Friday, April 16, 2021

ყვითელი ჩემოდანი (ბავშვობის მოგონებებიდან)

 ახლა მეგობრებო, ყვითელი ჩემოდანის ამბავი უნდა მოგიყვეთ. ბავშვობაში მამამ ყვითელი ტყავის ჩემოდანი მიყიდა სკოლაში სასიარულოდ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩავაწყობდი წიგნებს, რვეულებს, საწერ-კალამს და მივეშურებოდი სკოლისაკენ. ამაყად ჩავუვლიდი აკაციის ხეებს, გზად რომ ჩამწკრივებულიყვნენ, მივესალმებოდი ჩიტუნიებს, აკაციის ტოტებზე ჩამომსხდართ და ყველას ვეუბნებოდი, აი, ნახეთ, რა ლამაზი ყვითელი ჩემოდანი მაქვს-მეთქი. სკოლაში მისულიც დავდებდი მერხზე , ამოვიღებდი საჭირო ნივთებს და მერე ფეხებთან მოვიდგამდი, ვინმეს რომ რამე არ დაეშავებინა შემთხვევით, ფეხი არ გაეკრათ და არ ებურთავებინათ სხვა ჩანთებივით. ერთხელ მე და ჩემს პატარა ჩემოდანს ქარი წამოგვეწია, ქარი კი არა, გრიგალი, ჩვენი ხუთსართულიანი კორპუსის წინ ბაღი იყო, მერე გზა, რუსთავისკენ მიმავალი, საშინელი სიჩქარით დადიოდნენ მანქანები. იმ ბაღისკენ გამიტაცა ქარმა, პატარა და სუსტი ბავშვი ვიყავი, ჩემოდანი ხელიდან გამომგლიჯა, ის ცალკე მიჰქროდა, მე - ცალკე, მეშინოდა ქარს გზაზე არ გადავეგდე, მაგრამ ჩემოდანის დაკარგვის კიდევ უფრო მეშინოდა, ბოლოს დავეწიე, ჩემს წინ გარბოდა, კარგად მოვჭიდე ხელი და გამარჯვებული დავბრუნდი შინ.

ჩემს ჩემოდანს კი მაინც კარგი ბედი არ ეწია, ერთხელ შესვენებაზე გასულს და კლასში შემობრუნებულს გახეული დამხვდა, წარმოიდგინეთ, რა უბედური დღე იყო ჩემთვის, ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა, მთელი კლასი ხმაამოუღებლად იჯდა მასწავლებელთან ერთად და მითანაგრძნობდა. ნეტავ, რამ გამახსენა ეს ისტორია?! მზესავით ბრდღვიალებდა, ალბათ ამიტომ მიყვარდა ასე ძალიან. ბავშვებს რას გაუგებ?!
May be an image of შიგნით და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'MY market'
Sofio Chelidze, Ия Диаконидзе და 30 სხვა
9 კომენტარი
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

No comments:

Post a Comment