Tuesday, July 25, 2023

მუშმალა... ავტ. საშა გველესიანი

 მუშმალა...

/,,მაჰკვდია ბეჩავო იერემო..."
ხმით ნატირალი.../
ყველა რომ მმარხავს, ბალღობიდან
რომ მმარხავს ყველა
და ვაზის ფესვებს, ლამის, ტანზე
უნდა ვისხლავდე
— ჩვენ უნდა გვევლო ფეხშიშველს
და თვალებისხელა
ღამით, სისხლამდე, თითქმის,
თითქმის, თითქმის სისხლამდე...
ის იერემო მინდა ვიყო,
შემოცრეცილი
ტანსაცმლით და იმ დედაკაცმა
რომ შემიცხადოს,
ჩამაცვას მიწა შიშველ ტანზე,
მოკლე, კვეცილი,
გავითენებდი, უტკივილო
და უშიშხათო
დღეებს, რაც ვცოდე, რაც ვიცოდი,
და რაც ,,თუ ვცოდე",
— შენ, რომ თვალებში (ნუ მცოდნოდა...)
მწიფე ნუშს მალავ
არასაჩემოს, რომ ვიცი და მაინც,
უცოდნელს,
ჩემთან (რომ არ მაქვს, იმ ეზოში...)
მწიფობს მუშმალა,
ბალახიც ჩაწვა და აგვისტოს
ციცინათელამ
ფრთები დაკეცა, თითქმის, თითქმის
მწიფე თალარებს
შეწყდა მტევანი, ნაადრევი,
ფეხით სათელად...
ამ სახლთან, ერთხელ, მგონი, მთვრალმა
ჩავიარალე...
შენ, ისევ, ჩვევად დაიტოვე
მზერა, კარღია,
მე — იერემოს სიშიშვლე და — ,,ისევ
მარტო ვარ",
ნერვები, ძველი პერანგივით,
შემომარღვიე,
სადღაც წაიღე და ამინდებს
მიქსოვ, ნათოვარს...
კოკისპირული დავიწყებით
დამბალო სხვენო
და მარტოობავ (ამ ოთახში ჯოხით
მოვლილი...)
არ გაგიხსენო, მახსოვდეს,
რომ არ გაგიხსენო,
— რეკავს სიფხიზლე, სიმთვრალეში
გამოყოლილი...
იქ, როდის იყო, რომ დაეცი,
ან, მე, აქ — როდის,
მთვრალი ქუჩები რომ მაცხობდნენ,
როგორც კეცები,
ციცინათელებს დავდევდი
და ჩუმად ვაქრობდი,
მერე და ღმერთი დადიოდა
ხელისცეცებით...
მე, იერემო უნდა ვიყო,
ისე მეშიშე,
ვაზივით გამსხლან და ნატირალ
მტევანს ვისხამდე,
დამსხვრეული ცის ნატეხებზეც
გვევლო ფეხშიშველს,
თითქმის სისხლამდე, თითქმის, თითქმის,
თითქმის სისხლამდე...
ყველა

No comments:

Post a Comment