Friday, July 31, 2020

ერთსტროფიანი

გულში ცა შემოვინახე
ასფურცელა და ლამაზი,
რამდენ ფენასაც ააცლი,
ყველგან დაგხვდება ზღაპარი.

ერთსტროფიანი

აღარაფრის არ მჯერა,
ნერწყვსა ვყლაპავ ცრემლნარევს,
ველი სურვილთ ახდენას,
ზეცამდე თუ მივაღწევ.

მოგონებებიდან (გამოფენის ბაღი)

  წერეთელზე გამოფენასთან ვცხოვრობ, მახსოვს, როცა უფროსი ბიჭი პატარა მყავდა, ოთხოცდაათიანები ჯერ კიდევ არ დამდგარიყო, გამოფენის ბაღში დამყავდა, სავსე იყო პატარებით, ყველა ეროვნების ადამიანს ნახავდი აქ, რუსი ბავშვებით გადათეთრდებოდა ხოლმე იქაურობა, ძალიან ლამაზები იყვნენ, თავისებურ ხიბლს ატარებდნენ. მათ მშობლებთან ვმეგობრობდი, მშრომელი ხალხი იყო, მათი წინაპრები მალაკნები იყვნენ, აქ გადმოსახლებულები და აქვე აშენებულ კორპუსებში მიეცათ მათთვის ბინები. დღეს ისინი აქ აღარ არიან, ყველა წავიდა უცხოეთში, თითო-ოროლა რუსს თუ დაინახავ სადმე. მომენატრა ის მრავალეროვნული გამოფენის ბაღი, ახლა ის კერძო პირებს ეკუთვნის, მადლობა ღმერთს, რომ შიგ შესვლას არ გვიკრძალავენ, თუმცა ერთი-ორჯერ სცადეს მისი დაკეტვა, მაგრამ სწორედ ის რუსები და სხვა ეროვნების ხალხი გამოვიდა მის დასაცავად იმ ავბედით 90-იანებში. სადაც არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, დარწმუნებული ვარ, მათაც ენატრებათ თბილისი და ჩვენი ბაღი. ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა მთელ დედამიწაზე!

მელოდება ბებია (ერთსტროფიანი)

მატარებლის გუგუნში, თურმე, ჩამძინებია,
დილით გამოვიხედე, იმერეთის მთებია,
ბოგირ-ბოგირ ჭალები ერთურთს ეკონებიან,
ჩემი ჭირისუფალი მელოდება ბებია.

Thursday, July 30, 2020

თაია (სიმღერა) მაია სიჭინავამ შეასრულა

მტკივა და ნისლივით ვირევი,
ქარს ვატან  ამ გულის ნაფლეთებს,
კლდეები, პირგამეხილები,
მადებენ სისხლიან  ნაკვეთებს.
მისამღერი: თაია, ლამაზო თაია,
შენ, ჩემი გულის საკინძევ,
თაია, თუშქალავ, თაია,
მოდი და დარდები გამიქრე.
თაია, ლამაზო თაია,
შენ ჩემი გულის საკინძევ,
თაია, თუშქალავ, თაია,
მოდი და დარდები გამიქრე.
მტკივა და ნისლივით ვირევი,
ქარს ვატან ამ გულის ნაფლეთებს,
გავქრები, ერთს შევეწირები,
ზეცაო, ტყვიებით დამსეტყვე.
მისამღერი: თაია, ლამაზო თაია,
შენ, ჩემი გულის საკინძევ,
თაია, თუშქალავ, თაია,
მოდი და დარდები გამიქრე.
თაია, ლამაზო თაია,
შენ, ჩემი გულის საკინძევ,
თაია, თუშქალავ, თაია,
მოდი და დარდები გამიქრე.


გავიღვიძე (ერთსტროფიანი)

გავიღვიძე და ყველაფერი მეჩვენა რუხად,
ვეღარ გავუძელ მოგონებებს თერგივით მქუხარს,
ესე ცხოვრება რომ არ მომწონს, ძალიან ვწუხვარ.

Saturday, July 25, 2020

ვეღარ ვაძალებ (ერთსტროფიანი)

ვეღარ ვაძალებ ჩემს თავსაც
ხელში ავიღო ყალამი,
მტერი ჩვენზედა სეირობს,
გავკიდეთ თეთრი ალამი,
ტყუილად დაუცვდათ რუსთაველს,
ვაჟას, ილიას კალამი.

დილას დაველოდები (ერთსტროფიანი)

ჩაისუნთქა დაისი, ზღვამ სტომაქი შეივსო,
თოლიებმა იყივლეს, დაველოდოთ მერმისსო,
ქვიშის კოშკში შევედი, გავითხარე სამარე,
დილას დაველოდები, მზის სხივების ამალებს.

მივიწევთ საით?! (ერთსტროფიანი)

მივიწევთ საით, თვითონ არ ვიცით,
უქმი გამხდარა უკვე კალამი,
თუ რუსთაველიც სჭირდებათ არ კი
და სიფაქიზეც სულის არ არის,
შემოგვიგლიჯეს გული ტარანით....

რატომ ვწერთ?(ჩანახატი)

რატომ ვწერთ? იმიტომ რომ გვინდა საკუთარი აზრი გამოვხატოთ, ჩვენი გულისტკივილი გავაგებინოთ ამ ქვეყანას, რომლისთვისაც ჩვენ არავინ არ ვართ, უბრალოდ ამომრჩეველი რომელიღაცა ნომრით, არა და სამუშაო რომ გვქონდეს, სადღა გვეცლებოდა წერისა და ათასი მიეთ-მოეთისთვის? დაუსაქმებელი, არარეალიზებული, ასევე დიდტკივილმიყენებული ადამიანები იწყებენ ხშირად წერას, ასეთია ჩემი აზრი ამ საკითხზე...თქვენ რას მეტყვით, მეგობრებო?

Thursday, July 23, 2020

არტ გალერეაში (მოგონებებიდან)

ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ: ერთ დღეს ვზივარ არტ გალერეაში, სურათებს ვათვალიერებ სკამზე ჩამომჯდარი და ვტკბები, ყიდვით ვერ ვყიდულობ, მაგრამ სულიერ საზრდოს ვიღებ. ჰა და ჰა, 50-დან 100 ლარამდე გავქაჩო, თუ რამე ძალიან მომეწონა. შემოვიდა ახალგაზრდა კაცი, პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, რუსუდან ფეტვიაშვილის სურათები მაჩვენეთო, გახარებულმა მეპატრონემ მაშინვე მიიყვანა ნახატებთან, კლიენტმა ფასი იკითხა, 2-3 ათასი დოლარიდან იწყებოდა, ახლა პიკო დაათვალიერა, თაზო ხუციშვილი, უფრო დაბალი ფასები აქვს მათ ნახატებს, მაგრამ მაინც ასობით დოლარებს ეჭიდავება კაცი. ბოლოს იკითხა, ყველაზე დაბალ ფასებში რა გაქვთ, ცნობილი მხატვარიც რომ იყოს და იაფიცო. ტიტე შეყილაძის "ზამთარი" გადმოუღეს, არა და მე მაქვს თვალი დადგმული. თან გულში ველაპარაკები: 3 ათას დოლარიანი ნახატიდან 100 ლარიანზე ჩამოხვედი შე, კაცო-მეთქი?! არც აცია, არც აცხელა, მართლა აიღო ის ნახატი, საჩუქრად მინდაო, ქორწილში მიდიოდა. სანამ შეუფუთავდნენ, ვიღაცამ დაურეკა, სავარაუდოდ, ცოლმა, მოახსენა, ტიტე შეყილაძის ნახატი ავიღე 200 ლარადო, ფასი ორჯერ მეტი უთხრა, ვიდრე გადაიხადა. რომ გავიდა, იმდენი ვიცინე, ვეღარ მასულიერებდნენ. ესეც შენი "გრანდიოზული" მყიდველი. მე კი დავრჩი ხახამშრალი..

Monday, July 20, 2020

წარმოდგენა დამეკარგა (ერთსტროფიანი)

წარმოდგენა დამეკარგა,
თუ ვინმეზე კიდევ მქონდა,
დრომ ფეხები მოინაცვლა,
სიცოცხლის დღე დამიმოკლდა,
გამომცადა ამ ცხოვრებამ,
სული ჩემი თუ კი ცხონდა.

Sunday, July 19, 2020

მე ხომ ჭიამაია ვარ (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

ნუ დამტოვებ უიმედოდ,
მომანათე სხივი, მზეო,
მე ხომ ჭიამაია ვარ,
სიყვარულით გული ზეობს.
მინდა მეცვას ფერიების კაბა,
გაზაფხულის ყვავილების ფერი,
ავირიო ნაკვალევი მთაში,
წყაროს თავთან დამხვდებოდეს დევი...
ბარის ამბავს ვეტყოდი და ისიც
მოყვებოდა აუხდენელ ზღაპარს,
მერე ერთად მოვივლიდით ტყეებს, -
ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს.
მისამღერი:
მე ხომ ჭიამაია ვარ, მე ხომ ჭიამაია ვარ,
მე ხომ ჭიამაია ვარ, მე ხომ ჭიამაია ვარ.
სანთლად ანთებული ვივლი,
სადაც კაცის გული მზეობს,
ცხრა ზღვას, ცხრა მთას გადავივლი,
დაგინახო, ჩემო მზეო!
მინდა მეცვას ფერიების კაბა,
გაზაფხულის ყვავილების ფერი,
ავირიო ნაკვალევი მთაში,
წყაროს თავთან დამხვდებოდეს დევი...
ბარის ამბავს ვეტყოდი და ისიც
მოყვებოდა აუხდენელ ზღაპარს,
მერე ერთად მოვივლიდით ტყეებს, -
ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს.
მისამღერი:
მე ხომ ჭიამაია ვარ, მე ხომ ჭიამაია ვარ,
მე ხომ ჭიამაია ვარ, მე ხომ ჭიამაია ვარ.

ხათუნა შავგულიძეს

ყაყაჩოსავით ნაზო, ლამაზო,
ქართულ სიტყვას რომ ეფოფინები,
გადაგვიპენტე ლექსების ყანა,
მალამოსავთ მტლად ეფინები.
სამშობლოს ველებს, მთებს თუ ქალაქებს
შენი ღიმილით გაგვილამაზებ,
და მაინც შენი თვალები გაგცემს,
სამშობლოსათვის სევდით გაქვს სავსე.

Friday, July 17, 2020

სიყვარულისა მითხარით (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

სადაც არავინ არ იყო,
სადაც არავის ვუყვარდი,
იქიდან ზღვამ წამომიღო,
მეც სიყვარულის ვუთხარი.
ახლა აქა ვარ ქალთამზე,
მანათობელი ქვეყნისა,
დილით ტოროლა მიმღერის,
ბზინავს ფოთოლი ვერხვისა.
საღამოს ჩავალ მთის იქით,
ხვალ-ზეგ ისევ რომ გეწვიოთ,
სიყვარულისა მითხარით,
ქვესკნელი რომ არ მეწიოს.



Thursday, July 16, 2020

შავშიც ვეძებდი თეთრს

შავშიც ვეძებდი თეთრს და ოქროსფერს,
ოცნების თვალით ვსერავდი ღამეს,
თავქვე მეფინა მწვანე ბალახი,
გულუბრყვილობით ვჭვეტდი მის სახეს.
ცაზე ვარსკვლავებს გადავითვლიდი,
მოწყვეტილ ვარსკვლავს ვატანდი სუნთქვას
და ჩავუთქვამდი ბავშვურ სურვილებს,
- აგისრულდება, - ბებიას უთქვამს.
მიწა კი, როგორც ყოველთვის, ბრუნავს,
თავზე გვახურავს ლურჯი ცის თაღი
და ვარსკვლავცვენაც რომ იყოს თუნდაც,
არ მომყოლია თურმე ღვთის მადლი.
თავქვე მეფინა მახსოვს ბალახი,
მოწყვეტილ ვარსკვლავს ვატანდი სუნთქვას,
ჩაიფიქრე და აგისრულდება,
იმედისათვის ბებიას უთქვამს.

Wednesday, July 15, 2020

სამ არეში (ერთსტროფიანი)

ღამეს შეერთო დღეს ჩემი ლანდი
და ვპოვე ვანი მე სამ არეში,
არა ვყოფილვარ მე დარდიმანდი,
მაინც ცხოვრებამ დამიგო ფანდი.

ღამეს შეერთო ჩემი ლანდი (ერთსტროფიანი)

ღამეს შეერთო დღეს ჩემი ლანდი
და ვპოვე ვანი მე სამ არეში,
არა ვყოფილვარ მე დარდიმანდი,
მაინც ცხოვრებამ დამიგო ფანდი.


Tuesday, July 14, 2020

დარდიანი მივყვებოდი (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

დარდიანი მივყვებოდი ქუჩებს ლურჯად ნისლიანს,
ანათებდა ნათურები, მე რომ არ ამინთია,
ციმციმებდნენ, მივამსგავსე ღამის ციცინათელებს,
უცებ გამოვიამინდე, აღარც წვიმა მასვეელებს.
მისამღერი:
აღარც წვიმა მასველებს და აღარც დარდი მახელებს,
სიყვარულის სხივებს ვესვრი ღამის ციცინათელებს.

პეპლის ფრთები შემოვისხი და იქიდან გავფრინდი,
ხელს არ მიშლის ღრუბლის ფთილა, აღარც ცუდი ამინდი,
სულში დარი დამდგარა და  ჩამომეხსნა დარდები,
ირგვლივ ხეთა ჩრდილი დარჩა და იმათი ლანდები.
მისამღერი:
აღარც წვიმა მასველებს და აღარც დარდი მახელებს,
სიყვარულის სხივებს ვესვრი ღამის ციცინათელებს.



მაინც ვცეკვავ, ვთამაშობ (სიმღერა)

რა ჯობია ყვავილებს,
ცქრიალებს და ლამაზებს,
მოლზე გადაფენილებს,
გულს რომ გაგილამაზებს.
სულში ზეცად შემოდის
პაწაწინა ღიღილო,
გვირილების ყანაში
თავთავივით ვღიმილობ.
ყაყაჩოო ლამაზო,
ნეტავ, შენ რას მთავაზობ,
ცეცხლისფერი ფურცლებით
ხან ბრაზობ და ხან ნაზობ.
მეც შენსავით ხასიათს
ვიცვლი, მზეებრ ვალმასობ,
დამრტიალებს ღრუბელი,
მაინც ვცეკვავ, ვთამაშობ.








Sunday, July 12, 2020

მარინა თექთუმანიძეს

ზღვა ხარ უძირო სიყვარულის, ჩემო მარინა,
რამდენ სითბოს და ტკივილს იტევს გული - ხაზინა,
გაჭირვებულთა საშველად ხომ მზად გაქვს ანკესი,
მეგობრებისთვის ხიდად დგახარ ხელში ტალ-კვესით,
ღმერთმა მოგმადლოს დიდი ხანი ვნებათ თარეშში.

Thursday, July 9, 2020

სიხარბე (ერთსტროფიანი)

გულის ჭიას ვიხარებთ,
ვერა ვძლიეთ სიხარბეს,
ვწონით ოქროს მისხალებს,
გულს მხოლოდ ეგ გვიხარებს.

Michel Godard LA BREDE, Bordeaux, France ფრანგი მხატვარი მიჩელ გოდარდი

About Michel Godard

Tuesday, July 7, 2020

სხვამ იოცნებოს (ერთსტროფიანი)

ხელში ჩამემსხვრა ბროლის ბოკალი,
ყველა ოცნება ჩემში მოვკალი,
ახლა კი ვცხოვრობ ორიოდ წამით,
სხვამ იოცნებოს პარიზზე აწი.

დარდიანი მივყვებოდი...

დარდიანი მივყვებოდი ქუჩებს ლურჯად ნისლიანს,
ანათებდა ნათურები, მე რომ არ ამინთია,
ციმციმებდნენ, მივამსგავსე ღამის ციცინათელებს,
უცებ გამოვიამინდე, აღარც წვიმა მასვეელებს.
პეპლის ფრთები შემოვისხი და იქიდან გავფრინდი,
ხელს არ მიშლის ღრუბლის ჩრდილი, აღარც ცუდი ამინდი.

        ---------------------------------
მივაკითხე ცაზე მზეს და საყვედური ვუთხარი,
ნუთუ, უნდა ამოარტყა საქართველოს ჩიტლაყი?!
იმან ნაზად გამიღიმა, თან გარკვევით ამიხსნა,
შენი ქვეყანის მინდორ-ველი იყიდება დახლიდან,
თუკი გონს არ მოეგებით, არ შეგრჩებათ ვენახი,
თქვენთვის აღარ იარსებებს არც გორი, არც სიღნაღი.

ჩამოსდის ცრემლი (ერთსტროფიანი)

ნაღვინარ ჭიქას ჩამოსდის ცრემლი,
ლამის ცხრა წყარომ ერთად იხუვლოს,
ისევ აღვდგები მიწიდან მერმისს,
მანამ მამალმა სამჯერ იყივლოს.

Monday, July 6, 2020

მწერების მოყვარული გოგონას ამბავი (საბავშვო ზღაპარი)

  მწერების მოყვარული გოგონას ამბავი (ზღაპარი)


  გოგონა მწერების დიდი მეგობარი იყო. პეპლებიც უყვარდა, ფუტკრებიც, კალიებიც, ჭრიჭინებიც, მაგრამ განაკუთრებით მოსწონდა  პატარა შავი მწერები, ხეშეშფრთიანები, არაფრით გამორჩეულნი, სახელიც კი არ იცოდა მათი. გამოვიდოდა საღამოს მინდორში სასეირნოდ, გამოედევნებოდნენ ისინი, დაასხდებოდნენ ხელებზე, თმებზე, უცაცუნებდნენ  თავიანთ პატარა ფრთებს, გოგონა მათაც ძალიან უყვარდათ, სულ უკან დაჰყვებოდნენ, კაბის შლეიფივით, მისი სურნელი იზიდავდათ, ალუბლის და ბლის მურაბების სუნით იყო გაჟღენთილი კაბები, რომლებსაც ის ატარებდა, მისი ბებია ხომ მურაბების დამზადების დიდოსტატი იყო, რომელი ხილიც შემოვიდოდა, იმ ხილის მურაბას ამზადებდა, ალუბალი დამწიფდებოდა, ალუბლის მურაბას ხარშავდა, ჟოლო - ჟოლოსას, კენკრა - კენკრისას, ქარს შორს მიჰქონდა მურაბების სურნელი, გარშემო აფრქვევდა, ყველა მწერმა იცოდა, რომელი ხილის მურაბა იხარშებოდა. სახლთან ახლოსაც მიფრინავდნენ ფუტკრები, ზოგი თავგანწირული ცხელ მურაბაშიც აღმოჩნდებოდა ხოლმე, აი, შავი ხოჭოები კი გოგონას ელოდებოდნენ, რომ სახლიდან წამოყოლილი არომატი ჩაესუნთქათ. ერთ დღესაც გოგონა არ მოვიდა, შეშფოთდნენ, რა მოუვიდაო, სახლისკენ გაფრინდნენ, იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, შუქიც არ ჩანდა სახლის ფანჯრებში. ეზოში მდგარ თეთრი  თუთის ხეს შემოეხვივნენ და ცაზე ახლადგამოსულ მთვარეს სთხოვეს დახმარება,  გოგონა და მისი ბებია გვაპოვნინე. იქნებ სახლში შეიჭყიტო, ნახო რა ხდებაო, მაგრამ ფანჯარაზე ფარდა დახვდა ჩამოფარებული მთვარეს და ოთახში ვერ შეაღწია.  მაშინ ზემოდან გადმოხედა შავ ულამაზო მწერებს და თავისი ნათელი უწილადა, თქვენ სცადეთ, ჩემი შუქით გზა გაინათეთ, თვითონ იპოვეთ გოგონა და მისი ბებიაო. მთვარის ნათელით შემოსილი მწერების გუნდი სახლისკენ დაიძრა, შეღებული ფანჯრის ღრიჭოდან  შეფრინდნენ  სახლში, ოთახებს მოედვნენ, ნახეს, გოგონა ლოგინში იწვა, სიცხიანი, ბოდავდა, ბებიას იქვე სკამზე ჩასძინებოდა. მიხვდნენ, პატარას შველა სჭირდებოდა, გამოფრინდნენ და სახლის გარშემო დაიწყეს ფრენა, სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებდნენ, ხან ზევით აიჭრებოდნენ, ხან ქვევით ჩამოფრინდებოდნენ, რომ სხვა სახლების მაცხოვრებლების ყურადღება მიეპყროთ. ასეც მოხდა, პატარა მანათობლების უცნაური ფრენა მართლაც შენიშნეს, სოფელი გარეთ გამოეფინა და ბებია-შვილიშვილის სახლისკენ დაიძრა. გოგონას უწამლეს, მალე დადგა ფეხზე, ხალხმა შავ მწერებს ციდან ჩამოსული ნათელი, ციცინათელა უწოდეს. მათ ხომ გოგონა გადაარჩინეს. მას მერე დაფრინავენ ციცინათელები და გზას უნათებენ უმთვარო ღამეში გარეთ დარჩენილ მგზავრებს, ხანდახან რომელიმე კეთილ გოგონას გამოედევნებიან ხოლმე და კაბის შლეიფივით მიყვებიან უკან, ზოგიც წინ უნათებს გზას, რომ ვინმემ სიბნელეში არ შეაშინოს.

რწმენის სანთელი (მოთხრობა)

  ღრუბლებიდან მზე იჭყიტებოდა და თითქოს თვალს უკრავდა, ქალიც დაჟინებით შესცქეროდა ცას, იქიდან ელოდა შველას, ღმერთს სთხოვდა დახმარებას, ყველაფრის და ყველას იმედი დაეკარგა, ერთადერთი შვილი ჰყავდა, ისიც ავად გაუხდა, საავადმყოფოში ეწვინა, ნუთუ, ეს არისო ღვთის სამართალი, ღმერთის არსებობაშიც ეჭვი შეეპარა, მაინც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებოდა. მუქი ღრუბლების მიღმა სინათლის სხივი კიაფობდა, იმას მიენდო, იმას ჩაებღაუჭა თვალებით, გულითაც და სულითაც. მზე ნიშანს მაძლევსო, ძალა მოიკრიბა, არ მოკვდება ჩემი შვილიო და საავადმყოფოსკენ გასწია. პალატაში შესულს მზის სხივიც შეჰყოლოდა, შვილის სახეს დასთამაშებდა, ახალგაზრდა კაცს ეძინა, ნეტარების ღიმილი ისახებოდა მის სახეზე. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდესო ეს, ფიქრობდა ქალი, გაუნელებელი ტკივილებით იტანჯებოდა აქამდე შვილი. ქალმა ამოაწყო პროდუქტები ჩანთიდან, რისი ჭამაც შეიძლებოდა ავადმყოფისთვის, ჩუმად მოძრაობდა, არ გავაღვიძო, ძლივს დაუძინია ბედნიერადო. იქვე სკამზე ჩამოჯდა და მიყუჩდა, მასაც ჩაეძინა, სიზმარი ნახა, ანგელოზები დასტრიალებდნენ მის შვილს თავს, რიგ-რიგობით მიჰქონდათ მის პირთან წყალი და ასმევდნენ, თითქოს მზეში ამოვლებულიყო მთელი სამყარო, კოვზებიც ოქროსფერი იყო, იქიდან გადმოღვრილი წყალიც, ხუჭუჭა ოქროსფერთმიანი ანგელოზები დიდხანს დარჩნენ ავადმყოფთან, მზით ავსებულიყო ფანჯრები, ოთახი, მზით გაჯერებულიყო ავადმყოფის ტანიც. გაეღვიძა, შვილს შეხედა, მიტკალივით თეთრი იწვა, იღიმებოდა, დაგძინებიაო, დედას უთხრა, დედამაც გაუღიმა, - ახლა მივხვდი, რა უნდა გავაკეთოო, -  წამოიძახა, სკამიდან წამოდგა და პალატიდან გავიდა. მეორე დღეს შვილი საავადმყოფოდან წაიყვანა, რა თქმა უნდა, ხელწერილით, არწმუნებდნენ, მოვარჩენთო, არავის დაუჯერა. ერთი კვირის მერე ზღვაზე წაიყვანა, ამომავალი მზის სხივებისქვეშ იწვა კაცი, ოქროსფერი შუქი ეღვრებოდა სახეზე, მოიმატა შუქმა, მთელი ტანი დაფარა სხივებმა, ქალს მოეჩვენა ანგელოზები დაფრინავდნენ მის გარშემო და შვილს უკვდავების წყალს აწოდებდნენ ოქროსფერი კოვზებით, რამდენიმე თვე დაჰყვეს ზღვაზე, კაცს ნელ-ნელა ტკივილები შეუმცირდა, მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. დედა-შვილმა დიდი ქონება შესწირა ეკლესიას გლახაკების დასახმარებლად, მას მერე მათ სახლში  არასოდეს ჩამქრალა რწმენის სანთელი.

Sunday, July 5, 2020

მოგონებებიდან

 სინანულით სავსე მივაბიჯებდი და ვფიქრობდი, რატომ არ დავეხმარე-მეთქი იმ მათხოვარს, ქუჩის კუთხეში რომ იდგა, თავდახრილი, ვერავის სახეში ვერ უყურებდა, ეტყობა, რცხვენოდა, ხელი რომ გაეშვირა სამათხოვროდ, ეგება, რა უჭირს, ვაგრძელებდი მსჯელობას, არ ჰგავდა უშრომელ ადამიანს, ხელები შრომისგან დაკოჟრილი ჰქონდა. მეორე დღეს იმავე ადგილას დამხვდა ის კაცი, კიდევ უფრო მოკუნტულ-დაპატარავებული, მარტო ხელი ჩანდა, ბებერებით დაფარული, ალბათ, ბარს და თოხს თუ ურტყამს სოფელში, გავიფიქრე, მივუახლოვდი, - სადაური ხარ და რა გაჭირვება გადგას, - ვკითხე, ცრემლჩამდგარი თვალებით შემომხედა, - ცოლი მიკვდება, წამლისთვის ვაგროვებო ფულს, - გული ჩამეთუთქა, ათი ლარი მოვქექე საფულეში, მივეცი, ეს რას გეყოფა-მეთქი, გაუხარდა, უცნაურად გაიღიმა, კმაყოფილმა და ნამზეური სახიდან ფირუზისფერი თვალები შემომანათა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი სულის, რატომა ვართ ასეთი დაბეჩავებული ქართველები, რომ სოფლის მშრომელ კაცს არ შეუძლია ცოლს უმკურნალოს ისე, რომ სხვას არ სთხოვოს ფული? რა უბედურება გვჭირს, რატომ გაგვიწყრა ასე ღმერთი? ვეკითხებოდი ჩემს თავს და დაღმართზე დიდი სისწრაფით მივექანებოდი...

Saturday, July 4, 2020

მოგონებებიდან

ამას წინათ ბორჯომის ვაგზალზე რომ ბაზარია, იქ ვიყავი და ასეთ ინციდენტს გადავაწყდი: ორმოციოდე წლის კაცს ხანშიშესულმა ქალბატონმა ხურდა ფული სთხოვა, იმან გაბრაზებულმა დაუყარა დახლზე, ლამის სახეში ესროლა, თან ეჩხუბებოდა, რა გამიწყალეთ გული, სულ ფულს როგორა მთხოვთ, თქვენი გულისთვის დავრჩი უცოლშვილო, ვერაფერს ვეწიე, თქვე არაფრისმაქნისებო, სხვა მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ, შვილებს ეხმარებიან, თქვენ აქეთ მაწევხართ კისერზე, სული ამომიღეთო. ხანშიშესული ქალი დარცხვენით იყურებოდა აქეთ-იქით, არ უნდოდა, ვინმეს ჩხუბი გაეგო. შვილს ხმას არ სცემდა, მივხვდი, უკვე მიჩვეულიც იყო მის აყალ-მაყალსა და საყვედურებს. კაცი როცა წავიდა, ქალბატონმა თავშლის კუთხეთი მოიწმინდა ცრემლი და ჩუმად მითხრა, თითქოს ჩემ წინ თავს იმართლებდა. ოცი წელია აქ, ბაზარში, ვმუშაობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი პურის ფული ყოველთვის გვაქვს, მაინც გვერჩის მშობლებს, ჩვენ გვაბრალებს ყოველგვარ გაჭირვებასო. ის ახალგაზრა კაციც შემეცოდა, ცხოვრება ვერ მოიწყო, ოჯახი ვერ შექმნა, ჩამოსულები იყვნენ, სავარაუდოდ, სადღაც ნაქირავებში ცხოვრობდნენ, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, გამონაკლისების გარდა, ბინა თვითონ შეიძინონ, ბევრის მშობელი საზღვარგარეთ მიდის, რომ შვილებს უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება შეუქმნას, ბინა, აგარაკი, მანქანა. ვისაც ეს არ შეუძლია, იმათ რა ქნან? ნუთუ ისინი ცუდი მშობლები არიან და საყვედურის ღირსნი?

Friday, July 3, 2020

მოგონებებიდან (2020, 2 ივლისი)

  დღეს დეზერტირების ბაზარში ვიყავი, ტყემალს ვყიდულობდი, მოხუცი ქალი მომიახლოვდა მწვანე წიწაკებით ხელში, ხუთ-ხუთი ცალი აეცვა ძაფზე, ლარად ყიდიდა, ბებრული ღიმილით შემომაძლია საქონელი, ტყემალზე დაგჭირდებაო, ვკითხე, რამდენი წლის ბრძანდებით-მეთქი, 90 წლისაო, არც დავფიქრებულვარ, ვიყიდე ერთი აცმა, თუმცა თათრის ქალებისგან იმავე ფასად ორჯერ-სამჯერ მეტს ვიყიდიდი, ერთი მხრივ, გამეხარდა, რომ ამ ქალბატონს ამდენი ჯანი შერჩენია, ხალხი იტრიალოს, ივაჭროს, დააინტერესოს ადამიანები, მეორეს მხრივ, რამდენად უჭირს, რომ სახლი მიუტოვებია და გარეთ გამოსულა ლუკმა-პურის საშოვნელად. სულ ვფიქრობ, რით არ გვეღირსება ქართველებს ნორმალური ცხოვრება და როდემდე გაგრძელდება ეს ყოველივე?

Wednesday, July 1, 2020

მოგონებებიდან (2020 წელი, მაისი)

  ხელების ცაცხცახით მივადექი სამკერვალოს, ძმის კოსტუმი გამიფუჭდა, მისი საყვარელი, საკიდზე ჩამოკიდებული ცოტა ძლიერად მოვქაჩე და საყელო დაზიანდა, არ მინდოდა ენახა და ენერვიულა, ეს ერთი ცალი ჰქონდა, ლამის მუხლისჩოქით და ტირილით ვთხოვე მკერავს, გამიკეთეთ, რამდენსაც მეტყვით, გადაგიხდით-მეთქი, ნაცნობი ქალბატონი იყო, ადრეც მიმიტანია მასთან საკერავი, დაიტოვა, შაბათ-კვირას გამოიარეო. მივედი, ვაიმე, არ მეცალა, მაგის გაკეთებას ბევრი დრო უნდა, ვერ გამოვნახე, რამდენიმე დღეში მოდიო, ჩემს ძმას ვუთარი, ქიმწმენდაში წავიღე შენი კოსტუმი-მეთქი, გავიდა რამდენიმე დღე, შევდივარ სამკერვალოში, მკერავი ზედ არ მიყურებს, თავის საქმეს განაგრძობს, რაღაც ნაჭერს უკირკიტებს, არ მეცალაო, მიგდებს სიტყვას, ძაღლს რომ პურის ნაჭერს გადაუგდებენ,, მთელი დღე უნდა დავუთმო მაგას, მაგდენი რა ფული უნდა მომცეო, არა და ის პერიოდია, შეზღუდვებია ამ კორონა ვირუსის გამო, ჯერ სამკერვალოები არ ამუშავებულა, ტანსაცმლის მაღაზიებიც არ მუშაობს, რომ ახალი ვიყიდო.სხვა მკერავს წაუღე, იქნებ სხვამ გაგიკეთოს, ორშაბათიდან ამუშავდება ყველაფერიო. გავოგნდი, ამასობაში იქ სიარულში ორი კვირა გავიდა, იქვე მსხდარ სხვა მკერავებს გადავხედე მუდარის თვალებით, გვერდზე გაიხედეს, გაოცებული დავრჩი მათი ასეთი საქციელით, სხვისი გაჭირვებისადმი ასეთი გულგრილობით, მადლობა გადავუხადე ასეთი "გულისხმიერებისათვის", გაბრაზებულმა დავტაცე კოსტუმს ხელი და წამოვიღე. მეორე დღეს დავადექი წერეთელს, სხვაგანაც სადმე იქნებ ამუშავდა-მეთქი რამე, ისინი სამტრედიის და წერეთლის ქუჩების კვეთაში რომ პოლიციის შენობაა, იქ სხედან, ვიარე დინამოს სტადიონის მხარეს, არაფერი შემხვდა, ეკლესიის წინ რომ "ბიბლუსის" მაღაზიაა, იქ ვიკითხე, სამკერვალო ხომ არ არის სადმე ახლოს, მეორე სართულზე მიმასწავლეს, შევედი, დაღლილი ჩავესვენე სავარძელში, რომელიც მისაღებში იდგა. ორი ქალბატონი იყო კერვით დასაქმებული, ჩანდა, ქართველები არ იყვნენ, ერთმა ჩამომართვა კოსტუმი, ორ დღეში გამოიარეთო, ნიღბებქვეშ სახეებს ვერ ვხედავდი,მაგრამ იმ რუსი ქალბატონის თვალები ძალიან მომეწონა. მივედი, არ მინდოდა იმედები აქაც გამცრუებოდა.კოსტუმის საყელო მთლიანად შეეცვალა, კარგად გაეკეთებინა, არც ველოდი, ახალივით იყო, ასი მადლობა გადავუხადე, არც უწუწუნია, არც საყვედური უთქვამს, ეს რა მოიტანეო. და არა მგონი, იმ თავდაფასებულ მკერავებზე ნაკლები საქმე ჰქონოდა. ზოგჯერ მადლიანი ადამიანებიც შემოგეყრება ხოლმე ცხოვრების გზაზე. გახარებული დავბრუნდი შინ.

მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ

მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ,
დე, დავენარცხო ამ მიწას ფრთებით,
რომლებსაც ზევით მივყავდი მარტო,
მასზე ფიქრით და ოცნებით ჩემით,
მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ,
მეგებებოდა ზეფირი ლურჯი,
დამასამარა თითქოსდა აწმყომ, 
წარსულზე დარდმა მომტეხა ფრთები.
მიყვარს, წაგებას არა და არ ვცნობ,
ტილო მოვხატე ნაზი და ჭრელი,
იქაც ის არის, მკრა ვინც ისარი,
და ის არავის არა ჰგავს ფერით.