ახლა, ძვირფასებო, ცოტა სამხიარულო ამბავს მოგიყვებით: ახალგაზრდობაში ძალიან სპორტული გოგო ვიყავი და ერთხელ, ჩვენმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, გადაწყვიტა უნივერსიტეტთა შორის შეჯიბრზე გავეყვანე სიმაღლეზე ხტომაში. ნავარჯიშევი საერთოდ არ ვიყავი და რას ელოდებოდა, არ ვიცი, ალბათ, რომ ჩათვლოდა, მონაწილეობა მივიღეო. მეორე ცდაზე ფეხი გადამიბრუნდა, მთელი ძალით დავახტი გადაბრუნებულ კოჭს, ლეიბზე წავიქეცი და ვეღარ ვდგები, საშინელი ტკივილი მაქვს, გავიხედე, ტრიბუნებიდან, ლოკომოტივის სტადიონზე იყო ეს ამბავი, ახალგაზრდა ყმაწვილი გადმოხტა, მოიჭრა, ხელში ამიტაცა და გასახდელში გამარბენინა. მეუხერხულება, ხელში რომ ვუჭირავარ, თან ვფიქრობ, რა ჯანზეა-მეთქი. გრძელ სკამზე დამსვა, ფეხი დაათვალიერა, "მწვანე ველის სერენადა" გამახსენდა, ყველას გექნებათ ნანახი ეს ფილმი. არაფერია, ქორწილამდე მოგირჩებაო და ბინტი შემომახვია, რომელიც მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში აღმოაჩნდა. თურმე ექიმი ყოფილიყო. დარიგებაც მომცა, სახლში რომ მიხვალ, ცივი საფენები დაიდეო. ლამისაა გულში ჩამივარდა კიდეც, მაგრამ მალე გამოვფხიზლდი. შეჯიბრს, რა თქმა უნდა, გამოვეთიშე. სულ კოჭლობ-კოჭლობით წამოვედი სახლში.
No comments:
Post a Comment