Monday, January 27, 2020

ღმერთმა გაგახაროს!

სურნელს ჩვენი მიწის,
ბინდბუნდობას ნისლის,
ყაყაჩოთა ყანობს,
თავანკარა წყაროს,
თუ კი ძლიერ ყვარობ,
ღმერთმა გაგახაროს!



Sunday, January 26, 2020

ცეცხლი ეკიდა ზეცას (სიმღერა) (მაია სიჭინავამ შეასრულა)

ცეცხლი ეკიდა ზეცას,
ქარი არხევდა ალვებს,
ვიყავით მე და შენ და
თვალანთებული ღამე.
ვუმზერდი ღრუბლებს ფერადს,
ბოლო სხივს მზე რომ ავლებს,
ვიყავით მე და შენ და
თვალანთებული ღამე. 
ვიქნებით მუდამ ერთად,
სხვა თუ ვინატრო რამე,
უბრალოდ მე და შენ და
თვალანთებული ღამე.

ლალი იყო თუ ზეცა,
პასუხს არ მცემდა არვინ,
მხოლოდ ზღვის ტალღა მცემდა
და მიმატებდა მანძილს,
რომ ვყოფილიყავ შენთან,
შენთან დღეცა და ღამეც,
ალუბლის ზეცა  წერდა
ზღვის საფირონზე რკალებს,
ქარი არხევდა ალვებს,
ფიქრის ღრუბელში მხვევდა,
სადაც ვიყავით ერთად,
ლილის ზღვა,  მე და შენ და...


,







Saturday, January 25, 2020

გზა (ჩანახატი)

    საოცრად მიყვარს გზები, ზოგი ფართოა,ზოგი ვიწრო, ზოგი საცალფეხო, მაგრამ გზაა, გზებით არის დასერილი დედამიწა, ალბათ, ძალიან ლამაზია ზევიდან დანახული, ეს მრგვალი ბურთი ხომ ჩვენთვის შექმნა ღმერთმა, იმრავლეთ და იხარეთო, სადაც გზა მიდის, იქ სიცოცხლეც არის, სამოსახლოც ჩნდება, ოჯახები იქმნება, ბავშვები იბადებიან, ახალი სიცოცხლე ახალი კერაა და როგორ არ უნდა მიხაროდეს ახალი გზის დანახვა?! ახლაც ვხედავ ჩემი ფანჯრიდან, როგორ შენდება. ჩვენც მივუყვებით ჩვენი ცხოვრების შარაგზას, ზოგისთვის დაბრკოლებებით სავსეს, ზოგისთვის - იოლს და უსაფრთხოს, იქნებ, დაბრკოლებების გადალახვაშია ჩვენი ცხოვრების ხიბლი, ვინ იცის?! ბევრი შეწყვეტილი გზა და შეწყვეტილი სიცოცხლე გაჩნდა საქართველოში, გაუფერულებულა გზები, იმათ აღარსაით მივყავართ, მხოლოდ მავთულხლართებთან, ბალახგადავლილ ეზოებთან, დანგრეულ სახლებთან, რომელთა პატრონები ზოგი გარდაცვლილა, ზოგიც უცხოეთში წასულა და აქ დაბრუნებას აღარც აპირებს, ტირიან გზებიც და სახლებიც, ამას წინათ ერთ ასეთ მიტოვებულ ეზოში აღმოვჩნდი, ნესტი მოჰკიდებოდა ხეებს შამბისა და ბალახისგან, სველი ჰქონდათ მერქანი, თითქოს ტიროდნენ, აკანკალებულმა ხელი გავუშვი, ვიგრძენი მათი ტკივილი, იქ მიმავალი გზაც ალაგ-ალაგ ჩანგრეულიყო, არადა ერთ დროს რა ფუსფუსი იყო მოტირალ ხეებს შორის მდგარ ამ კოხტა სახლში, რა გამრჯე და მოუსვენარი პატრონები ჰყავდა, ვიდექი სახლის წინ თავდახრილი, თითქოს ახლობელი ადამიანის დასაფლავებაზე მოვსულიყავი, მრცხვენოდა ვიღაცის მაგივრად, ასეთ სამოთხეში ყოფნას რომ უცხო მიწა ამჯობინა,მაგრამ მე ვინ ვარ, რომ სხვები განვსაჯო?! ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო აქედან წაიყვანა და სხვა გზაზე გადაახვევინა. იმედს არ ვკარგავ, რომ ამ ჩვენს დანგრეულ გზებზეც ერთხელაც ისევ აბობოქრდება სიცოცხლე და აკვნებით დატვირთული მანქანები ივლიან იქით-აქეთ, იქით-აქეთ, დიახაც უსასრულოდ, იქით-აქეთ... სანამ დედამიწა იარსებებს, ახალი გზებიც გაჩნება, რომელთა დანახვა ძალიან მიყვარს, კი არ დავცოტავდებით, გავიზრდებით, კი არ დავჩიავდებით, გოლიათებად გადავიქცევით, რომელთა მხრებზეც იდგა და კიდევ დიდხანს იდგება დედამიწა, ასე იყო და ასე იქნება...

Friday, January 24, 2020

გაიღვიძე ერო, ბერო!

გაიღვიძე, ერო, ბერო,
ეპატრონე საქართველოს,
გამოვიღოთ უნდა ხელი,
რომ დაივსოს ჩვენი მტერი,
ჩვენს სამშობლოს  დღეს სჭირდება
მთესველიც და მარჯვედ მხვნელიც,
უცხო ქვეყნად აყვავებას
აქ მოვკვდები მისთვის მღერით.

Thursday, January 23, 2020

სულში ისევე ვიხატავ ნისლებს (ერთსტროფიანი)

სულში ისევე ვიხატავ ნისლებს,
ხტუნაობს-დახტის თითებზე წვიმა,
ზეცა კი ისვრის ისრიმის ისრებს,
დარღვეულ მკერდზე თითქოს თვლებს იყვანს.

მოდიოდა ერთი ქალი

მოდიოდა ერთი ქალი
მოხდენილად, ლამაზად,
მოჰყვებოდა გვერდზე ქმარი,
თავს ვერ გრძნობდა თამამად,
ვერ ეშოვა სამსახური,
ფეხი მაქვსო ცოდვაში,
ქალს კი ჰქონდა სამსახური,
არ უნდოდა ოჯახი.

ეს დღეები გადის (ერთსტროფიანი)

ეს დღეები გადის 
ხან მწარედ, ხან ტკბილად
და მივიღოთ უნდა 
ყველამ ჩვენი იჯრა,
გადავლახავთ სანამ 
ამქვეყნიურ მიჯნას.

Wednesday, January 22, 2020

არ მინდა, მაგრამ მივექანები (ერთსტროფიანი)

არ მინდა, მაგრამ მივექანები,
სად დედამიწის მოჩანს ქანები,
სტალაგმიტებად, სტალაქტიტებად
გაიბრწყინებენ ჩემი მალები

ვერას ვუხერხებთ დროს

ვერას ვუხერხებთ დროს,
ცასაც ცრემლები სდის,
მივყავართ ისე შორს,
საბრძანებელში ღვთის,
წავა, გაქრება დრო,
წავალთ შვილებიც ღვთის,
სანთლებს ცრემლები სდის,
შუქი მატულობს ცის. 


Tuesday, January 21, 2020

ისე არ წავალ... (ერთსტროფიანი)

ჩემი ქვეყნისთვის,
მინდა, გავხდე,
რკინა და რვალი,
ისე არ წავალ,
არ დავტოვო,
პატარა კვალი.

Monday, January 20, 2020

არ იჭედება ხანჯლები მეტად (ერთსტროფიანი)

და როცა თოვლი წამოვა თეთრი,
მიჩუმათდება სისხლი და გრდემლი,
არ იჭედება ხანჯლები მეტად,
აღარც დუმილი მაოცებს ხეთა.

გულო,. საშველო! (ერთსტროფიანი)

სწორ ხაზებს შორის კლაკნილებში მე ვარ წერტილი,
ნაპირისაკენ მოცურავეს მხვდება ჯებირი,
და კაცი არ ჩანს, რომ თუნდ ნეკი შემომაშველოს,
უმაშველოდ ხარ დარჩენილი, გულო, საშველო!

არ გვაქვს ადგილი! (ერთსტროფიანი)

ნაშობი, ალად, ქალად თუ ზღაპრად,
გემის ვიყავი ღუზაც და აფრაც,
მოლოდინში კი ნაპირიც გაქრა,
"არ გვაქვს ადგილი" ფრიალებს აბრა.

ბედისწერა (ერთსტროფიანი)

ვერას ვუხერხებ მე ბედისწერას,
თითქოს ბოროტმა სულმა გამთვალა,
ჩამონგრეულა ფუძე და კერა,
მტერი მეგონა ბოშა შავთვალა.

მათოვს (ერთსტროფიანი)

კავკასიის თეთრი მთები მათოვს,
არ დამტოვებს, ვიცი, ღმერთი მარტო
და არ მკითხოთ, ეს რისთვის და რატომ!

სიყვარულის მეტობა, ნათლისღება (ერთსტროფიანი)

სიყვარულის მეტობა
დამებედა ეტყობა,
მიყვარს მთელი ქვეყანა,
ეკალ-ბარდიც მებაღა,
ნათლისღების მადლითა
ქცეულიყოს ვენახად.

შური და ბოღმა (ერთსტროფიანი)

შურმა და ბოღმამ დაახრჩო ბევრი,
თვალებში უჩანთ ქვესკნელის ღველფი,
დააშრეს, დაწვეს სიცოცხლის წყარო,
ვინღამ მოიმკას, გალეწოს კალო.

Thursday, January 16, 2020

მხოლოდ შენ გნატრობ! (ერთსტროფიანი)

თუ არ შემიშვებ ჩემს სამოთხეში,
თან წამოგყვება წვიმა და თქეში,
მე დაღალული დავრჩები მარტო,
მაინც ერთადერთს, მხოლოდ შენ გნატრობ!

მაინც მიყვარხარ! (სიმღერა შეასრულა მაია სიჭინავამ)

მაინც მიყვარხარ. მაინც მიყვარხარ,
ჩემს ლურჯ ფანჯარას უკაკუნებენ 
სევდის ჩიტები,
შენ ისევ სდუმხარ, შენ ისევ სდუმხარ 
და ირინდები,
არას დიდებით არ მირიგდები,
მისამღერი: ვიცი, ვიცი, 
ვიცი რომ მოხვალ ჩემთან ფიქრებით,
მაინც მიყვარხარ, მაინც მიყვარხარ,
ვიცი, რომ მოხვალ ჩემთან ფიქრებით.
ვიცი, რომ მოხვალ, ვიცი რომ მოხვალ 
ჩემთან ფიქრებით, 
მოხვალ და ისევ გამიფრინდები.
მოხვალ და ისევ გამიფრინდები,
თოვლს დაახატავ მინას თითებით.
ვერ გაიმეტე ჩემთვის სიტყვები.
არას დიდებით არ მირიგდები, 
მისამღერი: ვიცი, ვიცი,
ვიცი, რომ მოხვალ ჩემთან ფიქრებით, 
მაინც მიყვარხარ, მაინც მიყვარცარ, იცი,
მაინც მიყვარხარ, მაინც მიყვარხარ,
მაინც მიყვარხარ, არა და ვიცი, 
მოხვალ და ისევ გამიფრინდები

ვაი, ამ ყოფას! (ერთსტროფიანი)

ვაი, ამ ყოფას, ვერ ვაფინე ჩემს გულს სალბუნი,
უცხოტომელთა საკრავების ისმის რაკუნი,
ქართველი თავის ქვეყანაში ვეღარ ქართველობს,
უპატრონოდ ხარ დარჩენილი, ჩემო მთა-ველო!

Wednesday, January 15, 2020

პირველი თოვლი (საბავშვო ზღაპარი)

                   პირველი თოვლი

  გოგო მაია შარშან პირველად გაიყვანეს თოვლში, კარგად დაამახსოვრდა ის დღე, ფიფქები სახეზე ასხდებოდნენ, რა ლამაზებიაო, ფიქრობდა, ხელისგულებს უშვერდა, წითელ ხელთათმანებზე კარგად ჩანდა მათი ფორმები, დედას ახედა და უთხრა,  ვარსკვლავებს ჰგვანანო,დედას გაეღიმა, სახლში რომ მივალთ, ფიფქების ხატვას გასწავლიო, გაეხარდა, ტუჩებზე დაფენილებს გემოც გაუსინჯა, ნაყინის გემო არ ჰქონიათო, გული დასწყდა, ტკბილს მოელოდა, ნაყინი ძალიან უყვარს. სახლში მისულმა ფიფქების ხატვაც ისწვლა, ხატა და ხატა, ჯარისკაცებივით ჩაამწკრივა. წელს კი თოვლი არა და არ  ჩანს, გული მოსდის გოგონას, დილას რომ ადგება, პირველად ფანჯარაში იხედება, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ისევ არ ჩანს თოვლი. ერთ ღამით სიზმარში დაბურული ტყე ნახა, თოვლის მოსვლას რომ ელოდა, მაგრამ თოვლი არ მოდიოდა, სციოდათ ხეებს, იბუზებოდნენ, გაძვალტყავებულებს თოვლის იმედიღა ჰქონდათ, მოვა და გაგვათბობსო, მიწაც თოვლს ელოდა, მცენარეების თესლი აღარ გაიყინებაო. მათი დახმარება გადაწყვიტა გოგონამ, ღრუბლებთან წავალ და მოველაპარაკები, ჩვენს გასაჭირს ვეტყვიო. მე წაგიყვანო, შესთავაზა ირემმა,  შეაჯდა ზურგზე მაია და  ცაში ღრუბლებთან აფრინდა. ირმებს ზოგჯერ ფრენაც შესძლებიათო, გაიფიქრა. შევიდა გოგონა ღრუბლების სამეფოში, იქ ნაირ-ნაირი ღრუბელი ნახა, ზოგი დიდი, აქლემს რომ ჰგავს, ზოგი - საშუალო ზომის, კურდღლებს რომ ამსგავსებს ხოლმე, ქვევიდან როცა უყურებს, დედამიწიდან, ზოგიც სულ პატარა, ახალდაბადებული იყო, ვარდისფერი, ყველაზე ძალიან ისინი მოეწონა, პატარა გოჭებს ჰგავდნენ, მაგრამ თოვლით დაბერილი ღრუბლები ვერა და ვერ იპოვა, ცხრა მთას იქით გადაკარგულიყვნენ, ქარაშოტს გადაერეკა, მივიდა გოგონა ქარების სამეფოში, ირემმა იქაც მიიყვანა, კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალზე ცხოვრობდნენ ქარები, გაუჭირდა ირემს იქ მისვლა, მაგრამ მეგობრის გულისთვის რას არ გააკეთებ! ქარების სამეფოში ნიავიც იყო და ქარაშოტიც, გრიგალიც და უბრალო ქარიც. დაატრიალა გოგონა ქარაშოტმა,  რისთვის მობრძანებულხარო, შეშინებულმა მაიამ ძლივს ამოღერღა, დედამიწას თოვლი ენატრება, ტყეც იყინებაო უთოვლოდ, მცენარეები აღარ გაიზრდებიანო, პურის ყანაც არ გვექნება, ადამიანებმა რა ვჭამოთო. მოეწონა ქარაშოტს გოგონა, ცხვირში შეუღიტინა, დააცემინა მაიამ, მერე იქით-აქეთ ატრიალა, ლამაზი ქურქი გაცვიაო, ხელოვნურიაო, უთხრა გოგონამ, ცხოველეების დახოცვა ამისთვის როგორ შეიძლებაო. მოეწონა ეს ამბავი ქარაშოტს, კარგი საქმე გადაუწყვეტიათ ადამიანებს, ამიტომ დაგეხმარებიო, პირობა მისცა, თოვლის ღრუბლებს გადმოვრეკავ უკან,  ცხრა მთას იქით რომ გავამგზავრეო. კმაყოფილი დაბრუნდა გოგონა ტყესთან, დედამიწაც დაამშვიდა. გაეღვიძა კიდეც, პირველად ფანჯარასთან მივარდა, იქნებ სიზმარი კიდეც ამიხდეს, ქარაშოტმა პირობა შეასრულოსო.
    მართლაც, თოვლის ფიფქები ეფინებოდა არემარეს, შორიდან ტყე უღიმოდა, თითქოს მადლობას ეუბნებოდა, ის კი არა და ფიფქებიც შემოასხდნენ მინას და ათასფერად აელვარდნენ, მაიამ ტუჩები მიაწება შუშას და კოცნა გაუგზავნა.

1/15/20 1:54 PM

Tuesday, January 14, 2020

როცა თვალებს ვხუჭავ

როცა თვალებს ვხუჭავ, 
ვხდები ერთი მუჭა,
გრძნობებსა და დარდებს
ვეღარ ვიტევ ამდენს,
მეპარები ჩუმად,
გამაყოლებ ქუჩას,
წამოგყვები, მაგრამ
ჯიუტად და ურჩად,
აქ დავტოვებ ხურდას
საკმევლის და სანთლის,
თან წამყვება მადლი
სვეტიცხოვლის ნათლის.

რით ვანუგეშო?! (ერთსტროფიანი)

სადღაც ვიღაცა ხარობს და მღერის,
ვიღაცა ტირის სიავეს მტრების,
ლიახვის იქით აწვიმს თუ ათოვს,
რით ვანუგეშო შთენილნი მარტო?!

კაცი ისწრაფვის (ერთსტროფიანი)

კაცი ისწრაფვის სიმდიდრისაკენ,
მაგრამ ჩემს სულში ისმის ყვედრება, -
სიყვარულია, რაც დამაამებს,
ოქრო და ვერცხლი რას შეედრება?!

Saturday, January 11, 2020

თუ ვინატრებდი... (ერთსტროფიანი)

თუ ვინატრებდი...
დაბადებას საქართველოში,
თუმცა ხომ აწვიმს ჩვენს ძველ სამრეკლოს,
მაინც ვნახავდი სხივებს საჩემოს.

იანვრის თოვლი მომნატრებია (ერთსტროფიანი)

იანვრის თოვლი მომნატრებია,
მომნატრებია იების თოვა,
ასე ძალიან თუ გყვარებია,
თოვლი არ იყოს, იებიც მოვა.

სიურპრიზებს ველი... (ერთსტროფიანი)

დაბადებიდან სიურპრიზებს ველი,
ცარიელი მაქვს გულიც და ხელიც
და აციმციმდა ერთხელ სანთელი,
მივხვდი, მიბოძა ღმერთმა ნათელი.

Friday, January 10, 2020

საფირონის გულსაკიდს ვეძებ (ერთსტროფიანი)

მოვდივარ სახლში, საფირონის გულსაკიდს ვეძებ,
როცა გიყვარდი, რუდუნებით დამკიდე ყელზე,
ვიცურავებდი, სულ მეგონა,  ლივლივა ტბებზე,
წუხელ ის თვალი დავინახე ჭრელკაბა გველზე.

მე შევისწავლე სიყვარულის ჯადო-მაგია(ერთსტროფიანი)

ახლა გავიგე სიყვარულის დიდი მაგია,
"მე შენ მიყვარხარ!" არ ყოფილა მხოლოდ სიტყვები,
მაგრამ მე მათი ჯადოქრობა სულ არ მარგია,
მეათასეჯერ "არ გიყვარვარ?" კვლავ მეკითხები!

Monday, January 6, 2020

ნარცისობას ვატყობ კაცებს (სახუმარო)

ნარცისობას ვატყობ კაცებს,
ამას ისიც მიამატეთ,
დაინაზეს ბოხი ხმები,
ტვირთიც მიაქვთ კვნესა-ხვნეშით,
სახელიღა დარჩათ ერთი,
დაუძვირდათ კომპლიმენტი,
ნამდვილ კაცებს გაუმარჯოს,
არ შემოგვწყრეს იქნებ ღმერთი.

Saturday, January 4, 2020

მალე ბაღებს ჩამოაფენს (ერთსტროფიანი)

მალე ბაღებს ჩამოაფენს
უსპეტაკეს ვარდებად
და მე და შენ, ნაზ ბულბულებს,
სტვენა არ დაგვზარდება.

მთებმა ქუდი დაიხურეს (ერთსტროფიანი)

მთებმა ქუდი დაიხურეს,
ღმერთთანა აქვთ სათქმელი
ჩვენამდე კი აღწევს მხოლოდ
თოვლის თეთრი ფანტელი.


Friday, January 3, 2020

ერთხელ ჩამეც გულში დანა (სიმღერა, დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)

ერთხელ ჩამეც გულში დანა,
ერთხელ უკვე მომკალი,
ახლა ველურ ვარდად მოვალ,
მეც მექნება ეკალი,
მომწყვეტ, სისხლში დაგივლი და
გულს დაგიწვავ მზე ქალი.

მისამღერი: ასე იცის სიყვარულმა, 
ასე იყო, ასეა,
დრო და ჟამი მას ვერ შეცვლის,
არც მთვარე და არც მზეა.
მე ბაღების ვარდი არ ვარ,
არც ნაზი და ფაქიზი,
ველურს მაინც ქებას მასხამს
ვინც რომ გვერდზე ჩამივლის,
დამინახავ, თვალს ვერ მომწყვეტ,
ჟრუანტელი დაგივლის.
მისამღერი: ასე იცის სიყვარულმა, 
ასე იყო, ასეა,
დრო და ჟამი მას ვერ შეცვლის,
არც მთვარე და არც მზეა.





Thursday, January 2, 2020

თინიკო ჭეჟიას საახალწლო მოლოცვა 2020 წლისთვის

მაიკო! გილოცავთ დიაკონიძეებს ცალკე და ჭელიძეებს კიდევ განსაკუთრებით, რომ ცოტა მოგეშველონ და ხელი წაგიკრან საქმეზე.აბა, მარტო შენ ხომ არ უნდა ჭამო გოზინაყი ვახ!😍💜😂მერე,რომ მორჩები ყველაფერს, აივანზე გადი, ცაში აიხედე
და ნახავ შენი ლექსი ეწერება თეთრად ცისფერ ფონზე, მაგრამ აქ ki მე გაგირითმავ საახალწლოდ!
ყველაფერი სასუსნავი
მოიტანა მაიამ,
მაგრამ გოზინაყისთვის
ჯერ მაინც არ სცალია,
ვინმე რომ დაუჭრიდეს
ნიგოზს წვრილად ძალიან
თაფლს კი მოადუღებდა
ჩვენი სოფო ქალია,
თუ უნდათ ჭელიძეებს
სუფრა საოცარია,
უნდა დატრიალდნენ და
შეეშველონ მაიას.



ჩემი პასუხი:

მართლა ვნახე, მუქ ლურჯ ცაზე საოცარი წარწერა, 
თინიკოს და მაიკუნას პრიზი მისცეს ამჯერად, 
თანაც ისე საოცნებო, იყო ბავშვთა პროზაში, 
ჩვენს სიტყვებსაც მოემატათ იმ ახალ წელს წონაში