Thursday, December 27, 2012

ახალ მსხვერპლს ითხოვს


როცა სამყარო მუნჯია მიწყივ,
სხვისი ტკივილის და ცრემლის მიმართ,
ერთობ ძნელია შეცვალო რამე,
მაგრამ სათქმელი ხომ უნდა ითქვას!
ბევრის სიცოცხლე მოისპო ბნელში,
ბავშვებისა და მოზარდთა სისხლით
ხარობს ბოროტი ჯიში და გენი, -
- არაკაცების ხორხოცი იმის!
სიმყრალის სუნი დაჰყვება რიჟრაჟს,
აზიზ ყმაწვილთა ბოროტი კასტა
თავზე ეკლიან გვირგვინებს იდგამს,-
- თავად იესო მაცხოვარს ბაძავს.
სიცოცხლეს, სხვათა ტკივილზე ნაგებს,
სატანას ხარკად უხდიან თითქოს,
ჭიაკოკონა ალბიონს ანთებს,
ახალ და ახალ სამსხვერპლოს ითხოვს!

Wednesday, December 26, 2012

მუნჯია ყველა


ბართლომეს ღამე კიოდა ჩემში,
როცა ცხოვრების ლურჯი ტაროსი
მაფრენდა ველზე, სადაც მკვდრებს ჩეხდნენ,
აუღელვებლად, ჩუმი პათოსით.
დუმდა სიდისიც, სისხლიც, გულისთქმაც,
უმწედ გმინავდა წმინდა ბართლომე,
ქარბუქს მიჰქონდა ზარი მუსიკად,
ბავშვთა სხეულებს რიგში აწყობდნენ...
გული დამეყო ათას ნაწილად
და ამ სამყაროს ველში გავფანტე,
დედის ტკივილი გაიგონ ყველგან,
გაიგონ, რომ დღეს ბავშვი აწამეს!
გაიგონ, რომ დღეს მუნჯია ყველა,
ვინც იგრძნო, ტანში გააჟრიალა, -
სიტყვის თქმაც არის დანაშაული, -
შხამის, სამსალის შევსვით ფიალა.
ბართლომეს ღამე ჩვენშია ისევ,
კედლებზე სისხლის მოჩანს ტიარა,
ეკლის გვირგვინით შემოსეს ქრისტე, -
ძველმა ჭრილობამ ისევ იალა.

Monday, December 24, 2012

გინდა რომ გაოცდე


გინდა რომ გაოცდე, ვერ ხედავ ვერაფერს
ისეთს, რომ გაგიჟდე და ცაში იფრინო,
და როცა ფიქრობდი, სიცოცხლე დამთავრდა,
ახალმა ცხოვრებამ ჩაგიხსნა ღილკილო.
შენს ცრემლებს დაბერტყავ ბავშვობის ბალიშზე,
იქ, სადაც სიზმრები მეგობრად იგულე,
შენ და "ის" აღმოჩნდით საწყისი წერტილი, -
შენივე სხეულში ხელახლა იბრუნე,
გინდა რომ გაფრინდე ჩიტივით ჰაერში,
და ახლა მიხვდი, რომ არ გინდა წახვიდე
იქ, სადაც ბნელა და წყვდიადი ბოგინობს,
იქ, სადაც ეჭვებმა სულები გაჰყიდეს.
გაოცდი, აინთო ოქროსფრად ცარგვალი,
შავბნელმა ფიქრებმა გზა მისცეს სინათლეს,
ოცნების თვალებით სარკეში ნახული,
ზღაპრული პატარა სიცოცხლე გაჩუქეს.


დავილოცები...


ტყეში მოსულო იაო, ჩემი სამშობლო გქვიაო,
პურის ყანავ და თავთავო, გლეხკაცმა მოგიყვანაო,
არწივის, ორბის ბუდეო, შენ, საქართველოს ზღუდეო,
ვაზის ლერწო და ყალამო, ალაზნის ველის სანახო,
ირმის რქის გადანაგრეხო, ყანნწო, სავსე ხარ ოცნებით,
"წინანდალს" შევსვამ, "ვახტანგურს" გადავალ, დავილოცები...

Sunday, December 23, 2012

ფიროსმანს


შენ ბედისწერამ აგიყვანა ოლიმპოს მთაზე,
ტანჯვა-წამებით დაადექი ზევით ბილიკებს,
არ გაშინებდა სიცივე და მშიერი ყოფა,
იცოდი, ღმერთი იყავი და, ღმერთად მიგიღეს.
არ გშორდებოდნენ ცხოველები ჩვილის თვალებით,
და მეგობრებად მოგევლინა ტილო, მუშამბა,
არა გჩვეოდა მუხლის მოყრა სხვათა წინაშე,
გულმოდგინებით გვიქარგავდი დახლს თუ შუშაბანდს...
ისევ დაეძებ ღამის ლოთებს შენს ძველ თბილისში,
ღამენათევმა ალიონმა ისევ იალა ,
მზე ხარ, ლომი ხარ, - ამაყი და ფაფარაყრილი, -
შენ საუკუნო ზიარების შესვი ფიალა.
                         .   .   .
თვალცრემლიანი მივუყვები თბილისის ქუჩებს,
აქვე, სულ ახლოს, უსუსური მოკვდა ნიკალა,
მოგვეცი, ღმერთო, იმის ძალა, რომ ვცნათ სიმართლე, -
ახალი მსხვერპლით არ განახლდეს ჩვენი იარა...

მამათა სისხლი აყვირდა ჩემში


ქვის კედელში ვარ გამოკვეთილი,
ვერ გადამრეცხა დელგმამ და წვიმამ,
კავკასიონის კლდიდან მონატეხს,
უძღებ შვილს, დარდით მელოდნენ შინაც.
სხვა ქვეყანაში გადახვეწილმა,
სხვა ნიადაგში გავიდგი ფესვი,
დილით ვუსმენდი მამლების ყივილს,
მამათა სისხლი აყვირდა ჩემში.
ვტეხე და ვლეწე ციხე-კედლები,
რომ ცხრაკლიტული გამეხსნა გზების,
მშობლიურ კუთხეს გადავარდნილი
ერთი ნატეხი დავბრუნდი გზნებით.

წერილი დედას


რა მინდა გითხრა, ჩემო დედა, სიბრძნის საწყაო?!
რამდენ ჭირსა და რამდენ ნაღველს შენგან ვმალავდი,
მაგრამ ხომ გრძნობდა შენი გული, შენი სისხლი ვარ,
რამდენჯერ ცრემლებს თავსაფარქვეშ მორცხვად ფარავდი,
რა უნდა გითხრა, ჩემო ტკბილო, რით გაგახარო?!
ჩემს გულში ახლაც სიცივეა, ყინვა, დარდები,
არ გამოვიდა ჩემგან "დიდი" ადამიანი,
როგორც გინდოდა - ოცნებაში, ფიქრში ხატავდი.
დიდი ხანია, აღარა ვარ პატარა ბავშვი,
დიდი თვალებით ხიფათისგან თავს რომ იცავდა
შენი კალთის ქვეშ, რომ დაეხსნა შიშისგან თავი
და ალბათობის გამორიცხვით კედლებს კირავდა.
ახლაც შენს ლოცვას ველოდები, როგორც უმწეო,
ვიცი, დამიხსნი, მოვქცეულვარ კვერცხის ნაჭუჭში,
ძალა არ მყოფნის, გამოვტეხო ცარცის უდაბნო,
გთხოვ, ამაცილო. ავბედითი საბელ-მარყუჟი.

ზამთრის ღამე


ვარდის ფურცლებად იღვრება თოვლი,
ფანტელებს, ვხედავ, არ უჩანს ბოლო...
გადაეფინა საბნად მიდამოს, -
ყინვა გვირისტებს დაარტყამს ბოლოს,
მთვარის შუქი კი, ოქროს სხივებით
მორთავს თოვლისგან შეკერილ საბანს,
უნდა ლამაზად შეხვდეს ამ შობას, -
აღარ შესცივდეს არასდროს ქალაქს,
"არ შესცივდესო,"- ჩურჩულებს ღამე,
"არ შესცივდესო",- იძახის ქარი
და გამეტებით ყრის და ყრის ფიფქებს, -
ზამთარს ბუნებამ გაუღო კარი.

თბილისის ღამე


მე ღამეს ვუთევ საყვარელ თბილისს,
ამაყად ვუცქერ მთაწმინდის ნაძვებს,
"არ გიღალატებთ არასდროს!"-ვფიქრობ,
მაგრამ არ ვიცი, რა მელის ხვალე,
დათოვლილ ალვებს, თელებს, კუნელებს,
გულში ვიბარდნი, მათბობენ თითქოს,
ეს სიყვარული დიდხანს მაცოცხლებს,
კუბოს კარამდე გამყვება, მიტკბობს,
დეკემბრის ღამეს დაბადებული,
ზამთრის სიცივეს თამამად ვხვდები,
ვერ შემაშინებს ქარი, ქარბუქი,
შევებრძოლები მომხდურსაც გზნებით,
თბილისის ცაო, დამცქერი თავზე, -
მალე ახალ წლის ღამეც დადგება,
არ მოგიშალოს ღმერთმა თოვლობა,
მე - სიხარული და აღტაცება!

Friday, December 21, 2012

ნეტავ მდინარე ვიყო


ნეტავ მდინარე ვიყო,
ოფლითა ვრწყავდე ხეებს,
არ მასვენებდეს დარდი,
ცრემლით ვალბობდე ველებს,
მკურნალად ვექცე ყველას,
კაცსაც ვარგო და ტყესაც,
ნუღარ მომასწროს ღმერთმა
სისხლის ღვრასა და დელგმას.
მშვიდობის ვმღერდე "ნანას",
ტალღებს მიჰქონდეს ქვიშა,
რომ აშენებდნენ სახლებს,
მოხატულსა და მბრწყინავს.
მინდა სიკეთეს ვთესდე,
გვერდს მიმშვენებდეს ბაღი,
დაისვენებდეს ბალღი,
იყოს მშვიდი და ლაღი.
მდინარე მინდა ვიყო,
კლდიდან მოვქუხდე თავქვე,
ქვებს ასხლეტილი შხეფი
ცაში აწვდიდეს ნათელს.

Thursday, December 20, 2012

ვიცი და მჯერა


ვიცი და მჯერა, სიყვარულის გესმის ანბანი,
მაგრამ ამ გრძნობას, შენახვა და მოვლა ჭირდება,
წიგნის წაკითხვა ყველამ იცის, მაგრამ გაგება
ბევრს არა ძალუძს და ამისათვის გიჭრის გონება.
გული დაფრინავს,გულს ესმის და გული დარაჯობს,
მას უკვდავების შეუძლია გახდეს დინება,
თუ კი არა გაქვს, ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის,
ასეთად ყოფნა შენი ალბათ ღმერთმა  ინება.

Tuesday, December 18, 2012

პეშვი გავუწოდე წვეთებს


პეშვი გავუწოდე წვეთებს, -
ტყეში ხეებიდან ცვივა,
გულში შეუნახავთ ფოთლებს
ნამი, -  მთელი ღამის წვიმა,
წვეთმა ამომივსო პეშვი,
მერე დაედინა მიწას,
ჩვენი წუთისოფლის ცრემლი
ისევ შეერია წვიმას.

Sunday, December 16, 2012

ბაბუას (ახალ წელს გილოცავ)


მთვარის შუქმა ჩაგიქსოვა თმაში ვერცხლის ჭაღარა,
მზემ სიცილის, ხან კი წყენის ნაოჭებით დაგფარა,
ვარსკვლავებმა შვილთაშვილი გისაჩუქრეს პატარა,
ღმერთმა დიდი დღეგრძელობა მოგცა, ყველა გვახარა,
დიდი სიბრძნე და კაცობა აჩნია შენს ნაკვალევს,
კიდევ დიდხანს გვიყვებოდე ზღაპრებსა და არაკებს,
ბუხრის პირას ჩამიმჯდარი, ხელ-ჯოხით და თუთუნით,
ას ახალ წელს მოგილოცავთ  სიყვარულით, რუდუნით!

ზამთრის სიყვარული


სცივა წყლის პირს შიშველ ტირიფს,
თავი მორცხვად დაუხრია,
ზამთარს უნდა შეეგებოს,
ქათქათას და ხმაურიანს.
გიჟმაჟ სატრფოს გული უწუხს,
ხან ქარს გზავნის, ხანაც ყინვას,
ამით მიჯნურს თავს აწონებს, -
თავზე გვირგვინს შემოიდგამს.
თეთრ კაბაში გამოწყობილ
შეყვარებულს ფიფქებს აფენს,
ჭირხლებსა და ლოლუებსაც
მის ტანს მრავლად შემოახვევს,
ალერსის და მოფერების
თავის გზისთვის მიუგნია,
მარწუხებში მოქცეული სატრფო
გულში ჩაუკრია,
თავს არ ზოგავს, ჭახა-ჭუხი
გააქვს ტირიფს, ვნებით სავსეს, -
გაყინული თვალებიდან
სიყვარულის ცრემლებს აფრქვევს.

Friday, December 14, 2012

მზე გიცინის, პატარძალო!


მზე გიცინის, პატარძალო,
მარწყვის ტუჩებს მისკენ იშვერ,
რომ გაკოცოს, მოგეფეროს,
უწინამძღვროს ლამაზ ფიქრებს.
ქარმა ოქროს კულულები
ცოტა აგირ-დაგირია,
აკაციას შეგადარა, -
თეთრ ყვავილში აერია
შენი კაბა, -  თეთრზე, თეთრი,
ფანტელების ნათელია,
ოქრომკერდით მოქარგული,
ღილკილონი აფენია.
მზეს უცინი, პატარძალო,
ვარსკვლავივით თვალმომჭრელი,
ღმერთმა ტკბილად შეგაბეროს
იმ კარგ ვაჟკაცს, შენ რომ ელი!

ძმაო, მითხარი


ძმაო, მითხარი, რად გღალატობს ბედი-ყისმათი,
როცა არა გაქვს ოქრო-ვერცხლი, უზალთუნები,
აღებ-მიცემის და ვაჭრობის ნიჭიც თუ არ გაქვს,
მაშინ მოკვდები მშიერი და დაუპურები...
კაცობას შენსას აღარა აქვს კაპიკის ფასი,
თუ კი არა ხარ ბატონი ან მლიქვნელი მონა,
ქვეწარმავალის სახეც ჯერ თუ არ მიგიღია,
რაღაში გინდა გონისა და ტალანტის ქონა,
მე კი არ მინდა ფარჩა, სირმა, ოქრომკერდები,
მინდა ვიცხოვრო თავისუფლად, როგორც ტოროლამ,
თქვენ გქონდეთ თქვენი ზარდახშები უზალთუნებით,
მე კი დავძახებ ჩემს სიმღერას, თითო-ოროლას.

Thursday, December 13, 2012

სიცოცხლის ალი


დახუჭულ თვალებს ვეღარ გაახელ,
თუკი სიცოცხლის არ გწვავს ალები,
თუკი არ იბრძვი გადარჩენისთვის,
თუკი ცხოვრებას დაემალები.
სიტყვას ვერ იტყვი ქუხილით, გრგვინვით,
ვეღარ აიტან დიდ ლოდებს აღმა,
თუკი არ გიდუღს მაჭარი სისხლში,
თუკი არ ებრძვი დელგმას და ავდარს.
ვეღარ დაუკრავ ქართულ ჭიანურს,
ვეღარ დაწყვიტავ გიტარის სიმებს,
თუკი არა გაქვს სული პოეტის
და ვერ მოძებნი საჭირო რითმებს...
კაცურ მეობას თუ ვერ დაიცავ,
ვეღარ გალეწავ ცხოვრების კალოს...
და კვდება შენში ადამიანი, -
თვალის გახელას აღარც კი ლამობ.

გრძნობების ტყვე


გრძნობების ტყვეა ეს ჩემი გული,
მივდევ დინებას სამყაროს ფერით,
ალიგიერის ჯოჯოხეთში ვარ,
თუ ღვთის წინაშე მუხლს ვიყრი კდემით,
აღარ მასვენებს ერთი შეკითხვა:
რატომ მოვდივართ და რატომ ვკვდებით?
ვიცი, დავეშვით მაღლა ზეციდან
და კვლავ ზეცაში უკვდავნი ვხდებით,
განცდებისა და შიშის ქვეყანა,
ხიფათითა და ვნებებით სავსე,
ჩვენში შემოდის, როგორც ფარვანა
და განსაცდელში ჩვენ სულებს აგდებს...
მაინც გვიზიდავს მზე და ცხოვრება,
ბედმა ჩვენთვის რომ გამოიმეტა,
უნდა გავუძლოთ ამ დიდ გამოცდას,
თუკი უფალმა ასე ინება.

Monday, December 10, 2012

მე ბილიკები ისე დავსერე


მე ბილიკები ისე დავსერე,
სულ დამავიწყდა დროის ცვლილება,
ვეღარ მოვასწრებ, უკან დავბრუნდე, -
გზაზე დამტოვა უცხო დინებამ.

პატიებას აღარ ველი


ჩემ წინ სწრაფად ჩაიქროლეს
ყანებმა და მინდვრებმა,
მატარებლის ხმა-გუგუნში
როგორ მომეწყინება?!
პატიებას აღარ ველი,
ეხლა შველა მჭირდება, -
ერთმა კიბე გადმომიგდო,
ცაში ასვლას მპირდება!

Saturday, December 8, 2012

შენს სახეს მტრედისფერი აქვს


შენს სახეს მტრედისფერი აქვს,
ხელებს - სურნელი ბაღის,
ქარს შენთვის დაუკრეფია
აყვავებული ფშატი,
დაუნგრევია ციხენი,
ტკივილად გექცა მიწა,
გადაუვლია დრო-ჟამსაც,
სამარე ბაღად იქცა,
სული კი, სანამ აქ არის,
ვიდრე არ გტოვებს მარტო,
შენს სახეს მტრედისფერი აქვს, -
მიწის სურნელი გათბობს.

"მიყვარხარ"


ვაჟმა ქალს უთხრა "მიყვარხარ",
ალერსით უთხრა ყანამაც,
ბნელში ყაყაჩო გაწითლდა,
თავი დახარა ქალამაც,
მთვარემ საკინძე ჩაიხსნა,
ღრუბელი თეთრად აინთო,
ვაჟი ქალს გადაეხვია,
ყანამ ყაყაჩო დაინდო.

არ მტოვებ თითქოს


ფერდაკარგული შენი ხატება
ისევ ცოცხლდება, ქარდაქარ მიხმობს,
უდაბნოებში ვეძებ ნატერფალს,
მთებსა და ზღვებში... არ მტოვებ თითქოს,
ტყის პირას ვანთე ცეცხლის ალები.
მზეც კი იწვოდა მათი სიწითლით,
მაგრამ ვერ ვნახე შენი თვალები,
შენი ხელები, მზერა, ღიმილი..
ძაფის გორგლებად ვაქციე გზები,
ნაშალ ძაფებად ვიქეცი თვითონ,
ვერსად დავლანდე, ვეძებდი გზნებით,
შენი სული კი არ მტოვებს თითქოს...

Friday, December 7, 2012

იისფერ ზამბახს მომიძღვნის ქარი


იისფერ ზამბახს მომიძღვნის ქარი, -
ერთად დავსერავთ ცისფერ სამყაროს,
გვერდით ჩავუფრენთ ვარდისფერ სიონს,
მადლობას ვეტყვით ქართლის ავგაროზს,
ჩურჩულით, ლოცვით დავკოცნით კედლებს,
საკმევლის სუნი მოგვეკიდება,
ქრისტეს კვართივით დაგლეჯილ მიწას
მალამოსავით მოეფინება,
და გადიდდება რწმენის მარცვალი,
გაღვივებული, ყლორტებსაც მოგვცემს,
გადაიქცევა ქართლი ბაღნარად,
მოისხამს ყვავილს, ნაყოფის მომცემს.

ყელზე მახვილი მაქვს მობჯენილი


ყელზე მახვილი მაქვს მობჯენილი, -
შორიდან მგლების ყმუილი ისმის,
ო, რა ახლოა, თან შორეული
ეს მოძახილი... გული მაქვს რკინის,
მინდა, ავფრინდე მაღლა, მთვარესთან,
მაგრამ ცხოვრება თავისთან მიხმობს,
ყელზე მახვილი მაქვს მობჯენილი, -
ათასი თვალი მიყურებს თითქოს,
განცდების ტყვეა ეს ჩემი გული,
ანდამატივით მიზიდავს მიწა,
არ მეშინია ბასრი მახვილის, -
თუნდაც დავეცე, ვიტყვი ჩემს სიტყვას.

Thursday, December 6, 2012

გვინდა კი?


ცრურწმენის ტყვე ვართ, წარსულში ვრჩებით,
გვინდა კი, რამე შევცვალოთ ჩვენში,
გვინდა კი, მართალს ჩავხედოთ თვალში,
გასულ ცხოვრებას მივაპყროთ მზერა
და დავინახოთ ის, რაც არ გვინდა,
ანდა ის, რისაც აღარა გვჯერა?!

ხელის ჭუჭი


ხელის ჭუჭყია, ვიძახით ფულზე,
მავანს ის უყვარს, მავანს კი - ისე,
მავანს არა აქვს იმისი შიში, -
რომ არ ექნება, სხვა მისცემს, იცის,
შენც კი არ გინდა, რომ გეცხოს ჭუჭყი,
მაგრამ გჭირდება, შვილს როცა უჭირს...

Wednesday, December 5, 2012

ყანა


ძირს ჩაიმუხლა ყანამ,
მოცელა სეტყვამ, წვიმამ,
ვეღარ სწორდება წელში,
უნდა კეთილი სიტყვა...
ისევ იმღერებს ყანა,
აშრიალდება ველი,
მიწაც მოჰმატებს ძალას,
პატრონის იგრძნოს ხელი.

შემოგანათებს ია


შემოგანათებს ია,
თვალებს ლამაზს და წყლიანს,
უმალ იძვრება ყინვა,
მიაქვს ჭალებში ლიახვს.

ავად გაჰკივის ქარი...

ავად გაჰკივის ქარი, ცაში გაფენილ ღრუბლებს
გაშავებული ზეცა მწარე ცრემლებით უტევს,
თითქოს ირმების ჯოგმა გადაურბინა ტატნობს, -
რქების ჯახანი ისმის, მიწას ქუხილით აფრთხობს,
ვერძმა დახია ფარა, მშვილდოსანს დარჩა ველი,
ქარმა გაშალა ფრთები, ცას მოერია ბნელი,
ზეცა იღვრება წვიმად, ღრუბელს ჩამოწყდა მთვარე,
ჩემს გულშიც ისე ბნელა, როგორც ბნელია ღამე...

Monday, December 3, 2012

ისევ...



ისევ ღიღინებს მტკვარი,
ისევ მწვანდება მდელო,
ისევ გრიალებს თერგი,
მოაქვს მთებიდან ლელო,
ისევ ყვავილობს ვარდი,
ცრემლი ჩამოსდის ვაზებს,
ქუთაისური ქარი
აგვიფრიალებს კაბებს,
შავი ზღვა ისევ ღელავს,
ისევ მღერიან "ნანას",
ბარად მოსული ჯოგი
აგვიჭრიალებს ჭალას,
ისევ ფქვავს სიმინდს წყალი,
ისევ ნაზია ღამე,
ცამდე აწვდენილ კოშკებს
ოსტატი ისევ აგებს!

საქართველოს გულში ვზივარ


აივნიდან გადავხედე ყანებსა და წყლის პირებს,
იქ გვირილამ გამიღიმა, იქ ყაყაჩო ღიღინებს,
მდინარიდან კალმახები მიტყუებენ ფერებით,
ასგზის მოვალ, ლამაზებო, ასგზის მოგეფერებით,
ღრუბლის ფთილა, დაკიდული, ჩემს აივანს შეზრდია,
მზემ თვალებში შემანათა, მას უმღერის მზეწვია,
მერცხლებს დოღი გაუმართავთ, ჭიკჭიკს ვერვინ დაასწრებს,
კლდის თავებზე არწივები დაჰხარიან პატარებს,
საქართველოს გულში ვზივარ, ცხრაკლიტული გავაღე,
მისი სითბო, მეგობრებო, ათას კოცონს დაანთებს!

ჩვენთვის ილოცეთ, უნეტარესო!


ჩვენო მამაო, უნეტარესო,
თავს დაგვდგომია სევდა და დარდი,
შენი შვილები ისევე ვცოდავთ,
ჩვენს ნამოქმედარს აკლია მადლი.
ვერ დავინახეთ ნათელი წმინდა,
ვეღარ გავიგეთ სიკეთის გემო,
გამოგვაჭენა ბოროტმა ძალამ, -
უფსკრულისაკენ გვიბიძგებს,ქვემოთ,
ჩვენ კი, ცოდვებში გამტკბარებს გვძინავს,
აღარ გვაწუხებს სამშობლოს ვალი,
სადმე ტახტი თუ გათავისუფლდა,
კვლავ შეიკვრება მახინჯი რკალი,
პატიოსნებამ ვერ გაიღვიძა,
მავანთა სული უგვანი არის,
ჩვენთვის ილოცეთ, უნეტარესო, -
შევძლოთ გადახდა ამ ქვეყნის ვალის.

Sunday, December 2, 2012

პეპელა


მატლი ვარ, ვხოხავ კაკლის ფოთოლზე,
მინდა კი ვიყო ნაზი პეპელა,
ფრთებმოხატულმა ვიფრინო ველზე
ლამაზად გავქრე, ჩუმად, ნელ-ნელა.

სისხლი


ვხედავ ჩვენს სისხლში არეულ ცვლადებს,
ამოხსნილსა და ამოუხსნელებს,
ძალიან ხშირად რომ გვაზანზარებს,
და ტანში გვზარავს,
თვითონ არ ვიცით,
მომავლის ფიქრი თუ ბედისწერა...

ღალატი


ბალახი ვიყავ, მობიბინე, ზურმუხტისფერი,
მათბობდა სხივი, დიდ მომავალს მიქადდა მიწა,
ქურდივით ჩუმად, მოღალატემ გამომკრა ცელი,
ვიქეცი უხმო ნეშომპალად, ნახევრად მიწად...

Saturday, December 1, 2012

სიტყვა ქართული


სიტყვა ძვირი და სიტყვა წყლიანი,
სიტყვა უთქმელი, სიტყვა მზიანი,
სიტყვა კაზმული, სიტყვა ქარგული,
სიტყვა სიტყვით და უსიტყვოდ სიტყვა,
გულში ჩამწვდომი ჩვენი ქართულით,
ღმერთთან პირისპირ რომ უნდა ითქვას!

ვირი


ლამაზთვალება პატარა ვირი
შებმული ტვირთით დიდ გზაზე მიდის,
ძალიან უჭირს, მიათრევს უღელს,
მადლობის ნაცვლად, ძაღლიც კი უყეფს,
ზოგჯერ თივის ღერს მისცემენ საწყალს,
ის რომ მოუკვდეთ, ვინ გაწევს ჭაპანს!?
პატრონი ცივად ამოსდებს ლაგამს,
არც წიხლს დააკლებს, არც - უშვერ ლანძღვას,
ხან გამვლელები აყრიან სიცილს,
უკუღმართობა ცხოვრების იცის,
ზოგჯერ ოჩდება, ჯიუტობს ისიც,
უსამართლობას ამ ქვეყნის ტირის...