Saturday, October 31, 2020

შენ რომ არა, ჩემო კარგო (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

მეღვენთება ცრემლის წვეთი 
და იშლება ათას ფერად,
შენი სახე მელანდება,
ცის თვალებს და ღიმილს ვხედავ.
შენ რომ არა, ჩემო კარგო,
ვერც ვნახავდი წიწვებს ღვიის,
მთვარის შუქზე ათინათად
რომ ბრწყინავს და მწვანედ ღვივის.
მათი სუნი საამური 
სიხარულად ტანში მივლის,
იმ წიწვებსაც შენს შენახებს 
მერე ვკოცნი სისხამ დილით.
ჩუმად, რომ არ დამინახო,
არ შეიტყო ჩემი ვნება,
სიყვარულის თუ არა და,
რომ გიყურო, მომეც ნება.
 


Friday, October 30, 2020

ერთსტროფიანი

 რა სისავსეა 

ველურ ვნებების 

იმ ქარიშხალში,

ფეხთ რომ მეხვევა 

პოზით მვედრებლის.


Thursday, October 29, 2020

ჩემი სახლი (სიმღერა)

სადღაც დარჩა ჩემი სახლი,
ჩემი თბილი კერა,
მომენატრა, მომენატრა
ვარსკვლავების ცვენა,
დავბრუნდები მე ჩემს სახლში,
გამითბება მზერა,
ვერც ქარი ვერ შემაჩერებს,
ვერც გრიგალი, მჯერა.
მისამღერი:
ჩემი სახლი, ჩემი სახლი,
ჩემი თბილი კერა,
დავბრუნდები, დავბრუნდები,
დავბრუნდები, მჯერა.
შიგნით ტახტი ჩუქურთმებით,
კიდობანი ძველი,
ბებიების ნამზითვ ჭურჭელს
დასდებია მტვერი,
გარეთ ანწლი რომ ხარობდა,
ვიცი, ისიც მელის
და არაფერს და არაფერს
შეუცვლია ფერი.
მისამღერი:
ჩემი სახლი, ჩემი სახლი,
ჩემი თბილი კერა,
დავბრუნდები, დავბრუნდები,
დავბრუნდები, მჯერა.
აივანზე გაკიდული
ჩირის სუნი მახსოვს,
პაპაჩემის თეთრი ცხენი
იქვე შორიახლოს
და შორიდან გესალმები,
მიყვარხარ და გნატრობ,
უსათუოდ დავბუნდები,
დამელოდე, სახლო.
მისამღერი:
ჩემი სახლი, ჩემი სახლი,
ჩემი თბილი კერა,
დავბრუნდები, დავბრუნდები,
დავბრუნდები, მჯერა.

შენ, სამოთხის ფრინველო (სიმღერა) მე თვითონ ვიმღერე

 დრო მიდის და დრო მოდის,

წიკწიკებენ წუთები,

სადაც არ უნდა ვიყო, 

მაინც შენთან ვბრუნდები,

შენ მინათებ ღამესაც,

გულს, სულსა და ცხოვრებას,

შენ რომ ქვეყნად არ იყო,

რაღა მემახსოვრება?!

ციმციმებენ ნამები

იის მწვანე ფოთლებზე,

შენი გულის კარების

კლიტე ვეღარ მოვძებნე,

რომ გადავხსნა სამოთხის

ბაღის ის ყრუ კედელი,

რომ გაქვს გადარაზული

და ვერაფრით ელევი.

ავირბენდი კიბეებს

ცისკენ შენი თვალების

ხელები რომ ჩამჭიდო,

ალბათ, არ დამზარდები,

შემოვიფრენთ მდელოებს

ღრუბლის თეთრი რაშებით,

მერე მზეს ვესტუმრებით,

ცის კოფოზე დავსხდებით,

ბოლოს სიონს ვეწვევით,

ჯვარი რომ დავიწეროთ,

აღარ გამიფრინდები, 

შენ, სამოთხის ფრინველო.






Wednesday, October 28, 2020

შენ, ჩემო სისხლო! (ერთსტროფიანი)

შენ, ჩემო სისხლო, ძლიერო,

რომ მათბობ გულის არეში, 

არა მღალატობ არასდროს,

არც ქარში, არცა დარებში,

სამშობლო თუ აღარ მექნა,

შენც გაყინულხარ ძარღვებში.


Tuesday, October 27, 2020

იქნები ნული (ერთსტროფიანი)

 ნეტავ, რად გინდა ხელში ალამი,

ან კალმისტარი, ანდაც ყალამი,
მთავარი თურმე ყოფილა ფული,
თუ ის არა გაქვს, იქნები ნული.

ვერ შეველევ ავტორი: დევი დედაბრიშვილი

 ვერ შეველევ,

ხახმატხევებ,
ჭორმეშავინაჭრელს!
ბებერ თეთრას
გამოხედვებ,
გულჩაკირულ სახლებს!
წაწლისაწოლს,-
წარღვნას, წვიმებ-
წამწამნამწკრივ ისრებს!
თებროლაი წყნარძუძუებ,-
აბორცვებულ ნისლებს!
მთვარისნამზერ,-
პურის ნატეხს,
ბალახნამცვრევ წინდებს!
ღვინოს,- ნასისხლყაყაჩოებ,
შებინდებდ რო მინდებ!
ვერ შეველევ,
მინდვრიზვინებ,-
ღამისნაშობხარებს!
დედისთვალებ,
დედისხელებ,-
დედისთმებითოვას!
ჩემლექსები ავადობას,-
თეთრი მგლების ხროვას!
სიყვარული?
ლექსად მიზივ,-
გაზაფხულად მოვა!

ეშაფოტზე

როგორ უნდა შეველიო

მიწას ყვავილთნაჭრელს,
ნისლს და ფირუზ მთაგრეხილებს
წყაროს, კლდიდან ნაწვეთს.
როგორ უნდა შეველიო
ხელით ნაჭრევ კარებს
პაპაჩემის ხელისგული 
ზედ რომ დარდად აწევს.
ალბათ, მიდევს ეს ურგები
თავი ეშაფოტზე,
მიწას ხელიდან გაცლიან,
სიტყვას ვერ ამბობდე.



 
 

Monday, October 26, 2020

ერთსტროფიანი

 ჩემი დამწვარი გულის კედელი

არ მემეტება ჩამოსანგრევად

და იმედი მაქვს, რომ საძირკველში

ერთი აგური მაინც დარჩება.

ციური ასპანიძე-მესხიშვილს (შაშვს) ერთსტროფიანი

 ჩემო შაშვო, 

"შოთაობის" 

გამარჯვებულს,

თანაც სამგზის,

შენ სიტყვა ვინ 

გაგიბედა,

ტარიელის 

ფრინავ რაშით?!

ისევ მამლის ყივილამდე, ავტ. იოსებ მაჭარაშვილი, პოეტი-აკადემიკოსი

 ისევ მამლის ყივილამდე

-----------------------------------
...
სიჭაბუკეს რომ ვიხსენებ,
(უპირველეს ყოვლისა), მწვერვალიდან მოწყვეტილი ზვავი მახსოვს თოვლისა... მახსოვს,- ავი განზრახვები ყველა სისხლისმწოვლისა, და, უსაზღვრო სილამაზე ვარსკვლავების ხომლისა... მახსოვს,- ლაღი იმედების და ოცნების რაშები, მირაჟების ვირაჟები და ქარების მარშები... თუმც, ბავშვური ქიმერების ბაღში ნათამაშები, მზის ნასხლეტი სხივიც მახსოვს ობლად ნაკაშკაშები... მახსოვს : ჯალლალ ედ დინთა და შაჰ აბასთა მსგავსები...მახსოვს : ბრიყვთა, რეგვენთა და ფლიდთა პერფორმანსები... მოყაშყაშე სავავები და მოყიპყიპე ქორები, მახსენდება, (როგორც ავად მიმოყრილი ჭორები)...
...
მაინც მიყვარს,-
დაფლეთილი საქართველოს რუკები; ეკლესია - მონასტრები, ტაძრები და შუკები; ხევსურული ფარდაგები, ნაღარები, ბუკები; გულმაგარი "ფუსტები" და მარდი "მამელუკები"... მიყვარს ჟამთა ლეგენდები... მიყვარს საგალობლები... ბედნიერთა დარად მიყვარს ქვრივები და ობლები... მიყვარს "ჩელა", მიყვარს "ლალე", "ლილეო" და "ჩაკრულო"... მიყვარხარ და მეყვარები ერო გულდაჩაგრულო!
...
შენს სოფლებში,
ძაღლის ყეფა, ნუმც მენახოს მოშლილი! მათხოვრებიც ნურვინ ნახოს ყველგან ხელგამოშლილი! როგორც ძველი და ახალი დორიული სვეტები, შენც შეგიქონ თაობებმა მთების სილუეტები! ქსნის ხეობის ჭალებიდან აგიფრინდეს გედები, რომ იხილონ შენი ბედის თეთრი განიმედები! მსხმოიარე კაკლის ბაღებს მოაშორე ჯალტამი... მესხეთს ვაშლი მოუწონე... გორს შეუქე ატამი... ალავერდის სანახებში ვენახები ახარე... გუთნისდედებს კვლავ შემატე ქიტესა და მახარე...
...
გენიოსებს თუ დაითვლი,
(არ გყავს მცირეოდენი)... ვის წინაშეც თავს დახრიან გოგენი და როდენი... ფიროსმანის ნახატებით გაილაღე გუნება, თორემ, მტკვარი, სევდიანი ჰანგით გებუბუნება... ვაჟას, დავით გურამიშვილს, რუსთაველს და ილიას, შექსპირთან და ბაირონთან ვამჩნევ სრულ იდილიას... თუ, მონსერატ კაბალიე და მარია კალასი, არიან და იქნებიან საამურად ხალასი, ქართლის ზვრებში მოწეული "რქაწითელი"-ს ნაყოფი, იყო, არის და იქნება ტალანტების სამყოფი!
....
მთებში ყოფნას რომ ვიხსენებ,
(უპირველეს ყოვლისა), მწვერვალიდან მოწყვეტილი ზვავი მახსოვს თოვლისა... მახსოვს,- ლაღი სურვილები სიმაღლისკენ ლტოლვისა... სილამაზეც მახსენდება ვარსკვლავების ხომლისა... ქიმერების საარაკო ბაღში ნათამაშები, მზის სიზმარი მახსენდება ობლად ნაკაშკაშები... მახსოვს,- მძაფრი ქარიშხლების ფრთებგაშლილი რაშები, მირაჟების ვირაჟები და დიდების მარშები... მახსოვს : ჯალლალ ედ დინთა და შაჰ აბასთა მსგავსები... და, მაღონებს რეგვენთა და ფლიდთა რევერანსები!
...
როცა,
გუბის ბაყაყები,
(უსაშველოდ ქვეხმიან),
იოგების მეოხებით გუბის ორკესტრს შექმნიან,
ვის მიერაც დაცულია ცის კიდე და ზღვის კბოდე,
კვლავ მესამე(დ) მამლის ყივილს შეგახსენებს იცოდე!
2019 წ;

Sunday, October 25, 2020

კაკლის ბერტყვა (საბავშვო)

 - ერთი ხალხა მომაწოდეთ,

უნდა ვბერტყო კაკალი,

პაპას უნდა მოვეხმარო,

კუნთები მაქვს მაგარი. -

გაიძახის ოთო ბიჭი,

სამი წლისაც არ არის.


სიტყვის განმარტება:

ხალხა - კაკლის საბერტყი ჯოხი

ერთსტროფიანი

 სული სუფთაა, როგორც სანთელი,

თუმცა ცოდვები მხრებზე ჰკიდია

და გაფრინდება ის უსათუოდ,

მონანიების ცრემლი ხიდია.

Friday, October 23, 2020

ერთსტროფიანი

 სარკმელს ისევ მიეფარა თეთრი მთვარე,

ჩამოაწვა მწვანე ტევრებს შავი ბინდი,

ნათელა კი ელოდება თვალით ნათლით,

როს ფანჯარას მოადგება ზორო ბიჭი.


შენც გაიზარდე, მეც გავიზარდე (სატრფიალო სიმღერა)

შენც გაიზარდე, მეც გავიზარდე
და ახლა თითქმის უკვე დავბერდით,
შევუერთდებით მარადისობას,
იქნებ, იქ ვნახოთ კვლავ ერთმანეთი,
იქ ლურჯ მდელოზე შევხვდეთ ერთმანეთს,
დავიპენტებით  თეთრი გვირილით
და უსასრულოდ ვივლით თაველზე
ხელჩაკიდულნი, ტუჩზე ღიმილით.
იქ გაიხსნება ჩვენთვის არილი,
სუნთქვას ვიგემებთ ისევ ერთურთის
და სიყვარულის წითელ ალუბლებს
დააგემოვნებს ტუჩი სათუთი.
შენც გაიზარდე, მეც გავიზარდე
და ახლა თითქმის უკვე დავბერდით,
შევუერთდებით მარადისობას,
იქნებ, იქ ვნახოთ კვლავ ერთმანეთი...




Thursday, October 22, 2020

ერთსტროფიანი

 მაინც იხტიბარს არ ვიტეხ,

რომც შევაჩნიო ღალატი,
შუქნიშანს ზეცა ამინთებს,
გულს ჩამიხუტებს ქალაქი.

მიაკითხე ჯოკონდას

მე ზღვის ტალღებზე ვირწევი და 
შენთან საუბრის მაქვს მიზეზი,
ზევიდან მქრქალი მზე მანათებს,
შენ როგორც ადრე თხზავ არაკებს.
ტყუილებს არ უჩანს ბოლო და
ცხოვრებას დავიწყებ ბოლოდან.
ჰაერს უცხო სუნი მოჰქონდა,
ალბათ, სხვა დედოფალს რომ ჰქონდა.
მე კი ზღვის ტალღებზე ვირწევი,
შენთან დაშორების მიზეზით,
სახეზე ღიმილი რომ მქონდა,
აღარ მაქვს,  მიაკითხე ჯოკონდას.





Tuesday, October 20, 2020

ერთსტროფიანი

 როცა მთვარე ვერცხლის სხივებს გაშლის

და ჩამოთოვს თეთრად ამ ჩვენს თმაში,

მუზათ ღმერთი დაეწვევა ნადიმს,

დაფნის გვირგვინს დაგვადგამენ მაშინ.

ვალსის ნაზ ჰანგებში (სიმღერა) შეასრუ;ლა ნატალია ჭელიძემ

ჩვენ ვალსების ნაზ ჰანგებში

ჩავიძირეთ, გავფრინდით,

ვერ ვიპოვეთ სიყვარულის

ვერც ზღუდე, ვერც ნაპირი,

ვარსკვლავები მოვიარეთ

და ვეწვიეთ მთვარესაც,

მხოლოდ ქარი გვდევდა უკან,

ვერ დავეხსენთ აბეზარს.

სურვილების ახდენაში

დაგვეხმარა აპრილი,

ყვავილები გაგვიშალა,

ვერ ვიგრძენით მანძილი,

დარჩა ქვევით დედამიწა,

ჩვენ ვიყავით მთვარესთან,

ვგრძნობდით იმის სიყვარულსაც,

ვარსკვლავების ალერსსაც,

მაგრამ მაინც მოგვიწია

დაბრუნება მიწაზე,

გავირბინეთ ზღვის ნაპირზე,

კვალი დარჩა ქვიშაზე,

ციმციმებდა ჩვენს გარშემო

სიყვარულით სამყარო,

ის საღამო ჩვენ მოგვიძღვნეს,

ის ჰანგებიც საამო.

 


ქალ-ვაჟის დიალოგი (სატრფიალო სიმღერა)

ვაჟი:  

მიყვარხარ და მენატრები,

ჩემო თეთრო თოლია,
ეგ ღვთიური სილამაზე
ციდან გამოგყოლია.
მუდამ წინ მაქვს შენი სახე,
შენი თლილი  თითები,
უნაზესი გაღიმებით
ბევრ სიყვარულს მპირდები.
ქალი:
არ გეგონის შენ გიღიმი,
შენთვის სადა მცალია,
ცოლობას რომ  მეპირები
და მიმზადებ გალიას.
გამომამწყვდევ შიგ ჩიტივით,
მომრთავ ზიზილ-პიპილით,
წითელგულა კი არა ვარ,
შორიდან რომ მიცინი.
ვაჟი: 
შენ ჩემი ხარ, ჩიტუნია,
შენს თავს არვის დავუთმობ,
თოლია ხარ, თეთრზე თეთრი,
ზღვის ქაფივით სათუთო.
სიყვარულის ლერწიც შენ ხარ,
წყაროც, პურის თავთავიც,
გამომყევი, კარგო, გვერდით
თოლიების ამალით.
ქალი: 
არავისი არ ვარ ჯერ და,
არავისკენ ვიხრები,
ვაჟებმა თუ არ დაცალეს
საისრეთი  მშვილდების
და იქ ვინაც გაიმარჯვებს 
მხოლოდ მისი ვიქნები,
ისე ცოლად ვერ წამიყვან,
ნურც გაივლებ ფიქრებში.
მისამღერი: 
ვაჟი: მიყვარხარო, ქალო, ძლიერ,
ქალი: არ  მიყვარხარ, ბეჟიავ,
ვაჟი: უსათუოდ მოგიტაცებ
ქალი: შველასა ვთხოვ ბერდიას.
ვაჟი: 
თუკი ჩვენი ერთად ყოფნა 
ზევით დაუწერიათ,
ვეღარ გაგვყოფს ეს სოფელი,
თუმცა ბინდისფერია.













.
ვაჟი: 
განა სიყვარულის ლერწო,
შენთვის ცუდი მწადია,
თოლია ხარ, უნაზესი,
შენთვის იფრენ








Monday, October 19, 2020

ალმასივით ანათებდი (სიმღერა)

ვარსკვლავებით მოჭედილი 
იისფერი ცის ქვეშ გნახე,
ალმასივით ანათებდი,
გაიელვა შენმა სახემ,
და მას მერე აღარა მაქვს
არც ძილი, არც მოსვენება,
მხოლოდ შენზე რაზედ ვფიქრობ,
რა ვუბრძანო ამ გულს, ნეტავ?!
შენ კი, ვარსკვლავს მორიალეს,
ვერ გაშინებს შავი ბინდი,
ანათებ და სიყვარულის 
ისრებს ირგვლივ ციმ-ციმ ისვრი.
მომაყოლე მეც ბადეში,
როგორც თევზი მოელვარე,
მზის შუქზე რომ ცისარტყელის
ლამაზ ფერებს უხვად აფრქვევს.
მეც ვანათებ, შენც ანათებ,
მე მიწაზე, შენ კი - ცაში,
გამიღიმე, თორემ ტრფობის 
ცისფერ კარავს სხვაგან გავშლი.
მისამღერი: 
მიყვარხარ, ვით ნათლის შუქი,
როგორც სხივი, პაწაწინა,
შენს სიყვარულს სად გავექცე, 
სად დავიდო ნეტავ, ბინა?










დარჩენილი ვარ (სიმღერა)

 დანაღმულია ყველა გზა და ყველა ბილიკი

და უშენობა გამჯდომია ძვალსა და რბილში,
ვიწვი ვით შავი ჟამგასული ძველი ფითილი,
მოვუქცევივარ წუთისოფელს საკუთარ ჩრდილში.
თუ კი შემისვამს სიყვარულის შხამის ფიალა,
გულს მიმშვიდებდა ზღვის ნაპირზე მქროლავი ბრიზი,
დღეს უშენობის ტვირთისა ვარ ცუდი მზიდავი
და ცრემლებისთვის აღარ ვეძებ მიზეზებს, იცი.


Sunday, October 18, 2020

ერსტროფიანი

- არავის მე არ ვუყვარვარ, 
- გაიძახის ამალია,
და არავის არ აქვს ნიჭი,
მოუძებნოს წამალია.

მოგონებები ყოველდღიურობიდან

 ამ დღეებში ბევრი ე. წ. პოსტი წავიკითხე ადამიანთა უმადურობის, გულგრილობის შესახებ, მე კი ერთ ამბავს გავიხსენებ: ბაზრიდან დატვირთული ვბრუნდებოდი, პატარა კალათით ჟოლო მომქონდა სხვა სურსათ-სანოვაგესთან ერთად, ავედი ავტობუსში, კალათა, რომელიც პარკში იყო მოთავსებული, გვერდზე მოვიდგი. რატომღაც ეს მწვანე ავტობუსები ისე დადიან, დამუხრუჭების დროს მგზავრები ცვივა ძირს და ჩემს კალათას რა დაემართებოდა, გადაყირავდა და შუაგულ ავტობუსში მოიბნა მარცვლები. ყრია ლამაზები, წვენი გასდით, ეტყობა, ცოტა გადამწიფებულნიც იყვნენ, გავნერვიულდი, ვიფიქრე, აიზილება ესენი და ამოითხუპნება მგზავრები ამ წვენში, დავიწყე აკრეფა, მოულოდნელად ახალგაზრდა ბიჭი მოვარდა, თვითონ აკრიფა ჟოლო, ცალკე პარკში მოათავსა, რომელიც იქვე მჯდომმა ქალბატონმა მოგვაწოდა. მე და ახალგაზრდას სველი სალფეტკიც მოგვცეს ხელების გასაწმენდად, უდიდესი მადლიერებით ავივსე ამ ადამიანების მიმართ. რამდენიმე წუთში პრობლემა მოგვარებული იყო. ეს ამბავი რომ მახსენდება, კარგ ხასიათზე ვდგები, მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ, ადამიანობა ჯერ კიდევ შემოგვრჩა ქართველებს.

Friday, October 16, 2020

სიმღერა

 მე სიყვარულზე გიმღერე,

შენ წყლის სასმელად გამიშვი,

შავი ზღვა რომ აღარ მეყო,

ზღვას მივადექი კარიბის,

ვსვი და ვსვი ჭიქით, დოქითაც,

ვერ მოვიშუშე იარა

და სიყვარულზე ნამღერმა 

დუნია შემოიარა,

მერე კვლავ შენთან მოვიდა,

გესმა და გული მოგილბო,

ახლა სხვა ვინმეს უმღერე,

მე სიყვარულმა მომიდნო.




,





გამახსენდა (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

გამახსენდა, დავდიოდი შენს ქუჩაზე,

შევცქეროდი შენს სახლს, ყურეს, აივანს,
წვიმა თვალებს უსასობით ამივსებდა,
ვერ ვუძლებდი უშენობის კაეშანს.
იმღვრეოდა ბინდისფერში შენი სახე,
წამწამები, ძოწიფერი ტუჩები,
და დღეს უკვე უსასრულოდ ის მაწამებს,
რომ უდროოდ დავიწყვიტეთ გულები.
მისამღერი: გამახსენდა დავდიოდი შენს ქუჩაზე,
წვიმა თვალებს უსასობით მივსებდა,
გამახსენდა ღამეები ვნებიანი,
ვირეოდით ერთმანეთში ნისლებად.
მახსენდება ღამეები ვნებიანი,
სისხლი ჩქეფდა თუ ლიახვის ტალღები,
მე, შენ, ღამემ ერთმანეთი გავიცანით,
სიყვარულის ავაფრინეთ აფრები.
ახლა მარტო დავაბიჯებ შენს ქუჩაზე,
ნისლისფერმა შენი სახეც დაფარა
და ერთი რამ დარჩა სახლზე დროის ურჩი,
ძველ კედელზე მორიალე ქანქარა.




მე გულიდან გშლიდი (სიმღერა)შეასრულა მაია სიჭინავამ

მე გულიდან გშლიდი,
ვით ნაკვალევს წყალი,
მაინც არ წახვედი,
ვერ წაგართვი თავი.
გულში არ გამქრალა
მცირე ნაპერწკალი,
თუ კი დაგინახე,
დაინთება ალი.
მე გულიდან გშლიდი, 
რომ დატოვე კვალი,
ვეღარ დაგივიწყე,
აღარა მაქვს ძალი.
ქარს და გრიგალს ვიწვევ,
გადამივლის წყალი,
იმ თვალუკუნ ბინდებს 
ვერ გააქრობს ალი.
მე გულიდან გშლიდი...


Thursday, October 15, 2020

იპარება დღეები (ერთსტროფიანი)

 იპარება დღეები, ნაზი, ფერგადასული,

ალვა თავზე დამცქერის, ნორჩი, ცამდე ასული,

მხოლოდ იმას შევხარი, გამეზარდა ასული,

არ მენახოს იმასთან ბოროტი და ავსული.



Tuesday, October 13, 2020

ერთსტროფიანი

 თავთუხების თაველებზე

მეტი მზე და სიმშვიდეა,

დგას სინაზე ღვთიშობელის
და დიადი იდილია.

Monday, October 12, 2020

მე მიყვარს შენი ლურჯი თვალები (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

მე მიყვარს შენი ლურჯი თვალები,
ნუშის ჭრილები, ცად აჭრილები,
და გამოხედვა ნუკრის, მწყაზარი,
ვით ანგელოზის დანაპირები.
მიყვარს მაგ ტანის სითბო ულევი,
რომ აფრთხობს ძლიერ შეხება ხელის
და კდემა არაამქვეყნიური,
უმანკოების ხიბლი  რომ შვენის.
მიყვარს ეგ თმები, ოქროს თავთავი,
ტუჩი ალუბლის, ფერი მარადი,
მზე მაგ თვალებში და სიდიადე,
რომ არ ჰქონია ქვეყნად არავის.





Sunday, October 11, 2020

ერთსტროფიანი

 არ მიწვევენ მეჯლისებზე,

ყურს სჭრით ჩემი ფანოღი,
ერთ ხილს როდი მიირთმევენ,
პირს იტკბობენ ასორტით.

Friday, October 9, 2020

ნუნუ ბებოს ამბავი (საბავშვო მოთხრობა)

  ნუნუ ბებო ჩვეულებრივი ქალი კი არა, ნამდვილი ჯადოქარი იყო: კატებსაც ელაპარაკებოდა, ძაღლებსაც, ძროხების ენაც კი იცოდა. ასე ამბობდნენ მისი პატარა შვილიშვილები, იმით გაკვირვებულები, რომ ის ადვილად პოულობდა საერთო ენას შინაურ ცხოველებთან. უცხო სტუმრის დანახვით გაგიჟებულ მურიკელას ერთს ეტყოდა, გაჩერდიო და ისიც ხმას ჩაიკმენდდა, ის კი არადა, კუდის ქიცინსაც კი იწყებდა ან კატა ტრიფონიას ეტყოდა, შენი შვილები გამომიყვანეო, ისიც დამალულებს სულ თითო-თითოს დაუწყობდა წინ, ნუნუ ბებოც მოეფერებოდა თავზე ტრიფონიას, კარგი გოგო ხარო, მერე ყუთს გაუმზადებდა, შიგნით თბილ ლოგინს მოუწყობდა და შიგნით ჩაუწვენდა კნუტებს სათითაოდ. მადლიერი ტრიფონიაც ბებოს ერთიორჯერ გაეხახუნებოდა თავით მუხლებზე, დაიკრუტუნებდა და შვილებისკენ გასწევდა. ახლა რა ამბავი ატყდებოდა ხოლმე, ნუნუ ბებო ეზოში რომ გავიდოდა, იწყებოდა ქათმების კაკანი და გნიასი. დაუყრიდა ბებო ხორბალს ან სიმინდს, ისინიც კმაყოფილები იყვნენ, კვერცხს ბარაქიანად იძლეოდნენ და სიხარულით კაკანებდნენ, აი, ნახეთ, რა ოქროს კვერცხი დავდეო, ნუნუ ბებო რომ გაეხარებინათ. ბებოსთვის მართლაც ოქროს ფასი ჰქონდა ამ კვერცხებს, თვეში ერთხელ წაიღებდა ქალაქში და ყიდდა. ქალაქშიც კარგად იცნობდნენ ქალს, ასეთი კარგი კვერცხი და ქათამი არავის ჩამოაქვს გასაყიდადო და კლიენტებიც ბევრი ჰყავდა. კარაქიც მხოლოდ მისი ადღვებილი და გამზადებული უნდოდათ. საქმეს რომ მორჩებოდა, დაიტვირთებოდა ქალი სურსათ-სანოვაგით, ქათმებს ხორბალს უყიდიდა, სიმინდი თვითონაც ჰქონდა სახლში, მაგრამ ხანდახან საკვები უნდა შეუცვალო ქათმებს, უფრო მეტი კვერცხი რომ დაგიდონო, - იტყოდა თავისთვის, შვილიშვილებს - კანფეტებს, ტკბილეულობას უყიდიდა, კიდევ ათას საოჯახო წვრილმანს გააყოლებდა ხელს და სახლისაკენ გასწევდა. გზა შორი ედო სოფლისაკენ, მაგრამ ის გზაც უყვარდა, ხეებს ათვალიერებდა, გაზრდილანო, კმაყოფილებით იტყოდა, გარშემო მთებს გახედავდა, ხომ არსად წასულან, ისევ ჩვენ დაგვხარიან თავზეო, მზეს გაუსწორებდა თვალს, მხოლოდ წესიერ და პატიოსან ადამიანებს შეუძლიათ ეს, - ჯერ არ ჩახვიდე, სახლში დაღამებამდე მივიდეო, - სთხოვდა. მზეც გაუცინებდა და არ ჩადიოდა, სანამ ნუნუ ბებო სახლში არ მივიდოდა.  ჭიშკართან მისული მზეს გახედავდა და დაემშვიდობებოდა, ხვალ გნახავო. გამოეგებებოდნენ პატარები ნუნუ ბებოს, ისიც გახსნიდა თავის რედიკიულს და დაურიგებდა კანფეტებსა და შოკოლადებს. ერთხელაც გზად მიმავალმა წყაროსთან შეისვენა. შესცქეროდა ჩამავალ მზეს და მისი სილამაზით ტკბებოდა. უცხო მგზავრი დაინახა, იქაურს არა ჰგავდა.-  საიდან მოდიხარო, - ჰკითხა. მგზავრმა სახლში მიმეჩქარება, ჰოლანდიიდან მოვდივარ, ერთი მცენარის პლანტაციები უნდა გავაშენო, ზეთი უნდა გამოვხადო იმისგანო. გაუკვირდა ქალს, ნეტავ, რა მცენარეა ასეთი, მე რომ არ ვიციო. - მექსიკაში მოჰყავდათ ინდიელებს, ახლა ევროპაშიც არის, თესლს ცოტას გადმოგიყრი, გაზარდე და ნახავო, - უთხრა უცნობმა, ნაჭრის პატარა ტომრიდან ერთი მუჭა თესლი ჩაუყარა ხელში და თვალისდახამხამებაში გასცილდა იქაურობას. ნუნუ ბებომ ცხვირსახოცში გაახვია შავი თესლი, რედიკიულში ჩადო და სახლისკენ გაეშურა, მართლა არ ჩავიდეს მზე და სიბნელეში გზაზე არ დავრჩეო. საქმეებში გართულს, მგზავრის ამბავიც გადაავიწყდა და მისი საჩუქარიც. პატარა მზევინარს, კანფეტების ძებაში გართულს, რედიკიული გაეხსნა და შიგნით იცქირებოდა,  ცხვირსახოცი ამოიღო, ქისასავით გამოკრული, შიგნით რამე სასუსნავი ხომ არ არისო, თანაც ფაჯარასთან მიეტანა, კარგად დავინახო, შიგ რა დევსო, გახსნა, მცენარის თესლი ძირს დაიბნა, სახლში საჭმლის ძებნაში შემოსულმა ქათამმა სიხარულით აკენკა, მხოლოდ ერთი ცალი გადავარდა ფანჯრიდან და მიწაზე დაეცა. როგორც იქნა, ნუნუ ბებოს გაახსენდა მგზავრის საჩუქარი, მაგრამ გვიანღა იყო. - ქათამმა გადასანსლაო, - უთხრა მზევინარმა. რაღა ექნა, ცოტა გული კი დასწყდა, უპასუხისმგებლობა გამოვიჩინეო.
      ზაფხული მოვიდა. ფანჯარა, საიდანაც თესლი გადავარდა, ბოსტნის მხარეს იყო მიქცეული. პატარა მზევინარმა ბოსტანში უცნაური ყვავილი შენიშნა, კაშკაშა ყვითელი, მზესავით, თანაც დიდზე-დიდი. წავიდა, ბებოს ამცნო ეს ამბავი. შემოეხვია ყველა ყვავილს, ათვალიერეს, ათვალიერეს, მაგრამ რა ჯიშის იყო და სადაური, ვერავინ მიხვდა. ყველას ძალიან მოეწონა, შეამჩნიეს, თავს მუდმივად მზის მხარეს ატრიალებდა, აღმა-დაღმა დაჰყვებოდა, ამ ამბავმა ყველა გაახალისა, მზრუნველობას არ აკლებდნენ ყვავილს, რა ლამაზია, ეზოშიც დავთესოთ, რომ დამწიფდება, აქაურობას გაგვილამაზებსო. მოვიდა შემოდგომაც. ყვავილმა უზარმაზარი თავი გაიკეთა, მალე ფურცლები ნელ-ნელა შემოაჭკნა, გული კი შავი თესლით ამოევსო. მოტეხეს თავი და სახლში შეიტანეს, თესლი გაისისთვის დაგვჭირდებაო. - სწორედ ესენი შემიჭამა ქათამმაო, - აყვირდა მზევინარი, - ნუნუ ბებოსაც გაახსენდა მგზავრის საჩუქარი და მისი ნათქვამიც, ამ მცენარის პლანტაციები უნდა მოვაშენო და ზეთი გამოვხადოო. გაეღიმა, მეც ასე ვიზამო. - ხედავთ, იმ მცენაროს თესლი, ღვთისირმა მგზავრმა რომ მაჩუქა, გადარჩენილაო. -  მას მერე ნუნუ ბებოს მიწაზე ყვითელი ყვავილების ბაღი გაშენდა, მიწა იცოცხლე, დიდი ჰქონდა,  მერე პლანტაციებადაც იქცა. შემოდგომაზე მოსავალს რომ აიღებენ, ზეთსაც ხდიან, მის შავ თესლს ბავშვებიც კარგად აკნატუნებენ და ქათმებიც, ხანდახან მზევინარი უმასპინძლდება ხოლმე, ძალიანაც მოსწონთ ორთავეს. ყვავილის ღეროებს ზამთარში ძროხებს აჭმევენ, მისგან საღებავის დამზადებაც კი ისწავლეს. ნუნუ ბებომ კი ყვავილის თესლისგან საოცარი ტკბილეულობა დაამზადა, ჰალვას რომ ეძახიან, ტყუილად კი არ ეძახდნენ შვილიშვილები ჯადოქარს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ ყვავილს მზესუმზირა დაარქვეს, ალბათ, მიხვდებით, რატომაც!

ერთსტროფიანი

 ვიღაცას ჰგონია, ცხოვრება გრძელდება,

ვიღაცამ დაუსვა მძიმეც და წერტილიც,
ცხოვრება უთუოდ ყვავილთა ბაღია,
დრო ყველას მოუვა ჭკნობის და სიკვდილის.

Thursday, October 8, 2020

ვეძებ რაღაც ახალს (ერთსტროფიანი)

 ვეძებ რაღაც ახალს,

გასაკვირველს ვეძებ,
რომ გამიქროს სევდა,
მზე დამინთოს მკერდზე.
აღარ დამეშანთოს
გული ერთადერთზე.

ვტრიალებ ცაში

ვტრიალებ ცაში არწივივით, ვეხლები ზეცას,
ბუმბერაზ მწვერვალთ გავაგონებ დარდსa და წუხილს,
ქედებს თოვლიანს გადაუვლის ელვარე  ელვად
ის შეძახილი, ასე ღრმად რომ ვინახავ გულში.
ამოიტანეთ ზედაპირზე ყველა დილემა,
ის ყველაფერი, რაც ჩვენს გაზრდას აბრკოლებს, უშლის,
მე არწივივით მივეხლები ცასა და მიწას
და ჩემი კვნესა ამქვეყნიურ სიცოცხლეს უდრის.

არაფერს არ ველოდები (სიმღერა)

არაფერს არ ველოდები, 
არც არაფერს ველოდი,
შენ იყავი ჩემთვის ერთი,
მიყვარდი და მჯეროდი.
და იმ ღამეს რომ გიხილე
სხვა ქალთან და სხვა მუზით,
დარდით გული გამეთანგა,
გამომიშვი პაუზით.
სიყალბეში ჩაიძირე, 
მეც ჭაობში ჩამძირე,
ვინმემ თოკი გადმომიგდოს,
გამოვიდე ნაპირზე.






Thursday, October 1, 2020

ერთად რომ ვიყავით

 მზის დიადემა დაადგათ ქედებს,

პალეკარტს წითელს ისხამენ მხრებზე,
ვიცი, არასდროს არ არის გვიან,
სიყვარულისა ვუმღერო შენხვედრს,
ვეგებებოდე სმარაგდს და ნიავს,
მივესალმო და ჩავეხვე ნისლებს
და გადმოვხედო ქვეყანას ციდან,
ხელი მოვხვიო რქაგრეხილ ჯიხვებს.
მაგრამ სად არის წუთი და წამი,
დროს დავუპყრივარ ვერაგს და ცბიერს,
ახლა ვიხსენებ იმ ლამაზ წამებს,
რომ ვერ მიცვლიან ამ დღემდე იერს.

.