Monday, July 31, 2023

გიცდი (სატრფიალო)

 

გიცდი
იქნება დღესაც მტოვებდი სადღაც,
იქ, სადაც ფერთა სიმშვიდე სუფევს,
თეთრი და შავი, უხდება ჭადრაკს,
ცრემლი უხდება ხანდახან უპეს.
მეც ვდგავარ ახლა ტრიალ მინდორში,
და შემოდგომის მზე მიჩანს თვალში,
ფიქრები მღალავს უამინდონი,
სევდა და დარდი მიდგანან კვალში.
ოქროცურვილი მასხია მხრებზე,
და ჭრელფოთლება მაცვია კაბა,
ვიცი, რომ ფიქრობ ამდრომდე ჩემზე,
დღეებს უაზროს ერთურთზე აბამ.
ბევრი წაგვივა დროის მდინარე,
თუ თავის დროზე არ გადე ხიდი,
გამოიღვიძო იქნებ მძინარემ,
მე ხომ იმ ხიდთან ისევე გიცდი.
მაია დიაკონიძე
31 ივლისი, 2023 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, ელგუჯა ციგროშვილი და 41 სხვა პიროვნება

სახუმარო, კომენტარად

 გაიარე, თუ კი გჯერა,

მაინც ბრმების გქონდეს რიდი,

სიფრთხილე კი ყველას ჯერ არს, 

თუ კი შეგხვდა  კაცი ფლიდი.


ჯერ არს - ჰმართებს

აღარა მჯერა, მინიმა

 აღარა მჯერა არც ერთი სიტყვის, 

სიტყვაც წყალივით მოდის და მიდის,

ჩაინავლება ცხოვრება თითქმის,

და იმედებიც გაქრება დიდი.


Sunday, July 30, 2023

სიცოცხლის წყურვილს...

 გაზაფხული რომ შემოვიდა, გამათამამა,

თეთრი ყვავილი დამაბერტყა,-- ზეცის მანანა,

შენ ჩემო სულო, გავიფიქრე, არ კვდები ჯერაც,

მაშინ უსმინე ჩიტთა ჭიკჭიკს, ბუნების მღერას.


რა საჭიროა სიმწუხარეს რომ მისცე თავი,

როცა სავსეა დედამიწა დილის ცვარ-ნამით,

ან კაცთა მოდგმას შენგან რაღა დაეწუნება,

რამე არ მოგწონს?! ასეთია კაცის ბუნება!


აბორგებული ოკეანის  უსმინე სუნთქვას,

და ალიონზე მზეს შეხედე, იმედად სულთა.

გაზაფხულზე ვაზს ჩამოსწმინდე მირონი ცრემლი,

შემოგძახებენ სასოებით წინაპართ ძვლები.


დედო ფურისას გადახედე თეთრ, სავსე ჯიქნებს,

სიცოცხლის წყურვილს თვალხატულა შვლის ნუკრიც იჩენს,

და მთაგრეხილებს შეულოცე ბერი მთებისას,

კურთხეულ ნაბიჯს რომ ინახავს ჩვენი მეფისას.


დადიოდა და დიდთა მთებთა გაჰქონდათ დრეკა,

ზარი ისმოდა, ზარი რეკდა ყაზბეგს და მლეთას,

შენი ფეხითაც  გაიარე, მიეც დასტური,

რომ ისევ ყვავის,  იწურება ალადასტური.


იცი,  არსებობს სიკეთე და  ღვთის მადლი ქვეყნად,

მიართვი უფალს შენი გული თასივით ძღვენად,

რომ მან შეავსოს სიყვარულით შენი მოყვასის,

არაფერია სუფთა გულის ქვეყნად ტოლფასი.




მზესუმზირა და ფუტკარი (საბავშვო ზღაპარი)

       მზესუმზირა და ფუტკარი

 მზესუმზირებს ფუტკარი შესეოდა. მხიარულად დაბზუილებდნენ, აივსებდნენ ტკბილი ნექტარით მუცლებს და სახლისაკენ მიიჩქაროდნენ, მზის ჩასვლამდე რაც შეიძლება მეტი თაფლი უნდა მიეტანათ სკაში. გზადაგზა ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, სამუსაიფო თემას რა გამოულევდათ?! 
    - აქ მზესუმზირების კარგი მოსავალი იქნება, ნახე, რამხელა თავები გამოუსხიათ, - იტყოდა ერთი, 
   - შარშანაც უხვი იყო მოსავალი, გახსოვთ გოგო მაიას სულ დიდ-დიდი თავები მიჰქონდა სახლში, ერთმანეთზე აკინძული, - დაამატებდა მეორე. 
    ახლა ახალგაზრდა ფუტკარიც დაემგზავრა დიდებს და გაოცებით იკითხა: 
   - ასეთი დიდი ყვავილები ჯერ არ მინახავს, ალბათ, ამაზე დიდები არც არსებობს! 
    - როგორ არა, რაფლეზია არნოლდი არის ყველაზე დიდი ყვავილი დედამიწაზე, - უთხრა ყველაზე ღრმად მოხუცებულმა ფუტკარმა, პაპის პაპამ მომიყვაო, მეტყოდა მამა, მაგრამ  აქ კი არ იზრდება,  შორს, ინდონეზიაში. 
   - მაგის დეკორატიული ჯიშები აქაც არის, ერთი-ორჯერ საშოვარზე ქალაქისაკენ რომ მომიწია გაფრენა, აივნებზე და ფანჯრის თაროებზე შევნიშნე, მაგრამ ისეთი ცუდი სუნი ჰქონდა, ახლოს ვერ მივეკარე, - თქვა მეორემ.
    - დაილოცოს ჩვენი მზესუმზირა, ხვავიანი და ბარაქიანი, - გააგრძელა ისევ ყველაზე მოხუცებულმა ფუტკარმა, - თუ გინდა ბაღს დაამშვენებს,  თუ გინდა სიმინდის ყანებს, ზეთსაც იძლევა და გემრიელ საკნატუნოსაც, ჩვენთვის ხომ ზეცის მანანაა.
   დღე მთავრდებოდა, ფუტკრები სახლისკენ მიიჩქაროდნენ, მაგრამ მოულოდნელად ქარმა დაუბერა, ნელ-ნელა ძლიერდებოდა და ფუტკრები ერთმანეთს დააშორა, სულ იქით-აქეთ მიფანტ-მოფანტა. ახალგაზრდა ფუტკარი ატრიალა, ატრიალა და მიწაზე დაანარცხა. ფუტკარმა ღერო დაინახა, ზედ აცოცდა, მარჯვედ მოძრაობდა, ქარმა აქედანაც არ გადამაგდოსო. ზევით-ზევით მიიწევდა. მოულოდნელად ყვავილის ბუსუსებში ამოყო თავი, მზესუმზირას ყვავილს თავი ძირს დაეხარა, იმიტომ რომ მზე აღარ ანათებდა, დაენახა ფუტკრის გასაჭირი და საშველად თავი შეეშვირა. ბედნიერად იგრძნო თავი ფუტკარმა, გადავრჩიო, გაიფიქრა და ნაცნობი სურნელით გაბრუებულმა და ქართან ბრძოლაში დაღლილ-დაქანცულმა ძილს მისცა თავი. 
   მეორე დილას მხიარულ ბზუილს გაეყრუებინა არემარე. მზესუმზირის ყვავილსაც მზის შესახვედრად თავი მაღლა აეწია, თან ისე ნელა ამოძრავებდა, სტუმარი რომ არ გაეღვიძებინა. თვალები მოიფშვნიტა ფუტკარმა, იმანაც მზესუმზირას ყვავილივით პირველად მზეს შეხედა, ეამა, მასაც ძალიან  უყვარდა მზე, 
   - იმიტომაც ვართ ორივე ყვითლები, მზესა ვგავართ, -  გაიფიქრა, - ყვავილს მადლობა გადაუხადა და თავისიანებისკენ გაფრინდა.

,,ლიტერატურული მესხეთი", ავტ მაია დიაკონიძე

 

ავტორი: მაია დიაკონიძე

მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს მრავალშვილიან ოჯახში. მამა მეცნიერ-მუშაკი, რამდენიმე წიგნის ავტორი შრომის ეკონომიკაში, კითხულობდა ლექციებს თსუ- ში, დედა- უკრაინელი, განათლებით ეკონომისტი. 1979 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლა, 1984 წელს  წითელ დიპლომზე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით. შემდგომ სწავლა განვაგრძე იმავე სპეციალობით ასპირანტურის განყოფილებაში. 1984-1094 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში,  ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში",2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. ამასთან კერძოდ ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. ამჟამად ვთანამშრომლობ საბავშვო-ლიტერატურულ ჟურნალ "დილასთან", სადაც იბეჭდება ჩემი ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები.

     ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. 2012 წელს ჩემი ლექსები დაიბეჭდა "მწერლის გაზეთში", შემდგომ გაზეთებში "ქართული სიტყვა",  "ლიტერატურული მესხეთი", ჟურნალი "ოლე". 2013 წელს მივიღე ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემია, რელიგიურ თემატიკაში, 2014 წელს გავხდი კონკურს "ემიგრანტის წერილის" ფინალისტი, ასევე ვარ კონკურს "ბერიკონის" ერთ-ერთი გამარჯვებული. 2017 წელს მივიღე მესამე პრემია საბავშვო პროზაში ჩატარებულ კონკურსში "ბუკნაჭო" ზღაპრისთვის "ფანქრის მთლელი". ამავე წელს კვლავ გავხდი ლიტ. კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემიის მფლობელი. ასევე ვარ ლიტერატურული კონკურსის "წმინდა ნინოს" 2017, 2018, 2022, 2023  წლების ერთ-ერთი ნომინანტი. 2018 წელს გავხდი კონკურს "ივერია" ერთ-ერთი ნომინანტი : წლის საუკეთესო ნოვეელა". ჩემი ლექსები, მოთხრობები და ესეები შეტანილია სხვადასხვა წიგნებსა და ჟურნალებში. ვარ ოთხი წიგნის ავტორი,  ერთი საბავშვო კრებულის "იოცნებეთ ყველამ" (ლექსები, მოთხრობები, გამოცანები) (2015),  მეორე ლირიკული ლექსების კრებულია "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017), მესამე წიგნი გამოიცა 2018 წელს, ზღაპრების კრებული, სათაურით "ფანქრის მთლელი", 2020 წელს გამოიცა ასევე მესამე საბავშვო წიგნი "მხიარული ანაბანა", რომელიც გაფორმებულია ჩემი ილუსტრაციებით.

       როგორც მხატვარმა მივიღე მონაწილეობა სამხატვრო გამოფენაში, რომელიც  გაიმართა 2017 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც ასევე  მონაწილეობა მიიღეს ჩემი ოჯახის წევრებმა, ასევე ვმონაწილეობდი რამოდენიმე ჯგუფურ  გამოფენაში, რომლებიც  მხატვართა კავშირისა და მხატვართა ლიგის მიერ  იყო ჩატარებული 2020 - 2023 წლებში.

ვარ საქართველოს მხატვართა კავშირის  და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

მყავს მეუღლე და სამი შვილი.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 99ა, ბინა 25

ტელ. 551080607, 2345022

 

                                             ლექსები

 

ამირანო!

(ხალხურ მოტივებზე)

 

საკვირველზე საკვირველო,

გმირობა ხომ არ იაფობს,

სადაც დავალ, შენც იქა ხარ,

გულში მზედ რომ იკიაფო.

ვფიცავ კოპალას და იახსარს,

ლაშარსა და გუდანს ვფიცავ,

ხახმატს, ყველა სალოცავებს,

სულ მუდამ რომ დამაქვს ფიქრად.

დევ-გმირების სამეფოში,

შენ ერთი ხარ, არ გშურს სხვისა,

ამირანი ამირანობ,

ძევ ქართველი ქალღმერთისა.

მაია დიაკონიძე

20.05.2023 წელი

 

მუზა

 

ალბათ ყველა ქალს შეუძლია რომ იყოს მუზა, -

ვით თამუნია წერეთელი, ან ტურფა მერი,

ჭეშმარიტება ასეთია, ვერაფერს ვუზამთ,

მუზათ ნატერფალს არ ედება ფერფლი და მტვერი.

ეკატერინე ჭავჭავაძეს შესტრფოდა ტატო,

,,ტანო ტატანოს" დამღეროდა ბესიკი ქნარზე,

განა იცოდნენ, აირჩიეს რისთვის ან რატომ,

მუზა ხომ ჩვენს სულს იდუმალი სინათლით ავსებს.

ორბელიანს კი თავს ერჩია მწყაზარი ნინო,

ასი წლის მერეც რომ შესტრფოდა გოგლა მის სახეს,

ლექსშიც რომ ფიქრობ, სიტყვით რამე არ აწყენინო, -

ვერ გაექცევი იმათ დიდ ხიბლს, დაგებულ მახეს...

ოცნების მუზას მაინც ვეძებ მე ყველა ქალში,

ზოგის ფიქრები ზღვა არის და ზოგის მდინარე,

და ირეკლება მიუღწევლის სურვილი თვალში,

ვუცქერი ყველას სიყვარულით პირმომღიმარე,

მაია დიაკონიძე

24.07.2023 წელი

 

ღმერთო!

 

ზოგჯერ ლექსებიც ვერ მიყუჩებს ამ სულის ტკივილს,

ფრთებჩამოყრილი მივუყვები ცხოვრების ბილიკს,

ვბღავი და ვტირი ენგურივით, ხმას მაძლევს თერგი,

რიონი, მტკვარი, ალაზანი, ფიქრია ერთი.

გამოხრულია კლდეთა ძირი, ლამის წაიქცეს,

უცხო ძალები იტაცებენ მიწას საფიცებს,

ქარს მიაქვს ცაში მისი კვნესა, მისი ჩურჩული,

მთათა გოდება, სიმღერაა ხმამოგუდული..

ღმერთო, ეს გული განმიმტკიცე, გახადე რვალი,

არ მოაშორო ჩამქრალ კერას სიკეთის თვალი.

დე, ისევ თეთრად აყვავილდეს ბაღებში ნუში,

და ნუ შეღებავ მზეგულ ყვავილს წითელი ტუშით.

მაია დიაკონიძე

26.07.2022წელი

 

ჩაფიქრებული ხომ არ გაქვს!

(ხალხურ მოტივებზე)

 

ჩაფიქრებული ხომ არ გაქვს,

ვაჟო, შენ ჩემი სიკვდილი,

ვერ მაიცალე ჩემთვინა,

აღარც მწერ, აღარც მიღიმი.

 

გულში რომ ჩამსახლებია

მე, უშენობის ტკივილი...

ცრემლად მეცემა მკერდზედა,

ბრწყინავს საკინძის ღილივით!

 

ქალი და სარკე

 

მიაჩერდა დაჟინებით ქალი სარკეს,

ოდითგან რომ წინაპართა  სახლში იდგა,

და რას ხედავს, ბებიამისს უგავს  სახე,

,,ბებო", ყელში გაეჩხირა უცებ სიტყვა.

 

შეკრთა, როცა ნაოჭები დაინახა,

და ნაღველით დაბინდული ნაზი მზერა,

სარკეში რო ქცეულიყო ათინათად,

ღიმი იყო, მას ჩუქნიდა ბებო ძველად.

 

დასთამაშებს ნათლის სხივი ქალის სახეს,

სადღაც მთიდან მზე გორდება, დაბლა მოდის,

ნუთუ სარკე, აქ რომ იდგა, იქცა მახედ,

ბებოს სული შიგ ჩარჩა და ვერ გამოდის?!

 

მიტომ ვეღარ დაემალა იმის თვალებს,

ეს კავშირი არასოდეს არა  წყდება,

და შეჰყურებს ქალბატონი იმ ძველ სარკეს,

ტუჩზე ღიმით ბებო თავზე ეფერება.

 

მივიწევთ ცისკენ!

 

ვეზიდებოდი მდინარეზე ფიჩხებს და მორებს,

და არასოდეს ვივიწყებდი ,,Memento mori" -ს,

მახსოვს სიტყვებიც, ,,სიკვდილის ვართ ყველა შვილები",

მივიწევთ ცისკენ გაფითრებულ-გადაღლილები.

 

მდინარის პირას ბევრიც შემხვდა წითელი შინდი,

საღამოც ბევრი გავატარე ნაზი და მშვიდი,

მაგრამ ტალღებმაც ნაფოტივით ბევრჯერ მარწია

და შემეყარა არაერთხელ ყრუ აპათია.

 

ვერა ვთქვი სიტყვაც გამოზომილ-გამოწონილი,

ბევრჯერ ავჭერი არასწორედ სხვისი ქსოვილი,

გავანაწყენე მოყვასი და ჩემი მშობელი,

ბევრჯერაც გავხდი სათნოების უარმყოფელი.

 

ვეზიდებოდი მდინარეზე ფიჩხებს და მორებს,

და არასოდეს ვივიწყებდი ,,Memento mori" -ს,",

მახსოვს სიტყვებიც, ,,სიკვდილის ვართ ყველა შვილები",

მივიწევთ ცისკენ გაფითრებულ-გადაღლილები.

-------

,,Memento mori" - გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის

 

ნეტავ, რა არის სიყვარული?!

 

ნეტავ, რა არის სიყვარული, თუ არა ელვა,

ამოღებული ქარქაშიდან ბასრი ხანჯალი,

ტკივილებით რომ ძარღვებსა და ლურჯ ვენებს სერავს,

ხან აღმაფრენა, ღრუბლებს მიღმა ჩიტი ფრთამალი.

 

მეხია, ციდან მოვლენილი, დაგცემს და გაგცემს,

ვერ დამალავ და თვითონაც ვერ დაემალები,

მშვიდობა არის, ომი არის, ზავდები არცერთს,

და თვითონ იწვი ზეცის თაღზე მნათეს სანთელი.

 

მოფრენილია ლურჯი ტყიდან ლურჯი ფრინველი,

და ყურებს გიტკბობს ჭიკჭიკით და საამო ხმებით,

ხან სევდის ხმაზე ამღერდება, ვით კორსიკელი,

მისი ცხოვრებაც ხან ზესვლაა,  ხან ჯოჯოხეთი.

 

დაგივლის გულში და შენს სხეულს გათანგავს ვნებით,

გტკივა სისხლძარღვი, გტკივა ნერვი და თითო კუნთი,

და თუ ცხოვრებას შენი ასე ტანჯვა ენება,

ფიქრობ, რად გერგო განაჩენი ასეთი კუშტი.

 

და მაინც გიყვარს, ვერ იცილებ იმაზე ფიქრებს,

დღეა, ღამეა, ვერაფრით ვერ გამოიდარა,

სიყვარულისთვის საბრძოლველად ძალებს ვერ იკრებ,

გინდა,  ჩაგაცვან შროშანივით თეთრი სუდარა.

 

ხან სამფლობელოს გადაუვლი ზღაპრების, მითის,

აბესალომის და ეთერის გშურს კიდეც ბედი,

ვერანაირად ვერ იმშვიდებ ეგოიზმს, სინდისს, —

გსურს იყო მისთვის  მნათი მზეც და სამყაროს ცენტრიც.

 

გვაბრუებს, გვატკბობს, ხან კი მწარედ ვიწყევლით თავბედს,

და ჩვენი ყოფა კვლავ ხელშია მაღალი ღმერთის,

და თუ კი მაინც სიყვარული შემოგხვდა გზაზე,

ვმადლობდეთ უფალს, განა არის ის ყველას ხვედრი?!

 

დედაჩემს!

 

დედაჩემს თეთრი ხელები ჰქონდა,

ვარდის სურნელი სდიოდა ხელზე,

და ახლა როცა ძალიან მიჭირს,

ვარდების ბაღში დედაჩემს ვეძებ.

 

დედაჩემს ლურჯი თვალები ჰქონდა,

სიო  დაჰქროდა მღელვარე ტბებზე

და ახლა, როცა ძალიან მიჭირს,

უკიდეგანო სივრცეში ვეძებ.

 

დედაჩემს მარჯნის ტუჩები ჰქონდა,

მარგალიტებით ანთებდა ზესკნელს,

და ახლა, როცა ძალიან მიჭირს,

მარჯნის ნაპირზე დედაჩემს ვეძებ.

 

სული ბავშვივით უმანკო ჰქონდა,

ახლა მაღლაა, მაღლაა მზეზეც,

და ახლა როცა ძალიან მიჭირს,

ზევით ზეცაში ანგელოზს ვეძებ.

 

განა ასაკს ვმალავ?!

 

მაღლა მთიდან რომ უბერავს სიო,

და ეხება შენს ტუჩებს და თითებს,

განა ვინმე ეკითხება ასაკს,

როს ჩუჩულებს სიყვარულის მითებს?!

მზე დაგნათის ნათელი და მწველი,

მაგ ლოყებზე კოცნას დაგიპირებს,

განა ვინმე ეკითხება ასაკს,

წითელთმინს, ლამაზსა და პირმზეს.

ტალღები რომ მოგაწვება მკერდზე,

ალერსით რომ მიგაგებებს ედემს,

ნეტავ, ვინმე ეკითხება ასაკს,

ზღვას, ნაპირზე თვალებით რომ გეძებს?

მეც ნუ მკითხავ, ვეტოლები უკვდავთ,

თორემ განა წლოვანებას ვმალავ,

მე ვარ ვითონ მზე, ზღვაცა და სიოც

და გიმზადებ უკვდავების წამალს.

მაია დიაკონიძე

15.07.2021წელი

 

ვისთვის ვწერ ლექსებს?!

 

ვისთვის ვწერ ლექსებს? ჩემთვის, შენთვის, იმისთვის, სხვისთვის,

ყველასთვის, ვინც კი ჩემი ძმა და მეგობარია,

ვეთაყვანები ჩემს სამშობლოს, პირმზიან  თბილისს,

აქ მტკაველ მიწას, ვიცი, რომ არ დამამადლიან.

 

როდესაც ზეცა გადაწვება მარჯვნივ ან მარცხნივ

და ალმაცერად გადმოხედავს მთვარე აივნებს,

მე იქ ვიქნები, არ მჩვევია ვიგემო მარცხი,

და ვამცნობ სიკვდილს, — დანებებას რომ არ ვაპირებ.

 

მინდა რომ სისხლში სულ ცოცხლობდეს ქართული გენი,

და ნარიყალას გოგო-ბიჭთა შვენოდეს ალყა,

ამ მთების იქით გაისმოდეს ,,ჩაკრულო" ჩვენი,

უმზერდეს ყველა ჩვენთა თვალთა დანთებულ ხანძარს.

 

შეყვარებულთა ნაზ ტკბილ ჩურჩულს ვისმენდეთ ღამით,

ქორწილები და გამრავლება გვისურვოს ღმერთმა,

და ვღაღადებდეთ, ,,შეგვეწიე, უფალო, ამინ!,

და ნუ მოგვიშლი სილამაზეს ცადამფრენ  ლექსთა!

 

 

 წინაპრების გახსენება

 

კვლავ ჩემი სახლის პარმაღზე ვდგავარ,

თუმცა აღარ ვარ მისი ნაწილი,

კარის სახელურს კრძალვით ვეხები,

შეჩერდა დრო და გაქრა მანძილი.

ჩემი დარდები, როგორც ჩრდილები,

გადასწოლიან ცისფერ ფოლიანტს,

მზე ჩადის ისე, მგონი, ძილშია,

რა ესიზმრება წითელ გოლიათს?

არ მინდა ვიყო მკაცრი მსაჯული

ჩემი თავის და განწყობას ვიწყობ,

მაგრამ სიჩუმე თავს დამტრიალებს,

ფეხებთან მაწევს გველივით თითქოს,

სულისშემხუთველ მისტერიებში,

მოგონებებში წინაპრებს ვიხმობ,

ვინატრე, ახდა, ესეც ბედია,

ხელით ვეხები ვენახის ჭიგოს,

რომელსაც პაპა თლიდა ოდესღაც,

რიგში აწყობდა მოხდენით თითოს,

ჭირისუფალის მოჰგავს გოდებას,

იდუმალი ხმა ეძახის თვისტომს...

გაშავებულა სახლის კედლებიც,

ჩამოწოლილა ვაშლი ლოდებად,

ეზოში დგანან ძველი ქვევრები,

გახსენებიათ ძველი დროება,

მივდივარ მათთან და ვეფერები,

ვერ კი ვახერხებ გულის მოგებას,

მიწას ეკრობა, ვხედავ, ყოველი,

ჟამთმდინარების ტალღას მოჰყვება.

მზეზე გამომაქვს ძველი ხალიჩა,

რომ შეისრუტოს ეზოს ნიავი,

უძღები შვილი ამას წავიტან,

ავწონ-დავწონი, რა აქვს ზიანი,

იმასაც, როგორც ამ სახლს, გავყიდი

და სულის მოთქმას ლხინით აღვნიშნავ,

აღარ გაჩნდება ის ბედაური,

ვარსკვლავებთან რომ ცაში ამიყვანს?!

ბოდიშს მოვუხდი ლეღვს და უნაბებს,

რომ ვერ ვექეცი მწედ და პატრონად,

დავშორდი ისე, ვეღარ ვუწამლე,

მხოლოდ სურათი მოვხსენ თაროდან,

მაგრამ რა ვუყო იმ ძველ ჭრილობას,

რომელიც ტანჯვით ჩემს სულს გახსნია?

ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს,

ძაღლი კი მომყეფს: "ეს ღალატია!"

 

ჩემი ფუძე

 

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,

გვირილების თვალწარმტაცი სივრცე,

ლურჯ მწვერვალთა ,,საიდუმლო სერობა",

გულს მგზნებარე ნაპერწკალით მივსებს.

 

ნაზ გაზაფხულს სიყვარულის მზე მოაქვს,

შემოდგომას - ქარვისფერი ზვრები,

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,

თვალანკარა ნაკადულთა  ცვრები.

 

დასაფიცად გოჯი მიწაც მეყოფა,

მამა-პაპის შესანდობარს დავლევ,

ქართველ კაცის გმირობა და ზნეობა,

რაინდული მზერა ლხენით მავსებს.

 

ჩემი სოფლის ულამაზეს ხეობათ

გადავცქერი სიამაყის გრძნობით,

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა

და ყინულზე მოციმციმე თოვლი.

 

მზეს ვიგულებ უერთგულეს მეგობრად,

მთელი გულით შევტრფი დილის სისხამს,

გაგვიმრავლოს ნათლობა და ძეობა,

ოდითგანვე კურთხეული ღვთისგან.

 

ჩემი ფუძე ქართლის მთა და მდელოა,

სულს მისერავს წინაპართა დარდი,

ვაყურადებ ჩემი კუთხის გულს და ხმას,

არწივივით მაღლა ცაში აჭრილს.

 

ერთით მეტი ვარ ყველაზე!

 

თავზე მეტადაც მიყვარხარ,

მსურს, მოვისროლო ბადე,

ბედის ვარსკვლავს რომ მიჰყავხარ,

იმ ბილიკებზე დაგხვდე,

განა, ყომრალი ფიქრია

ნაოცნებარი ბევრის,

ნიავზე სწრაფად მიქრიან

საათები და წლები,

წაწალს წაგართვა მიჯნური,

ჩამოვაბურო ფარდა,

რომ ვეღარსაით დაგლანდოს,

ჩამოიღვენთოს დარდად.

ერთით მეტი ვარ ყველაზე, -

ასე არავინ გნატრობს,

შენი თვალების მინანქარს

მსურს შევხაროდე მარტო,

ცის სილურჯეს და ზღვის სივრცეს

სასწაულად რომ იტევს...

ჩავიძირები, მოვკვდები

და გავცოცხლდები ისევ.

ცა გინანავებს მზის აკვანს

და მზესთან ერთად გარწევს...

რა სავალალოდ შემომხვდი

ბრმა წუთისოფლის გზაზე!

 

სახლო!

 

ვეღარ გხედავს გულის თვალი,

ვეღარ გწვდება ჩემი მზერა,

სახლო, ვისზედ მიმინდიხარ?!

სად მიმაგდო ბედისწერამ?!

 

გადაკარგულს მეძებს ქარი,

არევია ზენა, ქვენა,

აღარ რეკავს სოფლის ზარი,

ვეღარ შეგვკრებს ერთად ყველას.

 

მოსტეხია ირემს ფეხი,

ტყუილად უხმობს კაცად მშველელს,

პატრონი რომ აღარ ჰყავს,

სახრავს ძაღლი სხვაგან ეძებს.

 

ლიბოს გველი შესჩვევია,

ის დარაჯობს ახლა ედემს...

მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს,

სიკვდილად ვით გაგვიმეტებს?!

_____

 

ფანელის კაბა

 

გახუნებულა ფანელის კაბა,

ძველ ჩემოდანში ჩრჩილები ჭამენ,

არ გადაიხდის არავინ აბაზს,

ჩემთვის კი ნიშნავს ეს კაბა რამდენს...

 

ხსოვნის ზანდუკში ფშვინავენ ხმები,

,,ბებია, კაბა გიხდება როგორ,

ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,

აბა, ვისა ჰყავს ასეთი გოგო!"

 

მზემოკიდებულ მკლავებზე მიწვენს, პაპა,

უჩუმრად მიმღერის ,,ნანას",

,,ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,

ნეტავ ვინ არის აქ შენისთანა!".

 

ბედისწერის ქარს მივყვები აშარს,

გახუნებულა ფანელის კაბა,

სხვა რომ არავინ არ მისცემს აბაზს,

მე ვერაფერში ვერ გავცვლი ამას!

 

შენ, კახეთო!

 

წვიმდა, წვიმდა, უცნაურად წვიმდა,

დასდიოდა ცრემლი მხოლოდ ვაზებს,

და კახეთის ამ საოცარ მიწას

მზე აფენდა ციდან ფიანდაზებს.

 

ღობე, ღობე, გავსებული ეზო

ყვავილებით  ქვევრებით და ჭურით,

შენ კახეთო, თეთრ ღრუბელთა  მწყემსო,

სიტკბოებით გამომივსე გული.

 

დაფენილი რუხნისლები ცაზე,

მოვედი და მყისვე შევიყვარე,

გვერდზე გადექ, საქართველოს მტერო,

მზე დაადგა ხორბლის ნაფერ ყანებს.

 

ვერა, ვერ მორჩა!

 

ვერა, ვერ მორჩა ეს ქარი ქირდვას,

და ჩემი გული, სისხლის საკანი,

მოიღალა და დააწვა კირთად,

ყოველი სიტყვა, — ტყვია ნაგანის.

გაუძლებს ნეტავ ეს გული ამდენს?!

ყველა ტკივილი ზედ რომ ატყვია,

თითქოს წვეთებად თოვლზე სისხლს ადენს,

ყოველი სიტყვა,  - ნაგანის ტყვია.

 

სხვა ასეთი სადღა ვნახო?!

 

როცა თვალწინ მიწევს ველი,

მარგალიტი, ლალი ხარობს,

ზედ ეფრქვევა საკმეველი,

სხვა ასეთი სადღა ვნახო?!

 

ნისლებს ნაწოლს ქარაფებზე

კანჯარი და ჯიხვი ყვარობს,

აღარ ვფიქრობ არაფერზე,

სხვა ასეთი სადღა ვნახო?!

 

როცა ზღვათა სილურჯეებს

უერთდება თვალნი ცისა,

აღარ ვითვლი სადაგ დღეებს,

მოიმედე მომავლისა.

 

სოფლის სახლებს ბოლი ასდის,

ქალს უჭირავს ხელში ქვიჯა,

ამ ამინდებს ცელქი მარტის

სუნი უდის წინაპრისა.

 

ხელი ხელს თუ არ მივეცით,

საქართველო დარჩეს ვიღას,

მწარე თაფლს თუ ვსვამთ იელის,

რა შეგვრჩება მყოფადს მიღმა?!                               

 

ქალი მოდიოდა ხიდზე

 

ქალი მოდიოდა ხიდზე,

აღიმართა ნათლის სვეტად,

ვარდი უმშვენებდა თითებს,

შენ თუ ხარო, ვუთხარ: დედა.

 

ბროლის ყელი, ბროლის სახე,

უბრწყინავდა თოვლზე მეტად,

ვარდი დაეფინა პირზე,

შენ თუ ხარო, ვუთხარ: დედა!

 

ვეამბორე იმის თითებს,

თითო-თითოს, მერე ერთად,

თვალები რომ მომანათა,

შენა ხარო, ვუთხარ: დედა!

 

მოდიოდა ხიდზე ქალი,

აღიმართა ნათლის სვეტად,

ის წავიდა,მე კი, დავრჩი,

დაბნეული მასზე მეტად.

 

შენ არ მელოდი!

 

შენ არ მელოდი, როცა უცებ გამოვჩნდი ხიდზე,

როცა ლამაზი ყვავილები მიგქონდა სხვისთვის,

შენ დაიბენი, მაგრამ გონზე მოხვედი მყისვე,

შენთვის მომაქვსო, თქვი, ოდნავი კრძალვით და რიდით,

 

მაგრამ თვალები, ეგ თვალები, სულ სხვას ამბობდა,

ვერ მისწორებდი შინაგან თუ გარეგან მზერას,

მაშინ ვიგრძენი, ეგ გული რომ აღარ მათბობდა,

და ჩემს სატანჯველს ვეღარ აღწერს ვერარა ენა.

 

შენ განა მარტო ყვავილები მიგქონდა სხვისთვის,

მიგქონდა შენი სიყვარული, სინაზე, ვნება,

მას მერე აღარც მომლოდინე აღარ ვარ დილის,

და მხოლოდ მთვარეს ვუზიარებ ჩემს სიზმრებს ფერადს.

 

ვწევარ ნაპირზე...

 

ვაი, თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე,

ქაფი აჟურულ მაქმანებად  მედება ტანზე,

ნეტავი ეს ზღვა რომ მღელვარებს, რაღას აპირებს,

ამ ჩემი ხორცის ნაფლეთების დაუყრის საკენკს.

 

თევზებს ოქროსფერთ, ზოგი რუხი არის ან შავი,

არც მენანება, სიმართლე ვთქვა, მე ჩემი თავი,

ოღონდ ამ სულის მღელვარებას ვრცელი გზა მივცე...

ვაი, თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე,

 

ბიჭები მღერიან!

 

მღერიან ბიჭები, ბიჭები მღერიან,

მოედო ამ ჩემს გულს წამლად და სალბუნად,

ბიჭები ჯერ კიდევ ქართულად მღერიან,

არ ძალმიძს უფალს რომ მადლობა არ ვუთხრა.

მადლს, კეთილს თესავენ ქუჩებში თბილისის,

იმედს გვაწოდებენ  ავებს, გულარძნილებს,

და სანამ ქართულად მღერიან ბიჭები,

გულისგულს სიკეთით, იებით ავივსებთ.

 

ტიციანს!

 

შარვლის ჯიბეში პორტსიგარი,

გულის ჯიბეში - მიხაკი,

ტყვია საკმარია ორი გრამი,

ეშმამ აიფარა ნიღაბი.

რითმებს მივუყვები აცაბაცა,

რომ გამომესარჩლო,  მეყოფა,

არა და აღარ გადანათდა,

მოჩანს საიდუმლო სერობა.

ვწელავ მატარებლის ლიანდაგებს,

იქნებ დრო მოგცენ საკმარი,

იქ ვინ დაგიგებდა ფიანდაზებს,

ყინვამ გაგიმზადა აკვანი.

 

ერთ დღესაც!

 

ერთ დღესაც ჩამოეშვება

ამაოების ფარდა...

იქ იმ დროს არვინ იქნება

ჩვენი და უფლის გარდა.

 

რატომ ვცოდეთ და რაგვარად,

რა იყო ამის ფასი,

არამი ლუკმა შევირგეთ,

შეზავებული ფარსით.

 

განკითხვის დღე დაგვიდგება,

ალბათ, ადრე თუ გვიან,

რატომ გავიქრეთ გულიდან,

სიყვარული რომ ჰქვია?!

 

ტიალო წუთისოფელო!

(ფშაურ კილოზე)

 

რაად გინდა რომ მატირო,

მატარო სველი თვალებით...

წამწამებს ნამი დამკიდო,

გულს მიბრუნებდნენ წვალებით.

ყვავილებმ ფერი დაკარგოს, 

მწვანე არ დარჩეს  ბალახი... 

თვალებს რა გადაავიწყებს, 

რაც ერთხელა აქვთ  ნანახი.

ტიალო წუთისოფელო .

ხან თაფლი გდის და ხან შხამი ...

ვინც მოყვასს უგან - უყელოს,

გახდეს სიკვდილის ვახშამი!

გულგატეხილსაც შემომრჩა, 

სულში სიმტკიცის მარაგი... 

თუ არაგველებს  არ ვბაძე, 

ვით დამიტირებს  არაგვი?!

___

ვაჟა-ფშაველას!

 

შენ შემაყვარე ბუნება,

ყვავილები და ლოდები,

მათი სიკეთით  ვხარობ და

მათი წუხილით ვღონდები.

ქუჩი და ხმელი  წიფელი

გულში მიჩენენ  დარდებსა,

შეფარვით ვეტრფი  ,,კაი ყმას,"–

თან ვმალავ გულში ნადებსა.

დედა  შვლის  სიბრალული მაქვს,

სულს მიმღვრევს ნუკრის  წუხილიც,

ალუდა ქეთელაურის

ჩამესმის თოფის  ქუხილი;

ფეხი ჩვენც ვერ  ავარიდეთ

მიწიერ ცოდვის  ბილიკებს...

მტრად დამიგულოს,

მინდიას  ფიქრებს ვინც გააქილიკებს.

დიდო პოეტო,  სულის  ხმავ,

უკვდავების წყლის  ნაჟურო,

დედის ფიქრივით  ნაზო  და —

სულით ხორცამდე  ვაჟურო!

 

ნეტავ, რაზედ შემიყვარდი?!

 

ნეტავ, რაზედ შემიყვარდი,

ან შენ შეგიყვარდი რაზედ,

ორივესი ბედისწერა

იქ გადაწყდა მაღლა ცაზე.

მე - შურთხი და შენ - არწივი,

მომყვებოდი ალბათ კვალზე,

კლანჭის გაკვრა დააპირე,

ჩაიცმევდნენ მთანი ძაძებს.

თვალი თვალს რომ გამიყარე,

ძარღვში ელდამ დამიარა,

ვთქვი: - გავხდები მისი კერძი,

თუ კი აღარ დაიშალა.

შედრკი, შეცბი, მოიღვენთე,

თითქოს წერამ აგიტანა,

გულზე ნაზად მიმიკარი,

სიყვარულით, არ კი ძალად.

მე - შურთხი და შენ - არწივი,

მომყვებოდი ალბათ კვალზე,

ნეტავ, რაზედ შემიყვარდი,

ან შენ შეგიყვარდი რაზედ.

 

ამირანო!

 

საკვირველზე საკვირველო,

გმირობა ხომ არ იაფობს,

სადაც დავალ, შენც იქა ხარ,

გულში მზედ რომ იკიაფო.

ვფიცავ კოპალას და იახსარს,

ლაშარსა და გუდანს ვფიცავ,

ხახმატს, ყველა სალოცავებს,

სულ მუდამ რომ დამაქვს ფიქრად.

დევ-გმირების სამეფოში,

შენ ერთი ხარ, არ გშურს სხვისა,

ამირანი ამირანობ,

ძევ ქართველი ქალღმერთისა.

 

მზეს !

(ხალხურ მოტივებზე)

 

მორცხვი ბალახის ღერი ვარ,

აბა, შენ ვინ და მე ვინა...

თუმც შენმა სითბო – ნათელმა

თავი მეც ამაწევინა.

ავყვავილდი და შავივსე  

მიწის მადლით და წვენითა,

პეპლებიც დამფარფატებენ

თავზე, ნარნარი  ფრენითა.

ცელქ სხივებს მოაქვთ სიცოცხლე,

შენ მოგყავს გაზაფხულები,

ჩვენ აქ რა გაგვიჭირდება,

ვიდრე შენ ცად გვეგულები!

 

ლექსო!

 

ლექსო,  სულში ძვრები ჯიხათივით,

კედლები ნელ-ნელა იგება,

რასაც რომ მწერდი და მიქადნიდი,

ვერ ავცდი იმ დანის პირებსაც.

ლექსო, ხანჯალს ნუ კი ატრიალებ,

ნუ ფლეთ ამ გულის პერანგსაც,

თორემ ამ ჩემს სულს სატიალეს,

შევწირავ იმ ცისფერპერანგას.

 

,,ჯიხათი"  — ძველკოლხური ტოპონიმი, ,,საციხური“, ,,ჯიხა“ - ციხე

 

 

თუ კი მატირებ, მატირე...

 

თუ კი მატირებ, მატირე

გულს მოწოლილო ღრუბელო,

სათქმელი გამიადვილე,

ჭირში მყოფთ ლექსი ვუმღერო,

ჩავყვე არაგვის ნაპირებს,

ცხენი გავხედნო უბელო,

ხოშკაკალს თუ დააპირებს,

მთის ვარდ-ყოილებს ვუშველო.

სული რომ კბილით მიჭირამს,

მტერმა არ იგრძნოს გუმანით,

ესეც ერთგვარი ნიჭია, -

ჭირთთმენა სოფლის სტუმარის.

 

__

დუმილი შამომჩვევია!

 

 

დუმილი შამომჩვევია, შამოსჩვევია არაგვსაც,

მივალ, დუმილით შავხედამ მის შემოგარენ-ალაგსა,

აღარ ჰყოიხართ ყვავილნო, ან რაა გასაკვირია,

უკვდავების წყალს არ გვაწვდის ზეციდან ბრძენი კვირია.

სადღაა ხალარაჯობა, ტოტებით ქოხთა შენება,

მთიელთა გადაძახილი, ღამ-ღამ ვარსკვლავქვეშ თენება,

ხმელთმოურავი გაგვიწყრა, მსხვერპლსა აღარა მწირავთო,

შამწირველი კი არა ჩანს, სხვად გადასულა ბინადო.

----

კვირია — ღვთაება ქართულ მითოლოგიაში, მეორე სახელი - ხმელთმოურავი,

ხალარაჯობა - კვირიასადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული