Tuesday, October 31, 2017

ხანდახან სიჩუმეშიც არის გამოღვიძება

         ხანდახან სიჩუმეშიც არის დიდი გამოღვიძება

ხანდახან სიჩუმეშიც არის გამოღვიძება,
როცა ისე იზრდება, რომ ხმაურზე მეტია
და წამოვა ზეციდან წვიმებად და ნისლებად,
აზავთებულ ხეობას მთებიც ეშველებიან.
სიჩუმეა -  მავანთა ყურთასმენას მიატანს,
ამოავსებს ოთახებს, დერეფნებს და ფილაქანს,
რომ დაემხოს კედელი, ჩაიტანოს გოდოლი,
თითო კაცის პარპაში და იმათი მკმობელნი.
სიჩუმეში რისხვაა მილიონთა გულების,
ერთგულების ფიცია ავის დამამხობელის,
ვისთვისაც ეს ქვეყანა სულ არ არის სულერთი,
აქაც ძეგლი დაუდგამს, იქაც - თავის ცხოვრებით.
ხანდახან სიჩუმეშიც არის გამოღვიძება,
სიჩუმეა - დიდ ხმაურს რომ უმზადებს ნიადაგს,
გაჯერდება ჰაერით, უხმოდ ამოივსება
და ბუშტივით გასკდება, თუ ორ სიტყვას მიატან.


Monday, October 30, 2017

ქვეყნად ყოველი ბედია!

ქვეყნად ყოველი ბედია, -
ესეც ამ სოფლის წესია,
არავის გაუხარია, -
ვინაც სიკეთის მთესია.
ქვეყნად ყოველი ბედია, -
ზოგს დაატარებს ცრემლიანს,
ზოგს ქუდბედიანს გაუშვებს,
ზოგს აუწეწავს კერიას...
ქვეყნად ყოველი ბედია,
კარგი თუ ცუდი ხვედრია,
უბედურების შემყურეს
გულში მეალვის კვესია.
მაინც არ ვითხოვ დანდობას
პირუკუღმართი ბედისგან,
მზე ჩავა, მთვარე ამოვა,
ესეც ამ სოფლის წესია,
ის მირჩევნია, ამოვთქვა,
გულს რომ სახმილი მდებია.

Saturday, October 28, 2017

ჩემში სიჩუმე ისე ღრიალებს

ჩემში სიჩუმე ისე ღრიალებს,
დასწყდა გიტარას სუყველა ძარღვი,
სულში პოულობს მხოლოდ იალაღს,
მობლანდულს შავი ზარქაში ძაფით.
ვერ გაიგონებს ვერასდროს ვერვინ
ძარღვებდამწყდარი გიტარის მოთქმას,
ბედისწერასაც ვერავინ შეცვლის,
მით უფრო - უმწე ადამის მოდგმა.

Friday, October 27, 2017

ჰე და ჰეო

ჰე და ჰეო, მომძახიან
ქვეყნის შინდა ტყეები,
- თუ ბიჭი ხარ, დაგვეტოლე,
შემოგვაჭდე ხელები,
- გვერდზე გავწევ ეკლიანებს,
ნაზებს გულში ჩავიკრავ,
ისე, ვითომ ჩემს ბავშვობას
ვეფერები თავიდან,
გული ლხენით ელოდება
მათთან უხმო საუბარს...
მერე ვხედავ, ეკლიანებს
სხვა რომანი გაუბამთ.

მხრებზე მოვიცვი ნაბადი

მხრებზე მოვიცვი ნაბადი ძველაი, პაპის პაპასი,
- რა მოგისხამსო, - დამცინეს, - აქამდე სად ინახავდი?
ნუთუ, ჩრჩილმაც კი დაინდო, არ შეესია ღალატით,
- კრიალოსანად ავკინძო, მინდა, ქვეყანა ლამაზი,
იმ ჩემი მამა-პაპასი დავიცვა ზნე და ადათი...
ეს გული აზავთებულა, - ბოღმით ნაპირებს გადადის.

Thursday, October 26, 2017

სადარდებელმა დამღალა

სადარდებელმა დამღალა,
კაცი ვერ ვნახე ერთგული,
ვდგავარ ცხოვრების მაღლართან,
თვალი ცრემლებით მებურვის.
სიო რომ ჰქროდა ატამთან,
დღეს აწყვეტილი ქარია,
ფულს ასწევია მაზანდა,
გზა მოლოდინმა დალია.
ღალის გადახდა მევალა,
ვწიე და ვწიე ჭაპანი,
ვეცადე, არ დამერღვია
მამა-პაპათა ადათი,
მაინც ვერ მოვინადირე,
სხვათა და სხვათა გულები,
მაინც მიბღვერენ, სწადიათ
არ ჩამითვალონ ქულები.
სადარდებელმა დამღალა,
ზემოდან მოდის ჩანჩქერი,
დღეს თუ ხვალ დაბლა ჩამიტანს,
ველი ჩამეკვრის ასფერი.



Wednesday, October 25, 2017

არ ყოფილა სახუმარო

ვერა ვზიდე კიდით-კიდე
ტვირთი, რომლის თრევაც ვინდე,
არ ყოფილა სახუმარო,
შვილებს სამშობლოსთვის ზრდიდე,
მტერი თვალებს რომ არ მთხრიდეს,
ავიფარე ზოგჯერ რიდე,
დავიკარი ხელზე მეში,
ვაგუზგუზე კერა შეშით,
გაჭირვებას გავუძელი,
არ ვიცვალე მაინც ფერი,
საჭრეთელით ქვები ვჭერი,
ავამღერე ღვინით ქვევრი,
მაინც სხვაგან ჯობიაო,
გაიძახის, როგორც გერი,
რჩება მიწა ცარიელი,
გაგვწყრომია ზეციერი,
მგონი, ტვირთიც ტყუილად ვზიდე, -
ხელში შემრჩა კვეყნის კიდე.





Tuesday, October 24, 2017

მესხი კაცი ვარ

მესხი კაცი ვარ, ამქვეყნად
არ დამელია ვარამი,
ხეებს ტოტები დააჭრეს,
ფესვებს მიწაში ვმალავდი,
მიწაც წაიღეს, წამართვეს,
ხეს ჩახვეული დამტოვეს,
ფესვებს, სხვა მხარეს მოქცეულთ,
ჭრიან, ახმობენ, ალპობენ.
ჰაი, დედასა, მშობელსა
შვილების დარდი მაწუხებს,
რა უდროო დროს მოვესწარ,
ვერ დავეხსენი მარწუხებს!
იავნანაა, რომ ესმით
გმირებს, ზეცაში წასულებს,
არ კი ვეცემი მოცელვით, -
იმედს იმედით ვაპურებ.
მესხი კაცი ვარ, მესხური
თავს დამდგომია ფიქრები,
თამარს, დედას და მედროშეს,
კუბოს კარამდე მივყვები,
ავღიღინდებით ღვთის ნებით,
აგუგუნდება სამრეკლო,
დაიმღერებენ ჩიტები,
"ოროველას" და "სამყრელოს",
ძმები ღმერთმა ნუ გაგვყაროს,
ჩემო პურო და მაყარო,
კვლავ გვეზეიმოს ქორწილი,
მიწა აყალო ავყაროთ.




Thursday, October 19, 2017

ხანდახან ტკივილი თითებზე გადადის!

ხანდახან ტკივილი თითებზე გადადის,
გაცრეცილ ქაღალდზე სათქმელის ზღვა დგება,
ბრმა მისტერიებში, ქარცეცხლში ათასჯერ
ნაფიქრი ცოცხლდება, სტროფებად ლაგდება.
ფარდებზე მზე წვება, თვალებში მანათებს,
თითქოს ნახევიდან გამოჰყვა კანაფებს,
პირგახსნილ იარებს თილისმად ვატარებ,
შვილივით ნაზარდებს ნიავს არ ვაკარებ!
სანამ ბობოქარი სული არ დაცხრება,
ჩანჩქერად იღვრება ფრაზები,  სიტყვები...
ვინა თქვა პოეტის უნდოდ დამარცხება, -
ცრემლიან ზიგზაგებს ბოლომდე მივყვები!
ბრმა მისტერიებში, ქარცეცხლში ათასჯერ
ნაწრთობი ოცნება მეშვიდე ცას სწვდება,
ნაფიქრი გაარღვევს ჩარჩოს და პარამეტრს,
კოსმოსურ ნათებას კვალდაკვალ გაჰყვება.
სხეული დარჩება მხოლოდღა გათვლამდის
(კენტია ყოველთვის, ლუწი არ ამოდის),
ხანდახან გვბეზრდება მუზებთან თამაში, -
შეკრული თითებით წერა არ გამოდის...
მზე ჩადის საოცრად ჩუმი და ლამაზი,
ვით ხიბლი იმ შორი, უხინჯო ბავშვობის.







სამზეოში ვარ ნამდვილად (ეძღვნება მესხეთს, ორად გახლეჩილს)

სამზეოში ვარ ნამდვილად,
ჩემი მოძმენი მიცვნია,
გატიხრეს, ორად გააპეს,
ტიხარს ტიხარი მიჯრია,
ვერ დააშორეს, ვერ დანთქეს,
სული შემორჩა ქართული,
ისევ მღერიან ქართულად,
არ ავიწყდებათ წარსული,
სამზეოში ვარ ნამდვილად, -
"ბანა" ბანაობს სხივებში,
"ოშკი" ისევე "ოშკია",
თუმც შეუკრიათ კირთებით.
გატიხრეს, ორად გააპეს,
ტიხარი ტიხარს მიჯრია,
კვლავ შემომცქერის ქართველი,
გულწრფელი მზერით მიცვნია,
თვალებში,  სულის სარკეში,
არეკლილია წარსული,
როგორ მომავალს გვიქადის,
ნეტავ, ეშმა და ავსული?
სულისთქმასა და სულმოთქმას
რით ვერ ვეღირსეთ აქამდე,
ქართველმა ამოისუნთქოს,
აღარ მოენგრეს ცათა ბჭე.
ორივე მხარეს მზის სხივი
ერთნაირ მოეფინება,
ზეცა ზეობს და მზეთამზეს
სჭირს ორივეთა ჭირობა,
არ გასცვეთოდეთ ჩვენს გმირებს
ხმალი, -  დაურჩეთ ქარქაშში,
შოთას სიტყვები, ნაფერი,
გადადის ახალ ფაზაში.
მტერს გასტეხოდეს ვადაში
ხანჯალი, ძმათა ტიხარი,
მესხეთს ფარავდეს თამარის
ლოცვა და თვალთა ისარი.









Wednesday, October 18, 2017

მოვა და ჩუმად აგიკინძავს დარდებს სხეულზე

მოვა და ჩუმად აგიკინძავს დარდებს სხეულზე,
არგამხელილი ცოდვების რომ დასდევს სიმძიმე,
მაინც ბანაობ უცნაური ფარსის სხივებში,
აიკრიბება საზანდარი სისხამ დილითვე.
აიკრიბება საზანდარი - ღამის წვეული,
სულს უსასრულო მოლოდინი ხინჯად დარჩება,
კვლავ მიიძინებს ნაზამთრალი შენი სხეული
და არაერთგზის დაიწყევლის ქვეყნად გაჩენას.

მე, მაჩანჩალა

აღმასვლის გზაზე ჩამოვრჩი მგზავრებს,
პირველმა მითხრა - შე, მაჩანჩალა,
ნაბიჯი დადგი უფრო ჩქარ-ჩქარა,
ჩამოგიტოვა კოჭლმა, კვანჭალამ,
მაგრამ გაქცევა არვინ მაცალა,
თხა ამეკიდა წვერებცანცარა.

ჩემი სურვილი

ნატვრის ხეს შერჩა ჩემი სურვილი,
ვერ იქცა ჩიტად, თუნდაც კოლიბრად,
სულ პაწაწინა მოესხა ფრთები,
თეთრი საკურა ეცნო შორიდან.

ოპტიმისტს

ვისთვის კარი ღიაა, ვისთვის - მუდამ დახშული,
ეს ქვეყანა ზოგისთვის სამოთხეა აღთქმული,
ზოგს კი სორო არგუნეს, ზედ დაჰკიდეს გიდელი,
სავსე არის ვარამით ქვეყნის კიდით-კიდემდე,
არავის არ უტოკავს ძარღვი იმის დამნახავს,
რაც აზიდა, დაღლიდა აქლემების ქარავანს,
ვისთვის ქარი სიოა, სიყვარულის მითების, 
ვიღაცისთვის -  გრიგალი, დაკრუნჩხვია თითები,
მაინც გულს რომ არ იტეხს, დაეხმაროს მზად არის,
იმას, ვისაც შია და გულს უწუხებს ზამთარი,
განაჩენიც ეს არის, მისთვის მზე - საფიცარი, -
სამშობლოს ცას შეჰხარის, შევხედე და ვიცანი. 









Monday, October 16, 2017

ლიკა ქავჟარაძეს!

სახლი გაივსო ცისფერით,
საკმევლის სუნმა მონისლა,
ჯვარი შეგაბეს თითბერის,
უკვდავების ფერს მოისხამ,
იაგუნდებით შეგამკობს,
დაგიწნავს ქერა დალალებს,
მერე მზესავით ვარსკვლავებრ
ქართულ ზეცაში აგანთებს
დედა, იესოს მშობელი,
გულში ჩაგიკრავს შვილივით,
ირმის ფეხები გშვენოდა,
ზეცაც მიგიღებს ღიმილით.





Saturday, October 14, 2017

ეგ რატომ?

სიამით დამცვარა ზამბახმა ნამივით,
ყვითელი თვალები მზესავით მომაპყრო,
გაიბნა უამრავ წვეთებში სხივები
და მკითხა მიხაკმა მოწყენით: - ეგ რატომ?

Friday, October 13, 2017

ხეებიც კი მოხრილან

ხეებიც კი მოხრილან,
გაწოლილან ხვიმრებად,
ხვალ-ზეგ ამ ჩვენს ადგილზე
კორპუსები იდგება.

ქვეყანა ბნელმა მოიცვა

ისევ ჩამესმის სირის ხმა,-
წარმართ ბომონთა ჩურჩული,
ხელს მიწვდის დაბლა ხევიდან
ჯოჯო, ქაჯი და ურჩხული,
რა იქნა, რით ვერ დავეხსენ
ტყის მეფესა და კურანტებს...
ქვეყანა ბნელმა მოიცვა,
მდგარი წყალივით მდუმარებს.

Thursday, October 12, 2017

ბაღათერაანთ მზექალა (ხალხურ მოტივებზე)

ბაღათერაანთ მზექალა
ავქალავ-ჩამოვქალავდი,
ცხორი მიმიდის, გზადაგზა
ნისლის მებურვის ნაბადი,
სოფლის საცინრად გამხდარა,
გულს რომ ხვაშიადს ვმალავდი,
ჩოფიკაშვილანთ მინდიას
არ დავამადლე სალამი,
რომც მოვწყდე ზეცას ვარსკვლავებრ,
მისი ვარ კუბოს კარამდი.

ბედიანობა შემომეჩვია

ბედიანობა შემომეჩვია,
საქმე ვერ დავძარ, უკვე ბედია,
ვერ გავაკეთე, ის რაც მინდოდა,
ბედია ისევ, - ამბობს ბერდია.
ბედიანობა შემომეჩვია,
თოფი ვეთხოვე სახლში ბერდიას,
ბოლო გასროლაც, უკვე ბედია,
ბედიანია, - ამბობს ბერდია

Tuesday, October 10, 2017

დავიწყნია ყველას!

ტრიალებდა ჯარა,
მტერი გვედგა ჯარად,
უხაროდათ თავთა
მარგილებზე აცმა,
ქართველების გვემა,
გოლგოთა  და ჯვარცმა.
მოყვრად მოსულს, ვითომ,
ჩალმოსნები სძაგდა,
რაც რომ დღე დაგვადგა, -
მკვდარიც ფეხზე ადგა,
არ უქნია მავანს,
მხნედ იქნევდა არგანს,
დღესაც იმას შვრება, -
რაც გვიკეთა მანამ.
თუ სჯობს, ნეტავ, ართქმა,
რა დღეშიც ვართ ახლა?
ომში, ოღონდ უხმოდ
დედა მიწა გვიხმობს,
არ სმენიათ თითქოს,
ზოგი ყურებს იცობს,
ზოგი არც კი გვიცნობს
და ტრიალებს ჯარა,
ზოგი იწვევს შამანს,
ზოგს კი მოსწონს კიბო,
წითელია მიტომ,
ნაფლეთებად ყრია
ფიროსმანის ტილო,
ზოგს პარიზში მიაქვს,
ზოგიც ბუდეს იწყობს,
დავიწყნია ყველას
შოთაცა და ნიკოც.










Monday, October 9, 2017

რა ქართველობა, რის ქართველობა!

ღია გულსა და კაცურ კაცობას
როდისღა უნდა დაედოს ფასი?!
თვალში მიყურებ, სულში მაფურთხებ
და თვალთმაქცობით გიწყდება ქანცი.
ჰქენი სიკეთე, - სიტყვას რომ მეტყვი,
თან დაატანე გული და საქმე,
ჩამტყდარ ხიდების, გაქილიკების
მოწმედ ქცეულა ცხოვრების სარკე.
არმაღანების დრო რომ წავიდა
ვხედავ და გული მიკვნესის ძლიერ,
რა ქართველობა, რის ქართველობა?!
ძირს დაცემულა ქვეყანა პირქვე.
როცა იზომებ ნიღაბს, პარიკებს,
საგულდაგულოდ იმალავ სახეს,
ვინ შეგასწავლა ვირეშმაკობა,
ნუთუ, სატანამ დაგიგო მახე.
ხელთათმანივით იცვლი ამპლუას,
გაგიწყვეტია სინდისის ძარღვი.
სამსახიობო რიკში ჩაბმულხარ,
დრამის თეატრში მგონია თავი.
ვნებას შესწირა ზოგმა სამშობლო, 
მავანმა - ოქროს, მავანმა - ბანქოს,
ჯადოსნურ ქსელში როგორ გაგაბათ
მკითხავ- მჩხიბავმა და თიმსალ-მაკომ.
დადედლებულნი  ჩაჰყურებთ მიწას,
გაჟღენთილს გმირი წინაპრის სისხლით,
ფასი, რომლისაც არავინ იცით
და კაპიკებში ბითუმად ჰყიდით!
ნეტავ, ვინ მოგცათ ამის უფლება
თუ მხოლოდ თქვენი ბომონი გწყალობთ,
ფულზე გაყიდულ თავისუფლებას
ქვეყნისას ჭამთ და ცოდვებით ხარობთ.
არც ზეციერი სამართლის გჯერათ,
მოგონილ სახელს იფარებთ ფარად,
დაგიკარგიათ კავშირი ღმერთთან
და უფრო მეტად - საკუთარ თავთან.



ეზოში სახლი

ეზოში სახლი და სახლში ეზოს
პატარა ჩიტი სარკმელში მზეობს,
კაკუნი გააქვს ნისკარტს მინაზე,
შემოაქვს ჩემთან ბზა და სინაზე,
ეზოში სახლი და სახლში ეზოს
პატარა ჩიტი აღარა მზეობს....
გაწყდა ოდესღაც გაბმული ხიდი,
აღარც ბზა არის და აღარც ჩიტი.



თბილისის საკრებულოს კონკურსი, 2017 წელი

თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს "თბილისის" 2017 წლის ფინალისტები დასახელდნენ
  
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსითბილისი“, რომლის მიზანი ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და წახალისებააწელს მესამედ ტარდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსთბილისის საორგანიზაციო ჯგუფი თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის კონკურსშიმონაწილეობისთვის.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს თბილისის წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმკოდიფიცირებული ხუთასზე  მეტი ნაშრომიდან ფინალისტები გამოავლინარომლებსაცწარმოგიდგენთ ნომინაციებითა და ანბანური თანმიმდევრობით:

წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები
ბუაჩიძე ანდრო - აგარაკი
თოფურია თეა  - შატალო
რუხაძე რუსუდანი - მოძრავი დღესასწაული
სოლომანაშვილი ბესიკი - ჩახმახისასხლეტილულა და სხვისი კინო
ქურხული ბექა - დაუსრულებელი დეჟავიუ მოლბერტთან
ყურაშვილი ცირა - სამოთხის ღამე
ცუცქირიძე ლელა - ფანჯარა
ხვედელიძე ბესო - მკვდრების ქალაქი

წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები
აბუსელიძე როინი - მიწის პოეტის მსხვერპლი
ახალაია ბექა - ლინდა
ბერიძე ირმა - სიკვდილი ლიმონათის ქარხანაში
ბიბილაშვილი ზაზა - ფაზლი
ზუკაკიშვილი მელანო - ქვების და ხეების (უშვილოთა საკითხავი)
მარღია ელგუჯა - ციკლიდან  კოლხურ სტელებზე მინაწერი
ქურხული ეკატერინე - ანატორი
ცუცქირიძე ლელა - უმამო გოგოებისთვის
ჯავახაძე ვახტანგი - ელეგია\"
ჯავახიშვილი კატო - ამბავი ჩვენზეკიბეებზემოაჯირებსა და ხურჯინებზე

წლის საუკეთესო ესსე (სკოლის მოსწავლეთათვის)
ბენდელიანი სალომე - ილიას საქართველო
კოხტაშვილი ქეთა - ცოტაც გაუძელტატო
ფირცხალავა ელისაბედი  - ილიას საქართველო
ჭელიძე სოფიო - ნიკოლოზ ბარათაშვილი - მსოფლიო გენიოსთა წინამორბედი და მუზა
ჯანჯალაშვილი რუსუდანი - ბედისადმი დაუმორჩილებლობის იდეა ნიკოლოზ ბარათაშვილისშემოქმედებაში

წლის საუკეთესო სიმღერა
ზაქარაია შოთა - ვეგებები გაზაფხულს
კარტოზია მურმანი - ამბავი ომის შესახებ
მალაზონია დავითი - ჩემი სიყვარული
მახნიაშვილი მამუკა - ზღაპარიყო
ნებიერიძე სანდრო - ელემენტები (ცეცხლიწყალიმიწაჰაერი)

წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები
აბრამიშვილი ლელა - დარღვეული ქალაქების სევდა
ბუდაღაშვილი ლიზი - ნოსტალგია
კობახიძე ქეთევანი - ღამის თბილისი
საყვარელიძე ბექა - დრეზდენი

წლის საუკეთესო ქანდაკება
მაისურაძე დავითი - მეომარი ქალი

წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები
ველიჯანაშვილი გიორგი - ხანძარი ბორჯომში
თოლორდავა რომანი - ბუნებრივი სტიქიონი
ნაცვლიშვილი რამაზი - ლოცვა
ნიქაბაძე ანი - აქ მოგონებები იყიდება
ოსეფაიშვილი ლიზა - ცხოვრების ფასადები
ჩადუნაშვილი დუნდო - ადამიანი

წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები
აბაშიძე ირაკლიშაფაქიძე დიმიტრი  ახალი მედიათეკა თბილისში
გიორგობიანი მიხეილი - იუსტიციის სახლი თიანეთში
დვალიშვილი ნუგზარი - რესტორანი ვარაზი
სულაბერიძე გიორგი ტექნოპარკი ოქროყანაში
ცუცქირიძე დავითი - გაგუას კლინიკა
დაჯილდოების დღესთითო ნომინაციაში დასახელდება მხოლოდ ერთი გამარჯვებულირომელსაც გადაეცემა კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიც სპეციალურად ამკონკურსისთვის მოქანდაკე გიორგი (გიაჯაფარიძემ შექმნა.
გამარჯვებული ავტორებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააწესაერთჯერადი ფულადი პრემია 1500 ლარის ოდენობითსპონსორები ასევე დააჯილდოვებენკონკურსის ფინალისტებს.
დაჯილდოების ცერემონიალითბილისობის ღონისძიების ფარგლებში, 2017 წლის 7 ოქტომბერს 18:00 საათზეთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფისსახელობის დარბაზში გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიალი დახურულია.


Sunday, October 8, 2017

ჩვენ რომ ბავშვებად ვიღვიძებდით!

ჩვენ რომ ბავშვებად ვიღვიძებდით,
დრო იყო კარგი,
გვჯეროდა ქვეყნად სამართალის,
მზის და სიკეთის,
დღეს კი
ულმობელ რეალობას
აწყდება ბავშვი,
რაღაცნაირი დაეჭვებით
მიტომ გვიცქერის.



პოეტებს!

ხანდახან ტკივილი თითებზე გადადის, -
გაცრეცილ ქაღალდზე სათქმელის ზღვა დგება,
ფარდებზე მზე წვება, თვალებში მანათებს,
თითქოს ნახევიდან გამოჰყვა კანაფებს,
ბრმა მისტერიებში, ქარცეცხლში ათასჯერ
ნაფიქრი ცოცხლდება, სტროფებად ლაგდება
და რჩება ამქვეყნად მხოლოდღა გათვლამდის
(კენტია ყოველთვის, ლუწი არ ამოდის),
სანამ ბობოქარი  სული არ დაცხრება.
                              __________
ხანდახან გვბეზრდება მუზებთან თამაში, -
შეკრული თითებით წერა არ გამოდის,
მზე ჩადის საოცრად ჩუმი და ლამაზი,
ვით ხიბლი იმ შორი უხინჯო ბავშვობის.

Friday, October 6, 2017

რომ გამეგონა შენი ხმა კვალად

დააჩნდა სხეულს ოტების დამღა,
ღრმა ჭრილობების შევკარი ძეწკვი,
შემოვუძახე წვიმას და გრიგალს,
დავთქერე ცხენით მდელო და ტევრი,
რომ გამეგონა შენი ხმა კვალად,
კვლავ შემოვაღე კარები ბეღლის,
დააჩნდა სხეულს ოტების დამღა,
მოგონებების გამიწყდა ძეწკვი.



Thursday, October 5, 2017

ჩემი გრძნობების ექსპრესია

ჩემი გრძნობების ექსპრესია
ვიღაცამ მონათლა დეპრესიად,
აქეთ ექიმები შემესია,
იქით თამბაქო და ხერესია.
კვალი თუ არ ამერია,
დღენი თუ არ დამელია,
იმათ გავუყენებ "სამშვიდობოს",
ვინაც შეაფასა დეპრესიად
ჩემი გრძნობების ექსპრესია.

Wednesday, October 4, 2017

როცა სიტყვას სათუთს ვერ იმეტებ სხვისთვის

როცა სიტყვას სათუთს ვერ იმეტებ სხვისთვის,
ეჯიბრები ყველას, ყველასთან გაქვს ქიშპი,
შენ გგონია, თუ კი, სხვას მიახლი "მართალს",
დაამარცხებ ბოროტს, ავისმქნელს და ვანდალს?
ბულბულების სტვენა სჯობს ყვავების ყრანტალს,
გადარჩები ამით დავასა და სკანდალს.