Tuesday, October 30, 2018

როცა მეგონა...

როცა მეგონა, მას ეცვა თეთრი,
ემოსა თურმე სამოსი გველის,
ნაშუქი მისი, ვითომდა მთვარის,
ყოფილა თვალი ბოროტის, ავის.
ხანდახან კაცი ვერ ხედავს მზესაც,
მისთვის ალმასი უფრორე ელავს
და ვით პეპელა, ცეცხლშივე კვდება,
რადგან ვერა სცნობს განგების ნებას.




რა ვუყო სულში ჩარჩენილ ხიჭვებს?!

რა ვუყო სულში ჩარჩენილ ხიჭვებს,
პატარას დედა მიღებდა ნემსით,
დღეს მათ გარშემო ბალღამი ფეთქავს,
მეწვის... ძმა ჩემი შიგ ისრებს მესვრის.

ხავერდოვანი დამიგეს მოლი...

ხავერდოვანი დამიგეს მოლი,
ფიანდაზებით მომწყვიტეს თვალი,
მერე დამკიდეს კისერზე ლოდი,
მაინც ზეამწევს ტალღების ჩქამი.

Sunday, October 28, 2018

შავი გიშერი ტყუილად ვატარე

გადამტყდარი ვარ შენს მკლავზე შფოთი,
შავი გიშერი ტყუილად ვატარე,
ვერ დავბრუნდებით ბედნიერ დროში,
ვეღარ გაგიშლი დიბა-ატლასებს.
მძიმე ტვირთივით გულს მადევს ლოდი
(ერთ დროს ფაქიზად ხელში გეჭირა),
ახლა ღალატით გასრესილს მხედავ, -
ამ ლოდების ქვეშ, თურმე, მეძინა.
ხარირმის თვალებს მარიდებ, მალავ,
ამოგბურცვია ტუჩი სატირლად,
ნეტავ, კვლავ გახსოვს ჩვენი ბავშვობა
თუ ამ ღალატმა ისიც გასრისა?!
ჩემს სიყმაწვილეს აღარა ვჩივი,
რაც მეკუთვნოდა, ალბათ, მივიღე,
რცხილის წკნელები გამხდარა ცვილის,
ვეღარ შევუტევთ თხების კვინიხებს...
ჭაობად იქცა ჩემი "მე და შენ",
ასევე შენი "კარგო" და "ჩემო",
დავმგვანებივარ ძლეულ კართაგენს, -
დანგრეული ვარ... ძველებურს ჩემობ.
ვერ გაამთელებ სარკეს გაბზარულს,
მკერდზე ვარდები მაწევს ლოდებად,
გაპარულ სითბოს ვერ დაიბრუნებ,
დანესტილ ქვაბში პური ობდება.


თომას საჩუქარი(მოთხრობა)

       თომას სკოლაში ეჩქარებოდა, მაგრამ ჯერ მეგობართან უნდა შეევლო, იმასთან ჰქონდა დატოვებული საჩუქარი - პატარა ხის ყუთი, ქართული ჩუქურთმებით, ნინოსთვის რომ შეაფუთინა, სკოლაში ჩუმად უნდა მისცეს, მაგრამ ეგრეც რომ არ გამოვა?! იმხელა ქაღალდში შეახვიეს, ზედ ბაფთაც გაუკეთეს! კიდევ კარგი, ქაღალდის პარკი მაინც შეარჩია სადა. "მაგათ რა ვუთხარი", - ფიქრობდა ბიჭი, ეს ზედმეტი საზეიმო განწყობა რაღა საჭიროაო, მაგრამ თვითონაც სიხარულით დაფრინავდა. თხუთმეტი წლის გახდა ნინო, მის დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდიოდა, ნეტავ, ასეთი რამე სხვასაც სჭირს, რა თქმა უნდა, შეყვარებულებს გულისხმობდა, თუ მარტო მეო, -  გაოგნებული ფიქრობდა ბიჭი. - ალექსი - შესძახა მეგობარს და ჭიშკართან გაჩერდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. გამოვიდა ალექსი, ერთ ხელში ქაღალდის პარკითა და ზურგზე ჩანთით. პარკი ხელში შეაჩეჩა მეგობარს, თანაც ისე გაუღიმა, ცალი ყბით, თითქოს რაღაცა დიდ საიდუმლოს ინახავსო. გვერდი გაჰკრა თომამ, - შენებს ხომ არაფერი უთხარიო, - არა, სახლში ისე შევიტანე, ვერავინ შეამჩნიაო, - იყო პასუხი. - ჩემთან ხომ იცი, ბებიაჩემი ყველაფერს აკონტროლებს, ისე ვერ შევიტანდიო, - თითქოს მოუბოდიშა თომამ, - არაფერია, - მხარზე ხელი მოუთათუნა ალექსიმ, მეგობრებმა რაღაცა დიდის მოლოდინში გზა განაგრძეს. - გაკვეთილიდან შენ გამოიყვანეო, - სთხოვა თომამ მეგობარს, იმან უხმოდ დაუქნია თავი. სკოლაში მისულებს კლასელები შემოეხვივნენ, ყველამ იცოდა თომას რომ პარალელულკლასელი ნინო უყვარდა. აინტერესებდათ, რა იყო პარკში, განსაკუთრებით, გოგოები არ აცილებდნენ თვალს საჩუქარს. ზოგიერთს შურიც აღძვროდა ნინოს მიმართ, თომა ხომ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გინდა სწავლითა და გინდა შესახედაობით, გინდა ზრდილობითა და გინდა ვაჟკაცობით, მაგრამ ახლა რატომღაც დაემორცხვებინა და გოგოებისთვის თვალებში შეხედვისა რცხვენოდა. სკოლის ზარი დაირეკა და გაკვეთილებიც დაიწყო. პირველი მათემატიკა ჰქონდათ. -  ჯიგარი ქალია, მაგას ვთხოვოთ, გაკვეთილიდან გაგვიშვას, ნინო გამოვიყვანოთო, - უთხრა თომამ გვერდზე მჯდარ ალექსის. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბიჭმა. ოთახიდან გასულები პარალელური კლასის ოთახს მიადგნენ. კედლები თითქოს ირყეოდა, გადი-გამოდიოდა, თომას ჩურჩული ესმოდა, - თომას ნინო უყვარსო, - ეს ხმა სულ უფრო ცხადი ხდებოდა, საიდან ისმისო, ფიქრობდა თომა, იქნებ, ნინოს საკლასო ოთახიდან, იქნებ, სამასწავლებლოდან, იქნებ, დირექტორის ოთახიდან, მგონი იცინიან კიდეც, ეგ რა ნინოს შესაფერისია, ღარიბია, ცალ-ცალი კალოშით დადის, ანდა, რა საჩუქარი უნდა მოუტანოს, რომ გააკვირვოს, მთელი ოჯახი რომ გაყიდოს, ისეთს ვერაფერს შეიძენსო. ჭოჭმანებს ბიჭი, ღირს კი ნინოს გამოყვანა?! მართლა არაფერია ქვეყანაზე ნინოს შესაფერისი, ის რომ გაახაროს, ის რომ გააკვირვოს. - ფიქრობს ბიჭი. ალექსი ატყობს მეგობარს, რომ აღარ უნდა საქმის გაგრძელება, - რას შვრები ბიჭო, გაგიჟდი? მთელმა სკოლამ რომ გაიგო ამ საჩუქრის ამბავი, ახლა იხევ უკან?  - ეუბნება და ჯიქურ აღებს საკლასო კარებს. გაკვეთილიდან გამოჰყავს ნინო. გოგონა ნათელი თვალებით შეჰყურებს ბიჭებს, ელოდება, რას ეტყვიან. პარკსაც ხედავს, თომას რომ მორიდებით უჭირავს ხელში. რომ არ გამოართვას უზრდელობა იქნება, უხმოდ ჩამოართვა და გაკვეთილზე ბრუნდება. შვებით ამოისუნთქა სკოლამ, კედლებიც აღარ ქანაობენ, უბრალოდ ერთმანეთს ეჩურჩულებიან: აიღო საჩუქარი, ესეც კარგიაო. გაკვეთილების შემდეგ მთელი სკოლა გაიკრიფა, მხოლოდ ორნი დარჩნენ ადგილებზე, თავთავიანთ მერხებზე, თომა და ნინო. ნინომ, როგორც იქნა, გახსნა საჩუქარი, შიგნით წერილებია, მამამისის, დიდი ხნის წინ დაღუპულის, თომას დედისთვის მინაწერი, მაშინ ისინიც თხუთმეტი წლისები იქნებოდნენ, ჩუმად ატირდა გოგონა, წერილები ცრემლის წვეთებით დაიფარა, არ გავაფუჭოო, ხელი გადაუსვა ქაღალდებს, გულდასმით დააწყო ერთიერთმანეთზე.  კედლები აღელდნენ, გაიწ-გამოიწიეს, გოგონას დაწყნარება უნდოდათ, იმ სიყვარულის მოწმე ესენიც იყვნენ, მდიდარ ბიჭს ღარიბი გოგონა ცოლად არ მოაყვანინეს, ეგ რა ჩვენი ოჯახის შესაფერისიაო. ნინო ადგა, ფრთხილად გაიარა დერეფანი და თომას კლასში შევიდა, იცოდა, იქ იქნებოდა. - დიდი მადლობაო, - ნაზად მოჰხვია ხელი მხრებზე და შუბლზე აკოცა. ხელიხელჩაკიდებული გამოვიდნენ  სკოლიდან ბიჭი და გოგო. ახლა აივნებმა და ფანჯრებმა მორთეს ზრიალი, თითქოს ტაშს უკრავდნენ, ცნობისმოყვარედ იცქირებოდნენ, ტუჩ-კბილიც წინ წამოწიეს, საკოცნელად ემზადებოდნენ, ყველაზე ძალიან კი ის აინტერესებდათ,  ნეტავ, როგორ დამთავრდება ამათი სიყვარულის ისტორიაო?!

Thursday, October 25, 2018

რა ბედენაა ჭრილობა ღია

დამახლის ბედი ათასჯერ ტყვიას,
მაინც ათასჯერ ავდგები ფეხზე,
რა ბედენაა ჭრილობა ღია,
თუ სული ჩემი ხსნას ცაში ეძებს.

ჩვენ უნდა შევძლოთ...

"ჟამმა მშალა და მაქცია მიწად",
მოგვძახის მოთქმით კლდეკარის კოშკი,
ჩვენ უნდა შევძლოთ, ვუგანოთ ხაფანგს,
მელა ებმევა შიგ, ისიც ნორჩი.

ნეტავი, კაცთა იცოდნენ ხერხი

გუშინ რომ გზაზე მხვდებოდა ვერხვი,
დღეს მისით თლიან კუბოთა ფიცარს,
ნეტავი, კაცთა ვიცოდეთ ხერხი,
არც კაცი მოკვდეს და არც რომ ვერხვი.

მომელანდები, კიდევ, ოდესმე?! (ვალერიან გაფრინდაშვილს)

შემოკლდა ჩვენთვის დრო და მანძილი,
დაღლილი შენთან ყოფნის ლოდინით,
დღეს შენს ლანდს ხესთან ვესაუბრები,
როდემდე ვიყოთ ასე უბრები?!
სადღაც შორს ყეფენ ღამის ძაღლები,
სანდომიანი და კუდქიცინა,
იასამანი იისფრად ყვავის,
სურნელი მოდის თითო კვირტიდან.
მოგესალმები, გხედავ, გიყურებ,
თეთრი მნათობი დაგვნათის მრგვალი,
ვუსხედვართ სუფრას მხოლოდ ჩვენ ორნი,
მწვანე სანთლების ლიცლიცებს ალი.
სარკმელში  მოჩანს მწუხარე ლანდი,
ანარეკლია შენივე სახის,
ნუთუ, კვლავ გახსოვს ლოტრეამონი,
ჟერარ დე-ნერვალ, ფრანსუა ვიონ?
შენ ხომ ბოჰემას ბედი გეწადა,
ყველას უკლებლივ სუფრასთან ვიხმობ.
გაიმართება ნადიმი დიდი,
ბოკალებს მაწვდის კრისტოფორ მარლო,
ჟიულ ლაფორგი ზის და მდუმარებს,
ჩონჩხად ქცეულ გვამს მთოვარე აფრთხობს.
გაფერმკრთალდება დილით ყოველი,
აღარც ლოზინსკი, არც გიჟი ედგარ,
ახლა მწადია მეც ხარაკირი,
"სისხლის მდინარედ იღვრება ზეცა".
მზეს აქანდაზი უჭირავს ხელში,
სხივების ცოცხით სიბნელე გააქვს,
მომელანდები, კიდევ, ოდესმე?!
ვიპოვი, ნეტავ, მითიურ გრაალს?!


Wednesday, October 24, 2018

ვიძინებ, თითქოს, სულ ერთი წუთით

მე ჩამოვხსენი ზეციდან მთვარე
და მასთან ერთად ვირწევი ზღვაში,
ტალღებს ჩემს ირგვლივ გააქვთ ჩქრიალი,
მარტო ვართ, მარტო, მოწმეა ღამე.
მთვარე მიყვება ათასფერ ზღაპარს,
ვიძინებ, თითქოს, სულ ერთი წუთით,
გავახელ თვალს და ლამაზი ღამის
ნაცვლად ვირწევი ტალღების კუპრში.


Tuesday, October 23, 2018

ღამე დაგვიგებს ლოგინს მე და შენ

ღამე დაგვიგებს ლოგინს მე და შენ
და როგორც კითხვა, დაგვხედავს მთვარე,
ვიქნებით ერთად თუ შემდეგ ზაფხულს
აღარ გვერქმევა ხიზნები ღამის? 

ამოდის მზე

ამოდის მზე და ჰაერიც თბება, ბალახს მოუსხამს ცვარ-ნამი დილის,
ლურჯი ღრუბელი დედიშობილა ცად დატანტალებს, გაუშრა პირი,
კამკამა ზეცა თეთრ აფრებს იშლის, მას არაფერის არა აქვს შიში,
სანამ ჯიქნები არ დაბერილა, მჯიღის დაცემის ვერ იგრძნობს ტკივილს.

მე არ მეგონა

მე არ მეგონა, თუ დასმენა შეიძლებოდა,
მაშინ დაიწყო სულმა ჩემმა ჯოხით ყანყალი,
შენს წერილებზე მოყირავე სული დაემხო,
არ დაიტოვე წასასვლელად მცირე საგზალიც.


Monday, October 22, 2018

მიყვარს ხევსური ქალები...

მიყვარს ხევსური ქალები,
მათი თმა და დალალები,
მათი გული და თვალები,
მზით განარუჯი ღაწვები,
მათი სული და სულეთი,
მათი გაზრდილი ვაჟები, -
მიწის ერთგულნი, მშობლიურ
კლდეთაგან ანათალები,
მტრისათვის ზარისდამცემნი,
ხანჯლით დაჰქონდათ ნათელი.

ხევსურის ქალმა "ნანაო"
უმღერა თავის ბალღსაო,
აკვანში ტყვიით მოკლულსა
ტანით გადაეფარაო,
ტყვიას და წამალს აწვდიდა
ლეკებთან მებრძოლ ქმარსაო,
ცდილობდა, მას არ შეეტყო,
მზე მოსწყდა ბალღის თავსაო.
არ ჩაშლილიყო იქავე,
ხელი არ შეჰქანებოდა,
სარკმლიდან მოვარდნილ ტყვიას
თავად არ შეჰგებებოდა...
მაგრობდა, ცრემლებს მალავდა,
ზარი ბინდივით  დგებოდა.

მიყვარს ხევსური ქალები,
წყაროს წკრიალა ზარები,
მზეში მზისთანამყოფელნი,
ავდარში ტყვიის ღვარები.

თამარულ ჭინჭარაული
დამალულიყო კარს უკან,
მარბიელ ლეკებს დაუხვდა,
შვიდი მომხდური აკუწა,
ერთად ბევრი რომ მოვიდა,
კარში გავარდა ხმლიანად,
შეუპოვარი ბრძოლითა
მრავალი დააზიანა...
კაცებთან ერთად გასდია,
მათ სისხლი არ შეარჩინა,
გუდანის ხატში საოხად
ხალხს ლუდი მოახარშვინა:
"ვინც ამას დალევს, დამლოცავს
ჯანი მიეცეს ხარისა!"
ხევებს მწედ გადეფარა
მზე თამარულის ხმალისა.
მას მერე ასე იტყვიან:
"მადლი გუდანის ხატსაო,
შეუნდოს ღმერთმა თამარულს,
ჭინჭარაულის ქალსაო,
თუ რამე შეუცოდია,
სამშობლოს ხმალს და ფარსაო,
ყოველ წელს მოიხარშება
ლუდი ამ ქალის თავსაო".

მიყვარს ხევსური ქალები,
წმინდა ბროლი და ლალები,
მზის სხივით განაბრწყინები,
დილის ნამს შენამსჭვალები.

მზექალაც  უნდა ვახსენო,
არაბულების ქალიო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილთან
ჩამხდარა, როგორც ვაჟიო,
შეუძახია:"ნუ წევხარ,
შენ გელოდება ჯარიო,
თუმც ავადა ხარ, იბრძოლე,
ჩაბღუჯე ხანჯლის ტარიო!"
სნეულს შერცხვა და თან გაჰყვა,
როცა შეიცნო ქალიო,
მეგზური გახდა იმისი,
გადაატარა წყალიო.
ორწყალში ხევსურთ დასხმოდა
რუსების დიდი ჯარიო,
ჩვენებურებმა წააგეს,
არ ეყოთ ძლევის ძალიო.
"სანამ ცოცხალ ვარ, კერაზე
რუსს არ ვაღირსებ გავლასო!"
იძახდა ქალი  ლამაზი...
დავტირი მის შავ დალალსო.
კერაზე გადამხობილი
დაუხვდა რუსის ჯარსაო,
მანამდე ორი მოუკლავს,
სანამ გმირთ შეხვდა მაღლაო.

მიყვარს ხევსური ქალები,
ტუჩისპირ შვენით ხალები,
კაბა-ჯუბაში ჩაცმულებს
პირზე გადასდით ალები.
ხალიჩებს დაგვიმშვენებენ
იმქვეყნიური ხაზებით,
მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს
ჩავყვებით, ჩავიკარგებით.

მამის თორ-აბჯრით შემოსილს
ბასილაურსა ბუბასა
ფიცხელი ბრძოლა შვენოდა,
გამოჰყოლოდა გუმანსა,
მტერს, როგორც კაცი, ებრძოდა,
გაეცა მხოლოდ მუზარადს,
ჩამოვარდნოდა, დალალი
ქარში თავთუხად ბრუნავდა...

ასე დასრულდა ბალადა,
შემორჩენილი ამბადა,
მათი ხსენება, მგონია,
აგვიხდებოდეს კარგადა,
კარზე გვექნება ნალადა,
ბედნიერების დარადა...
მალე ჩვენც გვეთქვას მტრისათვის
ომახიანად: "ხაბარდა!"










დაელოდები შენ კარგ ამინდებს

შენს გულში, მგონი, ისევ ვწვიმდები, 
შემოგემატა დარდის ფურცელი,
დაელოდები შენ კარგ ამინდებს,
დროებითია, იცი, ყოველი.

შემოდგომის ფოთლები (საბავშვო მოთხრობა)

   დადგა შემოდგომა და ფოთლებმა ძალიან მოიწყინეს, ჯერ ერთი მოსწყდა თავის ალაგს, მერე მეორე, ქარმა ისინი სხვადასხვა მხარეს გადაისროლა და მიწაზე მოათავსა. ხეზე დარჩენილები კანკალით ელოდნენ თავიანთ აღსასრულს, არ უნდოდათ დედა-ხესთან განშორება, ამიტომ მონდომებით ეკვროდნენ ტოტებს, მაგრამ შემოდგომის ქარი რის ქარია, თუ ისე არ დაუბერა, რომ ფოთლები იქით-აქეთ არ მოისროლა, ცოტა არ წაითამაშა! გინახავთ, ალბათ, როგორ მიარბენინებს ქარი ფოთოლს, ხან იქით მიაგდებს, ხან აქეთ, თითქოს ფეხბურთს თამაშობსო..  მართლაც, ახლაც მიეხალა ხეს და სულ სათითაოდ დააწყვიტა ფოთლები, დაატრიალა, დაატრიალა და ისინიც მიწას დაანარცხა, ნეშომპალად უნდა იქცნენ და მიწა გაანოყიერონო. ქალაქშიც აათამაშა ქარმა ფოთლები, რიგ-რიგად დააწყო, შარიშური გააქვს ფოთლებს გამვლელების ფეხქვეშ ასფალტზე, დილით მეეზოვე ცოცხით მოხვეტს და ურნაში გადაუძახებს, მერე ქალაქის დასუფთავების სამსახურის მანქანები ჩამოუვლიან ურნებს და ფოთლებს ქალაქგარეთ გაიტანენ, მიწას ჩაეხვევიან იქაც ფოთლები, შეეზრდებიან, ნეშომპალად იქცევიან, გაანოყიერებენ. მაგრამ განა ყველა ფოთოლს ეს ბედი ეწევა?
     თინა მასწავლებელმა დღეს ბავშვები ქალაქის მთავარ პარკში გაიყვანა, შემოდგომის ფოთლები შევაგროვოთო. დინარამ ყველაზე დიდი ფოთოლი იპოვა, თინა მასწავლებელს მიურბენინა, - ნახეთ,  რამხელა ფოთოლი ვიპოვეო, - ნეკერჩხლისააო, - აუხსნა მასწავლებელმა, შოთიკომ ქაღალდის პარკი ალვის ხის ფოთლებით აავსო, ყველაზე ძალიან ისინი მოეწონა, ბურთივით მრგვალები არიანო, რამდენიმე ვერხვის ფოთოლიც მიამატა. სხვებმაც უხვად დაიმშვენეს ხელები აკაციის, ცხენის წაბლის, ჭადრის, მუხის, არყის ფოთლებით. წიწვოვანი ხეები - ნაძვი, ფიჭვი, კვიპაროსიც მრავლად დგას ამ ბაღში, მაგრამ ისინი ხომ მარადმწვანეა, ამიტომაც ბავშვებმა მხოლოდ ფერად-ფერადი გამხმარი ფოთლები შეაგროვეს, ზოგი ისევ მწვანე დარჩენილიყო, ზოგს ყვითელი შერეოდა, ზოგსაც წითელი შეფერილობა მიეღო, მათ შორის მოყავისფრონიც იყვნენ, ცხენის წაბლის ქურქებიც გამოაყოლეს ხელს, ზღარბუნიებს რომ ჰგვანან, იქვე გამხმარი ბალახიც მიგლიჯ-მოგლიჯეს და სკოლაში დაბრუნდნენ. დღეს ხელგარჯილობის გაკვეთილი აქვთ. ბავშვებმა წინ დაილაგეს ფოთლები და დიდხანს გულდასმით ათვალიერეს, ამათგან რა უნდა გავაკეთოთო. მალე პატარა ხელებმა ნაირ-ნაირი სურათები შექმნეს, ზოგმა მელაკუდა გააკეთა წითელი ფოთლებით, ზოგმა - მამალი, ათასფერი ბოლოთი, ზოგმა - გოგონა, სოკოებით სავსე კალათით, შოთიკომ თავის სურათზე ბურთებით მოთამაშე ბიჭუნები დახატა. ვისაც როგორი ფანტაზია აქვს, ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ამისთვის წებო, მაკრატელი და მუყაოს ფურცლებიც დასჭირდათ ბავშვებს, ყველაზე მეტად კი, თინა მასწავლებლის რჩევები გამოადგათ. თავიანთი სურათები ბავშვებმა სკოლის დერეფანში გამოკიდეს, რომ ყველას ენახა, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შემოდგომის ფოთლებისგან. ფოთლებსაც ძალიან მოეწონათ ასეთი  გარდასახვა, მათ ხომ ბავშვებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს.
    პატარებო და დიდებო, სცადეთ, იქნებ თქვენც გამოიხმოთ თქვენი ფანტაზია და თქვენივე ხელით შექმნათ სურათები ათასნაირი პეიზაჟებით. გაახაროთ თქვენი ახლობელი ადამიანები!

     

შემოდგომის ფოთლები (საბავშვო პიესა)

                      პიესა (შემოდგომის ფოთლები) ოთხ მოქმედებად

                          მოქმედი პირები:

პირველი ფოთოლი
მეორე ფოთოლი
გოგონა
დედა
ლიზი
ნატალია
თინა მასწავლებელი

                           პირველი მოქმედება:

შემოდგომის საღამოა, ნეკერჩხლის ხეს ორი ფოთოლი შერჩენია

პირველი ფოთოლი:

მხოლოდ ორნი დავრჩით ხეზე,
ქარმა ყველა მოწყვიტა, 
ზოგი აქვე მიმოფანტა,
ზოგიც გვიმზერს შორიდან. 

მეორე ფოთოლი:

მართალი ხარ, ორნი დავრჩით,
ხეზე მიმაგრებული,
სხვებიც აქვე ახლო წვანან,
მიწას მიბარებულნი.
თონეში რომ ჩაცვენილან,
მაგათ რა ეშველებათ?
ბებო პურის ცხობას იწყებს
ადრე, როცა თენდება.

პირველი ფოთოლი:

არა, არა, იმ სველ ფოთლებს
ბებო, განა, დაანთებს,
მათ თონიდან რომ ამოყრის,
ერთ ჭურჭელში ათავსებს,
ეზოს გარეთ გაიტანს და
იქვე ხევებს აავსებს.

მეორე ფოთოლი:

ჩვენი ბედიც ეს ყოფილა,
ასე ბრუნავს სამყარო,
შემოდგომის დადგომისას
ადგილს ვიცვლით ათასსო:
ზოგი ხევში აღმოვჩნდებით, 
ზოგიც კიდევ ბინაზე,
გუშინ გოგო სოფიკუნას
იკებანა მიართვეს.


პირველი ფოთოლი:

იკებანა რაღა არის?
ახლა მესმის პირველად,
ვინ მიართვა? ალბათ, ისევ,
ოთო ბიჭი იქნება!

მეორე ფოთოლი:

იკებანა ნაკრებია
ყვავილ-ფოთოლ-ტოტების,
ყვავილების ხელოვნება
იაპონელთ ეკუთვნის.

პირველი ფოთოლი:

დავიჯერო, ჩვენნაირი
გადამხმარი სჭირდებათ?

მეორე ფოთოლი:

ზოგს ნატურა უყვარს მწვანე,
ზოგი ჩვენზე გიჟდება.
არ გინახავს? ყვითელ ფოთოლს
ქალი წიგნში ათავსებს,
თვალწარმტაცი  ოქროსფერი
წლებსაც უძლებს ათასებს.

პირველი ფოთოლი:

გამოდის, რომ უკვდავება
ზოგჯერ ჩვენც კი გვეწვევა,
ხან ფერწერულ ტილოზე ვართ
ტბაში მცურავ გედებთან...


მეორე ფოთოლი:

ასე არის, ჩემო კარგო,
ასე არის ნამდვილად,
ხედავ, ქარმა დაუბერა,
ახლა მოგვწყვეტს ადვილად.

                                 
მართლაც ქარმა დაუბერა, მოგლიჯა ხიდან უკანასკნელი ორი ფოთოლი, დიდხანს აფრინა

                           მეორე მოქმედება


დიდი ხნის ფრენის შემდეგ ქარმა ფოთლები ერთი სახლის ფანჯარაში გადაისროლა და მაგიდაზე მოათავსა. გოგონამ მაგიდაზე დაცვენილი ფოთლები აიღო, შეატრიალ-შემოატრიალა, დიდხან უყურა და მერე იქვე მდგარ დედას მიმართა:

გოგონა:
რა ლამაზი ფოთლებია,
ალბათ, არის ნეკერჩხლის,
პატარა ხეს ჩავდგამ ყუთში,
სამკაულად ტოტების
მივამაგრებ ამ საყვარლებს,
მაქვს ყვავილთა კონებიც.
ხომ იქნება ძალზე კარგი,
გავაცოცხლებ დროებით.


დედა:

მადლი არის შენი საქმე,
სილამაზე არ წახდეს,
იკებანა მეგობრებთან
ერთად ბაღში ააწყვე.
მიეჩვევით მუშაობას,
შენც ეგ საქმე გახარებს.

გოგონამ გვერდზე გადადო ფოთლები და სამუშაო მასალის მომზადებას შეუდგა. ფოთლები ერთმანეთს ეჩურჩულებიან

პირველი ფოთოლი:

მოვხვდით, მგონი, კარგ ადგილას,
ძლიერ მომწონს ოთახი,
ხედავ, ფეხით არ გაგვსრისეს,
არც ურნაში მიგვაგდეს.

მეორე ფოთოლი:

იმედია, ჩვენც ამ ქვეყნად
საკუთარ გზას მივაგნებთ.


                              მესამე მოქმედება

გოგონა დედასთან ერთად საბავშვო ბაღისკენ მიეშურება, ზურგჩანთაში უწყვია ფოთლები, ქაღალდები, ტოტები, ზოგიც ხელში უჭირავს

დედა:

ბაღში ახლა მაგ მასალით
რამე კარგი ააწყვეთ,
ყვავილების ხელოვნება
მგონი, უკვე გასწავლეს,
თუ არა და თქვენს კარგ აღმზრდელს
ყველაფერი ანახეთ.
თვითონ გირჩევთ, რა აკეთოთ,
საქმეს მოგცემთ პატარებს.

გოგონა:

აბა, აბა, არ დავსხდებით
უქმად, ასე მგონია,
მე, ლიზი  და ნატალია
ვშრომობთ რაც გვაქვს ღონეა.

დედას გაეცინა, ხელი მოხვია გოგონას და ბაღში აღმზრდელს ჩააბარა

                           მეოთხე მოქმედება

გოგონა:

ლიზი, მოდი, რა განახო!
ფოთლებია ნარნარი,
გვირილებიც წამოვიღე,
ბებოს ჰქონდა გამხმარი,
ყელში ივლებს ამის ნაყენს,
როცა სხვა გზა არ არის,
მგონი პირის სიმშრალე აქვს,
აღარ შველის წამალი.


 გოგონები ათვალიერებენ ფოთლებს, ტოტებს, გამხმარი გვირილის ყვავილებს

ლიზი:

სად იპოვე, ახლა მითხარ,
ეს ლამაზი ფოთლები?
ქუჩაში ხომ მეც გავდივარ,
პაპას ფეხით მოვყვები,
ეგეთი ხე არ მინახავს,
ესხას, როგორც ძოწები,
ლალი, ქარვა, ზურმუხტები,
რომ ვუყურებ, ვოცდები.

გოგონა:

ჩემთან სახლში შემოფრინდნენ,
მაგიდაზე დამისხდნენ,
ალბათ, უნდათ, კიდევ დიდხანს,
ვუყუროთ და ვაკვირდეთ!

ნატალია:

წამო, თინა მასწავლებელს
ვაჩვენოთ და რას გვირჩევს?
იკებანა  გავაკეთოთ, -
სუყველა რომ განცვიფრდეს.

გოგონები მასწავლებლისკენ მიეშურებიან, ყვავილებს და ფოთლებს აჩვენებენ, თინა მასწავლებელიც უწონებს გადაწყვტილებას

თინა მასწავლებელი:

აზრი ძლიერ კარგი არის,
ჩემო კარგო პატარებო,
სიყვარულით სავსე არის
იკებანას ხელოვნება,
ნაერთია ცის და მიწის,
ყვავილები, თითო ტოტი,
განა ტყუილად იწევს მზისკენ
ხე ბებერი, ნერგიც ნორჩი?!

გოგონა:

ჩვენ გარეშე, მე მგონია,
არ იქნება სრულყოფილი
დედამიწა, დიდი ბურთი,
ჩვენი როლი არის დიდი.

თინა მასწავლებელი:

ასე არის გოგონებო,
მოიტანეთ ცოტა მიწა,
თქვენს ხელებში არის ძალა,
მე ჩაგიდგამთ ყუთში ფიცარს,
დავამაგროთ ზედ ხის ტოტი,
გამოვასხათ ყვავილები,
ფოთლებიც ზედ დავამაგროთ,
ყველა დატკბეს მათი ცქერით.

თინა მასწავლებელი და გოგონები ერთად მუშაობენ. გააკეთეს შესანიშნავი იკებანა და მაგიდაზე დადგეს

ნატალია:

ოჰ, რამდენი ვიმუშავეთ,
არ მეგონა, ახლა მივხვდი,
თუ გამხმარი მასალისგან
ამდენ სილამაზეს ვქმნიდით.

ლიზი:

ამის მერე ლამაზ ფოთოლს
ავიღებ და ყუთში ჩავდებ,
მერე შევქმნი იკებანას,
ჩემს დედიკოს გავახარებ.

ფოთლებიც ერთმანეთს ეჩურჩულებიან

პირველი ფოთოლი:

ჩვენ ამჯერად გაგვიმართლა,
როგორც ადრე, ვსხედვართ ტოტზე,
ჩვენ გვიცქერენ, ამაყობენ,
როგორც სხვები, ვიცვლით როლებს,
დღეს ერთნი ვართ, ხვალ კი - სხვანი,
ამ ცხოვრების ვარღვევთ მორევს.

მეორე ფოთოლი:

არაფერი არის მყარი,
დღეს ნედლი ხარ, ხვალ კი - მჭკნარი,
დაფასება უნდა ყველას,
ამისთვის გვაქვს ხელოვნება.
უკვდავება არ აგვცდება,
თუ იქნება კაცის ნება.

ფარდა ეშვება





























Tuesday, October 16, 2018

მე მას მუხლებზე დამდგარი ვხვდები

მე მას მუხლებზე დამდგარი ვხვდები, მინდა, რომ გულში ისევ აენთოს,
მზე ჩამომიხსნეს თითქოს ჭერიდან, "ღამეა, თვითონ უნდა გაერთო!" 
ვწევარ და ცოდვებს თითებზე ვითვლი, ხუთგზის ვიცვალე ორივე გვერდი,
მონანიება წაშლის კი ცოდვებს? ეს აწვალებდა თეთრწვერა მოგვებს.
სხეულს უსულოს ჰქონია ხვედრი, ქვისა და ღორღის ყოფილა მხვედრი,
მას მიწასავით ყვავილი ბოჭავს, სული კი სადღაც კრუნჩხვებში ბორგავს,
სად აღმოჩნდება, იქით თუ აქეთ?! ჯოჯოხეთში თუ დაუგეს მახე?!
და ვირტუოზიც რომ იყო აზრის, შეგიწყალებს კი უფალი თავხედს?!




მე მაინც მჯერა

მე მაინც მჯერა ამ სამყაროს გამოღვიძების,
ბებერ ხარს ისევ შერჩენია პულსი და მაჯა,
თუმც დრო დამდგარა პერფორმანსის... ძველი ჰიტების
ხმები ჩამესმის და დავეძებ ფოთლების მარჯანს.

გავისეირნე ტაშისკარში

გავისეირნე 
ტაშისკარში,
ტყე იყო უტყვი,
არც ძაღლის ყეფა, 
არც ძახილი 
ბავშვისა "დედა",
თუმც იყო უქმი,
დასწოლია ჩვენს ტყეებს 
ქუფრი ზეცა და... 
ჩურჩულიღა
მოისმის ხეთა.

Saturday, October 13, 2018

მაოხრებელი თუ შეხვდა გზირი

სიკვდილ-სიცოცხლე ძმები არიან,
არ მეგობრობენ დიდი ხანია,
შიში და კრთომა აზატებს სიკვდილს,
ყველა მოკვდავზე მეფეა იგი.
ბოგირზე გაჰყავს კაცი სიცოცხლეს,
უნდა, ცხოვრების ფასი იცოდეს,
მაოხრებელი თუ შეხვდა გზირი,
ძმების შეხვედრის გზა ხდება ხიდი.





დროსთან თამაში

დროსთან თამაში მხოლოდ აკვანში 
ეპატიება ადამის მოდგმას,
წუთებს ვკლავთ უქმად, ძღომა-ჭამაში,
ლხენა-თამაშში  ვატარებთ დროს და 
ტყუილად გვგონია, - დღეს დღენი მოაქვს.

Thursday, October 11, 2018

შემოდგომა

დღეები მოკლე, ღამეები - დროსავით გრძელი,
ოქროს ზიმზიმმა გადაფარა მინდორი, ველი,
იქ, სადაც სძინავთ ყვავილებს და ბალახი ხმება,
შემოდგომაა დედოფალი, მის წინ მზეც კრთება.

Wednesday, October 10, 2018

დრო გამოარჩევს სუსტსა და ძლიერს

დრო გამოარჩევს სუსტსა და ძლიერს,
წინ შემოგვხვდება, ცდა მას არ უყვარს,
ზოგს ქვაფენილზეც დაუფენს იებს,
ზოგს რბილ მდელოზე სარმას გამოჰკრავს.
დღეს რუდუნებით წამებსაც ვითვლი,
ოდესღაც არად მიმაჩნდა წლები,
ცაში ტოროლა ჩიტივით ვფრენდი...
ახლა იმ წლებმა მომტეხეს ფრთები.




Tuesday, October 9, 2018

დრო

დრო გადაგვითვლის ჩამოცლილ კბილებს,
ცოდვებს, ჩვენს სულში შხამით ჩაკრულებს,
აღარ იქნება, რაც იყო უწინ,
მკვდართა მზე სხივებს ნაზად გვაპკურებს.

Wednesday, October 3, 2018

დღეც იმქრალება სირცხვილნაჭამი

დღეც იმქრალება, როგორც ოდესღაც 
მზეს უბნელებდნენ ჩვენი პაპანი
მტერს, შემოჯარულს ყველა კუთხიდან 
თავგამეტებით სხეპდა ლაშქარი.
ერთად შეკრულნი მძიმე აბჯარით 
კლდეს ჰგავდნენ ნაშუქს ვერცხლის სირმებით,
ვერ იმეტებდნენ ნორჩებს საკლავად, 
წინ მიიწევდნენ შუბით დიდები.
სისხლისფრად წვება მზე დღეს მუცოზე, 
ჭიხვინებს ცხენი ღალატნაჭამი,
ვინღამ ჩააგოს ხმალი ქარქაშში, 
როს ამომღებიც არვინ არ არის,
სიხალვათეა დღეს აქ გმირების, 
ვერ აუშლიათ ცხენებს ფაფარი,
გასწითლებია ღრუბელს ბიბილო, 
დღეც იმქრალება სირცხვილნაჭამი. 


Monday, October 1, 2018

თუ გრძნობა გქონდა

თუ გრძნობა გქონდა
ჩემდამი სადღაც,
მიმალულ ცეცხლს და
ნაღვერდალს ჰგავდა,
იფერფლებოდა
ჩუმად და ნაცრად
ქცეულა - ერთდროს
სხეულს რომ წვავდა.