Sunday, October 31, 2021

შიში (მოთხრობა)

  შიში აიკლაკნა ქალის თვალებში, როცა ჰკითხეს: -  რისი გეშინიაო, - არაფერი არ თქვა, თვალი მოარიდა მკითხველს, მზერა სხვა საგნებზე გადაიტანა, წნევას სხვას გავაზომინებ, ამას აღარ შევაწუხებო, - გაიფიქრა და ოთახიდან გაუჩინარდა. გაკვირვებულ რძალს უკვე მერამდენედ გაუელვა თავში, ამ ქალს რაღაცა სიზმარი თუ აქვს ნანახი და არ გვეუბნება, აბა, ასეთი შიში რატომ უდგას თვალებშიო. ერთი თვე იყო, ქეთო ადგილს ვეღარ პოულობდა, მეშვიდე სართულზე ცხოვრობდნენ, დღეში რამოდენიმეჯერ ჩადიოდა და ადიოდა კიბეებზე, ლიფტით არ მგზავრობდა, დახურული სივრცის შიში ჰქონდა, იმ დღესაც უკვე მერამდენეჯერ ჩამოუარა მეზობლებს, შედიოდა, წნევას აზომინებდა, რძლის ნათქვამი თითქოს არ სჯეროდა, არც სხვა მეზობლებისა, ყველა მათგანს ამოწმებდა, ვინმეს რამე ხომ არ შეეშალაო. აწყნარებდნენ, ნორმალური წნევა გაქვსო, არ იჯერებდა. ისევ ადიოდა და ჩადიოდა კიბეებზე, ბევრსაც აღარ ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცა ძალას შეეპყრო, რომელიც ფიქრის და ლაპარაკის უნარს აკარგვინებდა, და ეს ძალა სხვა არაფერი იყო, თუ არა სიკვდილის შიში, განა ყველას შეუძლია ის დაამარცხოს, იმას მოერიოს?! მოხუცი მალე 87 წლისა გახდებოდა, თვეც არ იყო დარჩენლი მის დაბადების დღემდე, აღარ ახსოვდა, მაისის 27-ში იყო  დაბადებული, თუ 28 - ში, ეს ბოლო თარიღი კი ეწერა პირადობის მოწმობაში, ხანაც ექიმებთან გარბოდა, იქვე ახლოს ქალთა კონსულტაციაში გადმოეწერა ოჯახის ექიმთან, ხშირ-ხშირად აკითხავდა, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც. კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა შეაწუხა ბოლო ხანებში. ცალ ფეხსაც იტკივებდა მენჯ-ბარძაყის სახსარში, ჯოხიც მოძებნა, ყავარჯენი, იმას იშველიებდა. იმ დილითაც დილაუთენია ადგა, ჯოხი აუსხლტა მეტლახზე, წაიქცა, მთელი ოჯახი ფეხზე დადგა, აიყვანეს, საწოლზე დააწვინეს, ტკივილს ვერ გრძნობდა, სასწრაფო გამოიძახეს, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობაზე მიიტანეს ეჭვი, რენდგენის გადამღები ჯგუფი სახლში გამოიძახეს, ეჭვი გამართლდა. ვეღარ ავდგებიო,  თქვა მოხუცმა, ახლა მივხვდი, საიდან მოვიდაო, უთხრა რძალს. მაია დარწმუნდა, სიკვდილზე ლაპარაკობდა მოხუცი. მადლობა მოუხადა რძალს ყველაფრისთვის, რასაც მისთვის აკეთებდა, კალამი და ქაღალდი მოითხოვა, სამადლობელი წერილი დაწერა რძლისთვის, რომელთანაც ოცდაათი წელი იცხოვრა. მხოლოდ პირველ დღეს იყო გონზე, მესამე დღეს დილით გარდაიცვალა, რძალმა რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო, მაგრამ არ წაიყვანეს საავადმყოფოში, მალე დატოვებს მისი სული აქაურობას, ნუღარ გააწვალებთ, სახლში მოკვდესო. მაიას არ სჯეროდა, რომ დედამთილი ასე მალე წავიდოდა, ჯანმრთელი ქალი იყო, ყოველთვის გამოდიოდა მძიმე მდგომარეობიდან, თვითონაც ბოლომდე იბრძოლა, თავზე დაჰფოფინებდა მოხუცს, ამაზე უარესი მდგომარეობიდან გამომიყვანიაო. მეორე დღის ბოლოს ავადმყოფს საშინელი შფოთვა დაეწყო, ჯოხს ითხოვდა, მოტეხილი ფეხით საწოლიდან დგებოდა, ვერ იჭერდნენ, საითკენღაც ისწრაფვოდა, ჯოხით აკაკუნებდა იატაკზე, ჭიშკრის გაღებას სთხოვდა ვიღაცებს, მაია გაოგნებული უყურებდა ამ სცენას, სკლეროზი დაეწყოო, ფიქრობდა, ქმარმა უთხრა, სამოთხის კართან დგას ალბათ და ჭიშკრის გაღებას სთხოვსო. არ დაუჯერა. ორი ღამის უძინარმა თვალები მიხუჭა, ქმარი დატოვა მოხუცთან, დილით დათომ გააღვიძა, დედა კვდებაო. შეხედა, მოხუცს თვალები ღია ჰქონდა, აღარ ინძრეოდა, აკივლდა ძალაუნებურად, სიკვდილს უყურებდა თვალებში, დიახ, ღია თვალებიდან სიკვდილი იყურებოდა, მაიას ყვირილზე, თუ გესმითო, მოხუცს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე, მალე გაუშეშდა გუგები, რძალმა თვალები დაუხუჭა.

როცა ამქვეყნად აღარავის აღარ სჭირდები

 როცა ამ ქვეყნად აღარავის არა სჭირდები

და მიუყვები ამ ცხოვრებას მარტო, ეული,

ზოგჯერ მგელივით შეგაშფოთებს ზამთრის სიცივე,

მაშინ გამშვიდებს მირაჟები ზღაპრისეული.

ზიზილ-პიპილო დაგიმშვენებს მაშინ მაგ სახეს,

ამ ცხოვრებიდან უარაფროდ სულ რომ არ გაქრე,

და გახსენდება სახე ნაზი დედის და მამის,

როცა იყავი სულ უმწეო და თოთო ბავშვი.

მაშინ უყვარდი, მაშინ სწამდათ, ხარ საოცრება,

აგისრულდება ყველა ნატვრა, ყველა ოცნება,

მაგრამ შენ ახლა მიჩანჩალებ ამ გზებზე მარტო,

და გიხარია, ფიფქებად რომ ლამაზად გათოვს,

ნაძვები დგანან, და გიღიმის დედა და მამა...



ამ ღამით ჩემთან გელოდები (სატრფიალო-ეროტიკული)

ამ ღამით ჩემთან გელოდები, 

დათოვლილ მთებში, 

გავშალოთ ჩვენთვის 

სიყვარულის თბილი კარავი,

შემომიწვები, რომ გამათბო,

 სურვილით, ვნებით,

თითქოსდა შეგვკრეს 

ცეცხლოვანი რგოლით, ქამარით,

მე მოგხვევ ხელებს,

დამიკოცნი ვარდისფერ კერტებს და 

სიყვარულის ლაბირინთში ჩავიძირებით,

დასაკოცნელად ყველა უჯრედს შენს ტანზე ვეძებ, 

და მე ვოცნებობ შენ ერთადერთზე.




არ დამჭირდება (სატრფიალო)

ჩვენ სიფრიფანა ტიხარი გვყოფს აქეთ და იქით,

ოცნების გემი მიირწევა და მოჩანს შორად,

მე კი ფიქრებში დაღალული სიჩუმეს ვტირი,

და სიმარტოვეს ვკნესი და ვოხრავ.

ერთხელაც, ვიცი, ამ სიჩუმეს დაარღვევს გემი,

და ჩემთან ლურჯი ქიმერა მოხვალ,

აღარ ვიქნები მარტო და მწირი,

არ დამჭირდება კვნესა და ოხვრა,


მზეო! (სატრფიალო)

შენ გინახავდი ჩემს გულის სითბოს,
შენ გინახავდი ჟინსა და ვნებას,
შენ შეგინახე ჩემი წალკოტიც,
ჟამთასვლისაგან ნელ-ნელა ჭკნება.
მორჩილად ვიწვდი ჩემს მკლავებს შენკენ,
მზეო, ჩამოდი, დროს ნუ დავკარგავთ,
თორემ ამ წლების ცივმა ზამთარმა,
ჩემი ყვავილის ბაღი გაძარცვა.
გაზაფხულამდე იქნებ მომისწრო,
ამიხმაურდეს სისხლი ძარღვებში
და შენ იქნები მთელი სამყარო,
ჩემთვის რომ ციდან სხივად დაეშვი.

შენ იყავ (სატრფიალო)

ტუჩები შენსას დავაწებე, თაფლივით ტკბილებს,
მოგონებებმა გადამაგდო სულ სხვა მხარეში,
შენ იყავ, ალბათ, მოდიოდი ზამთარში ფიფქად, 
მიალერსებდი, შენთან მქონდა ვნებათარეში,
შენ იყავ ქარიც, ქარიშხალიც, ალბათ გრიგალიც,
ხეს მიმაკრობდი და მკოცნიდი ჟინით და ვნებით,
ზღვა იყავ, ტალღა, მკერდზე, ფეხზე მეფერებოდი,
სიამოვნებას რომ ვერ აღვწერ სიტყვით და ენით.
და ახლაც, ახლაც, შენს ხელებში ვთრთივარ ფოთოლი,
ალბათ ევას თუ დარჩენია ოდესღაც მოლზე,
შენ კი ადამო, სიყვარული უნდა მასწავლო,
რომ მერე ისევ გავიხსენოთ, შევხვდებით ოდეს.
 





მინდა რომ გიყვარდე (სატრფიალო)

 მინდა გიყვარდე, ისე როგორც არასდროს, არვინ, 

მაგრამ ვიცი, რომ ეს ზედმეტი სითამამეა,

შენ მე არ მიცნობ და შენს გრძნობებს როგორღა მანდობ,

უბრალოდ ფიქრობ, მხარდაჭერა შენი ვალია.

და რა საქმე გაქვს ჩემს შლეგ ან და გიჟურ ვნებებთან,

თუმცა კი ცდილობ დააცხრო და მოთოკო ქარი,

შენს კეთილ გულში სითბოს ბევრი ნაპერწკალია,

და არ გინდა რომ სიყვარულის დაიდო ვალი.








Saturday, October 30, 2021

ახლაღა მივხვდი (სატრფიალო)

ვისაც ვუყვარვართ, ის ჩვენ არ გვიყვარს,
ჩვენ კი ვინც გვიყვარს, არ ვსურვართ იმათ
და დაგვაქვს საბნად მწარე ფიქრები,
ცხენისწაბლივით გაძრობა გვინდა,
დაზამთრდება და ყრია ქერქები,
რამდენი კაცის სიყვარულს ითვლის,
და როცა ხეებს გვერდზე ჩავუვლი,
ჩემიც იქ არის, ახლაღა მივხვდი.

შენ შემერთვები (სატრფიალო)

 შენთან შეხვედრის მელოდება დრო და საათი,

იქნებ გავაბათ ჩვენ მასლაათი,

თუ გამაცილებ ნაპირისკენ მიმავალ ნავზე,

გვერდზე ჩავუვლით ჩიტიან ანძებს.

თუ ვისეირნებთ გატრუნულნი ცხენებით მოლზე,

თუ დავკრეფთ ბაღში ვარდების კოკრებს,

თუ გირჩევნია სადმე ქოხში განმარტოვება,

რომ ჩვენი გახდეს მთელი დროება,

და გადავეშვათ ჩვენ იმ ღამის ბნელ უკუნეთში,

სანთლებად ენთოს ჩვენი სხეული,

მე გავიშლები ვარდებად და გეაცინტებად,

შენ შემერთვები ფაქიზ ნისლებად.

 

ძნელია თრევა(ერთსტროფიანი, მინიმა)

 ძნელია თრევა იმ მძიმე უღლის,

ზურგზე დოლაბად, ლოდებად  გვაწევს,

მაგრამ კაცობა ის არის სწორედ,

ადამიანად რომ უნდა დარჩე.


მყვირალობაა ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მყვირალობაა!

(სურათის აღწერა.)
დგას ხარ--ირემი, აუწვდია ზეცამდე რქანი,
შემოდგომაა...მყვირალობის დამდგარა ჟამი,
მისი ყვირილი შეათრთოლებს შავ ფარდას ღამის,
ფურის ლოდინში საუკუნედ იქცევა წამი...
და ჩვენ კი, კაცებს, ,,სიყვარულის მალვას" გვირჩევენ...
ვისა სჭირდება შეგონება, დიდნი, მცირენი,
თუკი ყვირილით ირმებიც კი ერთურთს ირჩევენ,--
თუ მართლა გიყვარს, რად არ ჰყვირი, ვით ხარ--ირემი?
რამ დაგადუმა, ირემივით ამცნე სამყაროს,
გული მუდამ სცნობს, ვისაც გზნებით შენსკენ უვლია,
დაე, თუნდ დაგგმონ და პატივი ყველა აგყარონ,
ღმერთი შეგინდობს,--რადგან ,,ღმერთი სიყვარულია!"
ქორბუდასავით შეუბღავლე პირსავსე მთვარეს,
დაკვესებული შეაგებე ღამეს თვალები...
გამოაცოცხლებ შენს გარშემო გარინდულ არეს,
მყვირალობაა...სიყვარულს ვერ დაემალები!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 08.09.2012 წელი.

შენ, ჩემო ვაზის ნაჟურო! (სატრფიალო)

შენ ჩემო ვაზის ნაჟურო,
მომდომებიხარ წამლადა,
შენ ტუჩის გემო გავიგო,
უნდა წავიღო საგზლადა,
შენი თვალების ფერისა
მინდ შევიკერო კაბაი,
ცის ნაფლეთი რომ გეგონო,
ცაში მაფრინო მაღლაი.
შენი სულის ვარ ნაწილი,
იქნებ ამასაც ვერა ჰგრძნობ,
ჩიტი რომ შემოგჭიკჭებს,
ნუთუ იმასაც ვერა სცნობ.
მომნატრებიხარ გულამდე,
ჩემი სიზმარი, ფიქრი ხარ,
არ ვიცი, როგორღა გითხრა,
როგორ მიყვარხარ, მინდიხარ!



Friday, October 29, 2021

იქ გელოდები! (სატრფიალო)

 

გავშალოთ მოლზე ჩვენთვის ლოგინი,

იქ გელოდები, უთუოდ მოდი,

მიწის ბორცვები გახდეს ბალიში,

საბნად მოვისხათ სამყურას კორდი.

ალბათ, იქნები ყველაზე ჩქარი,

ყველაზე სწრაფი მიჯნურებს შორის,

არ დაგავიწყდეს, ღვინო და ჯამი,

რომ იყოს ლხენა მიჯნურთა ორის.

მაგრამ თუ ჯამი დაგავიწყდება,

შეგასმევ ღვინოს ჩემივე ტუჩით,

ყველაზე ტკბილი ღვინო იქნება

გაგისინჯია აქამდე ოდით.

ზვიად გამსახურდიას!

ვინ წაიღო შენი გულისფეთქვა, 

რომ ესმოდა საქართველოს მთა-ბარს?!

ახლა გულებს დასცემია სეტყვა, 

უშენობა ჩვენ თვითოეულს გვზარავს.

აღარც ცაში ბრძოლის ბაირაღი,

უთენია ზეცა ცრემლებს მალავს,

ოჰ, როგორი დასდგომია სევდა 

შენს სამშობლოს, შენს მშობლიურ ქალაქს.



 

გამოგეღვიძა (სატრფიალო-ეროტიკული)

 რატომღაც დღეს მე შენთან მოსვლა დამაგვიანდა,

შენ კი გეძინა და ჩაცმული დამხვდი საწოლზე,

მოგეალერსე, და დაგკოცნე, ჩემო, მთლიანად,

მომინდა შენთან, შენს მკლავებში ვნებით ავთრთოლდე,

შემოგიწექი და საბანიც გადაგაფარე,

ნახევრადმძინარს არ შეგცივდეს, მის შემეშინდა,

როცა მოვდუნდი, ყურადღება უკვე გავფანტე,

ბაგე მოსინჯე, მაშინ მივხვდი, გამოგეღვიძა. 





ჩემო მზიანო (სატრფიალო)

მე მოვფრინდები ქარივით რაშით,
ცაზე მთვარესთან რომ წაგიყვანო,
გამოვეხვევით სხივების გარსში,
ტუჩს დაგიკოცნი, ჩემო მზიანო.
გადავიაროთ მნათობი ფეხით,
იქიდან ვნახოთ შენი ფშავეთი,
მთები, წყარონი, ნაკადულები,
უფსკრულები და კლდეთა შავეთი,
ჩავფინდეთ, მიწას დავადგათ ფეხი,
სადმე მინდორზე ვიკოტრიალოთ,
მოვისურვილოთ ჩვენ ერთმანეთი,
ტუჩს დაგიკოცნი, ჩემო მზიანო.



,


ერთი ემიგრანტის ისტორია (მოთხრობა)

   არავის ელოდებოდა, არც არავინ აკითხავდა, იცოდა მარტო დარჩა უცხო ქვეყანში, რომელიც უკვე თავისად მიაჩნდა, პალატის თეთრ ჭერს შეაჩერდა, ფიქრიც კი აღარ უბჟუტავდა თავში, თვალები ცისფერ კედლებზე გადაიტანა, სამშობლოს ცა გაახსენდა, მკერდში ტკივილი იგრძნო, შეჰყვირა. პალატაში მედდა შემოვიდა, რამე ხომ არ გაწუხებთო, ჰკითხა, ყველაფერიო, უპასუხა და უსიამოვნოდ გაიღიმა, მედდამ ექიმის გამოძახება გადაწყვიტა, ხელზე ხელი მოუჭირა, არ გამოიძახოთ, გამივლის, სამშობლო მომენატრა, ერთადერთი ვაჟი მყავს და ისიც იქ დაბრუნდაო. მედდამაც ნაღვლიანად შეხედა, მეც ვიცი, რა ძნელია ახლობლებთან განშორება, მეც არ ვარ აქაურიო. ლაპარაკი აღარ გაუგრძელებიათ, მედდა სხვა პალატაში გამოიძახეს.
    საღამოს ისევ შემოვიდა, მიხვდა, პაციენტს სჭირდებოდა, ნაინსულტარს ლაპარაკიც უჭირდა, ძლივძლივობით წარმოთქვამდა სიტყვებს უცხო ენაზე, მართალია, ოცი წელია  აქ ცხოვრობდა, შვილები სულ პატარები  ჩამოიყვანა, ენა მაინც ვერ ისწავლა, იქაურებთან კონტაქტს ერიდებოდნენ ისიცა და მეუღლეც, იმალებოდნენ, არალეგალები იყვნენ, მოქალაქეობაც არ ეღირსათ... მეუღლის გახსენებაზე ცრემლები მოაწვა თვალებზე, საავადმყოფოში დაწოლიდან რამდენიმე თვის მერე გაიგო, რომ გარდაცვლილიყო,  თვითონ მძიმედ ავაად იყო და არ ეუბნებოდნენ... ცოლი რომ საავადმყოფოში დაეწვინა, სახლში დაბრუნებულს იმ ღამით ინფარქტი მიეღო და რამდენიმე დღის მერე მკვდარი ეპოვათ სახლში, შვილს აეტეხა განგაში საქართველოდან, მამა ტელეფონზე არ მპასუხობსო, ნაცნობისთვის (ქართველისთვის) დაერეკათ, ის მისულიყო, კარი რომ არავინ გაუღო, სახლის პატრონი გამოეძახებინა, იმას კიდევ - პოლიცია, ნაქირავებ პატარა ბინაში მკვდარი ეპოვათ, ვინ იცის, როგორ წვალობდა, რა ტანჯვაში მოკვდაო, ფიქრობდა და ძალაუნებურად ჩამოსდიოდა ცრემლები თვალებიდან. მედდა უხმოდ ელოდა, სანამ ქალმა სული მოითქვა, მერე ყურადღებით მოუსმინა, სასიკვდილო რა ჰქონდა ჩემს ქმარს ან მე ინსულტმისაღები, უფროსი ვაჟი დაგვეღუპა, 30 წლის, უცბად, მოულოდნელად, სიმწრით ნაზარდი, იმის იმედი გვქონდა,  ჭკვიანი ბიჭი იყო, რამდენიმე ენა იცოდა, თარჯიმნად მუშაობდაო, ისევ წასკდა ცრემლები, თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო, შეახსენა მედდამ, დასამშვიდებელი აბი მისცა და პალატა დატოვა.                        მარტოობაში გაირინდა, ისევ საქართველო გაახსენდა, დედა, და, მისი უნახავები რომ  წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ორივეს მძიმე სენმა დარია ხელი, კიბოთი გარდაიცვალნენ, მერე მოდი და თქვი, კიბო ნერვიულობისგან არ ჩნდებაო,  ვერც ეხმარებოდა საწყლებს, ემიგრაციაში თვითონაც ძლივს გაჰქონდათ თავი, სამუშაოს შოვნა უჭირდათ, არც იმ ქვეყანაში ულხინთ, შვილები წამოიზარდნენ და ახლა გავიხარებო,  ფიქრობდა, მაგრამ ჯერ უფროსი ვაჟის სიკვდილმა გამოსდო კვანტი, ხელიდან გამოეცალა, სიკვდილის მიზეზიც კი ვერ დაადგინეს იქაურმა ექიმებმა, გულმა უღალატაო, იმას და მიჰყვა საქართველოში, დიშვილის სიკვდილმა მისიც დააჩქარა, მერე ქმარი, ერთი ვაჟი დარჩა, დეიდის დასაფლავებაზე წავიდა და იქიდან აღარც დაბრუნებულა, მამა მკვდარი რომ დაებრუნებინა სამშობლოში, ფული ისესხა, ნათესაობაც დაეხმარა, მერე, ალბათ, წამოსასვლელი ფული ვეღარც იშოვა, დედასთვის რომ  ჩამოეკითხა, იქაც უმუშევრობაა... გული დაეწვა, ისევ ტკივილი იგრძნო, თვითონაც ხეიბარი ვიღას სჭირდება, ძლივს გადაადგილდება, შვილს უნდა დააწვეს კისერზე, არ ჯობდა მომკვდარიყო?! ამ საავადმყოფოშიც როდემდე გააჩერებენ?! ამ ფიქრებში ჩაეძინა. 
      დილით გამოუცხადეს, საავადმოფოდან გაგწერეს, შენი შემდგომი მკურნალობის ხარჯებს ჩვენი სახელმწიფო ვეღარ  გადაიხდისო, მედდას ცრემლიანი დაემშვიდობა, პირდაპირ თვითმფინავზე დასვეს ხეიბრის ეტლით და სამშობლოში დააბრუნეს. უარაფრობიდან უარაფრობაში მიდიოდა. ჯერ ნათესავის ბინაში მიიყვანა შვილმა, სახლიც გაეყიდათ ვალებში, მერე საცხოვრებლად დედამთილთან გადაიყვანეს სოფელში, ისღა დარჩა ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელმაც მიიღო და მისი მოვლა იკისრა, არა და როგორ არ უყვარდათ ერთმანეთი, იმას გაექცა, დედამთილიც,  შვილი წაიყვანე უცხოეთშიო, არ პატიობდა. იყო კი საპატიებელი?! ახლა ყველაფერი აპატია.
   

Thursday, October 28, 2021

რისთვის და რატომ? (სატრფიალო)

 მე სულში შენი დამყვება ქარი,

როგორც ხორშაკი მიწეწავს ფიქრებს,

მაგრამ ხანდახან წყნარი და ლაღი

მივდევ ღამეულ მთვარეულ სიზმრებს.

ლურჯი ფრინველი შემოდის ჩემში,

ლურჯია თოვლი, თავზე რომ მათოვს,

ვხვდები, რომ არ ხარ ჩემთან და ჩემი,

ღმერთს ვეკითხები: რისთვის და რატომ?


არც არავის ვუნდოდი (ერთსტროფიანი)

 არც არავის ვუნდოდი, არც არავინ მინდოდა,

ყველა ჩემი ოცნება ქარს და გრიგალს მიჰქონდა,

ფერით დაუწერელი დარჩა ჩემი სახლ-კარი,

თავი ზღაპრად მეგონა, თურმე იდგა ზამთარი. 



მე შემოდგომის მზე ვარ (სატრფიალო)

 

მე შემოდგომის მზე ვარ, მიმქრალი,

ძლივასღა ვახელ ჩემს დიდრონ თვალებს,

გადამეფარა შავი ღრუბელი

და ცხვირწინ ურცხვად მირაზავს კარებს.

ჩაკეტილი ვარ კოშკში მზექალი,

ვიწრო სარკმლიდან გადმოვფენ სხივებს,

მე შემომხარის ყველა ცხოველი,

თვალს გადავავლებ ვერხვებს და იფნებს.

შემოძარცვიათ უკვე სამოსი,

დააკლდათ ჩემი სხივების სითბო,

და ველი, ველი ლამაზ გაზაფხულს,

ის გამომიხსნის კოშკიდან, ვფიქრობ

ნეტავ, რად მიყვარხარ?!

 ნეტავ რად მიყვარხარ, რად ვტირი მე შენთვის,

თუ მთა ხარ მაღალი, ვერასდროს შეგწვდები,

მე ერთი პატარა და უცხო ჩიტი ვარ

და მოკვცილი მაქვს საფრენად ეს ფრთები.

მე შენთან მინდა! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

მე შენთან მინდა!

 

შენ დღესასწაულს უჩემოდ ხვდები,

ფერიასავით კოხტა და წმინდა.

მე ერთადერთი სურვილით ვკვდები...

მანდ ყოფნა მინდა!

 ვერ შეგისრულე დანაპირები,

ჩემი სტუმრობა ვიცი რომ გინდა.

ფუჭად მისდევენ კვირებს კვირები...

მანდ ყოფნა მინდა!

 ქარიც ჩადგება გადარეული,

ალბათ ის რუხი ცაც დაიწმინდა.

დავბორიალობ, ვით მთვარეული...

მანდ ყოფნა მინდა!

 ახლა ღამეა, მხარეს შორეულს,

შევბღავი, როგორც ხარ-ლაღი შვინდა.

მე მოვინატრებ ბაგეს გოლეულს...

მე შენთან მინდა!

 თავს ზევით თურმე არ არის ძალა,

თვალები სევდით ჩამომებინდა.

ვდგავარ ვარდებით,- როგორც ნიკალა...

მე შენთან მინდა!

 ზეციდან ისმის ანგელოზთ ხმები,

დღევანდელი დღე შენთვის გაბრწყინდა.

და კვლავ იგივე სურვილით ვკვდები...

მე შენთან მინდა!

 ელგუჯა ციგროშვილი

ქ.თესალონიკი. 27.10. 2012 წელი.


ოლიმპოს კონტურები (სატრფიალო)

მე დღეს ოლიმპოს კონტურები თვალით მოვნიშნე,

და შენი სახე, მშვენიერი, ამ მთების ფონზე,

და გადაუშლელ წიგნში ჩავდე თითქოს სანიშნე,

შენს ლამაზ თვალში  დავინახე ლურჯ ზღვათა ზოლი.

ჩემი იყავი ერთი წუთი, თუ ერთი წამი,

შენით შევივსე, შენშიც დავრჩი, ალბათ, ნაწილად,

მოვა დრო, როცა გადაუშლელ წიგნის ამ ფურცლის

შევძლებ  ნახვას და თან სიამით იმის წაკითხვას.


Wednesday, October 27, 2021

შენ, ვისაც გიყვარვარ! (სატრფიალო)


 ვიცი, რომ გიყვარვარ, არ გინდა გამოტყდე,

და იქნებ შენს თავსაც ძნელად თუ უტყდები,

ეს მე ვარ, მოვდივარ ხანდახან სიზმრადაც

და ნაზი ლექსებით ივსება ფურცლები.

ხან სირინოზი ვარ, გიმღერი, გიზიდავ,

თუმც სიკვდილისათვის მაინც ვერ გაგწირე,

შენა ხარ, მე ვისაც ამდენ ხანს ველოდი,

შენთან მოსასვლელად სულ ველი ამინდებს.

მოვალ და სათუთად თავს მკერდზე მოგადებ

და მოვის გულისპირს დაგილტობ ცრემლებით,

მანამ კი ღამეულ სიზმრებში მელოდე,

რომ ერთად დავსეროთ ბაღები ედემის.


შენ, მომღერალო ბულბულო!

 შენ მომღერალო ბულბულო,

ჩემო გულო და გულისთქმაც,
შენი სიმღერის მოსმენა,
ნაღვერდალივით სულს მიწვავს.
სულში რომ ია ჩამიდგი,
მორწყვა და მოვლა ხომ უნდა,
ნეტავ თუ კიდევ გახსოვარ,
თუ გაგიფრინდი გულიდან?!
შენა ხარ ჩემი სახატე,
ტაძარი ცამდე ასული,
გრძნობა ხარ, უკიდეგანო,
ვერ შეეხება ავსული.

Tuesday, October 26, 2021

ჰოი, ნისლებო! ავტ. მამუკა ოჩიაური

 მომნატრებია ერთი ქალშავა

ჰოი, ნისლებო, ტანთ რომ მედებით,
მტლად რომ აჩნიხართ ჟანგიან სხეულს,
თქვენში ვინთქმები, როგორც ფიქრები,
თავს დამტრიალებთ შავსა და ეულს.
დაღარულ მკერდზე წვიმის ღვარები
დამდის და გულზე იარებს მომბანს,
დამიბერავენ ცივი ქარები
და მეც კისერზე ვისწორებ ქობას.
მაინც ვლამაზობ, თუმც სალი კლდე ვარ,
მაინც ვოცნებობ, გაზაფხულს ვნატრობ,
გადამივლიან გულზე იები,
აღარ ვიქნები სრულიად მარტო.





ბედნიერი დილა (ერთსტროფიანი)

 

წამოვდექი, ტუჩზე ხელი გადაგისვი

და გისურვე  ბედნიერი, მშვიდი დილა,

მაგრამ შენმა მიმალულმა ქარაშოტმა,

ხელი მტაცა და ლოგინში ჩამითრია.

მინდა, ჩემს გვერდზე იყო ყოველთვის!


 მინდა, ჩემს გვერდზე იყო ყოველთვის

და შეგისუნთქო როგორც ჰაერი,

ხომ გამიქრობდი ყველა იარას, -

აღარც ტკივილი, აღარფერი.

შენ გაზაფხულზე ია ხარ ნაზი,

ზაფხულში მინდვრის ჭრელი პეპელა,

შემოდგომაზე მოსხმული ვაზი,

ზამთრში ფიფქი, რომ ცრის ნელ-ნელა.

და როგორ გითხრა, მიყვარხარ ძლიერ,

ესეც არ ვიცი, არ მყოფნის ძალა,

შენ კი თუ გიცვლის რაიმე იერს?!

კლდე ხარ თუ მხოლოდ წადილსა მალავ.

 

მარტო ვარ!

მე შემოდგომის ერთი ფიქრი ვარ

და ქარი სადღაც ორმოში მითრევს,

თითქოს მოვდივარ ოაზისიდან,

ახლა კი მივდევ დაძონძილ კიდეს.

შორს დარჩა შინდი, ფერები მშვიდი,

როგორც ყარიბი, ყველამ დამტოვა,

და თუ სამყარო მეგონა დიდი,

ვზივარ ნაჭუჭში და სულ მარტო ვარ. 


Monday, October 25, 2021

ქალი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ქ ა ლ ი !

1 . სულ შენში ვსახლობ , -
როგორც უ ფ ა ლ ი ,
ძ ი ლ ი ს დროს -
ს ი ზ მ რ ა დ ,
ც ხ ა დ შ ი კი -
ჩ რ დ ი ლ ა დ ...
შენს გულში ვბუდობ ,
როგორც მზის თვალი ,
რომ ზ ა მ თ ა რ შ ი ა ც
მეყოლო თბილად !
2 . ეს მე გიცოცხლებ
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ს სულში ,
როგორც მ ი თ ე ბ შ ი
ხდებოდა ძველად ,
დ ე დ ა ბ უ ნ ე ბ ი ს
ნაზამთრალ ხნულში ,
აგაყვავილებ
ი ა - ე ნ ძ ე ლ ა დ !
3 . ზ ა ფ ხ უ ლ ი ს მზეებს
აგინთებ თვალში,
ფ ე რ ი ა დ გაქცევს
ტრფობა წვეული,
ა მ ო დ უ ღ დ ე ბ ა ,
როგორც ვ უ ლ კ ა ნ შ ი ,
ვ ნ ე ბ ა - ს ხ ე უ ლ შ ი
ვერ დატეული !
4 . შენ შ ე მ ო დ გ ო მ ი ს
მოხვალ ბ ა რ ა ქ ა დ,
დაიხუნძლები
მწიფე მ ტ ე ვ ნ ე ბ ი თ ...
და წ უ თ ი ს ო ფ ლ ი ს
იგავ - არაკად , -
ფერნათელ დღეებს
ავედევნებით!
5 . ეს შენში სუნთქავს
მთელი ს ა მ ყ ა რ ო,
ხარ ნ ა ტ ვ რ ი ს თ ვ ა ლ ი,
მ ზ ი ს ე ბ რ საქები ...
რადგან ქ ა ლ ი ხარ
ს ი ც ო ც ხ ლ ი ს წ ყ ა რ ო ,
სულმოუთქმელად
დ ა გ ე წ ა ფ ე ბ ი!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
14 . 10 . 2021 წელი .
,, მცხეთობა~სვეტიცხოვლობა ."
თქვენ, ირინა ხურციძე, ნინო ზათიაშვილი და 45 სხვა
51 კომენტარი
51 გაზიარება
სიყვარული
სიყვარული
კომენტარის დატოვება
გაზიარება

"დრონი მეფობენ", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 „დრონი მეფობენ!“

1.შემოეძარცვა ჩემს ვარდს ფურცლები,
აღარც ბულბული მატკბობს გალობით,
თვალ და ხელშუა გადიან წლები,~
გაჯერებულნი ცოდვა~წყალობით.
2. „დრონი მეფობენ!“~
უთქვამთ წინაპრებს,
თურმე მეფენი ვერა მეფობდნენ...
დღეს მე ვუყვები ბალღებს იმ ზღაპრებს,~
ბალღობაში რომ მე მიყვებოდნენ.
P.S. „დრონი მეფობენ,~ არა მეფენი“
და მიხარია: ხალხია ბრძენი!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 18.06.2015 წელი.

მალე მეც მოვალ (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

მალე მეც მოვალ თეთრი ზამბახით,

ლურჯი კაბით, ზედ პეპლები მაზის,

მინდა რომ ვიყო ძალზე ლამაზი,

რომ დამეწაფო, როგორც ოაზისს.


წლები, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 წლები...

1. წლებს მოაქვს ვნების სიდინჯე~
ნაკლებს ვრისკავ და ვბედავ,
დღეს გულისყურით ვისმენ და...
გულის თვალებით ვხედავ;
2. ლოცვითაც სხვაგვარად გლოცავ
ჩემო ადგილის დედავ,
არ მაკრთობს ჩემი გავლილი,
უკან რომ მოვიხედავ!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 17.12.2017 წელი.

Sunday, October 24, 2021

ასე მგონია! (სატრფიალო)


ასე მგონია!

 

მგონია, უკვე გადაგავიწყდი,

აღარ წერ ლექსებს ანდა წერ სხვისთვის,

ასე მგონია, ეს აგონია,

რაც შენა გჭირდა, ბავშვობამ იცის.

შენ ნამთვრალევი ეჭდობი ღამეს,

და მიუყვები ბნელ ქუჩებს სიზმრის,

და მიკვირს, მიკვირს,ასე სათუთად

რად ეფონები ამ ცას და თბილისს.

ასე მგონია, გადაგავიწყდი,

გრძნობათა ნაფაზს ატარებ ფილტრში,

ჩემს თავს ვადარებ უღვთო ამორძალს,

თავისდა მიჯნურთ რომ უსჯის სიკვდილს..


შენ ერთს მოგიძღვნი! (სატრფიალო)

დღეს ღამით სიზმრად ვინმე უცხო კაცი მოვიდა
და შეეცადა ღვინო ესვა ჩემი დოქიდან,  
მაგრამ მე შენთან ცხრა მთა იქით გამოვიქეცი,
შენ ერთადერთის, ზღვისფერთვალას მქონდა იმედი.
შენ ჩამეხვიე, გულზე, როგორც მზე მიმიკარი,
და ჩვენ სამყაროს გულში თითქოს გავერთიანდით,
და შენში, ჩემში, თითქოს დრო და ჟამი გაჩერდა,
შენ ერთს მოგიძღვნი ცის ნათელს და პურის ალერდსაც..

მარისელი, ზღაპარი

იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად მარისელი. ლამაზი იყო, ზღვისფერთვალება, გამრჯე და მშრომელი, კარგად სწავლობდა, რომ გარშემომყოფები გაეხარებინა, მაგრამ შეამჩნია, რომ ათას რამეს ჰპირდებოდნენ ადამიანები, მაგრამ ხშირად დანაპირებს არ უსრულებდნენ, რატომღაც მისი არსებობაც კი ავიწყდებოდათ, ყველას თავისი ფიქრი და საქმე ჰქონდა. ის კი სულ ელოდა და ელოდა, როდის უყიდიდნენ ლამაზ ვარდისფერ კაბას, ყველაზე დიდ თოჯინას, სათამაშო მატარებელს, ფოჩიან კანფეტებს. წლები გადიოდა, მარისელი მიხვდა, რომ ადამიანები ხშირად იტყუებიან და იმას არ აკეთებენ, რასაც გპირდებიან. ძალიან ეწყინა, გული ეტკინა. ერთ ღამესაც სიზმარში კეთილი ჯადოქარი გამოეცხადა და უთხრა, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. იმასაც აღარ დაუჯერა, დაცინვით სთხოვა, ხედ გადამაქციეო. ჯადოქარმა დანაპირები შეასრულა. მარისელი ჭადრის ხედ გაადააქცია. მას მერე დგას ჭადარი, თეთრად ხან ფირუზისფრად ბრწყინავს მზეზე და როცა ქარი მის ფოთლებს აშრიალებს, ჩუმად გვეჩურჩულება, აუცილებლად შევასრულოთ დანაპირები, რომ ვიღაცას დედამიწაზე გული არ ვატკინოთ.

მაია დიაკონიძე
21.10.2021წ.

Saturday, October 23, 2021

მინიმები (ერთსტროფიანები)

სალაღობოდ განა გვრჩება ბევრი რამე,
ეს ცხოვრება ღმერთისაკენ ხიდია,
და სიკეთით გული თუ არ გადაღალე,
მაშ, როგორღა შევასრულებთ მისიას?!

მე არავის, აღარაფრის მჯერა, 
ეს ცხოვრებაც ყრუ არის და მუნჯი, 
სალბუნად და სულის ასახსნელად 
ერთადერთი სიკვდილი თუ მოდის.

ვერ ავიხდინე მე ოცნებები,
არცა მპირდება არსთა გამრიგე,
აღარ მაკავებს მე არაფერი,
მინდა მოვისხა ფრთები, გავფრინდე.


მზის სხივად გადაგეფინე (სატრფიალო)

მზის სხივად გადაგეფინე,

დავკოცნე შენი ტუჩები,

მერე თვალებში ჩაგხედე,

ავაბრიალე მუნჯები,

შუბლი დავკოცნე, თმის ღერიც,

შენი მკერდიც და თითებიც,

ახლა ხომ ჩემი ჯერია, -

მოგელაციცე ფიქრებით...