Sunday, November 21, 2021

შენ ახლა გძინავს... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შენ ახლა გძინავს...

 

შენ ახლა გძინავს... ლამაზ სახეზე

დაგთამაშებენ ღამის ჩრდილები...

ოდნავ გახსნილი კოხტა ბაგიდან

იჭყიტებიან ანცი კბილები.

სიზმრის ფერიებს ფერხულში ჰყავხარ,

ჩამესმის თქვენი ხმა საამური,

თავადაც სიზმრის ფერიას ჰგავხარ, -

აქვე მახლობლად კი დგას ამური...

დავიჩურჩულე: "გაჩერდი წამო...

ჩემი ოცნება, იცი, ის არი,

გემუდარები, არ დაინანო,

ორივეს გვტყორცნე შენი ისარი!"

იღიმებოდა და იყო მშვიდი,

ვუთხარ: "ამ ჩემს გულს სხვა არა უნდა რა"...

მან მოიმარჯვა თავისი მშვილდი -

და აასრულა ჩემი მუდარა.

და ახლა გძინავს... არც იცი თავად...

გამოიღვიძებ შეყვარებული!!!

გთხოვ მაპატიო, შენს უკითხავად

ძილში რომ ჩუმად მოგპარე გული!

ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 






No comments:

Post a Comment