როცა გავიგე, ვიღაცამ ისროლა და შემთხვევით აივანზე მჯდარი ადამიანი მოკლაო, ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა გამახსენდა. მაშინ პატარები ვიყავით, დედა სამზარეულოში საქმიანობდა, მე დიდ ოთახში, "ზალას" რომ ეძახიან, იქ ვიჯექი და ვმეცადინეობდი. სამზარეულოდან ჩემი ძმა მიშა გამოვიდა ხტუნვა-ხტუნვით, მხიარულად ჭამდა პეჩენიას, შუა ზალაში რომ იყო, მინის წკრიალი გავიგონე, მოულოდნელად ჩემი ძმა წაიქცა, დავინახე კისერიდან შადრევანივით ამოასხა სისხლმა, ავყვირდი, დედა გამოვარდა სამზარეულოდან, ეცა ბავშვს, ხელს აჭერდა ადგილს, საიდანაც სისხლი ასხამდა, მითხრა ქვევით ჩავსულიყავი და ექიმებისთვის დამეძახა, ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე პოლიკლინიკა იყო, ჩვენდა საბედნიეროდ. ექიმები მაშინვე მოცვივდნენ, თან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მიშას ოპერაცია ჩაუტარდა, აღმოჩნდა, კისერში "გეკოს" ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რომელიც აივნიდან შემოფრინდა სახლში. ქირურგები ცდილობდნენ, ისე ამოეღოთ ტყვია, რომ ბავშვს კისრის კუნთი არ დაზიანებოდა, გადაწყვიტეს, ყელიდან ჩასულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც ორად გაყოფილი ტყვია იყო გაჩერებული, 7 საათი თუ მეტიც გრძელდებოდა ოპერაცია მძიმე ნარკოზის ქვეშ, მოგეხსენებათ, მაშინ მისი ხარისხი ძალიან დაბალი იყო და შედეგებსაც არასასურველს ტოვებდა, განსაკუთრებით ცუდად მოქმედებდა მეხსიერებაზე. როგორც იქნა, ექიმებმა ტყვიის ერთი ნახევარი ამოიღეს, მეორე დარჩა კუნთში, ასე არჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყვია მომწამვლელი იყო, კისრის პარალიზებას მოერიდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ექიმებს, რომლებმაც მაშინ ჩემი ძმა გადაარჩინეს, ტყვიამ, პირველ რიგში, არტერია დააზიანა. ახლაც საშინელ კოშმარად მახსენდება ის დღე, როგორ იწვა ბავშვი და სისხლი შადრევანივით ასხამდა კისრიდან.
ჩვენი კორპუსის წინ, საკმაოდ მოშორებით, გორა იდგა, იქ ახალგაზრდა ბიჭები ერთობოდნენ თურმე იარაღით, ერთ-ერთმა სწორედ ჩვენი სახლისკენ ისროლა, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით. დარწმუნებული ვარ, აზრადაც არ მოსვლია, რომ ტყვია ჩვენამდე მოაღწევდა, მაგრამ ასე სცოდნია იარაღს, მასთან დიდი სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა საჭირო, არაერთი ადამიანი უმსხვერპლია ბრმა ტყვიას. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი უბედური შემთხვევებისაგან, მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს.
No comments:
Post a Comment