Monday, December 19, 2022

 გოზინაყი

ახალი წლის ღამეს ზოგჯერ ისეთი სასწაულები ხდება ხოლმე, ვერც კი წარმოიდგენთ! თაგვმა ნიგოზამ გადაწყვიტა შვილებისთვის გოზინაყი გაეკეთებინა, კაკალი სხვენზე ბლომად ეყარა, მაგრამ თაფლი სად უნდა ეშოვა. წაცუნცულდა სამზარეულოში, სწორედ იმ დროს შევიდა, ფისო სუსურა რომ იჯდა გაზქურასთან და ბებია ტასოს ხელში უყურებდა, მოხუცია, იქნებ რამე გაუვარდეს ხელიდანო. თაგვი რომ დაინახა, აყვირდა ბებია, ნიგოზი არ შემიჭამოს და პატარა მიშიკო და თათული არ დამრჩნენ გოზინაყის გარეშეო, თურმე ისიც გოზინაყს ამზადებდა შვილიშვილებისთვის. აწრიპინდა თაგვი, აწრიპინდა, თითქოს ძალა მიეცაო, აბა, ახალ წელს მას და მის შვილებაც ხომ უნდოდათ სასუსნავი! გაკვირვებით გადახედეს ბებია ტასომ და კატა სუსურამ თაგვ ნიგოზას, ხომ არ გაგიჟდაო, აქამდე სულ ფრთხილი იყო და მშიშარაო. - რაო, რაოო, - ჰკითხა ბებიამ თაგვს, - რაო და თაფლი მინდა, ცოტა ჩამომისხითო, - ბრძანა თაგვმა ნიგოზამ.- კარგი, კარგი, დაწყნარდი და ნუ ყვირიხარო, გული გამიწყალდა შენი წრიპინითო, - მიუგო ბებიამ. გაოცებული კატა სუსურა ხან ბებია ტასოს შეხედავდა, ხან თაგვს გადახედავდა ზემოდან ქვევით, უკვირდა ჩემი რად არ ეშინიაო, მაგრამ ისიც უკვირდა, ბებია და თაგვი რომ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და მასაც კი ესმოდა მათი საუბარი. ბებია ტასომ სულ პატარა ქილა მოძებნა, ისეთი პატარა, რომ ორიოდე კოვზი თაფლი ჩატეულიყო, მოიკიდა თაგუნამ ზურგზე ქილა და სხვენზე აცუნცულდა. იმ ღამეს დიდი ქეიფი გაიმართა, სხვენზე ცალკე და სახლის დიდი ნაძვის ხით მორთულ ოთახში ცალკე. გოზინაყი ბლომად ეწყო ორივე მაგიდაზე და იტკბარუნებდნენ პირს დიდებიც და პატარებიც, ადამიანებიც და თაგვებიც.
მაია დიაკონიძე
25.11.2021 წელი

No comments:

Post a Comment