Saturday, January 25, 2020
გზა (ჩანახატი)
საოცრად მიყვარს გზები, ზოგი ფართოა,ზოგი ვიწრო, ზოგი საცალფეხო, მაგრამ გზაა, გზებით არის დასერილი დედამიწა, ალბათ, ძალიან ლამაზია ზევიდან დანახული, ეს მრგვალი ბურთი ხომ ჩვენთვის შექმნა ღმერთმა, იმრავლეთ და იხარეთო, სადაც გზა მიდის, იქ სიცოცხლეც არის, სამოსახლოც ჩნდება, ოჯახები იქმნება, ბავშვები იბადებიან, ახალი სიცოცხლე ახალი კერაა და როგორ არ უნდა მიხაროდეს ახალი გზის დანახვა?! ახლაც ვხედავ ჩემი ფანჯრიდან, როგორ შენდება. ჩვენც მივუყვებით ჩვენი ცხოვრების შარაგზას, ზოგისთვის დაბრკოლებებით სავსეს, ზოგისთვის - იოლს და უსაფრთხოს, იქნებ, დაბრკოლებების გადალახვაშია ჩვენი ცხოვრების ხიბლი, ვინ იცის?! ბევრი შეწყვეტილი გზა და შეწყვეტილი სიცოცხლე გაჩნდა საქართველოში, გაუფერულებულა გზები, იმათ აღარსაით მივყავართ, მხოლოდ მავთულხლართებთან, ბალახგადავლილ ეზოებთან, დანგრეულ სახლებთან, რომელთა პატრონები ზოგი გარდაცვლილა, ზოგიც უცხოეთში წასულა და აქ დაბრუნებას აღარც აპირებს, ტირიან გზებიც და სახლებიც, ამას წინათ ერთ ასეთ მიტოვებულ ეზოში აღმოვჩნდი, ნესტი მოჰკიდებოდა ხეებს შამბისა და ბალახისგან, სველი ჰქონდათ მერქანი, თითქოს ტიროდნენ, აკანკალებულმა ხელი გავუშვი, ვიგრძენი მათი ტკივილი, იქ მიმავალი გზაც ალაგ-ალაგ ჩანგრეულიყო, არადა ერთ დროს რა ფუსფუსი იყო მოტირალ ხეებს შორის მდგარ ამ კოხტა სახლში, რა გამრჯე და მოუსვენარი პატრონები ჰყავდა, ვიდექი სახლის წინ თავდახრილი, თითქოს ახლობელი ადამიანის დასაფლავებაზე მოვსულიყავი, მრცხვენოდა ვიღაცის მაგივრად, ასეთ სამოთხეში ყოფნას რომ უცხო მიწა ამჯობინა,მაგრამ მე ვინ ვარ, რომ სხვები განვსაჯო?! ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო აქედან წაიყვანა და სხვა გზაზე გადაახვევინა. იმედს არ ვკარგავ, რომ ამ ჩვენს დანგრეულ გზებზეც ერთხელაც ისევ აბობოქრდება სიცოცხლე და აკვნებით დატვირთული მანქანები ივლიან იქით-აქეთ, იქით-აქეთ, დიახაც უსასრულოდ, იქით-აქეთ... სანამ დედამიწა იარსებებს, ახალი გზებიც გაჩნება, რომელთა დანახვა ძალიან მიყვარს, კი არ დავცოტავდებით, გავიზრდებით, კი არ დავჩიავდებით, გოლიათებად გადავიქცევით, რომელთა მხრებზეც იდგა და კიდევ დიდხანს იდგება დედამიწა, ასე იყო და ასე იქნება...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment