"მე უშენობა ისე მტკივა, ისე მაწუხებს!"
ვერ დავაღწიე, ვერ დავეხსენ ხსოვნის მარწუხებს,
ყველა მალამო წავცხე, მაგრამ არ გამიარა...
მე უშენობა ისე მტკივა, ისე მაწუხებს,
როგორც ავდრის წინ, - მოურჩენი ძველი იარა!
რად გამიღიმე, რას მერჩოდი, ნეტავ რა გრჯიდა?
შენ - ცისარტყელა, მე - უბრალო ბალახის ღერი...
ოცნებებისთვის არსთ გამრიგე თუკი დამსჯიდა,
ნიჭი რად მომცა, - გამერჩია შვიდივე ფერი?
ლაღად შევცურე ამ ფერებში მაღლა და მაღლა...
იკაროსივით ვამაყობდი საოცარ ფრთებით,
გადამავიწყდა მიწიერი სისუსტე, დაღლა,
მხოლოდ მზისაკენ მივიწევდი საოცარ გზნებით.
მზემ არ მიმიშვა, ახლოს მისვლის არ მომცა ნება,
როგორც პეპელას, სანთლის ალზე, - მომეწვა ფრთები...
სწორი ყოფილა, ის ცნობილი ჭეშმარიტება:
"რაც მაღლა ახვალ, უფრო მწარედ დაენარცხები!"
ვერ დავაღწიე, ვერ დავეხსენ ხსოვნის მარწუხებს,
ყველა მალამო წავცხე, მაგრამ არ გამიარა...
მე უშენობა ისე მტკივა, ისე მაწუხებს,
როგორც ავდრის წინ, - მოურჩენი ძველი იარა.
ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
No comments:
Post a Comment