Thursday, June 30, 2016

სამყურა ბალახი მიყვარდა ოდესღაც

სამყურა ბალახი მიყვარდა ოდესღაც,
მე მაინც ვეძებდი საკვირველ ოთყურას,
რომ ამსრულებოდა სულ ყველა ოცნება,
ღრუბლები მფენოდა საბნად და კოცნებად,
ბებიის, ბაბუის, დედის და ბიძების,
ფეხსაცმელს დავყრი და ისევ გავიქცევი
ზღვისაკენ, მომდევენ კვამლი და ნისლები,
მე კენჭებს დავითვლი, თქვენ იქვე იქნებით,
კოცონი ანთია, შიშხინებს მწვადები,
ამზადებს ბებია სტუმრისთვის საჩუქარს,
ჩურჩხელებს, თეთრ კვერებს ღიმილით გაუტანს,
თაფლიან ქილას სჩრის ხელებში მოუბარს.
ახლა კი მოვგავარ საკანში მჯდომარეს,
ხელს ვიწვდი ცისაკენ ვერხვივით მთრთოლვარეს, 
ვერ შევძელ მაღლიდან ღრუბლების ჩამოხსნა,
ვერ ვეცი პატივი სტუმარს და მეგობარს!


ცრემლი

ხან სიხარულის ცრემლი ჩამოგვდის,
ხან ძალა არ გვაქვს ტანჯვის ატანის,
მაინც წმინდაა ცრემლი ყოველთვის,
რადგან ღვთიშობელს დასდის მარადის!

Wednesday, June 29, 2016

შორიდან ვუძღვნი სალამს მეგობრებს

შორიდან ვუთვლი სალამს მეგობრებს,
მეგობრობის ტვირთს ვარქმევ წყალობას,
თუ ვერ შევძელი ეს ადრე მეთქვა,
დღეს ღმერთს ვუგზავნი უღრმეს მადლობას.
რომ მეგობრობის გამხადა ღირსი,
ეს გრძნობა ბორგვით აცვდება თითებს,
ჩაკირულია გულში დუღაბად
და სიხარულის ტკივილებს იწვევს.
.

Tuesday, June 28, 2016

მორჩა ჩვენი გაკვეთილი (საბავშვო)

მორჩა ჩვენი გაკვეთილი,
ვერ გავწვრთენი მურია,
ხომ სულელი იყო მანამ,
ახლაც ვუწერ ორიანს,
თათი ზევით აწიეო,
მან კი დრუნჩი აწია,
ხელებიდან გამომგლიჯა
ქათმის ხორცი პაწია.

ქარი სარკმელში ხვნეშის

ვაწრიპინებდი კალამს,
ფრთა გარეული გედის,
ღამეს ვუძღვნიდი სალამს,
ქარი სარკმელში ხვნეშის.
ტოტებს ატეხავს თითებს,
აყრის ფანჯარას ქვიშას,
კვნესა მოისმის თხმელის,
მწარე ტკივილებს ზიდავს.
მისტერიები კლაკვნით
აცეკვდებიან ცაზე,
გაიფანტება ნისლი
წვერის გლეჯით და ზათქით.
ციდან წამოვა წვიმა,
შვებას მიაგებს მზიდავს,
თხმელას ცრემლები ცვივა,
შველა ეღირსა ციდან!


მზესთან მქონდა პაემანი

თმაში ვარდი ჩავიწანი,
მზესთან მქონდა პაემანი,
გზას გავყევი კოჭლი ცხენით,
მიდიოდა რყევა-რყევით,
შემაწუხა ჭია-ღუამ,
დამბზუოდა ბზიკი მტრულად,
წყალშიც ფონი რომ ვერ ვნახე,
მიჯნურს ვთხოვე - " მოდი, მნახე!",
საყვარელმა გამიცინა,
თავზე სხივი მომაფინა,
გადმომიგდო კიბე ციდან,
გულში მაინც ყინვას ცრიდა!






Saturday, June 25, 2016

სულში აგონია

სულში-აგონია,
გრძნობებში-ქაოსი,
დავკარგე იმედი,
გამიქრა პათოსი,
ტელევიზორში
რებეკა, რამოსი,
ინტერნეტსივრცეში
ექიმი ჰაუსი,
ჭირსა და თმენაში
დაგვაცვდა სამოსი,
ვინც ამას გვამადლის
წაუხდეს ნამუსი!

ყაყაჩო ვარ ველის

ქარი მოგონებებს ფანტავს,
თვალში ფოლიანტებს მაყრის,
უნდა დამავიწყოს ყველა, -
მომწყვეტს ყვავილივით ბაღის,
მაგრამ ყაყაჩო ვარ ველის,
მიდუღს მაჭარივით სისხლი,
ტოტზე ჩამომჯდარა ჩიტი, -
ჩემთვის ზღაპარი და მითი.

Thursday, June 23, 2016

შენ რომ შეგიყვარდი მაშინ

უკან მომყვებოდა ნისლი,
ღრუბლებს ავაცილე კიბე,
წვიმას ცრემლებივით ვიშრობ,
ქარის გამოგონილს ვიწერ.
სუნმა ბალახების მარგო,
თვრება ალუბლების ბაღი...
გულმა გვირილები დარგო,
შენ რომ შეგიყვარდი მაშინ.

ვაი მას, ვინც სამშობლო დაცალა!

სოფელი დაიცალა,
ვერავინ მოიცალა,
ვაი მას, ვინც ქვეყნის
დიდება დაცალა.
ემიგრანტებად
გადიქცა ბევრი,
ვეღარ ტრიალებს
დოლაბი, კევრი,
შემოსევია
სამშობლოს ურდო, -
კაცი ურწმუნო,
უღვთო და უნდო.
ვაი მას, ვინც
ქვეყანა დაცალა, -
სამშობლოს დიდებას
ფული ანაცვალა.


Tuesday, June 21, 2016

მერხევა

ღრუბელო, ბურუსში გამხვიე,
აღარ მსურს არაფრის შეხედვა,
გონი ხელთ უპყრიათ მარწუხებს,
დამტოვა იმედმა, კვეთებამ
სულის და მგონია, მერხევა!

თბილისო, შენი ნატერფალი ვარ! (სიმღერა შეასრულა ნანა ბაბუაძემ)

თბილისო, შენი ნატერფალი ვარ,
გულჩახვეული ერთი სიმღერა,
ჟრუანტელი ვარ მესალამურის,
კვნესა ჰანგების მოდის თითებთან.
საიათნოვა ვარ, შენი აშუღი, -
შენთვის ვიმღერე მრავალ ენაზე,
სულში ჩამწვდომი ხმა ვარ დუდუკის,
აკვნესებული მტკვარზე, ვერაზე.
ვარდი ვარ ერთი, მუდამ გაშლილი,
კრწანისის ველზე დაღვრილი სისხლი,
შენი წყლული ვარ, შენი იარა,
იუნკერების სულთქმა და ფიცი.
შენი ლურჯი ცის ანარეკლი ვარ,
ნარიყალას ქვეშ დაღვრილ ფერებად,
იასამანის ერთი კვირტი ვარ,
სიყვარულის მზე რომ ეფერება,
შავნაბადაზე ღამე ვარ ნაზი
და მოლაღურის შემოძახილი,
დასერილი ვარ სხივების ბადით
ზეციურ ძალთა ერდოს ყვავილი.
მეთულუხჩე ვარ, ხან კი მედროგე,
რომ მიაქანებს ცხენებს ჭენებით,
ხან ორთაჭალის ბაღის ტურფა ვარ,
თვით ფიროსმანის მზით ნაფერები...
ქალი ვარ, დედა, და და ასული,
ვარჯი ვარ, ვაზი, ბანი, თილისმა,
შენი ბავშვობა, შენი სიბერე,
არგამტეხელი საღვთო ფიცისა.

21.06.2016 წელი








ბედს ირიბად ვუყურებდი

მიხსენებდნენ დიდი ქებით,
უცნაურად ვქილიკებდი,
მეშლებოდა ია-ვარდი,
აღარაფრის მქონდა დარდი,
დღეს კი ზამთრის პეიზაჟი
დამდგომია ცხადად თვალწინ,
ჩიტისთვის დგას კაკანათი,
მეშინია შიგნით გაბმის,
ბულბულივით გალიაში,
ოქროს ნისკარტს რკინას ვახლი,
აღარ დამრჩა ბუმბულები,
ბედს ირიბად ვუყურებდი.
.



Thursday, June 16, 2016

დროსა და სივრცეში დავიკარგე

დროსა და სივრცეში დავიკარგე,
ვუმზერ ვარსკვლავების კორიანტელს,
ზოგი შემომყურებს დაპირებით,
ზოგიც-სიცილით და ახირებით,
მეც ამ გამოცანით დავიბენი,
ნეტავ რომელია ჩემი ბედი?!
პატარა ბავშვივით მოთამაშე,
თუ ის, წარბები რომ უთამაშებს,
ნიშანს არსაიდან ველოდები,
გვერდზე არა მყვანან მეგობრები,
თვითონ გავაკეთე არჩევანი,
არ მყავს მსაჯული და მომჩივანი,
ახლა ბედის ვარსკვლავს ვეომები,
გვერდზე მომყვებიან მეომრები,
პატარა, ბავშვივით მოთამაშე,
დიდი- ბრძენი და მოამაგე,
ვუმზერ ვარსკვლავების კორიანტელს,
თვალიდან ვისვრი ფოლიანტებს.


მეგონა, იყავ ყველაზე კარგი

მეგონა, იყავ ყველაზე კარგი,
ერთად შევთხზავდით დიდების ზღაპარს,
ერთად დავთლიდით საბავშვო ფანქრებს...
დაშორების ტვირთს წავიღებ ვალად.
მეგონა ზეცას ვწვდებოდი ხელით,
მელოდებოდა შენთან სიბერე,
მეგონა დარდებს დამავიწყებდი,
ერთად დავთესდით მადლს და სიკეთეს.
მაგრამ ავბედით დროს რა ვუთხარი,
ვერ მოიფიქრა შენთვის წამალი,
მუდამ ბავშვობის ველში თამაშობ, -
ვეღარ ვიპოვე გამოსავალი.



მეგონა, იყავ ყველაზე კარგი

მეგონა, იყავ ყველაზე კარგი,
ერთად შევთხზავდით დიდების ზღაპარს,
ერთად დავთლიდით საბავშვო ფანქრებს...
დაშორების ტვირთს წავიღებ ვალად.
მეგონა ზეცას ვწვდებოდი ხელით,
მელოდებოდა შენთან სიბერე,
მეგონა დარდებს დამავიწყებდი,
ერთად დავთესდით მადლს და სიკეთეს.
მაგრამ ავბედით დროს რა ვუთხარი,
ვერ მოიფიქრა შენთვის წამალი,
მუდამ ბავშვობის ველში თამაშობ, -
ვეღარ ვიპოვე გამოსავალი.



Wednesday, June 15, 2016

ღვთიშობელს!

სულმნათო, დედაო,
ჩვენს გულში მხედავო,
თილისმავ ერისა,
დამცველო კერისა,
ამრავლე ქართველი,
დაადგი ნათელი
დიდსა და პატარას,
გზამრუდს და გზამართალს,
მზესავით ავალდეთ,
ლოცვებით მარადდღე.




სიყმაწვილე ხარ, ჩვენი სიბერეც

სულის ფეთქვა ხარ, ჩემო მამულო,
მაცოცხლებელი დილის ნიავი,
უბერებელი შენ ხარ ხართუთა,
დიდების მზისგან სხივმომფინარი,
ბევრი ეცადა შენს დამარცხებას,
გადინეს სისხლი, მოგაცხეს ჩირქი,
ბევრი დაგადეს წყლული, იარა, 
მაგრამ ვერ სძლიეს ქართველის სინდისს.
ბედმა უბედომ წილი გიყარა,
ბევრ გმირს თვალებში ჩაუდგა ბინდი,
აქ დამარხულმა ცეცხლმა იალა
და გვირგვინივით დაადგა თბილისს.
ოსტატის ხელმა შექმნა ვარძია,
ბანა, ყინწვისი, სვეტიცხოველი,
დგანან ჩვენს გულთა თანაზიარად,
კვლავ ღვთის წყალობას მათგან მოველით.
ფანასკერტელის მალამოდ გვეცხე,
აგვიფრიალე რწმენის ალამი,
სიყმაწვილე ხარ, ჩვენი სიბერეც
და გიერთგულებთ კუბოს კარამდის.


ცირკი

ზოგს უხარია ყურება ცირკის,
სუნს რომ იკრავენ ტურები სისხლის,
მგლების ბრძოლა და მამაცის ფიქრი,
მათთვის მომგვრელი იქნება ღიმის.

ვერავინ ხედავს დარდსა და ტკივილს,
მაგრამ შეცდომებს ამჩნევენ უცებ,
და როგორც ქორი აცხრება წიწილს,
ბუმბული შენი აცვივა ყორეს.

Tuesday, June 14, 2016

შენი სურნელი

შენი სურნელი ავკრიფე ბანიდან,
და შევინახე როგორც საუნჯე,
ჩემი სხეული არის განჯინა,
თვალი გამოყვა ზღაპრულ ფასკუნჯებს.
შენი სურნელი გაქრა ხელიდან,
თმიდან, კანიდან ჩამოირეცხა,
არომატი მდევს ახლა ცაცხვების,
რომ გამიქარვოს ჩუმი დარდები.


Sunday, June 12, 2016

მინდა ტკივილი დაგავიწყო

მინდა, ტკივილი დაგავიწყო,
მინდა, მიყვარდე,
როგორც, ქარს ნუში,
რომ ეხვევა, ტუჩებს უკოცნის,
როგორც, პეპელა,
ყვავილების სიტკბოს დარაჯობს,
მეც, დაჩოქილი,
ცასთან ერთად,
შენთვის ვილოცებ!

გაციება

დატეხილი ვარ ნაწილებად,
აღარ მიხარია გაღვიძება,
შემომიტიეს ბაცილებმა,
უნდა მივცე მათ აცილება.

Saturday, June 11, 2016

სიტყვა

თუკი შენს სიტყვას შეუძლია მაქციოს გმირად,
ნეტარებით და სიყვარულით განვლიო გზები,
ნუ დაიშურებ, ჩემო კარგო, საქებარ სიტყვას, -
სიტყვა არის და კვლავ იქნება გამხსნელი ფრთების.

Thursday, June 9, 2016

გეძებ, გეძებ!

სულში ისევ ქარიშხალი დაქრის,
მეღირსება დამშვიდება ოდეს?
ჩემს ოცნებას, დაგინახო კვლავაც,
უხმო სევდა დაალეწავს ტოტებს.
კვლავ მიზიდავს უფსკრულები მთების,
თითქოს ჩემს გულს დაკარგვია ალღო,
გეძებ, გეძებ, სიყვარულის მეფეს,
შენ კი ცაში ანგელოზებს ართობ.

Wednesday, June 8, 2016

აპათია

დილიდან მოჟამული ამინდია,
განწყობაც მინორული. აპათია
სულში ქვებს მილაგებს, კარატიანს,
ზეცამ ღალატი ვერ აპატია, - 
მიწას,ცრემლი დასდის ღალატიანს.

Tuesday, June 7, 2016

ტკბილი გურია


წიგნის ფურცლებზე ამოვნიშნე
მთების სითეთრე,
სავანეთია,
მინდვრის ყვავილებს ამოვუღე
ყვითელი გული,
დასაბამიდან,
გნოლი დავაფრთხე და
თავად დავფრთხი,
როგორც კურდღელი,
უმანკოების ფერით მოსილი,
ამოვულესე ქვევრებს თავი, -
ვერ დაეტია...
ჩემს გულში მოჩქეფს
მაჭარივით
ტკბილი გურია.




დედავ, წმინდავ!

დედავ, წმინდავ, სასოებავ,
ჩემს სანუკვარ სურვილს გესავ,
სიცოცხლეზე მეტი არის
ჩემთვის ქვაც კი დიდი სხალთის.
თავზე ადგას ნათლის სვეტი,
ბურჯი ჰქონდა უფრო მეტი,
მაგრამ დრომ და ავმა ჟამმა,
შლილი უფსკრულს გაატანა.
მეტად აღარ გაგვიმეტო,
შვილი ვიღას უნდა ენდოს,
იქნებ მშობელს თვალის ჩინი
დაუბრუნო დიდი ჩინით.
მოთქმასა და თხოვნას ვბედავ,
განუმტკიცე ქართველს რწმენა,
ნუ დაგვტოვებ უიმედოდ,
ქართლის თავზე მზე რომ ენთოს!.

ზეცას ვუთხარი მადლობა

ალვის ტოტებად აყრილმა,
ხელი აღვაპყარ მაღლა,
ზეცას ვუთხარი მადლობა,
ძუძუ მაწოვა მანაც.
მიწას, ჩემს გამზრდელს,
ვაკოცე, ფესვი ჩავჭიდე მაგრად,
დალოცვილი ხარ, დედაო,
არ მიგატოვებ არად,
ნიავო, შენზეც ვილოცებ,
შენც ხომ მიმღერე ნანა?!

ჩვენი სიყვარული (სიმღერა)

დავიშალე ნაწილებად,
დავიშალე ფერებად,
შენს კალთაზე დავიღვარე,
მომენატრა ფერება,
ტუჩები გაქვს თაფლზე ტკბილი,
მიყვარს მათთან შეხება,
სიყვარული ჩვენი, კარგო,
მაღლა ზეცას ეხება!

გულგატეხილმა, შენი სიშორით

გულგატეხილმა, შენი სიშორით,
ფრთები გავშალე, საფრენად მზად ვარ,
სულ ნუ იქნება გზები იოლი,
დაგელოდები სამოთხის კართან,
სულს ამოვივსებ თეთრი ფიფქებით,
ყინვას და ავდარს არ ვუშინდები,
მინდა გავთელო გზები სიშორის,
იმედით სავსე ღმერთს მივენდობი.



Friday, June 3, 2016

ჩამოვიხიე გაზაფხული თეთრი მკერდიდან

ჩამოვიხიე გაზაფხული თეთრი მკერდიდან,
როგორც ფურცელი კალენდარის,
ცისკენ მივმართე თვალთა ისარი,
სურვილი ჩავთქვი მე საფიცარი,
სხეულის ტანჯვას დავაყოლე მდუღარე ცრემლი.
ძარღვში კოლტივით გამეჩხირა ჩუმი სიკვდილი,
სულში ჩამავლო ბასრი ბრჭყალი, დამაიმედა,
წყნარად წახვალო ამ ქვეყნიდან, არა გაქვს ვალი,
მეც ფრთაშესხმული მას მივენდე, პარენქიმებმა
როს უარი უთხრეს  სიცოცხლეს, ბარგი შევკარი
და ზეცისკენ ავიღე გეზი, ღმერთის იმედად.
ღვთის ანგელოზი მომევლინა თეთრი ბაფთებით,
გვერდზე დამიწყო მე ცოდვები ამვლელ-ჩამვლელის.
ყველა მათგანი შენიცაა, მითხრა ღიმილით,
მათ ჩადენაზე თუ პასუხობ მხოლოდ ქირქილით,
კიდევ დაგრჩაო ბევრი საქმე, ტოტი სიკეთის ჯერ არ გაზრდილა, 
იყავ იმედით,  გადამაფარა თეთრი ფრთები, მოზაიკების!
  




Thursday, June 2, 2016

გაქცევა მინდა

გაქცევა მინდა, გაქცევა მინდა,
უნდა დავადგე ღვთისაკენ ბილიკს...
ზარი მეძახის კრიალა ციდან,
მაგრამ მიჭერენ ხელები რკინის...