დღეს წვიმაში მომიწია სიარული, მიყვარს წვიმა, როგორც ახალგაზრდობაში, სევდის და ბედნიერების გრძნობები ერთდროულად მოაქვს ჩემთვის, მახსოვს, დედამ უკრაინიდან პერლამუტრის ფერის ლაბადა ჩამომიტანა, სადაფივით ბრწინავდა და ფერებში გადადიოდა, თბილისში ისეთი არავის ეცვა, როგორ მიხაროდა წვიმის მოსვლა, იმ ლაბადაში, წვიმაში მოსიარულეს, თავი ზღვის მარგალიტი მეგონა, დღესაც ვუყურებდი ახალგაზრდა გოგონებს, წვიმაში მორბოდნენ, იცინოდნენ, ღმერთმა სულ ხალისიანი ამყოფოს ჩვენი ახალგაზრდობა, მაინც დაჩაგრულად მეჩვენება. დღეს ჩემს ძველ ლექსს შემოგთავაზებთ, რომელზეც სიმღერა დაწერა მაია სიჭინავამ, მერე შემოგთავაზებთ
წვიმა
თითქოს დამათვრეს წვიმის წვეთებმა,
მოქუფრულ ზეცას ასწყდა ღილები,
ქოლგიან ქალაქს მივესალმები,
ნისლისფერ ქუჩებს გავეკიდები.
გზას მიჭრის ლურჯი სვეტების ჯარი,
ჩამოშვებულან ციდან იმედით,
ღიმილს იფენენ ფარდების მიღმა,
ტაძრებთან მდგარი პილიგრიმები.
წვიმიან ქალაქს მივასკდი სევდით,
გადავიჭიმე შუბლის ძარღვები,
ფიქრების გროვამ კვლავ გამახელა,
ჩემს გულს სიჩუმის ესმის აზრები.
წვიმამ გარეცხა გრძნობა და ფიქრიც,
სუფთაა, როგორც უმანკო ბავშვი,
ნაწვიმარ ქუჩებს მივყვები ახლა,
გრძნობებდამცხრალი, უსიტყვო დარდით.
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment