გოგონამ თითზე დაიხვია ძაფი, რომელიც ჩაის ფინჯანში ჩავარდნილი პარკიდან წარმოიქმნა, ის ნაზი და გამჭვირვალე იყო. - რა ლამაზია! - აღტაცებით წარმოთქვა და ჩაის ფინჯანი იქვე მდგარ ქალს მიაწოდა. - ეს ძაფი ისეთი ჰაეროვანია, ამით მოქსოვილი სამოსი, ალბათ, ძალიან ლამაზი იქნება, - აღტაცებით განაგრძობდა და ხელის თითებში მოქცეულ ძაფს მზის შუქზე ათვალიერებდა. მსახურებს უბრძანა, ის ხე კარგად შეემოწმებინათ, საიდანაც თეთრი პარკი ჩამოვარდა და იმპერატორისთვის მირთმეულ ჩაის ფინჯანში ჩავარდა. უამრავი პარკი მოძებნეს და მიუტანეს. დიდხანს შესცქეროდა მათ დაბუმბლულ ზედაპირს, მერე ბრძანა, ცხელ წყალში ჩაეყარათ. პარკები თითქმის გამჭვირვალე უნაზეს ძაფებად დაიშალა. ისინი გააშრეს, ამ ძაფით კი ლეიმ, ასე ერქვა გოგონას, მეუღლე იმპერატორისთვის მოაქსოვინა ჩასაცმელი, რომელიც ათასფერად ბრწინავდა და ელვარებდა მზეზე. მიღებაზე ყვითელი იმპერატორი, ასე ერქვა მას, მეუღლის ნაჩუქარი სამოსელით გამოცხადდა. სტუმრები გაოცებული შესცქეროდნენ თეთრად მბრწყინავ იმპერატორს. მაშინ ჩინეთში იმპერატორის ჩაცმულობას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. ის ყოველთვის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ასეთი ელვარე ქსოვილი სტუმრებს ჯერ არ ენახათ. ამიტომ, როგორც ეტიკეტი მოითხოვდა, მათ ქება-დიდება შეასხეს იმპერატორს და მის მეუღლეს, სახლში დაბრუნებულებმა კი გადაწყვიტეს, მათაც ეყიდათ ასეთივე ქსოვილი და მისით შეკერილ სამოსში გამოწყობილიყვნენ, მაგრამ მალე შეიტყვეს, რომ მისი შექმნის საიდუმლოება მხოლოდ ყვითელი იმპერატორის მეუღლემ - ლეი ცზუმ იცოდა. მაშინ გოგონა სულ თოთხმეტი წლისა იყო. გოგონას ძალიან უნდოდა იმპერატორისთვის კიდევ დაემზადებინა ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი სხვა ჩასაცმელები. ერთ დღესაც მან საყვარელ ადამიანს აბრეშუმისგან შეკერილი ბალიში და საბანი გაუგზავნა, ნიშნად მისდამი სამუდამო სიყვარულისა. მაგრამ სანამ საჩუქარი მოამზადა, მანამ არ დაიზარა და დაიწყო შესწავლა იმ მწერის ცხოვრებისა, რომელიც თეთრ პარკებს ქმნიდა. აღმოაჩინა ჭია, უფრო სწორედ, მუხლუხო, რომელიც თუთის ხეზე ცხოვრობდა და მისი ფოთლებით იკვებებოდა. მან ბრძანა, ჭიები სახლის პირობებში გადაეყვანათ, ისინი შენობაში თაროებზე განათავსეს, მათთვის საჭმელიც - თუთის ფოთლები ულევად მიჰქონდათ, იმიტომ რომ მუხლუხოები ძალიან ღორმუცელები აღმოჩნდნენ. გოგონას ჭიები, რომლებიც კანს ხშირად იცვლიდნენ, ხან თეთრები იყვნენ, ხან მონაცრისფერონი, ძალიან შეუყვარდა. საათობით იჯდა მათთან და აკვირდებოდა მათ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ზოგჯერ აუტანელი ხმაური იდგა, მილიონობით ჭია ნთქავდა მილიონობით თუთის ფოთოლს, მას არ ბეზრდებოდა მათთან ყოფნა. ჭია გარკვეული დროის შემდეგ ძაფს იხვევდა თავის გარშემო, შემდეგ კი ამ პარკებიდან პეპელა გამოფრინდებოდა. როგორც გოგონა მიხვდა, ამ დროს პარკი ზიანდებოდა და ძაფის შესაქმნელად უვარგისი ხდებოდა, ამიტომ პარკებს მანამდე ამუშავებდნენ, სანამ ის მთელი იყო. ლეი ცზუმ მრავალი წელი მოანდომა ჭიების ცხოვრების შესწავლას. ახლად შექმნილ ქსოვილს აბრეშუმი დაარქვეს, ხოლო ჭიას - აბრეშუმის ჭია. გოგონას კი მეუღლე-იმპერატორმა აბრეშუმის ქალღმერთის ტიტული მიანიჭა. მალე ჩინეთში ყველა მდიდარი ადამიანი აბრეშუმის ქსოვილის ტანსაცმელში გამოეწყო. აბრეშუმი ძალიან პოპულარული გახდა, საუკუნეების შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც. აბრეშუმის გზა თორმეტი ათას კილომეტრზე გაიწელა, დაიძრა აბრეშუმის ქარავნები, თუმცა აბრეშუმის საიდუმლოება მრავალი საუკუნის მანძილზე მხოლოდ ჩინელებმა იცოდნენ, ამ საიდუმლოების გამცემი ქვეყნის კანონით სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ ჩინელებს არც არასდროს დაბადებიათ საიდუმლოების გაცემის სურვილი, იმიტომ რომ ყოველთვის პატივს სცემდნენ პატარა გოგონას, ლეი ცზუს,რომელმაც მთელი მსოფლიო შესანიშნავი საჩუქრით - აბრეშუმის ულამაზესი ძაფით დააჯილდოვა.
No comments:
Post a Comment