გაზაფხული რომ შემოვიდა, გამათამამა,
თეთრი ყვავილი დამაბერტყა,-- ზეცის მანანა,
შენ ჩემო სულო, გავიფიქრე, არ კვდები ჯერაც,
მაშინ უსმინე ჩიტთა ჭიკჭიკს, ბუნების მღერას.
რა საჭიროა სიმწუხარეს რომ მისცე თავი,
როცა სავსეა დედამიწა დილის ცვარ-ნამით,
ან კაცთა მოდგმას შენგან რაღა დაეწუნება,
რამე არ მოგწონს?! ასეთია კაცის ბუნება!
აბორგებული ოკეანის უსმინე სუნთქვას,
და ალიონზე მზეს შეხედე, იმედად სულთა.
გაზაფხულზე ვაზს ჩამოსწმინდე მირონი ცრემლი,
შემოგძახებენ სასოებით წინაპართ ძვლები.
დედო ფურისას გადახედე თეთრ, სავსე ჯიქნებს,
სიცოცხლის წყურვილს თვალხატულა შვლის ნუკრიც იჩენს,
და მთაგრეხილებს შეულოცე ბერი მთებისას,
კურთხეულ ნაბიჯს რომ ინახავს ჩვენი მეფისას.
დადიოდა და დიდთა მთებთა გაჰქონდათ დრეკა,
ზარი ისმოდა, ზარი რეკდა ყაზბეგს და მლეთას,
შენი ფეხითაც გაიარე, მიეც დასტური,
რომ ისევ ყვავის, იწურება ალადასტური.
იცი, არსებობს სიკეთე და ღვთის მადლი ქვეყნად,
მიართვი უფალს შენი გული თასივით ძღვენად,
რომ მან შეავსოს სიყვარულით შენი მოყვასის,
არაფერია სუფთა გულის ქვეყნად ტოლფასი.
No comments:
Post a Comment