Tuesday, December 6, 2022

ო, სიცივევ!

 ,,არ გიყვარვარ?!" ისე ჩუმად მეკითხები, 

მათრობელა ხმით ჩურჩულებ, თითქოს მბანგავ,

აგერ თოვლით დაფარულა ამ მთის თხემი,

მე კი ახლა მომკითხავიც არვინ არ მყავს.

შენ მოგენდო?! შენ არ იყავ კაცის მკვლელი?!

რამდენ ვაჟის, გარდაცვლილის ცოდვა გადევს,

ამ ომებში გაიყინა ალბათ ბევრი,

მათ საფლავებს ახლაც აყრი თოვლის ნამქერს.

ო, სიცივევ, გაალურჯე მთაში ქალი, 

ბავშვსაც შენი საცეცი არ დააკელი,

საფირონი ხომ გახადე ლოყა ლალი,

იმ გოგონას, გახსოვს,  ერქვა ანაბელი.

ახლა ჩემი უკვდავყოფა განგიზრახავს,

ალბათ, გინდა ამ კლდე-ღრეში მასამარო,

და როდესაც გადვიქცევი ყინვის ლოდად,

ვარსკვლავფიფქიც მსურს, რომ შუბლზე მომაყარო.




 


No comments:

Post a Comment