Friday, November 30, 2012

ვალი


ვალით მოვდივართ და ვალით ვცხოვრობთ,
ვალი გვაქვს ქვეყნის, ვალი გვაქვს მიწის,
ვალი გვაქვს მშობლის, ცოლის თუ ქმარის,
შვილის, მეგობრის და წინაპარის...
ბებიას ღიმილს ვიხსენებ ახლა,
დაკლულ წიწილას და წითელ ღვინოს,
- მადა არა აქვს, ჩაასხით პირში,
იქნება საჭმლის მარილი იგრძნოს...
კაკლის მურაბებს, ჩურჩხელებს, წინდებს,
ხან ჩამოტანილს, ხანაც -  გზავნილებს...
ვინ მეტყვის, რომ ჩვენ არა გვაქვს ვალი,
სიყვარულით და ტკბილად გაზრდილებს!
და ჯორ-ცხენივით გვკიდია ვალი,
გვიჭირს ტარება, გვიჭირს გადახდა,
საფლავამდეც კი ვერ მიგვათრევენ,
ცოტათი ამ ტვირთს თუ არ დააკლდა...

Thursday, November 29, 2012

აკაცია



აკაცია, ყრმობის ხეო,
ტანზე ხელებს შემოგახვევ,
გულში მაგრად ჩაგეკვრები,
ჩუმ ცრემლებსაც შემოგაფრქვევ.
ხეივანში ჩამოვივლი,
სალამს გეტყვით ყველა თქვენგანს,
იმ პატარას რაღა უნდა,
დიდ ხეებს რომ ეფარება?!
- შენ არ გიცნობ, მაგრამ შენთვის
საჩუქარი მოვიტანე,
სიო მომყვა, საალერსო
სიტყვებს გეტყვის, გენაცვალე,
გაიზარდე, გალამაზდი,
თეთრ ოცნებას დაემსგავსე!

წერილი


გუშინ წერილი მივიღე შენგან, -
უარაფრობა შევავსე წუთით,
ხელით მოყვანილ შენეულ სტრიქონს
გამოჰყოლოდა ნაცნობი სუნი.
არ მინდა გედოს ნაღველის დამღა,
ახლადაშლილი ძველი გრძნობების,
შენ ალბათობის ხსნი ამოცანებს,
მე რეალობის ველში გშორდები.

სიმართლისთვის წამებულებს


მე ჩემი გზა მაქვს, ამ ბილიკებზე
მხოლოდ სიმართლის მხარეზე ვივლი,
ვერ დამაჩოქებს მე ბედისწერა, -
არ ვუშინდები ყორანთა ყივილს.
დაე, ორბებმა წამართვან თვალი,
დაე, დამკენკოს ყვავმა და ძერამ,
ოღონდ უფალმა არა მკრას ხელი,
ოღონდ არ გავხდე სიცრუის წერა,
განგების დაღი მადევს სხეულზე,
გადაიქროლეს დღეებმა, წლებმა,
სიმართლისათვის მომთხოვეს წილი,
ჩემი გზა, ალბათ, მიმიყვანს ღმერთთან!

გაზაფხულის პირი


დაგლეჯილ ზეწარს მაგონებს ველი,
თოვლი ხევისკენ გაპარვას ცდილობს,
მზე კი, მკაცრი და დაუნდობელი,
დანაშაულზე წაუსწრებს თითქოს...
მიწასაც მწარედ სტკენია სითბო, -
დამზრალი, შველას ცრემლებით ითხოვს.

მაისი


იდგა მაისი, ავობდა დარი
და ბაღში ვარდებს არხევდა ქარი...

Wednesday, November 28, 2012

მე უკვდავებას სხვანაირს ველი


ჩვენი სულები სხეულის ტყვეა,
ჯინივით ლამპარს გამომწყვდეული,
უკვდავებაა სულების სახლი,
იქით ისწრაფვის ჩვენი სხეულიც,.
წამლებითა და ჯადო-მისნობით
მალე სამყაროს შევაბერდებით,
მე კი არა მსურს ასეთი ბედი,
მინდა დაბერდეს ჩემი სხეული...
გელათის ტაძრის ქვა მინდა ვიყო,
სვეტიცხოველის ჭიშკარის ბოძი,
ზღვა მინდა ვიყო, მუდამ მღელვარე,
არ მასვენებდეს ამ ქვეყნის შფოთი,
ყვავილი ვიყო, დამყნოსოს ბავშვმა,
ნაზი პეპელა, ფუტკარის მტვერი,
არ მსურს, სამყაროს რომ შევაბერდე, -
მე უკვდავებას სხვანაირს ველი...

უდროო ჟამი


დრო შემოგვაცვდა ხელში,
დადგა უდროო ჟამი,
ზეცამ დაკარგა ხიბლი,
მიწას არა აქვს ფასი.
ეგოიზმის და ფარსის,
ვნებების გახდა მდელო,
ვეღარ გაიყვეს ძმებმა
ღვინით ავსილი თასი,
შურს დარჩა ისევ ლელო,
სიტყვას არა აქვს ფასი,
დავიწყებია ყველას, -
ქრისტეს სისხლია ჯამში.

Tuesday, November 27, 2012

შემოდგომის ქარი


შემოდგომის ქარი

ავი ქარი განრიგს გვიწერს,
დღეებს გვითვლის, ცივს და მზიანს,
ბობოქრობს და ლაღობს, გიჟობს,
ყველა მსხვერპლი დაუვლია...
წითელ-ყვითელ ფოთლებს ართმევს
ვერხვს, იფანს და მუხას ძლიერს,
მერე ლამაზ სამკაულებს
მიწას სიყვარულით მისცემს.

Monday, November 26, 2012

ღმერთმა შეუნდოს


ღმერთმა შეუნდოს ბოროტს და ავსულს,
ფიქრმა და განსჯამ გვიჩვენოს თავი,
თუკი სამსალა ნექტარად იქცა,
თუკი კეთილმა იჩინა თავი...
ვერ მოერევა ფითრი ხეჭეჭურს,
ვერ მოერევა თავთავებს ღვარძლი,
ვეღარ წააქცევს სიმინდის ყანას
სარეველები, ჭუპრი და მატლი,
გაიწმინდება ბოღმისგან სისხლი,
სინდისის ქეჯნა ეწვევა მკიცხავს,
და სინანულის უმანკო ცრემლი
მორწყავს ამ ქვეყნის დაღარულ მიწას...

Sunday, November 25, 2012

შემოდგომა


ტყეში ფოთოლი ცვივა,
ნაზად შრიალებს ქარი,
წყაროს ჩხრიალი აფრთხობს
ხეზე შემომსხდარ ყვავებს...
ნისლი ადგება ჭალას,
ჭირხლის დაიფენს საბანს,
ნესტიან მიწას ცივა,
ელის სიცივის წამალს,,,

შემოდგომა


ტყეში ფოთოლი ცვივა,
ნაზად შრიალებს ქარი,
წყაროს ჩხრიალი აფრთხობს
ხეზე შემომსხდარ ყვავებს...
ნისლი ადგება ჭალას,
ჭირხლის დაიფენს საბანს,
ნესტიან მიწას სცივა,
ნაღველის არწევს აკვანს...

შენი ლოცვაც გადამარჩენს (,,ჩემი გულის ხვეულებში დამეკარგე" , სიმღერა დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)


ჩემი გულის ხვეულებში დამეკარგე,
ვერ გიპოვე... ახლა ისევ გამახსენდი,
სალამურის ნაზ ჰანგებში ღამენათევს,
სულ ამაოდ დაგეძებდი გატაცებით...
დავრჩი ასე ობლად, კენტად, მარგალიტი,
სხვის მკერდზე ვარ ახლა უკვე დაბნეული,
რომ ვიბრწყინო, შენი ლოცვაც გადამარჩენს,
ნათელ ფერში მინდა ვიყო გახვეული...

Saturday, November 24, 2012

შემოდგომა(საბავშვო)

"ინდი-მინდი, ფერად- შინდი",
შემოდგომა მოგვიბრძანდა,
ვაშლი, მსხალი და ატამი
დიდ ხონჩაზე დაგვიბრძანდა.
ყურძნის ჭამით ვერ ძღებიან
ათული და თამუნია, 
ბებოს კიდევ, ლამაზ თეფშზე
ჩურჩხელები დაუწყვია.

Friday, November 23, 2012

მარგალიტი


ცისარტყელას ფერებიდან მოვდიოდი,
მერე სადღაც, ოცნებებში დავიკარგე,
ხან ზღვის ფსკერზე ნიჟარებში ვისვენებდი,
ხან მდინარის შავ კენჭებში დავიმალე,
ახლა მოდით, ამომკრიფეთ კიდობნიდან
მარგალიტი, მარცვალ-მარცვალ გაბნეული,
აასხით და გადაკონეთ ნაზი მძივი,
ლამაზებმა  რომ ატარონ ასწლეული! 

Thursday, November 22, 2012

დევებს


დევის ნაკვალევს მთვარის შუქზე მთებში გავყვები,
კრიალოსანით გადავითვლი გზებს და ბილიკებს,
ჰეი, დევებო, ასე მაღლა როგორ ახვედით,
რატომ გასცილდით ამ ქვეყანას, რას აქილიკებთ?!
მეარღნესავით სევდიანი ვუსმენ ბუნებას,
წყაროს ჩხრიალი, მდინარის ხმა გულს ამიდუღებს,
ჰეი, დევებო, ზეცისა და ქვეყნის სიკეთეს
თქვენ უკეთ ხედავთ და შეიგრძნობთ, ცის თაღს შეჰყურებთ?!
გზაზე ჭინკები მანჭვა-გრეხით გზა-კვალს მიბნევენ,
ცეცხლი დავანთე, გულზე ჯავრი მსურს გავიყარო,
ამ მთებით ცოცხლობთ, მათთვის სულსაც მიწყივ იმეტებთ,
იქნებ ამქვეყნად სამუდამოდ გამოიდაროს!
                               .   .   .
სისხამ დილაზე ოჩოკოჩთან დევებს შევხვდები,
ხელს გადამხვევენ, ძველ მეგობარს იცნობენ ჩემში,
არად-ღა მიჩანს უფსკრულები ნახავერდები,
აზარფეშები ჩარიგდება მთასა და ველში.

განთიადი


ხეთა წვერებზე წიოდა ქარი,
სისხლისფერ ღრუბლებს კერავდა ნემსით,
მთებზე შინდისფრად იწვოდა ღამე,
ალიონს ესხა ყაყაჩოს ფრთები...

Wednesday, November 21, 2012

ჭორიკანა(საბავშვო)


ლაპარაკობ ძველს და ახალს,
გიყვარს ბევრი საუბარი,
ან ბებია მოასვენე,
ან დედიკოს მოეხმარე,
თორემ ბევრი ლაპარაკით
ენა ისე აგტკივდება,
რომ წამლების გამოწერას
ექიმები დასჭირდება.

ბეღურებს(საბავშვო)


რას ჟივჟივებთ, ბეღურებო, რა გაწუხებთ?,
იქნებ გშიათ ანდა ზამთრის გეშინიათ?!
გადმოგიდგავთ თეფშით წყალს და გობით საკენკს,
თუ შეგცივდათ, ბებოს წინდებს ამოგაცმევთ.

ოცნება


ოცნება ვხატე დედის ხელებით
მაშინ, აკვანს რომ მირწევდა ნაზად,
მხოლოდ ოცნებით დაფრინავ ცაში,
მხოლოდ ოცნება არ გტოვებს არსად,
მხოლოდ ოცნებით გაუძლებ ტაროსს,
მხოლოდ ოცნებით მიაღწევ მიზანს,
ღმერთმა აკურთხოს დედათა ცრემლი,
ჩვენს ოცნებებს რომ ეღვრება წვიმად...

პატარა ბიჭის სიმღერა(საბავშვო)

სისხამ დილით წამოვხტები,
გადავასწრებ მთების არწივს,
მივადგები დალის წყაროს,
ცივ ანკარა წყაროს დავლევ.
ვერ მაჯობებს ის ტოროლა,
ცას ჭიკჭიკით რომ შეხარის,
გულმოდგინე სწავლით, ვიცი,
"ბუნების კარს" შევისწავლი.
გავახარებ ჩემს მშობლებსაც,
პაპას,ბებოს, ჩემს ძმა სანდროს,
მინდა მთელმა საქართველომ
ჩემი ცოდნით იამაყოს!

წვიმა(საბავშვო)


წვიმა მოდის წკაპა-წკუპით,
ბაღში გუბე დააყენა,
თაგუნია სოკოს ქვეშ ზის,
თავზე ქოლგა დაიყენა.

Tuesday, November 20, 2012

ღამე


გადაწვა ველზე შავი ნისლები,
მოესურვილა ყაყაჩოს, ყანას,
ქვეყნად ყოველი არის ღვთისნებით, -
ცა დედამიწას ალერსით ფარავს.

ჩვენს პატრიარქს


ჩვენს პატრიარქს!

ეშურება ცისკენ მგზავრი,
სპეტაკ სახეს ნისლი აკრთობს,
მის ნაკვალევს ია ფარავს,
სათუთ გულში დარდებს აქსოვს.
ბილიკები არ მთავრდება,
გზებზე ჯანღი აირია,
მაინც მიდის, არ ისვენებს,
დღე-შავი და თეთრი ღამე,
მთებისხელა, მზეა ჩვენთვის,
ღვთის მადლს უხვად გადმოაფრქვევს.
მის წინ ზეცა გადაიხსნა,
ელოდება მგზავრი ნაფერ
სიტყვასა და ლოცვას ღმერთის,
მერე ისევ სხივებს აფენს,
სამშობლოსთვის დაჩოქილი
ათას სანთელს ცაში ანთებს...
ნაკვალევზე ია ხარობს,
ვარდი ჰყვავის და ნათელობს,
ქართლის დაწყლულებულ მკერდზე
იტოტება საქართველო!
20.11.2012 წელი

Monday, November 19, 2012

Я вас любил(А. С. Пушкин)./ მე თქვენ მიყვარდით(ა.ს.პუშკინი)



Я вас любил: любовь еще, быть может
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.
Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам бог любимой быть другим.

მე თქვენ მიყვარდით... ეს სიყვარული
ჩემს გულში ისევ უმწეოდ ღვივის,
მის გახსენებას ვერ დაგაძალებთ,
ვერ მოგაყენებთ დარდსა და ტკივილს...
მიყვარდით მხდალის სასოწარკვეთით,
უიმედობით, ეჭვით ვიტანჯე,
 მიყვარდით ისე გულწრფელად, ნაზად,
ღმერთს შევთხოვ, სხვასაც ასე უყვარდეთ...

ცაო, გახსენი პირი


ცაო, ვინა სთქვა
კაცის ცრემლი, კაცის ტირილი?!
სისხლი სდენიათ...
ტანჯეს, აწამეს,სიტყვა სათქმელი
ყელში გაჩხერილ ბურთივით შერჩათ
და დარჩა ლოცვა მომლოდინე,
ცაო, გახსენი პირი,
მიიღე უთქმელი ლოცვა...

Sunday, November 18, 2012

ქისტის დედას (ეხმაურება ლაფანყურის ტრაგედიას)

დევის დედაო, რატომ ტირი, შვილი მოგიკლეს,
დასცეს ბეჭებზე, რაინდი და მთების მკვნეტავი,
მზაკვრობისა და ვერაგობის მარად მოსისხლე,
სწორუპოვარი რაინდი და გულმხნე მხედარი?!
ტყვიამ აბჯარი სუსხიანი ზრუნვით დაფლითა,
მზეს მოეძალა სისასტიკე ღამისეული, -
ტყის ბილიკებზე მეწამული ჩრდილი გაფინა,
მთის თავს მოავლო ლალები და ზღვა ძოწეული.
ნუ სტირ, დედაო, ჩვენც შენსავით ბოროტის მსხვერპლთა,
გვაჭამეს მიწა, ჩვენთა შვილთა სისხლში რეული...
აღარ ვიტიროთ, - ვაჟკაცები არიან ზეცას,
სამოთხის ბაღში გაუმართავთ კრება რჩეული!

თვითმკვლელს


გადახსნილი გაქვს ყველა ვენა, ლურჯი ძარღვები,
წვეთ-წვეთ იცლები, სიცოცხლისგან განაწამები,
გრძნობ, დედა ოფლსა გწმენდს, თბილი ხელით, ნაზი თითებით,
არავის უსმენ, აღარ გჯერა უკვე მითების.
მოგეჩვენება, მამა გიმზერს  ტკბილი ღიმილით,
ბაბუც, ოცნებით სავსე სახით, მზედ განფენილით,
გესმის სიტყვები, არაერთხელ ყურს აცდენილი
და ახლა ხვდები, გაუცრუე ყველას იმედი.
გინდა დაბრუნდე, გვიანია,  წვეთ-წვეთ იცლები,
გმირი გახდე და გაგაცილონ მთისკენ დიდებით.
ხედავ მეგობრებს, ამოსვრილებს, სისხლის წვეთებში,
გსურს დახმარება, მათაც ვეღარ მიეშველები,
ნანობ, წამებიც აღარ გრჩება, რომ თქვა, ბოდიში,
ღმერთს შველა სთხოვო, ჯოჯოხეთი არის ფინიში,
გინდა დაბრუნდე, მაგრამ ხვდები, არის გვიანი,
თვალებს დახუჭავ, ყურში გესმის "არაგვიანი",
შენს მკრთალ სახეზე ცრემლი ჟონავს მარილიანი
და სამწუხაროდ, ტრაგიკული გრჩება ფინალი.



როცა

როცა აღარა გაქვს დასაფიცი,
როცა აღარა გაქვს მოგონება,
როცა ყველაფერი დაგავიწყდა,
მაშინ ამაოა  შეგონება...

Saturday, November 17, 2012

გოჭი და თეო(საბავშვო)

გოჭმა თეო შეაშინა,
წაგართმევო ნუგბარ საჭმელს,
ჩქარა ჭამე, თორემ ძმებთან
მე გავიყოფ ტორტის ნაჭერს!

ნატო(საბავშვო)

ლამაზია ჩვენი ნატო,
კეთილი და მხიარული,
ბებიას და პაპას თვალი,
დედისა და მამას გული.
მეზობლის ბიჭს მურიკელამ
შარვალი რომ დაახია,
ნატომ ეზოს მოდარაჯეს
გრძელი ყური აუწია.
მოიტანა ნემსი, ძაფი,
ბიჭს შარვალი გაუმთელა,
ამის მერე აღარა ყეფს
ჩვენი ავი მურიკელა!

კაკანათი(საბავშვო)

თეოსა და ზურიკელას
კაკანათი დაეკარგათ,
ნატო ბებომ იპოვნა
და საკუჭნაოს მიაბარა,-
- ''ჩიტის მოკვლა ცოდვა არის,
ისიც ღმერთმა გააჩინა!'-
 თეოსა და ზურიკელას
სულ სხვა საქმე მიუჩინა:
წიწილები ჩააბარა,
დაითვალეთ: ერთი, ორი...
ეხლა ბავშვებს სხვა საქმე აქვთ,
აღარ ახსოვთ ტოლი, სწორი...

Friday, November 16, 2012

არხოტზე წყალი მეძახის

არხოტზე წყალი მეძახის და დაბამბული ქედები,
კლდიდან კლდეებზე გადავალ, ჯიხვივით გადავევლები,
უბრალო მწყემსი ვიქნები, ნაბადში გამოხვეული,
მჭადი და ყველი მეყოფა, გუდაში გამოვლებული,
არ ვუღალატებ ჩემს სამწყსოს, - ცხვარი ხომ ღმერთის კრავია,
არხოტზე წყალი მეძახის, - მივდივარ, მიმიხარია...

გაზაფხულია



კვირტებდასხმული ხე ხარ ძლიერი,
ფესვებს გიმაგრებს ქართული მიწა,
გაზაფხულია, დაბერე კვირტი,
ლორთქო ყლორტები ზეცაში მიგაქვს...
წყალი ჩაგიდგა ტოტებში, ტანში,
ჩვენი სისხლია, ჩქრიალებს ისევ...
გრიგალში ახალ იალქნებს გაშლი,
არწივებს გაზრდი ცხრა ზეცის კიდეთ.
შენს დაღარულ მკერდს წლები ამშვენებს,
კოხტასთავი და დიდგორი მოჩანს,
ტოლს არ უდებდი ყინვას, ნამქერებს,
გოლგოთა განვლე და მაინც შფოთავ.,
ჩვენი სისხლია, რომ გაზანზარებს,
ჩვენი გულია, რომ გიძგერს ისევ,
გაშალე შენი ტოტები ლაღად,
გაზაფხულია, ყლორტებად იქეც!

Thursday, November 15, 2012

"ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებს მიღმა

,,ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებს მიღმა
ერის დიდების გვირგვინი მოჩანს,
ფეთქავს გული და მატულობს მაჯა, -
ხორცს ისხამს  ჩვენი წინაპრის გარჯა,
სამყაროს ესმის ბულბულის სტვენა,
სულს - ღმერთის ძალა, ურყევი რწმენა,
ტიტანის შრომა ლეგენდად იქცა,
ყავლი არ გასდის ამ ძვირფას სტროფებს,
აფერადდება კვლავ შოთას გორა,
სამარადჟამოდ ძვირფას კვალს ტოვებს,
საუკუნეებს გასცდება ფრენით
ათასი გმირის გამზრდელი ფრთებით,
ნამარხებიდან აღდგება ფერფლით,
გაუხუნარი სულით და ფერით!

Wednesday, November 14, 2012

არაფერს

არაფერს ისე გავუთამამდი,
არაფერს ვარქმევ ახლა ყველაფერს,
არაფერია ჩვენი ცხოვრება,
ჩემს სულშიც ვეძებ თითქოს არაფერს,
არაფერია თურმე სიკეთე,
არაფერია ბოროტის ძლევა,
არაფერია ტყვიით რომ გკლავენ
და არაფერი სხეულში კვდება...
არაფერია გულს რომ გატკენენ,
არაფერია, რომ ამბობ სათქმელს,
ან რომ ვერ იტყვი, რაცა გაქვს გულში
და უარაფრო სიცოცხლეს აგებ...
არაფერია უარაფრობა,
უარაფროა აწმყოც და ხვალეც...

Tuesday, November 13, 2012

დაგიბრუნდები, დაგიბრუნდები!

ზამთრის ღამეში საცეკვაოდ ქარი გამიწვევს,
ვალსის ჰანგებით გადავუვლით ნაძვებს, კვიპაროსს,
ყინულის ველზე შევასრულებთ ერთ - ორ პირუეტს,
ამ სილამაზით  აღტაცება ზეცას მივაგო.
ზამთრის ბაღებში სიცივეა, ისევ ჩამოთოვს...
კაბას მომიქსოვს მთვარის შუქი, გვირგვინს - ვარსკვლავი,
ყინვის ჭახა - ჭუხს საცეკვაო რითმებს შევუწყობ,
გულს ამიჩუყებს ქარიშხალის კვნესა - კასკასი.
აკაციების ცივ ტოტებზე  ცრემლებს დავაწყობ,
გაბრწყინდებიან, როგორც მზეზე მარგალიტები,
შორიდან ისმის ჯაზისა და ბლუზის ჰანგები,
მათ მოსმენაში მარტოსული  გავირინდები,
"ოდესმე ისევ უცილობლად დაგიბრუნდები...",
ჩემში გამქრალა, დაბინდულა ყველა იმედი,
ქარბუქთან ერთად შევასრულებ ჩემს ბოლო ტანგოს
და ყინულების სარკოფაგში დავბინავდები...

Monday, November 12, 2012

დალის წყარო

დალის თმები ჩამოშლილა ტალღებად,
წყლის წვეთები ნაირფერად ბრწყინდება,
მზე მიღიმის, "მზეობანას" ვთამაშობ,
ოქროს სხივის მიჭირს დამორჩილება.
ჩანჩქერები მძივებივით იშლება,
მოდის თეთრი მარგალიტის დინება,
ლურჯმა შხეფმა აისხლიტა მდევრები,
ცისარტყელას ფერში გადმოდინდება.
სასწაული - ცხადია თუ სიზმარი?!
მთაზე ვდგავარ, ჩემ წინ დალის წყაროა,
წმინდა წყალმა, მინდა, სული განმბანოს,
ცოდვილი ვარ, რაგინდ სამწუხაროა!

ყიყლიყო(საბავშვო)

ქანდარაზე შემოსკუპდა,
ჩვენი ჭრელი მამალი,
ქათმებს დაცვა ხომ ჭირდება?
ნახა გამოსავალი...
დაიყივლე შენებურად,
შემოსძახე "ყიყლიყო!"
მელია რომ შეაშინო,
ბევრი უნდა იყივლო!

სიმღერა ტატუს ქალზე


ლამაზიაო, ამბობენ შენზე,
ტატუს იხატავ ფეხებზე, მკერდზე,
შენს გრძელ ფეხებში დაკარგულ ბიჭებს
შიშველი ტანის საცქერლად იწვევ,
აღმართზე ახვალ,მოგყვება ტალღა,
დაღმართზე ჩახვალ, ზღვა გხვდება, ალყა,
სიგარის ბოლში გაინისლები,
ინტერნეტ სივრცეს დასეტყვავ რითმებით,
თანამედროვეაო, იტყვიან შენზე,
მეტყველებ ფრაზებით, ვერ ვიგებ ვერცერთს,
კდემა და სიმორცხვე შენთვის უცხოა,
ტატუს ქალი ხარ, ტატუმ შეგმოსა,
ფანტელებს იყრი სალათის კერძზე,
რა გიყვარს, რა გძულს, ვერ ვიგებ ვერცერთს,
ათასი გული  მაინც შენ გეძებს!

ჩემო სოფელო!


მე ვკოცნი ხელებს იმ გლეხკაცის,
ყანა რომ მოყავს, თოხნის და ბარავს,
მერე ცელავს, ამზადებს სათიბს,
პურის თავთავებს ეფერება, მუჭაში ჩაყრილს,
მინდორზე გაჰყრის, ვით მარგალიტს,
ზღვის ფსკერზე ნათიბს.
ბარდნის ყანებში მზის სხივებით,
ყვითლდება ყანა,
ყვავილი ელის ფუტკარსა და ხატულა პეპლებს,
ოქროკაცი კი, ოქროთივე
თოხს და ცელს ფერავს, -
სულ შრომაშია, -
სათავისო სიხარულს ეძებს.
მზის სხივებს ფერობს ეს ზაფხული,
მინდვრები - სათიბს,
ოქროს თავთავი
სასწაულის საცქერლად გვიხმობს,
გლეხი კაცი კი - პურის ყანას
უმზადებს ქათიბს...
მზის ფერდობებზე ალიონი გაწვება თითქოს.

Friday, November 9, 2012

აგვისტოა (საბავშვო)

ჭრიჭინებმა შემაწუხეს ჭრიჭინით,
მსხალი ქარვად, ვაშლი ოქროდ იღვრება,
აგვისტოა, მზემ ალიონს აასწრო,
არ აცალა მამალს გამოღვიძება.
ფოთოლს ცვარი ნაირფერად ანათებს,
ლურჯ-წითელი მწვანეს ფერს ეცილება,
პურს ყაყაჩომ გადახვია ხელები,
პირველობას ვარდსაც შეეცილება...
მელას კერძო, შე ყოყოჩო მამალო,
გაიღვიძე, მოიფშვნიტე თვალები,
აგვისტოა, მზემ შეჯიბრში გაგასწრო,
მთელ ქვეყანას დაუყენა თვალები.

Wednesday, November 7, 2012

ნუ მიმატოვებ!

ნუ მიმატოვებ!

ნუ მიმატოვებ, როგორც ყვავილს ჰერბარიუმში,
როგორც სიკეთეს, რომელიც დღეს აღარ გჭირდება,
როგორც იმ ძველ წიგნს, ათასჯერ რომ გადაიკითხე,
გადაგდება კი, ვიცი, მაინც გაგიჭირდება.
ნუ მიმატოვებ, ჩემი გული ისევ გაგათბობს,
ზამთარში ცეცხლზე უარი თქვა, ალბათ, ძნელია,
ჭირხლი ტოტებზე ვერცხლისფერად ისევ ქანაობს,
თოვლის ფიფქები ფიჭვის წიწვებს არ დასცვენია.
კვამლის ბოლქვები ცის ტატნობზე სურათებს ხატავს,
შავ ღრუბლებს ქარი სადარბაზოდ ისევ გაიწვევს,
თეთრ სუფრას გაშლის მთის მწვერვალზე, მოსაღამებულს
და ქარაშოტსაც, ხანჯლით ხელში, ცეკვა მოუწევს.
ქორწილი არის, ამ ქორწილში მე ვარ თამადა,
ნეფე - ცივი მთა, დედოფალი - ცივი ქარია,
აჟივჟივებულ ჩიტებსა და ჭილყვავს გავცქერი, -,
მოსალოცებით ფრთაგაშლილნი მოიჩქარიან.
მეც მიხარია, გრიგალი და ყინვა - სიცივე,
ვიცი,  გჭირდები, კერიასთან ცეცხლი დავანთოთ,
ნუ მიმატოვებ, ზამთრის სუსხი ისევ ჩამოკრავს,
გადათოვლილი მწვერვალები სუნთქვით გავათბოთ,

Tuesday, November 6, 2012

იმედი ხვალის

ქარი ბობოქრობს და საშველად ზღვის ტალღებს უხმობს,
კუპრმა და ჭუჭყმა ამოავსო ცის კიდობანი,
გაშავდა ზეცა, ჭექა-ქუხილს არ უჩანს ბოლო,
ელვამ გაჰკრა და წინ გამოჩნდა თეთრი ფრეგატი.
ამაყად მრბოლი ევლებოდა ზემოდან ზვირთებს,
აპობდა ტალღას,თოლიებთან ეძებდა ბინას,
ის საომარი ყიჟინაც კი ყურებში მიდგას...
თითქოს ბრძოლაში ახვედრებდა მტერს გულის ფიცარს.
დაბნელდა ისევ, კვლავ ჩამოწვა ღამის წყვდიადი,
შიშით ვეძებდი, ნუთუ გაქრა, გაუჩნდა ბზარი,
უძირო ჭაში დასამარდა თეთრი ოცნება
ყველა ჩვენგანის,თითოეულის, ქალის თუ კაცის...
ვინც ამ ცხოვრებას უმკლავდება, მორევში ბრუნავს,
უნდა გადარჩეს და შორიდან შესცქერის ნაპირს.
განათდა ზეცა, კვლავ გამოჩნდა თეთრი ფრეგატი,
და მასთან ერთად ცოცხალია იმედი ხვალის,
ოცნება კაცის, ვინც ცხოვრების ქარცეცხლში ბრუნავს,
უნდა გადარჩეს და უეჭველად მიაღწევს ნაპირს!




შავი კარკასი

შავი კარკასი - ჩვენი ცხოვრება,
ქვითკირი უნდა და შეგონება,
ცემენტი, ქვიშა, ჩაქუჩი, ურო,
კარგად აზილო და დააპურო...
ხვეულებს - ფიქრი, თვალებს - სანახი,
ენას - სიტყვების დიდი მარაგი,
ყურს - მოსასმენი სიმფონიები,
კანს - შესაფერი ემოციები,
ყველაზე მეტი - გონების სარჩო,
ურომლისოდაც კაცი არ ვარგობს!

Monday, November 5, 2012

ატმის ტოტი ვარ!

შენ მაღლა დგახარ, მთის მწვერვალზე, ძლიერო მუხავ,
და ჩვენ ორს  შორის დრამატულად დიდი ზღვარია,
შენ ზევითა ხარ, კლდის ფერდობებს უდგახარ ზღურბლად,
მე - ყვავილებით გადაპენტილ ხეივანში ვარ...
ბაღების მკვიდრი, მოქარგული ოქროს სირმებით,
ბუნების ძალით ვარდის ფურცლად აყვავებული,
ატმის ტოტი ვარ, სიყვარულით ავიდგი ენა,
ამ მიწის მკვიდრი, სიკეთისთვის დაბადებული.
შენ გეტრფი მუდამ, ძლიერო და ამაყო მუხავ,
დაღარულ ტანზე ქარიშხლების კვალი გატყვია,
ფესვღონიერო, კლდეს გატეხ და არწივებს უმზერ,
შენთვის სიცოცხლე საუკუნო საჩუქარია,
მე ყვავილებით დაფიფქული პატარა ხე ვარ,
გიყურებ მაღლა, ამით ვცოცხლობ და მიხარია...



ბავშვის თვალები

ბავშვის თვალები, თვალები ზეცის,
სამყაროს სარკე, დედის ოცნება,
გულუბრყვილობის, სიმართლის წყარო,
ურომლისოდაც არ გვეცხოვრება...
ძვირფას ალმასებს ფერს დაუკარგავს
შვილის თვალები, სიკეთის მთქმელი,
მხოლოდ მასშია ის სათნოება,
ურომლისოდაც კაცი ვერ მღერის...
მხატვრის ფუნჯიც კი დაკარგავს ძალას,
თუ ცისარტყელას ნაზი ფერებით
ბავშვობის ნატვრა მან ვერ დაფერა,
ვერ აამღერა  ვაზის ლერწები...
ბავშვის თვალები - ცისკარი დილის,
ნაირფერადი ზღაპრის სამყარო,
მხოლოდ მზის სხივად რომ იხატება,
მხოლოდ ხატად რომ უნდა ატარო...