Friday, April 30, 2021

თეთრიწყაროში (მოგონებებიდან)

რამდენიმე დღეა, შეუძლოდ ვგრძნობ თავს და ერთი ამბავი გამახსენდა, სადღაც 16 წლის წინ დასასვენებლად ვიყავით მე და ჩემი შვილები თეთრიწყაროში, სახლს ვქირაობდით. წყალი კვირაში ერთხელ მოდიოდა და სასმელი წყლის შეგროვება გვიწევდა, დენი არ იყო, ძირითადად სანთლის შუქზე ვისხედით საღამოობით. შევამჩნიე, რომ ღამით მაკანკალებდა ხოლმე, ხანდახან წამომახველებდა კიდეც, დღისით ნორმალურად ვგრძნობდი თავს, ყველა საქმეს ვაკეთებდი, ბაზარში დავდიოდი, ვრეცხავდი, ვალაგებდი და ა. შ. რაც სამშვილიან ქალს ევალება. ბოლოს ჩემს თავს შევატყვე, რომ ლამისაა საწოლში ვხტუნავდი, ხელ-ფეხიც კი მილურჯდებოდა, მივხვდი, რომ ეს არ იყო ნორმალური და მეორე დღეს სოფოსთან ერთად, ოთხი წლისა იყო, დავადექი საავადმყოფოს გზას. მიმიღო იქაურმა ექიმმა, გამსინჯა და კინაღამ გაგიჟდა, ორივე ფილტვზე გაქანებული ანთება გაქვს, ფეხზე როგორ დგახარო. ადამიანს სხვა გზა რომ არ აქვს, ალბათ, ღმერთი ძალას აძლევს. გამომიწერა ერთი ტონა წამლები, რაც ძალიან ძვირი იყო, ორკვირიანი კურსი ნემსებისა. თვითონ ფულიც არ აუღია, სამშვილიან ქალს ფულს როგორ გამოგართმევთ, ოღონდ კარგად იყავითო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ექიმი მეორე დილას სახლში მომადგა ფილტვების გასასინჯად, მას მერე, თითქმის ყოველ დღე მოდიოდა, სანამ უსაფრთხოდ არ ჩათვალა ჩემი მდგომარეობა, ჯერ ჩემთან გამოივლიდა, შემამოწმებდა, როგორ ვიყავი და მერე მიდიოდა სამსახურში. რთული იყო იქ მკურნალობა, ღამით სანთლის შუქზე ვიკეთებდი ნემსებს. იქიდან რომ წამოვედი, იმავე ექიმის დანიშნულებით, თბილისშიც გავაგრძელე მკურნალობა, რენტდგენზე რომ გავესინჯე, თვთონვე გამაგზავნა საუკეთესო რენტდგენოლოგთან, გაოცდნენ, ფილტვების ანთების კვალიც კი არ ჩანსო. აი, ასეთი ექიმი ჰყავდა თეთრიწყაროს საავადმყოფოს. სამწუხაროდ, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ დამამახსოვრდა, აუცილებლად გავიგებ, მალე ის კიბოთი გარდაიცვალა, ახალგაზრდა იყო კიდევ, როცა გაიგეს მისი ავადმყოფობის შესახებ, დაგვიანებული აღმოჩნდა. ძალიან დამწყდა გული, სულ მიკვირს, როგორია ღვთის სამართალი!
ფოტოს აღწერა მიუწვდომელია
Sofio Chelidze, Ия Диаконидзе და 35 სხვა
18 კომენტარი
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

 

სტუდენტობის მოგონებებიდან

 ახლა, ძვირფასებო, ცოტა სამხიარულო ამბავს მოგიყვებით: ახალგაზრდობაში ძალიან სპორტული გოგო ვიყავი და ერთხელ, ჩვენმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, გადაწყვიტა უნივერსიტეტთა შორის შეჯიბრზე გავეყვანე სიმაღლეზე ხტომაში. ნავარჯიშევი საერთოდ არ ვიყავი და რას ელოდებოდა, არ ვიცი, ალბათ, რომ ჩათვლოდა, მონაწილეობა მივიღეო. მეორე ცდაზე ფეხი გადამიბრუნდა, მთელი ძალით დავახტი გადაბრუნებულ კოჭს, ლეიბზე წავიქეცი და ვეღარ ვდგები, საშინელი ტკივილი მაქვს, გავიხედე, ტრიბუნებიდან, ლოკომოტივის სტადიონზე იყო ეს ამბავი, ახალგაზრდა ყმაწვილი გადმოხტა, მოიჭრა, ხელში ამიტაცა და გასახდელში გამარბენინა. მეუხერხულება, ხელში რომ ვუჭირავარ, თან ვფიქრობ, რა ჯანზეა-მეთქი. გრძელ სკამზე დამსვა, ფეხი დაათვალიერა, "მწვანე ველის სერენადა" გამახსენდა, ყველას გექნებათ ნანახი ეს ფილმი. არაფერია, ქორწილამდე მოგირჩებაო და ბინტი შემომახვია, რომელიც მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში აღმოაჩნდა. თურმე ექიმი ყოფილიყო. დარიგებაც მომცა, სახლში რომ მიხვალ, ცივი საფენები დაიდეო. ლამისაა გულში ჩამივარდა კიდეც, მაგრამ მალე გამოვფხიზლდი. შეჯიბრს, რა თქმა უნდა, გამოვეთიშე. სულ კოჭლობ-კოჭლობით წამოვედი სახლში.


Tuesday, April 27, 2021

რატომ არ შეგხვდი, ძვირფასო, გუშინ (სატრფიალო, სიმღერა დაწერა მაია სიჭინავამ)

გზად შემოდგომის ამინდი იდგა,

სციოდათ ფოთლებს, დღე იდგა ქუში,
მომაქანებდა მე შენკენ სევდა,
რატომ არ შეგხვდი, ძვირფასო, გუშინ!
აჭრიალებულ ხეებს ვუღიმი,
იმათ იციან, რაცა მაქვს გულში,
შენკენ მოვქონდი ცას უნაპიროს,
რატომ არ შეგხვდი, ძვირფასო, გუშინ!

ერთსტროფიანი

ლანდი ლანდს რომ არა ჰგავს და ,
მირაჟია თვალის,
ზოგი მიწას ვერ სცილდება,
ზოგი ცაში დადის,
მე ცაში და შენ მიწაზე,
გატყუებდა თვალი.

Monday, April 26, 2021

სატრფიალო, "მე ავად ვარ შენით, შენ - კი ჩემით" (შეასრულა მაია სიჭინავამ)

 "მე ავად ვარ შენით, შენ კი - ჩემით",

ვერ მოგვესწრო კარგი ამინდები,
წვიმს უზომოდ, წვიმს, წვიმს გატაცებით,
შენ ნისლებში მირაჟივით ქრები,
ვინა თქვა, რომ გული არ ბერდება,
ვინა თქვა, რომ გეყვარება მუდამ?
წუთების და საათების სრბოლამ
ეს გრძნობებიც თითქოს გაახუნა.
მაგრამ მაინც რჩება მოგონება,
დაუვიწყარ ღამეთა და დღეთა,
ავად ვიყავ მე შენით, შენ - ჩემით,
კვლავაც მნატრობ, ისევ ძველებურად.

 "მე ავად ვარ შენით, შენ კი - ჩემით",

ვერ მოგვესწრო კარგი ამინდები,
წვიმს უზომოდ, წვიმს, წვიმს გატაცებით,
შენ ნისლებში მირაჟივით კრთები.


სადაც ვიყავით ერთად (სიმღერა, შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

 ლალი იყო თუ ზეცა,

პასუხს არ მცემდა არვინ,
მხოლოდ ზღვის ტალღა მცემდა
და მიმატებდა მანძილს,
რომ ვყოფილიყავ შენთან,
შენთან დღეცა და ღამეც,
ალუბლის ზეცა  წერდა
ზღვის საფირონზე რკალებს,
ქარი არხევდა ალვებს,
ფიქრის ღრუბელში მხვევდა,
სადაც ვიყავით ერთად,
ლილის ზღვა,  მე და შენ და...


,

სატრფიალოები სხვადასხვა ავტორების, ირინა ხურციძე, ფიქრია ჩხიტუნიძე, ლალი ჩხეიძე, ცაგო აბაშმაძე

ირინა ხურციძე: 
სიზმრის ბილიკზე თუ არ შემომხვდი,
შენს უხილველად ალბათ მოვკვდები,
გავეპარები დედას სახლიდან
და ცის ტატნობზე დაგელოდები.

მაია დიაკონიძე:

მეც მოვალ, მოვალ, სულის სინათლევ, 

ცაზე ვარსკვლავად დავეკიდები, 

რომ გაგინათო ის დაღამება, 

მაღლა დავკიდო მეხამრიდები..


ქალვაჟის შაირობა ავტ. ირინა ხურციძე
ქალ_ ვაჟის გაშაირება
ვაჟი_
მარწყვისფერი ტუჩები გაქვს მშვენიერო,
ამიმღერე გული ასე მჩქეფარედ,
რომ გიცქერი უსაშველოდ ვბედნიერობ,
ნიავსაც კი არ მოვუშვებ შენამდე...
ქალი ხარ თუ ქარაშოტი ვერ გავიგე,
ჩამიქროლე გული ამიფრიალე,
ამ ჩემს გრძნობებს ფიანდაზად ფეხქვეშ გიგებ,
არ დამზოგო, მკერდზე გადამიარე...
უშენობით მთვრალი დავეხეტები და
ვერ ვიშუშებ ამ სულში ნაიარევს,
მოდი, მოდი რადგან გული არ ბერდება,
ვიდრე გრძნობის ზედიზედ ვცლი ფიალებს,
ერთად ყოფნით დრო წამებში შეჩერდება,
უშენობა ფიქრებს გამიტიალებს...
ქალი_
რა ვქნა ვეჟო, ჩემი გული სხვას ეკუთვნის,
ნუ ამყარებ უსაფუძვლო იმედებს,
მოვა ვინმე უსათუოდ შეგიყვარებს,
ის ვინც შენთვის გულსაც გამოიმეტებს...
მადლობა რომ კომპლიმენტი არ იშურვე,
თანაგრძნობას ჩემგან სხვას ნუ მოელი,
რას ფიქრობდი, გრძნობები რომ ჩამოწურე,
სხვის ქალაში საკუთარს რას ჰპოვებდი.


არსად გაგიშვებ
წრფელ გრძნობით ვაჟღერებ ვნების კლავიშებს,
შემომხვდი და მერე არსად გაგიშვებ,
მომენდე, გაგითბობ ბაგეს კოცნებით,
ცის ლაჟვარდს დავლაშქრავთ ერთად ოცნებით,
სათუმლად დაგიფენ ღრუბლის ბალიშებს,
და გეტყვი ჩურჩულით:_ არსად გაგიშვებ...
დამდაგე ზღაპრული, ვნების ალმურით,
დე იყოს ეს გული შენი სადგური...
მე შენი თვალების ეშხი მაგიჟებს,
მომენდე ბოლომდე, არსად გაგიშვებ....
ამ გულში შენ ჰპოვე მყუდრო ადგილი,
ვერაფერს დაგვაკლებს დრო და მანძილი...
მივდივარ, ვითვლი შენამდე ნაბიჟებს
და მერე იცოდე, არსად გაგიშვებ....

ფიქრია ჩხიტუნიძე:
მოდი,მთვარე,დავიწეროთ ჯვარი,
სიზმრის ტაძარს მოვაწეროთ ხელი,
შემომწირე სხივნათელი მზერა
და ღვთიური სიამაყე შენი...
ვარსკვლავები გვიმღერებენ მაყრულს,
ნისლის ეტლით გავფრინდებით როცა-
და ოცნებით გალაღებულ წყვილებს
ბნელი ღამე წაგვიკითხავს ლოცვას!
შემომწირე სიყვარულის ნიჭი,
გულზვიადი მარტოობა შენი-
თუმდაც წამით დამავიწყე თავი,
ნაცვლად სული მიიბარე ჩემი...🌞
(სტუდენტობისდროინდელია

ცაგო აბაშმაძე:

მე შენი სულის უნაზეს სიმებს,
შევუწყობ ჰანგებს და ავკვნესდები...
და ღამე წმინდა იქნება ისევ..
შენი ხატის წინ როცა დავდნები.....


ლალი ჩხეიძე:
თეთრი ღამეები შემაყვარე, გჯეროდეს, სულ ერთად ვიქნებით...
თრთოლვით, სინაზით შეგციცინებ, სურვილით შენს ტუჩებს ვეხები...
შენს სურნელს ჩავისუნთქავ, მეღიმება...
ვგრძნობ, შენი სულის შეხებას.
როცა ბაგეს ვნებით ეწაფები, ვიბნევი, ბავშვივით ვიბნევი...
სახეს ალმური რომ მოედება,
თვალებს გარიდებ და შენს მკერდზე თავშესაფარს ვეძებ...
გემალები...
ჩემი საქციელი გახალისებს, ღიმილით თვალებს მიკოცნი...
ლალი ჩხეიძე

Sunday, April 25, 2021

ერთსტროფიანები

 ვერ დავთვალე ცაზე ნაზი ვარსკვლავები,

როგორც ზღვაში კენჭები და ქვიშა,

ერთი რომ ხარ, ჩემთვისაც არ მემეტები,

მზე ხარ, მზე და ყველასთვის ბრწყინავ!


რომ მიყვარხარ, ჩემო ძმავ და მეგობარო,

დააფასე სიყვარული წმინდა,

დრო მოვა და სიკვდილი რომ გვეახლება,

მეგობრობა გაგვეგება ხიდად.


არ მინდოდა მევლო გზაზე ბოროტების,

არ მინდოდა თავზე მედო ცოდვა, 

მიტომ ღამეს სინანულში ვატარებდი,

ღმერთო, ხელი მომიმართე, ჰოდა.


ყვავილს რომ ერთი მოგლიჯო ტოტი, 

ნუ იამაყებ, ნუ იღებ ცოდვას,

ლომს დაუნაყე ძლიერი ტორი,

მაშინ ხარ დიდთა' ტოლი და სწორი.


როგორც რომ მითხრეს, 

აუწყვეო ცხოვრებას ფეხი,

მაგრამ ცხოვრებამ 

გამასწრო ფეხად.


სასტიკია ეს ცხოვრება, უნდო,

ბევრს სწორ გზაზე დაუცურდა ფეხი,

სხვის წილს ვინაც იპარავს და ქურდობს,

რომ არ ელის, დაატყდება მეხი.







სიმღერა

 შენ თუ მოხვალ და წამიყვან,

ყველაფერს დავიწყებთ თავიდან,

მზესთამ სიმღერებს ავიტანთ,

ცხოვრების ლელოსაც გავიტანთ.

შენ თუ მოხვალ და წამიყვან,

დავიდებთ ბინას აპრილთან, 

აყვავდებიან ნუშები,

აენთებიან შუქები,

სიყვარულს გამოგძახებენ

მოლაღურები, შურთხები,

შენ თუ მოხვალ და წამიყვან, 

ყველაფერს დავიწყებთ თავიდან


შაირობა; მე, თინიკო ჭეჟია, ირინა ხურციძე

ნუღარ მეტყვი "მიყვარხარო",
სიტყვებს ძალა არა აქვს,
საქმიანი კაცი ჩანხარ, -
სუფრაზე ხარ თამადა,
დამიმტკიცე სიყვარული:
შემიკაზმე რაშები,
ცაში დროშა გამოკიდე,
ძირს დაფინე ვარდები...
მხოლოდ მაშინ შემოგხედავ,
მაშინ შემიყვარდები! 

თინიკო ჭეჟია:

რა დროშები, რა ვარდები? 

მეტი არ აქვთ დარდები, 

შენ თუ მწვადზე დაპატიჟებ 

მაშინ შეუყვარდები

ირინა ხურციძე:

თეთრ რაშზე ამხედრებული

ხელში წითელ ვარდებით,
ის ჭაბუკი სად წავიდა,
სიზმრად მონალანდები...
--ის არასდროს მიგატოვებს,
ვისაც შეუყვარდები


იქნებ, ერთ დროს ვუყვარდი,

იქნებ, ახლაც ვუყვარცარ,

მაგრამ იმათ მაგივრად

ვეხუტები მუთაქას,

მგონი,მარტოობისთვის

გამწირა მე უფალმა.


მაია დიაკონიძე:

ქალები კაცებს ვუჩივით, 

კაცები კიდევ - ქალებს, 

ვინ - მტყუანი, ვინ - მართალი, 

ირჩევა მერე ღამე.


ირინა ხურციძე:

აღარც რაში ჩანს და აღარც პრინცი,
ჯაგლაგს აჭენებს ყველა უვიცი,
სიყვარულს ფასი როდის ექნება,
მაინტერესებს ვინმემ თუ იცის.

მაია დიაკონიძე:
ჯაგლაგით რომ მოდიოდნენ,
გოგონია, რაღას ვჩივი,'
"მერსედესით" მოვფრინავო,
აღმოჩნდება ბოლოს ტყუილი.


ლია შენგელიძე:
ფიანდაზად თუ ყვავილებს გამიფენ,
ბაღს დამირგე თუკი
თეთრი ვარდები,
გეფიცები , გულის ნადებს გაგიგებ,
უპირობოდ მაშინ
შემიყვარდები!


ერთსტროფიანები

 ლანდი ვარ იმის , 

რაც ვიყავი მე ცოტა ადრე,

და მალე კიდეც 
შევერევი შორეულ ლანდებს
----------------------
ოცი წლის როცა ვიყავი,
თითქოს ზეცაში დავფრენდი,
მაგრამ მაშინაც თვალებში
მერია შავი ნაღველი.

ვერანაირი სამოსელი 
მე ვერ მოვირგე,
დროებითა ვარ 
ამ მიწაზე თურმე მორიგედ.

ლექსების ტრფიალი
 აკვნიდან დამჩემდა, 
როდესაც მომესმა 
ჩიტების ჭიკჭიკი და 
დედის ნაზი ხმით 
ნამღერი ნანინა.

მეჯლისზე არ კი მპატიჟობენ,
ვგონივარ გონჯი,
რა იციან, რომ ჩემი არის
კონკიას ქოში.


შემოვიდა მადლი ბზობის! (საბავშვო)

 აქოთქოთდა ჩვენი მარი,

მთელი დღეა დარბის ქოთნით,

ბზა უნდა რომ გაახაროს,

შეეწევა ღმერთი ლოცვით,

ბაღი უნდა გააშენოს,

იტრიალოს კოლხურ კოშკში,

მზე ზევიდან გადმოსძახებს,

- შემოვიდა მადლი ბზობის!



Friday, April 23, 2021

მარიამი, ავტ. ავთანდილ ყურაშვილი

 მ ა რ ი ა მ ი

მე ხომ უბედური ვარ და
ისიც უბედური არი...
ხატითკიდე ცრემლმდინარი მობრძანდება მარიამი;
მოუფენენ საწოლს ყარტით,
ციხეკარავს ყარტი ჰხურავს...
მარიამო,აგყრის პატივს
სახიჩარი მოწითურო.
ვერრას გშველი,ვერ გიფარავ,
ჩამოგთიბა თმა და ღილი...
მარიამო,მკერდფიქალა,
მარიამო,ნუ,ნუ სტირი.
ხატიკართან ქარი,ამო,
ჩამოლალავს მაღალ ნისლებს...
ვაი,ვაი,მარიამო,
ვინ გიკოცნის ბროლის კისერს;
ვინ გიმშრალებს ცრემლის ლაჟვარდს,
ვინ,ვინ გიხსნის მაგ ღილკილოს...
კაცი არ სჩანს,კაცი არ სჩანს,
კაცი არ სჩანს შეგეწიროს;
დევის შექმნილს, ქაჯის ნაშობს
რად შაუღე კოშკის კარი...
ცოტაც კიდევ, ცოტაც კიდევ,
ლახტს გამართავს იახსარი;
მზე დაივლის საბრძანისებს,
აღყვავდება ია-ვარდი...
მარიამო,მარიამო,
მარიამო! გამიხარდი.

Thursday, April 22, 2021

აბრეშუმის ძაფი (ჩინური ლეგენდის მიხედვით)

  გოგონამ თითზე დაიხვია ძაფი, რომელიც ჩაის ფინჯანში ჩავარდნილი პარკიდან წარმოიქმნა, ის ნაზი და გამჭვირვალე იყო. - რა ლამაზია! - აღტაცებით წარმოთქვა და ჩაის ფინჯანი იქვე მდგარ ქალს მიაწოდა. - ეს ძაფი ისეთი ჰაეროვანია, ამით მოქსოვილი სამოსი, ალბათ, ძალიან ლამაზი იქნება, - აღტაცებით განაგრძობდა  და ხელის თითებში მოქცეულ ძაფს მზის შუქზე ათვალიერებდა. მსახურებს უბრძანა, ის ხე კარგად შეემოწმებინათ, საიდანაც თეთრი პარკი ჩამოვარდა და იმპერატორისთვის მირთმეულ ჩაის ფინჯანში ჩავარდა. უამრავი პარკი მოძებნეს და მიუტანეს. დიდხანს შესცქეროდა მათ დაბუმბლულ ზედაპირს, მერე ბრძანა, ცხელ წყალში ჩაეყარათ. პარკები თითქმის გამჭვირვალე უნაზეს ძაფებად დაიშალა. ისინი გააშრეს, ამ ძაფით კი ლეიმ, ასე ერქვა გოგონას, მეუღლე იმპერატორისთვის მოაქსოვინა ჩასაცმელი, რომელიც ათასფერად ბრწინავდა და ელვარებდა მზეზე. მიღებაზე ყვითელი იმპერატორი, ასე ერქვა მას, მეუღლის ნაჩუქარი სამოსელით გამოცხადდა. სტუმრები გაოცებული შესცქეროდნენ თეთრად მბრწყინავ იმპერატორს. მაშინ ჩინეთში იმპერატორის ჩაცმულობას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. ის ყოველთვის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ასეთი ელვარე ქსოვილი სტუმრებს ჯერ არ ენახათ. ამიტომ, როგორც ეტიკეტი მოითხოვდა, მათ ქება-დიდება შეასხეს იმპერატორს და მის მეუღლეს,  სახლში დაბრუნებულებმა კი გადაწყვიტეს, მათაც ეყიდათ ასეთივე ქსოვილი და მისით შეკერილ სამოსში გამოწყობილიყვნენ, მაგრამ მალე შეიტყვეს, რომ მისი შექმნის საიდუმლოება მხოლოდ ყვითელი იმპერატორის მეუღლემ - ლეი ცზუმ იცოდა. მაშინ გოგონა სულ თოთხმეტი წლისა იყო. გოგონას ძალიან უნდოდა იმპერატორისთვის კიდევ დაემზადებინა ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი სხვა ჩასაცმელები. ერთ დღესაც მან საყვარელ ადამიანს აბრეშუმისგან შეკერილი ბალიში და საბანი გაუგზავნა, ნიშნად მისდამი სამუდამო სიყვარულისა. მაგრამ სანამ საჩუქარი მოამზადა, მანამ არ დაიზარა და დაიწყო შესწავლა იმ მწერის ცხოვრებისა, რომელიც თეთრ პარკებს ქმნიდა. აღმოაჩინა ჭია, უფრო სწორედ, მუხლუხო, რომელიც თუთის ხეზე ცხოვრობდა და მისი ფოთლებით იკვებებოდა. მან ბრძანა, ჭიები სახლის პირობებში გადაეყვანათ, ისინი შენობაში თაროებზე განათავსეს, მათთვის საჭმელიც - თუთის ფოთლები ულევად მიჰქონდათ, იმიტომ რომ მუხლუხოები ძალიან ღორმუცელები აღმოჩნდნენ. გოგონას ჭიები, რომლებიც კანს ხშირად იცვლიდნენ, ხან თეთრები იყვნენ, ხან მონაცრისფერონი, ძალიან შეუყვარდა. საათობით იჯდა მათთან და აკვირდებოდა მათ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ზოგჯერ აუტანელი ხმაური იდგა, მილიონობით  ჭია ნთქავდა მილიონობით თუთის ფოთოლს, მას არ ბეზრდებოდა მათთან ყოფნა. ჭია გარკვეული დროის შემდეგ ძაფს იხვევდა თავის გარშემო, შემდეგ კი ამ პარკებიდან პეპელა გამოფრინდებოდა. როგორც გოგონა მიხვდა, ამ დროს პარკი ზიანდებოდა და ძაფის შესაქმნელად უვარგისი ხდებოდა, ამიტომ პარკებს მანამდე ამუშავებდნენ, სანამ ის მთელი იყო. ლეი ცზუმ მრავალი წელი მოანდომა ჭიების ცხოვრების შესწავლას. ახლად შექმნილ ქსოვილს აბრეშუმი დაარქვეს, ხოლო ჭიას - აბრეშუმის ჭია. გოგონას კი მეუღლე-იმპერატორმა აბრეშუმის ქალღმერთის ტიტული მიანიჭა. მალე ჩინეთში ყველა მდიდარი ადამიანი აბრეშუმის ქსოვილის ტანსაცმელში გამოეწყო. აბრეშუმი ძალიან პოპულარული გახდა, საუკუნეების შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც. აბრეშუმის გზა თორმეტი ათას კილომეტრზე გაიწელა, დაიძრა აბრეშუმის ქარავნები, თუმცა აბრეშუმის საიდუმლოება მრავალი საუკუნის მანძილზე მხოლოდ ჩინელებმა იცოდნენ, ამ საიდუმლოების გამცემი ქვეყნის კანონით სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ ჩინელებს არც არასდროს დაბადებიათ საიდუმლოების გაცემის  სურვილი, იმიტომ რომ ყოველთვის პატივს სცემდნენ პატარა გოგონას, ლეი ცზუს,რომელმაც მთელი მსოფლიო შესანიშნავი საჩუქრით - აბრეშუმის ულამაზესი ძაფით დააჯილდოვა.

ერთსტროფიანი

 პირფერობა რომ არ იყოს,

უგულობა, ბოღმა, შური,
ეს ქვეყანა წინ ივლიდა,
ვერ შეჭამდა წიწილს ქორი.
მაია დიაკონიძე

რა საზომით იზომება ლექსი (ერთსტროფიანი)

 რა საზომით იზომება ლექსი,

ან, რა არის, გრძნობები რომ მოაქვს,
ერთხელ, მგონი, ზეცასაც კი შევწვდი,
ერთხელ, ეშმა მიკითხავდა მორალს.

მინიპოეზიისთვის ერთსტროფიანები

    არავინ იცის, ვის რა დღე ადგას,

დარდობს და მერე დარდს ქარებს ატანს,
ჩვენ კი ვეძახით უდარდელს, ამტანს.
------------------
პატიება რომ გამომეთხოვა,
ალბათ ამიტომ ვწერდი მე ლექსებს...
=============
ბუშტებივით სკდება იმედები, მაგრამ მათგან
განსხვავებით იმედი არ ყვირის, არ ხმაურობს,
ჩუმად მიიპარება, დამდნარი თოვლივით,
თუმცა გულში ღრმა და დიდ კვალს ტოვებს,
უიმედო გული სწორედ გამსკდარ, მომჩვარულ,
ნაგლეჯებად ქცეულ ბუშტს ემსგავსება.
----------------------------
ვითვლით წუთებს და
უფრო მეტად,
ვითვლით იარებს,
არ გვახსენდება,
სინანული
დავაგვიანეთ!
-------------------
ეკოლოგია ესმის კოლიას,
როგორც მტრედისთვის საქსაფონია,
იქ იქეიფებს, სადაც მოლია,
ბოთლებს გადაყრის, სადაც ფონია.
-------------------
მთელი სიცოცხლე უფალს ვეძებდი
ჩემში, ვიღაცის გენში,
ვარდში, ჩეროში, იასამანში,
იმაშიც, რაც რომ ვერ ვთქვი...
მაშინ ვიპოვე, როცა შევისხი
მარადისობის ფრთები.
--------------------
რა საზომით იზომება ლექსი,
ან, რა არის, გრძნობები რომ მოაქვს,
ერთხელ, მგონი, ზეცასაც კი შევწვდი,
ერთხელ, ეშმა მიკითხავდა მორალს.
მაია დიაკონიძე
May be a cartoon of ტექსტი
მომწონს
კომენტარი
გაზიარება