Monday, December 28, 2015

კოხტა გოგო თათული (საბავშვო)

კოხტა გოგო თათული
გვეგებება ალუჩით,
ლამაზ თეფშზე  დაგვიწყობს,
ტკბილ კვერებსაც დაგვიცხობს,
სტუმრებს მიგვეხარება,
ღმერთი მისცემს ხარებას,
ისევ გვაწვდის ალუჩებს,
ჩვენგან იღებს საჩუქრებს.

ქრისტეს შობას გულით ველით

ქრისტეს შობას გულით ველით,
შევეგებოთ აზარფეშით,
გამოვცალოთ გაჭირვება,
ყრმა იესო გაბრწყინდება,
ნათელს მოგვფენს ჭირთა ძლევად,
ადიდდება, ადიდდება,
მოასკდება ათას ფერად
უფლის რწმენა, ,ერთგულება,
მაღლა მცველი გვეგულება,
მოგვეცემა მადლით შვება.

Sunday, December 20, 2015

ავტობიოგრაფია (სოფო)

   


 მე, სოფიო, დავითის ასული, ჭელიძე დავიბადე 2000 წლის 9 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. ვსწავლობ ქ. თბილისის 116-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასში. ვარ თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის " ჩემი თბილისი" ორგზის ფინალისტი (2015, 2016 წლები). 2016 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მიერ დაჯილდოებული ვარ დიპლომით ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში"მერანი" წარმატებით მონაწილეობისათვის. 2013 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში "გადავარჩინოთ ბუნება"-ის მიერ ორგანიზებულ სლოგანების კონკურსში, არჩეული ვარ საქართველოს ეროვნული აკადემიის "მომავლის აკადემიის" წევრად. ვარ ოლიმპიადა "სენტენციას" 2017 წლის ფინალისტი  მხატვრულ წერაში, ჩემი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია რამდენიმე წიგნში, ჟურნალ "ცისკარში".
  ამავე დროს ვსწავლობ ქალაქ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მეათე კლასში.
მონაწილეობა მაქვს მიღებული მხატვართა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში.
     მყავს  მშობლები და ორი ძმა.

Saturday, December 19, 2015

საქართველო ღმერთმა ადიდოს!

როცა სხეულზე დამეყრება ლურჯი იები
და როცა სული იასამნის სურნელს მოისხამს,
მე გავფრინდები... როგორც ჩიტი მშობლის უბეში,
საიქიოში სააქაო ამბავს მივიტან.
დავისხამ ყურძენს, ვაზის შტო ვარ, რქაგადაყრილი,
შვილები მტევნებს აასხამენ რწმენის აკიდოდ
და როგორც ღვინო, თიხის ქვევრში ამღერებული,
მეც შემოვძახებ - " საქართველო ღმერთმა ადიდოს!"

Friday, December 18, 2015

მე, როგორც უწინ

მე, როგორც უწინ, წინ მიმიძღვის დეკემბრის ქარი,
მე, როგორც უწინ,მეგობრებად ვარჩიე მთები,
მე,როგორც უწინ, კლდის ნაპრალში ჩავხედავ წყვდიადს,
რომელსაც ისევ გამიფანტავს მნათობის შუქი.


Wednesday, December 16, 2015

ყაყაჩო(მოთხრობა)

   საყდართან იჯდა, ლოცულობდა. - რაზე ლოცულობ, ბები? - ვკითხე, პასუხი არ გამცა. ნაღველი ჩასდგომოდა თვალებში. ეკლესიის ეზოში ბალახი მიბღოჯ-მობღოჯა, ჩანთაში ჩაიყარა, კურდღელს ვაჭმევ, მადლიაო. წამოვედით. წინ მივდიოდი, ხანდახან გავხედავდი მოხუცს, ძლივს მოაბიჯებდა, ჩანთა გულში ჩაეკრა, სულ თან დაჰქონდა, მიკვირდა კიდეც. აღმართს შევუდექით. ჩვენი ახალი სახლი მთის ფერდობზე იდგა. ძველ სახლს მაგონებდა. გზაზე ყვავილებს ვკრეფდი. ახლო-მახლო მინდვრები ყაყაჩოებს მოესურვილებინა. საოცარია, ახალი მოწყვეტილიც კი, მალე კარგავდა ფერს, ჭკნებოდა, შავდებოდა, თავს ჩამოკიდებდა ხოლმე ცხოვრებაზე ნაწყენი კაცივით.- ადამიანის სულივით ნაზი და ფაქიზია ეს ყვავილი, - გავიფიქრე, რომ უცებ ბებიას ხმა მომესმა. უკან დავბრუნდი. მოხუცი გზის პირას მიწოლილიყო, ხელებში რაღაცა ჩაებღუჯა. - რა არის, ბებია? - ვკითხე - ჩვენი ეზოს მიწაა, აფხაზეთიდან, - მითხრა ჩურჩულით და დადუმდა. იწვა ჩემი საყვარელი ბებია მიწიდან გამომზირალ  მუხის მოკრუნჩხულ, ფერშეცვლილ ფესვებს შორის. თვალები დავუხუჭე. პეშვი ფრთხილად გავუხსენი და იქ დარჩენილი მიწის ნამცეცები გულზე მოვაბნიე, მკერდზე მოწყენილი ყაყაჩო მივასვენე, ჩემი ბებოც  ხომ თავის მიწას მოწყვეტილი ყაყაჩო იყო. გაწვიმდა.

მომნატრებია დედის ფერება

ტყვიადაფარულ ღრუბლებს შევცქერი,
მომნატრებია დედის ფერება,
ციდან ღიმილის ბარათებს ველი,
თეთრი ფიფქები მათოვს ფერებად.

Thursday, December 10, 2015

თეთრი ფანტელი

თბილი გული და თბილი ხელები,
მომნატრებია დედის ფერება,
თავი ჩამიდევს დედის კალთაში,
თეთრი ფანტელი მადევს ფერებად.
გარეთ - იანვრის მთვარის ნათელი
შეჭირხლულ მინებს ხატავს პეპლებად,
დედას საოცრად მშვიდი თვალები
შემომხარის და თავზე მევლება.

Sunday, December 6, 2015

ჩიტი ღაბუა

ჩიტი ღაბუა ცხვირზე აზის თოვლის ბაბუას,
ჭიკჭიკებს, ლაღობს, ახალი წლის გვამცნობს დადგომას,
ჩამოიფერთხავს ბუმბულიდან დარდებს და წარსულს,
ემშვიდობება ფრთების ქნევით ძველ წელსაც, გასულს.

სამარადჟამოს ანთებ!

მხრებს დაგიმშვენებს წლები,
წლებზე ასხმული ვერცხლით,
ოქრო გულში გაქვს, დიდი,
ვარდიფერ ფრთებით ვლიდი.
მთებს შეაქანებ კიდით,
უახლოვდები მიზანს,
სამარადჟამოს ანთებ,
ცეცხლს, დანატოვარს ღვთისას.

Wednesday, December 2, 2015

ვისკის უხდება მანგო

ვისკის უხდება მანგო,
მერე ვიცეკვებ ტანგოს...
გარეთ გამოვალ მარტო,-
ჩემს სიმარტოვეს ვდარდობ.
ლამპიონების შუქზე, 
თეთრი ფარვანას ფრთებით,
გავწევ უფერულ გზებით...
უნდა გავლიო წლები.

ვაი პატრიოტის სიმღერა

სისხლსაც გამოვსვამ დედისას
გრანტის ჭამა თუ მეღირსა,
მამასაც მივაყოლებდი
თუ კარგად გავიქონები,
"მიყვარს სამშობლო ძალიან",
ვმღერით სიმღერას, ზარიანს,
დავიცვათ "დემოკრატია",
სიტყვას ვიშველებთ ფარიანს.