Friday, April 3, 2020
სიზმარი (31 მარტი, 2020)
ღამით სიზმარი ვნახე, ლევანის მანქანით ჩხარში, ჩემს სოფელში, მივდიოდით. მანქანაში, როგორც მახსოვს, მე, ავთო და სოფო ვისხედით. სოფელს რომ მივუახლოვდით, გზა აღმოჩნდა გადაკეტილი, ქვებით იყო ჩახერგილი, იქვე გავაჩერეთ მანქანა, გზის პირას. ავთომ აქ დაგელოდებითო, ლევანი ცოტაზე გამოგვყვა, მანქანა აიკიდა, თითქოს მსუბუქი იყო, მაგრამ იმასაც დაეზარა წამოყოლა და სოფლისკენ გზა მე და სოფომ განვაგრძეთ. გზა ორად გაიყო, ხალხს ვკითხეთ, სოფლის ცენტრში როგორ მივიდეთო, გვასწავლეს, ერთს დავადექით, საოცარი სილამაზე გვხვდებოდა წინ, თეთრი აივნიანი დიდი სახლები, ციხე-კოშკები, ტურისტებისთვის კაფე-ბარები, რაღაც საოცარ ადგილზე აღმოვჩნდით, ვფიქრობდი, ეს სოფელი კი არა, ქალაქია-მეთქი, არა და ჩხარი მართლაც ქალაქი იყო წინა საუკუნეებში, ერთ-ერთი დიდი ბაზრობა იმართებოდა იქ, მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ თიხის ჭურჭელი გასაყიდად, მეც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, ჩამწკრივებული დოქები, ქვევრები, ჭინჭილები. ვფიქრობდი, რომელ ბიძაშვილთან მივსულიყავი, გამახსენდა ბონდოს მაყვალას გოგო, ვითომ იმასთან მივალ-მეთქი, მერე ჯემალის მაყვალა, არა და არც ერთი იქ არ ცხოვრობს სინამდვილეში, თუმცა ჯემალი ბიძიას მაყვალა იქ გაიზარდა სონია ბებიასთან. გზაც არ ვიცოდი, როგორ მივსულიყავი, კითხვა-კითხვით მივაგენი ტკბილეულობის მაღაზიას, იქიდან გზა უკვე მახსოვდა თითქოს. შევედით ტკბილეულობის მაღაზიაში, ორი გამყიდველი დაგვხვდა, ერთი ახალგაზრდა, მეორე ცოტა უფროსი, დედა-შვილს ჰგავდნენ. ახალგაზრდასთან გავჩერდი, ნამცხვრები შევარჩიე, მინანქრით იყო დაფარული, უცებ უფროსი ქალი მოვიდა, სულ მოხვეტა, ვითომ გაიყიდაო და მე არაფერი დამიტოვა, გავბრაზდი და მაღაზიიდან გამოვედი. მე და სოფომ გარეთ მაღაზიასთან სახლიდან გამოტანილი ნივთები აღმოვაჩინეთ, ნახატები, სქელ ფურცლებზე შესრულებული, ძალიან ლამაზები, პარკში ჩავაწყვე, სოფომ, რაც არ მომეწონა, ისინიც აიღო, სახლი შევასწორებო, თოჯინები ვიპოვე, ისინიც ავიღე და გზა განვაგრძე, ბოლოს სოფო დამეწია, ძალიან ლამაზი ზედა ჩასაცმელი ვიპოვეო, შევხედე, პატარად მომეჩვენა, თუმცა ლამაზი იყო, ტერაკოტისფერი ჟაბოთი. ეს როგორ ჩაეტევა-მეთქი, გავიფიქრე, მაინც ჩავიდე ჩანთაში, რა იცი, იქნებ ჩაიცვას-მეთქი. წავედი, უცებ გვერდზე დათო აღმოჩნდა, ჩემი ქმარი, ვათვალიერებინებდი, ჩემს სოფელს, ჩხარს, მის ქება-დიდებაში ვიყავი, რა სილამაზეა, რა ჰაერია-მეთქი. მერე სოფოს მოსაძებნად წავედით. ასე დამთავრდა ეს სიზმარი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment