საოცარი ადამიანი იყო მამა, გვასწავლიდა ხატვას, ქანდაკებას, ძერწვას, ჭადრაკს, რა თქმა უნდა, სკოლის საგნებთან ერთად. ამის გარდა, თავისუფალ ჭიდაობას. ამისთვის სპეციალური საჭიდაო ლეიბიც კი გვქონდა შეძენილი, იმაზე ვჭიდაობდით, ათასნაირი ილეთი ვიცოდით, ბოქსშიც კი ვვარჯიშობდით, ალბათ, გაგიკვირდებათ, გოგონებს ჭიდაობა რად გინდოდათო, მაგრამ მამა ვაჟკაცებივით გვზრდიდა, რომ არავის დავეჩაგრეთ. ტოლს არ ვუდებდით სამნი დანი ბიჭებს სირბილში, ხტუნვაში, ფარიკაობაში, ტანვარჯიშში, ორთაბრძოლებშიც კი, ამით ძალიან ამაყობდა. სახლში გვქონდა ჩამოსაკიდი რგოლები, კალათბურთის ფარი და რა აღარ, ზრუნავდა ჩვენს (ხუთნი ვიყავით) ყოველმხრივ განვითარებაზე. წარმოიდგინეთ, რა რთულია ამდენ ბავშვთან გამკლავება,მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. უზარმაზარი ბიბლიოთეკა გვქონდა, წიგნი არ იყო დარჩენილი სახლში, რომ არ წამეკითხა. ყველაზე კარგი საჩუქარი ჩვენს ოჯახში წიგნი იყო, დღეს მისი ადგილი კომპიუტერმა დაიკავა, მაგრამ არაფერი სჯობია სტამბიდან ახალგამოსული წიგნის სურნელს. შეაყვარეთ წიგნები თქვენს შვილებს და შვილიშვილებს და ისინი შეიძენენ მთელ სამყაროს!
No comments:
Post a Comment