Thursday, August 31, 2017

სათითური

კერვის დროს სათითურს ვიკეთებ თითზე,
ნემსმა რომ არ მიჩხვლიტოს,
ნეტავ, ასეთივე დამცავი საშუალება გვქონდეს გულისათვის,
ავიცდენდით მწარე ჩხვლეტას.

Monday, August 28, 2017

წამია, წუთი თუ წუთზე მეტი

წამია, წუთი თუ წუთზე მეტი,
მუდამ სამშობლოს მაწუხებს ბედი,
ჭირვეულთ კასტას გახსნია მადა,
ჩემი ბაბუ კი თხილის ჯოხს რანდავს,
შორი წარსულის მიყვება ამბავს,
ახალი წლისთვის ჩიჩილაკს მართავს,
რომ ჩვენს გულებში დაემხოს კერპი
და მხოლოდ ერთი ვადიდოთ ღმერთი.
წუხს, შემოგვტირის დამწვარი ველი:
- აღმადგენს მხოლოდ გამრჯელი ხელი.
ახალი მთვარე დაგვნათის თავზე,
კაცის ბუნებას უცნაურს ამხელს:
ვიღაც ბანაობს რძეში და ქერში,
ვიღაც ტირის და ეფლობა მტვერში.
უსამართლობას ვერავინ დალევს,
თუ არ შევაღებთ სამოთხის კარებს,
ბედნიერება კაცის ძეთ გველის,
თუ მოვიშორეთ სამოსი გველის
და აზროვნების შეცვლაც ვერ შველის,
ქვეყანა შენთვის თუ არის გერი.
          _______________
ატირდებიან წვეთები ქარში,
მოგვეგებება ბუნება მარშით:
- სიკეთის თესლი ჩაყარეთ ხნულში,
ვარდი ამოვა ბაღშიც და სულშიც.

გალაქტიონს!

ახალ წ;ლის ღამეს მეწვია მუზა,
მე ვიქნებიო წელს შენი მეკვლე,
ეყარა თმებზე ფიფქები გრუზად,
პარმაღზე იდგა ლექსების მეფე.

Sunday, August 27, 2017

სისხლით მორწყულო მამულო!

სისხლით მორწყულო მამულო,
გტკივა რომელი თითი?
შვილებს, მტევნებად ასხმულებს, 
გვრანდავდი, ნაზად გვთლიდი, 
ვერ დაგიფასეთ, გავდექით,
ბევრი აღმოჩნდა ფლიდი,
მაინც გტკივა და გაჟრჟოლებს
ჩვენზე დარდით და ფიქრით,
დედას რომ ჰკითხონ, რას გეტყვის,
მოსჭრან რომელი თითი?!

ღამის პეპლებს!

რად გათეთრდა შენი ფრთები?
რამ გიცვალა ნეტავ ფერი?
ქარიშხალმა,მზემ და წვიმამ, 
თუ ეს ყველა იყო შირმა?! 
მინდორ-ველში ფრენდი ნაზი
დაგაფინეს მხრებზე დარდი,
ბედისწერის მსხვერპლი გახდი,
ახლა თვითონ იწვევ ჟრჟოლას,
უსიამო ფიქრი მოგაქვს!

სიმღერა

თითისწვერებზე მატარა ამ გოგომ, ციცქნა - პატარამ,
აჩიკუდათი მიჰყვება ახლა ღრუბლების ქარავანს,
ვერ დაეწია ვერავინ ჩიტივით ბოლოქანქარას,
შევყურებ, როგორც შეჰყურებს წითელ ვაშლს ბიჭი შაქარა. ...

Friday, August 25, 2017

რატომ არისო საქართველო ასე ლამაზი?!

მზით განფენილა სილამაზე ასე ულევი,
ლორთქო ბალახად ამოზრდილა თითო უჯრედით,
რომ მოეტანათ რუდუნებით ჩვენთან ოდითგან
ქართველი ქალის გასაოცრად ნაზი სურნელი.
ენაცვლებოდნენ ერთურთს ტურფა გარიჟრაჟები,
ტინის კლდეებად იზრდებოდნენ მათი ვაჟები,
იცავდნენ მიწას, ასაზრდოებს დღესაც ამ ბაღებს,
მოჩითულ ველებს და სამოთხის ცხრაკლიტულს აღებს.
ტბაში მცურავი გედისფერი თეთრი დუმფარა
ქარსაყოლილი დედოზარის ძვრა და სულთქმაა,
პირშეუკრავი ჭრილობა და ცრემლის ბუდეა,
ამონაზარდი დაღუპულის დედის უბიდან.

რატომ არისო საქართველო ასე ლამაზი?! -
დასაბამიდან მტერ-მოყვარეს მუდამ უკვირდა...
სხვას ვის სჩვევია გატაცებით მზესთან თამაში,
ნისლდაფენილი ტაფობები სხვას ვის უხილავს?!
ცად აღმართულან მწვერვალები ლურჯი მელნებით,
როგორც ბრძენკაცებს ისე შვენით თეთრი წვერები,
შემოუნახავთ ნააზრევი ძველთა შუმერთა,
რომ ყმაწვილთათვის მოეყოლათ ძველი ლექსები.

და ირწეოდა სარწებელი ქარში, წვიმაში...
საოცრად წრფელი იდგა დედა ხატის წინაშე,
მისი მანდილი სისხლის ტბებში ველზე გაშლილი
აფრთხობდა მომხდურს ჭირვეული თოთო ბავშვივით.
როცა შვილები ლერწმებივით ტყდებოდნენ ველზე,
კრავდნენ დატეხილთ და აგებდნენ იმ ძვლებით მესერს,
რომ გასჩხეროდა მტერს და მავანს ფხებივით ყელში,
რომ დაენთხიათ ბალღამი და უვნებელთ მერე
ქართველ ვაჟკაცთა სადიდებლად ეწერათ ესსე, -
ეტარებინა მათი ბედი სამყაროს მხრებზე.
ღამეს ერთვოდა მწუხარება შაოსან ქალთა,
ქვეყანას ამას იფარავდა ღვთიშობლის კალთა.

ეს იყო უწინ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ,
თუმცა გარდასულს, გარინდებით, არასდროს სძინავს,
ღვინო ჩამდგარა საწნახელში, შხეფად იღვრება,
ქურანა რაშის ნატერფალი ღრუბლებს მიჰყვება...
თითო უჯრედი ამოგვძახის ზათქით და მეხით,
- ნუ მისერავთო დამდუღრულ გულს, გაუშვით ხელი,
თითო ნაწილი თუ ატომი ყოველდღე კვდება,
ნუთუ ეს არის ქართველობის უკვდავი ნება?

ბუ კი ღამეში იმ ასულს თუ ვაჟკაცს დაეძებს,
რომელიც ისევ გააცოცხლებს შოთას ტაეპებს,
ქართული მიწის ლაღ წიაღში გამოზრდის ხანძთელს,
ნიკოფსიიდან დარუბანდით დარისხავს ზარებს,
ცას აამაღლებს უსასრულოდ ვრცელსა და ამაყს,
ღვთით მივიწყებულ საჯიხვეებს დაასვამს დამღას,
მზით განფენილა სილამაზე ასე ულევი,
ჭრელ-ჭრელ მინდვრებად ამოზრდილა თითო უჯრედით.







ბუკისციხელსა მარიამს ცრემლი ჩამოსდის დარდიანს! (ხალხურ მოტივებზე)


  მარიამ ბუკისციხელი სახალხო გმირი ქალია, რომელმაც თავი გამოიჩინა ქვეყნის შინაურ და გარე მტრებთან ბრძოლაში. საარაკო გახდა მისი შებრძოლება ქალიშვილების მოსატაცებლად მისულ ოსმალ აბრაგთა რაზმთან, რომელშიც დახმარება გაუწია ასევე ბუკისციხელმა სახალხო გმირმა, დავით გურგენიძემ.


ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
ქართველ ქალ-ვაჟთა მწეს და მცველს,  მათ დედასა და გადიას.
ცხარე ცრემლებად იღვრება, დიდი ფიქრი და ჯავრი აქვს...
იავარქმნილა სოფელი, დამეწყრილა და დავსილა, -
ოსმალოები ზეობენ, მზის საბრძანებელს ერჩიან,
ნატრულობს კაცი საწყალი ქვეყანას მძლეს და ერთიანს,
არის ტყვედ წასხმა, ტაცება, მოწამე მაღლა ღმერთია,
გურიის წარმტაც სოფლებში ხეც დარჩენილა ბერწია.
ბუკისციხელი მარიამ, ქალ-ვაჟთა მცველი, გადია,
ცხრა ასულს სხვენში მალავდა, მტერს რომ ებრძოდა ხანჯლიანს,
განძი რომ იყო, იცოდა, მზის გულზე წერდა ქარტიას, -
კბილით დაეცვა შვილები, წინ დახვედროდა ცხრა ტყვიას.
დამდუღრა, დააქვესკნელა მომხდურთა მთელი რაზმია,
საწყალობელნი გახადა, თარეში არ აპატია,
თავზარდაცემულ ოსმალოთ ხმლით ჩაეგება დათია,
სწორუპოვარი ვაჟკაცი, გურგენიძეთა გვარიდან,
ჭირი მდინარემ წაიღო, სადღაც შორეთში გარიყა,
დღეს ისევ მოგვბრუნებია, რჩება სამშობლო ყარიბად.
ბუკისციხელსა მარიამს რომ გააცოცხლონ, სწადია,
ჭეშმარიტებას ღაღადებს მუდამ მლოცველი ქალია:
- განძი აქ უნდა დარჩესო, - ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
- ძალით მიჰყავდათ ტყვეებად, დღეს თავის ფეხით გადიან
ახალგაზრდები სხვა ქვეყნად, იქ ჭამენ ლუკმას მადიანს,
ვის უტოვებენ სამშობლოს, გაგებაც არა სწადიათ!
მტერს მტერი ერქვა, დღეს მტერი ვეღარ გავიგეთ ვინ არის,
რჩეული გოგო-ბიჭები ხანს ჩვენი ხელით მივგვარეთ,
ბედის ბორბალმა ჩვენს თავზე უხვად აფრქვია სიმწარე,
ანი და ჰოე ამ ქვეყნის მაინც ვერაფრით ვისწავლეთ.
შვილები, როგორც ლამპარნი, ღვთის სადიდებლად დაანთეთ,
მათი გულები ამ ქვეყნის სიყვარულისთვის გააღეთ,
გმირ წინაპართა საქმენი ჟამთმდინარებას გაარღვევს,
თვალშეუდგამი ნათელი გააცისკროვნებს დარბაზებს.
                             ----------------------------   
ბუკისციხელსა მარიამს ცრემლი ჩამოსდის დარდიანს,
- სამშობლოს ისევ ვჭირდები, გამაცოცხლეთო, მადლია,
გადავრჩებითო, ღვთის ნებით, გულს ნუ დაიმჩნევთ ნატყვიარს,
მაინც ავდგები, დავნაცრავ მტერს აშარსა და ავზნიანს!






საშობაო სიმღერა (საბავშვო)

ფიფქებით და ფიქრებით
საშობაოდ ვივსები,
წმინდის მადგას ნათელი,
დამტრიალებს ფანტელი.
ღმერთი იშვა ბეთლემში, -
საუკუნო ცხონება
მოგვანიჭა კაცის ძეთ, -
გაგვინათა გონება.
მოკაშკაშე ვარსკვლავმა
სიხარული მოგვფინა,
ჩვენს გულებშიც გიზგიზებს
კელაპტარი, "ოდილა.
ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია",
ზამთრის ღამე სითბოს გვგვრის,
ანგელოზნი მღერიან.
აიტაცა ნათელში
ცამ ეჟვანი მჟღერია,
სამუდამოდ დაშრება
მწუხარების ცრემლია.
"ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია,"
ცხვრების ფარას მოუძღვის
ზნეკეთილი მწყემსია,
სიყვარულის ზეობა
მიწყივ დაუწესია.
ქვეყნად ყველა სიმდიდრე
მისი ფეხის მტვერია,
შევეგებოთ მესიას, -
ის სიკეთის მთესია,
"ოდილა და ოდილა,
ოდელია, დელია."





Thursday, August 24, 2017

მინდვრის ლამაზო ყვავილო (სიმღერა)

მინდვრის ლამაზო ყვავილო,
რატომ მითხარი, არაო,
გულს შეგიმკობდი ცვარ-ნამით,
მეყვარებოდი მარადო,
მოგიშუშებდი იარებს,
დაგიდგებოდი ფარადო,
სურვილთ, მაგ გულში ჩაკრულებს,
არ აგიხდენდი ავადო.