Tuesday, April 28, 2020

თქვენთვის მომირთმევია

ისევ მელის, ისევ მელის
მოშრიალე ჭადრები,
სუნთქავს, ფეთქავს ლურჯი ჭალა,
საამურად სასმენი.
მოჟღურტულე ჩიტუნები
ერთურთს ეჯიბრებიან,
განა მე ვარ მარტო ტყეში,
ირემი  და შველია,
მინდა "ლილე" შემოვძახო,
მადლი ვუძღვნა ცას, მიწას,
სადაც ქვეყნის დიდ წმინდანთა
ხის აკვნები დაირწა,
უხარიათ, ალბათ, დევებს 
ტყეში ჩემი წანწალი,
მიყვარს მისი ანდამატი, 
ყველა მისი ნათალი,
ისევ მელის, ისევ მელის 
მე სამშობლოს ველები,
ყაყაჩოთა ალისფერი,
ზღვათა ლურჯი ტევრები,
ამოვკრიფავ ზურმუხტ-ლალებს,
მინდორში რომ ფენია,
სიყვარულის გვირგვინს დავწნავ,
თქვენთვის მომირთმევია.




Friday, April 24, 2020

ყველა წერს და ყველა ხატავს

ყველა წერს და ყველა ხატავს,
ხალხს აშლია საღერღელი,
არვინ ხნავს და არვინ თესავს,
დარჩა უქმად ეს ბეღელი?!

უგემოვნების "პარადია"

უგემოვნების "პარადია",
უსაშველო და მარადია,
ამდენ წინ დაფენილ ბაირაღში
აღარ ჩანს ნამდვილი, ფაისაღი.

Wednesday, April 22, 2020

გვიყვარდეს ერთმანეთი (ჩანახატი)

 ბევრს ვლაპარაკობთ სიკვდილზე ამ ბოლო დროს, გაფაციცებით ვადევნებთ თვალყურს იმ ტრაგიკული მოვლენების სერიას, რაც ჩვენ გარშემო ვითარდება კორონა ვირუსთან დაკავშირებით,  ყოველთვის გვგონია, რომ სიკვდილი ჩვენ არ შეგვეხება, ის სადღაც შორსაა, მახსოვს, ერთხელ ექიმმა ექოსკოპისტმა, რომელთანაც ყოველწლიურ სამედიცინო კვლევას ვიტარებდი,  მითხრა, ადამიანები არასოდეს ფიქრობენ იმაზე, რომ მათ რაიმე ავადმყოფობა გაუჩნდებათ, ჰგონიათ, რომ მარტო სხვები ავადდებიან. ყველა ჩვენგანი უნდა აცნობიერებდეს, რომ ადამიანის საციცოცხლო ძალები არ არის ამოუწურავი, ამ მარაგს მუდმივად შევსება სჭირდება მკურნალობით, სუფთა ჰაერით, პოზიტივით, სასიამოვნო საქმის კეთებით, თბილი სიტყვით, ნუ დავიშურებთ მას სხვა ადამიანებისთვის, შეიძლება ერთმა ასეთმა სიტყვამ ადამიანს რამდენიმე წლის სიცოცხლეც კი აჩუქოს, ნუ შევშინდებით, ნუ დავიზაფრებით, გონივრული პასუხიმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ყველა სხვა ადამიანის სიცოცხლეს. რასაც გარეთ ვხედავ დღეს, კმაყოფილიც ვარ ნაწილობრივ, ჩვენ, ქართველები, თითქოს გავიზარდეთ, დავვაჟკაცდით ვირუსთან ბრძოლის საქმეში, ვიცავთ სოციალურ დისტანციას, ვდგავართ რიგებში, არავინ გარბის წინ, ბოდიშებით ველაპარაკებით ერთმანეთს, ვხვდებით, რომ ჩვენ ერთი უწყვეტი ჯაჭვი ვართ და თითოეული ჩვენგანის გამოკლება, ჯაჭვის გაწყვეტა, არაფერ სასიკეთოს არ მოგვიტანს, ფიზიკურად გავნადგურდებით. მომავალი ჩვენ ხელშია, გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩემო მეგობრებო!

Monday, April 20, 2020

შენ და მე, მე და შენ (სიმღერა)

შენ და მე, მე და შენ,
ერთად შევსვათ ზედაშე,
იქნებ, ღმერთმა გაგვიგოს
და მზის კოშკი აგვიგოს,
გვეყოლება ბალღები,
თეთრები, ლამაზები,
ერთურთს ხელებს ჩავჭიდებთ,
ვირბენთ ზღვების ნაპირზე.
მოვა თეთრი ხომალდი,
ცაა ჩვენი ქომაგი,
მზისფერ სარძლოს მოგვიყვანს
არც თუ ისე შორიდან.
გავმრავლდებით მიწაზე,
მოვფენთ იის სინაზეს,
მერე ერთად მე და შენ
ღვთისთვის შევსვათ ზედაშე.







თოვლია გულში

თოვლია გულში, თუ სითეთრე ჩამდგარა მთვარის,
სისხლის მაგივრად ფიქრები და ნაღველი მოაქვს,
ბალახის ღეროს, თითო ყვავილს ჩემს გულში ვეძებ,
ოდეს ყვაოდა ბავშვობაში მზესავით ობლად.
ახლა კი ვხედავ, სასთუმალთან დამჯდარა ღამე,
ნეტავ, თოვლია, თეთრად რომ ჩანს მინდორთა ზედა,
იქნებ ქაფია, ჟინმორეულ ცხენთა ლაშების,
სამართალი რომ აღადგინონ მხედრებმა ქვეყნად.


სადღაც შორიდან

სადღაც შორიდან ან სადღაც ახლოს
მგლების ყმუილი მოაგნებს ახორს,
ამოერთმევა შიშისგან სული
ცხენს, ვის დავკიდებ მერეღა ხურჯინს?!

ბრმა ტყვია (ბავშვობის მოგონებებიდან)

  როცა გავიგე, ვიღაცამ ისროლა და შემთხვევით აივანზე მჯდარი ადამიანი მოკლაო, ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა გამახსენდა. მაშინ პატარები ვიყავით, დედა სამზარეულოში საქმიანობდა, მე დიდ ოთახში, "ზალას" რომ ეძახიან, იქ ვიჯექი და ვმეცადინეობდი. სამზარეულოდან ჩემი ძმა მიშა გამოვიდა ხტუნვა-ხტუნვით,  მხიარულად ჭამდა პეჩენიას, შუა ზალაში რომ იყო, მინის წკრიალი გავიგონე, მოულოდნელად ჩემი ძმა წაიქცა, დავინახე კისერიდან შადრევანივით ამოასხა სისხლმა, ავყვირდი, დედა გამოვარდა სამზარეულოდან, ეცა ბავშვს, ხელს აჭერდა ადგილს, საიდანაც სისხლი ასხამდა, მითხრა ქვევით ჩავსულიყავი და ექიმებისთვის დამეძახა, ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე პოლიკლინიკა იყო, ჩვენდა საბედნიეროდ. ექიმები მაშინვე მოცვივდნენ, თან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მიშას ოპერაცია ჩაუტარდა, აღმოჩნდა, კისერში "გეკოს" ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რომელიც აივნიდან შემოფრინდა სახლში. ქირურგები ცდილობდნენ, ისე ამოეღოთ ტყვია, რომ ბავშვს კისრის კუნთი არ დაზიანებოდა, გადაწყვიტეს, ყელიდან ჩასულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც ორად გაყოფილი ტყვია იყო გაჩერებული, 7 საათი თუ მეტიც გრძელდებოდა ოპერაცია მძიმე ნარკოზის ქვეშ, მოგეხსენებათ, მაშინ მისი ხარისხი ძალიან დაბალი იყო და შედეგებსაც არასასურველს ტოვებდა, განსაკუთრებით ცუდად მოქმედებდა მეხსიერებაზე. როგორც იქნა, ექიმებმა ტყვიის ერთი ნახევარი ამოიღეს, მეორე დარჩა კუნთში, ასე არჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყვია მომწამვლელი იყო, კისრის პარალიზებას მოერიდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ექიმებს, რომლებმაც მაშინ ჩემი ძმა გადაარჩინეს,  ტყვიამ, პირველ რიგში, არტერია დააზიანა. ახლაც საშინელ კოშმარად მახსენდება ის დღე, როგორ იწვა ბავშვი და სისხლი შადრევანივით ასხამდა კისრიდან.
     ჩვენი კორპუსის წინ, საკმაოდ მოშორებით, გორა იდგა, იქ ახალგაზრდა ბიჭები ერთობოდნენ თურმე იარაღით, ერთ-ერთმა სწორედ ჩვენი სახლისკენ ისროლა, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით. დარწმუნებული ვარ, აზრადაც არ მოსვლია, რომ ტყვია ჩვენამდე მოაღწევდა, მაგრამ ასე სცოდნია იარაღს, მასთან დიდი სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა საჭირო, არაერთი ადამიანი უმსხვერპლია ბრმა ტყვიას. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი უბედური შემთხვევებისაგან, მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს.

Sunday, April 19, 2020

მე სიხარულის არ მაქვს მიზეზი (ერთსტროფიანი)

მე სიხარულის არ მაქვს მიზეზი
და მხოლოდ ღმერთი პოულობს მიზეზს,
რომ იბრიალოს მთელმა სამყარომ
ფერად პეპლებად სულსა და გულში.

მიზეზი (ერთსტროფიანი)

მე სიხარულის არ მაქვს მიზეზი
და მხოლოდ ღმერთი პოულობს მიზეზს,
რომ იბრიალოს მთელმა სამყარომ
ფერად პეპლებად სულსა და გულში.

სიტყვა (ერთსტროფიანი)

თითქოს ყველაფერი ითქვა,
მაინც დავამატებ სიტყვას, -
არ ვემსგავსოთ თაგვს ან ვირთხას,-
ყველაფერი სახლში მიაქვს.

ნეტავ, ვისა აქვს იმისი ნიჭი?! (ერთსტროფიანი)

იწვება ოდით ეს მიწა სისხლით,
ჩვენთა, ცოდვილთა, ცოდვებით იწვის.
ნეტავ, ვისა აქვს იმისი ნიჭი,
ჯვარზე გაკრულთან შეიკრას ფიცით,
გაითავისოს ცრემლები მისი.

Monday, April 13, 2020

ეს გაზაფხული ისე ჩაივლის (ერთსტროფიანი)

ეს გაზაფხული ისე ჩაივლის,
ვერ გავკვირდები ატმის კვირტებით,
ისევ დაიდგამს გვირგვინს დიდების
იასამანი, როგორც მპირდები,
მაგრამ მივწვდები მხოლოდ ფიქრებით.

ქრისტე ღმერთო! (ერთსტროფიანი)

სასიკეთო სურვილით
ამავსე და მაფრინე
ზევით, ქრისტე ღმერთო,
დავარიგებ ნატვრის თვლებს,
სიყვარულის ბარათებს,
სუყველას რომ ერგოს.

Sunday, April 12, 2020

სადღა არა ვყოფილვარ (ერთსტროფიანი)

სადღა არა ვყოფილვარ,
სადღა არ მიქროლია
ჩემი თეთრი რაშით,
ოღონდ არსად მინახავს
და არც გამიგონია
(ზღაპარში თუ სახავენ),
საქართველოს მსგავსი.

Sunday, April 5, 2020

,,ჩვენ,ადამიანები, რომლებიც დავიბადეთ 1945-1985 წლებს შორის, ვართ დალოცვილნი” (ფეისბუქიდან)

,,შვილმა ერთხელ ჰკითხა თავის მამას: „როგორ ცხოვრობდით ადრე ტექნოლოგიებთან წვდომის გარეშე:
ინტერნეტის გარეშე,
კომპიუტერების გარეშე,
ტელევიზორების გარეშე,
კონდიციონერების გარეშე,
მობილური ტელეფონების გარეშე?“
მამამ უპასუხა:
„ზუსტად ისე, როგორც დღეს თქვენი თაობა ცხოვრობს;
ლოცვის გარეშე,
თანაგრძნობის გარეშე,
ღირსების გარეშე,
პატივისცემის გარეშე,
სირცხვილის გრძნობის გარეშე,
თავმდაბლობის გარეშე,
წიგნის კითხვის გარეშე…
ჩვენ – ადამიანები რომლებიც დავიბადეთ 1945-1985 წლებს შორის, ვართ დალოცვილნი.
ჩვენი ცხოვრება – ამისი ცოცხალი მაგალითია:
თამაშის და ველოსიპედზე ჯდომის დროს, ჩვენ არ ვატარებდით ჩაფხუტებს. ჩვენ არ გვეშინოდა მარტო გვევლო სკოლაში სწავლის პირველივე დღიდან.
სკოლის შემდეგ ჩვენ მზის ჩასვლამდე ვთამაშობდით.
ჩვენ არასოდეს ვუყურებდით ტელევიზორს შუადღემდე.
ჩვენ ვთამაშობდით ნამდვილ მეგობრებთან და არა ვირტუალურ მეგობრებთან ინტერნეტიდან.
თუკი ჩვენ მოგვწყურდებოდა, ჩვენ ვსვამდით ონკანის წყალს და არა ბოთლის წყალს.
ჩვენ ცოტას ვავადმყოფობდით, თუმცა ადრე ოთხ მეგობართან ერთად ვიყოფდით ერთ ჭიქა წვენს. ჩვენი მშობლები გვკურნავდნენ სამამულო წარმოების კაპიკებიანი საშუალებებით ან ხალხური მედიცინის დახმარებით.
ჩვენ არასდროს ვიმატებდით წონაში, თუმცა ვჭამდით ბევრ პურს და კარტოფილს ყოველდღე.
ჩვენ მივეჩვიეთ შეგვექმნა ჩვენი სათამაშოები და მათით გვეთამაშა.
ჩვენ ვუწილადებდით ერთმანეთს სათამაშოებს და წიგნებს. სკოლის სახელმძღვანელოებს უფროსკლასელები უსასყიდლოდ გვაძლევდნენ და ერთი წლის მერე ასევე უსასყიდლოდ ვჩუქნიდით ჩვენს მომდევნო თაობას და ამით ცოდნის დონე არანაირად არ იკლებდა.
ჩვენი მშობლები არ იყვნენ მდიდრები. ისინი გვჩუქნიდნენ სიყვარულს, გვასწავლეს დაგვეფასებინა სულიერი, და არა მატერიალური, მოგვცეს ნამდვილი ადამიანური ფასეულობების – პატიოსნების, ერთგულების, პატივისცემის, შრომისმოყვარეობის გაგება.
ჩვენ არასოდეს გვქონია: მობილური ტელეფონი, დივიდი, ფლეისტეიშენი, იქსბოქსი, ვიდეოთამაშები, პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტ-ჩათი.
სამაგიეროდ ჩვენ გვყავდნენ ნამდვილი მეგობრები!
ჩვენ მივდიოდით სტუმრად მეგობართან დაუპატიჟებლად, ჩვენ გვიმასპინძლდებოდნენ უბრალო, მოკრძალებული საჭმლით.
ჩვენი მოგონებები შავ-თეთრ ფოტოებზე იყო აღბეჭდილი, მაგრამ ისინი მაინც ნათელი და ფერადი იყო, ჩვენ სიამოვნებით ვფურცლავდით ოჯახურ ფოტოალბომებს და კრძალვით ვინახავდით ჩვენი წინაპრების პორტრეტებს.
ჩვენ არ ვყრიდით ნაგავში წიგნებს, არამედ რიგებში ვიდექით მათ შესაძენად და შემდეგ ხარბად, გაუჩერებლად ვკითხულობდით.
ჩვენ არ გამოგვქონდა ჩვენი ცხოვრება უცხოების განხილვაზე და არ განვიხილავდით ისეთი კმაყოფილებით სხვების ცხოვრებას, როგორითაც ამას თქვენ აკეთებთ – გამოფინოთ საკუთარი ცხოვრება საჩვენებლად ინსტაგრამზე, განიხილოთ სახალხოდ მას-მედია-სივრცეში საკუთარი ოჯახური საიდუმლოებები.
ჩვენ – უნიკალური და ყველაზე მეტად გამგები თაობა ვართ, რადგან:
ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელიც მშობლებს უსმენდა და უჯერებდა, ამას გარდა, ჩვენ ვართ პირველნი, რომლებსაც საკუთარი შვილებისთვის უნდა მოგვესმინა და დაგვეჯერებინა.
და ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ თქვენზე გონიერია და გეხმარებათ თქვენ.
ჩვენ შეზღუდული გამოცემა ვართ.
დატკბით ჩვენით!
ისწავლეთ ჩვენგან!
დაგვაფასეთ ჩვენ!
მანამდე, ვიდრე გავქრებით…“
ნონა მამრიკიშვილის ფეისბუქ-გვერდიდან

ჩვენ მარტოობის ნისლიდან მოვალთ...

ჩვენ მარტოობის ნისლიდან მოვალთ
და მარტოობის ნისლში ვბრუნდებით,
შემოდის სულში შიშველი ქუჩა
წვიმის და თოვლის ნაფეხურებით.
დაგვფარავს ნათლით მჭვირვალი ზეცა,
ცხოვრებას ვეტყვით "არას" ჟანგიანს,
გაგყვება მაღლა შრიალი ხეთა,
ღმერთთან შეხვედრის სასო პაწია.

პირფერობა ყვავილობდა (ერთსტროფიანი)

პირფერობა ყვავილობდა
ხოტბად, არა პამფლეტებად,
ყვავს პირველი ვინ შეაქებს,
არ იცავდნენ პარიტეტსაც,
ბულბული კი ვარდის ბუჩქზე
იჯდა, ხმასაც არ იღებდა.

მე ხომ ჭიამაია ვარ! (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

ნუ დამტოვებ უიმედოდ,
მომანათე სხივი, მზეო,
მე ხომ ჭიამაია ვარ,
სიყვარულით გული ზეობს
სანთლად ანთებული ვივლი,
სადაც კაცის გული მზეობს,
ცხრა ზღვას, ცხრა მთას გადავივლი,
დაგინახო, ჩემო მზეო!
მე ხომ ჭიამაია ვარ,
სიყვარულით გული ზეობს.

მოდის სიყვარული...

მოდის სიყვარული


ფიცის კასკადებით, გრძნობის აფეთქებით,
მოდის სიყვარული თავის აფექტებით,
ცრემლით, სიხარულით, ჯერაც  არნახული,
ჯერ არგაგონილი, მოდის ჭირნახული,
ზოგჯერ აგონიით, ზოგჯერ შეგონებით,
ხანაც სისულელით, ხანაც შთაგონებით,
ხან კი მოცინარი, ხან კი სევდიანი,
მოდის სიყვარული ნაზი, პირმცინარი.

Saturday, April 4, 2020

ავტ. მაია მარუაშვილი " პანფლეტი სულის ფინანსებს სული?!"

სული თუ აგწაპნეს, ბატონო?! არის წამიერი სევდა, არის წამიერი ფიქრი, როცა ყველაფერი ცვდება... ტვირთი და მხოლოდ ტვირთი, ცხოვრება დევიზით-მოჰიკანებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! კვლავ და კვლავ დავეძებ. ვკითხულობ ძველ ამბებს, გული საათივით რეკს; ვერა, ვეღარ უძლებს ტვინი ამდენ შეთითხნილ სვეს; ღმერთი მოიჩრდილავს მარჯვენს, ქუჩაში კი ვიღაც სტვენს; მინორი, მაჟორი, ზესვლა და ქვევარდნა, ერთი და იგივე დღე... აფრინე ალალი, რაც არი, არც არი... ცრემლია დღეს ჩვენი უენო წამალი; ვგრძნობ, ისევ ვიშვები მიწაზე ამბოხად, ცხოვრებამ წაგვართვა ფრთები და ვიქეცით ბატონად; ისევ ცრუ ტაროსი, ბედი თუ სვე-ბედი, ყოფნა და არყოფნის მტირალა სონეტი; დღეს შავი მანტია, ხვალ თეთრი სამოსი, ჯახირი, ჩალიჩი, ბრძოლა და ამბოხი, მიდის ეს დინება ვაით და ამბორით-იუდას ამბორით... თქვენ ალბათ მაჟორში იქნებით, ბატონო, ან იქნებ მინორში?! გიწყდებათ ცხოვრების ეს ავან-ჩავანიც და ასე გრძელდება ეს ვითომ ზღაპარი... გზა და კვლავ სავალი; მოპარული თილისმანი სადღაც ქუჩის ბოლოში, თეთრი სხივი, ვითომ სხივი, სხვა რა ფერი, რა საფერი, სხვა ალერსი, სხვა რა ხელი, სხვა რა გული, გზაა კრული. რას ველით?! რა მოგდით?! რა მოგდით?! ვეძებთ და ვერ ვპოვებთ; გთხოვთ, წამით მიმიღოთ, მიმიღოთ ისეთი, როგორიც დღესა ვარ; მისმენთ-თუმც არ იცით საიდან გეძახით; ექო და ქუხილი დღესაა, ესაა... თქვენ რომ იცოდეთ, ეს რა ცოდვა ჩაიდინეს ადამ და ევამ, აღარასოდეს, აღარასოდეს დაივიწყებდით სამოთხის კარებს და აქ კი არა დედამიწაზე, იქ, საუკუნო სასუფეველში ეძიებდით სულის განსასვენს; ექო მიწყდა და ხმა გაიხშირა; გაოცდით გატყობთ... მე კი კვლავ დღესა ვარ, ისევ ის სიმღერა და სულის კარმა, მხოლოდ ხორცის საყასბო, აზრი კი სალაყბო, ვაშლი ადამ და ევასი; რა ვქნათ?! სულია არშინი?! სულიც თუ აგწაპნეს, ბატონო?! ყიამყრალ მევახშეს ვუზომავთ არშინით ხორცის სამეტროო თავანს, ვისტუმრებთ ხალისით; ვისტუმრებთ ჩალიჩით მას, რაც გირაოთი დაგვაქვს; სული?! სული თუ აგწაპნეს, ბატონო?! მიწაზე ხელის ჭუჭყი ბატონობს. ჩვენც ვსწავლობთ ყოველ დღე ფინანსურ საკითხებს და მერე ვპატრონობთ ან იქნებ ვბატონობთ... ამაოდ... დაგვაქვს მძიმე მხრებით ოცნებაც ამაო და ისევ ერთი დღე მეორედ მთავრდება, არადა სადაო, საიდან სადაო, ცხოვრება დღითი-დღე გვიხდება სადაო; სული?! სული ვერ აგვწაპნეს, ბატონო! ! !

Friday, April 3, 2020

სალომე (საბავშვო მოთხრობა)

                   სალომე

   დილით სკოლაში წასვლის წინ დედამ სალომეს ვარდისფერი ბაფთები ჩაუმაგრა თმაში. კლასში ყველაზე ლამაზი ვიქნებიო,  გაიფიქრა გოგონამ, სარკის წინ მიტრიალდ-მოტრიალდა, მერე ზურგჩანთა მოიკიდა და სკოლის გზას დაადგა. აკაციის ხეები შემოხვდა გზაზე, თეთრი ყვავილებით დაპენტილი. ესიამოვნა მათი სუნი, ხელი დაუქნია პატარა ხეებს, რომელთა კენწეროებსაც თვალით მისწვდა, თავისი ჭკუით მიესალმა. ფოთლებში გამომავალ მზის სხივებს გაუღიმა. მიაფრიალებს აბრეშუმის კაბას, მიაშრიალებს ტაფტის ოქროსფერ მოსაცმელს და თავი დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ჰგონია. ლადოს დღეს უბრალო ფანქარი უნდა აჩუქოს, არ ჰქონდა გუშინ. მასწავლებელმა მის გვერდზე გადმოაჯინა, კატო ბევრს გელაპარაკება, სალომე წყნარია, იმედია იმდენს ვეღარ ირატრატებო. უხარია სალომეს, ლადო რომ მის გვერდზე ზის, ისეთი ღიმილი აქვს, ყველა გოგოს უყვარს კლასში. ამაყად მიაბიჯებს, ნაწვიმარია, წითელი ბოტები აცვია, მიაჭყაპუნებს გუბეებში, ხანაც აქეთ-იქით იხედება, ვინმე ხომ არ მიყურებს, ჩემს ცელქობას ხომ არ ხედავსო. მოულდნელად მანქანამ ჩაუარა გვერდზე დიდი სისწრაფით, გუბურის ჭუჭყიანი წყალი შეასხა, გაშეშდა, ყველაფერი სველი ჰქონდა, კაბაც, მოსაცმელიც, თავზე ხელი მოიკიდა, ლამაზი ვარდისფერი ბაფთებიც დასველებულიყო და, თმებიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და თავიდან მომდინარე წყლის წვეთებს  შეუერთდა. - რა მოგივიდა? - მოულოდნელად ხმა მოესმა, გვერდზე გაიხედა, ლადო ელაპარაკებოდა, მაშინვე შეაშრა გოგონას თვალზე ცრემლი,  - მანქანამ გამწუწაო, - თქვა სიცილით და ისე გაიღიმა, გაოცებულმა მზემ კიდევ უფრო დააჭყიტა თავისი დიდი და ნათელი თვალები, ცოტა ხნის წინ ხომ ტიროდა, აი,  რა სცოდნია სიყვარულსო!  თუმცა,  მოგეხსენებათ, ეს მან ისედაც ყველაზე კარგად იცის და ბევრ საიდუმლოებასაც ინახავს, მის  გარეშე ხომ  არც დედამიწა იარსებებს და არც ჩვენ.

4/3/20 7:52 PM

არც არაფერს ვეძებდი და ვეძებ,,, (ერთსტროფიანი)

არც არაფერს ვეძებდი და ვეძებ,
არაფერი მხიბლავდა და მხიბლავს,
ისე, როგორც კაცის თბილი გული,
ყვავილივით  ფაქიზი და წმინდა.

ყველას, ყველაფერს მიუჩენს ადგილს (ერთსტროფიანი)

ყველას, ყველაფერს მიუჩენს ადგილს
დრო, ხან ნელა რჯის და ხანაც სწრაფად,
პატივს თუ არ ვცემთ ჩოხას და მანდილს,
როგორ ვიცხოვრებთ მაშინღა ლაღად.

სიზმარი (31 მარტი, 2020)

    ღამით სიზმარი ვნახე, ლევანის მანქანით ჩხარში, ჩემს სოფელში, მივდიოდით. მანქანაში, როგორც მახსოვს,  მე, ავთო და სოფო ვისხედით. სოფელს რომ მივუახლოვდით, გზა აღმოჩნდა გადაკეტილი, ქვებით იყო ჩახერგილი, იქვე გავაჩერეთ მანქანა, გზის პირას. ავთომ აქ დაგელოდებითო, ლევანი ცოტაზე გამოგვყვა, მანქანა აიკიდა, თითქოს მსუბუქი იყო, მაგრამ იმასაც დაეზარა წამოყოლა და სოფლისკენ გზა მე და სოფომ განვაგრძეთ. გზა ორად გაიყო, ხალხს ვკითხეთ, სოფლის ცენტრში როგორ მივიდეთო, გვასწავლეს, ერთს დავადექით, საოცარი სილამაზე გვხვდებოდა წინ, თეთრი აივნიანი დიდი  სახლები, ციხე-კოშკები, ტურისტებისთვის კაფე-ბარები, რაღაც საოცარ ადგილზე აღმოვჩნდით, ვფიქრობდი, ეს სოფელი კი არა, ქალაქია-მეთქი, არა და ჩხარი მართლაც ქალაქი იყო წინა საუკუნეებში, ერთ-ერთი დიდი ბაზრობა იმართებოდა იქ, მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ თიხის ჭურჭელი გასაყიდად, მეც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, ჩამწკრივებული დოქები, ქვევრები, ჭინჭილები. ვფიქრობდი, რომელ ბიძაშვილთან მივსულიყავი, გამახსენდა ბონდოს მაყვალას გოგო, ვითომ იმასთან მივალ-მეთქი, მერე ჯემალის მაყვალა, არა და არც ერთი იქ არ ცხოვრობს სინამდვილეში, თუმცა ჯემალი ბიძიას მაყვალა იქ გაიზარდა სონია ბებიასთან. გზაც არ ვიცოდი, როგორ მივსულიყავი, კითხვა-კითხვით მივაგენი ტკბილეულობის მაღაზიას, იქიდან გზა უკვე მახსოვდა თითქოს. შევედით ტკბილეულობის მაღაზიაში, ორი გამყიდველი დაგვხვდა, ერთი ახალგაზრდა, მეორე ცოტა უფროსი, დედა-შვილს ჰგავდნენ. ახალგაზრდასთან გავჩერდი, ნამცხვრები შევარჩიე, მინანქრით იყო დაფარული, უცებ უფროსი ქალი მოვიდა, სულ მოხვეტა, ვითომ გაიყიდაო და მე არაფერი დამიტოვა, გავბრაზდი და მაღაზიიდან გამოვედი. მე და სოფომ გარეთ მაღაზიასთან სახლიდან გამოტანილი ნივთები აღმოვაჩინეთ, ნახატები, სქელ ფურცლებზე შესრულებული, ძალიან ლამაზები, პარკში ჩავაწყვე, სოფომ, რაც არ მომეწონა, ისინიც აიღო, სახლი შევასწორებო, თოჯინები ვიპოვე, ისინიც ავიღე და გზა განვაგრძე, ბოლოს სოფო დამეწია, ძალიან ლამაზი ზედა ჩასაცმელი ვიპოვეო, შევხედე, პატარად მომეჩვენა, თუმცა ლამაზი იყო, ტერაკოტისფერი  ჟაბოთი. ეს როგორ ჩაეტევა-მეთქი, გავიფიქრე, მაინც ჩავიდე ჩანთაში, რა იცი, იქნებ ჩაიცვას-მეთქი. წავედი, უცებ გვერდზე დათო აღმოჩნდა, ჩემი ქმარი, ვათვალიერებინებდი, ჩემს სოფელს, ჩხარს, მის ქება-დიდებაში ვიყავი, რა სილამაზეა, რა ჰაერია-მეთქი. მერე სოფოს მოსაძებნად წავედით.  ასე დამთავრდა ეს სიზმარი.

Thursday, April 2, 2020

გიყვარდეთ და შეგიყვარებთ (ერთსტროფიანი)

გიყვარდეთ და შეგიყვარებთ ზეცა,
თქვენ შეგხვდებათ მზისგან ცელქი სხივი,
"კორონასაც" დავამარცხებთ ერთად,
ავადობას, დარდებსა და ტკივილს.

სისტემა (ერთსტროფიანი)

მინდა, ბალიშზე თავის მიდება,
არა და ადრე არა მჩვეოდა,
შეიმუშავეს, მგონი, სისტემა,
სიფხიზლე მალე გადაგვჩვეოდა.

ყველას თავი პოეტი რომ ჰგონია (ერთსტროფიანი)

ყველას თავი პოეტი რომ ჰგონია,
ასე ვფიქრობ, ეგეც ჩვენი ბრალია,
ყვავს ნუ მივცემთ ჩვენ ბულბულის არიას,
ლიფსიტაზეც ნუღარ ვიტყვით ღლავია.

პირფერობა (ერთსტროფიანი)

პირფერობას თუ შევატყობ ვინმეს,
გული მისკენ ნამდვილად არ მიწევს,
წასასვლელად ჩემს ტანსაცმელს ვიცმევ.

სიყვარული მეორდება (ერთსტროფიანი)

ბევრი სიყვარული, მეგობრებო,
ცოტა ზედმეტი ნუ გეგონებათ,
ნერგიც მზის ამოსვლას ელოდება,
მერე სიყვარული მეორდება.

გიყვარდეთ და შეგიყვარებთ ზეცა (ერთსტროფიანი)

გიყვარდეთ და შეგიყვარებთ ზეცა,
თქვენ შეგხვდებათ მზისგან ცელქი სხივი,
"კორონასაც" დავამარცხებთ ერთად,
ავადობას, დარდებსა და ტკივილს.

რომ ახმაურდეს ღამე (სატრფიალო) შეასრულა მაია სიჭინავამ (ჩემთან ჩამოდი დარინე)

აჰყევ მძინარა ბინდებს,
აშრიალებულ ჭადრებს,
გულში დაინთე ცეცხლი,
ცაც ისურვილე ბარემ,
მერე ჩამოდი ჩემთან,
თვალზე შემახე ბაგე,
შიგნით ჩაწურულ სხივებს
ააციმციმებს ღამე.
მისამღერი: დარინე, დარინე, 
ჩემთან ჩამოდი, დარინე,
დარინე, დარინე,
ცაც ისუვილე, დარინე
დარინე, დარინე,
ჩემთან ჩამოდი, დარინე.
ჩამძახე გულში რამე, 
მეც გიპასუხებ რამეს,
რომ ახმაურდეს  სისხლი,
რომ ახმაურდეს ღამე.
მისამღერი: დარინე, დარინე, 
ჩემთან ჩამოდი, დარინე,
დარინე, დარინე,
ცაც ისუვილე, დარინე,
.დარინე, დარინე,
ჩემთან ჩამოდი, დარინე.

სიყვარულის მოფრინავენ ნიმფები

სიყვარულის მოფრინავენ ნიმფები,
აპრილმა ხომ ყვავილები დათოვა,
მაღლა მთიდან შენც ჩამოსვლას მპირდები,
მეც იმედებს არა ვკარგავ, რატომღაც.