Saturday, July 22, 2023

ლექსები გაგზავნილი წიგნისთვის ,,პოეტები საქართველოსი", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ავტორი: ელგუჯა ციგროშვილი

ავტობიოგრაფია

   მე,  ელგუჯა  სტეფანეს  ძე  ციგროშვილი, დავიბადე საქართველოში, ქ. თელავში, 1953  წლის  3  ივლისს. დავამთავრე თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976 წ.) და თბილისის სასულიერო სემინარია ( 1993 წ.).

სხვადასხვა დროს ვმუშაობდი წითელწყაროს რ-ნის სოფ. არხილოსკალოსა და ქვემო ქედის საშუალო სკოლების მასწავლებლად; წითელწყაროს განათლების განყოფილებაში დირექტორის მოადგილედ, თელავის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში და იყალთოს პროფტექსასწავლებელში რუსთაველის საზოგადოების თელავის რაიონული ორგანიზაციის

(თავ-რე გოგი შათირიშვილი ) პასუხისმგებელ მდივნად;

დემოგრაფიული საზოგადოების კახეთის სადროშოს ( თავ-რე, მწერალი ლადო მრელაშვილი) პასუხისმგებელ მდივნად; თელავის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1994 წლიდან დღემდე ემიგრაციაში ვიმყოფები,  საბერძნეთში, ქ.თესალონიკი.

არჩეული ვიყავი ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ;

2010 წლიდან ქ. თესალონიკში დავააარსე  ქ. თესალონიკის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომლის ხელმძღვანელი და პედაგოგი გახლდით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბერძნეთი, ქ. თესალონიკი, ტელ: 0030–6997–03–97–07

თბილისი, 551080607 მაია დიაკონიძე

                                                                    

                                              ლექსები

 

               მე დავბრუნდები!               

 

 მე, დავბრუნდები, რადგან ვიცი, რომ მოიღალა,

თქვენი თვალები, ჩემს ლოდინში, გზისაკენ ცქერით,

მე დავბრუნდები, რადგან მეტი არ შემწევს ძალა,

რომ მივატოვო, ჩემი თბილი ფუძე და ჭერი!

 

ყველა მიწიერ საგანძურზეც რომ მიღირს ძვირად,

ჩემს მოფერებას მიჩვეული, თქვენი თმის ღერიც,

ალბათ, ამიტომ ვფიქრობ თქვენზე ძალიან ხშირად, —

ამ ფიქრის გარდა, რომ აღარ მსურს, სხვა არაფერი.

 

მე, დავბრუნდები! რადგან მიხმობს მამულის მიწა,

რადგან უცხო ცის მზე ვერ მითბობს, გათოშილ სხეულს,

თუმც მაძღრად მკვებავს, კარგად მივლის, — „ახალი ძიძა“,

ვერ შეედრება, დედის ძუძუს, სიყრმით მიჩვეულს!

 

მადლობელი ვარ, რომ ბობოქრობ, სულში, წარსულო...

ტკბილო მამაულო, ფართოდ გახსენ გულის კარები,

მე, დავბრუნდები! ჩემი სიტყვა, რომ შევასრულო:

„დავბრუნდებიო!“ მახსოვს ჩემი დანაბარები!

 

 

                     წაგიყვან მთაში!

                        (ფშაურ კილოზე)

 

თუ ამაყი ვარ, ჩემო მზექალ, მე ვარ შენგანა,

გულის თვალებით რომ მანახე მთელი ქვეყანა.

მეძახონ ხარბი, თუ ეს გული დაგითავისებს,

ერთად შევხვდებით ზამთარ-ზაფხულს, დაის-აისებს.

წაგიყვან მთაში, რძისფერ ნისლებს შეგასმევ თასით,

ამნაირ განცდას ვერ იყიდი, ვერა-რა ფასით.

შემომეჭდობა ყელ-კისერზე შენი ხელები, —

ულამაზესი მთის ყვაილთა ღარადელები!

ეფინებოდეს არე-მარეს ყვაილთ სურნელი...

ტკბილად მტკიოდეს შენი ნდომა — განუკურნელი!

დილის ნამივით მოვხვრეპ კოცნებს შენი ბაგიდან,

მერე... ინატრე, შეგისრულებ, — მითხარ, რა გინდა?

 

                   ალალი იყოს!

 

ჭაბუკებს მზერით დაფერფლავდი ისე, ვით ელვა,

უკვდავების ვაშლს მოგართმევდნენ, ოღონდ გენება,

მოგონებებმა მომაკითხეს, – ჩემსავით ძველმა,

იქიდანაც კი თვალსა მჭრიდა შენი მშვენება.

ნეტავ სადა ხარ, სად გაგრიყა ბედ-იღბლის წყალმა,

(ჩემსავით მორცხვი, შენ აბა სად გემახსოვრება...),

იქნება დევმა მოგიტაცა, გონჯმა და მყრალმა

და მის კერაზე ჩამოჰბერდი მთელი ცხოვრება.

იქნებ მზეჭაბუკს ერგო შენი ტურფა სხეული,

ბროლის სასახლის გამოგიხსნა ფართოდ კარები...

ისევ კიაფობს შენს თვალებში ცეცხლი ჩვეული?

ბედნიერი ხარ? თუ გაჩნია სულზე ბზარები?

თუკი წლების წინ ვერ მოგართვი თეთრი ვარდები,

ალალი იყოს ახლა ჩემი ლექსის ბწკარედი...

შენ ვერც გაიგებ, ასე ძლიერ თუ მედარდები,

ამდენი ხანი მე სულ ფიქრით დაგატარებდი.

 

ზამთარი დამასიზმრე!

 

გადმოაბიჯა შემოდგომის მეწამულ სამანს,

სარკმლის გადაღმა ცივი ქარი დნება ჰანგებად...

გადააფარებს დედოფალი თოვლის თეთრ საბანს

და არე-მარე ზამთრის ძილით გაითანგება.

უფლის შეწევნით გრძელზე-გრძელი ღამე გვეწვევა,

ანცი სიზმრები გაგრძელდება სერიალებად:

ზოგს თუ თეთრ ცხენზე შემომჯდარი პრინცი ეწვევა,

ზოგსაც ფერია, ზღაპრული და მწვანეთვალება.

ღამე გრძელია, — ჩავეტევით ყველანი დროში,

მოვა პრინცი და... ლაგამს დაღრღნის ზღაპრული რაში...

ყველა სიმდიდრე, ქვეყნის გარეთ, ყოფილა გროში,

ღმერთო! ზამთარი დამასიზმრე ჩემს ქვეყანაში!

დაბრუნდებიან, ალბათ, უკან ბავშვობის წლები,

ლაღი ყიჟინით, გუნდებით რომ შევუტევ ტოლებს...

საღათას ძილში ჩამესმება წყალ-ჭალის ხმები, —

მამულისაკენ სული სხეულს გამოიყოლებს!

 

                  პირიმზეს!

 

ვით მთვარის საყურე ამშვენებს ღამის ცას,

შენც ისე ამშვენებ ჩემს ყოფა — მეობას.

მე შენი მხურვალე ლოცვები დამიცავს,

პირიმზევ,  — ღამითაც კი მიწევ მზეობას!

 

ერთხელ არ დაგცდება ჩემი სამდურავი,

ხმამაღლა ამართლებ ამ ჩემს უმწეობას...

თუმცა კი, გულსშიგნით გატყობ, რომ მემდური,

მარტო ხატობებში რომ ვსტუმრობ ხეობას.

 

ჰფიქრობ, გადავჯიშდი „ბარელი ფხოველი“,

სამას არაგველთა სისხლი ჩემში გაცვდა,

თუმცა დღეობებში ჯიუტად მომელი,

ეგ შენი თვალები ბილიკებს დააცვდა.

 

ხშირად ვერ მოვდივარ, თუმცა სულ მინდოდა,

შენ გზებზე მივღალო, მუხლი მოთარეშე...

მხოლოდ შეხვედრაა ლოდინის ჯილდო და

არ მინდა, რომ დარჩე ამ ჯილდოს გარეშე.

 

მე მოვინატრებ!

 

გაჩენის დღიდან, რკინის ქალამნით,

ღიმილით მოვდევ ცხოვრების შარას,

არავის ვერჩი, მწყემსი კეთილი, —

ჩემი ოცნების მოვრეკავ ფარას.

 

მადლობელი ვარ დამბადებელის,

ან სამდურავი სხვა, ვისთან რა მაქვს?!

შიმშილს და წყურვილს იოლად ვუძლებ, —

საგზალად შენზე ფიქრები დამაქვს.

 

ყველა სხვა ფიქრებს ისე გავფანტავ,

ვით მიმინოსგან დამფრთხალ ბეღურებს...

მე მოვინატრებ შენი თმის სურნელს,

შენს ლამაზ თვალებს და... ნაფეხურებს!

                 

 ფიქრები...

 

ფიქრს ვერ უბრძანებ: გაჩერდი, კმარა,

უკვე მომწყინდა მე ეს ქაოსი...

წლები მიდიან, შიში კი რჩება, —

საიქიოს თუ სააქაოსი.

 

მივყვები ფიქრის აბურდულ გორგალს,

ნაღველის ცრემლით თვალდანამული,

გული არ იშლის, ბორგავს და ბორგავს,

რომ სადღაც ნისლში დარჩა მამული.

 

მივდევ ამ გორგალს, როგორც თეზევსი,

ლაბირინთს ირგვლივ სიფრთხილით ვზვერავ;

სულო ცოდვილო... შიშმორეული,

ხანდახან უკან გამირბის მზერა.

 

ჩუმ-ჩუმად ვქაჩავ ძაფს უკან რჩენილს, –

ეჭვიანია კაცის ბუნება...

ვაი, თუ   გაწყდა  მეგზური ჩემი...

და ვეღარ  შევძლო  შინ  დაბრუნება!!!

 

გიხდება ყვავილი

 

გიხდება ყვავილი,  შენც ყვავილს უხდები,

მოვალ და დავკოცნი შენ თვალთა ნაფერებს,

ყოველდღე ვცდილობ და ყოველდღე ვწუხდები,

ლექსებს რომ ჩავცქერი შენს ქებად ნაწერებს.

 

ნამდვილად მომიწევს, ეს ღამეც ვათიო,

ფიქრები ირევა, ვით ქარში ნამქერი...

თვალებს ვერ გისწორებ, ჩემს თავს ვერ ვპატიობ,

ლექსი ვერ დავწერე ჯერ შენი საფერი.

 

არა და ისეთი სათნო და ნაზი ხარ,

სიკეთის ფერიავ, გული გაქვს რამხელა,

 ღამითაც, სიზმრებში, წამწამზე მაზიხარ

და დილით მაშინებს თვალების გახელა.

 

შემოდგომას მოუხდება

 

ნოემბერი დაგვიბრძანდა ტახტზე შემოდგომისა,

დაუფინეს ხალიჩები, წითელ-ყვითელ ფერებით...

მე გულს არა არ მიხარებს, გარდა შენი ნდომისა,

მოვალ, გნახავ და აგავსებ, — კოცნით და მოფერებით.

 

გადახსნილი ბროწეული მაგ შენს ბაგეს მაგონებს,

თვალს მიხარებს შენი ტანი, — ალვა მიმორხეული...

ყველაფერი მიყვარს ქვეყნად, არაფერი მაღონებს, —

როცა ნდომით მეხუტება შენი თბილი სხეული.

 

მაშ, ორივეს მარტოობას დავაყენოთ სასრული,

შევაერთოთ სიხარული, სიყვარული ორ-წილი,

ზეცას შესძრავს თოფის სროლა, სიმღერები მაყრული,

შემოდგომას მოუხდება, ჩვენი ტკბილი ქორწილი.

 

ნოემბერი დაგვიბრძანდა ტახტზე შემოდგომისა,

დაუფინეს ხალიჩები, წითელ-ყვითელ ფერებით...

ერს გვაქვს ნიჭი, ერთმანეთის მხარში ამოდგომისა,

დე, იხაროს საქართველომ, — წყვილთა ბედნიერებით!

 

თელავის ჭადარს!

 

ჩემო ჭადარო, კახელივით  დინჯო და მშვიდო,

მკურნალ მალამოდ დაგედები გამოხრულ გულზე,

ჩემი ვალია, საძირკველში რომ შეგეხიდო

და უსასრულოდ გესაუბრო ჩემს სიყვარულზე.

მათუსალას ხნის მოიყარე შრიალ–შრიალით,

ქართული ზეცა – ნაბადივით გეფინა ქედზე

და მოღალული  წუთისოფლის ორომტრიალით, –

გულში იხვევდი ჯავრს და ნაღველს მამულის ბედზე.

დარაჯად ედექ კავკასიონს და ველს ალაზნის,

შენი ფოთლები, საგანგაშოს ასტეხდნენ შრიალს...

გახსოვს მომხვდური: უჯიშ–ტომო, რა მხრის და რა ზნის,

ისმენდი ფართა დაჯახებას და ხმალთა წკრიალს.

გულზე გეტყობა, – ყველაფერი მიგქონდა გულთან,

შენს ხსოვნას შერჩა სისასტიკე, – ლენგის თუ შახის...

ასწლეულები გაკავშირებს ქვეყნის წარსულთან,

გახსოვს სიყრმეც და სიჭარმაგეც ,,პატარა კახის".

ვაჟა ფშაველას სიყმაწვილეც გემახსოვრება,

შენ ყველა გახსოვს და ამისი არცა მაქვს იჭვი,

ბუნების ქებას რომ შესწირა მთელი ცხოვრება, –

იქნებ სულაც შენ დაანათლე პოეტის ნიჭი?

შენ მეც გახსოვარ, დიდი ხნიდან, – გვარით და მოდგმით,

ჩემი ქალაქის თილისმა ხარ, ბრძენი, გრძნეული...

დღეს შენს წინ ვდგევარ, ტირილი მსურს ხმითა და მოთქმით,

ასე დახრული რომ ვიხილე შენი სხეული.

გვიან მოვედი, გინახულე, მეტკინა გული,

რაც სითბო გაეც, ეხლა ჩვენგან აკრიფე ღალა...

ვდგევარ შენს ძირში, შენს სხეულზე ჩახუტებული,

ვხედავ რომ გიჭირს, ეხლა მინდა, მე მოგცე  ძალა.

სხვაც ბევრი მოვა, როგორც  უწინ, უხსოვარ დროდან,

ჭირსაც დაითმენ, არ გასტყდები, იცი და ვიცი,

იმედის ქარი, ოთხივ  კუთხივ შენსკენ რომ ქროდა,

არ მიგატოვებთ...  ძველებურად — ,,გვარზე  ხტის  კვიცი!"

P.S . ჩემო ჭადარო, კახელივით დინჯო და მშვიდო,

მკურნალ მალამოდ დაგედები გამოხრულ გულზე,

ჩემი ვალია, საძირკველში რომ შეგეხიდო

და უსასრულოდ გესაუბრო ჩემს სიყვარულზე!

 

ნუ მალოდინებ, ცისკარო!

(ფშაურ კილოზე)

 

ვმალე და ვეღარ დავმალე,

ფიქრები გულში ნადები...

თვალებ ლოდინით დავღალე,

ვიდრე შენ ამოჰბძანდები.

 

ასეთ ყოფაში, დილამდე,

რამდენჯერ დამთენებია,

ბევრჯერ ხმამაღლაც ვინატრე:

ნეტაი, მამცა ფრთებია,

წავიდე შასახვედრადა,

გადავიფრინო მთებია,

რო ერთად გამოვიაროთ,

ხიფათიანი გზებია.

ართობდეს არე-მარესა,

ჩვენი წკრიალა ხმებია...

ვერ გეტყვი, თავად მიხვდები,

რაც ამ გულს ცეცხლი სდებია.

სხვა ვარსკვლავები არ მართობს,

მე ვიცი შენი ყადრია,

სხვის შუქი ჩემთვის არ ნათობს, —

მთვარეც რომ იყოს ბადრია.

მაინც შენ მოლოდინში ვარ, —

კაშკაშავ, ლაჟვარდ ფრთიანო...

ნუ მალოდინებ, ცისკარო,

მოსვლა არ დააგვიანო!

 

მე   ვარ    ადამი!

 

ვარდის  ბუჩქი ხარ, მე კი შენი ნაზი   ბულბული,

არა  მწყინდება, ყელმოღერილს, — შენთვის  გალობა,

მიყვარს  სამყარო, —  სამყაროში  ყველა  სულდგმული,

მადლიერი  ვარ, რომ   არსებობ, — უფლის   წყალობა!

მიყვარს  შენი  ცა, მწვერვალებზე  ჩამოყრდნობილი

და   შენი   მთები, ატლანტივით  მხარგაშლილები,

მამულო   ჩემო!  ბალღობიდან ვარ  მონდობილი,

ჩემი   დედა  ხარ, დაგილოცოს ღმერთმა   შვილები!

შენი   შვილი   ვარ! შენი  მძიმე  უღლის  გამწევი,

მომავლისაკენ   რომ  გავავლოთ სწორად   ხნულები,

შენზე  ლოცვაში  ვარ  ერთგულად  ღამეთა  მთევი,

მურა  ძაღლივით   აგილოკო   მინდა  წყლულები.

ზომაზე  მეტად  ვართ  შემნდობნი   და  მიმტევები,

ვერ   ვამირანობთ  და   ავსულნიც  არა   ცხრებიან,

ძველ  ზღაპრებიდან გადმოდიან  ბაყბაყ – დევები

და   დედის  კალთას უსინდისოდ   გვეცილებიან!

ვინც  კი  მოვიდა, ვეღარ  იგებს ვერვინ  გაძღომას...

და   საქართველო, –  უწინდელის  დღეს  აჩრდილია,

შენი  შვილები, არ  ვთაკილობთ  უმძიმეს   შრომას,

გული  მიკვნესის,    ხალხი   მაინც  ხელგაწვდილია!

შენი  მიწიდან  მოზელილი , —  მე    ვარ   ადამი!!!

თვალში  მზეებით  მსურს  ვმღეროდე  ,,შენ ხარ, ვენახო"-ს,

შენზე  ზრუნვაში  დამეხარჯოს ყოველი   წამი,

რომ  საქართველოს   გაბრწყინება  კვლავაც  მენახოს!!! 

 

სადაც  კი  დავალ!

 

რაც  იღბლით  მერგო, ვთვლი, რომ უფლის  განაჩენია...

ცოდვას ვერიდე, მაინც  მწარედ დავრჩი  ვნებული,

არც  აკრძალული  ხის   ნაყოფი არ  მიგემია,

მაინც  კი  გავხდი, — სამოთხიდან  გამოგდებული!

 

ის  სამოთხე   ხარ, გაჩენიდან რაიც  მიყვარდა,

მაწოვე  ძუძუ, მზრუნველობით გამორჩეულით,

ქართული  თიხით  მოზელილი   ადამი   ვარ  და ...

სადაც  კი  დავალ, —  საქართველო  დამაქვს  სხეულით!

 

შორსა  ვარ  შენგან, ვაგვიანებ  ვით  ოდისევსი...

სხვათ  საამებლად  ვგვემე  ხორცი, დავტანჯე  სული,

ვერ  ვხვდები, ვის  სურს,  მოგვითხაროს  ძირი  და  ფესვი,

არ  მაქვს  აწმყო  და  მომავალი... მხოლოდ  წარსული!!!

 

ისაც  მანდ  დამრჩა... თან   მე  არა  წამიღია  რა,

ვერაფრით  ვხვდები,  ბედმა  ასე რატომ  იურჩა,

და ... ნოსტალგია, — მოურჩენი  სულ ს  იარა,

უცხო   მიწაზე  არაფერმა  არ  დამიყუჩა.

 

სხვათა  წალკოტში  ჩემთვის  ვარდმაც არსად  ივარდა,

ვხარობ, — ლექსების გაცრეცილი,  თხელი    რვეულით...

ქართული თიხით   მოზელილი  ადამი  ვარ და

სადაც  კი  დავალ, — საქართველო  დამაქვს  სხეულით!

 

უფალო! არ  ვარ  უმადური, რაიც  მარგუნე...

ისე  ვიარე, ბევრგან  ვტოვე სიკეთის  კვალი,

გთხოვ , ჩემს კურთხეულ სამოთხეში კვლავ  დამაბრუნე,

რომ  ქართულ   მიწას  არ  დააკლდეს ჩემგან  მისხალი!

 

არავინ იცის, ბოლო  ჟამი ვისთვის  სად  მოვა,

ვის  სად  ეწვევა ბედისწერა  ელვით  თუ   მეხით...

ღმერთო! იმას  გთხოვ, წმინდა  მიწის ეს  მცირე  გროვა,

კვლავ  სამოთხეში დავაბრუნო  ჩემივე  ფეხით!

 

მე  შენი  ნდომა  არასოდეს   გადამივარდა,

ყველგან  მიყვარხარ სიყვარულით წრფელით, გრძნეულით...

ქართული  თიხით  მოზელილი ადამი   ვარ  და

სადაც  კი  დავალ, —  საქართველო დამაქვს  სხეულით!

 

 

აღდგომის  მადლია  მთავარი!

 

,,შეუნდე, რომელნი   გვედრიან," —

შენს  იქით, ხსნა მაინც არ არი...

სიკვდილი, — სუყველას  ხვედრია,

აღდგომის  მადლია   მთავარი !

ვბორგავ  და ვერაფრით  ვისვენებ,

რა პირით  ვითხოვოთ  შენდობა?!

იმ  ჯვარცმის  ამბებს რომ  იხსენებს,

იესო  როგორღა გვენდობა?!

,, ხელების  შეწმენდა  ვაცთათვის" —

ვიცით,  რომ  ცოდვილთა  წესია...

თუ  არა  სწავლებად კაცთათვის,

აბა,  რად  მოვიდა  მესია ? !

ჩვენ  ვერც  სიყვარული  ვისწავლეთ

და  ვერც ერთმანეთის  გატანა...

პავლე? — კვლავ  ემსგავსა  იმ  სავლეს,

რომელსაც  მოძღვრავდა  სატანა !

და  დაბუშტული  გვაქვს  ტუჩებიც,

იუდასეული კოცნებით...

უკვე  ნაძებნი  გვაქვს  ქუჩებიც,

სამოთხეში შესვლის  ოცნებით!

თან  ცოდვის  კურტანი  გვკიდია,

სხვისაზე  მსუბუქი  გვგგონია...

ბოლოში  რომ  ბეწვის   ხიდია,

ცოდვა–მადლს  თურმე  იქ  წონიან.

ჩემი  სახით  განვვლე  ცხოვრება,

არ  მაქვს  ნიღაბი და  სხვა  რიდე...

არც  ვიცი,  თუ  მელის  ცხონება,

ცოდვებს კი... სულ  ფეხი  ვარიდე.

ლეგენდაც  მართალი  მგონია,

მზარავს ჯოჯოხეთის  გენია...

ეტყობა, სინდისიც  მქონია,

მე შენდობის  თხოვნაც  მრცხვენია.

,, შეუნდე, რომელნი   გვედრიან," –

შენს  იქით, ხსნა მაინც არ  არი...

სიკვდილი, სუყველას  ხვედრია,

აღდგომის  მადლია  მთავარი!

 

„მკვლელის" აღსარება!

 

ჰე, ღმერთო! არც ვიცი, საიდან დავიწყო,

ან ბრალი რამდენად მიმიძღვის ამაში...

ყოველი, ძალიან მარტივად დაიწყო,

როგორაც სანთელთან პეპელას თამაში.

 

შემინდე, უფალო!  რამეთუ მკვლელი ვარ,

დამტანჯეს სიზმრებმა, განსჯამ  და  ფიქრებმა;

ვიცი, რომ შევცოდე და დასასჯელი ვარ,

იმედის  სხივი  კი  მაინც არ  მიქრება.

 

მე დროის  მკვლელი ვარ ... საკუთარ დრო - ხანის, –

თქვენგან რომ მებოძა,  ამ ქვეყნად შობისას...

რამდენსაც  ელოდი, ვერც ვმკე, ვერც მოვხანი,

ამიტომ ღირსი  ვარ დატუქსვა – გმობისა!

 

ჯერ წამებს  ვხოცავდი... წუთებს და საათებს,

კვალში მივაყოლე  დღეები, კვირები...

ნახოცი  თვეებიც  ვამატე სხვა ათებს

და ... წლებად დაგროვდნენ გულანატირები.

 

ვერც რამე ვაშენე, ვერც ვხატე, ვერც ვწერე,

ვერც მამულს ვექეცი შემწედ  და ზვარაკად,

წინაპართ  ლანდებსაც  კი ვერ  მივეფერე,

ხსოვნას რომ შემორჩნენ მითად და არაკად!

 

„უძღები შვილივით"  გზა განვვლე ამაო,

ვერ გამოვიყენე  ვერც ერთი ხელობა...

შე, მწყემსო კეთილო,  მოძღვარო, მამაო,

გვედრი, რომ შემინდო,  მე,  დროის მკვლელობა!!!

                 

ვკითხულობ  ვაჟას!

 

ვკითხულობ   ვაჟას...  არ  მასვენებს  ,,მბორგალი სული":

მე  ვარ   ალუდა,  ვარ   ბაკური  და...  ვარ  მინდია;

ხან   უკან   მომდევს, ხან   წინ   მისწრებს ქვეყნის  წარსული 

და  ვერც  კი ვიგებ, სარკმელს მიღმა რა ამინდია.

გულში  მზეა და თვალებშიც კრთის მისი ნათელი,

ავი  წყვდიადი  ვერას აკლებს  ღვთიურ  განთიადს...

ბერი  სანათას  დანთებული  თაფლის  სანთელი,

ერის   მომავლის   იმედად  და  რწმენად   ანთია! 

ღმერთო!  მასწავლე  ლოცვა, — შენი  სადიდებელი,

არ  მათქმევინო  სიტყვა: —  ფშუტე,  ბერწი, ლუგუმი,

შენ  მოუმართე  ერისკაცებს  საქმეში  ხელი,

,,ლაშარის   გორზე  შასადგომად" მოდის  ლუხუმი!

დრო  არ  არსებობს...  ვერ  მძლევია, -  ღვთიური   ნიჭის,

წარსულს  ვერ ვარქმევ: ,,დროს  გარდასულს",  ან  თუნდაც  ,,სხვა  ჟამს"... 

და  როცა  ძალზე   მიხარია, ან  ძალზე   მიჭირს,   

ვ კ ი თ ხ უ ლ ო ბ   ვ ა ჟ ა ს!

ვ კ ი თ ხ უ ლ ო ბ   ვ ა ჟ ა ს! 

ვ კ ი თ ხ უ ლ ო ბ  ვ ა ჟ ა ს!

 

No comments:

Post a Comment