Saturday, December 31, 2022

მდუმარებს ჩემი ვარსკვლავი!

 მდუმარებს ჩემი ვარსკვლავი, 

მდუმარებს მაღლა მთებია,

თითქოს ზვიადებს, გოროზებს,

ყინვისგან დასძინებიათ.

მე რომ მზის თვალი მეგონა,

იქ ზვავებს გაღვიძებიათ,

წამოსულ-წამონამქრილან,

ჩაუკეტიათ გზებია.


გულს რომ სიყვარულს მალავდი,

ამ გზებზე დაგთენებია.

იქნება სულზე მომისწრო,







მწვერვალზე ვზივარ, სიყვარული მომმადლა ღმერთმა,

მერე რამდენჯერ მინატრია იქ მაღლა ყოფნა,

ვხარობ, ცხოვრების ერთ დიდ წრედში ვერთვებით ერთად,

მაგრამ მაინც მაქვს, ღმერთო ჩემო, შენთან ეს თხოვნა.

იქ ყინულებშიც ეს სხეული სიცხისგან იწვის,

და დამსკდარ ტუჩებს ენატრება სულ მცირე წყალი,

გთხოვ, ნუ დამჩხვლიტავს წვრილი ნემსი ნაძვების წიწვის,

და სანუგეშოდ, სანატრელო, მითხარი რამე.



დამარხული ვარ!

 

დამარხული ვარ ყინულებში და სისხლი წვეთავს,

არ გაყინულა, არაგვივით ისევ ხმიანობს,

და სანამ სულ მთლად გაითოშა, შეწყვიტა დენა,

გთხოვ, არ შეყოვნდე, იჩქარე, არ დააგვიანო.


სანამ ეკლები დამეყრება გვირგვინად შუბლზე,

სანამ დედოფლად მოვირთვები ლურჯი იებით,

სანამ იმედით მზეს ამოსულს მწვერვალზე ვუმზერ,

ნუ გადააქცევ ამ ჩემს სამარხს ბაღად ტიტების.

,













Friday, December 30, 2022

მე სამუდამო ალში გამხვია (სატრფიალო)

 მე სამუდამო ალში გამხვია 

შენი თვალების ფერმა და ეშხმა,

არ მიმატოვო გემუდარები,

ნუ შემისახლებ სხეულში ეშმას.

შენ მოვლენილო ცით ანგელოზო,

ვიცი, ჩემი ხმა, ძახილი გესმა,

არ მიმატოვო, გემუდარები,

შენ გარდა ქვეყნად არ მინდა მე სხვა?



 სულში მივლის გაოცება,

ფიქრობთ, მე რა გამაოცებს,

წლების ვიმკე ჭირნახული,

წლები გავი - სამ - ოცე.

თავს მიარეს ქარიშხლებმა,

სუსტი მხრებით ტვირთი ვზიდე,

ის მაოცებს, ხელაღებით,

როგორ თმობენ მიწას ძირძველს.


"მაინც შენი ცეცხლით ვიწვი", ლექსის კომენტარი ,,არ მეგონა:, ავტ. ავთანდილ ჟღერია

 "მაინც შენი ცეცხლით ვიწვი"

ო,რამდერჯერ მე ამ დაგვას
გავექეცი,
გავექეცი, მე უშენოდ ვერ
გავძელი,
მოვბრუნდი და შენს მუხლებთან
დავიჩოქე,
შეგევედრე მარტოსულად არ
გექეცი.

ჩემო გულო!

ჩემო გულო, ჯერეთ ბავშვის,
გთხოვ, რომ არ მიღალატო,
ნაძვის ხეთა კენწეროზე
ვარსკვლავები დავანთო,
გადავხედო მაღლა ციდან 
მთებს დიადებს, საჯიხვეთ,
ღმერთი მიწას, მის კურთხეულს,
დალოცავს და ადიდებს,
მე კი ჯოხით ჯადოსნურით 
მთელ ქვეუყანას დავივლი,
ვერ გააქროს ჩვენში მტერმა 
ლხენა და პურ-მარილი.
მხოლოდ როცა მეყოლება
უამრავი ბადიში,
გულო, ქვეყნის სადიდებლად
წინაპრებთან გამიშვი.





Thursday, December 29, 2022

აღარ თოვს (მინიმა)

 აღარ თოვს, უკვე მერამდენე წელიწადია,

მხოლოდ წვიმს, ცაზე შეჯარულან წვიმის ღრუბლები,

და მეც ხის ტოტზე შემცივნებულ დიდ ჩიტს მადრიან,

არც სიყვარულით, არც სითბოთი არ ვიბუმბლები.


გუჯას! ავტ. ნანა კბილაშვილი (მიძღვნა)

 რა სწორად გამოიცანი გუჯა სიავე კაცისა,

,,ზოგს სადგისი აქვს ჯიბეში,ზოგსაც გუდა აქვს ნაცრისა'',
გაიძვერობით ბევრი დღეს,აღზევდა,დაგვცქერს მაღლიდან,
ზოგსაც სასახლეს მიუგავს, ფასადი თავის სახლისა.

ძალზე ძნელია ცხოვრება,პატიოსანი კაცისა,
მომწონს ეგ შენი პრინციპი,რომ ,,არ შაეკვრი არვისა'',
კაცი ხარ,ძმა და პოეტი,იმედი ჩვენი ხალხისა,
და მაინც გული მიკვდება, თითქოს სამყარომ გაგვრიყა.

ნანა კბილაშვილი.
11.09.2018წ. 

Wednesday, December 28, 2022

თუ კი გიყვარვარ!

 თუ კი გიყვარვარ, რად არ მიგზავნი 

სიტყვებს პულსიდან ამოვარდნილებს,

ან როგორც მთვარე, ვნებათა  მგზავრი

არ მიმღვრევ სისხლს და გზებს აღარ მირევ.

რად არ მოისმის ბულბულის კვნესა,

როგორც სიმღერა ბაღში ტანძიის,

,,მიყვარხარ, კარგო!", რად აღარ მესმა,

ჩვენ შორის რატომ გაჩნდა  მანძილი?

რად წვება ბნელი მწვერვალის თავზე,

რატომ არ კრთება მნათობის სხივი,

რად არ ენთება ვენერა ცაზე,

თუ შენში ტრფობის ღადარი ღვივის?!







ბავშვობის მოგონებებიდან

 მოგონებებიდან

ყველას გეხსომებათ ბავშვობა, დედები თევზის ქონით გადაპიპინებული კოვზებით რომ დაგვდევდნენ, ხან სად ვიმალებოდი, ხან - სად. მაგრამ დედა მაინც გამომიტყუებდა ხოლმე სამალავიდან, პიტნის კამფეტებს მოგცემო, ძალიან მიყვარდა, უცებ მომიქცევდა მკლავებში და ამ ჩემთვის საძულველ სითხეს ჩამასხამდა პირში, გამხდარი ხარ, ვიტამინები გჭირდებაო. რამდენჯერ გულიც ამრევია, ახლაც კი ცუდად ვხდები თევზის ქონის სუნზე, ეტყობა დედა დარწმუნებული იყო მის უნიკალურ თვისებებში, თორემ წარმომიდგენია, რა ძნელი იქნებოდა ხუთი ბავშვისთვის მისი დალევინება, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ ჩემთან ჭირდებოდა ასეთი ბრძოლა, სხვები მოთმინებით სვამდნენ ამ ,,საოცრებას", ია - ჩემი და კი ტუჩებსაც გაილოკავდა ხოლმე. დედას ჩვენთვის სხვა ბუნებრივი ვიტამინებიც ჰქონდა გამზადებული, ალოეს, ლიმონს ჩაჭრიდა თაფლში და იმის წვენს გვასმევდა. ლიმონი თაფლით ძალიან მომწონდა, სიამოვნებით მივირთმევდი. ალბათ, გემატოგენიც გეხსომებათ. ამითაც ხშირად გვიმასპინძლდებოდა მშობელი. დაზოლილი ოთხკუთხა შოკოლადისფერი ნაჭრები მრავლად იყო სახლში, თავისებური გემო ჰქონდა, თითქოს სისხლისაც და არ მიყვარდა არც ის. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, იმათაც ვჭამდი. წამოვიზარდე და დედა უკვე ვეღარ მაიძულებდა, დამელია თევზის ქონი თუ გემატოგენი მეჭამა, მაგრამ გუშინ ღამით აფთიაქში შევედი, ადრეც ხშირად მინახავს, მაგრამ ახლა დაკვირვებით გადავხედე გემატოგენს. დედა გამახსენდა, ვიყიდე, მოვიტანე სახლში და ისე გემრიელად შევჭამე, დედას რომ გაეხარდებოდა.
მაია დიაკონიძე
28.12.2022წელი
Sofio Chelidze, ლია ლევაურელი ჭიღლაძე და 6 სხვა პიროვნება
4 კომენტარი

Tuesday, December 27, 2022

მაგ შენი ლურჯი თვალების მიღმა

 მაგ შენი ლუჯი თვალების მიღმა

ხან ზაფხულია, ხან გაზაფხული

და რომ გიყურებ თბილსა და მღიმარს

ზეიმი მიდგას ჯერარნახული.

ელავს ვარსკვლავთა უძირო ზეცა,

თვალების შუქი მიღმიერს გასცდა

და მაინც ენით აუწერელი,

მუდამ თანა მდევს ტკივილის განცდა.

ჩემთან ხარ თითქოს, თითქოს სხვისა  ხარ,

მოდის ვნებები ტოტების მტვრევით

და რომ გიყურებ ამ ჩემს ნისლა ხარს,

გადააბრუნო იქნება მთებიც...

მიპოვო ოღონდ, სანამ ვარსებობ,

სანამ ფილტვები ღონივრად სუნთქავს,

შენთან შევჭამო პური არსობის

და მერე დავდნე ფიფქივით თუნდაც.



,





ძილში შენ ორეულს მოველი, ავტ. გელა ციგროშვილი

 ძილში შენ ორეულს მოველი,

ათასჯერ სიზმრებში
ნაფერებს..
მოხვალ. შეიცვლება ყოველი,
სულზე დამიკოცნი ნაკერებს..
ჩაჟანგულ გულის კარს გამიხსნი,
გაუშვებ ტკივილებს ნაგუბარს..
კვლავდაკვლავ სიყვარულს აგიხსნი,
უწმინდეს გრძნობებში ნადუღარს..
მთვარესაც შავ ღრუბლებს მოვახვევთ,
შიშველი არავინ გვიხილოს..
გრძელ ღამეს ვნებებში მოვათევთ,
დალალში ჩაგიწნავ ღიღილოს..
დაგტოვებ სიზმარში შეფარულს,
მამალმა თუნდ ასჯერ იყივლოს..
გაღმერთებ ჩემს გულში შეპარულს,
გონებამ ცაშიც რომ მიჩივლოს..
გელა ციგროშვილი
22.12.13 წ.

Monday, December 26, 2022

დამხატე ისე...

 დამხატე ისე, რომ აჩქეფდეს ჩემში სიცოცხლე,

კალმით თუ ყალმით, სიტყვით, ბგერით, ლაღი სიმღერით,

რომ მოგეხვიო, როგორც ვაზი, შენთან მინდოდეს,

აღარასოდეს აღარ ჩაქრეს ჩემში იმედი,

რომ გაზაფხულზე აყვავდება სხეულში ვნება,

და სითბო ტურფა იასამნის ნაზ კვირტებს დახსნის...

ღრუბლების ქვემოთ მთის მწვერვალზე მზე შიშვლად წვება,

ვით ამორძალი, ტყვედ გამხდარი  იმ ერთი ღამის.

მაია დიაკონიძე

26 12. 2022წელი



Sunday, December 25, 2022

 მომეცი ნება, მიყვარდე ძლიერ,

მომეცი ნება, შენს ჩრდილად ვიქცე,

 და როგორც ქარი, შევიცვლი იერს,

ლურჯ დედამიწას ჩემს სუნთქვას მივცემ.

რომ არასოდეს შეწყვიტოს ფეთქვა

ქუჩამ, რომელზეც დადიხარ ახლა,

და ერთხელ მაინც იქნება გეთქვა:

,,ჩემს ზღვას სულ შენი სურნელი ახლავს!"



Saturday, December 24, 2022

 ვსევდიანობ უშენოდ,

უშენოდ ვსევდიანობ,

მინდა ჩემო მერცხალო,

შენს თეთრ მთებზე მიამბო.

როგორ შემოიფრინე 

მინდვრები და ჭალები,

როგორ გადაიფარე 

გრძედები და განედი,

ვსევდიანობ უშენოდ,

უშენოდ ვსევდიანობ,

მინდა, ჩემო სიცოცხლე,

სიყვარულზე მიამბო.


Thursday, December 22, 2022

სალაღობო

შემიყვარდი მარტივად და უსაშველოდ,
ეს დღეები შენს ლოდინში გადის,
უშენობის წუთები რომ მოვინელო,
გამოსავალს ვეძებ თითქოს მარტივს.
ღრუბლებვით მთის წვერებზე ავიჩეჩე,
ის დღე, როცა შეგამჩნიე,  მახსოვს,
ეგ ფიქრები შენიც უკვე დავიჩემე,
ახლა მივხვდი, შემიყვარდი რატომ/


Tuesday, December 20, 2022

,, ნუთუ შენც, ბ რ უ ტ უ ს "? !, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

,, ნუთუ შენც , ბ რ უ ტ უ ს ? !"
/იულიუს კეისარის შეძახილი./
1 . ბევრს ბ ე დ ი ს წ ე რ ა ,
მეცხრე ცაზე
მაღლაც შეისვრის ...
მათი იღბალი არასოდეს
მშურდა , უ ფ ა ლ ო !
ზოგს მ ე ფ ი ს
ტახტი ერგუნა და
ზოგსაც კ ე ი ს რ ი ს ,
თუმც შ უ რ ი ს
თვალმა არ დატოვა
არვინ უკვალო .
2 . არ მითხოვია ,
არ კუთვნილი
ხ ო ტ ბ ა ~ დ ი დე ბ ა ,
ზიზღი მაქვს ,
როცა უსინდისოდ
მოითხოვს ზოგი ...
და ამის შემდეგ ,
უფრო მეტად
გამიკვირდება ,
ზურგს უკან
რატომ მიგროვდება
,, ბ რ უ ტ უ ს თ ა ჯოგი ."
3 . მე არც ტ ა ხ ტ ი მაქვს ,
არც კ ე ი ს რ ი ს
ოქროს გ ვ ი რ გ ვ ი ნ ი ,
არც სხვა დიდება , ~
ჩემი ვინმეს
შეშურდეს რამე ,
არ მივითვისე არავისი
დ ა ფ ნ ა თუ ჩ ი ნ ი ,
ჩემი ლ უ კ მ ა ც
სხვას გავუყავი ,
მე , ცოტა ვჭამე !
4 . დავითმენ ღ ა ლ ა ტ ს ,
არ დავიწყებ
მოთქმას და ჩივილს ,
ვისმენ ზურგს
უკან აგორებულ
ჭ ო რ ე ბ ი ს ბჟუტურს ;
არ ავიცილებ ,
ვაჟკაცურად
ავიტან ტკივილს ,
კეისარივით შემოგძახებ : ~
,, ნუთუ შენც , ბ რ უ ტ უ ს ? ! "
5 . ორივემ ვიცით , საწუთროში ,
დღეს შეცვლის ხვალე ,
რად მიმამსგავსე
ვიღაც ტ ლ უ ს ა *
და ვიღაც უ ტ უ ს * ? !
ზ უ რ გ შ ი მახვილის
ჩარტყმა დღემდის
ვერ მოიშალე ?
რას ელი , ბ რ უ ტ უ ს ? !
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი .
22 . 12 . 2022 წელი .
ტ ლ უ *~მარტოხელა , ობლად გაზრდილი ბიჭი ;
უ ტ უ *~ რეგვენი , გაუნათლებელი , უწიგნური .

 სანამ ჩემს გულს ქაღალდივით დავჭმუჭნი

და მოვისვრი მოუსვლეთის ურნაში, 

(ვიდრე ახალ შედევრს შევქმნი ამ ფუნჯით, მზერას გესვრი, გაჯერებულს მუდარით),

მითხარ სიტყვა, ვაჟო, რაზედ დამუნჯდი,

ნუთუ უნდა მნახო თეთრი სუდარით.

ნუთუ შენს გულს ვერაფერი გაალხობს,

ნატეხია გაყინული კლდეების,

შენს თავს, ვიცი, არასოდეს ღალატობ,

ერთგული ხარ შენი საჯიხვეების.

შენს გულს მაინც ნეტავ რა ეკარება,

შეხე, ჯიხვი, რანაირად ნავარდობს,

გზას გიღობავს ნადირობის ღვთაება,

სიყვარული სურს რომ შემოგთავზოს..

მაგრამ აბა შენი გული ვისია,

ვინ გაიგოს, ვისთვის იწვი სანთელად,

იქნებ მე მაქვს სწორედაც რომ მისია,

ვიყო შენი ციალი და ნათება.






მოსჯდომიხარ, ლურჯი რაშის უნაგირს,

მიფრინავ და აქეთ არ იყურები,

მანდ ვარსკვლავებს ათამაშებ ხელებში,

შეამჩნიე ჩემი ნათითურები?

 რომ ვისროლე შენკენ ზიგზაგ-ელვები.

სიყვარულის დამტყობია დარდები,

თუმცა ზეცა ჩემი საფიცარია,

აიკეცე, ვაჟო, ჩოხის კალთები,

გელოდები ცის თაღზე ურანია.,






Monday, December 19, 2022

სანამ ფიფქებად გხატავ (სიმღრა)

 სიმღერა

სანამ ფიფქებად გხატავ,
სანამ მინთიხარ ლექსად,
სანამ სურვილებს ვატან
ლამაზ ჩიტუნებს ღმერთთან.
სანამ ნდომა და ჟინი
არ მოკლა დრომ და ჟამმა,
მეახლე, როგორც ჯინი,
და ამისრულე ნატვრა...
მაია დიაკონიძე
19.12. 2022 წელი





 გოზინაყი

ახალი წლის ღამეს ზოგჯერ ისეთი სასწაულები ხდება ხოლმე, ვერც კი წარმოიდგენთ! თაგვმა ნიგოზამ გადაწყვიტა შვილებისთვის გოზინაყი გაეკეთებინა, კაკალი სხვენზე ბლომად ეყარა, მაგრამ თაფლი სად უნდა ეშოვა. წაცუნცულდა სამზარეულოში, სწორედ იმ დროს შევიდა, ფისო სუსურა რომ იჯდა გაზქურასთან და ბებია ტასოს ხელში უყურებდა, მოხუცია, იქნებ რამე გაუვარდეს ხელიდანო. თაგვი რომ დაინახა, აყვირდა ბებია, ნიგოზი არ შემიჭამოს და პატარა მიშიკო და თათული არ დამრჩნენ გოზინაყის გარეშეო, თურმე ისიც გოზინაყს ამზადებდა შვილიშვილებისთვის. აწრიპინდა თაგვი, აწრიპინდა, თითქოს ძალა მიეცაო, აბა, ახალ წელს მას და მის შვილებაც ხომ უნდოდათ სასუსნავი! გაკვირვებით გადახედეს ბებია ტასომ და კატა სუსურამ თაგვ ნიგოზას, ხომ არ გაგიჟდაო, აქამდე სულ ფრთხილი იყო და მშიშარაო. - რაო, რაოო, - ჰკითხა ბებიამ თაგვს, - რაო და თაფლი მინდა, ცოტა ჩამომისხითო, - ბრძანა თაგვმა ნიგოზამ.- კარგი, კარგი, დაწყნარდი და ნუ ყვირიხარო, გული გამიწყალდა შენი წრიპინითო, - მიუგო ბებიამ. გაოცებული კატა სუსურა ხან ბებია ტასოს შეხედავდა, ხან თაგვს გადახედავდა ზემოდან ქვევით, უკვირდა ჩემი რად არ ეშინიაო, მაგრამ ისიც უკვირდა, ბებია და თაგვი რომ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და მასაც კი ესმოდა მათი საუბარი. ბებია ტასომ სულ პატარა ქილა მოძებნა, ისეთი პატარა, რომ ორიოდე კოვზი თაფლი ჩატეულიყო, მოიკიდა თაგუნამ ზურგზე ქილა და სხვენზე აცუნცულდა. იმ ღამეს დიდი ქეიფი გაიმართა, სხვენზე ცალკე და სახლის დიდი ნაძვის ხით მორთულ ოთახში ცალკე. გოზინაყი ბლომად ეწყო ორივე მაგიდაზე და იტკბარუნებდნენ პირს დიდებიც და პატარებიც, ადამიანებიც და თაგვებიც.
მაია დიაკონიძე
25.11.2021 წელი

 მეტყვი, რომ ჩემთვის არა გცალია,

უნდა აშენო სიკეთის ხიდი,

მაგრამ ჩემს გულში რომ სინათლეა,

ისიც ხომ ღმერთის მადლია დიდი.

შემოიჭერი და გულში დარჩი,

შემოამატე შენც ერთი სსხივი,

თუ გავანათებთ ერთურთის გულებს,

თორემ ცხოვრება უკვალოდ მიდის.






Friday, December 16, 2022

 - დეკოლტეში ჩამაჭყიტეთ, ქალბატონო,

ნება დამრთეთ, გთხოვთ, ამ ზამთრის გადატანის?!

- თქვენგან კი არ მოველოდი, ვაჟბატონო,

რომ ეს აზრი თქვენს ფიქრშიაც ურცხვად დადის.

მე მეგონეთ ზერაინდი, სასწაული,

ვისაც არ აქვს არასოდეს ფიქრი ქვენა,

მაგრამ სანამ დაგვიდგება გაზაფხული,

რომ გამითბოთ ეს ზამთარი, გაძლევთ ნებას!




 ჰეი, დღეებო, ო რა ურცხვად, მტოვებთ, მიდიხართ,

აჰკიდებიხართ ხან ნაცნობ ქარს, ხან კი დირიჟაბლს,

ბავშვობიდან რომ ვოცნებობდი მასზე მეფრინა,

ხმას ვაყურადებ ახლა ჩუმად, მაღლა ზეციდან,

იქნებ მოვიდა დრო წასვლისა, მიხლოვდება,

განშორება ხომ ვიცი სულთან ძალზე ძნელია,

და ერთადერთი რაც მამშვიდებს, სული ცხონდება,

თან რომ გავყვები თეთრ დირიჟაბლს ფიქრის ფერია.






Thursday, December 15, 2022

ახლა მითხარი

 რამდენმა ლექსმა გისათუთა, შენ ხომ არ იცი,

სტრიქონებსა და სტრიქონშუა ხატებად გსახა,

თუ არ გიყვარვარ, რაზე მიჭერ, ცაში გამიშვი,

პეპელად გადვიქცე და შემოგხვდე ედემის ბაღთან.


გახსოვს, მიძღვენი თეთრი ვარდი, თანა მაქვს ახლაც,

შენ თუ შემოგრჩა სიყვარული ნეტავ მისხალი,

ვარდის ფურცლები ნოემბრის ქარს ტრამალად გააქვს,

თუ არ გიყვარვარ,  ნუ ახანებ, ახლა მითხარი.




დაჭრილი ვარ!

 

დაჭრილი ვარ, შევიკვეცე თეთრი ფრთები,

მეგონა, რომ შენი ვიყავ ანგელოზი,

ოჰ, რამდენი ღამე ერთად ნათენები,

გულს გებნიე ვით ზღაპრული ავგაროზი.


დავიბენი და არ ვიცი, სად წავიდე,

დაჭრილი ვარ, ზევით ვეღარ ავფრინდები,

ამ მიწაზე, ღმერთო, ბოროტს ამარიდე,

გამიმთელე, გამიმთელე თეთრი ფრთები.





.





,













  



პატარავდება ჩვენი მიწა!

პატარავდება ჩვენი მიწა 
და ჩვენც უღვთოდ ვპატარავდებით,
გვაკლდება სულში დედის ნანა,
მუხის აკვანთან ტკბილად ნამღერი.
ცამ ვარსკვლავებით თითქოს ფეხი 
შემოიკეცა, ნაწილსღა  ვხედავთ,
და მთვარეც ჩვენი რომ გვეგონა,
აღარ გვაცილებს ბილიკზე მეტად.
შეგვიცოტავდა სიყვარული 
ახლობელის, ღმერთის, მოყვასის,
და თუ ჩვენ ჩვენი აღარ გვინდა,
გაიჯაგება გზანი მონასტრის!

Wednesday, December 14, 2022

მინიმა

აღარ მაქვს შენთან მე კავშირი, ვწყვეტ სულის ძაფებს,
ზოჯერ სიტყვები მეტი არის, ვიდრე გვგონია,
და თუ ხანდახან მზე ცხრათვალა თოვლზე სხივს აფენს,
არის მირაჟი და გრძნობების ბუტაფორია.


დამმარხე, ჩემო!

დამმარხე, ჩემო, თუ არ გინდა ჩემი ყურება,
სხვა სიყვარული და სხვა მუზა თუ კი გეწვია,
აღვდგები ოდეს მზის ჩასვლისას, სამარხებიდან,
შენ დამინახავ, როგორც ციალს, ლამაზ მზეწვიას.

მოგონებების მოგეხვევა ნაზი ღრუბელი,
ფერი ექნება ძილგამკრთალი თეთრი ფარვანის,
ასი წლის მერეც ჩემს საფლავთან ისევ მოგელი,
შენ გარდა ქვეყნად არ მჭირდება, იცი,  არავინ.








Monday, December 12, 2022

მინიმა

 არ ეტანება შეძლეულს 

ძაღლიც, შენ რად გაქვს იმედი, -

შეგიყვარებენ, მოგრთავენ

გვირილებით და იებით?!

ქარს გაატანე ოცნება,

მზის ჭიატ დაგრჩეს მცირედი.




მივდივარ (ხალხურ მოტივებზე) პატრიოტული თემატიკა

მივდივარ, უკან მამყვება,
გოდება ქართლის მთა-ველის,
შენ რად ცახცახებ არყებთან,
მთვარევ, იქაც ხომ მაგელი?!

ძაღლებო, თქვენ კი რას მამდევთ,
ყეფით მიფუჭებთ გუნებას,
არ დავბრუნდები, თქვენ ფიქრობთ,
გონს შამოჰყრია ხურვება?!

ბნელში ძლივას ჩანს ლანდები,
თეთრად ანათებს სოფელი,
თუ არ კელპტარ-სანთლებით,
აბა, როგორა ვცხონდები!

მთებო, ვერ გნახამთ კაი ხანს,
სისხლს როგორ უნდა ვუწამლო,
მონის მოვირგებ ალიკაპს,
როგორც უჯიშო, უგვარო.

ძალითა კვეთდნენ სოფლითგან,
მე კი ჩემ ფეხით მივდივარ,
მუჭას გნატრობდნენ ოდითგან,
მცირე მეგონე, დიდი ხარ.

ხომ დამაბრუნებ, უფალო,
იმედებ შენზე დიდი მაქვს,
კერიავ, შენ ნუ ჩაჰქერები,
სული კბილებით მიჭირამს.









Sunday, December 11, 2022

ხეების მწკრივებს ჩავუარეთ ედემის ბაღის,
განა და მართლა არის ედემის, ასე ვეძახით,
და ვით მტევნები ცად აწვდილი ცოცხალი ვაზის,
ჩვენი ფიქრებიც ლამაზია, ყვავილ-ფერადი.
ასე მგონია ღმერთი გვისმენს, როცა ვსაუბრობთ,
როცა ერთმანეთს ვეფერებით და ვნებით ვკოცნით,
და განა ვინმეს, გენაცვალე შენს თავს დავუთმობ,
როცა  შენ ერთი მოგიპოვე მხურვალე ლოცვით.



სიმღერა (ხალხურ მოტივებზე)

 ლურჯი დამხურა ღმერთმა ცა,

მადლობელი ვარ მე ამის,

ახლა ესა ვარ, რაცა ვარ,

თვალებ შემომრჩა კესანის.

სხვა კი დრო-ჟამმა წაიღო,

ტვირთიცა ვზიდე მეცხვარის,

მართალ ვერ ვპოვე, სად იყო,

გული შემომრჩა მეზღაპრის.




შემოიჭრა ჩემს სხეულში დეკემბერი,

და გაყინულ სულის სიმებს ხელი დაჰკრა,

სადღაც შვლის ნუკრს ენატრება რტო-ნეკერი,

და მეცა მაქვს, ღმერთო ჩემო, ერთი ნატვრა.

არ სციოდეს ქვეყანაზე აღარავის,

ერთმანეთის სიყვარულის გვქონდეს ვალი,

და ზარები წკრიალებდნენ სულ მარაბდის,

არ წაშალო, ქართველების გზა და კვალი. 

Saturday, December 10, 2022

სახუმარო-სალაღობო-სატრფიალო

განა მიღირს ეს სიცოცხლე მე უშენოდ,

ვარსკვლავების დაიწრიტა ნათება,

ნუთუ მთვარე გაბადრული შენა გჩემობს,

შევატყვე რომ წონაში აქვს მატება.

გადაფარა მთელი ზეცა, არცრა მოჩანს,

როგორ შევძლო ნეტავ ამის გაძლება,

რაშს მოვნახავ პეგასივით, არა ოჩანს

მომიყვანოს შენი სახლის კარებთან.

რომ ჩაგხედო მაგ თვალებში, - ცა ვიხილო,

მზე ბრწყინავდეს, ცისარტყელად დიოდეს,

როგორც ბავშვმა, ისევ გულით მოვილხინო,

დარჩეს მთვარე ზღვების სანაპიროზე.




Friday, December 9, 2022

მინიმა

ამოგისუნთქე ჩემო ქვეყანავ, 
აქ რომ ვეღარსად ვეღარ დაგტიე,
გულზე მწველცრემლებგადმონაყარმა
თვითონ სამყაროს ველი გავწიე.



Thursday, December 8, 2022

მოგონებებიდან (წიწილების სიყვარული)

 მოგონებებიდან

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიწილები, იხვის ჭუჭულები, ყვითლები და ფუმფულები და ნეტავ, რომელ ბავშვს არ უყვარს ისინი. იმერეთში ხშირად წიწილების გამოჩეკვის პროცესსაც დავსწრებივარ, ზოგჯერ წიწილს უჭირდა გამოჩეკვა, უკაკუნებდა შიგნიდან კვერცხს, მაგრამ ვერა და ვერ გამოდიოდა, ბებიას ვეტყოდი ხოლმე,მოვეხმაროთ, ჩვენ გავტეხოთ-მეთქი ნაჭუჭი, მიშლიდა, თვითონ უნდა გამოიჩეკოსო. ზოგიერთი კვერცხიდან მართლაც არ იჩეკებოდა ხოლმე წიწილი, ასეც ხდებოდა. ბებიას რატომღაც სახლში შემოჰყავდა ეს ახალდაჩეკილი პატარა ფრთოსნები, არ გაცივდნენ, რამემ არ შეჭამოსო და სულ უფუთფუთებდა, პატარა ოთახში შეჰყავდა და იქ აბინავებდა. მეც მეტი რა მინდოდა, ხან ერთი მყავდა ხელში, ვეფერებოდი, ხან - მეორე. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთი ყველაზე დიდი და გაფუმფულებული წიწილი ამოვიჩემე, სულ ხელში მყავდა, ბებია მეხვეწებოდა, თავი დაანებე, ნუ ჭყლიტავ, მოკვდებაო, არ ვუჯერებდი,მართლაც, მოკვდა ის წიწილი. ბებიას არაფერი უთქვამს, გული დამწყდა, მაგრამ ახლა სხვა წიწილა ამოვიჩემე, ამყავდა ხელში, ვეთამაშებოდი, ახლა იმას არ ვუშვებდი ხელიდან. წიწილა ღამით დედასთან მიმყავდა ხოლმე, მაგრამ ერთ დილას ბებია შემოვიდა ჩემთან ოთახში და მკვდარი წიწილა ფეხთან დამიგდო. .აი, შენი ნამოქმედარიო! მითხრა მკაცრად. არასოდეს მიჯავრდებოდა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გაჯავრება. ეტყობა, ამიტომაც დამამახსოვრდა. მას მერე იშვიათად ვეფერებოდი წიწილებს, ძალიან მსუბუქად გადავუსმევდი ხელს, ნაზად და ფრთხილად. მივხვდი, რომ ზედმეტი მოფერებაც შეიძლება საზიანო იყოს ცოცხალი არსებისთვის. ,,მეტის მეტი, თავში ბრეტიო", ტყუილად არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ალბათ არც ბავშვს უხდება სულ ხელში ჭერა და გათამამება, მაგრამ მშობლები ვერ ვგრძნობთ ამას, სამწუხაროდ.

იქნება სულაც აღარ გჭირდები 

და მომინელე ქართლის მთა-ველო,

როგორ იალებს მაშინ ყაყაჩო

სისხლდაწრეტილი და უქართველო.

ვინღა შემოჰკრას მაშინ დაფდაფებს,

ვინ იგრძნოს მადლი ქართული სიტყვის,

,,იავნანას" ვინ გაალამაზებს,

თუ არ ქართველი გოგო და ბიჭი.

რად მოიღრუბლა ზეცა ქუხილით, 

რად გვიმზერს ასე შუბლწარბშეკრული,

დროა წყალს მივცეთ ურვა-წუხილი

და დავამშვიდოთ დრო არეული.

და სამაიას თუ ცეკვავს კიდევ,

ქართველი ქალი, ნაზი, მწყაზარი,

მისწვდეს ღაღადი ზეცათა კიდეს,

რომ საქართველო ისევ აქ არის. 

,










მაგ თვალებში გუშინღამ რომ ჩამახედე (სატრფიალო)

მაგ თვალებში გუშინღამ რომ ჩამახედე,
ო, რა დიდი მოდიოდა სითბო,
და რა ვუყო ამ გულს შენგან განახელებს,
ჩვილ ბავშვივით სიყვარულს რომ ითხოვს. 
ამიტაცე მაღლა ცაში, მასეირნე,
ღრუბელთ წყება მინდორია თითქოს,
მზის აკვანი იყოს ჩვენი ციხე-გოჯი,
და გავცვალოთ ჩვენ კოცნები თითო.
მომიკრიფე მზის გულიდან ალმასები,
ჩამაწანი მოოქროვილ თმებში,
და როდესაც გავიღვიძებ შენთან ერთად,
გვირგვინებად რომ ვბრწინავდეთ მთების.






Wednesday, December 7, 2022

შორენას სიზმარი (სატრფიალო)

 შორენას სიზმარი

დამისიზმრეო, მითხარი და მეც დაგისიზმრე,
მივუყვებოდით თავთუხების ყანას ფიქრითვე,
შენ თავზე გედგა გვირგვინი და როგორც სიზიფე,
დასჭიდებოდი სვეტიცხოვლის ქვათა სიმძიმეს.
შენი თვალები, მზის ამოსვლა, – განთიადები,
ჩემი კი, თითქოს დაისები, სავსე დარდებით,
ირეკლებოდა ჩვენს თვალებში მზის ცაზე სრბოლა,
და ვარსკვლავების სხივთა რკალი თავს გვედგა ხომლად.
– მიყვარხარ, – ასე მითხარი და მერე დადუმდი,
შენ ხელთუქმნელი ძეგლის იყავ მწე და მსახური,
მე კი სიყვარულს დავეძებდი, შენს ყველა ნაკვთში,
თანდათან ღამეც გათეთრდა და შენც სადღაც გაქრი...
————————————————
მე გაღვიძებულს შემეპარა სხეულში ჟრჟოლა,
მზე აწვებოდა დედამიწას სისხლისფერ ზოლად,
და მოვალ ხვალაც, ზეგაც, მაზეგ თეთრ ფიფქად, თოვლად,
შემოგეხვევი მინდვრებად და ყვავილთა მოვად.
მაია დიაკონიძე
11.1. 2022წელი

 მე უშენობის ქარმა გამკენწლა 

რომ ვერ იტევდა სითბოს ოთახი,

სადღაც გაქრა და სადღაც წავიდა,

და მოლაღურის ვისმენ მოძახილს.



 ორპირი ქარიც არ მიყვარს, ვით მეყვარება კაცი,

იმის ჰაერიც ნასუნთქი ძვლებს ნაწილ-ნაწილ დაშლის,

აღარც იელი იელებს, ყვავილს დააჭკნობს ცაცხვის,

არ გააჩინო, უფალო, ორპირი კაცი მსგავსი. 



 ორპირი, გითხრათ? არ მიყვარს ქარიც,

მით უმეტეს რომ ღალატი კაცის,

თუ კი ევაა ადამის ძვალი,

ნეკნი 12 წყვილი კი არის

და ეძებს კაცი, რომელი ნეკნი,

არის იმისი ის ერთადერთი,

აცვდება კბილიც, ხნეც და სამოსიც,

და მაინც უნდა მსგავსი საროსი.

აღარ დაეძებს არც წელს და არც რიცხვს,

თავისებურად ჩქარობს და იბრძვის,

ვეღარ აუდის ერთ დღესაც სირცხვილს,

ის ერთადერთი მის სახლში იცდის.



Tuesday, December 6, 2022

ო, სიცივევ!

 ,,არ გიყვარვარ?!" ისე ჩუმად მეკითხები, 

მათრობელა ხმით ჩურჩულებ, თითქოს მბანგავ,

აგერ თოვლით დაფარულა ამ მთის თხემი,

მე კი ახლა მომკითხავიც არვინ არ მყავს.

შენ მოგენდო?! შენ არ იყავ კაცის მკვლელი?!

რამდენ ვაჟის, გარდაცვლილის ცოდვა გადევს,

ამ ომებში გაიყინა ალბათ ბევრი,

მათ საფლავებს ახლაც აყრი თოვლის ნამქერს.

ო, სიცივევ, გაალურჯე მთაში ქალი, 

ბავშვსაც შენი საცეცი არ დააკელი,

საფირონი ხომ გახადე ლოყა ლალი,

იმ გოგონას, გახსოვს,  ერქვა ანაბელი.

ახლა ჩემი უკვდავყოფა განგიზრახავს,

ალბათ, გინდა ამ კლდე-ღრეში მასამარო,

და როდესაც გადვიქცევი ყინვის ლოდად,

ვარსკვლავფიფქიც მსურს, რომ შუბლზე მომაყარო.




 


რომ გიყვარვარ (სატრფიალო)

რომ გიყვარვარ, განა, ჩემო,  მე  არ ვიცი?!
ჩემ წინ დგახარ ვით უმწეო ნაზი ბარტყი,
არ მავიწყებ არც გულიან ღიმილ-სიცილს,
შენი სახლი იქვე მდგარი ხეა არყის.
მოფრინდები და ამივსებ სულის ჭურჭელს,
იღიმი და ამიჟღერებ სულის სიმებს,
მათქმევინებ შენთვის სიტყვებს, ჯერაც უქმელს,
,,შენთვის ვკვდები, საყვარელო, გამიღიმე!"
შენს ღიმილში იხატება მზეც და მთვარეც,
შემოსეულ ვარსკვლავებსაც რაღა ვუყო,
ო, მომეცი, ღმერთო მეტი სითამამე,
გაგიტაცო, საქმენი ვქნა საჩაუქო.



Monday, December 5, 2022

შენთან მიჯობს! (სატრფიალო)

 შენთან მიჯობს

თვალებში მაქვს ცისარტყელას ფერთა წყება,
მსურს ბაგეზე ვარდის ფურცლად დაგეფინო...
და თუ გზაზე უნებურად გაავდრდება,
ვიქცე ქოლგად, არ დასველდე, თვალის ჩინო.
აგერ, შეხე, ნუშ-ატმები როგორ ყვავის,
გარეშემოს როგორ ათოვს ფერი წმინდა
და ისე ვარ, დაკარგვა რომ მინდა თავის,
რადგან ვიცი, ის მიპოვის, ვინც მე მინდა.

ამანთე და მაბრიალე როგორც თონე,
მაგ მკლავებში, აშკარაა ვნება გიჟობს,
შენი სუნთქვა ყურთან ახლო გამაგონე
და სიცოცხლეც უსასრულოდ შენთან მიჯობს!
მაია დიაკონიძე
5. 12. 2022 წელი

შენთან მიჯობს (სატრფიალო)

ელგუჯა

შენთან მიჯობს 1 . თვალებში მაქვს ცისარტყელას ფერთა წყება , მსურს ბაგეზე ვარდის ფურცლად დაგეფინო ... და თუ გზაზე უნებურად გაავდრდება , ვიქცე ქოლგად , არ დასველდე თვალის ჩინო . 2 . აგერ , შეხე , ნუშ ~ ატმები როგორ ყვავის , გარეშემოს როგორ ადევს ფერი წმინდა და ისე ვარ , დაკარგვა რომ მინდა თავის , რადგან ვიცი , ის მიპოვის , ვინც მე მინდა . 3 . ამანთე და მაბრიალე როგორც თონე , მაგ მკლავებში , აშკარაა ვნება გიჟობს , შენი სუნთქვა , ყურთან ახლო გამაგონე და სიცოცხლეც , უსასრულოდ შენთან მიჯობს ! 5 . 12 . 2022 წელი