Tuesday, August 30, 2016

გაბრუებულს ბანგით

გაბრუებულს ბანგით მომაწოდეს ჩანგი,
გადამკიდეს სტვირი, მისახსოვრეს ვირი,
დავადექი შარას, -  მოუარე ავლას,
- ასე მითხრეს მაღლა, - პასუხიც თან ახლავს.
სალამური სამი მისახსოვრეს თანაც,
არ ვიქნები მარტო, გამახარა რამაც,
სულ სხვადასხვა ხმაზე ახმიანდა არე,
სიმღერებით ვლოცავ ოტარიდს და მარეხს.

ნეტავ, ეს ხალხი რამ გადარია

ნეტავი, ეს ხალხი რამ გადარია,
რუჯი, იძახიან, მაგარია,
ზოგმა გადაისხა ლეღვის წვენი,
ზოგის წამალია "ჯონსონ ბეიბი",
ზოგიც სოლარისში ირუჯება,
აღარ მიყვებიან მშობლის ნებას,
თეთრი გახდა ძნელად სანახავი,
აფრიკაში მგონია თავი.
მზე კი, აღმოჩნდაო კანის მტერი,
თავს თუ გადადებსო, მხოლოდ შტერი,
ნეტავ რა მოვთხოვოთ ახალგაზრდებს,
რუჯი მოხუცსაც ხომ ალამაზებს!


Friday, August 12, 2016

ვაჟაუ, ვეღარ გიცანი

ვაჟაუ, ვეღარ გიცანი, წლებმა ბალანი აგყარეს,
სახეს დაეტყო ღარები, თვალებქვეშ ჩრდილებს ატარებ,
მკლავები, მუხის ფესვები, ჩამოგშვებია ხმელადა,
მარტო თვალები გიცინის, ზღვას რომ მიგიგავს ფერადა,
მათმა ისრებმა მაქცია ოდესღაც ღობის მცველადა.

ხვარამზე ჩემი სახლია

ხვარამზე ჩემი სახლია,
შიგნით ჩამიდგამს გუთანი,
-შენთვის ვხნავ, შენთვის დავთესავ,
-მამამზეს ასე ვუთხარი,
-ჩემო, ვერ შეგსვი ხელადით,
გარეთ დაგიდგამს დუქანი.

Wednesday, August 10, 2016

უმადური

თითქოს მოვინდომე დახმარება,
გულში დამდგომია კათარზისი,
-თავი ნეტავ რისთვის შეიწუხე,
ხელი გაანძრიე არაფრისთვის,
-ასე მომაძახა უმადურმა,
სულში უმოწყალოდ ჩამაფურთხა,
-ნუღარ ჩაერევი სხვის საქმეში,
თუ არ გიწონებენ განზრახულსა,
ჭკუა ვეღარაფრით დავისწავლე,
ცხენსა ვერ გახედნი არაბულსა,
ქვაზე დადებული წინ დაგხვდება,
ფეხი დაუცდება უმადურსა.

ეჭვის ჩრდილები

ეჭვის ჩრდილები დასთამაშებს შენს ლამაზ ტუჩებს,
მარადიული აჩრდილებით შანთავენ ფიქრებს,
სიკვდილამდეა სიყვარული, თუ გრძნობებს მირევ,
შენს მუქ ფეხსაცმელს რომ შემატო მიწა და მწვირე... 

შესანდობარი გვეკუთვნის გმირთა

დაუნდობელი ყოფილა ბედი,
ბევრი უდროოდ წასულის მიმართ,
ვინც გაიყოლა მშობლების ცრემლი
და მიებარა ღვთისმშობლის წიაღს.
ზოგმა სულ ნორჩმა გაწირა თავი, -
აკვნს დაურწევს ქართული მიწა,
დედა დატოვა სევდით და დარდით...
ვარსკვლავი მათი ზეცაში ბრწყინავს.
უუნატიფეს ვარდისფერ გამად,
მოუშუშებელ ტკივილად, დრამად...
შესანდობარი გვეკუთვნის გმირთა
წმინდა გიორგის საჭურვლის მტვირთავთ.

აგვისტო

სიცხისგან ფოთოლიც დაწოლილა,
აგვისტოს ხვატისგან გათანგული,
მზემ ჩამოგვაყარა ოქროპირამ
სხივების კონა თუ თაიგული.

Tuesday, August 9, 2016

დილიდანვე მზე მიცინის

დილიდანვე მზე მიცინის,
დღე მაქვს პოზიტიური,
თუმც მნათობის შეყვარება
არ ყოფილა იოლი,
ხან შეგწვავს და შეგახურებს,
წითლად შემოგანათებს,
ხან დაწვება, მიიძინებს,
ოქროს სამოსს გადაფენს.
მაგრამ მაინც ძლიერ მიყვარს,
უმისობა ძნელია,
იღიმის თუ იღრუბლება
ჩემთვის მუდამ ერთია.

Monday, August 8, 2016

ველოდებით რაღაც ახალს

ველოდებით რაღაც ახალს,
რაღაც დიდს და საოცარს,
თუმცა დღენი ისე გარბის,
ვერ ვაბარებთ გამოცდას.
გაიპარა ოცნებებში
ეს უსახო ცხოვრება,
გულიანად წყალიც ვერ ვსვი,
მამაჩემის ცხონებამ.
ომობანას თამაშებში
ისე უცებ დავბერდით,
ვერ მოესწრო ეს ქვეყანა
ვერც ჩვენ, მიწას დათესილს,
გვპირდებოდა ხან ერთი
და ხან მეორე მთავრობა,
აგაშენებთ, დაგამშვენებთ,
ვერ დაითვლით ქონებას,
მაგრამ შეგვრჩა მიწა-წყალი,
მესამედი სხვისია,
ძროხასაც ვერ მოვაძოვებთ,
წყალს გვაძლევენ ნისიად.
ოსი კაციც არ ცხოვრობდა,
ის სოფლებიც წაგვართვეს,
რა გვიშველის, ვის ვეომოთ,
მას მერე რაც დაგვმართეს.
უიმედო იმედებში
გვძინავს ნადიდგორალებს,
ნეტავ თუ კი გაგვეღვიძა,
"ნატო" წინდებს მოგვართმევს?!










Saturday, August 6, 2016

მუცლად ყოფნიდან გამომყვა შიში მარტოდყოფნის

მუცლად ყოფნიდან გამომყვა შიში მარტოდყოფნის,
ნატერფალებში ჩავყავი ფეხი და გზას გავყევი,
დამოუკიდებლად არ გადავდგი ერთი ნაბიჯიც,
ღმერთის ცხვრებისთვის ავაშენე ერთი ფარეხი,
ცხვარმაც მომართვა საჩუქარი, თეთრი ბატკანი,
მათ გასაზრდელად მიწა დავხანი, ვვარცხნე ქათიბი,
მინდოდა სული დაჰყოლოდათ ნაზი, ნატიფი,
რომ არ ეცხოვრათ მარტო თავისთვის და უსათუოდ
ყველაფერი ასე იქნება, რადგან ესა მაქვს მუდამ ფიქრებად.
მუცლად ყოფნიდან გამომყვა შიში მარტოდყოფნისა,
სულის სარგებელს ალბათ მომიტანს, რომ არ დავნებდი,
არ შევერთე სულ სხვა მდინარეს, გადავუხვიე გზიდან მინარეთს,
რომ არ გავცვალე სხვის მიწაზე ჩემი ქვის არე
და ჩემი ფიქრი მაღლა უფალს გავუზიარე!






Friday, August 5, 2016

შემანათე სხივი, მზეო! (საბავშვო)

შემანათე სხივი, მზეო,
თვალთ ჩამიდგი ათინათი,
აბრჭყვიალდეს ნამი მოლზე,
ბალს მოესხას ტოტი ათი,
დაიხუნძლოს, როგორც ვაზი,
დაემსგავსოს ყვითელ ბურთებს,
გოჩას უყვარს, როცა ხეზე,
ტკბილ-ტკბილ ნაყოფს ატკბარუნებს.
ალუბალმაც გამობზიკა
საკოცნელად თითქოს დრუნჩი,
ლელამ პირში იტაცა და
გაიწითლა კოხტა ტუჩი.
სოსომ კიდევ, სასახელოდ,
ბარს დაავლო გამრჯე ხელი,
პაპას უნდა მიეხმაროს,
გააცოცხლოს ნერგი ხმელი.
ხარობს ირგვლივ დიდ-პატარა,
ყვავილების ბაღი ყვავის,
სოფელ-სოფელ დაჰქრის სიო,
თან მზის დააქვს ათინათი.


ცხოვრება

ალიკაპს ამოვდებ დღეებს და წავათრევ,
ძაღლივით ერთგულად მომყვება ყოველი,
ზოგი ჩემს ცხოვრებას დააჩნდა ქარაგმად,
დავიწყების ველს მივეცი ულევი.
მზეობას ვთამაშობ დაწურულ ღრუბლებში,
ღამეში დავეძებ სხივსა და ათინათს,
წვიმიან ამინდში ფასდება ყოველი,
დღეთაგან ნეტავი მიყვარდა რომელი?!
ზღვის ქვიშა მახსენებს ცხოვრების უდაბნოს,
ზედ ყველა ნაბიჯი ტოვებდა ნაკვალევს,
მოვა ხვალ სიკვდილი გამხმარი ხმიადით
და უმოძრაობის შედეგსაც დაამჩნევს.
ბუნების შვილი ვარ, თუმცა ვარ წერტილი,
და მაინც დიდი ვარ, როგორც ეს სამყარო,
თვალებში ვაძინებ მზესაც და მთვარესაც,
მიწის და ჰაერის ვატარებ ავგაროზს.



Wednesday, August 3, 2016

სიმღერა

ინდი-მინდი, მახარობელს შევაფშვენი ხელში შინდი,
შეხე, ჩიტმა მოლაღურმა აღარ დაძრა ერთი კრინტი,
გაისუსა დედამიწა, დიდი წვიმის მოლოდინში,
თავზე ვივლებ წვიმის წვეთებს, ფიო-ფიო, გამიფრინდი.

Tuesday, August 2, 2016

რად აალდი წითელ ყაყაჩოდ

რამ გადაგრია, რად აალდი წითელ ყაყაჩოდ,
რატომ მოიცხე ტუჩზე საცხი, ზღვათა მარჯანის,
შენს თვალებში ხომ მიმოზები დისკოს არტყია,
იღუღუნე და დამაპურე მტრედის ბარტყივით.


გაბმული ვართ ხაფანგში

გარეული რას გვიზამდა,
ჩვენ თვითონ რომ ვვარგოდეთ,
ვჭრიდეთ ასჯერ გაზომილს და
მტრის გულს დანას  ვასობდეთ.
ხელგაწვდილი საქართველო
ყველას ფეხში ედება,
მალე ბურთის ფორმას მოგვცემს
"ნატო", ჩაგვწყვეტს გვერდებსაც.
დაკერებულ ასფალტებზე
მოგვტეხია კისერი,
ვეფხვებს, ლომებს დავსდევთ თოფით,
შემოგვაკლდა ისარი.
აღარც ეზო შეგვარჩინეს,
აღარც ბაღი, გაზონი,
"კერძოდ" ქცეულ საქართველოს
აღარა ჰყავს პატრონი.
სუნთქვასაც კი გვამადლიან,
ჰაერია სუფთაო,
ქარხნებს მიტომ არ გიშენებთ,
ერთი ეგ გაქვთ მუქთაო.
გაგვძვრებოდა, ალბათ, სული,
ქალი რომ არ ვარგოდეს,
კაცი ულვაშდაგლეჯილი,
პაროდიას მაგონებს.
დაგვიდია ყავარს კუდი,
გავხდით "კუდაბზიკეთი",
ტილი უნდა ვარჩინოთ
თუ რწყილს გადავცეთ "ბუკეტი"?!
გაგვძვრა უკვე არაქათი,
აღარა ღირს ცხოვრება,
ღვთის იმედად დარჩენილებს,
აღარ შეგვრჩა ქონება.
ავყოლივართ ფეხის ხმას და
ვცხოვრობთ "ფეისბუქებში",
"სერიალში" გვწყინს და ვყვარობთ,
ერს სჭირდება ნუგეში...
გვაწყნარებს და სიტყვას გვაძლევს,
ამერიკა, ევროპა,
აგიშენებთ, დაგიმშვენებთ
წყალწაღებულ ზოოპარკს.
ღაღადისად უდაბნოში
რჩება სიტყვა სიტყვებად,
ვერ გავიგე ვინ სცოდავს
და ვინ რისთვის ისჯება.
მოკლედ, თავი მოგვაბეზრეს
ტყუილუბრალო ბაასით,
ჩვენ თუ ჩვენს თავს არ ვუშველეთ,
გაბმული ვართ ხაფანგში.