Tuesday, April 20, 2021

ერთსტროფიანები, მინიმები მინი პოეზიისთვის ერთად თავმოყრილი

 სანამ ცხოვრება სიმინდივით

წისქვილში დამფქვავს,
მანამ ქვეყანავ, მე შენი ხმა ვარ.
---------------
გული - სიყვარულით სავსე შუშის ბოთლი,
მსხვრევადი და გამჭვირვალე, როგორც ჰაერი,
სისხლი - წითელი და ბლანტი, გაუმჭვირვალე,
კუნთი, სისხლძარღვების კვანძი და მაინც,
უხილავი გრძნობების ნაერთი, ნაზი და ფაქიზი.
-------------------------------
ამოვაყოლე ეს გულისთქმა სუნთქვას და ოხვრას,
დაწყვეტილ ძარღვებს და ოცნებებს გავუშვი ხელი,
სადღაც, ღამეში, იძირება, ნისლები მოსავს,
გემი, რომელიც რა ხანია არ არის ჩემი.
------------------------
მძინავს თუ მღვიძავს,
შენში ვარ მარად,
როგორც აპრილი...
დავისადგურე და
ფერებად დავრჩი:
იისფერ, წითელ,
მოლურჯო გამად..
--------------------
ხანდახან შეგხვდება პატარა ლექსი,
ფეიერვერკს დაგინთებს, ნაპერწკალს გესვრის, -
ცეცხლს წაუკიდებს ნათენებ ღამეს,
ალში გახვეულს გიშველის რამეს.
--------------------------
ნაცრისფერი იდილია,
ზამთარივით მიილია.
-----------------------
თვალცრემლიანი მივუყვები თბილისის ქუჩებს,
აქვე, სულ ახლოს, უსუსური მოკვდა ნიკალა,
მოგვეცი, ღმერთო, იმის ძალა, რომ ვცნათ სიმართლე, -
ახალი მსხვერპლით არ განახლდეს ჩვენი იარა...
----------------------
მინდა თბილისური სახლის
ჩემს ძველ აივანზე ვიყო,
გული არ დასწყდება პარიზს, -
მანეს მირჩევნია ნიკო.
-----------------
გაზაფხულზე მზე დააჭყეტს ყვითელ თვალებს,
იძირება მის სიღრმეში მწვანე ბაღი...
მთებმა თუმცა გამოკიდეს ბაირაღი,
თეთრ ნაფლეთებს მალე შეჭამს იალაღი.
--------------------
გადიწვერა მზე, - ცეცხლი ძახველის,
უფრო მშვიდია სამყარო ახლა,
დგანან მწვერვალნი, ბევრისმნახველნი
და უვარაყებთ დაისი თავანს.
მარადის წყნარი ეს შეღამება,
სულს უსალბუნებს ჩვეული ეშხით,
ლეგა ღრუბელი ცას ეფარება, -
- ჩამობნელდება საცაა მთებში!
--------------------
ჰა, ჰა, ჰა, ჰა, მინდა გავიცინოო,
ზოგიერთი მთხლეს მიიჩნევს ღვინოდ,
წყალს - არაყად და ნიბლიას ქორად,
ალბათ ზაფხულს - მწიფე შემოდგომად.
---------------------
მე შემოდგომის დამაწვა ნისლი,
ვეღარ ავწიე ჰაერში ფრთები,
სახლს, გადახურულს ოცნების ისლით,
გადაუარეს ყვავებმა ფრენით.
--------------------
სიმებზე გულის ცეკვავდა ქარი,
აფერმკრთალებდა ფერების გამას,
ნისლი და დარდი წურავდა ზეცას
ძირს დაშვებული წვიმების ფარდად.
--------------------
მე წვიმა მიყვარს,
ახლაც წვიმს,
ზომა ემატა წყალს,
ხან გზებზე მიედინება,
ხან შეერთვება ზღვას,
მოდი, ნუ გაგიკვირდება, -
ჩემს გულს კვლავ
გვალვა კლავს.
-------------------
როცა შენს სულში სევდა ბოგინობს და მარცვალ-მარცვალ კრეფ ლურჯ იმედებს,
ნაღვლობ და გინდა, ვერვინ შეგატყოს, ხატავ და ძერწავ ზღაპრულ ქიმერებს,
რადგან შენს ირგვლივ, ტანჯვის მღვიმეში, შენ გარდა კიდევ არის მრავალი,
მიტომ სიმშვიდის ნიღაბს იკეთებ, ცდილობ, მოძებნო გზები სავალი,
რომ არ გამრავლდეს სასოწარკვეთა, ფერად ოცნებებს სიტყვით გადაშლი
ფარშევანგივით, კუდის ნაფლეთსაც, იცი, დარჩება ფერი ათასი,
და გაზაფხულზე, როცა ყვავილნი აყვავდებიან სადმე ჩეროში,
ფრთებს გაისწორებ ქარებში დაჭრილს და იჭიკჭიკებ შენთვის გემოზე.
---------------------
და რაღა რჩება ცას უმარილოს?
მარილიანთა იწვნიოს სევდა.
----------------------
იქნებ არც იყავი და ტყუილად მიყვარდი,
მირაჟში ცხოვრება მარგუნა სამყარომ,
არაფერს არ ვნანობ, მინდა რომ მიყვარდე,
ოღონდ ის მითხარი, ამქვეყნად სად გნახო?!
------------------------
თენგიზ მირზაშვილის დახატული ქალების შემხედვარეს შემომეწერა
ეჰ, ქალები, რა ქალები,
უდაბნო და ტრამალები,
ზღვისპირები, ხევხუვები,
ჩვენგან გადანამალები,
ნეტავ, იმათ, ვინც თქვენ გიმზერთ,
გაფიცხებით, გამალებით.
----------
დაფანტული ვარ ათას ნაწილად,
თითო მათგანში მზეა პაწია,
დღე დაგელოცოთ ყველას ასწილად.
------------
შემოვაბერდით ერთმანეთს
მე და გაღმიდან ხეები,
იმათაც, ვხედავ, ჩემსავით,
შემოსცვეთიათ ფერები.
---------------
მინდორში იდგა პატარა ზვინი
და ვთამაშობდით მის ირგვლივ ყველა,
მერე ის თივა გაფანტა ქარმა,
ველს ვუცქერ ახლა მე მარტოხელას.
-----------------------
და სანამ ბარში საქსაფონი ჯიუტად ყვირის,
არც მე არ ვიცლი სახიდან ღიმილს,
რომ მოგაჩვენო, ეს ისაა, რაც ასე მსურდა.
================
ლაპარაკი დაუწყია ჩხიკვსო,
აყაყანდა მთელი ტყე და ბაღი,
რამდენიც არ ილაქლაქოს ჩხიკვმა,
ვერასოდეს ვერ გახდება კაცი.
------------------
სიყვარულის ფეიერვერკი დამიყენეს დილიდან,
ეს ვარდები გამოგზავნეს, როგორც ჯადო, თილისმა,
გამომგზავნი ვინღა არის, ალბათ, ყველა იკითხავთ,'
მე თვითონაც რომ არ ვიცი?! არ დავიწყებ კირკიტსაც.
----------------------------
ეს იანვარიც გაივლის, როგორც თეთრქუდა ზამთარი,
ის ვნება, ის სიხარული, რაც იყო, უკვე არ არის,
გაზაფხულს არ ველოდები, არც ზაფხულია წამალი,
შემოდგომური მზე მიყვარს, როგორც ჭრელკუდა მამალი.
-----------------------
შენ, დაკარგულო ჩემო თავო, სადღა გეძებო?!
იქნებ, ყვავილში, რომ დაყნოსა პატარა ბავშვმა.
--------------------
ავტობუსში ვარ და მგზავრების საუბარს ვისმენ
იტალიისას, ამერიკის, გერმანიისას,
სადაც მათ შვილებს მოუყრიათ ამჯერად თავი
და შეგრძნება მკლავს, დარჩენილა უთავოდ ტანი.
-----------------------------
სიფხიზლე
მიერეკება ქარი ძველ ქუჩებს,
ფეხს ინაცვლებენ ძველი სახლებიც
და შეუცვლელი რჩება სიფხიზლე,
რომ არ დავკარგოთ ჩვენ ერთმანეთი,
რომ სიმარტოვემ აღარ დაგვჯაბნოს,
კვლავ შევეჯიბროთ ერთურთს ღონეში,
ქარი რომ ფოთლებს მირეკება,
სულის შებერვით მე გამოვუშვი.
--------------------


No comments:

Post a Comment