა, მაგრამ ჯერ მეგობართან უნდა შეევლო, იმასთან ჰქონდა დატოვებული საჩუქარი - პატარა ხის ყუთი, ქართული ჩუქურთმებით, ნინოსთვის რომ შეაფუთინა, სკოლაში ჩუმად უნდა მისცეს, მაგრამ ეგრეც რომ არ გამოვა?! იმხელა ქაღალდში შეახვიეს, ზედ ბაფთაც გაუკეთეს! კიდევ კარგი, ქაღალდის პარკი მაინც შეარჩია სადა. "მაგათ რა ვუთხარი", - ფიქრობდა ბიჭი, ეს ზედმეტი საზეიმო განწყობა რაღა საჭიროაო, მაგრამ თვითონაც სიხარულით დაფრინავდა. თხუთმეტი წლის გახდა ნინო, მის დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდიოდა, ნეტავ, ასეთი რამე სხვასაც სჭირს, რა თქმა უნდა, შეყვარებულებს გულისხმობდა, თუ მარტო მეო, - გაოგნებული ფიქრობდა ბიჭი. - ალექსი - შესძახა მეგობარს და ჭიშკართან გაჩერდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. გამოვიდა ალექსი, ერთ ხელში ქაღალდის პარკითა და ზურგზე ჩანთით. პარკი ხელში შეაჩეჩა მეგობარს, თანაც ისე გაუღიმა, ცალი ყბით, თითქოს რაღაცა დიდ საიდუმლოს ინახავსო. გვერდი გაჰკრა თომამ, - შენებს ხომ არაფერი უთხარიო, - არა, სახლში ისე შევიტანე, ვერავინ შეამჩნიაო, - იყო პასუხი. - ჩემთან ხომ იცი, ბებიაჩემი ყველაფერს აკონტროლებს, ისე ვერ შევიტანდიო, - თითქოს მოუბოდიშა თომამ, - არაფერია, - მხარზე ხელი მოუთათუნა ალექსიმ, მეგობრებმა რაღაცა დიდის მოლოდინში გზა განაგრძეს. - გაკვეთილიდან შენ გამოიყვანეო, - სთხოვა თომამ მეგობარს, იმან უხმოდ დაუქნია თავი. სკოლაში მისულებს კლასელები შემოეხვივნენ, ყველამ იცოდა თომას რომ პარალელულკლასელი ნინო უყვარდა. აინტერესებდათ, რა იყო პარკში, განსაკუთრებით, გოგოები არ აცილებდნენ თვალს საჩუქარს. ზოგიერთს შურიც აღძვროდა ნინოს მიმართ, თომა ხომ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გინდა სწავლითა და გინდა შესახედაობით, გინდა ზრდილობითა და გინდა ვაჟკაცობით, მაგრამ ახლა რატომღაც დაემორცხვებინა და გოგოებისთვის თვალებში შეხედვისა რცხვენოდა. სკოლის ზარი დაირეკა და გაკვეთილებიც დაიწყო. პირველი მათემატიკა ჰქონდათ. - ჯიგარი ქალია, მაგას ვთხოვოთ, გაკვეთილიდან გაგვიშვას, ნინო გამოვიყვანოთო, - უთხრა თომამ გვერდზე მჯდარ ალექსის. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბიჭმა. ოთახიდან გასულები პარალელური კლასის ოთახს მიადგნენ. კედლები თითქოს ირყეოდა, გადი-გამოდიოდა, თომას ჩურჩული ესმოდა, - თომას ნინო უყვარსო, - ეს ხმა სულ უფრო ცხადი ხდებოდა, საიდან ისმისო, ფიქრობდა თომა, იქნებ, ნინოს საკლასო ოთახიდან, იქნებ, სამასწავლებლოდან, იქნებ, დირექტორის ოთახიდან, მგონი იცინიან კიდეც, ეგ რა ნინოს შესაფერისია, ღარიბია, ცალ-ცალი კალოშით დადის, ანდა, რა საჩუქარი უნდა მოუტანოს, რომ გააკვირვოს, მთელი ოჯახი რომ გაყიდოს, ისეთს ვერაფერს შეიძენსო. ჭოჭმანებს ბიჭი, ღირს კი ნინოს გამოყვანა?! მართლა არაფერია ქვეყანაზე ნინოს შესაფერისი, ის რომ გაახაროს, ის რომ გააკვირვოს. - ფიქრობს ბიჭი. ალექსი ატყობს მეგობარს, რომ აღარ უნდა საქმის გაგრძელება, - რას შვრები ბიჭო, გაგიჟდი? მთელმა სკოლამ რომ გაიგო ამ საჩუქრის ამბავი, ახლა იხევ უკან? - ეუბნება და ჯიქურ აღებს საკლასო კარებს. გაკვეთილიდან გამოჰყავს ნინო. გოგონა ნათელი თვალებით შეჰყურებს ბიჭებს, ელოდება, რას ეტყვიან. პარკსაც ხედავს, თომას რომ მორიდებით უჭირავს ხელში. რომ არ გამოართვას უზრდელობა იქნება, უხმოდ ჩამოართვა და გაკვეთილზე ბრუნდება. შვებით ამოისუნთქა სკოლამ, კედლებიც აღარ ქანაობენ, უბრალოდ ერთმანეთს ეჩურჩულებიან: აიღო საჩუქარი, ესეც კარგიაო. გაკვეთილების შემდეგ მთელი სკოლა გაიკრიფა, მხოლოდ ორნი დარჩნენ ადგილებზე, თავთავიანთ მერხებზე, თომა და ნინო. ნინომ, როგორც იქნა, გახსნა საჩუქარი, შიგნით წერილებია, მამამისის, დიდი ხნის წინ დაღუპულის, თომას დედისთვის მინაწერი, მაშინ ისინიც თხუთმეტი წლისები იქნებოდნენ, ჩუმად ატირდა გოგონა, წერილები ცრემლის წვეთებით დაიფარა, არ გავაფუჭოო, ხელი გადაუსვა ქაღალდებს, გულდასმით დააწყო ერთიერთმანეთზე. კედლები აღელდნენ, გაიწ-გამოიწიეს, გოგონას დაწყნარება უნდოდათ, იმ სიყვარულის მოწმე ესენიც იყვნენ, მდიდარ ბიჭს ღარიბი გოგონა ცოლად არ მოაყვანინეს, ეგ რა ჩვენი ოჯახის შესაფერისიაო. ნინო ადგა, ფრთხილად გაიარა დერეფანი და თომას კლასში შევიდა, იცოდა, იქ იქნებოდა. - დიდი მადლობაო, - ნაზად მოჰხვია ხელი მხრებზე და შუბლზე აკოცა. ხელიხელჩაკიდებული გამოვიდნენ სკოლიდან ბიჭი და გოგო. ახლა აივნებმა და ფანჯრებმა მორთეს ზრიალი, თითქოს ტაშს უკრავდნენ, ცნობისმოყვარედ იცქირებოდნენ, ტუჩ-კბილიც წინ წამოწიეს, საკოცნელად ემზადებოდნენ, ყველაზე ძალიან კი ის აინტერესებდათ, ნეტავ, როგორ დამთავრდება ამათი სიყვარულის ისტორიაო?!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment