Monday, October 11, 2021

ჩემო ჭიამაია

ზღვა სიყვარულს დაატარებ, ჩემო ჭიამაია,
მაგრამ ქვეყნად ამისათვის, აბა, ვისა სცალია,
ეს ფურცელზე არის მხოლოდ შეყვარება ადვილი,
ცხოვრებაში სულ აკლია ლაზათი და მარილი.
შემოგიცვამს კოპლიანი კაბა, ლაღი, წითელი,
და შეფარვით, გულნაკლულად, დიდი სევდით მიცქერი,
ფრთებს რომ გაშლი ნაზს და ნარნარს, გაფრინდები მინდორში,
ყვავილებიც იქ დაგხვდება მაჟორში თუ მინორში.
თუმცა ყველას მოფერება შენი დიდი ვალია,
გაიხედავ და არავის შენთვის არა სცალია,
მაშ, გაშალე ისევ ფრთები და ზეცაში გაფრინდი,
იქნებ სწორედ იქ გეკუთვნის ალაგი და ადგილი,
მზე გაგათბობს, დაგიუნჯებს, იქ სულ კარგი დარია,
იქ დაგხვდება სიყვარული, ჩემო ჭიამაია!


No comments:

Post a Comment