ზამთარი დამასიზმრე!
გადმოაბიჯა შემოდგომის მეწამულ სამანს,
სარკმლის გადაღმა ცივი ქარი დნება ჰანგებად...
გადააფარებს დედოფალი თოვლის თეთრ საბანს
და არე-მარე ზამთრის ძილით გაითანგება.
უფლის შეწევნით გრძელზე--გრძელი ღამე გვეწვევა,
ანცი სიზმრები გაგრძელდება სერიალებად:
ზოგს თუ თეთრ ცხენზე შემომჯდარი პრინცი ეწვევა,
ზოგსაც ფერია, ზღაპრული და მწვანეთვალება.
ღამე გრძელია--ჩავეტევით ყველანი დროში,
მოვა პრინცი და...ლაგამს დაღრღნის ზღაპრული რაში...
ყველა სიმდიდრე, ქვეყნის გარეთ, ყოფილა გროში,
ღმერთო! ზამთარი დამასიზმრე ჩემს ქვეყანაში!
დაბრუნდებიან ალბათ უკან ბავშვობის წლები,
ლაღი ყიჟინით, გუნდებით რომ შევუტევ ტოლებს...
საღათას ძილში ჩამესმება წყალ-ჭალის ხმები,--
მამულისაკენ სული სხეულს გამოიყოლებს!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი. 13-14.11,2012წელი
(ემიგრანტობის მე-19-ე წელი)
მომწონს
კომენტარის დატოვება
No comments:
Post a Comment