Tuesday, November 30, 2021

უშენობა ისე მიჭირს, ისე მტკივა,

თითქოს მიწის დამასახლეს განაპირას,

აღარ მომცეს არც საჭმელი, აღარც წყალი,

უშენობას, სჯობდა ასე მოვეკალი.


სახუმარო-სალაღობო

 შენი სუნთქვა შემომესმა, ეს შენ იყავ,

ყურში ნაზად მიჩურჩულე "მიყვარხარო", 

მოვიხედე, მეც მინდოდა, რაღაც მეთქვა,

მაგრამ უცებ გამქრალიყავ, ნიავ-ქარო,

აღარ იყავ,  შენი ჩრდილი დამხვდა მხოლოდ,

დამეფინე და ტუჩები დამიკოცნე,

თუ კი ასე შეგიძლია ჩრდილსაც კოცნა,

იმედი მაქვს, რეალობით გამაოცებ.


ნეტავ, რა მოსაწონი ვარ

ნეტავ, რა მოსაწონი ვარ, ერთი უბრალო ქალი ვარ,
ვერც ბევრი ბალღი გავზარდე ქვეყნისთვის, მხოლოდ სამი მყავს,
ვერც ზეცას მივწვდი ხელებით, ხელებში შემრჩა ჩანგიღა,
ვერც მტერს ვებრძოლე უჯიშოს, ვერ მოვიშველე ფარი და
და ამ ყველაფერს მიმხვდარსა, უნიათობა ჩემი მკლავს,
სამწუხაროა, ვერაფერს რომ ვერ  დავიწყებ თავიდან.



გულგრილობა

 

თითქოს ჩემს გულში დასახარჯი სითბო შემცირდა,
თვითონაც მიკვირს, გულგრილობის სენი შემყრია
და ადრე თუ კი ბუშტებს წითლად ვაფერადებდი,
დახეთქილები ჩემს ფეხებთან სიკვდილს ელიან.
სილაღემ სულის რომ ირბინა "სალტო-მალტოთი',
გადადიოდა ყირაზე და მზეს უღიმოდა,
დღეს სიყვარულის, სიხარულის აპოთეოზი,
როგორც წიწილა, სამსხვერპლოზე, ისე ვიდოდა.
ნეტავ ვის უნდა შენი სულის ამარკორდები,
ვინ ხარ, საიდან, რა მოგაქვს, რა მოგიტანია
და ტკივილები ჩაწყობილი ჩემს თბილ უბეში,
იზრდებიან და უდარდელად გარეთ გადიან.
შემცირდა შუქი ფანჯრებშიაც ჩემთან და ირგვლივ,
და ვგრძნობ რომ ნელა იხურება ზეცის ფარდებიც,
გეტყვით, სანამდე შემიძლია ცოტათი ფიქრი,
თქვენც გულგრილობით ჩემსავით ნუ დაავადდებით.

მე მეგონა, რომ ძლიერ გიყვარდი (სატრფიალო)

 მე მეგონა, რომ ძლიერ გიყვარდი,

თუ არ გიყვარდი, შემიყვარებდი,
და ილუზიით დატყვევებული,
ნარჩიტასავით ნაზ ფრთებს ვაქნევდი.
როგორც ნაქსოვ ქუდს, ერღვევა ძაფი,
ჩამოიშალა ჩემი იმედიც,
აცრემლებული და უსუსური,
უიმედობის ქუჩას მივყვები.


Monday, November 29, 2021

შემოგეჭამა მტევნები,

აჩეხილს ჰგავდა ვენახი,

ვინ რა იცოდა, ჩვენ ვიყავთ,

იქ ღამეგანათევარი.


თოვლის მესმის უკვე სუნთქვა, 
თოვლმა ზეცა ჩამოფინა,
"დიდი თოვლი მოვიდაო",
სიტყვა ქვეყნად არონინა.
"თოვლმა გზები გადაკეტა",
"თოვლმა ადრე გადმოგვხედა",
"თოვლიაო უკვე ბარშიც",
თოვლი ბრწყინავს ათასფერად.
და მეც მიყვარს დიდი თოვლი,
ერთხელ ერთად ჩაგვფლა ღმერთმა,
და მას მერე, ჩემო კარგო,
ის ლაღი დღე გამახსენა.

მოძღვნა, კომენტარი ლექსზე "მინდა რომ ძლიერ გიყვარდე", ავტ. ზურაბ ქობალია

 Zurab Kobalia

მიყვარხარ როგორც ორ არაგვს მტკვარი,
თეთრიც და შავიც მისკენ ილტვიან,
ესე ცხოვრება ისეთი არი
ლამაზი, როგორც შენზე იტყვიან.
ვცდილობ სპეტაკად მოვიდე შენთან,
არ ავიმღვრე და არცა გავირყვნა,
შავიც ვათეთრო და შენთან თეთრად
მარადიული ზარით დავრისხავ.
ახლა ვფიქრობ და ადრეც მქონია
აზრი აქამდე გაუფილტრავი,
შენი სახება ჩემი მგონია,
შენით მოვხატე გულის ფიცარი.
მთელი სამყარო ჩემი მგონია,
ცალკე ვით ვიყო შენი ზიარი,
აქ სიყვარულის კაკაფონია
არის უბრალიდ ადამიანი.
მარად და მუდამ მოვილტვი შენკენ, 
როგორც არაგვი ორთავე შლეგი,
შენ იყო თითქოს ის მღვრიე მტკვარი,
ან სხვაგან მბრბოლი მდინარე თერგი.
რომელსაც სულაც ვეღარ მივწვდები,
სხვაგან გიჭირავთ ორთავს სვლაგეზი,
კვლავ საძებარი ის ჩემი ბედი,
საით გამექცა, ვერაფერს ვხვდები.

სიყვარულის რაობა, ავტ. ოთარ ჭილაძე

  სიყვარულიც თავისებური ომია, ომის და დაპირისპირების განსაკუთრებული სახეობაა, თუმცა ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების მეტი უნარი აღმოაჩნდება; ამიტომაცაა ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის.

 ისე დაწურე ჩემი მტევნები,

შემოგეჭამა მგონი ვენახი,

ბევრიც ეცადე თავის დაღწევას,

ჯადო-თილისმას მაინც ვერ აცდი.

და ოცნებებსაც წარსულიდან

 ჩემო ბატონო, თქვენ ღრუბლებში დაფრინავთ, ვხედავ,

ეს ცხოვრება კი სულ არ არის  ბრმა იდილია,

აგერ ჩეროში ბეღურები ასფალტზე სხედან,

იმათთვისაც კი ლუკმის შოვნა ბევრი ფიქრია.

და ოცნებებსაც წარსულიდან აცვდებათ ფრთები,

რამდენი უკვე ჩამოვარდა, ბევრიც რიგშია,

ალგორითმების ამოხსნაში რამდენი ვკვდებით,

მგონი, ზეცაში რომ წაგვიღონ, იქაც რიგია.

და მაინც ისევ მატრიალებს ეს ქარიშხალი,

მივყავარ საით, რას მიმზადებს, ვერ გამიგია,

ჩემო ბატონო, შენკენ მოდის ნეტავი გზები, 

თუ რომ შემხვდება პაემანზე, არსთგამრიგეა.




ო, რა ლამაზად გავთენდი შენში,

ვხედავ, ძვირფასო, მზესავით ბრწყინავ,

შენთვის ვიყავი ამ ღამით ერთი,

შენთვის ვიყავი ღამეც და დილაც.

 

შენ სვამდი ნექტარს ჩემი ტუჩიდან,

მეც შენი ტუჩის გავიგე გემო,

და ბედნიერი ჩემი გულისთქმა,

როგორც ჩემს მუზას, მხოლოდ შენ გერგო.

 

და ირეოდა ნათელი ბნელში,

ხშირად მინდოდა მოხუჭვა თვალის,

რომ  ნეტარება ენითუთქმელი

დარჩენილიყო თილისმად ღამის.






 მზე ჩადის, ჩემი ალუბლებიც თანდათან ჭკნება,

ზოგი ჩიტებმა შეჭამეს და ზოგიც ბავშვებმა,

დარჩენილები გაშავდნენ და აღარ აქვთ გემო,

იქნებ წაიღონ და იხარონ ახლა ქარებმა.


მე - ალუბალი (სატრფიალო)

მე - ალუბალი, შენ დიდ მუხას შორიდან გიცქერ,

მომწონხარ ძლიერ და სურვილით მევსება ტანი,

მინდა გაკოცო,მოგეფერო ტუჩსა და პირზე,

მაგრამ ფესვები მიზიდავენ მტანჯველი ძალით.

 

და როცა ქარი დაუბერავს, ვიხრები შენკენ,

ტოტებსაც გიშვერ, ჩემს ყვავილებს სახეში გაყრი,

მაგრამ ჩემ გარდა, ალბათ კიდევ რამდენი გიმზერს

და ჩემს მეგობრად გამიხდია მხოლოდღა ქარი.

 

ის თუ მოგიტანს სიყვარულის და ტრფობის ამბავს,

რომ ავსებულა ჩემი გული და შენკენ იწევს,

დავმწიფდები და მე შეგასმევ ისეთ ტკბილ  ბადაგს,

რომ იდუმალი ოცნებებით მეცხრე ცას მისწვდე.


 მე ის მიყვარდა, მას არ ვუყვარდი,

ასე კი დიდხანს გრძელდება რამე?

და შემოდგომის ოქროცურვილში 

ვიღაცა მაინც ხომ იცმევს ძაძებს?!


 მინდა რომ სული შენ შემოგწირო ამ წუთას, ამ წამს, ახლა,

მინდა ლოდინის ფრთებით მოვფრინდე, არ შევიმჩნიო დაღლა,

მინდა არასდროს არ დაგინახო შენ გათანგული დარდით,

და ჩემი სახით შეხვდე სიყვარულს გაზაფხულივით ნატიფს...

Sunday, November 28, 2021

ავტ. უცნობი

 თითქოს შემშალა სიყვარულმა, არ ვარ ჭკუაზედ,

არა ვარ-მეთქი, დავბარბაცებ ასე უგონოდ

და თუ ოდესმე ისევ შემხვდი, შენც დამინახე,

მთვრალი იყოო ის საწყალი, არვის უამბო.

რითი მოვკვდები (მინიმა)

 რითი მოვკვდები, სიყვარულში უსიყვარულოდ,

თუ უსიყვარულოდ სიყვარულში, საკითხავია!


შენი ხელების მაგიჟებს სითბო (სატრფიალო)

შენი ხელების მაგიჟებს სითბო
და მავიწყდება მაშინ ყოველი,
იქ მოვალ, სადაც ვნებები ითხოვს,
სადაც მიცდი და სადაც მომელი,
ამიყვავდება თვალებში ია,
შენი თვალების ლურჯი ველიდან
და აინთება ცაზე წითელი,
ზეციურ ძალთა ელვარებიდან.
გავლხვები შენში, როგორც მთის თოვლი,
ვიდინებ ისე, როგორც ჩანჩქერი,
და რას დაარქმევ შენ ამ დიდ გრძნობას,
შენ გადაწყვიტე ეგ ყველაფერი.

სადა ოთახი, ავტ. ნანა მეფარიშვილი

 სადა ოთახი

ოთახი, სადაც ჩვენ შევხვდებით იქნება სადა,
ძალზედ უბრალო...შენ გიხდება უბრალო ფონი..
შემოვიფლითავთ დაღლილ ეჭვებს გულს რომ გვიხრავდა,
ვნებად მოვარდნილ შეხდევრასთან დავრჩებით ორნი.
დატოვებს ოთახს სევდა, დარდი ნატრული წამი,
აქ, მხოლოდ მზერას შეეძლება მეტყველი დარჩეს,
აგეტუზება წინ, ლოდინით დაღლილი ქალი,
და მისი ცრემლი, სიხარულის გეტყვის დანარჩენს.
ოთახი, სადაც ჩვენ შევხვდებით წაგვიშლის მაისს,
რადგან სიყვარულს საოცარი სურნელი ასდის,
არ შემოვუშვებთ დარაბებზე მოხეთქილ აისს,
ვიჭირვეულებ, რადგან შენთან ბავშვივით გამდის.
ბედნიერებავ, შემომხვიე წელზე მკლავები,
სასაცილოა ახლა ყველა სიტყვა და რითმა,
მიეხურება უცხო ოთახს, უცხო კარები,
და არა, ამის გადმოცემა ლექსებად ვინ სთქვა??
ოთახი, სადაც ჩვენ შევხვდებით იქნება სადა,
სახეს მოგირთავ წარუშლელი ნაზი კოცნებით,
და აღარაფერს გავიხსენებთ ერთურთის გარდა,
თბილ ხელის გულებს სიყვარულად შევახორცდებით.
თუმც ყველაფერი გასრულდება და გახსნილ კარში,
გადათანგული ნეტარება გასასვლელს მორთავს,
ბედნიერებაც ჩაილევა დათვლილი წამში...
და გაელვებად შემორჩება უბრალო ოთახს.
ნანა მეფარიშვილი
მაღლა მთებიდან მოვედი, 
ქარმა თავხედმა წამიღო, 
იქ ყინულებში ვიწექი,
ზღაპარ მეგონა,  არ იყო.
შენს ხელისგულზე დავდნი და
უკვდავების წყლად ვიქეცი, 
ვაჟო, შემსვი და შემხედე,
როგორც ღმერთს ისე გიცქერი.

ნეტავი ვინ ვარ?! (სატრფიალო)

ნეტავი ვინ ვარ, თვითონ არ ვიცი
და ქარი, როგორც ხის ტოტებს, მიტევს,
მე რომ მეგონა უღრუბლო ზეცა,
თურმე ზეცასაც ჰქონია დირე,
მე ისევ ვცეკვავ ქუჩებში ტანგოს,
მაგრამ მეწყვილე ვერ ვნახე კიდევ,
შევრჩი სამყაროს ძველი ქოშივით,
სახმარად რომ არ სჭირდებათ მდიდრებს.
ნეტავ ღვთის ნება ქვეყნად რა არის,
შეხედეთ, ირგვლივ ყრია დროშები,
გატანილები ჩვენი  გულიდან,
ძალგამოცლილი ავგაროზები..
და სიყვარულის წაგვართვეს თავი,
მშობელი დედაც თითქოს არ გვიყვარს,
თავწაკრულები, ხელგაკრულები 
იზიდებიან ფიქრები ფიქრთან.
მომავლის იმედს მოწყვიტეს კუდი,
გესლი არ რჩება მხოლოდ ხაროში,
ზღაპრებიდანაც გამოგვაძევეს,
რითაც ვცხოვრობდით, რითაც ვხარობდით.
და ვცეკვავ ახლა სულ მარტო ტანგოს,
და იმ ქუჩებშიც თითქმის ბინდია,
იქნებ დამინთოს ღმერთმა თვალები
და მაპოვნინოს ჩემი მინდია.



.



გიჟი მარტი

 

საოცრებაა ეს გიჟი მარტი,

უნდა გამშალოს, როგორც ყვავილი,

მაგრამ სიყვარულს ჩემს თავს არ ვაცლი,

გადამძვრა უკვე ფერ-უმარილი.

 

დაე, იგიჟოს სხვა ყვავილებთან,

ნორჩი, ლამაზი ბევრზე-ბევრია,

წლებმა წამიღო სურვილნანატრი,

უტყვი ფიქრები შემომესია.

 

საოცრებაა ეს გიჟი მარტი,

უნდა გამშალოს როგორც ყვავილი

და გადაწყვეტას ვპოულობ მარტივს,

თბილ მზეს ვუღიმი გიჟი მარტივით.



Saturday, November 27, 2021

მინდა რომ შენში ავყვავდე ბაღად (სატრფიალო)

 მინდა რომ შენში ავყვავდე ბაღად,

დაკვირტდეს ყველა ნაზი ყვავილი,

უთუოდ ჩემი იქნები ამღამ

გადაგაგეხსნება სულში არილი.

და თუ კი ხელის შეხება იგრძენ, 

არ შეგეშინდეს, ეს მე ვიქნები,

რომ გაზიარო ნამდვილ სიყვარულს,

და აგიცეკვო თვალში ნიმფები.




შენ თუ გგონია (სატრფიალო)

 შენ თუ გგონია, რომ არ მოვკვდები,

დიდხანს ვიცოცხლებ კიდევ უშენოდ,
როგორც ყაყაჩო, ისე დავჭკნები
და შენ, უღმერთოვ, არ შემაჩერო!
განა ზღვა ბორგავს ქარის გარეშე,
ანდა თოლია ზღვას ტოვებს მარტო,
გულგრილობის მცემს სიო სახეში
და მაინც ჩემს გულს მხოლოდ შენ განდობ.


ერთი სული მაქვს, რომ შენამდე ერთხელ მოვიდე (სატრფიალო)

 ერთი სული მაქვს, რომ შენამდე ერთხელ მოვიდე,

ჩამოგაფერთხო ძილი, კუშტი, მაგ თვალებიდან
და შენში ისე ნაზი სურვილებით რომ შემოვიდე,
თითქოს შენს სულში ვისვენებდი მუდამ, ოდითგან.
მინდა მაგ ლამაზ და მშვიდ სახეს ნისლი მოვფინო,
რომ შენთვის გავხდე ფაქიზი და ისე ლამაზი,
აღარასოდეს მაგ თვალიდან არ ამოვიდე,
და დავრჩე შენში, როგორც ღამე, როგორც ფანტაზი....

ბატონ გივი ტუხაშვილს! ავტ. გელა ციგროშვილი

გივი ტუხაშვილს! (ფშაურ კილოზე)

 

ისე დიდია ცდუნება,

რამეს დაგიწერ გივიო,

ვერ შასცვლი ბედისწერასა,

ჩენთან ტყუილა სჩივიო...

 

ალბათ გასჩერდი თვითონა,

პირს დაგთამაშებს ღიმიო...

შორიდან ისე არა ჩან,

რო ედგეთ გასაჭირიო...

 

ალბათ ის აინტერესებთ,

სადაურია ხილიო,

გახდით, ვფიქრობ, ვერ გაგხდიან,

არ აკერავის ღილიო...

 

თუ რაში გამაადგები,

არ შაირცხვინო პირიო...

„სხვა დროს მთავარ ჯგუფს თუ მასწყდი“,

იახლე აფარ - „გზირიო“...

გელა ციგროშვილი

26.11.2014წ. 

ეჰ, მეგობარო!

ეჰ, მეგობარო, ახლა ვზივარ და
თვალებს მიბინდავს ცრემლების ტევრი,
იქნებ შენ იცი ამის მიზეზი,
წუთისოფელის გსმენია ბევრი.
დახრა ეს ძვლები უხმო დარდებმა,
და რომ იყვირო, - სჭირდება ცოდნა,
იქნება შეგრჩეს დედის გინებაც,
იქნებ არ შეგრჩეს პატარა ოხვრაც.
სულის ვერტიკალს თუ ააყვავებ,
მძინარა ბინდებს გაჰყვები გარეთ,
იქნებ კიდევაც არ დაგვიანდეს,
და იქნებ სულზე მომისწრო ბარემ.
მაია დიაკონიძე
26.11.2021წ,

Friday, November 26, 2021

მინდა, რომ ძლიერ გიყვარდე (სატრფიალო)

მინდა რომ ძლიერ გიყვარდე,

მინდა რომ ძლიერ გინდოდე,
შავ არაგვს თეთრი არაგვი,
როგორც მზის სხივი, გდიოდე,
ჯვარი დაგვცქერდეს მაღლიდან,
ჩვენს შეერთებას ფიქრობდეს,
ტალღას ტალღაზე მავლებდე,
შევერეოდეთ ჩვენ ოდეს.
















მე ვინაც მინდებ (სატრფიალო, ხალხურ მოტივებზე)

მე ვინაც მინდებ, არ ვუნდებ,

ვუნდებ და მე არ მწადია,

ახლაღავ, ღმერთო, მითხარი,

ეს რაგვარ სამართალია.

ისე ჩახჩახებს ეს ველი,

თითქოს ზედ იწვა მთვარეო,

საბანი გადააცალეს,

განათდა არე-მარეო,

იმისსა შემხედვარესა,

ამებნა დღეს და ხვალეო.






Thursday, November 25, 2021

გოზინაყი (საბავშვო ზღაპარი)

                               გოზინაყი

    ახალი წლის ღამეს ზოგჯერ ისეთი სასწაულები ხდება ხოლმე, ვერც კი წარმოიდგენთ! თაგვმა ნიგოზამ გადაწყვიტა შვილებისთვის გოზინაყი გაეკეთებინა, კაკალი სხვენზე ბლომად ეყარა, მაგრამ თაფლი სად უნდა ეშოვა. წაცუნცულდა სამზარეულოში, სწორედ იმ დროს შევიდა, ფისო სუსურა რომ იჯდა გაზქურასთან და ბებია ტასოს ხელში უყურებდა, მოხუცია, იქნებ რამე გაუვარდეს ხელიდანო. თაგვი რომ დაინახა, აყვირდა ბებია, ნიგოზი არ შემიჭამოს და პატარა მიშიკო და თათული არ დამრჩნენ გოზინაყის გარეშეო, თურმე ისიც გოზინაყს ამზადებდა შვილიშვილებისთვის. აწრიპინდა თაგვი, აწრიპინდა, თითქოს ძალა მიეცაო, აბა, ახალ წელს მას და მის შვილებაც ხომ უნდოდათ სასუსნავი! გაკვირვებით გადახედეს ბებია ტასომ და კატა სუსურამ თაგვ ნიგოზას, ხომ არ გაგიჟდაო, აქამდე სულ ფრთხილი იყო და მშიშარაო. - რაო, რაოო, - ჰკითხა ბებიამ თაგვს, -  რაო და თაფლი მინდა, ცოტა ჩამომისხითო, -  ბრძანა თაგვმა ნიგოზამ.-  კარგი, კარგი, დაწყნარდი და ნუ ყვირიხარო, გული გამიწყალდა შენი წრიპინითო, -  მიუგო ბებიამ. გაოცებული კატა სუსურა ხან ბებია ტასოს შეხედავდა, ხან თაგვს გადახედავდა ზემოდან ქვევით, უკვირდა ჩემი რად არ ეშინიაო, მაგრამ ისიც უკვირდა, ბებია და თაგვი რომ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და მასაც კი ესმოდა მათი საუბარი. ბებია ტასომ სულ პატარა ქილა მოძებნა, ისეთი პატარა, რომ ორიოდე კოვზი თაფლი ჩატეულიყო, მოიკიდა თაგუნამ ზურგზე ქილა და სხვენზე აცუნცულდა. იმ ღამეს დიდი ქეიფი გაიმართა, სხვენზე ცალკე და სახლის დიდი ნაძვის ხით მორთულ ოთახში ცალკე. გოზინაყი ბლომად ეწყო ორივე მაგიდაზე და იტკბარუნებდნენ პირს დიდებიც და პატარებიც. .

სულ არ გემდური, ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი

 სულ არ გემდური...

/ფშაურ კილოზე./

შენ,ჩემო ბედის ვარსკვლავო,
გმადლობ,რომ ჰბრწყინავ,ცაზედა;
სულ არ გემდური,თუ შუქი,
მეტი არა გაქვ სხვაზედა,

საყვედურს როგორ გაკადრებ,
ან გულ დაგწყვიტო რაზედა,
მზე-მთვარე,შუქს შაგვაშველებს,
ამ წუთისოფლის გზაზედა.

რაც ,,ბედის წიგნში"ჩაწერეს,
მადლივით დადვეს ქვაზედა...
მე და შენ, ვეღარას შავცვლით,
ბევრიც რო ვიყოთ ცდაზედა.

ვით გორგასალის მიმინო,
ამაყად მეჯექ მკლავზედა,
შენი ნათელიც მეყოფა,
გვირგვინად მედგას თავზედა.

ჯერ მაინც ნუ ჩამიქრები,
შაჩვეული ვარ ძალზედა,
მალი-მალ გადმამხედნოდი,
ხომ სწორად მოგდევ კვალზედა.

წლებს მემატება,მეტს ვფიქრობ,
ამ ქვეყნურ ცოდვა-ბრალზედა...
ჩემი გაჩენის აზრსა და
წუთისოფელის ვალზედა!

ელგუჯა ციგროშვილი.

ხელისგულზე დაგადნები, როგორც ფიფქი (სატრფიალო)

ხელისგულზე დაგადნები, როგორ ფიფქი,

გაყინულ ჩიტს სულს რომ ნაზად შემიბერავ,

ქართლის მიწა გადათეთრდა, როგორც იფქლი,

ვეღარ ნახა სილამაზე თოვლის ბევრმა.

 

ჩვენ კი ვივლით, ნაფეხურებს ისევ ვავსებთ,

ფანტელებად ძირს ჩამოდის თეთრი ზეცა,

შენც ინატრე, რაღა გინდა ამის მეტი

და უთუოდ  ყველა ნატვრა აგიხდება.



ყველაზე ლამაზი ტორტი (საბავშვო მოთხრობა)

                          ყველაზე ლამაზი ტორტი

   ტოტოს ძალიან უცნაურად მოეჩვენა ის დღე, წინა დღეებშიც არანაკლები აურზაური იდგა უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად, თავშესაფრის თანამშრომლები გარბი-გამორბოდნენ, ნათურებსა და მოსართავებს კიდებდნენ ყველგან, ნაძვის ხეც მორთეს.  უცნაური სურნელი ტრიალებდა, გემრიელი, შეიყნოსა ძაღლმა, ეამა. ის დღე გაახსენდა, პატრონს რომ დაეკარგა. ძია ვარლამი სულ თან დაატარებდა, მაღაზიის კართან დატოვა, მაგრამ მერე აღარ გამოჩნდა, ვინ იცის რა დაემართაო, გაიფიქრა და თვალებში ცრემლი მოაწვა, ეს სურნელებაც ახსოვს, შობის ღამეს იდგა სახლში, სადაც ის და ძია ვარლამი ცხოვრობდნენ. ეჰ, რა ბედნიერი იყო მაშინ. თვალები გაახილა ტოტომ, მიიხედ-მოიხედა, ვინმემ ჩემი ცრემლი ხომ არ დაინახაო, ბიჭია და როგორ უნდა იტიროს?! გვერდზე გალიაში მწვანეთვალება ფისოს ეძინა, არ დაუნახავს ჩემი ცრემლებიო, გაეხარდა, მერე მეორე მხარეს გაიხედა, იქ ძაღლი იწვა, შავკოპლებიანი, ისიც ამასავით პატრონს ელოდა, დაკარგულიყო, სარკმელიდან შემომავალი სინათლისთვის გაეშტერებინა თვალი, დღეს შობის ღამე დგებაო, წაიბურტყუნა. ტოტოსაც გაახსენდა, ძია ვარლამი ზუსტად ერთი წლის წინ თავის შვილიშვილს რომ ელაპარაკა, შობა მიულოცა პატარა ნიაკოს, მოციმციმე ეკრანზე მომღიმარი პატარა ლამაზი გოგონაც წარმოუდგა თვალწინ, პაპას ამშვიდებდა, შემდეგი შობისთვის მანდ ვიქნებიო. ძია ვარლამიც ისეთი ბედნიერი იყო. სულ თეთრად უელავდა კბილები და თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა,  შეიძლება ცრემლები იყო, მაგრამ სიხარულის, ის კი ნაპერწკლებს ჰგავს, ანათებს. ტოტომაც სარკმელს შეხედა, უცნაურად ანთებულიყო ცა, გარეთ რაღაც შუქებიც ციმციმებდა და ანათებდა. ერთი კვირაა უკვე აქ არის და ასეთი ნათელი ღამე არასოდეს უნახავს. ვარსკვლავებიც კი უცნაურად ტრიალებდნენ ცაზე, თითქოს რაღაცისთვის ემზადებოდნენ. ძია ვარლამის ნათქვამი გაახსენდა, შობის ღამეს ათასნაირი სურვილები ხდებაო. ისევ ცრემლები მოაწვა თვალებში, მაგრამ თავი შეიკავა, კმარა ცრემლის ღვრაო, ისევ გვერდზე გალიაში მყოფ კატას და ძაღლს გადახედა. უცბად რაღაც მოუსვენრობამ შეიპყრო. ნაცნობი სუნი იგრძნო. უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის შესასვლელში ჩოჩქოლი ატყდა, ძია ვარლამის ხმა გაიგონა, იქნებ, აქ არის ჩემი ძაღლიო, ელაპარაკებოდა მომვლელს, წამოხტა, სირბილი დაიწყო გალიაში, ის არის, მომაკითხაო, მართლაც, ოთახში ძია ვარლამი შემოვიდა, პატარა გოგონა მოყვებოდა გვერდზე, ნიაკო იყო, სწორედ ის, ეკრანზე რომ იღიმებოდა, ჩამოსულაო, გაიფიქრა ტოტომ. ტორტი შემოიტანეს უზარმაზარი და მაგიდაზე შემოდგეს, ნუთუ ტოტოსთვის იყო? ფიქრობდა ძაღლი, ყეფის უნარიც დაეკარგა სიხარულისგან და მხოლოდ წკავწკავებდა. ძია ვარლამი ტოტოს გალიასთან მივიდა, გაუღო კარები და ძაღლი გამოიყვანა, რა ბედნიერი იყო ტოტო, ყველაზე ბედნიერი ამ ქვეყანაზე, შობის ღამეს სურვილები ხდებაო, გაახსენდა ძია ვარლამის ნათქვამი. ნიაკომაც გადაუსვა ძაღლს თავზე ხელი. ნაპერწკლები გადმოცვივდა ტოტოს თვალებიდან.ძია ვარლამმა ტოტო ნიაკოს გადასცა ხელში, თვითონ კი ტორტის დაჭრას შეუდგა, რა გემრიელი სუნი დადგა ოთახში, ყველაზე ლამაზი ტორტია დედამიწის ზურგზე, გაიფიქრა ტოტომ, იმიტომ რომ ჩემთვისაა! ძია ვარლამმა დაჭრა და თავშესაფრის ყველა ბინადარს ჩამოურიგა, და იცით რა მოხდა, ყველას ნაპერწკლები ცვიოდა თვალებიდან და ანათებდა და ის ღამე არავის არასოდეს დაავიწყდებოდა ნამდვილად, ხარობდნენ უპატრონი ცხოველთა თავშესაფრის ბინადარნი. 

11/25/21 10:39 AM



Wednesday, November 24, 2021

დარდების გამყიდველი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

დარდების გამყიდველი

 

როგორც ყოველთვის, ახლაც ისევ მარტო დავდივარ,

მირაჟის გზები ოაზისთან არასდროს მიდის...

მერე „მშრალ ხიდთან“, ფეხათრევით, ტანჯვით, გავდივარ

და ძველმანების ბაზრობაზე ჩემს დარდებს ვყიდი.

 

მქონდა ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...

ბევრიც მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,

დარდებიღაა საზღაური ჩემი წარსულის,

ფეხზე დგომის ფასს მაშინ იგებ, - თუკი დაეცი!

 

ნიკალასავით დახლთან დგომა მზარავს და მაკრთობს,

არც ბაგეს მიმკობს დახლიდარის ღიმილი ქლესა...

დავხუჭავ თვალებს, ამ ჩემს დარდებს ან ვინ მომპარავს,

ყელს ებჯინება ფორიაქი და გულის კვნესა.

 

არვინ იყიდის ჩემს საქონელს, არა ვარ მარტო,

ჩემს გვერდზე სხვებსაც უხვადა აქვთ დარდების გროვა,

გავაჩუქებდი... მაგრამ დარდი ვის მივუმატო,

ჯიუტად ვდგავარ, ვიცი, ჩემი მყიდველიც მოვა.

 

ნუთუ არავინ აღარ დარჩა მუშტარი დარდის?

ნუთუ ბოლომდე დაიცალა იმედის თასი?

ნიკალასავით მეც მინდოდა მირთმევა ვარდის...

თუმც ვხვდები, რო ჩემს ვარდს მისთვის არა აქვს ფასი.

 

სხვა გასაყიდი არაფერი არ მაბადია,

სულიღა შემრჩა, მაგრამ არის უფლის ტარიგი...

იმას არავის არ მივყიდი, ცხადზე ცხადია,

მხოლოდ უფალმა იცის მისი „ყიდვის“ თარიღი!

 

მქონდა ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...

ბევრიც მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,

დარდებიღაა საზღაური ჩემი წარსულის,

ფეხზე დგომის ფასს მაშინ იგებ, - თუკი დაეცი!

უტყვი მთვარე შემომყურებს გაოცებით!

უტყვი მთვარე შემომყურებს გაოცებით

და ლაპარაკს, ვხედავ, ვერცა ბედავს,

მე მივყვები ამ ბილიკებს მთვარიანებს,

მგონი უკვე დამებინდა მზერა.

 

ვეღარ ვამჩნევ იებსა და წითელ ვარდებს,

მოჩანს მხოლოდ ეკალ-ბარდის ბუჩქი,

მთვარევ, სხივი მომანათე უფრო მწველი,

ანდა მზერა მომაცილე კუშტი.

 



მინიმა

 

ცის მინანქარში გადაკარგულნი,

მაინც მათბობენ შენი თვალები.

ნეტავ, რაა, ამ ცხოვრების გულის რიტმი?! (სატრფიალო)


ნეტავ რაა, ამ ცხოვრების გულის რიტმი,

დიდ სარკში ირეკლება შენი ფრთები,

მინდა ძლიერ გაგაკვირვო, გაგაოცო,

მაგრამ როგორ, სამწუხაროდ, ვერა ვხვდები.

შენი სულის ხმაურსა და მრავალწერტილს,

ვგრძნობ, აქ მესმის მისი ხმები,

აბა, მითხარ, რა გითხრა, რით გაგაოცო,

ანგელოზო, ამოგსვლია დიდი ფრთები.

 

 


როგორ წამიღე მაღლა ცაში (სატრფიალო)

როგორ წამიღე მაღლა ცაში ღრუბლებთან ერთად,
მე სადედოფლო სამოსი მეცვა, ნაზავი ფერთა,
ქარს მივყვებოდი გაუხედნავს, მივქონდი ზეცას,
შენც იქ მელოდი, მეფე იყავ, დაგსახე ღმერთად.
იქნებ ბევრჯერაც, უთვალავჯერ წავიბორძიკე,
სანამდე შენთან მოვიდოდი, შენად მიმიღე,
და ჩვენი ზეცად შეერთების იდგა ქუხილი,
გვრგვინავდა ცა და ჩემი სულის შეწყდა წუხილი.


სატრფიალო-ეროტიკული

 მოველ და მომეხალისე,

სულში აყვავდნენ იები,

შენი თვალიდან მოვკრიფე,

ლამაზები და მზისებრი.

ხელში ნარნარად მარწიე,

პირი ამივსე კოცნებით,

თითქოს ბადაგი მარგუნე,

მოდი და ნუ გაოცდები.

მერე თვითონაც იგემე

ჩემი სამოთხის ვაშლები,

ნეტავი, თუ მოგეწონა,

ბადაგზე არანაკლები.

ლოგინზე წამომაწვინე,

თავქვეშ ამომდე მკლავები,

ტრფობის მორევში ჩამძირე,

მე რაღას გაგიმკლავდები,





Tuesday, November 23, 2021

არ დამაყვედროთ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 არ დამაყვედროთ!

1.არც პრინცი ვარ და არც უფლისწული,
უბრალო კაცი ვბედავ ვედრებას:
არ დამაყვედრო უფალო სული,
არ ვიმსახურებ რამის ყვედრებას!
2.ვეთაყვანები შენგან ბოძებულს
და არც გული მაქვს ხარბი და ფლიდი,
დავიმოწამებ ანგელოზთ კრებულს,--
არც უარგყავი,არც ვერცხლზე გყიდი!
3.მოყვასსაც შევთხოვ,--წითელი ვარდით,
მუხლმოდრეკილი,შუბლდაცვარული...
ვისაც გიყვარვართ,ვისაც გიყვარდით,
არ დამაყვედროთ ეგ სიყვარული!
4.არვინ დამწამოს მე აპათია
და წარსულს თუკი ვინმე სჭვრეტთ დარდით,
მე არავისთვის მიღალატია,--
თქვენ, თქვენი თავი... თვითონ წამართვით!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.13.07.2016 წელი.(,,სვეტიცხოვლობა.'')

ჩემო კაბალიერო! (სატრფიალო)

 

ცეცხლთან ცეცხლს ემსგავსე, ჩემო კაბალიერო,

ბუხართან ვსხედვართ და ვთბებით,

შენ კი ისე მიმზერ, ისეთი წყურვილით,

იქნებ გამომესხას ფრთები,

მინდა იქ გავფრინდეთ, იქ იმ სამყაროში,

სადაც არასოდეს ვკვდებით,

სადაც დროც და სივრცეც უკვე სულერთია,

მუდამ მეყოლები გვერდით.

 

 

 

 

 

 

როდის მიჩურჩულებ ყურში "მიყვარხარო"

როდის მიჩურჩულებ ყურში "მიყვარხარო",
როდის გავიგონებ ამას,
ჩემი მონატრება ზღვებსაც გადაივლის,
მანძილებს გადაფარავს.
სულში დანთებულა მზე და ვარსკვლავები,
სამოთხის ჩიტი მღერის,
როდის მიჩურჩულებ ყურში "მიყვარხარო",
ვემსგავსო აღმდგარ ფენიქსს.


Monday, November 22, 2021

შენთვის თუ ვიყავ დედოფალი(სატრფიალო)

შენთვის თუ ვიყავ დედოფალი და სხვა ამგვარი,

დღეს ნატკენ სულში ჩამომდგარა თეთრი ზამთარი,

გავყურებ ქუჩას ამრეზილი ბავშვის თვალებით,

შენ კი ჩემს გულში თოვლს ამატებ ყრუ გამალებით.

 

მოჰყვება ფიფქებს ზამთრიანი დილის იმედი,

რომ დედოფალი ახლაცა ვარ, თუნდაც ფიქრებით,

რომ არსებობენ სხვა გრძედები, სხვა განედები

სად მოძრაობენ პლანეტები თავგამეტებით.

.





ვერავის ვერ დავეტოლე (სახუმარო-სატრფიალო)

 ვერავის ვერ დავეტოლე, რა ვქნა, ვერ ვარ უკეთესი,

ბრიჯიდ ბარდოც მე მჯობია, კარდინალეც და ტორესიც,

მაგრამ სული შენთვის დამაქვს, ესა მაქვს, რაც მაბადია,

გულის კარებს ნუ დახურავ, დამიტოვე ცოტა ღია.




ნეტავ, თუ გახსოვს ღამის სიზმარი?! (სატრფიალო)

ნეტავ, თუ გახსოვს ღამის სიზმარი?!
ერთად რომ მთებში მარტო ვიყავით,
მდელოზე ცისფერს მიკრეფდი ყვავილს,
იქ არ ვითვლიდით დროსა და მანძილს.
გულს გვიხარებდა ნამგალა მთვარე,
სხივით ანთებდა იისფერ არეს,
გვიდუღდა სისხლი, მოჩქეფდა ვნება,
იმ ერთ ღამეს ხომ სულ ჩემი გერქვა.
მაია დიაკონიძე
22.11.2021წ
,

გიცქერ შორიდან (სატრფიალო)

გიცქერ შორიდან მთას გამორჩეულს,
თეთრი ნისლები გმოსავს,
ხან მზე დაგნათის, აგაბრიალებს,
მთვარე გიგზავნის კოცნას,
ვარსკვლავები კი ოქროს, ციმციმა,
შემოგხვევიან ჯარად,
რომელს გამსგავსო, შენ მშვენიერო,
მყინვარწვერსა თუ შხარას?!
ხელებს გიწვდი და მინდა გაკოცო,
მაგრამ ჩემთვის ხარ შორი,
ამ მიუწვდენელ სივრცეებს მივდევ,
მგონი, დამევსო თოლი.
ღამით ჩემს სახლში მოგიპატიჟე,
გადაგიშალე გული, აგავსებ ვნებით,
რომ ჩვენს ტკბილ სიზმარს,
არ ჰქონდეს დასასრული!

Sunday, November 21, 2021

შენ ახლა ზღვაზე ხარ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

შენ ახლა ზღვაზე ხარ!

 

1. შენ ახლა ზღვაზე ხარ, გაწვალებს ეგ სიო,

თმებში რომ გიძვრება, თავზე რომ გევლება...

გონება მკარნახობს, დაწერე ლექსიო:

ისეთი ძარღვებს რომ დაუვლის ელვებად.

2. შენს ნაცნობ ღრუბელთან მოკითხვის ბარათებს

გაატან კამკამა და ფრთათეთრ თოლიას...

შესცურავ ტალღებში, ზედ მზე რომ ანათებს

და ჩამოირეცხავ მაგ მელანქოლიას.

3. ვეღარ დავაღწიე მე ფიქრებს შესეულს,

მზე ირგვლივ ჩახჩახას აგინთებს ნათურებს,

მარტოს რომ გიხილავს, მოვა და შენს სხეულს, -

ეგ ბებერი ფრანტი სხივს მოუფათურებს!

4. მზეც მაეჭვიანებს, ტალღებიც და სიოც,

ეჭვამდის კი კაცი ერთ გრძნობას მიყავხარ...

თუ გიყვარს მაშინ აქვს ცხოვრებას ფასიო,

ასე გამიგია და... ალბათ მიყვარხარ!

ელგუჯა ციგროშვილი

3. 07. 2016წ.


პატარა ქალო! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შენ გაგიმარჯოს,პატარა ქალო,

სულო სპეტაკო,ბროლო სხეულო...

ნიბლიასავით ჩემთვის რომ ჰგალობ,
გულო, ბაჯაღლო ოქროდ ქცეულო!
ჭირში და ლხინში,იმედად მყოფო,
მრავალთა გვერდით,-მაინც ეულო,
ქართული ცის და მიწის ნაყოფო,
მედეასავით ბრძენო,გრძნეულო!
მამულისათვის გულანთებულო,
მასზე ფიქრით და დარდით სნეულო,
ჩემო აწმყოვ და ჩემო წარსულო,-
ჩემი ლექსების მუზად ქცეულო!
სიცოცხლის წყაროვ,ვარდის ფურცლებზე,
დილის ცვარ-ნამად მიმობნეულო,
ხვალის იმედად,ცხოვრების გზაზე,-
თავად უფლისგან გამორჩეულო!
ჩვენი გულების გამხარებელო,
ჭირთა დათმენას მარად ჩვეულო,
ძე ღვთისას ხელით მატარებელო
და სულიწმიდის მადლით კმეულო!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი.16.02.2013 წელი.